კომპოზიტორი და მომღერალი ნუნუ იროდიონის ასული დუღაშვილი დაიბადა თბილისში 1939 წლის 7 თებერვალს. 5 წლის ასაკში შექმნა პირველი ნაწარმოები “პატარა მწყემსის სიმღერა”. სწავლობდა ნიჭიერ ბავშვთა მუსიკალურ ათწლედში, შემდეგ დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (ა. ბალანჩივაძის საკომპოზიტორო კლასი). ამ პერიოდში გატაცებული იყო ჯაზით. მის მიერ დაწერილი სიმღერით მომღერალმა გიული ჩოხელმა, პრაღაში მსოფლიო ფესტივალზე გამართულ კონკურსში, რომლის თავმჯდომარე ელა ფიტჯერალდი იყო, პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა. 1959-62 წლებში მუშაობდა კინოსტუდია “ქართული ფილმის” დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუსიკალურ რედაქტორად. 1962-78 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში. 1968 წლიდან საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური განყოფილების უფროსი იყო, შემდეგ ხმის მთავარი რეჟისორი.
ძირითადად სიმღერის ჟანრში მუშაობს. მისი სიმღერებისათვის დამახასიათებელია ეროვნული კოლორიტი, ხალხურ მელოდიებთან სიახლოვე. არაერთი შესანიშნავი სიმღერა აქვს შექმნილი ლადო ასათიანის, ტიციან ტაბიძის და სხვა ქართველ პოეტთა ლექსებზე. ნაყოფიერად იღწვის მუსიკის სხვადასხვა ჟანრებშიც. დაწერილი აქვს საფორტეპიანო, სავიოლინო და საორკესტრო პიესები, საფორტეპიანო კონცერტი მუსიკალური “ქუდები” ტელეგადაცემისათვის, მუსიკა თოჯინური თეატრის დადგმებისათვის. ასევე ეკუთვნის კონომუსიკა ფილმებისათვის: “სათაფლია”, “რიონის ხეობა”, “ქალაქი მთებში”, “ციმბირელი პაპა”, “ხსოვნა” და სხვა. იგი თავისი სიმღერების საუკეთესო ინტერპრეტატორია. აქვს ძლიერი, სასიამოვნო ტემბრის ხმა, შესრულების ორიგინალური მანერა. განსაკუთრებით პოპულარულია სიმღერები: “ქუთაისო”, “იმერეთის ნიავო”, “ღმერთი სიყვარულისა”, “ბათუმი რად ღირს მარტო”, “ჩემი სიმღერა”, “ო, არა გაზაფხულზე”, “კახეთო”, “გადამრიე”, “გამიფრთხილდი”, “სამშობლო”, “გიყვარდეს საქართველო”, “ფიროსმანის ქალაქი”, “თბილისო საყვარელო” და სხვა.
ხელოვნების და კულტურის უნივერსიტეტისა და მუსიკალური გიმნაზიის პედაგოგია, ასწავლის კომპოზიციას. საქართველოს ხელოვნების დმასახხურებული მოღვაწეა (1983). ა. წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი (1997). 1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 2004 წელს.
Posted by: burusi | 26/03/2010
ნუნუ დუღაშვილი – ბიოგრაფია
Posted in Music | ტეგები: ნუნუ დუღაშვილი








დატოვე კომენტარი