Posted by: burusi | 29/03/2010

გაგა ლომიძე – აკაკი ბაქრაძის პოლიტიკური რომანტიზმი

აკაკი ბაქრაძე – Akaki Bakradze

აკაკი ბაქრაძე – Akaki Bakradze (1928 – 1999)

გაგა ლომიძე – აკაკი ბაქრაძის პოლიტიკური რომანტიზმი

“ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ აფხაზეთის საკითხი არ არის მარტო ერთი კუთხის პრობლემა. აფხაზეთის საკითხი საქართველოს მდგომარეობის სასინჯი ქვაა.” – 1978 წელს, როცა აკაკი ბაქრაძე ამ სიტყვებს წერდა, ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ 15 წლის შემდეგ აფხაზეთი საქართველოს გამოეყოფოდა და ეს ტერიტორია დღემდე პოლიტიკური დაპირისპირების მთავარ პოლიგონად იქცეოდა. თუმცა, ადამიანისთვის, რომელიც ქართულ კულტურას და უფრო ფართოდ – ქართველი ერის ისტორიას შეისწავლიდა, ეს საფრთხე უფრო ნათელი იყო. აკაკი ბაქრაძეზე საუბრისას ალბათ ყველაზე შესაფერისი იქნებოდა პოლ ვალერის სიტყვების მოშველიება: “მე ვაპირებ წარმოვიდგინო კაცი, ვისი ქმედითობის გამოვლენანიც იმდენად სხვადასხვანაირნი უნდა ჩანდნენ, რომ, თუკი მოვახერხებდი მათთვის ერთი აზრის მიწერას, ვერავითარი სხვა აზრი ვერ შეედრებოდა მას სიფართოვით. მე ისიც მსურს, რომ მას ჰქონდეს საგანთა ურთიერთგანსხვავების უკიდურესად გამახვილებული გრძნობა, რომლის ყველა ქმედითობისთვისაც თამამად შეიძლებოდა გვეწოდებინა ანალიზი.” მართლაც, არ დარჩენილია ჩვენი საზოგადოებისთვის მტკიკვნეული არცერთი საკითხი, რომელზეც აკაკი ბაქრაძეს აზრი არ გამოეთქვას – არმიის შექმნის აუცილებლობითა და რელიგიური ორიენტაციით დაწყებული, ახალი ქალაქების მშენებლობით თუ ლიტერატურის, თეატრისა და კინოს პრობლემებით დამთავრებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისთვის ყოველი ტექსტი კულტურის მიკრომოდელი იყო, რომლის ანალიზიც სწორედ შესაბამისი კონტექსტის განხილვის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი.
ქართული კულტურის კონტექსტში ქართველი ადამიანის ბუნების ანალიზისას, ის ქართველების სულიერი ენერგიისადმი ორგვარ დამოკიდებულებას გამოყოფდა – ნიჰილისტურს და ოპტიმისტურს: “ნიჰილისტები მუდამ სხვის მორჩილებას ასწავლიდნენ ქართველებს. თან არწმუნებდნენ, ამაზე დიდი ბედნიერების წარმოდგენა შეუძლებელიაო. ოპტიმისტები კი საკუთარი თავის რწმენას უნერგავდნენ. თავისუფლებისთვის ბრძოლას უქადაგებდნენ და ჩასჩიჩინებდნენ. რაკი ქართველი ხალხი, მისი გრძელი ისტორიის მანძილზე, უფრო ხშირად სხვათა ქვეშევრდომი ყოფილა, ჩანს ნიჰილისტები სჭარბობდნენ ჩვენში ოპტიმისტებს. მაგრამ რაკიღა ქართველი ხალხი დღესაც ცოცხალია, ქმნის, იღვწის, შრომობს და მომავალს აშენებს, ეტყობა, ოპტიმისტები უფრო ღონიერი და ძლიერი იყვნენ.” ლიტერატურულ მეტაფორას რომ მივმართოთ, ნიჰილიზმის და ოპტიმიზმის ამგვარ გაგებას შეგვიძლია შევუნაცვლოთ პანეგირიკის და სატირის კონცეფციები. მით უმეტეს, ამის საფუძველს გვაძლევს აკაკი ბაქრაძის ისტორიული დოკუმენტებით მდიდარი წიგნი “მწერლობის მოთვინიერება” – საბჭოური პარადოქსების მატიანე. მთელი წიგნი, მასში ჩართული ირონიული ინტერმეცოებით, დოკუმენტურ კინოს მოგვაგონებს, სადაც მონტაჟის გზით ჩასმულია დოკუმენტური კადრები. სწორედ საბჭოთა კრიტიკის პარადოქსია, რომ ის, ვინც სისტემის მიმართ მორჩილებას გამოხატავდა, ხოტბას ასხამდნენ, ხოლო სისტემის მოწინააღმდეგეებს ულმობლად კიცხავდნენ; ისე, როგორც ეს ხდებოდა პარტკონფერენციებსა თუ მწერალთა კავშირის სხდომებზე, სადაც ვაჟა-ფშაველას “შეზღუდული თემატიკის” გამო აკრიტიკებდნენ, ილია ჭავჭავაძეს კი დესპოტი მემამულის სახელით მოიხსენიებდნენ.
აკაკი ბაქრაძე ქრისტიანული კონცეფციის საბჭოურით ჩანაცვლებაზე ერთგვარი ირონიით ლაპარაკობდა, როდესაც საბჭოურ რიტორიკაში დამკვიდრებული “ახალი ადამიანის” მოდელის ბიბლიურ წარმომავლობაზე საუბრობდა, სადაც პავლე მოციქულის ეპისტოლე და მარქსიზმ-ლენინიზმის “აღმსარებლები” პარადოქსულად დაწყვილდნენ. თუმცა, მეორე მხრივ, გამუდმებით ეძებდა ქართული ნიჰილიზმის წყაროებს. ასე, მაგალითად, 1920-იანი წლების ქართული ლიტერატურის ანალიზისას, მან ერთმანეთთან ალუზიურად დააკავშირა გამსახურდიას “დიონისოს ღიმილი” და გალაკტიონის “სად?”, რომელთა მიზეზად დამოუკიდებლობის დაკარგვა დაასახელა. ნიჰილიზმს აკაკი ბაქრაძე კრიტიკულ აზროვნებას უპირისპირებდა; კრიტიკულ აზროვნებას, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის უჩვეულო იყო. იქნებ ამიტომაც გამოიწვია ზოგიერთის გულისწყრომა მისმა წერილმა “მკვახე შეძახილი”, სადაც ილიას “ბედნიერი ერის” მსგავსად, მანაც ამხილა მანკიერებანი და ქართველთა შურისმაძიებლობას შესაფერისი დეფინიცია – “ციდამტკავლური ინტრიგა” – მოუძებნა. მაგრამ მან ყველაზე უკეთ იცოდა, რომ “კრიტიკა მადლია, ოღონდ პილპილმოყრილი მადლი და ხშირად პირს შუშხავს, ზოგჯერ ძალიან მწარედაც.”
ასეთი იყო აკაკი ბაქრაძე. პიროვნება, რომელიც საბჭოთა კომუნიზმის დასასრულისა და თავისუფალი სახელმწიფოს სათავეებთან იდგა; არაორდინარული ხედვის მქონე მოღვაწე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საბჭოური აზროვნების ნგრევის, ქართული ცნობიერების გაღვიძების თუ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების დამკვიდრებაში; განმანათლებელი, რომელსაც წინამძღოლის უმძიმესი მისია ერგო; რომელმაც ერთხელ სინანულით შენიშნა: “მთელი ცხოვრება მეგონა, სინათლეს ვაღვიძებდი – სიბნელე გამიღვიძებია”-ო. ეს მითიური აზროვნება საბჭოური ცნობიერებაა, თავისი ბელადებით, კერპებით, ანტიჰუმანური ღირებულებებით.
ამასთანავე, აკაკი ბაქრაძესთან წარსულ გამოცდილებას ან, ზოგადად, წარსულს “გამომაფხიზლებელი” ფუნქცია აქვს, სადაც ამა თუ იმ კონკრეტული ამბის მოხმობა თუ ციტირება თითქოს თანამედროვეობის ერთგვარად ზეისტორიულ სფეროში გადატანას ითვალისწინებს. იქნებ ზედროული, ზეისტორიული მითი იყო ნავთსაყუდელიც და ჭვრეტის პრიზმაც, რომლიდანაც თითოეული მოვლენა თუ საგანი ზედროული კატეგორიებით განიხილება. შესაძლოა, ამიტომაც დაარქვა აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილ წიგნს “ტკბილი ოცნება და მწარე სინამდვილე”, სადაც სათაურშივეა გაცხადებული ოცნება/სინამდვილეს შორის შეუთავსებლობა. ერთი შეხედვით, თითქოს უჩვეულოა, რომ აკაკი ბაქრაძის წერილებშიც ერთმანეთის გვერდით თანაარსებობს რომანტიზმი და რაციონალიზმი, როდესაც ერთი მხრივ, სახელმწიფოს მშენებლობის მოდელს წარმოგვიდგენს, მაგრამ იქვე იდეალიზებული საქართველოს ხატს ქმნის, ან ძველი სამოხელეო ტერმინების – მამასახლისი, ერისთავი, მოურავი – აღდგენას მოითხოვს.
აკაკი ბაქრაძისთვის, რომელმაც, მეტაფორულად რომ ვთქვათ, ისტორიის ანგელოზი მომავლის პირისპირ მოაბრუნა, თითოეული წამი მუდმივი “აქმყოფობაა”, ხოლო მომავლისკენ მიმართული მზერა – ნახტომია, ოღონდ არა შეუცნობელში, არამედ რაციონალურად გააზრებულ მყოობადში. იქნებ ეს საბჭოთა ხანაში გაბატონებული ტენდენციის მიმართ დაპირისპირებაც იყო: იმხანად წარსულისკენ მიპყრობილი მზერა, მომავლის ხარჯზე წარსულის გაიდეალება – ინერტულობას გულისხმობდა და, გარკვეულწილად, საბჭოთა სისტემას განამტკიცებდა.
აკაკი ბაქრაძის წერილების კითხვისას, შეიძლება პლატონის “სახელმწიფო” გაგვახსენდეს, სადაც ის სულის სამი საწყისის – წადილის საწყისის, გონიერი საწყისისა და ე.წ. thymos-ის – აქტიური საწყისის შესახებ საუბრობს. წადილის საწყისი ადამიანს მის გარეშე არსებული საგნების მოპოვებისკენ უბიძგებს. გონიერი საწყისის წყალობით ის მათი მოპოვების გზებს სახავს; ხოლო thymos-ი ადამიანს თვითგამორკვევისა და სხვის მიერ მისი ღირსების აღიარებისკენ განაწყობს. ის ლიბერალური დემოკრატიის საფუძველია.
თავისი პუბლიცისტური წერილებით აკაკი ბაქრაძე თითქოს თითოეულ ადამიანში მიძინებულ thymos-ს აღვიძებს; თითქოს თითოეულ ჩვენგანს არწმუნებს, რომ სამყარო სწორედ აქ და ახლა იქმნება და მისი შემოქმედი ჩვენ ვართ – განღმრთობილი კაცნი…
აკაკი ბაქრაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რელიგიურ თემებზე ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი. აქ შეუძლებელია არ გავიხსენოთ აკაკის წერეთლის “სულიკოს” ანალიზი, რომელმაც სიღრმით, თითოეულ დეტალზე ყურადღების გამახვილებით და სემანტიკური ქსოვილის კვლევით, გარკვეულწილად, ლოტმანის მიერ მარინა ცვეტაევას პოეტური ტექსტის ანალიზი შეიძლება მოგვაგონოს. “სულიკოს” ინტერტექსტობრივად გოეთეს “აღმოსავლურ-დასავლური დივანიდან” “ზულეიკას წიგნის” ერთ უსათაურო ლექსს (In tausend Formen magst du dich verstecken) უკავშირებს, ხოლო სიტყვა “საყვარელი” და ღმერთის ცნება წყვილდება და მიკრო- და მაკროსკოსმოსის კაბალისტური მთლიანობის სურათი წარმოგვიდგება. არანაკლებ შთამბეჭდავია იოანე შავთელის თუ ბორენა დედოფლის ჰიმნების ინტერპრეტაციაც ძველი და ახალი აღთქმის კონტექსტში, სადაც ძველაღთქმისეული მოდელი ღმერთი->მაყვლის ბუჩქი->ცეცხლი ახალ აღთქმაში გარდაიქმნება ტრიადად: ღმერთი->ღმრთისმშობელი->ქრისტე.
დღეს, როდესაც კრიტიკული აზრი თითქმის არ არსებობს, განსაკუთრებით იგრძნობა აკაკი ბაქრაძის მსგავსი კრიტიკოსების აუცილებლობა. თუნდაც მთელი წლის, ხშირ შემთხვევაში, ნაკლებად ხარისხიანი ლიტერატურული პროდუქციის თუ თარგმანების ანალიზი რად ღირს; ან სიტყვები: “ცხადად ჩანს, რომ ღმერთის ცნებამ დღევანდელ პოეზიაში დაკარგა კლასიკურად ჩამოყალიბებული შინაარსი. იგი დაიშალა… და ამის პარალელურად გაჩნდა: საკუთარი გონების ძალმოსილების წინაშე დამფრთხალი და შეშინებული ადამიანი”, სადაც უნებურად თითქოს მოდერნიზმის ხანის დასასრული იკითხება; ან თამამი მეტაფორები, სადაც იობი ასოციაციურად საქართველოსთანაა დაკავშირებული…
მახსენდება, 1980-იანი წლების ბოლოს, როცა მთელი კლასი წავედით მის ლექციაზე – რელიგიის თემაზე; და მისი სიტყვები – ლოგოსი… მატერია და სული… ერთი და სიმრავლე. ეს ყველაფერი რიტუალს გავდა. თითქოს ერთი გადადიოდა სიმრავლეში და სიმრავლის თითოეული ელემენტი გრძნობდა, რომ ღვთაებრივი, თავისუფალი იყო; ან იმ დროს განსაკუთრებით პოპულარული რიჩარდ ბახის სიტყვებით რომ ვთქვათ, “ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ”. ასეთი იყო ჩემი შთაბეჭდილება. ასე ფიქრობდნენ სხვებიც აკაკი ბაქრაძეზე – პიროვნებაზე, რომელმაც თვითონვე შექმნა იდეალიზებული საქართველოს ხატი და თავისი “პუბლიკუმი”, როგორც თავად იტყოდა ხოლმე; რომლისთვისაც ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე უფრო მნიშვნელოვანი ფასეულობები არსებობდა; რომელსაც საყოველთაო ნგრევის, სისხლის და სიძულვილის პირობებშიც შეეძლო ეწერა თავისუფლებაზე, ზნეობრივ ფასეულობებზე, სიყვარულზე.
იქნებ ამიტომაა, რომ უკომპრომისობა და მხილება მასთან არაძალადობრივ პრინციპს ეფუძნება. “სიყვარულის დაბრუნება, სიძულვილის უარყოფა” – ეს სიტყვები შეიძლება აკაკი ბაქრაძის პოლიტიკური ეთიკის ქვაკუთხედადაც დავსახოთ.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

http://www.lib.ge


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: