Posted by: burusi | 30/03/2010

გრანი ქავთარია – “არისტარქე – კოლხეთის მეფე”

ძ. წ. I ს-ის II ნახევარი - ახ. წ. I ს-ის I ნახევარი

გრანი ქავთარია – Grani Kavtaria

არისტარქე – კოლხეთის მეფე

ძვ. წ. 65 წელს დამარცხებული და იმედგადაწურული მითრიდატე ევპატორი ჩრდილოეთის მიმართულებით გაიჭრა, რათა ტყვეობიდან თავი დაეხსნა. ძლევამოსილი რომაელი სარდალი გნეუს პომპეუსი ევპატორის გავლენის ქვეშ მოქცეული ქვეყნების დალაშქვრას შეუდგა. სომხეთიდან დაძრული პომპეუსი იბერიაში შემოვიდა. იბერიის მეფე არტაგმა (ანტიკური ავტორების არტოკე, არტაკი) მტრის შეჩერება ვერ შეძლო, დამარცხდა, მაგრამ ტახტი საჩუქრებითა და მძევლების გადაცემით შეინარჩუნა. იბერია რომაელთა მეგობრად და მოკავშირედ გამოცხადდა.

რომაული ლაშქრობების გარეთ რჩებოდა მითრიდატეს უკანასკნელი დასაყრდენი კოლხეთი, სადაც პონტოს მეფეს თავისი ხელისუფლების დამცველი “გამგებელი” თუ “მეფე” ჰყავდა საკმაოდ მრავალრიცხოვანი სამხედრო შენაერთებით. რომის ლეგიონერები იბერიიდან კოლხეთში გადავიდნენ, დაამარცხეს აქ დაბანაკებული პონტოს არმია, რომელსაც სათავეში ედგა კოლხეთის “მეფე” ოლთაკე, დაატყვევეს იგი და მის ნაცვლად ქვეყნის გამგებლად დანიშნეს არისტარქე (აპიანე, მითრიდატული ომები, 114. ევტროპიუსი, ||, 14). ვინ იყო არისტარქე, ან რა დამსახურების გამო მიიღო მან კოლხეთის “მეფის” ტიტული, ანტიკური ავტორები ინფორმაციას არ გვაწვდიან.

რომაული საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია საოცრად დახვეწილი იყო. მსოფლიოზე საბატონოდ ამხედრებულები დაპყრობილ ქვეყნებს უწყინარი და ლმობიერი “რომაელი ხალხის მეგობრად და მოკავშირედ” აცხადებდნენ. ხელისუფლად უნიშნავდნენ ადგილობრივი წარმომავლობის დიდებულებს, ანიჭებდნენ გარკვეულ დამოუკიდებლობას, ნაკლებად ერეოდნენ საშინაო საქმეებში, მაგრამ უნდა დაეკმაყოფილებინათ მთავარი მოთხოვნა: დამორჩილებოდნენ საერთო რომაულ ინტერესებს.

პომპეუსის მიერ არისტარქეს კოლხეთის “მეფედ” დასმა (თუმცა იგი თავის თავს მეფეს არ უწოდებდა) რომაული აღმოსავლური პოლიტიკის კანონზომიერი და ჩვეულებრივი მოვლენა იყო. აპიანეს თანახმად, გამარჯვებულმა პომპეუსმა აღმოსავლეთის დამორჩილებული ხალხები რამდენიმე კატეგორიად დაჰყო. ზოგიერთებს დაუტოვა ავტონომია (ომში გამოვლენილი მხარდაჭერისათვის), ზოგიერთები დაუქვემდებარა რომაელებს, ზოგს აღუდგინა სამეფო ხელისუფლება. აპიანეს ჩამოთვლილი აქვს ახლად აღზევებული გვირგვინოსნები: ტიგრანი – სომხეთში, ფარნაკე – ბოსფორში, არიობარზანი – კაპადოკიაში… პომპეუსის განკარგულებით დაინიშნენ აგრეთვე ტეტრარქები: გალო-ბერძნების – დეიოტარი, პაფლაგონიელების – ატალოსი, კოლხების – არისტარქე (მითრიდატული ომები, 114).

აპიანეს დასახელებული ყველა მეფე-მთავარი ადგილობრივი დინასტიის წარმომადგენელი იყო. ამ რეალობიდან გამომდინარე, არისტარქეს კოლხობა საეჭვო არ არის. ამ კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებით, საყურადღებო განმარტებად მიგვაჩნია, სტრაბონის ცნება, რომლის თანახმადაც, კოლხეთი მითრიდატე ევპატორის იმპერიაში მოქცევამდე, დაყოფილი იყო სკეპტუხიებად (გეოგრაფია, X|, ||, 18). სავსებით მოსალოდნელია, რომ ევპატორის აგრესიას ყველა სკეპტუხი არ დაემორჩილებოდა. ასეთად მიგვაჩნია არისტარქე, რომელმაც დატოვა სამშობლო და თავი იბერიას შეაფარა. მითრიდატეს დაცემა იმედს მისცემდა, ეფიქრა ადრინდელი დიდების დაბრუნებაზე. ამ იმედმა იგი გამარჯვებული რომაელების ბანაკში მიიყვანა. არისტარქე აქტიურად ჩაერთო პროცესში, რაც საბოლოოდ შესაფერისად დაუფასდა.

საყურადღებოა დიონ კასიოსის მსჯელობა კოლხეთში რომაელების ლაშქრობასთან დაკავშირებით. ისტორიკოსი მოკლედ წერს, პომპეუსმა “გაიარა კოლხებისა და მათი მეზობლების მიწაზე, თან მოქმედებდა ხან დარწმუნებით, ხან დაშინებით” (დიონ კასიოსი, რომის ისტორია, XXX|||, 3). გამოდის, რომ პომპეუსს კოლხეთში ბრძოლები არ უწარმოებია და მხოლოდ დიპლომატიური მოლაპარაკებებით მიიკვლევდა გზას და დიდ წარმატებასაც მიაღწია. მოულოდნელია კოლხების მოქმედება, მტერთან მუდამ შეუპოვრები, ამჯერად რომაელებს უომრად დანებდნენ. ამ იშვიათი მოვლენის მიზეზად უნდა ჩაითვალოს არისტარქე, იგი უნდა წარმოვიდგინოთ თვისტომებთან მოლაპარაკების მთავარ ინიციატორად და უცხოელი ოლთაკეს საწინააღმდეგო განწყობის გამაძლიერებლად. არისტარქე კოლხეთისაკენ მიდიოდა არა როგორც დამპყრობელი არმიის ჯარისკაცი, არამედ მტრის უღლისაგან განმათავისუფლებელი გმირი. სამშობლოში დაბრუნებული, რომის ლეგიონებით ზურგგამაგრებული ირწმუნებოდა, რომ მითრიდატე ევპატორის ხელისუფლების დამხობით, კოლხები დამოუკიდებლობას მოიპოვებდნენ. არისტარქეს აგიტაციამ თავისი შედეგი გამოიღო, რასაც ადასტურებს დიონ კასიოსის მოკლე ინფორმაცია.

პომპეუსის გადაწყვეტილებით, ოლთაკეს ნაცვლად, კოლხეთის ხელისუფალი გახდა არისტარქე, რომელსაც ევტროპიუსი მეფეს უწოდებს, აპიანე – ტეტრაქს. რომაული გაგებით ტეტრარქი ნიშნადა ქვეყნის მეოთხედის მმართველს. თუ ამ განმარტებას სინამდვილედ მივიჩნევთ, არისტარქე არ წარმოადგენდა ერთიანი კოლხეთის ხელისუფალს, მაგრამ წყაროები ამის შესახებ ცნობებს არ გვაწვდიან. უნდა აღინიშნოს, რომ არისტარქეს მოღვაწეობას ანტიკური ავტორების ყურადღება აღარ დაუმსახურებია. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი უმნიშვნელო ფიგურა იყო ძველი საქართველოს ისტორიაში. არისტარქეს შესახებ არსებულ მწირ ცნობებს სერიოზულად ავსებს ნუმიზმატიკური მონაცემები. მოღწეულ ექვს მონეტაზე ამოტვიფრულია არისტარქეს სახელი. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ მონეტებზე მითითებულია მოჭრის თარიღი, არისტარქეს მმართველობის მე-12 წელი. სადავო არ არის, რომ პომპეუსმა კოლხეთში ილაშქრა ძვ. წ. 65 წელს. იგულისხმება, იმავე წელს გადაეცა ხელისუფლება არისტარქეს. არისტარქეს მმართველობის მე-12 წელი იყო ძვ. წ. 53 წელი. მონეტების მოჭრის ზუსტი თარიღია ძვ. წ. 53 წელი. ამ მონეტებით ამიწურება ინფორმაცია არისტარქეს, როგორც კოლხეთის მმართველის შესახებ.

რომაული ორიენტაციის კოლხი არისტარქე აკმაყოფილებდა პომპეუსის მოთხოვნებს. იგი წლების განმავლობაში, ნომინალური დამოუკიდებლობის გაწონასწორებული ქმედებებით მართავდა კოლხეთს.

ძვ. წ. | საუკუნის შუა ხანებში კოლხეთი მითრიდატიდების ახალი აგრესიის არეალში აღმოჩნდა. რომაული მფარველობის ქვეშ მყოფი არისტარქეს მშვიდი მმართველობა ძვ. წ. 47 წელს დაირღვა. ამჯერად კოლხეთმა განიცადა ბოსფორის მეფის ფარნაკეს გამანადგურებელი თავდასხმა.

ცნობილია, რომ პომპეუსმა, მამის მოღალატე ფარნაკე ბოსფორის მეფედ დაამტკიცა და რომაელების მეგობრად და მოკავშირედ გამოაცხადა. დამოუკიდებელი მეფობის პირველ ხანებში ფარნაკემ დაიმორჩილა აზოვის ზღვის სანაპიროზე მცხოვრები ტომები, სარმატებისაგან შეადგინა საკმაოდ დიდი არმია და შეუდგა ოცნებას მამისეული სამფლობელოების დასაბრუნებლად. მის პრეტენზიებზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა იულიუს ცეზარის მიერ რუბიკონის გადალახვამ და სამოქალაქო ომის ახალი ცეცხლის დანთებამ.

რომში დატრიალებულმა სისხლისღვრამ ფარნაკეს გამარჯვების იმედი მისცა და შეუდგა გეგმის სისრულეში მოყვანას. დაიწყო ლაშქრობა. ანტიკური ავტორების მოწმობით, პირველი ქვეყანა, რომელიც ფარნაკემ დაიპყრო, იყო კოლხეთი. აქედან გადავიდა სომხეთსა და მცირე აზიაში. ფარნაკე შესანიშნავად ერკვეოდა რომში მიმდინარე მოვლენებში. ლაშქრობა მაშინ დაიწყო, როდესაც ცეზარისა და პომპეუსის ბრძოლამ კულმინაციას მიაღწია, მაგრამ მისი იმედი არ გამართლდა. გართულებულ მდგომარეობაში ყოფნის მიუხედავად, იულიუს ცეზარმა ელვისებური დარტყმით გაანადგურა ფარნაკე (ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიბადა ცეზარის ფრთოსანი გამოთქმა: მიველ, ვნახე, გავიმარჯვე – მუტშბ მშვშბ მშსშ).

დამარცხებული ფარნაკე ბოსფორში დაბრუნდა. მოადგილედ დატოვებულმა ასანდრემ (ვარაუდობენ, რომ ასანდრე სპარტოკიდების დინასტიის წარმომადგენელი იყო) წინააღმდეგობა გაუწია. გაიმართა ბრძოლა. ფარნაკე დაიჭრა და გარდაიცვალა. იულიუს ცეზარმა არ ცნო ასანდრეს ხელისუფლება ბოსფორში და მისი ხელისუფლების დამხობა მითრიდატე ევპატორის უკანონო შვილს, თავის მოკავშირე მითრიდატე პერგამოსელს დაავალა. მითრიდატე დაუყოვნებლივ შეუდგა დავალების შესრულებას, შეიჭრა მოსხების ქვეყანაში, გაძარცვა ლევკოთეას საკურთხეველი (სტრაბონი, X|, 2,17), დალაშქრა კოლხეთი, მიაღწია ბოსფორამდე, მაგრამ ასანდრეს ვერაფერი დააკლო, ბრძოლაში თვითონ დაიღუპა (ძვ. ძ. 47 წელს).

კოლხეთი ბოსფორის მოვლენებს შეეწირა. ერთი წლის განმავლობაში ჩრდილოეთიდან ფარნაკემ, ხოლო სამხრეთიდან მითრიდატე პერგამოსელმა არისტარქეს სამფლობელო მიწასთან გაასწორეს.

ქართველ არქეოლოგთა მრავალწლიანი შრომის შედეგად დადგენილია, რომ ანტიკური ქალაქის ვანის ნანგრევებად ქცევა მოხდა ძვ. წ. | საუკუნის შუა ხანებში. ეს კი ზუსტად ის დროა, როდესაც კოლხეთში ილაშქრეს ფარნაკემ და მითრიდატე პერგამოსელმა. ეს არ არის უბრალო დამთხვევა. არქეოლოგიამ აღმოაჩინა ის, რაც ფრაგმენტულად იყო მითითებული ანტიკურ წყაროებში.

ბოსფორიდან დაძრულ ნიაღვარს, რომელსაც მცირე აზიის პოლიტიკური სურათის შეცვლა ჰქონდა განზრახული, თავისი ძლიერების პირველი დემონსტრირება კოლხეთში მოუხდა. უზარმაზარი სამხედრო ძალის სათავეში მდგომ ფარნაკეს, არისტარქემ შესაფერისი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დამარცხდა. არ არის გამორიცხული, რომ იგი ბძროლის ველს ზურგს არ შეაქცევდა და ალბათ იქვე დაიღუპებოდა.

ფარნაკე, როგორც მითრიდატე ევპატორის მემკვიდრე, კოლხეთს თავის სამფლობელოდ თვლიდა და მოითხოვდა მამისეული უფლებების აღდგენას. ამ ლოგიკით, არისტარქე ქვეყნის არაკანონიერი მპყრობელი იყო, მითრიდატეს ძე კი იბრძოდა კანონიერების აღსადგენად. ამ პრინციპით გააგრძელა მან ბრძოლები მცირე აზიის მიმართულებით. დასაწყისში საგრძნობ წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ საბოლოოდ სრული მარცხი განიცადა. ხანმოკლე აფეთქების შედეგად, მითრიდატე ევპატორის ძემ მოასწრო და კოლხეთი ნანგრევების ქვეყნად დატოვა. რაც ფარნაკეს გადაურჩა, მას ბოლო მოუღო მისმა ნახევარძმამ მითრიდატე პერგამოსელმა. ამრიგად, კოლხეთი მითრიდატიდების აგრესიამ მიწასთან გაასწორა.

საყურადღებოა იმის ხაზგასმაც, რომ დასავლეთ საქართველოს მრავალი ქალაქის ნაქალაქარად ქცევა ძვ. წ. | საუკუნის შუა ხანებს განეკუთვნება, რაშიც კარგად ჩანს საერთო მტრის ნამოქმედარი. მოულოდნელად შემოჭრილმა ფარნაკეს ლაშქარმა ყველაფერი ცეცხლს მისცა.

საინტერესოა იმის აღნიშვნაც თუ რას წარმოადგენდა კოლხეთი არისტარქემდე. უპირველეს ყოვლისა, იგი ბოლოს მოუღებდა მითრიდატე ევპატორის ბატონობის შედეგებს, წინა პლანზე წამოსწევდა ადგილობრივსა და ელინურ კულტებს. როგორც ცნობილია, მითრიდატიდები თავს აქემენიდების მემკვიდრეებად თვლიდნენ, ისინი ზოროასტრიზმის აღმსარებლები იყვნენ. კოლხეთში პოლიტიკურთან ერთად პონტოს რელიგიურ ექსპანსიასაც ექნებოდა ადგილი, რომლის აღმოფხვრაც არისტარქეს სახელს უნდა მიეწეროს.

არისტარქე, როგორც ელინიზირებული კოლხი, გარკვეულ ხარკს უხდიდა იმდროინდელ კულტურულ სამყაროში გავრცელებულ ბერძნულ პანთეონსაც. ამას ადასტურებს ოლიმპოს ღმერთებისა და ქალღმერთების სიმრავლე კოლხეთის მთელ ტერიტორიაზე (განსაკუთრებით ვანში).

რომაული აღმოსავლური პოლიტიკის არეალში მოქცევამ კოლხეთს შედარებით წინა პერიოდთან, დამოუკიდებელი განვითარების საშუალება მისცა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე მას არავითარი ვალდებულება არ ეკისრებოდა, რაც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენდა ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების აღმავლობაზე. არისტარქეს ეპოქის განსაკუთრებულ მოვლენად უნდა ჩაითვალოს მონეტის მოჭრა, რაც გამომდინარეობდა ქვეყნის ეკონომიკური მოთხოვნილებებით. კოლხეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების ნაშთები მოწმობენ სააღმშენებლო ხელოვნების დაწინაურებაზე. მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების მოღწეული ფრაგმენტების საფუძველზე საეჭვო არ არის, რომ არისტარქეს ძველი საქართველოს ისტორიაში თვალსაჩინო როლი აქვს შესრულებული. ამ შემთხვევაში დასაზუსტებელია, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძეგლებიდან, კონკრეტულად რომელი შეიქმნა ძვ. წ. | საუკუნის შუა ხანებში. ის ფაქტი კი დავას არ იწვევს, რომ ყველა ქალაქი აღნიშნულ ეპოქაში მოექცა მიწის ქვეშ.

ფარნაკეს ლაშქრობამ შეიწირა კოლხეთის “მეფე” თუ მმართველი არისტარქე და ნანგრევებად აქცია ქვეყნის მრავალი დასახლებული პუნქტი. კოლხეთის არქეოლოგიური შესწავლის თანამედროვე დონე ნათლად გვიჩვენებს, რომ ძვ. წ. | საუკუნეში ვანი გამორჩეული ქალაქი იყო. ამას ადასტურებს აქ აღმოჩენილი, როგორც მატერიალური, ისე სულიერი კულტურის ძეგლები. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, ვარაუდის დონეზე შეიძლება მსჯელობა იმის შესახებ, თუ სად მდებარეობდა კოლხეთის “მეფის” არისტარქეს სატახტო ქალაქი. ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალის რეზიდენციად, ნაკლებ მნიშვნელოვანი პუნქტი შეუფერებელიც კი იქნებოდა. ამდენად, მრისხანე და დაუნდობელი მტრის წინააღმდეგ ძირითადი ბრძოლები ვანს უნდა გადაეტანა. სისხლისაგან დაცლილი ქალაქი ფარნაკემ აიღო, გაძარცვა და გადაწვა. იგი იმდენად იყო ფერფლად ქცეული, რომ მოსახლეობას, ვინც მტერს გადაურჩა, მისი აღდგენა არც უცდია.

ელინისტური ეპოქის მიწურულს კოლხეთის “მეფე-გამგებელმა” არისტარქემ და მისმა დედაქალაქმა სიცოცხლე ერთდროულად დაასრულეს.

არისტარქეს მოღვაწეობა საქართველოს ტრაგიკული ისტორიის ბურუსით მოცული პერიოდია, რომლის შესახებ გაბმული თხრობა თითქმის შეუძლებელია. ანტიკური ავტორების ფრაგმენტული ინფორმაციები რეალობას მიუახლოვა არქეოლოგიამ, თუ ვაღიარებთ, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვერსია არ არის სინამდვილეს დაშორებული. რომაელებისაგან ძლეულმა მითრიდატიდებმა უკანასკნელი გაბრძოლების დროსაც კი, საფლავში ჩასვლის წინ კოლხეთიც დაფერფლილი დატოვეს.

გრანი ქავთარია

p.s. აღსასრულის პირას მდგარი იმპერიები ჩვენი ქვეყნის მიწასთან გასწორებას მაინც ახერხებდნენ. დასაბამიდან ასეთი ბედი დაჰყვა საქართველოს, თუმცა უკეთესობის გამონათება დღესაც არ ჩანს. საუკუნეთა სიღრმეებიდან მოყოლებული ჩვენი მიწა უცხო ტომელთა სათარეშო ასპარეზს წარმოადგენდა და ასეთად რჩება. ბედისწერაა ისიც, რომ ქართველთა საშინაო და საგარეო საკითხებს ყოველთვის უცხო ძალა განიკითხავდა, თავისი ინტერესების სასარგებლოდ. შორს ვართ წარსული მოვლენების მოდერნიზაციისაგან, მაგრამ თანამედროვე საქართველოში მდგომარეობა შეიცვალა.

გრანი ქავთარია

წყარო: “საქართველოს რესპუბლიკა”, # 57, 27 მარტი, 2010 წელი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: