Posted by: burusi | 05/04/2010

ანდრო ბუაჩიძე – ჟამი სიტყვისა (თამაზ ბაძაღუას გახსენება)

თამაზ ბაძაღუა - Tamaz Badzagua

თამაზ ბაძაღუა – Tamaz Badzagua

ანდრო ბუაჩიძე – ჟამი სიტყვისა

თამაზ ბაძაღუას ყოველი გახსენება არის უშუალო შეხება იმ ტკივილთან, რომელიც მოგვაყენა მისმა უაზრო და აბსურდულმა სიკვდილმა. თავისთავად შესაძლებლობა ასეთი სიკვდილისა არ შეიძლება ადამიანში არ იწვევდეს აუტანელ გრძნობებს და განცდებს. ორმაგად ძნელია ამ აუტანლობის განცდა იმათთვის ვისაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა თამაზთან.

თამაზი შესანიშნავად გრძნობდა მთავარს და უარსებითესს ადამიანის ცხოვრებაში. ყოველდღიური ყოფის ფონზე და ნაგრძნობს სიტყვის მეშვეობით გამოხატავდა. მისი განცდის ინტენსიობა არაჩვეულებრივად ტევადი იყო ამისდა კვალად მის ყოფაცხოვრებას არაჩვეულებრივი დინამიურობა ახასიათებდა თამაზს არ ჰქონდა გარეგნულად მოწესრიგებული ცხოვრება და არც შეიძლებოდა ჰქონოდა, ვინაიდან თითქმის მთლიანად იყო მინდობილი შინაგან ხმას, რომელიც თავისუფლებას თხოულობდა და თითონვე ამკვიდრებდა არსებობის თავისებურ წესებს და კანონებს.

თამაზ ბაძაღუა დაიბადა 1959წელს, მარტვილის მახლობლად, უძველეს სოფელ ნახუნაოში. მისი სახლის ზემოთ მოტიტვლებული თხემიდან გარკვევით ჩანს სივრცეში წამომართული მარტვილის მშვენიერი მონასტერი.

თამაზი მთელი არსებით იმ გარემოს პირმშო იყო, რომელშიც იშვა და გაატარა ბავშვობის წლები. ეს წლები კი შეუძლებელია არ ყოფილიყო დაუვიწყარი მგძნობიარე ბუნების ადამიანისთვის.

მე არაერთხელ ვყოფილვარ სტუმრად სოფელში და ყოველთვის მხოლოდ და ადგილობრივ მკვიდრთა ცხოვრების ნირი, მათი უხმაურო ყოფა, აქა-იქ ჩადგმული ძველებური ოდა-სახლების წესი და ლაზათი, ყოველივე ის რაც ბევრი ადამიანის მეხსიერებაში დავიწყებასაც კი მიეცა.

თამაზი დაიბადა პედაგოგის პოლიკარპე ბაძაღუას ოჯახში. პირადად ჩემს წარმოდგენაში აღიბეჭდა როგორც ურღვევი ბურჯი, რომელიც მის თავში ინარჩუნებს ნამდვილ ადამიანურ სინდისიერებას და გულმოწყალე პატიოსნებას. ამ ოჯახის ჭერქვეშ ყველაფერს სიძველის იერი აქვს და ყველაფერი სიძველით სუნთქავს.

თვითონ ბატონი პოლიკარპე მთლიანად სოფლის მკვიდრია. სოფლური ცხოვრების წესის განსახიერება და ნაწილი. ამაზე მეტყველებს მისი ნაჯაფარი სახე და ხელები, ძველებური პატივისცემა, თავაზიანობა და მოკრძალება სტუმრისა და, საერთოდ, პიროვნებისა.

თამაზმა 1975 წელს დაამთავრა ნახუნაოს სკოლა და ამავე წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. ჩემი აზრით, მის ცხოვრებაში ეს ფაქტი უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ბიოგრაფიული დეტალი. მისი ნატიფი ბუნება და ნიჭიერება შესაბამის გარემოს ეძებდა და დროულად გამოძებნა კიდეც. უნივერსიტეტი იყო ამ გარემოს თავისებური შუაგული.

თამაზი მთელი არსებით ჩაერთო ახალ გარემოში და ასევე ახალი შინაარსი შეიძინა მისმა ყოველდღიურობამ. აქ არამც და არამც არ იგულისხმება მხოლოდ სალექციო კურსი, ე. ი. უნივერსიტეტი წმინდა აკადემიური განათლების მიღების თვალსაზრისით; დიდი ქალაქის გარემო თამაზს ყოველმხრივ იზიდავდა, აქ იყო მისი შთაგონების გამღიზიანებელი სინამდვილე და ქალაქურ გარემოში ნანახი და განცდილი სხვა მნიშვნელობას იძენდა მისთვის.

აქედან იწყება, ჩემი აზრით, თამაზის, როგორც მწერლის ცხოვრება. მწერალში ვგულისხმობ არა იმ კაცს, ვინც რაიმეს წერს და აქვეყნებს, ე.ი. გარკვეული პროფესიის ბეჯით მსახურს, არამედ იმას, ვისთვისაც წერა მღელვარე შინაგანი ცხოვრების აუცილებელი გაგრძელებაა. ეს კი მეტად თვალსაჩინო იყო თამაზის ცხოვრებაში. ურბანისტული გარემოცვა მისი გრძნობების და ჯერ კიდევ ხორცსშესხმული მიზნების ნამდვილ ასპარეზად გადაიქცა. თამაზისთვის ქუჩაში მთელი დღის სიარული არ იყო უქმად დაკარგული დრო, რადგან არაჩვეულებრივად ზუსტი ინტუიციის წყალობით იცოდა, რა უნდა შეემჩნია და რა უნდა ენახა. თვითონვე მოგვითხრობდა თავისი განუმეორებელი თვალის მქონე ადამიანი თუ შენიშნავდა. მისი პატარა ოთახი კი ივსებოდა თაროებზე მიმობნეული, ნაჩქარევად შევსებული თაბახის ფურცლებით. ამავე პერიოდში იკვეთებოდა ჩვენთვის თამაზის პიროვნული თვისებები. ის იყო ბუნებით მეტად კეთილი და ზრდილი ადამიანი. მისთვის აბსოლუტურად უცხო იყო დღევანდელ დღეს ვირუსივით გავრცელებული პრიმიტიული გამოვლინებები აგრესიულობის, შინაგანი უკმაყოფილების, ბოღმის, რაც ჩვეულებრივ უნიჭო, ნაკლოვანი, ოდიოზური პიროვნებების ხვედრია. მის ხასიათში არ იყო არავითარი ნიადაგი ასევე სადღეისოდ მომძლავრებული ნაცისტური მიდრეკილებისათვის.

თამაზს ჰქონდა ერთი ძალზე იშვიათი თვისება: მას უჭირდა აუგის თქმა ადამიანზე. მე პირადად ჩვენი ურთიერთობის მანძილზე არ მახსოვს შემთხვევა, რომ ბოლომდე გაემეტებინოს ვინმე, თუნდაც უღირსი პიროვნება. სიტყვიერი აგრესიის შენი, რომელიც ყოველთვის ელის სანქციას, რათა მოქმედების უფლებაც მიეცეს და ჰიპერტროფირებული ფორმები მიიღოს, საფუძველშივე უცხო იყო მისთვის. ყოველივე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ასეთი ადამიანები ძალზე მომრავლდნენ და არ მინდა ვინმემ თუნდაც ეჭვი შეიტანოს თამაზის პიროვნულ სისუფთავეში. პირიქით, თამაზს ჩვენს გარემოში დიდი სილაღე შემოჰქონდა სტუდენტობის წლებშიც და მერეც ეს იყო სილაღე ბუნებით შემოქმედი შინაგანად თავისუფალი კაცისა. თამაზი იყო მუდმივად შეყვარებული და მუდმივად აღფრთოვანებულული რაღაცით ან ვიღაცით. მისი ხასიათის თვისება არ იყო ნეგატივების გამომჟღავნება. ეს არ აღიზიანებდა მის შთაგონებას თამაზი უფრო პოზიტიურის დამზახველი იყო პიროვნებაში და ამავე დროს, თანამგრძნობელი. ის თავისი ცხოვრების წესით, ათიანი წლების ქართველ პოეტებს ჰგავდა, რომლებიც სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდნენ,-მუდმივად წერდნენ, ეძებდნენ და განიცდიდნენ.

თამაზი განუწყვეტლივ მუშაობდა. მაგონდება ერთი ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე მივედი მასთან და შინ არ დამხვდა. როდესაც ვნახე, ვუთხარი, შენთან ვიყავი და სახლში არ დამხვდი-მეთქი. თან, რა თქმა უნდა, ხუმრობით, შევთავაზე სიჟეტი პიესისთვის: მეგობარი რამდენჯერმე მიდის მეგობართან, აკაკუნებს კარზე, კარს კი არავინ აღებს. ამ არაკომუნიკაბელობის ქარგაზე უნდა ყოფილიყო აგებული პიესა. რამდენიმე წლის შემდეგ თამაზმა მაჩვენა პიესა და მითხრა შენს მონაყოლზე ეს პიესა დამიწერია და აღარც კი მახსოვდაო. ამით იმის თქმა მინდა, რომ სულ მცირეოდენი ბიძგი იყო საჭირო, რომ თამაზს კალამი აეღო ხელში. ხშირად აღარც ახსოვდა დაწერილის არსებობა, ვინაიდან მუდმივად მუშაობდა, მუდმივად წერდა, მუდმივად ითავისებდა გარემოდან მიღებულ მისთვის თუნდაც ოდნავ მნიშვნელოვან შთაბეჭდილებას. ამიტომაც დატოვა მდიდარი მემკვიდრეობა – ლექსები, პიესები, თარგმანები. რაც მთავარია, ამ წლებში ყალიბდებოდა თამაზის მსოფლმხედველობა, სადღაც ფსიქიკის და სულის სიღრმეში მიმდინარეობდა რთული მუშაობა, რომელიც ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა ინერციით ნაკარნახევ პოეტურ წარმოდგენებს. უცნაური რამ ხდებოდა: ტრადიციული გაგებით ზედმიწევნით პოეტურ კლიშეებში ჩნდებოდა სავსებით კონსტრასტული, ამ პოეტურობასთან შეუთავსებელი დრამატულად უხეში ხაზები. ეს თითქო ჩვეულებრივი ამბავია, ყოველი ადამიანი განიცდის ასაკობრივ გარდატეხას და ამის გამო იცვლება მისი შინაგანი მდგომარეობა და გარემოცვაც. მაგრამ არაჩვეულებრივია, როცა ეს ხდება შემოქმედი ადამიანის ცხოვრებაში და შესაბამისად მის შემოქმედებაში, ვინაიდან ასეთ დროს შესაძლებელია სავსებით უნიკალური და თავისებური სახე შეიძინოს პოეტმა.

კაცმა რომ თქვას, ასეთი დროს იბადება კიდეც პოეტი, როგორც დამოუკიდებელი ფენომენი ასეთი დაბადების მოწმენი ვიყავით ჩვენც.
1980 წელს თამაზმა დაამთავრა უნივერსიტეტი, დაწერა შესანიშნავი სადიპლომო ოთარ ჭილაძის რომანზე ,,გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”. ამავე წელს დაიწყო მუშაობა მხატვრული თარგმანის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში. აქ მან ინგლისური და ამერიკული პოეზიის ცნობილი მთარგმნელის, გიორგი ნიშნიანიძის ხელშეწყობით მრავალი სასარგებლო საქმე გააკეთა, მის მიერ თარგმნილი მასალა რომ აიკინძოს, ალბათ რამდენიმე ტომი შედგება. აქვე გამოსცა ცალკე წიგნად ჯაკომო ლეოპარდის პოეზია. ცოტა ადრე კი საკუთარი ლექსების წიგნიც – “მესამე ზარი”. და ამ წიგნის გამოსვლისთანავე ცხადი გახდა, რომ თამაზის პოეზია მთლიანად დისონანსურ დრამატულ ტალღაზე ეწყობოდა. უკვე აღარ იყო ცალკეული ხაზები და დინებები. უკვე სავსებით დაირღვა კლიშეები, რომელიც თავის შიგნით რაღაც მთლიანის და წარუვალის რწმენას ატარებდა. ლექსის ტონალობა დაემსგავსა აფორიაქებული ადამიანის გახშირებულ სუნთქვას, წყვეტილს, მაგრამ მძაფრს და მოუსვენარს. მაგრამ ჯერ კიდევ იყო რაღაც, სარეველა ბალახივით შეპარული ლექსის სტრიქონში, რაღაც ჭირვეული კვანძი, რომლის გახსნა და მოცილება შვების ტოლფასი იქნებოდა. იყო რაღაც, რაც ჯიუტად არ ნებდებოდა პოეტის წარმოსახვას, მის გაფაქიზებულ სმენას და ხედვას შლამივით ედებოდა და ლექსში ილექებოდა. მე ვფიქრობ, ამის მიზეზი თამაზის ფაქიზ ფსიქიკაში და რთულ ემოციურმა ველმა თვითონვე, სპონტანურად წარმოშვა, პირობითად რომ ვთქვათ, მსოფლმხედველობრივი პოეტური მრწამსი, რომელიც თანდათან იხვეწებოდა და უფრო ნათელ სახეს იძენდა. მაგრამ წმინდა სახეობრივი ექვივალენტები ჯერ კიდევ ვერ ითავსებდა ახალ ემოციურ სტიმულებს. გადალახული იყო ჟამი დუმილისა, ე.ი. დარღვეული იყო ტრადიციული, ინერციით მოდევნებული კლიშეები. მაგრამ ჯერ არ იყო დამდგარი ჟამი სიტყვისა, თუმცა ამ ძიების პროცესშიც იკვეთებოდა უკვე სათქმელის არსი – ადამიანის დაკარგულობა და გადაგდებულობა სამყაროში, შემთხვევითობის სისასტიკე, ყოფიერების აბსურდულობა, შიში აუხსნელის და გაუგებარის წინაშე. ეს მეტად თანადროული თემატური წრე თანდათან უფრო გაფართოვდა და სახეობრივად უფრო ხელშესახები გახდა.

ქალბატონი ცოდვა იყო მეგზური,
ეჭვების, შიშის უნდობლობის, შემთხვევითობის
საუკუნოვან უძრავ ღამეში
მე მეშინია ჩემი სიფხიზლის,
რომელიც მოკლე დანასავით ბზინავს ცივ შუქზე….

საერთოდ, უნდა ითქვას ერთი რამ: XX საუკუნის დამლევს ქართულ მწერლობაში მოვიდნენ მკაფიო პიროვნულობის და რთული, ტრაგიზმამდე გამძაფრებული მსოფლშეგრძნების ადამიანები. ფორმით ზერელე და მოდური გატაცების, “მკვდარი სიტყვების”, ხშირად თვითმიზნური ექსპერიმენტების ეპოქაში ძალზე ღრმა ინდივიდუალობის მეშვეობით მათ შექმნეს შინაარსობრივად არაჩვეულებრივად სავსე ნაწარმოებები. შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მკაფიოდ აღბეჭდეს მათივე თანამედროვე ახალგაზრდა ქართველი კაცის შინაგანი სამყარო. ეს კი შეუძლებელი იქნებოდა, ადექვატურად საინტერესო ფორმისთვის რომ ვერ მიეკვლიათ, ოღონდ ფორმა არ ყოფილა მათი საბოლოო მიზანი. მათი ამოცანა გაცილებით სერიოზული იყო, – გადმოეცათ ის, რასაც სისხლხორცეულად განიცდიდნენ, რასაც ტკივილამდე ცხადად გრძნობდნენ. მათ არ შეეძლოთ თვალი დაეხუჭათ იმაზე, რაც მათშივე ხდებოდა, რაც გლობალური მასშტაბით მოედო ცივილიზებულ ქვეყნიერებას. ადამიანმა დაკარგა ზნეობრივი საყრდენები, სიცარიელეში აღმოჩდა, გაურკვევლობის, შიშის და უპერსპექტივობის გრძნობა დაეუფლა. ვინც ამაზე თვალს ხუჭავს, ის გონებამრუდეა, ან ცრუ ოპტიმისტი. ყოველ კონკრეტულ გარემოში ეს განსაცდელი კონკრეტულ სახეს იძენს, რადგან თან ახლავს ეროვნული, ფსიქოლოგიური, სოციალური მოტივები. ამიტომ მხოლოდ მწიგნობრული გზით ამ განსაცდელის გაგება და შემდეგ სულიერ ფასეულობად ქცევა შეუძლებელია. საჭიროა უშუალო განცდა და რაოდენ სამწუხაროა, რომ გამორჩეულნი მათ შორის, ისინი, რომლებიც უშუალოდ განიცდიდნენ და შემდეგ ხორცს ასხამდნენ ყოველივეს, რაღაც ბრმა ბედისწერის შემოტევით, სავსებით ახალგაზრდები, უდროოდ, ტრაგიკულად წავიდნენ ჩვენგან. ვოვა მაჩაიძე, ჯემალი თოფურიძე, თამაზ ბაძაღუა, დათო კვიტაიშვილი… ყველაზე ახალგაზრდა
მათ შორის, დათო კვიტაიშვილი თავის ბრწყინვალე ლექსში წერდა:

მე ვარ შენი საყრდენი,
მაგრამ ჩემი საყრდენი
სად ვეძებო, სად?
ხომ გვჭირდება ორივეს
საერთო დასაყრდენი,
სანამ წავალთ ცად?

ამ “საერთოდ დასყრდენის” ძიებაა თითოეული მათგანის შემოქმედების დედააზრი. და არ შეიძლება არ ითქვას ერთი რამეც: ეს მწერლები მეტად ჰგვანან ერთმანეთს კიდევ ერთი ნიშნით – მათ ამოძრავებთ არაჩვეულებრივად ფაქიზი თანაგრძნობა ადამიანის მიმართ რაც უფრო დათრგუნულია მათი ნაწარმოების პერსონაჟი, მით უფრო მეტია თანაგრძნობა მისდამი. ჩვენ ყოველთვის ვეძიებთ ხოლმე რაღაცას ქართულს მწერალში და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ ამ “ქართულს” რატომღაც მეტწილად გარეგნულ, ზერელე გამოხატულებებში ვამჩნევთ ან უკვე ტრივიალობად ქცეულ ეპიგონურ ფსევდოპატრიოტულ თემატიკაში, რომელიც დღევანდელი რთული პროცესების ფონზე, უბრალოდ, სასაცილო ჩანს, ან პროვინციულ პათეტიკურობაში, რომელიც ასევე პრიმიტივიზმის ნიშანია.
ზემოთ ნახსენებ მწერლებთან კი “საკუთრივ ქართული” ადამიანის მიმართ აღძრული თანაგრძნობაა მეტად სიღრმისეული შინაარსობრივი პლასტი.

80-იან წლებში, სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე, თამაზი ქმნის ლექსების ახალ წიგნს, რომელიც შესანიშნავი სათაური დაარქვა- “ქვასა და სიტყვებს შორის”. ეს სათაური თავისი ფაქიზი სტილური ელფერით ახალი წიგნის ვრცელი, ფერადოვანი მეტაფორული სამყაროდან არის ამოგლეჯილი. ამასთანავე, პოეტური ფრაზის ამ ნატეხში ოსტატურად არის უკუფენილი წიგნის ლაიტმოტივი, მისი აზრობრივი ნახაზი. ქვები და სიტყვები, – სიკვდილი და სიცოცხლე, მუდმივი და წარმავალი.ალბერ კამიუს აქვს ერთი ასეთი ჩანაწერი: “შეუძლებელია როგორიც გნებავთ ადამიანური სიმართლე, თუკი საბოლოოდ ყოველგვარი იმედის გარეშე არ ვცნობთ სიკვდილს, მე იმის თქმა მსურს, რომ უნდა ვცნოთ, ვაღიაროთ საზღვრის არსებობა არა ბრმა მოთმინების მეშვეობით, არამედ მთელი ჩვენი არსების დაძაბვით, რაც წონასწორობის მოპოვების ტოლფასი იქნება”. ამგვარი წონასწორობის პირობებში იქნებოდა თამაზის ახალი წიგნი. ამგვარი შინაგანმა დაძაბულობამ მოიცვა ბოლო წლებში იგი. მისმა ამდროინდელმა ლექსებმა ტანჯვის განსაწმენდელში გაიარა, რასაც წინ დიდი, შრომატევადი მუშაობა უძღოდა. ლექსი დაიწმინდა, მოშორდა ბიწი, ზედმეტი მინარევი, კაშკაშა და სუფთა მეტაფორებად დაკრისტალდა, მაინც რით არის მნიშვნელოვანი ეს წიგნი? უპირველეს ყოვლისა, იმით რომ კონტურების სახით არსებული საქმელი, პლასტიკური პოეტური ენის მეშვეობით, გამოკვეთილი და ხელშესახები გახდა. ეს სათქმელი ღრმად არის განფენილი მჭიდრო ტროპულ სისტემაში. თუკი ადრინდელ ლექსებში ლირიკული იყო მისი გრძნობები და განცდები,-იყო, ვთქვათ, სიყვარული ან, უფრო სწორად, კოსმიური გრძნობის ნაწილად იქცა, ლექსებს მოშორდა ესთეტიზაციის კვალი, უფრო ნათელი და უფრო რთული გახდა შიდა პრესპექტივის გამო.პოეტის აზროვნებამ შეიძინა მეტაფიზიკური შინაარსი და მისი ხედვის არე მეტად განივრცო.თამაზი აქ უკვე გამუდმებით ეძებს მისი შინაგანი რთული ბუნებისატვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ღირებულებას, იმ “საერთო საყრდენს’, რომელზეც ზემოთ ვლაპარაკობდი.მთავარი ის არის, რომ თამაზ ბაძაღუას პოეზიაში ამ საყრდენის ძიება არაჩვეულებრივად დრამატულ ხასიათს იძენს. ძიების სივრცე გლობალურია.

ვინ, ვინ მაგემა მომავალი შიშის სურნელი,
ვინ შემოავლო ჩემს ცდუნებებს ცხრა ბეჭედივით,
ანდა რატომ ვარ მონაწილე ამ მოძრაობის
სიკვდილის, მთვარის, შემოდგომის,
ზღვის და ბურუსის.
ვინ შემოავლო ჩემს აღტაცებას
მომავალი შიშის სურნელი,
და ცხრა ბეჭედით ვინ დაბეჭდა
განცვიფრება, თავისუფლება.
ვინ მახლევინებს შუბლს ასე მწარედ
უდაბნოს წითელ ნაფეხურებზე.
მე წყლის კაცი ვარ და ზეციურ წყლისკენ მიბრუნებს
ჩემი გუგუნის ცივი ექო-სასოწარკვეთა.
რომელსაც გული წინასწარ გრძნობს, როგორც პირუტყვი
მიწისძვრას, როგორც ზამთარს მერცხალი.
მაგრამ სად არის თბილი ქვეყანა.
სად არის წყარო. სად არის ჩრდილი
სად არის სიტყვა. მინერალების
შუქივით სუფთა და პირველქმნილი.
სად არის ის მზე-სიტყვასავით თბილი სად არის
მზესავით თბილი სახლი სად არის,
სახლივით თბილი პური სად არის,
პურივით თბილი ქალი სად არის.
-მე ფრინველი ვარ, საკუთარ ფრთას ჩამორჩენილი,
და უიმედოდ ვებღაუჭები
იმ ძველ ფურცლებში ჩაყვითლებულ სიტყვებს სიმშვიდე.
სიხარული, თანაგრძნობა, აღფრთოვანება…
ვინ, ვინ მაგემა მომავალი შიშის სურნელი?

ასეთი ლექსები ძალიან იშვიათად იწერება, ეს ლექსი სხვა საუკეთესო ლექსების მსგავსად არაჩვეულებრივად ექსპერსიულია, თავის წიაღში დასრულებულია. ამ შთაბეჭდილებიას ერთი განწყობილების ჩარჩოში ჩასმული სიტყვების ზუსტი მიზანმიმართულება ქმნის.არც ერთი სიტყვა, არც ერთი მეტაფორა არ არის აცდენილი მიზანს და ამით იქნება თვალნათლივი ფორმისეული და შინაარსობრივი მთლიანობა.ამავე დროს, არ შეიძლება თამაზის ამ წიგნში არ შენიშნოს კაცმა უაღრესად თავისებური მეტაფორების ფაქიზი, ასოციაციური წყობა.დღეს, პოეზიის პროზაიზაციის ხანაში, როცა ხშირად ნიჭიერი ავტორების ლექსებიც კი უმეტყველო სიტყვების გროვად ან შიშველ დეკლარაციულ ოპუსებად არის ქცეული, მართლაც იშვიათია სახეობრივად ასეთი უხვი პოეტური აზროვნება.ხშირად ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ დახვეწილი ასოციაცია ნელა ვიბრირებს მეტაფორული ფრაზის შიგნით:

ჩემი გუგუნის ექო-სასოწარკვეთა

ან

თოვლზე და ქარზე დაწვეთებული
მისი სისხლის მარგალიტები

ან კიდევ

შენი ტუჩები გადაირბენენ გაქრობის
და დავიწყების მწარე მინდორზე.

და მაინც, არის რაღაც აუხსნელი და მოუხელთებელი ამ ლექსებში. ეს, ალბათ, ასეც უნდა იყოს, არის მძაფრ დრამატიზმთან ერთად რაღაცნაირი გამჭვირვალე ნაღველი, რომელიც ჭავლივით მოძრაობს სიტყვებს შორის. ეს მუდმივი ნაღველია ადამიანისა, რომელიც წარმავალ და არაჩვეულებრივ ქვეყნიერების ჩასაჭიდს ეძებს. ეძებს და თან ყოველდღიურად ეთხოვება რაღაც ძვირფასს მასაზრდოვებელს. პირადად ჩემთვის ამ ნაღველის შეგრძნება ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია წიგნში თავმოყრილი გარკვეული კატეგორიის ლექსებში.ასეთი ნაღველი არ შეიძლებოდა ჰქონოდა თამაზის ასაკის, ოცდაშვიდი ან ოცდარვა წლის კაცს. ეს არის ჭარმაგი, ასაკოვანი კაცის ნაღველი, რომელიც ბევრ რაღაცას ურიგდება თავის თავშიც და გარესამყაროშიც და მკვეთრი პროტესტის ნაცვლად აქცენტი ადამიანური არსებობის და სიცოცხლის მძაფრ, აუნაზღაურებელ სიყვარულზე გადაქვს.ამ წყობის ლექსებში, სადაც მკვეთრი დისონანსური განცდების ნაცვლად უფრო ჰარმონიული შინაგანი მდგომარეობაა დაფიქსირებული, თამაზი თავისი რთული არსებიდან უყურებს ბუნების პირველქმნილ სურათებს და, ერთი მხრივ, მის ხედვაშივე ძევს ამ ბუნების გულგრილობა და, მეორე მხრივ, ის იმავე წიაღშივე ამჩნევს მუდმივად განახლებადის, მარადიულის ფენომენს. ამგვარი ხედვა წარმოშობს დაწეულ, ჩურჩულის მსგავს ნაღვლიან ინტონაციას:

ბებერო ცაცხვო,
გაზაფხულზე მეც ვყვავილობ შენს ხმელ ტოტებთან
მეც ქარებში ვდგავარ ღიმილით
და თავსხმა წვიმა აუხდენელ სიზმრებს მისველებს.
მეც მაკითხავენ გაზაფხულზე შენი ფუტკრები,
რომ გადახსნილი ყვავილებიდან
კრიალა შხამი ამოსწოვონ
და ნელ-ნელა თაფლად აქციონ.
ბებერო ცაცხვო,
მეც დამფარა ყვითელმა ხავსმა,
და ჩემი ქერქიც გაიჟღინთა სიკვდილის წყლებით.
ბებერო ცაცხვო,
გაზაფხულზე მეც ვყვავილობ შენს ხმელ ტოტებთან,
ხელაპყრობილი გაწითლებულ ვარსკვლავებს ვუმზერ
და წყნარად,წყნარად მეც ვმაღლდები
დაკარგული სიხარულისკენ.

აქ გაიღვიძა თამაზის ბავშვობისდროინდელმა შთაბეჭდილებებმა. აქ წარმოსდგა მისი შესანიშნავი სოფლის წარუშლელი სურათები. მაგრამ უნდა ითქვას ერთიც; ამ ლექსებში არ არის ცოცხალი ნატურის ჩვეულებრივი ხატვა, ეს სურათები ინტროსპექციულად აღძრული ხედვის ანაბეჭდებია. თუმცა ამგვარი ხედვის გამო ბუნების სურათებს ოდნავადაც კი არ აკლდება სიცოცხლისუნარიანობა.ამ წიგნში არის ლექსები, რომლებიც ყველაზე ახლოს ხატვის ექსპრესიონისტულ სტილთან დგას, ვინაიდან აქაც არსებითია არა საგნის “პირდაპირი აღბეჭდვა, არამედ გამოსახვა, არა აღწერა, არამედ თანაგანცდა”, სიტყვას აღარ გავაგრძელებ.

თამაზს არ უყვარდა თეორიული ხასიათის მსჯელობა პოეზიის შესახებ, მაგრამ ერთხელ მახსოვს თქვა, მე ვიცი დღეს როგორი უნდა იყოს პოეზიაო. მე ვფიქრობ, თამაზი ცდილობდა, შეენარჩუნებინა ის, რაც ყველაზე ძველია და მნიშვნელოვანი პოეტური აზროვნებისათვის – სახეობრიობა და ამასთანავე, იმ ინტუიციის მეშვეობით, რომელიც სერიოზული ნიჭის გამოხატულებაა, ის ყოველთვის ეძებდა სახეობრივი აზროვნების თანამედროვე ფორმებს. საჭიროა თამაზის საუკეთესო ლექსების ერთად დალაგება და გამოცემა, რადგან არსებითია არა ნაწარმოების რაოდენობა, არამედ ის სივრცე, რომელსაც დაუსრულებული მთლიანობა შემოხაზავს.

… სტუდენტობის წლებში ერთად ჩავედით სოფელში. უკვე გვიანი ღამე იყო. ნამგზავრები და დაღლილები მარტვილიდან ნახუნაოსკენ მიმავალ გზას დავადექით. და მე მახსოვს, როგორ მიდიოდა თამაზი სოფლის გზაზე ჩამოწოლილ წყვდიადში რაღაცნაირი ჩუმი მღელვარებით, აჩქარებული და აწრიალებული, მიდიოდა იქ საიდანაც წამოვიდა, საიდანაც დაიწყო მისი ხანმოკლე ცხოვრების მოუსვენარი გზა. ახლაც იქ განისვენებს, თავისი სახლის სიახლოვეს, სოფლის პატარა სასაფლაოზე. თამაზ ბაძაღუა დაიღუპა 1987 წლის 5 ნოემბერს საბედისწერო ავტოკატასტროფას ორი ოჯახი შეეწირა.

და დღეს, თუმცა თამაზი ჩვენთან აღარ არის, გრძელდება ჟამი მის მიერ წარმოთქმული მადლმოსილი სიტყვისა.


Responses

  1. მე–16 საჯარო სკოლის ფილოლოგი ნონა შელია და ინფ მენეჯერი ნ.ასლამაზაშვილი, ფილოლოგი იზოლდა ჯმუხაძე, ფილოლოგი ლეილა იესაშვილი გიგზავნით შეტყობინებას, რომ ჩვენს მიერ არის მომზადებული ,,თამაზ ბაძაღუას” ვებ საიტი, რომელიც მოიცავს მის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას

  2. აცხონოს ღმერთმა!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: