Posted by: burusi | 27/03/2010

კორნელი კაკაჩია – ამერიკული დიპლომატიის “ახალი ტონი” და საქართველო

კორნელი კაკაჩია – Korneli Kakachia

ამერიკული დიპლომატიის “ახალი ტონი” და საქართველო

“ისტორია ადასტურებს რომ დიდი სახელმწიფოებს არა სურთ საკუთარი თავის გაწირვა თავიანთი მცირე მოკავშირეების ინტერესების სასარგებლოდ.”

ბარბარა კონრ

მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ფონზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებებს. გლობალური ცვლილებების გავლენით მსოფლიოში ყალიბდება ახალი წესრიგი, რომლის ჩამოყალიბებას თან ახლავს პრობლემები და კონფლიქტები.
დღეს დიპლომატია და საგარეო პოლიტიკური აზროვნება წარმოადგენს ერთ-ერთ იმ მნიშვნელოვან სფეროს, რომელიც გადამწყვეტ გავლენას ახდენს საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.
საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, უკვე აღმოჩნდა კონფლიქტების წინაშე, რომლებმაც მრავალი დაბრკოლება შეგვიქმნეს თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ მიმავალ რთულ გზაზე. სწორედ ამიტომაც საჭიროა, რომ ღრმად გავაანალიზოთ შექმნილი სიტუაცია და გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები.
ასევე აუცილებელია, რომ საქართველომ შეძლოს სერიოზული და საფუძვლიანი გეოპოლიტიკური პროგრამის ბაზაზე გამოიმუშავოს რეალისტური, პერსპექტიული საგარეო პოლიტიკა, რომლის ძირითადი გეოპოლიტიკური იმპერატივი იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების შენარჩუნება.
სწორედ ამ მიზნით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ცალკეულ სახელმწიფოებთან. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ურთიერთობების განვითარება ჩვენ მეგობარ სახელმწიფოსთან-ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
აშშ და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ამ ურთიერთობებს საკმაოდ მტკიცე საფუძველი აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ურთიერთობები არც ერთი მხრიდან არაა დამოკიდებული არც პირად სიმპატიებზე და არც ხელისუფლების არჩევანზე.
ძირითადი პრინციპი რომელსაც ეყრდნობა დღევანდელი პარტნიორობა მდგომარეობს გლობალური საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილში ამ ქვეყნების სასიციცხლო ინტერესების თანხვედრაში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველო, აზერბაიჯანთან ერთად, იქცა აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად კავკასიაში. აშშ-ს ინტერესებს კავკასიაში წარმოადგენს: კავკასიის სახელმწიფოების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა; ირანის, როგორც ისლამური ფუნდამენტალიზმის კერის შეკავება; ენერგორესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და რეგიონალური დესტაბილიზაციის აცილება.[1, 13-21]
დღეს როდესაც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია უსერიოზულესი ფინანსური და საერთაშორისო კრიზისის პირობებში საკუთარი ვალდებულებების შესრულებისთვის ემზადება, განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობები დემოკრატიული ადმინისტრაციის პირობებში და ის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელსაც ახორციელებს ობამას ახალი ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ.
უნდა აღინიშნოს რომ პრეზიდენტ ჯონ კენედის არჩევის შემდეგ, ამერიკაში არ ყოფილა არც ერთი ახალი ადმინისტრაცია, რომელზეც ასეთ დიდ იმედებს ამყარებდნენ. ყველა გარდაქმნების მოლოდინშია. როგორც ამერიკული დიპლომატიის მაესტრომ ჰენრი კისინჯერმა აღნიშნა: მსოფლიო პოლიტიკის ყველა აქტორი ღიად აცხადებს გარდაქმნებისკენ სწრაფვას, რომელიც მათ თავს მოახვია გლობალურმა კრიზისმა, თანაც მათ სურთ, რომ ეს გარდაქმნები აშშ-სთან ურთიერქმედებაში განახორციელონ.[2]
ამ ახალი პოლიტიკის ნაწილია აშშ-ს პირობა რომ “გადატვირთავს” ურთიერთობებს რუსეთთან ისეთ საკითხებში, რომლებიც ამწვავებდნენ ამ ურთიერთობებს კერძოდ კი ნატოს გაფართოების პოლიტიკას საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში. დასავლეთში დიდი ინტერესით ელოდებიან იმას თუ როგორ მოახერხებს ოფიციალური ვაშინგტონი ერთდროულად განამტკიცოს ურთიერთობები რუსეთთან და უარი არ თქვას საქართველოზე. ამ მხრივ გარკვეულ ანალიზს საჭიროებს ის პირველი განცხადებები, რომელიც გააკეთეს ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
პირველი მინიშნება საქართველოსთან მიმართებაში გაკეთდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე 2009 წლის თებერვალში, სადაც ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა რომ მიუხედავად რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების დამყარების პრიორიტეტულობისა, მისი მტკიცებით ვაშინგტონი “რუსეთს ყველაფერში არ დაეთანხმება” და ხაზი გაუსვა რომ აშშ “არასდროს ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას” და არც აპირებს `რომელიმე ქვეყნის განსაკუთრებული გავლენის სფეროების აღიარებას”.
“სუვერენულ ქვეყნებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და საკუთარი მოკავშირეების არჩევის უფლება აქვთ” აღნიშნა მან.[3] თუმცა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე კომენტირებისას იქვე აღნიშნა რომ “ეს გადაწყვეტილება საქართველომ უნდა მიიღოს” რაც დასავლური მედიის აზრით მიუთითებს იმას რომ ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით ახალი ადმინისტრაცია უარს აცხადებს ხელი შეუწყოს საქართველოს ალიანსში სწრაფ გაწევრიანებას.[4] და ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ ობამას ადმინისტრაცია მოსკოვთან კავშირების განმტკიცებას, ავღანეთთან, ირანთან და ბირთვული შეიარაღების პოლიტიკასთან დაკავშირებით რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.
დაახლოებით მსგავსი შინარსის განცხადება გააკეთა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბრიუსელში საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე 5 მარტს: “შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ამ ქვეყნების სვლას ნატოსკენ… ყველასათვის ცხადი უნდა იყოს რომ ეს ქვეყნები არ უნდა გახდნენ რუსეთის მხრიდან დაშინების და აგრესიის ობიექტი.”[5] ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა რუსული მასმედიის გამოხმაურებაც, რომელიც აღნიშნავს რომ ბაიდენის გამოსვლა რუსეთის მიმართ შემრიგებლური პოზიციით გამოირჩეოდა. “ნეზავისიმაია გაზეტას” სიტყვებით ის, რომ კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტს გამოსვლის საშუალება არ მიეცა, მიუთითებს რომ ორგანიზატორებს აგრესიული რიტორიკის მოსმენა არ სურდათ, რადგან თვლიან რომ შერიგების დრო დადგა.[6]
თუმცა სიტყვიერი განცხადებების გადაქცევა კონკრეტულ ქმედებებად, უფრო რთული საკითხია და დღემდე უცნობია, თუ როგორ დააბალანსებს შეერთებული შტატები რუსეთთან და საქართველოსთან დაკავშირებით არსებულ ურთიერთგამომრიცხავ ინტერესებს. ფაქტია, რომ რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობები რთულ სიტუაციაში აყენებს ბარაკ ობამას ადმინისტრაციას, ვინაიდან ამ პრობლემის არსებობა ხელს უშლის მოსკოვთან ურთიერთობების გადაწყობას, რომელსაც ასე ესწრაფვის ვაშინგტონი.
ამასთანავე რუსეთის მიერ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან დადებული ხელშეკრულებები, რომლითაც ის ფაქტიურად უკვე კონტროლს აწესებს საქართველოს ამ ტერიტორიებზე კიდევ უფრო ართულებს ამ ურთიერთობების გადაწყობას.
ფაქტიურად ობამას ადმინისტრაციას საკუთარი დიპლომატიის განხორციელებისას ეზღუდება სივრცე და ამას ემატება ისიც რომ კონსერვატორი რესპუბლიკელების უმრავლესობას არ მოსწონს მისი ახალი საგარეო პოლიტიკური ინიციატივები.[7]
მაგრამ ფაქტია, რომ ბარაკ ობამას თეთრ სახლში მისვლისთანავე ორივე მხარის ოფიციალურმა პირები მზად არიან ახალი ურთიერთობების დასაწყებად. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით ახალი ადმინისტრაცია ძალიან ფრთხილი იქნება მსოფლიოში “დემოკრატიის მხარდაჭერის” პოლიტიკის გატარებაშიც.
ამასთანავე ამერიკის ახალი მთავრობა უარს ამბობს საერთაშორისო პოლიტიკაში “ხისტი ძალის” გამოყენებაზე და როგორც ჰილარი კლინტონმა განაცხადა უპირატესობას ანიჭებს “გონიერი ძალის” კონცეფციას. ასეთი პრაგმატული პოლიტიკის წარმოებით ის ფაქტიურად უბრუნდება ეგრეთწოდებული “კოლინ პაუელის” დოქტრინას, რომელიც გულისხმობს ძალის გამოყენებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და ისიც გაეროსთან და სართაშორისო პოლიტიკის სხვა აქტორებთან კოორდინირებული მოქმედებების შედეგად.
ახალი რეკომენდაციები და ცვლილებები ნატოსთან მიმართებაში-კომპრომისი პრინციპების ხარჯზე ყოველივე ზემოთქმულის ფონზე აშკარად საგულისხმოა ორპარტიული კომისის მოხსენება რომელიც ნიქსონის ცენტრისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და საერთაშორისო საქმეთა ბელფერის ცენტრის ერთობლივი პროექტია და რომელსაც ყოფილი სენატორები-რესპუბლიკელი ჩაკ ჰაგელი და დემოკრატი გერი ჰარტი ხელმძღვანელობდნენ. კომისიამ, რომელიც აშშ-ს ყოფილი მაღალი რანგის დიპლომატებისა და კონგრესის წევრებისგან შედგებოდა, ურჩევს ახალ ადმისტრაციას შეეცადოს გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხის გადადების გზითაც. მოხსენებაში სახელწოდებით- “რუსეთთან მიმართებაში აშშ-ს პოლიტიკის სწორი მიმართულება”-ნათქვამია რომ, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უნდა შეწყვიტოს საქართველოსა და უკრაინის გამხნევება მათი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რათა მოსკოვთან ურთიერთობები გააუმჯობესოს. აშშ-ის ადმინისტრაციამ უნდა აღიაროს ,რომ არც უკრაინა და არც საქართველო არ არიან მზად ნატოს წევრობისთვის და ამის სანაცვლოდ უნდა შეიმუშავოს ალტერნატიული ვარიანტი, რომლის მეშვეობითაც მოხდება ამ ქვეყნების სუვერენიტეტის მხარდაჭერა. აღიარებს რა, ნატოს ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულებების მნიშვნელობას, კომისიის რეკომენდაციებში ასევე ნათქვამია: “არ მიგვაჩნია, რომ ამ მომენტისათვის უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოში გაერთიანება უსაფრთხოების თვალსაზრისით შეერთებული შტატების გადაუდებელ ინტერესს წარმოადგენს”.[8] “მართალია ორივე მათგანს გააჩნია სტრატეგიული ადგილმდებარეობა, მაგრამ მათი ალიანსში გაწევრიანებამ, ამ ქვეყნებში არსებული რეალობიდან გამომდინარე, შესაძლოა უფრო შეასუსტოს, ვიდრე გააძლიეროს საერთოევროპული უსაფრთხოება”[8] – ნათქვამია მოხსენებაში და იქვეა მითითებული, რომ ეს მითუმეტეს ვერ იქნება პოზიტიური იმის გათვალისწინებითაც, რადგან აშშ და ნატო-ც “ისედაც უკვე ბევრი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან”. სანაცვლოდ მოხსენების ავტორები ამ ქვეყნებს სთავაზობენ “წევრობასთან დაახლოებულ სპეციალურ ურთიერთობებს… რომელსაც შესაძლოა იგივე ფუნქცია ჰქონდეს რაც წევრობას, რათა არ მოხდეს საქართველოსა და უკრაინაში ალიანსში გაწევრიანებაზე “გულის აცრუება”.[8]
აცნობიერებს რა რუსეთის “ლეგიტიმურ ინტერესებს~ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მოხსენებაში ასევე მითითებულია, რომ აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებში შედის ხელი შეუშალოს რუსეთის `დომინანტურ როლს რეგიონში, რომელიც ევროპას, აზიას და ახლო აღმოსავლეთს აკავშირებს” და მხარი დაუჭიროს იქ არსებული ქვეყნების დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. “აშშ-სა და რუსეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა რუსეთის სამეზობლოში ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა თავი უნდა აარიდოს ამ რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად ნულოვანჯამიან კონკურენციას”[8] – ნათქვამია მოხსენებაში. “ამგვარი კონკურენცია აუცილებლად დააზარალებს ამერიკის ინტერესებს, განსაკუთრებით იმიტომ რომ, აშშ-სგან განსხვავებით, რუსეთი თავად მდებარეობს ამ რეგიონში. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ქვეყნების რუსეთისაგან ჩამოცილების ან ამ რეგიონში რუსეთის კანონიერი ქმედებების დაბლოკვის მცდელობები წარმატებით დასრულდეს.”[8] აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომისიამ თავისი რეკომენდაციები, როგორც ობამას ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებს, ასევე რუსეთის ოფიციალურ პირებს უკვე გააცნო, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს.
აშშ-საქართველოს პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში და სამომავლო პერსპექტივები საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებული რეკომენდაცია აშშ საგარეო პოლიტიკის ცვლილებაზე მიუთითებს ან როგორც ჯერჯერობით ჩანს, ობამას ადმინისტრაცია ამ საკითხის გადაფასების პროცესშია. ამავე დროს ამერიკელი დიპლომატები უკვე გასული წლის ზაფხულიდან მუშაობდნენ იმაზე თუ როგორ უნდა განამტკიცონ აშშ-საქართველოს ურთიერთობები. ამ ურთიერთობებმა კონკრეტული სახე შეერთებული შტატებისა და საქართველოს მიერ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერის შემდეგ მიიღო. ეხლა უკვე ობამას ადმინისტრაციის გადსაწყვეტია, შეავსებს თუ არა ამ ქარტიას რეალური შინაარსით. და როგორც მოვლენების განვითარება გვიჩვენებს აშშ განაგრძობს უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ ისე ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. “ჩვენ ვმონაწილეობთ წვრთნაში, ჩვენ ვმონაწილეობთ სამხედრო რეფორმებში საქართველოში… მე ვფიქრობ ის მიმდინარეობს ისე როგორც დავგეგმეთ”[9]- განცხადა აშშ თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა კრაკოვში ნატოს თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ. მიუხედავად გარკვეული შეზღუდვებისა და საგარეო პოლიტიკური ზიგზაგებისა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავება კვლავ რჩება ობამას ადმინისტრაციის უსაფრთხოების თანამშრომლობის პროგრამის ქვაკუთხედად. ამ პროგრამის ძირითადი მიზანია საქართველოს თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერება. “ჩვენ დავიწყებთ წვრთნით, ეს არის ჩვენი საქმიანობის ღერძი და საფუძველი …ბევრს ვიმუშავებთ, რათა მივაღწიოთ საჭირო დონეს და ვიმუშავოთ, როგორც პარტნიორებმა საჭირო აღჭურვილობის თვალსაზრისით”[10]- განცხადა ამერიკელმა გენერალმა კართრაითმა 31 მარტს თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ. მან ასევე აღნიშნა რომ საქართველო კვლავ მზადაა მეზობლებთან მშვიდობიანი ურთიერთობებისთვის.
ამ კუთხით ასევე უმნიშვნელოვანესი განცხადება გაკეთდა 1 აპრილს ლონდონში გამართულ რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებზე, სადაც აშშ და რუსეთის პრეზიდენტებმა ერთობლივ განცხადებაში ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს საკითხზე განსხვავებული პოზიციების მიუხედავად აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა სტაბილურობის მიზნით. “ჩვენ დავიწყეთ დიალოგი ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ. მართალია ჩვენ არ ვეთანხმებით ერთმანეთს გასული აგვისტოს სამხედრო მოქმედებების მიზეზებსა და მოვლენათა თანმიმდევრობაზე, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა გავაგრძელოთ დღეს არსებული არასტაბილური სიტუაციის მშვიდობიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტისკენ მიმართული მცდელობები,”[11] – ნათქვამია განცხადებაში. ერთობლივ განცხადებაში ორი ქვეყნის ლიდერები ასევე გამოთქვამენ მზადყოფნას, „ცივი ომის მენტალიტეტის” დასაძლევად და აცხადებენ, რომ მზად არიან „დასახონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალი დასაწყისის გეგმა.”
ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური ვექტორი საქართველოსთან მიმართებაში კიდევ უფრო გამოიკვეთა პრეზიდენტ ობამას განცხადების შემდეგ, რომელიც მან გააკეთა 3 აპრილს სტრასბურგში პრეზიდენტ სარკოზისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. “მე ვაკრიტიკებდი რუსეთის შეჭრას საქართველოში, მე კვლავაც მჯერა, რომ მიუხედავად პრეზიდენტ სარკოზის განსაკუთრებული მცდელობებისა რათა მიეღწია ცეცხლის შეწყვეტისათვის, ჩვენ ვერ ვიხილეთ ამ სიტუაციის სტაბილიზაცია.”[12] თუმცა მან ასევე დაამატა, რომ ნატომ უნდა აღიაროს რუსეთის ლეგიტიმური ინტერესები, “ჩვენ საერთო ინტერესებიც გვაქვს, ასევე გვაქვს ძირეული უთანხმოებებიც,…არსებობს დიდი პოტენციალი რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, თუმცა იქვე დასძინა, რომ მოსკოვი არ უნდა დაუბრუნდეს „ძველებურად საქმის კეთებას”.

დასკვნა
მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ძნელია მთლიანობაში განვსაზღვროთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მომავალი დინამიკა ერთი რამ უდავოა. ობამას ადმინისტრაციის მოსვლისთანავე საქართველო და აშშ გადადიან თანამშრომლობის ხარისხობრივად სრულიად ახალ ეტაპზე, რომელშიც გარკვეული აქცენტები კეთდება სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობაზე. ამასთანავე, შეინიშნება მცდელობა ამ ურთიერთობების უფრო პრაგმატულ ჩარჩოებში მოთავსებისა, რაც გამოიხატება საქართველოში პოლიტიკური ინსტიტუტების განმტკიცების, პრესისა და თავისუფლების, დამოუკიდებელი მართმსაჯულების პრინციპებისადმი დამატებით მხარდაჭერაში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქართული პოლიტიკური რიტორიკისთვის გამოწვევაა იმის გაცნობიერება, რომ შეერთებული შტატები, რუსეთთან დათბობის მიმართულებით მიდის, თუმცა როგორც ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კავკასიის საკითხების მკვლევარი, კორი ველტი აღნიშნავს ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის საქართველოსთან ახლო ურთიერთობებზე უარს ამბობს.[13]
მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს ქართულ-ამერიკული ურთიერთობებში, (განსაკუთრებით კი იანვარში ერთობლივი ქარტიის ხელმოწერის შემდეგ [14] არ შეცვლილა საქართველოსათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორი ფუნდამენტური პრინციპი-საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის პრინციპი.
ამის კონკრეტული გამოხატულებაა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთი განცხადება, რომელშიც გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება სასაზღვრო სფეროში შეთანხმების გამო, რომელიც რუსეთმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან გააფორმა. შეერთებული შტატების აზრით ეს ქმედება ეწინააღმდეგება საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით რუსეთსა და საქართველოს შორის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს და არღვევს საქართველოს ტერიტოტიულ მთლიანობას.[15] ყოველივე ეს კი მიუთითებს, რომ შეერთებული შტატები კვლავ დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიით და კასპიისპირა რეგიონის როგორც ალტერნატიული საექსპორტო ენერგოდერეფნის არსებობა მისთვის ჯერ კიდევ პრიორიტეტულია.
ზემოთაღნიშნული კი გარკვეულ იმედებს ბადებს, რომ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები შეუქცევად ხასიათს მიიღებს, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისა და საყოველთაო მშვიდობის განმტკიცებას რეგიონში. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ ყოველთვის მოერიდება პირდაპირ კონფრონტაციას რუსეთთან. ირანისა და ავღანეთის პრობლემის გათვალისწინებით, აშშ ამ ეტაპზე უფრო მეტად დაინტერესებულია რუსეთთან თანამშრომლობით. ეს კარგადაა გამოთქმული სენტენციაში “ვიყოთ ყველას მეგობარი და არავის მტერი”. სწორედ ამიტომ რუსეთთან კონფლიქტის პირობებში საქართველო არ უნდა ელოდოს რაიმე სახის პირდაპირ სამხედრო
ჩარევას ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციისგან. დღეს ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის რუსეთი საკუთარი ბირთვული იარაღის არსენალით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საქართველო. საქართველოს გამო ობამას ადმინისტრაცია მოსკოვთან ურთიერთობების გაფუჭებას არ აპირებს.[16] საშინაო და საგარეო პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ის ასევე ვერასოდეს პირდაპირ ვერ ჩაერევა შიდასახელმწიფოებრივ კონფლიქტებში.
სწორედ ამიტომაც პატარა სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია, რომ რომელიმე დიდი სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესი არ გახდეს ილუზიების საფუძველი, განსაკუთრებით კი საგარეო პოლიტიკის ფორმირებისას. იმედი არ არის და არც შეიძლება იყოს საგარეო პოლიტიკა, აქედან გამომდინარე არ შეიძლება საგარეო პოლიტიკის გაურკვეველ მოლოდინებზე დაფუძნება, მითუმეტეს როცა საქმე ქვეყნის სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესებს ეხება. ამასთანავე საყურადღებოა, რომ როგორც გლობალურ პოლიტიკას ჩვევია ხოლმე, დიდი სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობებში სტრატეგიულ საკითხებში კონსენსუსის მისაღწევად ხშირად უგულვებელყოფენ პატარა სახელმწიფოთა ინტერესებს.
უფრო მეტიც საკუთარი პრაგმატული მოსაზრებებიდან ან თუნდაც შიდაპოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მათ შეიძლება თვალი დახუჭონ ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფის ფაქტზე, თუ ის წინააღმდეგობაში მოვიდა მათთვის უფრო მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინტერესებთან. სწორედ ამ კუთხითაა დაუშვებელი ყოველგვარი `რომანტიზმის~ გამოვლინება საქართველოს საგარეო პოლიტიკაში, რაც ასევე სასიკეთოდ წაადგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მომავალს. ასევე უეჭველია რომ, რაც უფრო პრაგმატული პრიციპებზე იქნება აგებული ქართული საგარეო პოლიტიკა, მით უფრო წარმატებული იქნება მისი ურთიერთობა ობამას ახალ ადმინისტრაციასთან.

დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა:

1. კ. კაკაჩია, პოლიტიკური რეალიზმის ამერიკული სკოლა და თანამედროვეობა, პოლიტიკა, 2001.
Henry A. Kissinger, Chance for New World Order, “The International Herald Tribune”, 12 January 2009. http://www.iht.com/articles/2009/01/12/opinion/edkissinger.php
3. Baiden Joe, Speech at 45th Munich Security Conference, 02/07/09. http://www.securityconference.de/konferenzen/rede.php?menu–2009=&sprache=en&id=238&
4. HIGHLIGHTS-U.S. VP Biden speech at Munich conference. Sat Feb 7, 2009. http://in.reuters.com/article/domesticNews/idINL727473420090207?sp=true’
5. Secretary Clinton’s Remarks After NATO Meeting, March, 2009. http://www.cfr.org/publication/18708/secretary–clintons–remarks–after–nato–meeting–march–2009.html
6. Андрей Терехов, Мюнхенская перезагрузка, Независимая газета, 2009-02-09. http://www.ng.ru/politics/2009-02-09/1–reload.html
7. Financial Times, Fresh front threatens Saakashvili, May 5, 2009. http://www.ft.com/cms/s/0/13d7b53e-397b-11de-b82d-00144feabdc0.html
8. Report from the Commission on U.S. Policy Toward Russia — The Right Direction for U.S. Policy Toward Russia. http://www.nixoncenter.org/RussiaReport09.pdf
9. Informal meeting of NATO Defence Ministers Cracow – Poland. http://www.nato.int/docu/comm/2009/0902-krakow/0902-krakow.htm
10. სივილ ჯორჯია, აშშ ქართულ არმიას გაწვრთნის – ამერიკელი გენერალი, თბილისი, 31 მარტი, 2009. http://www.civil.ge/geo/article.php?id=20799
11. Text of US-Russia statement on nuclear arms, The Associated press, April 1, 2009.
12. Los Angeles Times, Full text of Barack Obama news conference in Strasbourg, France, April 4, 2009.
http://latimesblogs.latimes.com/washington/2009/04/full-text-barackobama- news-conference-strasbourg.html
13. Eurasia Insight, Georgia: Tbilisi tries to get a feel for the Obama Administration, 3 March, 2009.
240 http://www.eurasianet.org/departments/insightb/articles/eav030609a.sht
ml
14. ინფორმაცია საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, 2009 წლის 9 იანვარი. http://www.mfa.gov.ge.
15. U.S., NATO, EU Concerned Over Russia Deal With Separatists, RFL/RL, May 1, 2009. http://www.rferl.org/Content/US–NATO–EU–Concerned–Over–Russia–Deal–With–Separatists–/1619643.html
16. Desmond Butler, Analysis: Obama’s support of Georgia untested, Associated press, May 2009. http://www.pr-inside.com/analysis-obama-ssupport-of-georgia-untested-r1241215.htm

Kornely Kakachia

Associate Professor, Department of Political Science, Ivane Javakhishvili Tbilisi State University

“New Tone” of US Diplomacy and Georgia Summary

After the election of Baraq Obama as an US president whole world is expecting some changes from new administration. As Henry Kissinger stated `Not since the inauguration of President John F. Kennedy half a century ago has a new administration come into office with such a reservoir of expectations. It is unprecedented that all the principal actors on the world stage are avowing their desire to undertake the transformations imposed on them by the world crisis in collaboration with the United States.~ Same true for Georgia as well.
Paper deals with US-Georgian political, diplomatic and security relations after the Obama administration and attempts to analize what “new tone” of US Diplomacy means for Georgian foreign policy.

კორნელი კაკაჩია – Korneli Kakachia

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, კენედის სახელმწიფო მმართველობის სკოლა, ჰარვარდის უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი

წყარო: “ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები”, ივანე ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, თბილისი, 2009.


Responses

  1. “აშშ და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ამ ურთიერთობებს საკმაოდ მტკიცე საფუძველი აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ურთიერთობები არც ერთი მხრიდან არაა დამოკიდებული არც პირად სიმპატიებზე და არც ხელისუფლების არჩევანზე”. – ბუნდოვანია. არაერთი პოლიტიკური მიმომხილველი და მეცნიერ-პოლიტოლოგი აღნიშნავდა საპირისპიროს.
    “უეჭველია რომ, რაც უფრო პრაგმატული პრიციპებზე იქნება აგებული ქართული საგარეო პოლიტიკა, მით უფრო წარმატებული იქნება მისი ურთიერთობა ობამას ახალ ადმინისტრაციასთან” – კლასიკური, დიპლომატიის ფუნდამენტური პრინციპთან თავსებადი დასკვნაა. გაგრძელება არ სჩანს მხოლოდ: ქვეყნის განვითარება მხოლოდ გარე (ეგზოგენურ) ფაქტორებზე ჩამოვკიდოთ? არ დადგა დრო, სერიოზულად განიხილებოდეს ქვეყნის შიდა (ენდოგენური) ფაქტორების არანაკლები მნიშვნელობა? ჩვენი აზრით, აქ სჩანს ქართული დიპლომატიური აზროვნების სივიწროვე – ხისტი დასაზღვრულობა-სექტორიზაცია.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: