Posted by: burusi | 26/03/2010

ლელა ოჩიაური – ინტერვიუ მერაბ ბერძენიშვილთან

მერაბ ბერძენიშვილი – Merab Berdzenishvili

მერაბ ბერძენიშვილი – Merab Berdzenishvili

«ჩვენ უდიდესი პატივი უნდა ვცეთ წარსულს, რადგან უძველესი კულტურის ერი ვართ»

ალბათ არ არსებობს საქართველოში ქალაქი, იშვიათია თბილისში ქუჩა თუ მოედანი, სადაც მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი, ჩვენი დიდი წინაპრების ძეგლი არ იდგეს. მისი სკულპტურები ჩვენს წარსულს აწმყოსა და მომავალთან აკავშირებს და დარწმუნებული ვარ, ქვაში გაცოცხლებული ისტორია, ხელოვნების ნაწარმოებად ქცეული რეალობა, კულტურა, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, ქვეყნისთვის (როგორ პირობებშიც უნდა უხდებოდეს მას არსებობა) მუდამ საჭირო იქნება.
შეხვედრისას, პირველი კითხვა მოქანდაკემ თავად დამისვა – ფიქრობთ, ვინმეს ვჭირდებითო? მერაბ ბერძენიშვილი და მისი მსგავსი პიროვნებები, შემოქმედები განსაკუთრებით სწორედ მაშინ სჭირდება ქვეყანას, როდესაც ასეთი კითხვა შეიძლება გაჩნდეს. მაშინ, როდესაც ფასეულობები გაუფასურებულია და წარსულთან კონტაქტს თანდათან ვკარგავთ, ისე, რომ არ ვიცით, საით მივდივართ, საით მივექანებით.
მერაბ ბერძენიშვილი «ბასტას» ქართული კულტურის, ხელოვნების, ქართული სულიერების, საქართველოს კულტურის ფონდის (რომლის თავმჯდომარეცაა) და ახალგაზრდობის შესახებ ესაუბრება.

«ბასტა»: ბოლო დროს, საქართველოში კულტურის მიმართ ინტერესის კლება აშკარად შეიმჩნევა. რა არის თქვენთვის კულტურა?
მერაბ ბერძენიშვილი: რა თქმა უნდა, როდესაც კულტურაზე ვლაპარაკობ, არ ნიშნავს, რომ რადგან მოქანდაკე ვარ, ვგულისხმობ მხოლოდ ქანდაკებას. მე იმასაც ვგულისხმობ, რომ 400 ჯიშის ვაზი გაგვაჩნდა, დღეს ერთი ძლივს შევინარჩუნეთ და ისიც კაცმა არ იცის, მისგან რა კეთდება. ცნობილია, რომ ვისაც ვაზი გააჩნია და იქ, სადაც მზე მცხუნვარეა, ლაღნი და მშვენიერნი იბადებიან.
უდიდესი კულტურაა, რომ ისეთი ტრადიცია გაგვაჩნია, რომელიც დღემდე მოვიდა, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა. სიტყვა ტრადიცია ზოგიერთებს ღიმილს გვრის, რადგან წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ეს. შეიძლება ტრადიციაში ბევრი რამ უხეში იყოს, რომელიც, ცხადია, უნდა გაქრეს. ოცდამეერთე საუკუნეა და მას თავისი მოთხოვნილებები აქვს, მაგრამ სიყვარული კაცთა, სიყვარული მეგობრის, სიყვარული საერთოდ, რაც ჩვენ ტრადიციაში ღრმად დევს – ამის დაკარგვა ხომ დანაშაულია!..
«ბ.»: კულტურის განვითარებას, ისევე, როგორც ცხოვრების ყველა სფეროს, თავისი უყურადღებობითა თუ მიზანმიმართული ქმედებით, ხელი წინა ხელისუფლებამ შეუშალა.
მ.ბ.: რა თქმა უნდა, წარსულის შეცდომა არ უნდა განმეორდეს. ვფიქრობ, რომ ძველმა მთავრობამ ვერ შეაფასა ჩვენში არსებული სულიერების სიმტკიცე, რომელიც თითქოს გამომგვიფიტეს და აღარ გაგვაჩნდა, მაგრამ, როდესაც ღირსება ითელება, ის მაშინ მჟღავნდება, სხვანაირი ფორმით.
აი, სწორედ, ის, რასაც «ვარდების რევოლუცია» დაერქვა, ეს იმ მთავრობის შეცდომების შედეგი იყო, რომელსაც დაავიწყდა, რომ «სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი» ქართველის დაწერილია და ქართველებისთვისაა დაწერილი. ამან განაპირობა ის ამბავი, რაც მოხდა და გადმოიღვარა ის სიმტკიცე, რაც თურმე ქართველ ადამიანში დევს.
დღეს ყველა, ყველა ქართველი კაცი, ყოველი მოქალაქე მხარში უნდა დაუდგეს დღევანდელ ყოფას. დეპუტატებმა კი მანქანის შავი ფანჯრები უნდა ჩამოუშვან და დაინახონ, რომ საქართველოში ხელგაწვდილი ქართველი კი არ ცხოვრობდა, არამედ ცხოვრობდნენ ვაჟკაცი, სულით ამაღლებული და კეთილშობილი კაცები და ქალბატონები, ამაყი და არსით მშვენიერი გოგონები და ჭაბუკები. სწორედ ამას უნდა მოვუბრუნდეთ, რადგან ხელგაწვდილ ქართველს მთელ ჩვენ ისტორიაში ვერ ვნახავთ, არ არსებობს.
ასჯერ მითქვამს და კიდევ მინდა გავიმეორო – სირცხვილი არაა, ახალგაზრდა კაცმა ექვთიმე თაყაიშვილის ვინაობა, არსი და ყოფა არ იცოდეს და იცოდეს, რამდენი ოპერაცია გაიკეთა მაიკლ ჯეკსონმა ცხვირ-პირზე და რა ბოტასებს ხმარობს ცეკვის დროს?! სირცხვილი არაა, ახალგაზრდას ქუჩაში ეკითხებიან, ეს ვისი ქანდაკებააო და მუსხელიშვილზე დავით აღმაშენებელიოაო, ამბობს?!
«ბ.»: ასეთი უვიცობა, დაუდევარი დამოკიდებულება ძალიან ხშირია, როგორც მოქალაქეების, ასევე ხელისუფლების მხრიდან.
მ.ბ.: დიდგორის მემორიალი გაიძარცვა. იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემია. თავისთავად, როდესაც ასეთი რამ ხდება, მოქანდაკისთვის ტკივილია, მაგრამ საქმე უფრო სერიოზულადაა. მით უმეტეს, რომ ერთადერთი საამაყო გამარჯვება გვაქვს, რომელმაც მსოფლიო გააკვირვა და ეწოდა კიდეც ამ ბრძოლას «ძლევაი საკვირველი». იმის მაგივრად, ძეგლს ვუვლიდეთ, გაძარცვეს. მერე საზოგადოებას ეუწყა, თითქოს აღდგა. არ აღმდგარა! არაფერი გაკეთებულა. თითი თითზე არ დაუდია არავის. უბრალოდ, გახსნის დღეს, რაღაცეები საღებავებით შეთითხნეს და ამას ეძახიან აღდგენას!.. წინაპართა გმირობა მხოლოდ 12 აგვისტოს არ უნდა გვახსენდებოდეს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, თუ გვინდა, რომ წინ წავიწიოთ.
«ბ.»: რა მნიშვნელობას ანიჭებთ წინაპართა ხსოვნასა და ქვეყნის წარსულის ცოდნას, მასთან კავშირის უწვეტობის აუცილებლობას?
მ.ბ.: ჩვენ ვიცით ცივილიზაციები, რომლებიც არსებობდა და დაიღუპა. ჩვენ უაღრესად დიდი პატივი უნდა ვცეთ წარსულს, რადგან ჩვენ უძველესი ერი ვართ, თუნდაც იმას, რომ ჩვენ საკუთარი დამწერლობა გაგვაჩნია, რაც მთელ მსოფლიოში თითზე ჩამოსთვლელია.
ამ დროს კი აკლებული ვართ უცხოური რეკლამებით – «ჩაწვდით ამერიკულ სულს!» როგორც იქნა თავი დავაღწიეთ რუსულ იმპერიას და ახლა სხვაგან გავრბივართ. ნუთუ მარტო ცხოვრება არ შეგვიძლია, თუ რა ხდება, ვერ გავიგე?!
უბრალოდ ერთ რამეს დავუკვირდეთ. როდესაც მაგალითად, ინგლისში ჩავდივართ და ინგლისურად ვლაპარაკობთ, ეს ინგლისელს სრულიად არ უკვირს. ჩვენ რატომ ვგიჟდებით, როდესაც ვიღაც ინგლისელი – «გამარდჟობა საქართველო!»-ს იტყვის?! რა არის ეს?
მონობა მარტო იმაში კი არ გამოიხატება, ვიღაცამ ჯოხით გმართოს. მონობაა, როდესაც საკუთარს ვერ გრძნობ და გინდა, მიმბაძველობით სხვისი გახდე.
ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ძალიან მტკივა გული, როდესაც ახალგაზრდას შეხედავ, მშვენიერია, ჯანსაღია და თავისი ქვეყნის მიმართ კი ინდეფერენტულია. როლესაც ამას ვხედავ, თავი აბსურდულ ყოფაში მგონია.
«ბ.»: აქედან გამომდინარე, რა არის მთავარი, რაც ახალგაზრდობამ უნდა გაითვალისწინოს?
მ.ბ.: დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ იცოდეს, ჭეშმარიტად, რა იყო ჩვენი ქვეყანა და როგორი უნდა იყოს ის მომავალში. სხვა თვალსაზრისით, სხვა გაგებით, ქვეყნის შექმნა შეუძლებელი გახდება.
ქალაქიც იქნება, იქნება დასახლებული პუნქტებიც, ვიცხოვრებთ ბედნიერად. შეიძლება, პირადი სალმის ნაცვლად ერთმანეთს აპარატურით ვანიშნოთ, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, მაგრამ ეს ყველაფერი საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ერის უკან სვლა იქნება. შეიძლება უკან სვლა კი არა – დაღუპვა, თუ ჩვენ არ დავინახავთ იმას, რაც დაგვევალა.
9 აპრილის თაობაზე უნივერსიტეტში გამოვედი და ჩემი სიტყვა ასე დავამთავრე – «ჩვენ შევებრძოლეთ არმიას, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა. ჩვენ შევებრძოლეთ იმ ძალას, რომელიც მთელ მსოფლიოს აზანზარებდა. დაგვიჩეხეს პატარები, დაგვიჩეხეს დედები, დაგვიჩეხეს გოგონები და ბიჭები, მაგრამ არასდროს იგრძნოთ, რომ თქვენ რამეში წაგებული ხართ. ამხელა არმიას მოვუგეთ იმიტომ, რომ ჩვენი სული ათმაგად გამტკიცდა და გაძლიერდა. დღეს ეს ყველაფერი ინტელექტში უნდა გამოვლინდეს.» აი, ამას ვუსურვებ მე ჩემს ახალგაზრდებს.
«ბ.»: როგორ უყურებთ თაობათა შორის ურთიერთობის საკითხს?
მ.ბ.: კვლავ უნივერსიტეტში ჩემ გამოსვლას გავიხსენებ. მაშინ ვთქვი და მინდა ახლაც გავიხსენო. ერთხელ, ნოქალაქევში ყოფნისას, ჩემმა მეგობრებმა მართვე იპოვეს. გალია გაუკეთეს, აჭამეს, ასვეს. როდესაც სამი თვის შემდეგ იქიდან მოდიოდნენ, გაუშვეს, მაგრამ ის ვერ გაფრინდა. რამდენჯერმე ჰაერშიც კი ააგდეს, მაგრამ სულ მიწას ენარცხებოდა.
უეცრად საიდანღაც დედო-არწივი გამოვარდა. მართვეს ხან ერთი მხრიდან შეუდგა მხარში, ხან, მეორედან. საშუალება არ მისცა, დავარდნილიყო. ერთი სიტყვით, იქვე ასწავლა ფრენა და შემდეგ ორივე ერთად ხეობაში, სადღაც სივრცეში, თავისუფლებაში გაფრინდა.
როგორ შეიძლება ასეთი დაპირისპირება – ახალგაზრდობა და უფროსი თაობა?! რა დამოკიდებულებაა ეს?! როდესაც კაცმა გამოქვაბულში ჯაჭვის პირველი რგოლი გააკეთა, ადამიანი მას შემდეგ ვითარდება და განვითარების სწორი გზა სწორედ ისაა, რომ ყველა თაობა ამ ჯაჭვში თავისებურ წნულს აკეთებს. ახალი მოსულები დგანან და აკრიტიკებენ უფროს თაობას, თითქოს ცხოვრებაში რაღაც აღმოჩენები მხოლოდ მათ გააკეთეს. რეალურად კი ეს ასე არაა.
«ბ.»: რა აზრის ხართ ახალ სახელმწიფო სიმბოლიკაზე?
მ.ბ.: თქვენ წარმოიდგინეთ, არაჩვეულებრივია ქართული დროშა. აი, პირდაპირ, ალბათ, რასაც ვინატრებდი, თუ როგორი უნდა ყოფილიყო, სწორედ ისეთია. ის ხასიათი, რასაც ჰქვია სილაღე შიგნით და ამავე დროს, ის მთავარი, რითაც დღემდე მოვიდა ქართველი კაცი – ქრისტეს მცნების ღრმად მიმდევარი.
ვისაც სამთავისი უნახავს, მზე რომ ამოდის, მე მინახავს და შემიძლია ვთქვა, რომ სამთავისი მღერის. ამას გაგება უნდა, თორემ ყველა ვერ მიხვდება, რას ვამბობ.
ასევე ვუყურებ იმას, თუ როგორი უნდა იყოს ქართული გერბი. ქართული გერბი ისეთი არ უნდა იყოს, როგორსაც გვთავაზობენ. ქართული გერბი ჩვენი სულის გამომხატველი უნდა იყოს. ის, რასაც ჰერალდიკოსი ყვება, ისტორიაში შეუძლიათ ჩაწერონ.
ჩვენ ძალიან სათუთ საკითხთან გვაქვს საქმე. გერბი უნდა იყოს ძალიან ლაკონური, ძალიან შეკრული (ის ყველაფერზე უნდა გადავიდეს, თუნდაც სამხედრო ქუდზე, მკლავზე და ასე შემდეგ). ეს კი გაფანტული, გაუგებარი გერბია.
სამარცხვინოა საქართველოში, სიმღერის ქვეყანაში («არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში»), მოვბრუნდეთ და ზაქარია ფალიაშვილს დავესესხოთ. ასეთი უმწეონი როგორ ვართ?!
პირდაპირ გული მტკივა, როდესაც ფეხბურთს ვუყურებ, მთელი სტადიონი თავის ჰიმნს მღერის და ამ დროს, ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა იმღეროს საოპერო არია სპორტსმენმა ან ხალხმა სტადიონზე! ეს ცოტა სულსწრაფობაა. ჰიმნი ისეთი უნდა იყოს, როგორიც რუსთაველის ნაწარმოებია. მაშინ უფრო მეტად ძლიერნი ვიქნებით. ეს ყველაფერი შეცდომაა, რასაც ხელოვნებაში ვუშვებთ და ცოტა ვიღაც-ვიღაცეებსაც უნდა ჰკითხო, სწორი გეზის ასაღებად.
ხომ არავის ჰგონია, რომ რადგან ჩვენ კომუნისტურ წყობას მოვესწარით, კომუნისტური აზროვნება გვაქვს? თუ ასე ფიქრობს, ძალიან ეშლება. ჩემი თაობა კომუნისტების დროს ბეტონის კედლებს არღვევდა და ქართულ კულტურას ქმნიდა. ვინც ეს არ იცის, იცოდეს!
როლესაც ჩემი თაობა ამას აკეთებდა, ის ადამიანები სკამებზე იდგნენ და ძია ლენინზე ლექსებს ამბობდნენ, ამიტომ მე ისინი ჭკუას ვერ მასწავლიან. დღეს ეს ამბავი რატომღაც ყველას დაავიწყდა. დაავიწყდათ თავიანთი წარსული, თავიანთი კომკავშირლობა და რატომღაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან.სინამდვილეში ასე არაა.
«ბ.»: რა არის საჭირო სწორი გეზის ასაღებად?
მ.ბ.: ყველა პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, გვინდა-არგვინდა, ვიღაცეებს ჭკუას ვასწავლით, მაგრამ მე ჩემი ტკივილი მაქვს. სიჭაბუკიდან დღემდე ჩემი საქმით ჩემ ქვეყანას ვემსახურები. რამდენი ახალგაზრდაა დღეს, რომელიც ამ საქმესთან ისეთივე სიყვარულით მოვიდა, როგორც მე მთელი ჩემი ცხოვრება განვვლე. მაშინ ქვეყანას თითქოს ეცალა იმისთვის, რომ რაღაც გაკეთებულიყო, მაგრამ დღეს ვერ ვიტყოდი, რომ ეს პროცესი სწორედ მიდიოდეს. უბრალო მაგალითს გეტყვით.
«ბ.»: საერთოდ, რა ხდება დღეს ქართულ ქანდაკებაში?
მ.ბ.: მე ვფიქრობ, ქართული ქანდაკება ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ქართულ ქანდაკებას დახმარება სჭირდება. რაღაც ბედი იყო, რომ ქართულ ხელოვნებაში იაკობ ნიკოლაძე და ნიკოლოზ კანდელაკი ერთად გამოჩნდნენ. პრინციპში, ისინი ჩვენი წინაპრები არიან. წინაპრები, რომლებიც გვასწავლიდნენ და ამავე დროს, თავიანთ შესანიშნავ ხელოვნებას ტოვებდნენ.
ამ ხელოვნებას სხვადასხვა კონცეფცია ჰქონდა. ერთი სხვა იყო და მეორე კი, სხვა და ამ ორი ადამიანის აზროვნების ჭიდილში იშვა არაჩვეულებრივი, თავისთავადი ქართული ქანდაკება. ეს მარტო ჩემი აზრი არაა. ამას ჯერ კიდევ საბჭოთა წყობილების დროს ამბობნენ და მერე უკვე მსოფლიომაც დაინახა. ჩვენგან სხვადასხვა ქვეყანაში ქანდაკების საერთაშორისო სიმპოზიუმებზე ახალგაზრდა კაცი არ წასულა, რომელიც ოქროს ან ვერცხლის მედლით არ დაბრუნებულიყოს უკან. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება.
მსოფლიოს ქანდაკების უდიდესი ტრადიცია აქვს, ჩვენ კი მაშინ დავიწყეთ, როდესაც იქ ხელოვნების ამ დარგმა თითქმის სხვა სახე მიიღო და ისეთ სიმაღლეზე ავედით, აქ ჩამოსულ ხალხს უკვირს კიდეც, ამ ალიაქოთის ქვეყანაში ასეთი ამაღლებული კულტურა რომ დევს. ამას დანახვა და გაფრთხილება უნდა, თორემ ყველაფერი დაიკარგება. დაკარგულის ხელმეორედ აღდგენა კი ძალიან რთულია და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – საერთოდ აღდგება კი?
«ბ.»: როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის ნაწილობრივ მაინც დასაძლევად?
მ.ბ.: საქართველოს კულტურის ფონდი ამთავრებს კულტურის ცენტრის მშენებლობას, რომელიც მთელი თავისი არსით იმისთვის იქნება მოწოდებული, რომ ჩვენი კულტურა გავიტანოთ და დავანახოთ იმ ქვეყნებს, რომლებმაც ჩვენში, ქართველებში მხოლოდ გამტაცებლები და ყაჩაღები დაინახეს.
ჩვენი კულტურა ბევრს გააკვირვებს, თუკი ის ჭეშმარიტად და სწორედ იქნება მიწოდებული. ესაა ჩვენი ფონდის მთავარი მისია. მეორე ისაა, რომ თავად ჩვენში დავამკვიდროთ ჩვენი ქვეყნისადმი, ჩვენი კულტურისადმი პატივისცემა და ამავე დროს, პატივისცემა სხვა კულტურებისა, რაც აუცილებელია.
როდესაც ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ იმაზეა ლაპარაკი, თუ რა გაიყიდოს და რა არ გაიყიდოს, როგორც შუქურა, ცოტა ხანში, ისე აინთება ეს სასახლე კულტურის განვითარებისთვის.
მაშინ კი ვფიქრობ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ჭაბუკებს, ჩვენს გოგონებს, ჩვენს ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, მიიღონ აქ ბევრი რამ და ეზიარონ იმ სიკეთეს, რასაც ადამიანის ამ ქვეყანაზე მოსვლა ჰქვია.

გაზეთი «ბასტა», 2005 წელი

წყარო: http://corifeebi.sangu.ge


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: