Posted by: burusi | 23/03/2010

ოთარ ჭილაძე – “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (ამონარიდები)

ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძე – Otar Chiladze

“შენ ია ხარ, ფესვიანად მოგლეჯილი, შინმიტანამდე სუნდაკარგული, ხელში დამჭკნარი ია სიკვდილის პირას მისული“

“- ია თუ დაგიყნოსავს როდისმე?
– აი ია, – თქვა ზოსიმე მღვდელმა და ის ხელი ასწია, რომელშიც იის კონა და ლოცვანი ერთად ეჭირა, პეტრეს დაანახა – აქედან იწყება ადამიანი..
– ჩვენც ასეთი სუნი გვაქვს, როცა ვიბადებით. ასეთივე სუსტი, გულში ჩამწვდომი.. – თქვა ზოსიმე მღვდელმა – მაგრამ ცოტა ხანს, ერთი-ორი დღით, სანამ სიარულს ვისწავლით და ტალახში ამოვიგანგლებით. თუ გინდა რომ ტალახში გაძლო, ჯერ ია უნდა მოკლა, იის სუნი უნდა მოიშორო. ჩვენს ბედზე, ია ადვილად კვდება..”

“ყოველმან ჩემმან მპოველმან” (ამონარიდები)

“…ბავშვები საერთოდ ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე, თანაც დიდებისგან განსხვავებით, არა მარტო აშინებთ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, არამედ რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, სიამოვნებთ კიდეც. უფრო სწორად საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა კი არ სიამოვნებთ, მათი სიკვდილით გულმოკლული და შეძრწუნებული ახლობლებისა. ახლობლების უცილობელ სიყვარულში დარწმუნება ანიჭებთ ბავშვებს ენით უთქმელ, უდიდეს სიამოვნებას. ისინი განუწყვეტლივ მოითხოვენ ამ სიყვარულის დადასტურებას, ყველგან და ყველაფერში ამ სიყვარულის აღმოჩენას ცდილობენ და იმდენად ძლიერია მათი სურვილი და მოთხოვნილება, ძალაუნებურად, თითქმის შეუგნებლად იწყებენ სიკვდილზე ფიქრს, რადგან სიკვდილი ყველაფერზე უკეთ გამოკვეთს და გამოაჩენს ხოლმე გრძნობას, რომელსაც ისინი დაეძებენ და რომელიც სიკვდილის გამოჩენამდე სსხვა წვრილმანსა და უმნიშვნელო გრძნობებშია გათქვეფილი”

***
“მიწას მოწყვეტილი ქალი უმწეოა,რადგან სხვა არაფერია იგი, თუ არა მიწისა და მიწიურობის განსახიერება . ქალი როცა სიყვარულს უხსნიან მიწას დასქცერის, თითქოს იქ,მიწის დაღარულ სახეში ამოიკითხავს პასუხს, თითქოს სანამ მიწა არ მისცემს ნებას,უფლება არა აქვს აჰყვეს გულისთქმას. ქალი მიწაზე წვება, როცა უყვარს,ანდა როცა მშობიარობს და სადაც ქალი წევს,იქაა ყველასათვის მარადიული სახლი. იმისთვისაც ვინც ბრმად ვნებისმიერ ნეტარებას აყოლილმა ახალი სიცოცხლე უნდა ჩასახოს და იმისთვისაც,ვინც ვნებისმიერი ნეტარების შედეგად ასევე ბრმად უნდა დაიბადოს. დაწოლილი ქალი ღვთაებაა,ის ქმნის რადგან უყვარს და უყვარს,რადგან ქმნის…”

***
„მას მერე, რაც ღმერთმა ადამიანს კაცის კვლა აუკრძალა, სინამდვილეში, ამით უარესად გაუმძაფრა მკვლელობისაკენ მიდრეკილება და ისიც განუწყვეტლივ კლავდა თავის მსგავსს. რამდენჯერ შეუძრწუნებია თვითონ ქაიხოსრო (რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირი) ადამიანის სიმკაცრესა და სიმძვინვარეს, რანაირი მკვლელობა არ უნახავს, რანაირი იარაღით არ კლავდა ხალხი ერთმანეთს, სიძულვილის, სიყვარულის, სილაჩრისა თუ სიბრიყვის გამო.
ათი მცნება ხომ სხვა არაფერია, თუ არა ათი ძირითადი ადამიანური თვისების აღმოჩენა, ხოლო ადამიანობა – ამ ათი, ერთმანეთზე ძლიერი, ერთმანეთზე ძნელად მოსარევი თვისების დათრგუნვისა და მიჩქმალვის ცდა.

ადამიანი ყოველთვის კლავდა ან ეკვლევინებოდა თავის ძმას, რადგან სწორედ ძმის, მისი მსგავსის, მისი ჩამონაჭერის არსებობა აღიზიანებდა ყველაზე მეტად, მაინცდამაინც ძმის ხელობა ეგონა თავისაზე სარგებლიანიცა და იოლიც, მაინცდამაინც ძმის ხელშენავლები ქალი ეჩვენებოდა ლამაზად და დარწმუნებული იყო, უძმოდ უკეთესად მოიწყობდა ცხოვრებას, იმ ხელობას მოეკიდებოდა, რომელიც ძმის არსებობის გამო მისთვის მიუწვდომელი გამხდარიყო და იმ ქალს დაისვამდა ცოლად, რომლის გაბახებაც უკვე დაესწრო ძმას. ეს ღმერთისგან თავსმოხვეული წყევლა იყო და ერთადერთი გამოსავალი არსებობდა ამ წყევლისაგან გასანთავისუფლებლად: ყველაფერზე თვალის დახუჭვა, ყველაფერზე უარის თქმა, რაც თავისთავად შეუძლებელი იყო, რადგან ეს, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი არსებობის უარყოფამდეც მიიყვანდა კაცს, ძმის მკვლელობიდან – თვითმკვლელობამდე, რაც სრულებითაც არ არის საერთო ადამიანური თვისება და ღალატად, უმადურობად და უსვინდისობადაც ითვლება, რამეთუ შენ, თვითმკვლელმა, შენს ორმოციათას ძმას არამარტო ერთნაირობის რწმენა დაურღვიე, არამედ შენი მოკვლის შესაძლებლობაც წაართვი.

ასე თუ იფიქრებდით, გამოდიოდა, რომ კაცი თავიდანვე გაეწირა ღმერთს. სიცოცხლე კი მიეცა, მაგრამ იმ სიცოცხლის დაცვა თავად კაცისთვის მიენდო, რადგან უკეთესად იცოდა რა ძნელად მოსავლელი და შესანარჩუნებელი იყო იგი, მით უფრო კაცისთვის, რომლის არსებაც ნაზსა და მტკივნეულ ქსოვილში იყო გამოხვეული და რომელსაც წყალიც ადვილად ერეოდა, ცეცხლიც, მიწაცა და ჰაერიც.

“ქალს რამეზე ხელი რომ ააღებინო,სამაგიეროს უნდ ადაჰპირდე,თანაც უკეთესს”

“უბედურებაზე უფრო მარტო დარჩენისა ეშინია კაცს”

“ტკივილი და სიბრაზე ადამიანს უფრო გულახდილს ხდის,უფრო გულწრფელს”

“რაც არ ეგუება–კვდება,ასეთი მარტივია ბუნების კანონი,რადგან ბუნებას ერთი მორჩილი შვილი ურჩევნია მილიონ უძღებ შვილს”

“ვაჟკაცობათავის გამოდება და სიკვდილი კი არაა,არამედ–გადარჩენა”

“–ყველა სიკვდილი ერთნაირია მამაო,ყველა ერთნაირად ყარს
–ცოდვა ყარს და არა სიკვდილი”

“ბედი არსებობს იმდენად რამდენადაც ადამინს სჭირდება მისი არსებობა,იმიტომ რომ მას გადააბრალოს თავისი მარცხი და წარმატებაც და ამით უფრო ასატანი გახადოს საკუთარი არსებობა მეორე ადამიანისათვის”

“ვიბადებით რათა შევცოდოთ და ვიხოცებით რათა განვიწმინდოთ”

“ძლეირია არა ის ვინც გასცემს,არამედ ის ვინც არ იღებს”

“სანამ დედას შვილის სისხლიანი პერანგი აცვია ქვეყანა არ დაიღუპება”

”რატომ ხუჭავს ადამიანი თვალებს როცა რამე აწუხებს,ანდა სიამოვნებს?იქნებ იმიტომ,რომ წუთით მაინც გამოეყოს სამყაროს,მარტო დარჩეს თავის წუხილთან,თუ სიამოვნებასთან ერთად,რომელსაც მაინც ვერ გაუზიარებს ვერავის…”
”დარწმუნებული ვარ,ადამიანს ოდესღაც მართლა რომ ჰქონდა უკვდავების წამალი,მაგრამ თვითონვე გაანადგურა იგი,რადგან ვერ ჩაწვდა უკვდავების აზრს.უფრო სწორედ,იმის წარმოდგენამ შეზარა მარადიული მოწმე რომ იქნებოდა საკუთარი,თუ სხვისი მონობისა,მაგრამ მაინც ვერ შეელია უკვდავებას და ღმერთი მოიგონა.კი არ მოიგონა,უკვდავებაზე სინანულმა გაუჩინა ღმერთი,უკანონო შვილივით,რადგან ღმერთი სხვა არაფერია,თუ არა-სინდისის ქენჯნა,მოწმისათვის განკუთვნილი სასჯელი,რომელიც ხელს უშლის ადამიანს მოიშოროს მონობისკენ მიდრეკილება.ხოლო სანამ ადამიანი მონაა,სულერთია,ჭლექი მოკლავს იმას თუ ღორმუცელობა.”
”როცა ანგარებაა გარეული საქმეში, გინდა ერთ კაცს დაუწექი და გინდა მთელ ქალაქს, მაინც მეძავი ხარ, რადგან სხეულს ყიდი და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ერთი მუშტარი გყავს თუ ათასი, ფულს გიხდიან თუ ერბოს”.

-მეც ყოველთვის ასე ვფიქრობდი და ვისაც უნდა მეკამათოს, ჩემი აზრით, თუნდაც ქმარზე ჯვარდაწერილი და ქმრის ერთგული ქალიც კი მეძავია, თუკი ამ ქორწინების მიზეზი ანგარებაა…

”ადამიანი წისქვილივითაა,რასაც დააყრი,დაფქვავს,მაგრამ წისქვილისგან განსვავებით,ის მაინც უნდა იცოდეს,რასა ფქვამს.”

”დედა სხვაა და ცოლი სხვა,დედა შეიძება კუზიანი იყოს და გიყვარდეს,სოფლის გიჟივით შარაშარა დაწანწალებდეს კაბაწამოხდილი და მაინც გიყვარდეს,რადგან იმის გაჩენილი ხარ,ღმერთმა დაავალა იმას შენი დედობა და ამით თავიდანვე,გაჩენამდე მოგისპო შენ არჩევანის უფლება.ამიტომ ვერავინ დაგძრახავს მახინჯი,თუ გიჟი დედის გამო,რადგან იმავე ღმერთმა,რომელმაც შენ დედის არჩევის უფლება წაგართვა,სხვებს-თავისთავად,შენი განკითხვის საშუალება მოუსპო.”
”ცოლი კი სხვაა,ცოლს კაცი ირჩევს და ამ არჩევანში გამოჩნდება ხოლმე კაცის გემოვნებაცა და ღირსებაც. მაგრამ,რაც არ უნდა გემოვნებიანი და ღირსეული იყოს კაცი,მაინც შეიძლება შეეშალოს არჩევანი.ეს უკვე ბედის საქმეა,ბედის კი არა-უბედობის.”
”ცოლის მაგიერი შეიძლება იშოვოს კაცმა,-დედისა კი ვერა.დედის დათმობაც არ შეიძლება,რადგან არ მოიპოვება,არც აირჩევა,არც გაიყოფა,შენიც იმდენია,რამდენიც შენი ძმისა,ორნი კი არა,შეიძლება ათნი იყოთ,დედა კი ერთია და ათივესთვის ერთნაირი.”

“ქალი,როცა სიყვარულს უხსნიან,მიწას დასცქერის,თითქოს იქ,მიწის დაღარულ სახეში ამოიკითხავს პასუხს,თითქოს სანამ მიწა არ მისცემს ნებას,უფლება არ აქვს,აჰყვეს გულისთქმას.ქალი მიწაზე წვება წვება,როცა უყვარს,ანდა როცა მშობიარობს,და სადაც არ უნდა დაწვეს იგი,ყველგან შინაა,უფრო სწორედ,სადაც ქალი წევს,იქაა ყველასთვის მარადიული სახლი,იმისთვისაც,ვინც ბრმად,ვნებისმიერ ნეტარებას აყოლილმა ახალი სიცოცხლე უნდა ჩასახოს და იმისთვისაც,ვინც ვნებისმიერი ნეტარების შედეგად ასევე ბრმად უნდა დაიბადოს.დაწოლილი ქალი ღვთაებაა,ის ქმნის,რადგან უყვარს, უყვარს, რადგან ქმნის.”

”სამშობლო ოჯახიდან იწყება და თუ ოჯახს მოუშლი კაცს,ცოლს გაუბახებ,შვილს ნაბიჭვრად გამოუცხადებ,მისთვის სამშობლო ჩვეულებრივ მიწაწყლად იქცევა მხოლოდ,საძოვარს და სათეს ფართობად,რომელიც არსად არ იწყება და არც არსად მთავრდება,რადგან ცის ქვეშეთში მიწა ყველგან მიწაა და წყალი ყველგან წყალია,მაგრამ იმას,ოჯახმოშლილს,ცოლგაბახებულს,შვილდაკარგულს,ქვეყნის მკვიდრი კი აღარ ჰქვია,არამედ მაწანწალა,რომლისთვისაც უკვე სულერთია,რომელ ცის ქვეშ,რომელ ჭიშკართან გამოუტანენ სამადლოდ ერთ ლუკმა პურსა და ერთ ყლუპ წყალს.”


Responses

  1. საოცარი ნაწარმობია! ძალიან მიყვარს!

    ისე სათაურში “მპოველმან” არა, “მპოვნელმან” უნდა.

  2. თითქოს დღეს დაწერა “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”. საოცარია როგორი თანამედროვეა.

  3. ჩემთვის ძალიან ახლობელია მისი ყველა რომანი. მარტის მამალი არ წამიკითხავს. მაგაზე შემდეგ. აველუმი, თბილისელი მსახიობი და ქაიხოსრო ერთმანეთს ძალიან გვანან. გული მწყდება პირადად რომ არ ვიცნობდი ბატონ ოთარს.

  4. გოდორი ეფექტურია,მაგრამ შემდეგ ჩრდილში ექცევა დარიაჩანგის ბაღისა და ფარნაოსის ფონზე.ფარნაოზის დასჯის სცენა არის მწვერვალი. დამნაშავის მოძებნა და ოყაჯადოს ლოგიკა მინოსთან საუბრისას მაოცებს. რატომაა მარადიული ეს პრობლემა? ყველას რომ ჰქონდეს წაკითხული იქნებ ასე აღარ იყოს? წაიკითხეთ! გთხოვთ!

  5. ხატვა რომ შემეძლოს დავხატავდი: შვილის მკლავზე დასკუპებულ ცუცას, პატარა უხეიროს გადმოფრენას, კუსას თავის ტომრით და დარიაჩანგის ბაღს.

  6. სარკეა ჩემი

  7. მასში ყველაზე მეტად უბრალოობა და სიყალბის არ არსებობა მომწონს. როცა რაიმე ახალს აღმოვაჩენ და წავიკითხავ მიხარია და ამავდროულად უდიდეს სევდას ვგრძნობ რადგან, ,,პირველად წაკითხვის სიამოვნებას ვეღარასოდეს შევიგრძნობ” . მგონია რომ მხოლოდ ჩემია და სხვასთან გაზიარებაც კი მიცჰირს :X ძალიან ძალიან მიყვარს ❤

  8. ოთარ ჭილაძე- გაოცება და გაოგნება…
    გრძნობათა ოკეანე,აზრთა ძღვა და სიტყვის მდინარე
    სიბრძნის ნიაღვარი და სულში წიაღსვლა
    ნატიფი სიტყვის დიდოსტატი ოთარ ჭილაძე
    გაკვირვება,გაოცება და გაოგნება.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: