Posted by: burusi | 25/03/2010

ნანი ბრეგვაძე – ბიოგრაფია

ნანი ბრეგვაძე - Nani Bregvadze

ნანი ბრეგვაძე – Nani Bregvadze

ნანი ბრეგვაძე დაიბადა 1936 წლის 21 ივლისს, თბილისში. მამა – გიორგი ეფრემის ძე ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა ალექსანდრეს ასული მიქელაძე ცნობილ დიდგვაროვანთა ოჯახიდან.
ნანი ბრეგვაძის ოჯახში ყველა მღეროდა. დიდი ბებია და დეიდა პროფესიონალი მომღერლები იყვნენ, ხოლო დედა, 5 და და ძმა არაჩვეულებრივად მღეროდნენ. ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში ნანი ძველ რუსულ სიმღერებს და რომანსებს, გიტარის თანხლებით ასრულებდა.
მუსიკალური სკოლისა და ტექნიკუმის დასრულების შემდეგ ის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი გახდა ფორტეპიანოს კლასით, რომელიც 1961 წელს დაამთავრა.
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს მოსკოვში, “ახალგაზრდობის და სტუდენტთა VI საერთაშორისო ფესტივალზე” შედგა მისი პირველი გამოსვლა, მომღერლის რანგში, სიმღერით “ჩავაქრე სანთელი” ნანი გრეგვაძემ ლაურეტის წოდება მოიპოვა. 1959—1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი.
პირველი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება – 1964 წლის გასტროლი მოსკოვის მიუზიქ-ჰოლთან ერთად პარიზში. მაშინ ნანი პირველად გამოვიდა მსოფლიო მნიშვნელობის დარბაზ ‘ოლიმპიაში’, სადაც ორი თვის განმავლობაში მღეროდა. ამ მოვლენამ საბოლოოდ განსაზღვრა ნანი ბრეგვაძის, როგორც მომღერლის ბედი. პარიზიდან დაბრუნებული ნანი მიიწვიეს ანსამბლ “ორერაში”, სადაც 15 წელი ითანამშრომლა. 1980 წლიდან ნანი ბრეგვაძე სოლო კარიერას იწყებს. ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოგზაურობს.

ბრეგვაძის საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ლირიზმი, იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. ამაყი თავდაჭერის და გარეგნული სითამამის მიუხედავად ყოველი სცენაზე გამოსვლის წინ საოცრად ნერვიულობს, ყოველთვის განიცდის, სათანადოდ გაამართლებს თუ არა მაყურებლის მოლოდინს. ნანი ბრეგვაძე განსაკუთრებული პასუხისმმგებლობით უდგება თვითოეულ გამოჩენას სცენაზე, ძალიან იშვიათადაა კმაყოფილი და თვლის რომ თვითკრიტიკა აუცილებელი რამაა მომღერლისთვის.
ნანის სიმღერებზე არა ერთი თაობა აღიზარდა და მრავალი ადამიანისთვის გახდა შთაგონების წყარო. ნანი ბრეგვაძის ხმა მრავალ ქართულ ფილმში ჟღერს, ამ მხრივ აღსანიშნავია: ”ვერის უბნის მელოდიები”, “შეხვედრა მთაში”, ”დათა თუთაშხია”, ‘საბუდარელი ჭაბუკი”, “განგაში” და სხვა. ახალგაზრდობაში ოცნებობდა მსახიობობაზე, ითამაშა კიდეც ორ ფილმში “სამკაული სატრფოსატვის” და “ბულოჩნიცა”.
უსაზღვრო ნიჭი, საოცარი სინაზე, დამახასიათებელი არტისტიზმი, ხელოვნებისადმი სიყვარული და, რაც მთავარია, კაცთმოყვარეობა, რომელიც მის თითოეულ სიმღერაში იგრძნობა, დღესაც იპყრობს მილიონობით ადამიანის გულს. ნანი ბრეგვაძე წარმატებით გამოდის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 1974 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: