Posted by: burusi | 04/04/2010

ნონა კუპრეიშვილი – სიმონ ჩიქოვანის ორი უცნობი ავტოგრაფი

სიმონ ჩიქოვანი

სიმონ ჩიქოვანი – Simon Chikovani (1902 – 1966)

ნონა კუპრეიშვილი – სიმონ ჩიქოვანის ორი უცნობი ავტოგრაფი

სიმონ ჩიქოვანი ქართული საბჭოთა მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენლად, იმდროინდელი საზომით, ,,სანდო, უმწიკვლო, ოფიციოზად’’ ითვლებოდა. წლების მანძილზე იგი პრესტიჟული, სქელტანიანი ჟურნალების რედაქტორი თუ მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მუშაკი იყო. მისი ლიტერატურული წარსული, დაკავშირებული ქართული ფუტურიზმის ხანმოკლე ისტორიასთან, თვით პოეტის მხრიდან სერიოზული დათმობების ფასად იქნა ,,დავიწყებული’’.

მიუხედავად ამისა, ე.წ. ,,სათარიღო ლექსების’’ ეპოქაში, რომლებიც ,,ნაუცბათევად შესრულებული საშინაო დავალებების შთაბეჭდილებას სტოვებდნენ’’, სიმონ ჩიქოვანი ცოცხალი პოეტური სიტყვის ენერგიას ინარჩუნებდა და თავად განასახიერებდა იმ ლიტერატურული პროცესის უწყვეტობას, რომლის პროფანირებისათვის იმავე ხელისუფლების მიერ იყო მოწოდებული.

მისი ავტორიტეტი ხელშეუხები გახდა, ისევე როგორც მისი ლიტერატურული გემოვნება. სწორედ მასზე ახდენდა ორიენტირებას, ფასეულობებისა და კატეგორიების სრული აღრევის ხანაში მცხოვრები, ახალი ლიტერატურული თაობა. პარადოქსია, მაგრამ ის, ვინც თავის დროზე ძველი ინტელიგენციის ახლით ჩანაცვლების პროცესში ახალგაზრდული ენთუზიაზმით ჩაება, სიმწიფის ხანაში თავს გურამიშვილის, ბარათაშვილისა და ვაჟა-ფშაველას სულიერ მემკვიდრედ გრძნობდა.

,,ქრესომათიური პეწით’’ შემკული საბჭოთა პოეტის იერსახეს მაშინ ერდგვარად მატერიალური კეთილდღეობა ავსებდა. ეს იყო საბჭოთა ხელისუფლების კულტურასთან მახინჯი პიეტიტით დამოკიდებულების დემონსტრირება. სიმონ ჩიქოვანიც გმირთა მოედანზე აგებულ პირველ მაღალსართულიან სახლში ცხოვრობდა, რომელიც სტალინური ფსევდოკლასიკური სტილით იყო შესრულებული. მისი ბინა ერთდროულად ასრულებდა საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკის, ანდეგრაუნდული მხატვრობის მცირე საგამოფენო დარბაზისა და ტრადიციული ლიტერატურული სალონის ფუნქციას. მასპინძელთა სტუმართმოყვარეობის მაღალი კულტურით განსაკუთრებულად რუსი პოეტები იხიბლებოდნენ, რადგან მძაფრად გრძნობდნენ დიდი ხნის წინ მათივე წინამორბედების მიერ აღმოჩენილ ,,რუსული პოეზიის ოაზისის” მთელ ხიბლს.

ცოტა ვინმემ თუ იცოდა მაშინ, რომ გულთბილი მანსპინძლების, სიმონ ჩიქოვანისა და მარიკა ელიავას შვილი ნიკა [დაბ.1932წ.] სინამდვილეში 1937წ. რეპრესირებული მარიკას ძმის, ზურაბ ელიავასა და მისი მეუღლის, თინათინ ქუთათელაძის ვაჟი იყო, რომ ამ ოჯახში ჩუმი ცრემლები იღვრებოდა ძმასთან ერთად დახვრეტილი მამის, ნიკოლოზ ელიავას, ქმრის შემდეგ მოულოდნელად გადასახლებული რძლისა და უდედმამოდ დარჩენილი ბიჭის გამო.

მარიკა ელიავამ, როგორც სიმონ ჩიქოვანის ერთგულმა მეგობარმა, რეპრესიების მორიგი ტალღის მოლოდინში ,,ნაფუტურისტალი” ქმრის არქივიც ,,მოაწესრიგა”, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბევრი ღირებული ჩანაწერი სამუდამოდ დაიკარგა, მაგრამ ,,ხელნაწერები არ იწვიან” და მრავალი წლის შემდეგ სიმონ ჩიქოვანის არქივში მაგიდის უჯრაში ღრმად ჩამალული ორი ავტოგრაფი აღმოჩნდა: პაოლო იაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დაუმთავრებელი ,,გაუჩალხავი” ლექსი და რაც განსაკუთრებით მოულოდნელი იყო, 1956 წლის 9 მარტის მოვლენების ამსახველი პოეტური მონოლოგი, უფრო აღსარება, რომელიც ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ერთი კონკრეტული ფაქტით აღძრული შთაბეჭდილება და პოეტის მიერ განვლილი შემოქმედებითი ცხოვრების სრული გადაფასების მცდელობას წარმოადგენს.

პაოლო იაშვილის სიკდილზე დამწუხრება და ამ განცდის რაიმე ფორმით გამოხატვა მიუტევებელ ცოდვად ითვლებოდა, როგორც ჩანს, სიმონ ჩიქოვანის მეხსიერებას პოეტთან უკანასკნელი შეხვედრა შემორჩა. შესაძლოა ხელისუფალთაგან ჩიხში მოქცეულ პაოლოს უკვე მოფიქრებულიც კი ჰქონდა თვითმკვლელობა, როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა. სიმონ ჩიქოვანი ამ შემზარავი გადაწყვეტილების მოულოდნელობას წარმოაჩენს: ,,უკანასკნელად მე და შენ ასე გამოვეთხოვედ ერთი მეორეს. შენი სიკვდილის კართან ვიდექი… თურმე ვიდექი სიკვდილის კართან… მე არ მეგონა თავს თუ ასე გაიმეტებდი. მე არ მეგონა თავს თუ ასე გაიმეტებდი…”

როგორც ცნობილია, 1956წლის 25 თებერვალს ისტორიულმა XX ყრილობამ დახურული წესით მოისმინა ახალი პარტიული ხელმძღვანელობის მოხსენება ,,პიროვნების კულტისა და მისი შედეგების” შესახებ, რომელიც სტალინისა და მასთან ერთად კი სოციალიზმის სრულ დისკრედიტაციის, ანუ ,,დასასრულის დასაწყისის” მიზეზად იქცა. ათიოდე დღის შემდეგ, 9 მარტს თბილისში მას მოჰყვა, რეზო ჭეიშვილის სამართლიანი შეფასებით, ,,უგუნურთა აქცია”, რომელმაც ძირითადად გამოუცდელი ახლგაზრდების სიცოცხლე შეიწირა. სიმონ ჩიქოვანი სწორედ ამ უაზრო მსხვერპლშეწირვაში ადანაშაულებს თავის თავს: ,,წუხელ ქურდულად მესროლეს ტყვია, ტყვია ამცდა და ჩემს ბავშვებს მოხვდა… ოცი დაჭრეს და ოცივე მოკვდა, – რას ვიფიქრებდი, ხმა ჩამიწყდება, ვერ დავიფარავ მკერდით პატარებს, ჩემი ოცნება აქ დამიწდება და გზებზე მარტის წყევლა მატარებს… მე მესროლეს და ბავშვები მოკლეს, დამჭრეს და პირი დამიხშვეს წუხელ. მკერდში ვარამი ვეღარ ჩავტიე, გული მეწვის და ვერვის ვუმხელ, სამშობლოვ შევცდი და მაპატიე… მტკვართან აპრილი არ მოვა წლეულს, ნაპირებს კვეზავს სისხლის ტბორები და საქართველოს დაჩეხილ სხეულს ჭრილობებს ვბან და ვეამბორები”.

ეს ლექსი, ცხადია, პოეტის დღემდე გამოცემულ არც ერთ კრებულში არ შესულა. ნიშანდობლივია, რომ ავტოგრაფში აშკარად დარღვეულია სიმონ ჩიქოვანისათვის დამახასიათებელი ,,ხატისებურად, გრაფიკულად საწერ მაგიდაზე ლექსის დაყენების” [პოეტის სიტყვებია] უჩვეულო მანერა. დედანი გაკრული, ნერვიული ხელწერითაა შესრულებული. ამიტომაც მისი ამოკითხვა ზოგან ძლიერ გაჭირდა.

დროთა კავშირის რღვევა მაშინ იწყება, როდესაც შორეულ თუ უახლესი წარსულის ნამდვილი სახის დანახვას არ ვცდილობთ; როდესაც ზედმეტად მიგვაჩნია ანალიტიკურად განსჯილ და ობიექტურად შეფასებულ წარსულში საკუთარი ,,მეს” ძიება, როდესაც სრულად გვაკმაყოფილებს ჩვენი უახლესი ლიტერატურის ისტორიის ზერელე შეფასება. სიმონ ჩიქოვანის არქივის მაგალითზე კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ არსებულ სტერეოტიპებზე უარის თქმა აუცილებელია.

წყარო:
Inform-მაცნე, 2006 N2 მარტი
ლიტერატურის ინსტიტუტი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: