Posted by: burusi | 23/03/2010

ვასილ ამაშუკელი – ბიოგრაფია

ვასილ ამაშუკელი

ვასილ ამაშუკელი – Vasil Amashukeli

ვასილ ამაშუკელი დაიბადა 1886 წლის 14 მარტს ქუთაისში. ყმაწვილობისას ფერწერამ გაიტაცა. დაამთავრა ვასილ ბალანჩივაძის სამხატვრო სასწავლებელი. შემდეგ, ბალანჩივაძის დახმარებით, მოსკოვის ერთ–ერთ სამხატვრო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა.
მოსკოვში გაეცნო 16 წლის ჭაბუკი “მეოცე საუკუნის საოცრებას” – კინემატოგრაფს და მისი თაყვანისმცემელი გახდა. 1903–1904 წლებში ვასილ ამაშუკელი გულდასმით გაეცნო საპროექციო აპარატურას კონოთეატრ “ელექტრიკში” და მალე დამოუკიდებლად დაიწყო კინოფილმების ჩვენება. ამავე დროს გაიტაცა ფილმის გადაღების ოცნებამ.

1905 წელს ვასილ ამაშუკელი ბაქოშია, სადაც ქართულ დრამატულ თეატრში მისი ძმა – მამუკა მოღვაწეობდა. ამ დროს ბაქოს ქართულ თეატრს ხელმძღვანელობდა კოტე მესხი, რომელმაც კინოთეატრი “ელექტრობიოგრაფი” გახსნა და მისი ხელმძღვანელობა თავის სიძეს, თბილისიდან პოლიტიკური უნდობლობის გამო ბაქოში გადასახლებულ ცნობილ პედაგოგს ივანე მიხეილის ძე გეპნერს მიანდო. კ. მესხმა და ი. გეპნერმა კინოთეატრის მექანიკოსად ვ. ამაშუკელი მიიწვიეს.

ცხადია, მარტო უცხოური ფილმებით არ შეიძლებოდა მაყურებლის მიზიდვა, – საჭირო იყო ფიქრი საკუთარ კინოქრონიკებზე, რომლებიც თემატურად უფრო სასარგებლო იქნებოდა. ამ მიზნით ი. გეპნერი და ვ. ამაშუკელი მოსკოვში გაემგზავრნენ და “გომონის” ატელიეში გადამღები და საპროექციო აპარატურა შეიძინეს. იქვე, გამოცდილი ოსტატის დიმიტრი ვოლკოვის დახმარებით, ვასილი შედარებით კარგად დაეუფლა კინოგადაღების ტექნიკას.

1908–1909 წლებში ვ. ამაშუკელმა გადაიღო და მაყურებელს უჩვენა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური სიუჟეტები: “ხალხის სეირნობა ზღვის სანაპიროზე”, “მუშაობა ნავთის ჭაბურღილებთან”, “შეჯიბრება ცურვაში”, “გუნიბის პოლკის აღლუმი კაპიტან სიმონ ესაძის მონაწილეობით”, “ბაქოს ბაზრის ტიპები”, “ქვანახშირის ზიდვა აქლემებით”, “გემის გადმოტვირთვა”, “ნავთის გადასხმა ტუმბოებით”…

1910 წელს პავლე მეფისაშვილმა და ტიხონ ასათიანმა ქუთაისში გახსნეს კინოთეატრი “რადიუმი” და კინომექანიკოსად მოიწვიეს ვ. ამაშუკელი, რომელმაც თვითონ დაამონტაჟა ახალი კინოთეატრი. ამავე დროს, უკვე მშობლიურ ქუთაისში დაბრუნებული ვასილ ამაშუკელი გატაცებით იღებს მოკლემეტრაჟიან სიუჟეტებს, როგორიცაა: “მუშაობა ფერმაში”, “ექსკურსია ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან”, “გვირილობა”, “ხონის აბრეშუმის საღები ფაბრიკა”, “ლადო მესხიშვილის იუბილე”, “აკაკის მოგზაურობა ქვემო იმერეთში – ქვიტირსა და მუხიანში”…

ვასილ ამაშუკელის მიერ გადაღებული ფილმებიდან შემოგვრჩა მხოლოდ მისი ერთადერთი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში 1912 წელს”. ამ მოგზაურობაში ვასილ ამაშუკელი თან ახლდა აკაკი წერეთელს და ყოველ მნიშვნელოვან მომენტს იღებდა. სულ გადაიღო 1500 მეტრი ფირი, დამონტაჟების შემდეგ დარჩა 1200, დღეისათვის კი შემორჩენილია 544 მეტრი.

“აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში 1912 წელს”, იმდროინდელი დოკუმენტური კინემატოგრაფის ერთ–ერთი საინტერესო ნაწარმოებია.

“აკაკის მოგზაურობამ” ვასილ ამაშუკელს დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა.

1971 წელს ოპერატორის დაბადების 85 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოს სამეცნიერო და პოპულარული ფილმების სტუდიამ გადაიღო ერთნაწილიანი (295 მ.) შავ–თეთრი დოკუმენტური ფილმი “ვასილ ამაშუკელი”.

ვასილ ამაშუკელი გარდაიცვალა 1977 წლის 2 დეკემბერს.

წყარო: ვასილ ამაშუკელი. – შემდგ.: ჯ. ბურდული. – თბ. : ხელოვნება, 1977 წ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: