Posted by: burusi | 21/03/2010

ლევან სანიკიძე – გორგასლიადა

ლევან სანიკიძე – გორგასლიადა

დაიმტკიცა ზეკაცობა,
არვინ ჰყავდა ქვეყნად ტოლი;
მეფეებში ერჩეოდა,
მარგალიტი ვით ობოლი.

აკაკი

ყრმობა და სიჭაბუკე

დგა 442 წელი.
მეოთხე წელი მეფე მირდატისა და დედოფალ საგდუხტის პირმშო ასულის, ხვარანძეს დაბადებიდან.
მცხეთის სასახლე დიდ სიხარულს და ზეიმს მოეცვა.
გვირგვინოსებს მეორე შვილი შესძენოდათ. ძე, ტახტის მემკვიდრე.
სახელად დაარქვეს ვახტანგი.
აღსაზრდელად მისცეს სპასპეტს _ საურმაგს.
ვახტანგის შობიდან მეექვსე წელს მეფე-დედოფალს კიდევ გაუჩნდა ერთი ასული, რომელსაც სახელად მირანდუხტი დაარქვეს და აღსაზრდელად კასპის ერისთავს გაატანეს.
449 წელს მოკვდა მირდატ მეფე.
ვახტანგი შვიდი წლისა დარჩა.
მძიმე დღეში ჩავარდა დაქვრივებული საგდუხტ დედოფალი. მამა მისი ბარზაბოდი, ბარდავის ერისთავი, მაზდეიანი ცეცხლთაყვანისმცემელი იყო, სპარსულ პოლიტიკაზე იდგა, საქრისტიანოს მტრობდა და სიძე-ხელმწიფის მიმართაც გულში ფარულ სიძულვილს ინახავდა. საგდუხტმა მშობლის ხასიათი კარგად იცოდა, ბოროტი განზრახვა შეუტყო, დაასწრო და თვითონ ეახლა მამას ბარდავში. მის წინაშე მოიყარა მუხლი, ამოიყარა ძუძუნი, მოეხვია ფეხებზე, მოუშვა ცრემლი და შეჰვედრა: ნურც ქრისტიანობის დატევებას მაიძულებ და ნურც ქმრისა და მამამთილის ნაქმნართათვის ჩემს ოჯახს და უფლისწულ ვახტანგს მოჰკითხავო.
ბარზაბოდმა „შეიწყალა ასული თვისი“, მაგრამ დიდი საფასურით: მცხეთაში ჩემგან წარმოგზავნილი ცეცხლმსახური მოგვები უნდა დასხდნენო და ხალხმაც თავის ნებით აირჩიოსო სჯული, _ ვისაც სურს _ ქრისტიანად დარჩეს, ვისაც უნდა _ მაზდეიანობა მიიღოსო.
დედოფალს სხვა გზა არ ჰქონდა და დათანხმდა.
მოვიდნენ მაზდეიანი მოგვები და დასხდნენ მოგუთას.
მათი უმაღლესი ქურუმი იყო ბინქარან, რომელიც „ასწავებდა ქართველთა სჯულსა თვისსა“.
მართლაც ბევრი ქართველთაგანი, განსაკუთრებით „წვრილი ერიდან“, ქრისტიანობას გადაუდგა და ცეცხლს ეთაყვანა.
ქრისტიანული სამწყსოს მეთაურიც სპარსეთის აგენტი იყო მცხეთაში, ეპისკოპოსი მობიდან, გარეგნულად მართლმადიდებელი ქრისტიანი, შინაგან წარმართი, მავნე წერილთა მჯღაბნელი და ყოველგვარი ქართულის შეფარვით მოძულე, დიდი კრიზისების დრო დადგა საქართველოში.
მცირე ხანიც გამოხდა და ზედიზედ დაიხოცნენ ბარდავის ერისთავი ბარზაბოდ, სპასპეტი საურმაგ (ვახტანგის მამამძუძუ) და ეპისკოპოსი მობიდან.
საგდუხტ დედოფალმა დრო იხელთა და კონსტანტინოპოლიდან გამოიწვია მიქაელ მღვდელი, რომელიც ეპისკოპოსად დასვა მცხეთაში.
მიქაელი ენერგიული კაცი აღმოჩნდა და ძალიან მძაფრად „წინაღუდგა ბინქარან მაცთურსა“.
მაგრამ სპარსული პოლიტიკა მაინც მძლავრობდა მცხეთაში.
თბილისშიც ხომ სპარსელი „პიტიახში“ იდგა.
ვახტანგი მეათე წელში გადასულიყო, როცა ჩრდილოეთიდან გადმოიჭრნენ ოვსნი, მოაოხრეს ქართლის ველ-მინდვრები, დაეცნენ კასპს და მოიტაცეს ვახტანგის უმცროსი დაი, სამი წლის მირანდუხტ. აქედან გავიდნენ რანსა და მოვაკანს, აიკლეს, იავარჰყვეს და დარუბანდის კარით ჩრდილოეთს დაბრუნდნენ.
ახლა ბიზანტიელებმაც შემოუტიეს დასავლეთიდან. ადრე კლარჯეთი დაიჭირეს.
ამჯერად იმპერატორმა მარკიანემ აფხაზეთში გადმოსხა ლეგიონები. ეგრისს
შემოესივნენ და ციხე-გოჯამდე მოატანეს.
ასე, მტერი ყოველი მხრიდან მოიწევდა.
ქვეყანა იქცეოდა და „ყოველნი ქართველნი იყვნეს მწუხარებასა შინა დიდსა“.
ძლივს გაატანა კიდევ ხუთმა ბებერმა წელიწადმა.
ვახტანგი თხუთმეტი წლისა შეიქნა.

„დიდმა მთებმა იწყეს დრეკა“

457 წელი იდგა და თხუთმეტი წლის ვახტანგ საქართველოს ტახტზე დაბრძანდა.
მაშინვე „მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა ქართლისათა, და შემოკრიბნა ყოველნი ქალაქად“.
შეიკრიბა დარბაზი.
მაღალ საყდარზე (ტახტზე) ავიდა და დაბრძანდა ჭაბუკი მეფე.
დინჯად ანიშნა სპასპეტ ჯუანშერს და ეპისკოპოს მიქაელს, ისინიც დასხდნენ მათთვის განკუთვნილ „საყდრებზე“, _ მარჯვნივ მთავარსარდალი, მარცხნივ მღვდელთმთავარი.
სელის უზურგო სკამზე დასხდნენ ერისთავნი, ხოლო დანარჩენი დარბაზის ერნი იდგნენ ფეხზე.
ეს ვახტანგის პირველი სადარბაზო და სახელმწიფო გამოსვლა იყო. ჭაბუკი გვირგვინოსანი ლაპარაკობდა „ხმითა მაღლითა“, ჭარმაგული სიბრძნით, „ვითარცა აღზრდილი ფილოსოფოსთა თანა“. განსაჯა მდგომარეობა ქართველთა, მტერთა მოძალება, სულიერი დაცემულობა და სჯულიერი მერყეობა. ძველი მამაპაპეული სიმტკიცე უნდა აღსდგესო, მტერი დაითრგუნოსო და ქართული სამანები ისევ ძველი საზღვრების გასვწრივ უნდა აღიმართონო.
ყველამ იცოდეს, ჭაბუკი ვარ, მაგრამ „არა დავითმინო კიცხევა“ მტერთაგან ჩემთა და ჩემი სამშობლოისა.
პირველი გალაშქრებაც დანიშნა იმ დღეს მეფემ _ ჩრდილოეთისკენ.
წამოდგა სპასპეტი ჯუანშერი, გახელმწიფება მიულოცა და ქებადიდებით შეამკო მეფე, ჩრდილოური ლაშქრობის განზრახვაც მოუწონა. მხოლოდ სთხოვა, შენ ნუ ინებებო ლაშქრად წასვლას, რამეთუ მხედრული ასაკი არ შეგსრულებია ჯერეთ, და უკეთუ მეფე დავკარგოთო, ვინღა იქნება მისი შემცვლელიო. ამიტომ რომელიმე ჩვენთაგანს უბრძანე ლაშქრობის მთავარსარდლობაო.
ვახტანგმა უარი უთხრა სპასპეტის თხოვნას და მტკიცედ გამოაცხადა, რომ თვითონ უსარდლებდა ლაშქარს.
ერთხმად იგრიალა დარბაზმა:
„ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! იქმნეს განზრახვა შენი, ღმერთმან დამბადებელმან მოავლინენ ანგელოზი მისი ძალად შენდა, და დასცენ ყოველნი მტერნი შენნი, დაამტკიცენ მეფობა შენი“.
ის წელი საომარ სამზადისში განესრულა. ჯერ მუხნარსა და ხერკს (საგურამო) იყრებოდა ქართველთა ლაშქარი, მერე თიანეთს. ოვსთაგან აოხრებულ ბარდავიდანაც ჯარი გამოგზავნა ერისთავმა ვარაზ-ბაკურმა, ვახტანგის ბიძამ, ბარდაველთა ჯარს სარდლობდა ფარსმან-ფარუხი, უებრო მეომარი _ „ბუმბერაზი“.
ოვსეთში იცოდნენ ახალგაზრდა ქართველი მეფის საომარი სამზადისი და თვითონაც ემზადებოდნენ მტრის დასახვედრად. ნიჯადად (მაშველად) ხაზართა დიდძალი ლაშქარი შეიერთეს ოვსებმა.
აღლუმზე განაწყო ვახტანგმა ლაშქარი.
წინ თოროსნები იდგნენ, მძიმედ შეჯავშნული მხედრობა. ამათ ფრონტალური დარტყმით უნდა გაერღვიათ მოწინააღმდეგის პოზიციები.
მათ მოსდევდა ძირითადი საომარი ძალა _ ქვეითი ლაშქარი, რომელსაც ერთიანი, მიბრჯნილი შეტევით უნდა დაეჭირა თოროსანთაგან გადათქერილი მტრის განლაგებანი.
შემდგომ იდგა მსუბუქი კავალერია, რომელიც უნდა დასდევნებოდა გაქცეულ მტერს.
ბოლოს მოდიოდა მეფის „გვარდია“, რჩეული მხედრობა, რომელიც თვითონ ვახტანგის სარდლობით, ელვისებური ადგილმონაცვლეობით, იქ გაჩნდებოდა, სადაც უფრო მისჭირდებოდათ ძირითად ძალებს.
შვიდი დღის შემდგომ თიანეთიდან გავიდა ლაშქარი.
დარიალი გაიარეს და თერგზე გავიდნენ.
მდინარის მეორე ნაპირზე უცდიდნენ ოვსნი და ხაზარნი.
შვიდი დღე ერთიმეორის პირისპირ იდგნენ მდინარის იმიერ და ამიერ.
„ამა შვიდსა დღესა ბრძოლა იყო ბუმბერაზთა მდინარესა მას ზედა“.
ხაზართაგან გამოვიდა „ბუმბერაზი“ მხედარი თარხან და ორთა ბრძოლაში გაიწვია ქართველთაგანი.
გავიდა ბარდაველი ფარსმან-ფარუხი.
გაალმასებით ეძგერნენ ერთურთს, თარხანმა „უხეთქნა ხრმალი“ და უსულოდ გადმოაგდო ცხენიდან თავგაპობილი მოპირდაპირე.
მეორე დღეს კვლავ გამოვიდა თარხან, ზვიადი გულით და უშვერი სიტყვით.
ახლა თვითონ მეფემ გაიწია საომრად.
წინაღუდგნენ წარჩინებულნი, არ ანებებდნენ, _ ჯერ კიდევ საომრად უმწიფარიაო და სავსებით გამოუცდელი ვახტანგ, თექვსმეტი წლის „ყმაწურილი“.
მაგრამ არ დაიშალა ვახტანგმა, მოახტა ჰუნეს და გავიდა, თითო ხელში თითო შუბით შეჭურვილი.
გამოეგება თარხან, შორიდან გოლიათი ეჩვენა ვახტანგი. ახლოს მივიდა და სავსებით უწვერული ყმაწვილი შეიცნო ხაზარმა. სიცილი დააყარა: სად მე, „გმირთა გამოცდილთა მბრძოლი“, და სად შენ, „ყმაწურილი“, მაგრამ რა გაეწყობა, შენზედაც დავიმდაბლებ თავსო.
„აღიზახნეს და მიეტევნეს ურთიერთას“.
გაექანა ვახტანგ, ორივე შუბი გაწვართა და სარტყელს ზემოდ აძგერა თარხანს.
აძგერა, ასწია და შუბებზე აგებული გადაისროლა ცხენიდან. წამსვე გადასწვდა მახვილით და წარკვეთა თავი.
შემობრუნდა მეფე ძლევამოსილი.
აღფრთოვანებით შეხვდნენ ქართველნი.
ზარგანხდილი იდგა ხაზართა ურდო.
მომდევნო დღეს ოვსთა რიგი დადგა.
ოვსთაგან გამოვიდა ბაყათარ, „ბუმბერაზი“, რომელსაც ამ ჟამამდე ბადალი არ გამოსჩენია სარკენალ ველზე. თორმეტმტკავლიანი მშვილდი აეკიდნა მხარზე, ექვსმტკავლიანი ქეიბურებით აევსო კაპარჭი.
ალმაჭურად აღჭურვილი მოადგა გოლიათი მხედარი მდინარეს და ხმამაღლა შემოუძახა ქართველთა ბანაკს: ვახტანგ მეფევ, ნუ განლაღდები თარხანის მოკვლით; აბა, ჩემთან გაბედე გამოსვლა და ნახავ, როგორადაც გადამირჩებიო!
ვახტანგმა მშვიდად გაჰხედა ახალ მოპირდაპირეს და პასუხად გასძახა: „არა მეშინის მე შენგან, ვითარცა ძაღლისა ერთისაგან“.
ეს სთქვა, ლაშქარი საბრძოლოდ გააწყო და თვითონაც სასწრაფოდ აღიჭურვა.
ვიგრის ტყავიანი ფარი აიღო, ამხედრდა და მდინარისაკენ დაეშვა.
მივიდა და უყვირა ბაყათარს: მე არ გადმოვალ მდინარეზე, არამედ შენ უნდა გადმოხვიდე ჩემ კერძო, რამეთუ მე მეფე ვარ, ხოლო შენ _ მონა. მეფის დაღუპვით მისი ჯარიც დაიღუპება, ხოლო შენებრ მონის დაღუპვით ოვსთა ლაშქარსაც არაფერი ვნება მიადგებაო.
ბაყათარმაც შემოუძახა: კარგი, მე გადმოვალ შენი მომკვლელი, მაგრამ მდინარის პირისგან სამი უტევანი დაიხიეო (ალბათ შიშობდა, მდინარის გადალახვისას არ მესროლოსო მოპირდაპირემ).
უკუდგა ვახტანგი. გადმოიარა მდინარე ბაყათარმა და როგორც კი ხმელზე შემოდგა, უგრძეს ისართა სეტყვა დაუშინა მეფეს.
ისარზე უსწრაფესია ფიქრი.
ისარზე უბასრესია ალმასი.
ხოლო ვახტანგს ფიქრზე უმალესი და ალმასზე უბასრესი მზერა ჰქონდა. ამიტომ იგი „სიფიცხლითა თვალთათა, და სიმახვილითა გონებისათა, და სიკისკასითა ტაიჭისა ირიდებდა ისარსა: რამეთუ შორსვე იხილის ისარი მომავალი, და უხლდებოდა და სიმარჯვით მიეახლებოდა“.
ორივე ბანაკი უსაზღვრო გაოცებითა და აღტაცებით უცქერდა გმირთა უჩვეულო რკენას. ორივე მხრიდან იდგა გრიალი ბუკთა და დაფდაფთა, ყიჟინა, ღრიალი და ზახილი, „რომლით იძვროდეს მთანი და კლდენი“.
როკავდა მეფე-მხედარი, გასროლილ ისართა მხედველი.
უსაზმნოდ სტვენდნენ ბაყათარისგან ნატყორცნი ქეიბურნი.
მხოლოდ ორი ისარი მოახვედრა ბაყათარმა ვახტანგის ფარს. ვიგრის ტყავმა აისხლიტა ორივ ნასროლი. მაშინ ცხენს დაუმიზნა ოვსთა რჩეულმა. იწივლა ქეიბურმა.
ყალყზე აღიმართა ვახტანგის ტაიჭი და მოსხლეტით დაეშვა. თითქოს წამიერად სიკვდილის ნება წაართვა მეფემ ერთგულ ცხოველს, ძირს დაცემამდე მიაგდო ბაყათარს და ელვის უსწრაფეს ალმედად მოიქნია ხმალი. მხარ-იღლივ გადაჰკვეთა ბაყათარ, მარჯვენა მხრიდან მარცხნივ გულამდე.
წამიერ იყო ყველაფერი.
ძირს ეყარნენ მკვდარნი _ ბაყათარ და ცხენი ვახტანგისი.
ხოლო ვატხანგ, ბაყათარის ცხენზე ამხედრებული, თავისიანთ შემოუბრუნდა და შესძახა: „მხნე იყვენით და განძლიერდით!“
ფრთაშესხმული ქართველთა ჯარი მტრისკენ დაიძრა. ოვსთა ბანაკი ისრის სეტყვით დაუხვდა მდინარეზე გადმომავალ მოპირდაპირეს. ვახტანგის თოროსან-ჩაბალახოსანმა მხედრობამ პირველმა აათავა ქარაფოვანი აღმართი და ოვსთა ბანაკს მიეჭრა. ქვეითი ლაშქარიც მიჰყვა ფეხდაფეხ. ორივე მხარე იბრძოდა მხნედ და გახელებით. გამაყრუებელ ღრიანცელში მკვეთრად გამოირჩეოდა ვახტანგ მეფის ზახით აღსავსე ყიჟინა, „ვითარცა ხმა ლომისა“, თავისიანთა გამამხნევებელი და მტერთა გულშემზარავი. იგი ყველგან იყო: „უკეთუ მარჯუენით-კერძო იბრძოდის, მარცხენით-კერძო ძრწოდიან; და უკეთუ მარცხენით-კერძო იბრძოდის, მარჯუენით-კერძო ძრწოდიან“.
მეფის მხარდამხარ დიდის შემართებით იბრძოდნენ ორნი: არტავაზ საურმაგის ძე (ვახტანგის ძუძუმტე) და ბივრიტიან სეფეწული.
ბრძოლა დასრულდა. ქართველები ზეიმობდნენ დიდ გამარჯვებას. ვახტანგს მორჩილება გამოუცხადეს და მძევლები მოსცეს ოვსთა მთავრებმა.
ადრე დატყვევებული დაი მირანდუხტ გამოიხსნა მეფემ, მასთან ბევრი ტყვექმნილი თანამემამულეც.
დარიალის ხეობა, თერგისა და არაგვის კარის ვიწრობები, ახალი ციხესიმაგრეებითა და გოდოლებით ჩაკეტა მეფემ. შიგ თავისი ერთგული მთიელი მეციხოვნენი ჩააყენა.
ამიერიდან ჩრდილოეთიდან ამ გზით ვერავინ გამოივლიდა „თვინიერ ბრძანებისა ქართველთა მეფისა“.
ვახტანგმა მირანდუხტი ამალით არაგვის ხეობით მცხეთაში გამოგზავნა, ხოლო თვითონ ჩრდილოეთ კავკასიის დანარჩენ ოლქთა დამორჩილებას შეუდგა. იგი ოვსეთიდან დასავლეთით გაეშურა, იალბუზის მთის გასწვრივ.
გადაიარა და გადალაშქრა იალბუზი.
იქნებ მაშინვე, მის ლაშქარშივე დაიბადა საოცარი სიმღერა „იალბუზის გმირზე…“
დაამარცხა ყივჩაღები,
დაამარცხა პაჭანიგები.
დაიპყრო ჯიქეთი.
ამრიგად, მთელი ჩრდილოეთ კავკასია უკვე ქართველ ხელმწიფეს ემორჩილებოდა.
ჯიქეთიდან აფხაზეთში გადმოვიდა ვახტანგ მეფე.
აფხაზეთსა და ეგრისში ბიზანტიელები ბატონობდნენ.
ყველა დასავლურ-ქართული ციხე-ქალაქიდან გააძევა ვახტანგმა ბიზანტიური ციხიონები. კეისარი ლეონ პირველი ვერაფერს გახდა.
დასავლეთ საქართველოს გათავისუფლებისა და შემომტკიცების შემდგომ ვახტანგ მეფე თავისი ძლევამოსილი ჯარებით მცხეთისაკენ გამოეშურა.
სამი წელი (458-461 წწ.) გაგრძელებულიყო ვახტანგ მეფის „ჩრდილოურ-დასავლური ლაშქრობანი“.
დიდი ამბით შეეგება სატახტო ქალაქი საკვირველი გმირობით აღზევებულ 19
წლის ხელმწიფეს.
მის ასაკში ალექსანდრე მაკედონელსაც არ ჰქონია ასეთი მქუხარე ტიტული.
მოდიოდა „იალბუზის გმირი“.
გაეგებნენ დედა საგდუხტ, დები _ ხვარანძე და მირანდუხტ. მთელი მოსახლეობა, ქალი და კაცი, ბალღი და მოხუცი.
აღარ იცნობოდა მეფე.
პირტიტველა, „წვერგამო“ ყმაწვილი ახსოვდათ.
წვერულვაშაშლილ ვაჟკაცად მოდიოდა, ტანაშვეტილი, პირმშვენიერი.
ფეხქვეშ ყვავილებსა და ფარჩა-ქსოვილებს უფენდნენ. თავზეით ვერცხლის ფულს ესროდნენ, ხოტბას აღავლენდნენ და ზეცამდე განადიდებდნენ: „რამეთუ არა რომელსა მეფესა ექმნა ეგევითარი ძლიერი წყობა (ბრძოლა)“.
მცხეთა დიდხანს ზეიმობდა. მეფემ დიდძალი საბოძვარი გასცა „წვრილ ერთა“, ღატაკთა და უპოვართა დასაპურებლად. „გასცა ნიჭი ერსა თვისსა“. პანაშვიდი გადაუხადა ომებში დაღუპულებს, დააწინაურა ყველა, ვინც საომარ ველზე თავი გამოიჩინა სიმამაცით და საზრიანობით, დიდი ძღვენით დაასაჩუქრა ერთგული ქვეშევრდომნი და ერისმთავარნი. თავის დედის ძმას, ბარდავის ერისთავ ვარაზ-ბაკურს ომში ერთგული თანადგომისათვის ათასი მონა და ორიათასი ცხენი აჩუქა.
ვარაზ-ბაკურ ბარზაბოდის ძე სპარსეთსა და საქართველოს შორის იდგა.
ვახტანგსაც მაშინ სპარსეთთან მშვიდობიანობა ერჩივნა მტრობას, რადგან იცოდა ბიზანტია აფხაზეთ-ეგრისის დაკარგვას არ შეურიგდებოდა და, ამას გარდა, თვითონ ვახტანგი, მარტო დასავლეთ საქართველოს კი არა, სამხრეთ-დასავლეთ და „პონტოურ-ქართულ“ მიწათა გათავისუფლებასაც აპირებდა ბიზანტიელთაგან. ერთი სიტყვით, დღეს თუ ხვალ, საქართველოსა და ბიზანტიას შორის ომი უნდა ატეხილიყო. ამიტომ მსოფლიოს მეორე დიდ მონარქიასთან, სპარსეთთან, მტრობა ვახტანგს ხელს არ მისცემდა. მას კიდევაც უნდა ესარგებლა იმით, რომ იმ ხანად კეისარ ლეონ პირველსა და შაჰინშაჰ ჰორმიზდ მესამეს შორის საომარი მდგომარეობა იყო. ასეთ რთულ ვითარებაში სპარსეთის მეფე თვითონ უფრო იყო დაინტერესებული საქართველოსთან სამოკავშირეო და სამოყვრო გზების ძებნით.
მალე კავშირიც დაიდო და მოყვრობაც გაეწყო.
ვახტანგ მეფემ ცოლად შეირთო ჰორმიზდ მესამის ასული ბალენდუხტ, რომელსაც დიდ ამალასთან ერთად მცხეთაში მოჰყვა მისივე გამზრდელი მამამძუძე, სპარსეთში სახელგანთქმული წარჩინებული და პოლიტიკოსი.
ბალენდუხტის გამზრდელმა ვახტანგს ჰორმიზდის პატრუცაგი გადასცა.
სიმამრი სიძეს ხელმწიფურ ტიტულატურაში „ათთა მეფეთა მეფე ახოვანს“ უწოდებდა და თან ატყობინებდა, რომ მან თავის ასულს „მოსცა სომხითი და ყოველნი მეფენი კავკასიანნი ზითვად“, და აქვე, კეისრის წინააღმდეგ საომრად გასვლას სთხოვდა.
სპარსეთსა და ბიზანტიას შორის ომი დაწყებული იყო. მესოპოტამიაში უკვე შეევიწროებინათ კეისრის ლეგიონებს სპარსელები.
ვახტანგს ახლა ხელსაყრელი დრო ჰქონდა, _ დაეწყო ბრძოლა სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გასათავისუფლებლად და შემოსაერთებლად.
მეფემ სალაშქრო წვევა ბრძანა.

ლაშქრობა პონტოს საქართველოში

იდგა 464 წელი.
იდგა ლაშქარი აღლუმად.
ელოდა მეფეს.
გამოვიდა ვახტანგ.
„ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე!“ _ იგრიალა ლაშქარმა.
ღიმილით დამშვენებული მოემართებოდა მეფე.
22 წელი შესრულებოდა.
ტანად იყო გოლიათზე უდიდეს: სიმაღლით „თორმეტი ბრჭალი“ (2 მეტრი და 40 სმ?!!)
მკერდამდე ვერ წვდებოდნენ თვითონაც ახოვანი, ტანაშვეტილი ვაჟკაცები მისი ამალისა.
ღვთიური სიმშვენიერე დაჰფენოდა მის მამაცურ სახეს.
უზღვავი ძალა გამოსჭვიოდა დაქნილ სხეულში.
უკვე ყველამ იცოდა: გაფრენილ ირემს საომარი იარაღით ალმაჭურად შეჭურვილი ფეხდახფეხ დაედევნებოდა, დაეწეოდა და რქებში ხელჭდობით შეიპყრობდა.
შეჭურვილ ცხენს მხრებზე თოხლივით მოიგდებდა და მცხეთიდან არმაზ-ციხეზე მუხლ-ჩაუკრეფლად ავიდოდა.
მოდიოდა ქართველთა ხელმწიფე.
თეთრ გიორგის ჰგავდა თეთროსანზე ამხედრებული.
ხელმარჯვნივ მოჰყვებოდა სპასპეტი ჯუანშერ.
ხელმარცხნივ _ ბარდავის ერისთავი ვარაზ-ბაკურ და ძუძუმტე არტავაზ, ძე საურმაგ სპასპეტყოფილისა.
ლაშქარი მზად იყო სალაშქროდ.
მოეწონა ვახტანგს სიმრავლითა, ცხენკეთილობითა, აღკაზმულობითა და „იხილნა ყოველნი იგი მხიარულად და აზარვით“.
და წარემართა ვახტანგ შესლვად საბერძნეთად.
გზად, ქართულ ლაშქარს შეუერთდნენ ერისთავნი სომხითისა: არევ სივნელი, ჯუანშერ ასფურაგნელი და ამაზასპ ტარონელი.
მიადგნენ კარნუ-ქალაქს (ერზერუმს).
ბიზანტიელთა გარნიზონი ძლიერად დაუხვდა ქართველთა მეწინავე ჯარს…
ვახტანგს წინ გაჭრა ეშურებოდა, პონტოს სიღრმეში. ამიტომ კარნუ-ქალაქის საალყოდ თორმეტი ათასი მეომარი დატოვა ორი ერისთავის სარდლობით.
ქართველთა ძირითადი ძალები პონტოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
ზედიზედ აიღეს დიდი ციხესიმაგრენი: ანძორეთი, ეკლეცი და სტერი.
მერე ზღვის პირს გაუყვა ქართული ლაშქარი. ერთიმეორეზე ეცემოდნენ პონტოს სანაპირო ძველი ბერძნული ქალაქები.
კონსტანტინოპოლისკენ მიემართებოდნენ ქართველნი.
წინმიმავალ ვახტანგს საშინელი კათცაკვლის ამბავი აუწყეს უკანაკერძიდან მოვარდნილმა შათირებმა: ქართველთა თანამოლაშქრე ბარდაველი და ადარბადაგადანელი (აზერბაიჯანელი) ცეცხლთაყვანისმცემელნი ადგილობრივ მოსახლე ქრისტიანებს ძარცვავდნენ, აუპატიურებდნენ, სახლკარიანად აწიოკებდნენ და ძუძუში დაკვრით სიცოცხლეს უსპობდნენ. ხალხი სოფელ-ქალაქებიდან დედაბუდიანად იყრებოდა და თავშესაფრის საძებრად ტყე-ღრეში იფანტებოდა.
უსაზღვროდ აღშფოთდა ვახტანგი.
ლაშქარი შეაყენა და რისხვეული გაფრთხილებით მიმართა ჯარს: ამიერიდან აღარავინ გაბედოს ხალხის ძარცვა, რბევა-აწიოკება და უდანაშაულოთა სისხლისღვრა; სულ ერთია, ვინც უნდა იყოსო, ბერძენი თუ რომაელი, ამიკრძალია ყველას სიკვდილი, ვინაც იარაღით ხელში არ აღმდგარა ჩვენს წინააღმდეგ; მით უფრო, რომ კეისარი უკვე მოეშურება ჩვენს შესახვედრადო.
ეს სთქვა, ტყვეები გაათავისუფლა, ქადაგნი განავლინა და დაფანტულ-გადაკარგულ ხალხს მოუწოდა, უშიშრად გამოსულიყვნენ თავიანთ სამალავთაგან და სრული იმედიანობით დაბრუნებოდნენ მშვიდობიან ცხოვრებას.
ვახტანგმა გზა განაგრძო დასავლეთისკენ.
ქართველთა ჯარები ქალკედონიდან სამი დღის სავალზე იყვნენ, ხოლო ქალკედონი აზიიდან პირდაპირ გასცქეროდა ბოსფორის გადაღმა აღმართულ ბიზანტიონს.
გამალებულნი მოეშურებოდნენ კეისრის ლეგიონები.
მოუძღოდათ სახელგანთქმული მხედართმთავარი პოლიკარპოს.
შეიბნენ ქართველნი და ბიზანტიელნი.
ბრძოლაში დაეცა ვარაზ-ბაკური, ერისთავი ბარდავისა და დედის ძმა ვახტანგ მეფისა.
შლეგიანად იბრძოდა პოლიკარპოს, „ვითარცა მგელი სისხლითა აღმოსვრილი და ვითარცა ლომი გამძვინვებული“.
ბერძენთა დომესტიკი პირისპირ ბრძოლაში იწვევდა ქართველთა მეფეს.
თვალი ჰკიდეს ერთიმეორეს.
ვახტანგმა მკერდზე დაკიდული ჯვარცმა მიამთხვია ხმალს და დინჯად დასძრა ცხენი.
გრიგალივით გამოექანა პოლიკარპოს, მკლავისსიმსხო ლახვარი აძგერა.
ვახტანგმა შეაგება ფარი ვიგრისა, მაგრამ ლახვარმა გაგლიჯა ფარი.
მარცხენა ხელი აიქნია ვახტანგმა და ლახვარი გაგლეჯილ ფარიანად ჰაერში აატყორცნინა მოპირდაპირეს.
წამსვე მისმა ხმალმაც იელვა.
თავგაპობილი გადმოეშვა ცხენიდან პოლიკარპოს.
ახალი მხნეობით მიეტევნენ ქართველები სარდალმკვდარ ბიზანტიელთ. ბრძოლა გუნდ-გუნდად გაჩაღდა. ზღვის პირს მიიმწყვდიეს ქართველებმა ბრძოლიდან გაქცეული მოწინააღმდეგენი. ბევრი გაწყდა ბიზანტიელნი. ბევრი ტყვედ ჩავარდა.
მცირეოდენმა გაასწრო სამშვიდობოს.
კეისარი ლეონ პირველი იძულებული გახდა სპარსეთთან ჭიდილისას მოპოვებულ მიღწევებზე ხელი აეღო და იმპერიის გულისაკენ მიმავალ ქართველებს წინ გადასდგომოდა.
დიდძალი ლეგიონებითა და დრომონებით შემოეგება კეისარი ქართველთა მეფეს.
მოპირდაპირენი ბანაკად დადგნენ.
კეისარმა შეხვედრა და სამშვიდობო მოლაპარაკება ითხოვა.
რაკი მას ნაკლები იმედი ჰქონდა, რომ ამდენი გამარჯვებებით გალაღებული ქართველი მეფე ზავზე არც ისე იოლად დათანხმდებოდა, ამიტომ ფრიად გამოცდილი დიპლომატები და ღვაწლმოსილი საეკლესიო მოღვაწეები გამოუგზავნა დიასპანებად _ პეტრე და სამოელ.
ესენი დიდხანს არწმუნებდნენ მეფეს, არ ეგების ქრისტიანი ხელმწიფისაგან ქრისტესმიერ ძმათა აკლება, ტყვევნა და ჟლეტაო; შენ ქვის ეკლესიებს აშენებ და ხორციელ ეკლესიებს (ადამიანებს) არღვევო, ხოლო „ეკლესიანი ხორცთანი უფროს არიან წინაშე ღმრთისა, ვიდრე ეკლესიანი ქვათანი. ეკლესიანი ქვათა ოდესმე დაირღუეს და აღაშენიან მითვე ქვითა; ხოლო ეკლესიანი ხორცთაგანი ოდეს დაირღუენ, ვერვინ შემძლებელ არს განკურნებად, ვერცა მკურნალი და ვერცა მეფე“. სიტყვით ქრისტეს სჯულს აღიარებ, ქრისტეს სჯულს ქადაგებ და საქმით ქრისტეს მიმდევრებს ებრძვიო; ჩვენ კი არ გვინდა იყო, „ვითარცა კაცი, რომელი მარჯუენით იქმნ და მარცხენით არღუევნ; და არცა ვითარცა რომელნი პირითა მათითა აკურთხევდნენ, და გულითა მათითა სწყევდენ და აგინებდენ“. წმინდა ნინოს მოაგონებდნენ და მის სულს აფიცებდნენ, ეს შენს მიერ დანთებული ცეცხლი შენვე დაშრიტე და თანამოძმე და თანამორწმუნე კეისარს შეურიგდიო.
ვახტანგს ამდენი დარწმუნებაც არ სჭირდებოდა, თვითონაც კარგად იცოდა, რომ ბიზანტიის დაკნინება და სპარსთა აღზევება მის ქვეყანას არაფრად წაადგებოდა. ეს „ბერძნული ლაშქრობა“ მას მხოლოდ ბერძენთაგან მიტაცებული ქართული მიწების გასათავისუფლებლად სჭირდებოდა. ხოლო ეს ძველი, ქართველთა მამაპაპისეული მიწებიც უკვე მთლიანად მის ხელთ იყო.
ახლა შეიძლებოდა და დროც იყო ზავზე ლაპარაკისა.
ვახტანგ მეფე და ლეონ იმპერატორი ერთმანეთს შეხვდნენ.
ზავზე საუბრის დაწყებამდე კეისარმა ვახტარგს სთხოვა, შენს ლაშქარში მყოფი
სპარსელები ქართველებიდან განარიდე და ჩემს ჯარს მივუსევ და გავაჟლეტინებო.
ქართველთა მეფე გააოცა ასეთმა მოულოდნელმა, მუხანათურმა წინადადებამ. მან რისხვა ძლივს ჩაიქცია და სთქვა: ასეთი რამ არც შენს კეისრობას შვენის და არც არავითარ შემთხვევაში მე არ ჩავიდენო, „რამეთუ ღადრობა , არა ხელ არს კაცთა პატიოსანთა“. თუ მაინცდამაინც სპარსელთა სისხლის დაქცევა გსურს, მაგის დროც დადგება და მაშინ გამოიჩინე შენი ვაჟკაცობაო.
კეისარმა სილა გადაყლაპა.
მერე ვახტანგმა წაუყენა თავისი წინადადებანი. მან გადაჭრით მოითხოვა ყველა ქართული მიწა-წყალი, რომელიც აქამდე უკანონოდ ეპყრა ბიზანტიას.
იმპერატორი დათანხმდა საქართველოს შეერთებოდა ტაო-კლარჯეთი, ციხე თუხარისი და ტერიტორიები შავი ზღვიდან სამხერთით არსიანთამდე, ძველი პონტოურ-ქართული სამფლობელოები. კეისარმა მხოლოდ აფხაზეთის საკითხზე სცადა შესწორების შეტანა ვახტანგის მოთხოვნაში. კერძოდ, ეგრის წყლიდან (ენგურიდან) კლისურამდე (კელასურამდე) აფხაზთა მიწას ჩემი სახელი ერქვას და, თუ ჩემს ასულს ცოლად შეირთავ, აღნიშნულ მიწებს მზითვად გამოვატანო, ხოლო დანარჩენი აფხაზეთი, კელასურიდან ჯიქეთამდე, ბიზანტიას უნდა დაუბრუნდესო.
შეთანხმდნენ. ზავი დაიდო.
ბიზანტია და საქართველო კვლავ მოკავშირე-მეგობრებად ცხადდებიან და სპარსეთის წინააღმდეგ ერთად იომებენ.
სამოყვრო პირობაც გარიგდა: ვახტანგი ცოლად შეირთავდა ლეონის ასულს.
ქართველები ზეიმით ბრუნდებოდნენ უკან.
ერთ ხანს კლარჯეთში შედგა ვახტანგი.
მერე თუხარისად მოიწია. კარგა ხანს ათვალიერა აქაური ციხესიმაგრე და ბოლოს აღტაცებით შესძახა:
„ჭეშმარიტად თუ ხარ შენ ციხე!“
საკმარისი იყო ლეგენდისათვის, _ სახელწოდება „თუხარისი“ ვახტანგის ამ თქმიდან წარმოსდგაო…
აქ, კლარჯეთის ერისთავად ვახტანგმა დატოვა თავისი ძუძუმტე არტავაზი.
აქვე ვახტანგმა დიდად მოიწონა სოფელი არტანუჯი და მის თავზე აღმართული კლდეები.
მაშინვე ახალ ერისთავს უბრძანა არტანუჯში ციხესიმაგრე და ეკლესია აეშენებინა.
ვინ იცისო, ეუბნებოდა ვახტანგი არტავაზს, როგორ დაგვჭირდება არტანუჯი;
რომ ღმერთი გაწყრეს და მტერი მოგვერიოს, „საყუდელი ჩუენი აქა ყოფად არს“.
არტავაზმა აღასრულა სათაყვანო მეფის ბრძანება: აღაშენა ციხე არტანუჯისა, მონასტერი ოპიზისა და ეკლესიები მერისა, შინდობისა და ახიზისა. მან აქვე, ახიზში განაახლა ძველი ციხე, რომელსაც დიდი ქვაბული მიუმატა სადგომად და თავშესაფარად.
ვახტანგ მეფე მცხეთად მობრუნდა.
კვლავ დიდი ზეიმით ზეიმობდა სატახტო საქართველოსი.

„დურ აზ გორგასარ“

ბრძოლად გამოდის ზუჩმოელვარე ჰექტორ დიადი.
ჰომეროსი
სპარსეთის მეფე ჰორმიზდ III ჩრდილოეთ სირიაში იდგა და მოუთმენლად ელოდა კონსტანტინოპოლის იმპერატორისა და ქართველი მეფის შეხვედრის შედეგს.
მას იმედი ჰქონდა, დაზავება არ შედგებოდა, ქართველები და ბიზანტიელები ერთმანეთს შეაწყდებოდნენ, ძალ-ღონითგან დაშრეტდნენ და ამით სპარსეთის საქმესაც სამუდამოდ „უშველიდნენ“. ხოლო როგორც კი ჰორმიზდმა შეიტყო, რომ ლეონ და ვახტანგ დაზავებულან და შეკავშირებულან, ჯავრით აღვსილი აიყარა, ქტესიფონში დაბრუნდა, ლოგინში ჩაწვა და ვეღარ ადგა. ქართველთა და მათი ხელმწიფის ჯავრიც სამარეში თან ჩაიყოლა.
სპარსეთის ტახტი ჰორმიზდის ვაჟი პეროზის ხელში დარჩა.
სამი წელი ემზადებოდნენ სპარსელები ქართველთა ჯავრის საყრელად.
ამასობაში დედოფალმა ბალენდუხტმა ვახტანგს მარჩბივად ორი შვილი აჩუქა, ძე და ასული, მაგრამ თვითონ ბალენდუხტი მშობიარობას გადაჰყვა.
ტახტის მემკვიდრეს დაარქვეს დაჩი, ანუ დარჩილ.
ვახტანგს პირობისამებრ კეისარ ლეონ პირველის ასული უნდა შეერთო ცოლად.
მაგრამ არც სამგლოვიარო ადათი და არც სპარსეთიდან მოსალოდნელი თავდასხმა ჯერჯერობით ნებას არ აძლევდა ახალი ქორწინებისათვის.
მეფე შეუსვენებლივ ემზადებოდა ომისათვის, ამაგრებდა ძველსა და აგებდა ახალ ციხესიმაგრეებს, სჭედდა იარაღს, წრთვნიდა ლაშქარს, ამზადებდა ხალხს მტრის დასახვედრად.
მისდგა მცხეთაში შემოსახლებულ ცეცხლთაყვანისმცემლებს, პირველ რიგში საპყრობილეში ჩააგდო ბინქარან „მაცთური“, ხოლო დანარჩენები ან გააძევა საქართველოს საზღვართაგან, ან სიკვდილით დასაჯა ურჩობისათვის.
დადგა 467 წელი.
სპარსელები საქართველოსკენ მოისწრაფოდნენ.
ურიცხვ მხედრობას წინ მოუძღოდა ახალგაზრდა შაჰინშაჰი პეროზი.
მეგზურად ჰყავდათ ბინქარან მაცდური, რომელსაც რაღაც მანქანებით მცხეთის საპყრობილიდან გაქცევა მოეხერხებინა.
ვახტანგმა სასწრაფოდ აფრინა მალემსრბოლი კეისარ ლეონთან. პატრუცაგით ატყობინებდა სპარსელთა მოსვლას, მოაგონებდა დადებულ კავშირს ურთიერთდახმარებისას; გაახსენებდა სპარსთა სისხლის ღვრის დიდ სურვილს, რაიც ასე ჟინმორეულად გამოთქვა ლეონმა ვახტანგთან პირველი შეხვედრისას.
მაგრამ ვახტანგის შათირმა კონსტანტინოპოლში ვერ ჩაუსწრო კეისარს. იგი ხაზართა წინააღმდეგ წასულიყო საომრად.
ვახტანგს ისედაც ნაკლები იმედი ჰქონდა ბიზანტიელთა დახმარებისა… ამიტომ შათირის დაბრუნებამდე ლაშქარი მზად ჰყავდა მტერთან შესახვედრად.
ქართლის საზღვართან მეგზური ბინქარანი მოუკვდათ სპარსელებს, მაგრამ მათ ისედაც კარგად იცოდნენ საქართველოსაკენ მომავალი გზები.
გადმოიარეს ქვემო ქართლი, ქვეშევრდომი საპიტიახშო, სადაც მაშინ პიტიახშად იდგა არშუშა.
მოადგნენ მცხეთის კარებს _ ტფილისის ხევს და ააოხრეს სოფელი ტფილისი.
მტკვრის მარცხენა მხარე ერანელებით გაივსო.
ცხენის ტერფზე (დიდუბე) დადგნენ და მცხეთისაკენ თვალი ალაგნეს:
მოპირდაპირედ, მტკვრის მარჯვენა მხარეს, დიღმის ველიდან არმაზამდე,
ქართველთა ლაშქარი იდგა საომრად გამზადებული.
რიცხვით სამჯერ მეტნი იყვნენ სპარსელნი.
მაგრამ ქართველნი ქართულ მიწაზე იდგნენ, მისგან ნიადაგ ძალმოცემულნი.
ხოლო წინ ედგათ ხელმწიფე და მხედართმთავარი, დიდხელოვანი მტერთა ძლევისა, გმირი, რომელმაც ჯერ არ იცოდა სიმძიმილი დამარცხებისა.
სპარსელები კარგად ხედავდნენ ლაშქრის წინ ამხედრებულ მთაკაცს, ალმაჭურად აღჭურვილს.
მის თავზე ათინათური სხივკრთომით ელვარებდა საომარი თავსარქმელი, ოქროვანი მუზარადი.
მხოლოდ ჯერ ვერ ამჩნევდნენ სპარსნი:
ვახტანგ მეფის მუზარადს წინ მგელი ჰქონდა გამოსახული, უკან _ ლომი…
ბრძოლა დაიწყო.
დღე დღეს მისდევდა.
ბრძოლის სასწორი წონასწორად ქანაობდა.
მტკვრის ფონი ხელიდან ხელში გადადიოდა.
საარაკო გმირობით იბრძოდა ვახტანგ მეფე.
იგი იყო ყველგან, სადაც კი მისჭირდებოდათ ქართველთა და ეტევებოდა მტერს, „ვითარცა ლომი კანჯართა“.
სპარსელებმაც უკვე ინიშნეს ქართველთა მეფის სანიშნებელი: მგლის თავის სახოვნება წინ, მუზარადზე.
გამოჩნდებოდა „მგლისთავა“ გოლიათი და ძრწოლამოსილნი გარბოდნენ სპარსნი.
ხან აქ და ხან იქ, სადაც უფრო მძლავრობდნენ სპარსნი, გაიელვებდა მგლისსახოვანი მუზარადი და სპარსელები ზარგანხდილად ატეხდნენ ღრიალს:
„დურ აზ გორგასარ!“ (მოერიდეთ თავსა მგლისასა!)
ასე დაიბადა სამარადჟამოდ სახელგანსმენილი თიკუნი დიდი ქართველი ხელმწიფისა _ გორგასალი, მგლისთავა.
მაშ, თალპიონზე ომობს ვახტანგ გორგასალ!
ძრწოდეთ, მოსისხარნო ქართველთა!
საბოლოოდ დაისადგურა სპარსელთა გულში შიშმა, მუხლში _ სიძაბუნემ.
ხოლო შიში უარესი მძულვარებით და ბოროტებით აღავსებს მტრის გულს.

ამბავი რაჟდენ პირველმოწამისა

რამეთუ ვითარცა ღამისა შინა ბნელსა აღმობრწყინდების მთიები და შემდგომად მისსა სხუანი ვარსკულავნი შეუდგებიან და მის თანა გამობრწყინდიან, ეგრეთვე ესე ექმნა წინამძღუარ მოწამეთა.
ანონიმი XII საუკუნისა.

გავიხსენოთ ზემოთ ნათქვამი: როცა ვახტანგ მეფემ პირველ ცოლად ჰორმიზდ III-ის ასული ბალენდუხტი შეირთო, სადედოფლოს სპარსეთიდან წამოჰყვა მისი მამამძუძე-გამზრდელი, რომელმაც უკან დაბრუნება აღარ ისურვა და, საქართველოსა და მის მკვიდრთაგან მოხიბლული, საქართველოშივე დარჩა.
მალე მან ცეცხლთაყვანისმცემლობა უარჰყო და ქრისტიანობა მიიღო.
ნათლობის სახელად დაერქვა რაჟდენ.
ვახტანგ მეფემ, „ვითარ ჰშუენოდა მთავრობასა მისსა“, თავიდანვე დიდი არზანიგი (პატივი) მიუგო გაქართველებულ უცხოელს; „დიდნი სოფელნი და აგარაკნი მიანიჭნა და საკუთარ თანამზრახველ თვისსა ყო იგი“.
რაჟდენი ძალიან შეიყვარა ისედაც უცხოელთა მოყვარე ქართველობამ. თვითონაც თავის თავს ჭეშმარიტ ქართველად და ქრისტიანად თვლიდა და გარდასულ სპარსულ წარმომავლობას ხსენებითაც არ ახსენებდა.
საქმემაც მალე გამოაჩინა რაჟდენის წრფელი ქართული მამულიშვილობა.
სწორედ ახლა, როცა „მოვიდეს სპარსნი და აღავსეს ქართლი სპითა სიმრავლითა“, რაჟდენი ქართველთა მოსისხლე მტრის წინააღმდეგ მეწინავე მეომართა რიგებში ჩადგა.
იგი ვახტანგ გორგასალის ერთი სარდალთაგანი იყო, „ახოვან წყობათა (ბრძოლათა) შინა და გამოცდილი, რჩეული მებრძოლი“. მრავალგზის ისახელა თავი რაჟდენმა თავისი ჯარით.
აღტაცებულნი იყვნენ ქართველნი თანამოძმედ ქცეული გმირით.
ცოფს ჰყრიდნენ სპარსელნი, გაბოროტებულნი თვისტომყოფილის მტრობით.
გაცოფებული პეროზ შაჰი დაჟინებით ბრძანებდა, როგორმე ცოცხლად ჩაეგდოთ ხელში რაჟდენი.
და ერთ ავბედით დღეს რომელიღაც ვიწრო ხევში მცირერიცხოვანი რაზმით მიმავალ რაჟდენს თავს დაეცა საგულდაგულოდ ჩასაფრებული სპარსელთა ჯარი.
ბრძოლა უსაზმნო გამოდგა. რაჟდენი შეიპყრეს და პეროზს მიჰგვარეს…
შაჰინშაჰმა „ქრისტეს მხედარი“ აათვალ-ჩაათვალიერა და ლოშქრიანი ღიმილით უთხრა:
„გიხაროდენ, მხნეო რაჟდენ, მშვიდობაი შენდა! სად ბრძანდებოდი ესოდენ ჟამთა? რაისთვის უარგიყვია მამაპაპეული სჯული და შესდგომიხარ სჯულსა უცხოსა?
განა, მზისა, ცეცხლისა და ციურ მნათობთა ბრწყინვალებას ჰურიათაგან ჯვარცმული კაცის თაყვანება სჯობიან?!“
რაჟდენმა მშვიდად, „ბრწყინვალითა ხმითა“ და „მოკლითა სიტყვითა“ უპასუხა, რომ მან წმინდა სიწრფოებით უარყო სპარსული „უღმრთოებაი“ და ურყევად ეზიარა ახალ სარწმუნოებას.
ჯერ წყნარადვე განაგრძობდა პეროზ.
„ისმინე, რაჟდენ და თავი დაანებე მაგ უხმარ სიტყვებს. დაემორჩილე ჩვენს ბრძანებას, სამაგიეროდ მოგანიჭებთ უფრო დიდ პატივს და დიდებას, ვიდრე გაქრისტიანებამდე გქონდა სპარსეთში. ჩვენი დიდების თანაზიარს გაგხდით, ჩვენს უახლოეს და უსაყვარლეს მეგობრად გარდაიქცევი. ხოლო, უკეთუ არ შეისმენ, შენ მოგაკვდინებთ სიკვდილითა უმწარესითა, სატანჯველითა მრავალფერითა“.
რაჟდენმა გაიღიმა და თქვა:
„რანი არიან ნიჭნი და პატივნი შენნი, მეფეო, თუ არ წუთიერნი, სიზმარებრ გაქარვებადნი და აჩრდილებრ წარმავალნი? რამეთუ ვითარცა კვამლი განქარდების და ვითარცა მტვერი განიბნევის, რამეთუ მიწანი ვართ და მიწადცა მოვიქცევით. ხოლო სული უკვდავ არს და უკვდავადცა ჰგიეს. შენთა თქმულთა რომ დავერწმუნო, განა მეც ისე არ მოვკვდები, ვითარცა ზოგად ყოველნი კაცნი? ხოლო უკეთუ მოვკვდე წმიდა სჯულისათვის, სული ჩემი განვადიდო და უკვდავ ვყო. ესე არს განზრახვა ჩემი უცვალებელი, ხოლო შენ მოიქეც, ვითარცა გსუროდეს, ჩემგან არა სახითა ვერჩდე ბრძანებასა შენსა“.
ავზნიანი დესპოტისათვის სავსებით კმაროდა.
მისი ბრძანებით კაცთა წამებაში დაოსტატებულმა ჯალათებმა რაჟდენი ძირს დასცეს და დიდხანს სცემეს. სცემდნენ სახეში, სცემდნენ ყველაფრით: ხელით, ფეხით, არგანით, მშვენიერი სახე სავსებით დაულეწეს, ყველა კბილი ჩაუმსხვრიეს.
არც ერთი ხმა გმინვისა და კვნესის მაგვარი.
იწვა მშვიდად, მდუმრიად, უდრტვინველად.
თითქოს სხეული მისი არ იყო მისი.
არც პირიდან მძაფრად წახეთქილი სისხლი ყოფილა მისი.
დაიქანცნენ კაცთა წამებით ძალმოსილი ჯალათნი.
კვლავ მიესივნენ. დედიშობილად განაშიშვლეს.
წვერმახვილ ქვათა ფენილზე ათრიეს და კვლავ სცემეს ხელით, ფეხით, არგანით.
მერე მისი დარღვნილ-დალეწილი სხეული მარწუხებით შეკრეს და რკინით შეჭედილ ბნელ საკანში ჩააგდეს.
ეგონათ მოკვდებოდა.
მაგრამ ყოველი წყლული მოინელა მისმა ჩაკირულმა სხეულმა.
რაჟდენის საშინელი წამების ამბავი ელვის სისწრაფით მოედო მტრისა და მოყვრის ბანაკებს.
ქართველები შეძრწუნებული იყვნენ სპარსელთა ურჯუკობით.
წუხილით შეძრულმა ვახტანგ მეფემ ორი ერისთავი გაგზავნა პეროზთან.
შეუთვალა, ომსაც ახლავს კაცთმოყვარული კანონებიო, ხოლო შაჰინშაჰს ახლა შემთხვევა აქვს ხელმწიფური გულმოწყალების ჩვენებისა: დაე, მცირე ხნით მაინც განუტევოს მან რაჟდენ წამებული ცოლ-შვილისა, ახლო ნათესავთა და მეგობართა მოსახილველად და გამოსათხოვებლად.
პეროზს მართლაც დაჯდომია ჭკუაში „ხელმწიფური გულმოწყალების“ ჩვენება; რაჟდენს უკანვე დაბრუნების ფიცი ჩამოართვა და ბორკილაყრილი ქართველთა ბანაკისაკენ გამოუშვა.
ჯერ მეფეს ეწვია რაჟდენი. ვახტანგმა დიდი სიყვარულით, მადლიერებითა და თანაგრძნობით მიიღო იგი. მკერდში ჩაიკრა, ნაწამები ღაწვები ამბორჰყო, მისი მძიმე თავგადასავალი გამოიკითხა და კვლავ მადლი და თანალმობა მიუგო საქართველოსთვის გარდახდილი სიმძიმილისათვის.
შემდეგ, ახლობლები და მეგობრები მოიკითხა რაჟდენმა. ბოლოს, საკუთარ ოჯახში მივიდა. ცოლი და შვილები ტირილით შემოეგებნენ, გვემული სხეული, დალეწილი სახე და ხელ-ფეხი დაუკოცნეს.
დიდხანს აღარ დარჩენილა რაჟდენი თავისიანებთან.
არ შეისმინა მათი წუხილი, ხვეწნა-მუდარა, არ უღალატა ფიცის სიტყვას.
ადგა და წავიდა ისევ ტყვეობად სპარსთა ბანაკში.
პეროზ შაჰი კვლავ დიდი პატივ-დიდების აღთქმით შეეცადა რაჟდენის ისევ სპარსად და მაზდეიანად გადმორჯულებას, მაგრამ ვერაფერს გახდა.
რაჟდენი ურყევად იმეორებდა თავისას: „ვერა რამან გამაშოროს საქართველოსა და ქრისტეს სიყვარულსა, ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ პყრობილებამან, სიკვდილმან ანუ ცხოვრებამან, სიმდიდრემან ანუ სიგლახაკემან, ვერარამან განმიტევოს ჩემი სიყვარული რწმენისაგან, რამეთუ მზა ვარ დათმენად ყოველისა“.
მიესივნენ ჯალათნი. ჰგვემეს უწყალოდ, ათრიეს, სხეული დაუფლითეს, ძვალნი დაულეწეს, სისხლი დაუთხიეს.
დაიქანცნენ ჯალათნი.
ხოლო იგი კვლავ იწვა გაუნძრევლად, მდუმრიად, უდრტვინველად.
თითქოს სხეული მისი არ იყო მისი.
თითქოს არც სისხლი მისი იყო სისხლი მისი.
ისევ მოინელა მისმა ჯანღონიანმა სხეულმა წყლული ყოველი.
ბოლოს პეროზმა დაბორკილი რაჟდენი სოფელ წრომში გაგზავნა, იქ ბანაკად მდგარ რომელიღაც მარზპანთან. იქნებ რაიმე ძალითა და ღონით შენ მოახერხო მისი მორჯულებაო; ხოლო, უკეთუ შენც ვერაფერს გახდე, მაშინ ისე სტანჯეთ და აწამეთ, სიკვდილად მივარდნილი დასამარხავადაც აღარ ვარგოდესო, _ უბრძანებდა შაჰინშაჰი ქვეშევრდომს.
წრომში დაბანაკებულ სპარსელ მთავრისთვის თავიდანვე ცნობილი იყო რაჟდენის საოცარი გმირობის ამბავი. იგი დიდის პატივითა და სიტკბოებით შეხვდა წამებულს, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა, ვერც დამარწმუნებელი სიტყვით, ვერც ხვეწნით, ვერც მუდარით, ვერც მუქარით.
მარზპანსაც ჰყავდა ჯალათნი, სპარსელი ჯალათნი.
ამათაც დასცეს რაჟდენი, ათრიეს, სცემეს, ჰგვემეს, დალეწეს, დაასახიჩრეს, სისხლი ანთხევინეს.
მერე ისევ ჩიჩინი „მოსჯულებისთვის“.
ისევ უწყალო გვემა ურჩობისთვის.
სხეული მისი აღარ იყო მისი.
სისხლი მისი აღარ იყო მისი.
სიცოცხლე მისი აღარ იყო მისი.
ბოლოს, როცა ყველას გასაოცრად ისევ ფეხზე დადგა, ბნელი დილეგიდან ამოიყვანეს.
წყვდიადიდან თავდაღწეულმა რაჟდენმა სინათლის სხივით ჩაჭრილი თვალები მოავლო შემოგარენს.
წრომის მაღლობზე ჯვარი აღემართათ.
წამიერმა ღიმილმა დაამშვენა მისი ერთ დროს მშვენიერი სახე.
მშვენიერება გაიხსენა მისმა გვემულმა სახემ.
წამების გვირგვინი ელოდა _ ჯვარცმა!
მიეახლნენ ჯვარცმის ოსტატი ჯალათნი.
ბორკილები დახსნეს, ჯვართან მიიყვანეს, ზედ ჯვარსახოვნად განმართეს და სამი დიდი, ჯიბუკი სამსჭვალით მიალურსმნეს _ თითო თითო ხელისგულზე, ერთიც ურთიერთ გარდათხმულ ფეხებზე.
შეძრწუნებულნი უცქერდნენ სპარსელები, როგორ მდუმარედ, უდრტვინველად ეკიდა სამსჭვალებით ჯვარზე ჯვარად განრთხმული კაცი.
გამოერკვა მარზპანი და ნიშანი მისცა მწყობრად ჩარიგებულ, მშვილდ-ისარ გამართულ მეომრებს.
ისართა მერეხ-ბარანი სტვენა-წივილით გაფრინდა ჯვრისკენ.
ისართა ჯაგარი თრთოდა წამებულის სხეულზე.
მიცვივდნენ მეომრები, ხელდახელ ამოაგლიჯეს სხეულიდან ისრები. უკუიქცნენ და ხელახლა დაუშინეს იგივე ისრები.
კვლავ ათრთოლდა ისართა ჯაგარი წამებულის ტანზე.
კვლავ მიცვივდნენ და ამოგლიჯეს, ისევ უკუიქცნენ და ისევ დაუშინეს სისხლით გათხვრილი ისრები.
ისევ და ისევ.
წიოდნენ სისხლიანი ისრები.
სისხლის ცვარ-ნამი ცვიოდა ნასისხლარ ისართაგან.
მხოლოდ ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები: „ხელთა შენთა, უფალო, შევვედრებ სულსა ჩემსა!“
…………..
ასე აღესრულა რაჟდენი, რომელმაც თავისი გმირობით ჭეშმარიტად „განაკვირნა ანგელოზნი და სირცხვილეულ ჰყო ეშმაკნი“.
…………..
ომის შემდგომად მეფე ვახტანგმა რაჟდენის ნეშტი წრომიდან სოფელ ნიქოზში გადაასვენა და იქვე მის სახსოვრად ახალი ეკლესია აღაშენა.
…………..
მერწმუნე, კეთილო მკითხველო, ანალოგიური თავგადასავალი საქვეყნოდ განსმენილი წმიდა სებასტიანისა, ვერც გმირობით, ვერცა წამებით რაჟდენ პირველმოწამის თავგადასავალს ვერ შეედრება…
სამთა მტერთა შეთანხმება
მეოთხე თვე მიდიოდა ომი ქართველთა და სპარსელთა შორის.
კეისარმა ლეონმა შეატყო, ქართველები უმისოდაც დაამარცხებდნენ სპარსელებს, ამიტომ სანამ გვიან არ იყო, _ სანამ ვახტანგ გორგასალი „სპარსულის“ შემდგომ „ბერძნულ“ ლაშქრობას გაიმეორებდა _ ჯარები აფრინა ქართველთა მისაშველებლად.
ბიზანტიელებს იმპერატორის თანამოსახელე მოუძღოდა, ლეონ ანთიპატოსი.
მოვიდა, ვახტანგს კეისრის ძღვენი მოართვა და კეისრის სახელითვე ბოდიში მოუხადა მაშველი ლაშქრის დაგვიანებისათვის.
სპარსელთა მეფე საბოლოოდ გატყდა, „ფეხის ტერფიდან“ ფეხი ამოიკვეთა, უკან გაბრუნდა, კალას დაბანაკდა და ვახტანგთან ზავისათვის ელჩები აფრინა დიდი ძღვენით.
ვახტანგ მეფე იდგა „ჯაჭუს“.
მოეახლნენ სპარსელი ელჩები და მოართვეს ძღვენი და ძღვენთაგან უძვირფასესი „გვირგვინი ანთრაკოანი“.
მეფემ გულდასმით და გულდინჯად მოისმინა პეროზის საზავო სათხოვარი.
მერე ნება დართო მასთან მოსალაპარაკებლად მისულიყო თვითონ პეროზ შაჰი.
ასეც მოხდა. ქართველი მეფის კარავში შეიყარნენ სამნი: ქართველი, სპარსელი და ბიზანტიელი.
პეროზმა დასაწყისშივე უთხრა ვახტანგს: შენ მოითხოვე, რაც გნებავს და ჩვენ აღმსრულებელი ვართო.
ვახტანგმაც წამოაყენა საზავო პირობები.
უპირველესად ყოვლისა მოითხოვა მუდამ დანასისხლად გადამტერებული სპარსეთისა და ბიზანტიის (გინა ძველი რომის) შერიგება. პეროზს თანხმობა შეუმძიმდა. მან თქვა: ბიზანტიელები ისეთები არიან, როგორც კი დროს იპოვნიან, მაშინვე სპარსეთზე მოდიან საომრადო. მაგრამ ახლა რა გაეწყობა, შენი _ ვახტანგ მეფის სიყვარული მაიძულებს ამ წინადადებას დავთანხმდეო.
ვახტანგმა თვალით ანიშნა ლეონ ანთიპატოსს და იმანაც კეისრის სახელით დაიფიცა, ამიერიდან მშვიდობიანობას აღარ დავარღვევთო.
ვახტანგისვე წინადადებით დადგინდა საზღვრები ბიზანტიასა და სპარსეთს შორის. ჯაზირეთის (მესოპოტამია _ შუამდინარეთი) ჩრდილოეთი ნაწილი ბიზანტიას მიეკუთვნა, ხოლო სამხრეთი _ სპარსეთს.
მერე საქართველოსა და სპარსეთის გავლენის სფეროებზე გაიმართა ბჭობა.
სამხრეთით არაქსი და აღმოსავლეთით კასპიის ზღვა შეიქნა საქართველოს სამფლობელოთა საზღვრები. ამას გარდა სპარსთა მეფემ „მისცა გორგასალსა ალვა ლიტრა სამი ათასი, ამბრი ლიტრა ხუთასი, მუშკი ლიტრა ხუთასი, ტაიჭი ცხენი სამი ათასი, სამოსელი ხუასროვანი ათასი და ხაზდი სამი ათასი“.
მხარეთა წარმომადგენლებმა ზავს ხელი მოაწერეს და ერთმანეთს დაშორდნენ.
გორგასალი უცხოეთში
დიდხანს არ გაუვლია, სპარსელი შათირი მოვარდა მცხეთაში, მეფე პეროზის პირადი მობიდანი (ქურუმი), სახელად ბარზაბან.
ბარზაბანმა ვახტანგს უამბო, როგორც კი პეროზი ქტესიფონში დაბრუნდა, იქაური წარჩინებულები მიეხვივნენ და შავი დღე აყარეს; ჩვენ იმედი გვქონდა საქართველოსა და ბიზანტიას გაანადგურებდიო, შენ კი ამდგარხარ და ორივესთვის ცალ-ცალკე თითო სამეფო გიჩუქნიაო ჩვენი სამფლობელოებიდან. ახლა პეროზი ეაჯება ვახტანგს, თავისი დაი ცოლად მისცეს, თვითონ ვახტანგიც ვითარცა მოყვარე და მოკავშირე ქტესიფონს ეწვიოს, სპარსელი მარზპანები (ერისთავები) და დიდებულები დააშოშმინოს და ელამის, აბაშეთის, ჯორჯანეთის, ინდოეთისა და სინდეთის დალაშქვრაშიც მონაწილეობა მიიღოს.
ვახტანგმა სადარბაზოდ მოიწვია ქართველი ერისმთავრები და ბიზანტიელი ლეონ ანთიპატოსი. სპარსეთის ხელმწიფის სათხოვარი განიხილა, სხვათა თათბირიც მოისმინა და პეროზის თხოვნის აღსრულება გადაწყვიტა. ხოლო ბერძენთა სარდალს
კეისართან უნდა ეშუამდგომლა სასწრაფოდ: თუ ვახტანგი სამხრეთის და აღმოსავლეთის დასალაშქრავად სპარსეთის ჯარებს შეუერთდება, ბიზანტიელებმაც, ვითარცა მოკავშირეებმა, მონაწილეობა უნდა მიიღონ ამ ლაშქრობებში.
გადაწყდა ისიც, რომ პეროზისათვის მიეთხოვებინათ ვახტანგის უმცროსი დაი, ოვსთა ტყვეობიდან გამოხსნილი მირანდუხტ (უფროსი, ხვარანძე, სომეხთა პიტიახშზე იყო დაწინდული).
ამ სასიხარულო გადაწყვეტილებით გაისტუმრა ვახტანგმა სპარსი ელჩი ბარზაბან. თან ქართველთა მეფემ პეროზს შეუთვალა, დედისა და დების თანხლებით, იერუსალიმს მივდივარ წმიდა ადგილთა მოსახილველადო; უკან დაბრუნებისას ანტიოქიაში დამელოდე და იქ შეძლებ ჩემს პირად ხილვასო.
მერე კვლავ შეჰყარა ერისმთავარნი: ჯუანშერ სპასპეტი, მპყრობელი შიდა ქართლისა და მფლობელი ყოველთა ერისთავთა.
დემეტრე, ერისთავი კახეთისა და კუხეთისა.
გრიგოლ, ერისთავი ჰერეთისა.
ნერსარან, ერისთავი ხუნანისა.
ადარნასე, ერისთავი სამშვილდისა.
სამნაღირ, ერისთავი ეგრისისა და სვანეთისა.
ბაკურ, ერისთავი არგვეთისა და თაკვერისა.
არტავაზ, ერისთავი კლარჯეთისა.
ნასარ, ერისთავი წუნდისა.
ბივრიტიან, ერისთავი ოძრხისა.
ამათ წინაშე ვახტანგმა გამოიყვანა ხუთი წლის დაჩი, ძე და მემკვიდრე. თავი სამეფო დიადემით შეუმკო და დარბაზად წვეულთ უბრძანა, ამიერიდან თაყვანი ეცით და იზრუნეთ მასზე, ვითარცა ჭეშმარიტ ხელმწიფესა და ხელმწიფის შვილზეო. მე ჯერჟამობით უცხო მხარეში მივემგზავრები და, ვიდრე დავბრუნდებოდე, მემკვიდრე ჩემი იგულვეთ ჩემსავ ადგილზეო. მეფე იმასაც გულისხმობდა, რომ მის დაბრუნებამდე ყრმა დაჩისა და ქვეყნის პატრონი იქნებოდა სპასპეტი ჯუანშერ, ისედაც ზედამდგომელი ყოველ ერისთავთა ზედა.
ერისთავთაგან სამი _ არტავაზ, ნასარ და ბივრიტიან _ მეფეს თან უნდა წარეტანა სპარსეთში. მათთან იახლა აგრეთვე „დიდი ეჯიბი“ (მსახურთუფროსი) საურმაგ და ათი ათასი რჩეული მხედარი.
მეფეს უჯარმის მშენებლობა ჰქონდა დაწყებული და მასზე ზრუნვაც ჯუანშერს დაუბარა.
470 წლის აღდგომა დღეს ვახტანგ გორგასალი დედის, დებისა და წარჩინებულ ქართველთა თანხლებით ეწვია იერუსალიმს, მოიხილა წმინდა ადგილები, თაყვანი სცა და მდიდრული ზორვანი გამართა.
იერუსალიმიდან გამობრუნდა და მოვიდა ანტიოქიას, სადაც მას მოუთმენლად ელოდა შაჰინშაჰ პეროზ დიდის ძღვენით. ქება-დიდებითა და თაყვანისცემით შეეგება სპარსელი ქართველს.
საბოლოოდ შეთანხმდნენ კავშირ-მოყვრობაზე, ვახტანგი შორეულ ლაშქრობებში მონაწილეობაზეც დათანხმდა.
აქვე ვახტანგმა ბიზანტიის კეისართაგან მიიღო პატრუცაგი, რომლითაც იგი  დიდი მოკითხვისა და ქება-დიდების შემდგომ ატყობინებდა: ვუბრძანებ ლეონ ანთიპატოსს, „რათა იყოს შიშსა და ბრძანებასა შენსა ქვეშე“ და შენსავე სამსახურად ვაგზავნი ოციათას მეომარსო.
აქვე ვახტანგ გორგასალის წინაშე გამოცხადდა სომხეთიდან გამოწვეული ათი ათასი მეომარი.
ანტიოქიიდან სპარსეთის სატახტოში გაეშურნენ.
ქტესიფონი ზეიმით შეხვდა ქართველ ხელმწიფეს. ქალაქი ვეღარ იტევდა ცნობისმოყვარეთა ბრბოებს. ყველას უნდოდა ეხილა ლეგენდად და ზღაპრად ქცეული „მგელთავა“ გმირი. „პატივს სცემდა ვახტანგს ყოველი ერი სპარსეთისა, ვითარცა მეფესა
მათსა“.
ქტესიფონის სასახლეში „მოეგებნენ ყოველნი წარჩინებულნი სიხარულითა დიდითა“. აღარავის სურდა გაეხსენებინა ქართველთაგან განცდილი მარცხი, რაკი უძლეველი ქართველი ხელმწიფე, ამჯერად მათი მოყვარე და მოკეთე, თანხმობას აცხადებდა მონაწილეობა მიეღო სპარსელთა აღმოსავლურ-დასავლურ ლაშქრობებში.
მას ჟამსვე „აღასრულეს ქორწილი სამეუფო“.
ნეფედ მეფე დაჯდა _ პეროზ.
სპარსეთის დედოფალი შეიქნა მირანდუხტ, უმცროსი დაი ქართველი გვირგვინოსნისა.
ქორწილის შემდგომ ვახტანგის დედა საგდუხტ და მისი უფროსი ასული ხვარანძე დიდძალი ძღვენით დატვირთულნი დაბრუნდნენ ქართლს.
შემდგომი წლები ვახტანგ გორგასალის ცხოვრებისა ახალ-ახალი ლეგენდებით იმოსებოდა და იკაზმებოდა.
სპარსელთა ურიცხვი მხედრობა აღმოსავლეთით მიეშურებოდა.
გორგასალიც ამხედრდა, ორმოცათასიანი ლაშქრით და ათი ათასი ქართველით, ათი ათასი სომეხით, ოცი ათასი ბიზანტიელით.
არაკი სინდთა მეფისა ჯერ აიღეს და დაიმორჩილეს ჯორჯანეთი.
შემდეგ ინდოეთში შევიდნენ, ინდის ზემო წელზე, ფენჯაბის ქვეყანაში (ერთ დროს ამ გზით შევიდა ინდოეთში ალექსანდრე მაკედონელი). ამ ზღაპრულ ქვეყანაშიც გავარდა სახელი ზღაპრული გმირისა. თხუთმეტი ინდოელი „ბუმბერაზი“ მოჰკლა ვახტანგმა ორთა რკენაში. განგის ხეობაშიც შეიჭრნენ ქართველნი, დეჰკანიც დალაშქრეს.
მერე ისევ დასავლეთით შემოიქცნენ და მდინარე ინდს სამხრეთისაკენ დაუყვნენ (საითაც ერთ დროს მიეშურებოდა ალექსანდრე მაკედონელი). აქ გაშლილი იყო უზარმაზარი ინდური ქვეყანა სინდეთი.
სინდეთის მეფე მედგრად დაუხვდა მტერს, ჯარები ციხე-ქალაქებში ჩააყენა და ყოველ ხელსაყრელ მომენტში მტრებზე თავდასასხმელად გამოჰყავდა.
ამნაირი ბრძოლით „მოსწყდა ურიცხვი ერი სპარსთაგანი“, ხოლო „არა-სადა იძლივნეს ვახტანგის სპათაგანნი. და ყოვლადვე მძლედ გამოჩნდეს მტერთა ზედა“.
ყველგან დიდის სიმამაცით და საომარი ოსტატობით იბრძოდნენ ვახტანგის თანაშემწენი: საურმაგ, არტავაზ, ნასარ და ბივრიტიან.
დიდი მხნეობით იბრძოდა თვითონ მეფე სინდეთისა. იგი სპილოზე ამხედრებული გამოიჭრებოდა ხოლმე საომრად. ტანად ახოვანი იყო და გულად უშიშარი. ვახტანგს მოსწონდა მისი სივაჟკაცე და სიკისკასე (ისევე, როგორც ერთ დროს ალექსანდრე მაკედონელი აღაფრთოვანა ინდოელი ხელმწიფის პოროსის გმირობამ).
ერთ ღამით სინდთა მეფემ ქალაქის კარიბჭიდან დაშორებით, მტრისაგან იდუმალ, მაღალი და განიერი ორმო გაათხრევინა და შიგ ათი საუკეთესო მოისარ-მახვილოსანი ჩაასაფრა. დილით ქალაქიდან ერთი ვიღაც „ბუმბერაზი“ გამოიჭრა ამხედრებული, ქართველთა ბანაკს ნავარდით ჩაურბინა და საომრად ვახტანგ გორგასალი გაიწვია.
მეფეს დაასწრო „დიდმა ეჯიბმა“ საურმაგმა. მან ცხენი გააჭენა, სინდელს მიუხტა და შესძახა: შენ მეფესთან შებრძოლების რა ღირსი ხარ, მე შემებრძოლე, ვითარცა მონა მონას შეებმისო.
შეუტია საურმაგმა. სინდელმა უცებ ცხენი შეატრიალა და გაიქცა. ქართველიც გამოენთო კვალდაკვალ. ერთ ხანს ასე სდია დანდობილად, მაგრამ უეცრად ჩასაფრებული ათი სინდელი ამოიჭრა მიწიდან და სათხედები დაუშინეს ზურგიდან.
წამსვე წინგაქცეულიც შემოუბრუნდა. საურმაგმა მოასწრო, _ მოპირდაპირეს გულში შუბი სცა და ჩამოაგდო, მაგრამ თვითონაც მკვდარი გადმოეშვა სათხედებით დაცხრილული.
მაშინვე წინ გაიჭრნენ ვახტანგ, არტავაზ, ბივრიტიან, ნასარ და ლეონ ანთიპატოსი. მაგრამ ამაოდ, _ მკვლელებმა შეასწრეს ქალაქის კედლებში.
მეფე შემობრუნდა და მწუხარებით შეძრულმა ხელში აიტაცა საურმაგის ცხედარი. საურმაგი მისი მამამძუძის ძმისწული იყო, არტავაზის ბიძაშვილი. სამივენი ტოლები იყვნენ, ერთი კბილანი და ერთად გაზრდილნი.
სამი დღე-ღამე ჩაიკეტა ვახტანგ კარავში ცხედართან ერთად; „იგლოვდა გვამსა ზედა საურმაგისსა, ვითარცა ძმისა საყვარელისასა“ (როგორც ალექსანდრე მაკედონელი იგლოვდა კლიტოს მელანოსს, უსაყვარლეს ძიძიშვილს).
საურმაგის დაკრძალვის შემდეგ გორგასალი საომრად და შურისსაძიებლად აღიკაზმა. სინდთა მეფე ქალაქის კარიბჭეზე გადმოდგა და მოახლოებულ უცხოელს ასეთი იგავი ჩამოსძახა:
ერთხელ ერთმა ყვავმა არწივისაგან დაკოდილ-დაუძლურებული ქორი იპოვნა.
იმის ნაცვლად, რომ ყვავი თავისი ჯიშის მიხედვით მოქცეულიყო, ქორის გასაძევებლად
სხვა ყვავებისათვის მოეხმო, მან თავის ბახალების მოვლას თავი მიანება და
დასუსტებულ მტერზე ზრუნვას შეუდგა. იგი ქორს აჭმევდა იმას, რისი დაჭერაც
თვითონ შეეძლო: კალიასა და ქვეწარმავალს. ქორმა იფიქრა, თუ ფრინველის ხორცი არ
ვჭამე, მარტო მწერისა და ქვემძრომის ჩაყლაპვა ძალას და ღონეს ვერ დამიბრუნებსო და
ერთ მშვენიერ დღეს ქორმა შეჭამა მისი კეთილისმყოფელი ყვავი. ესე არს ზნეობა ამა
არაკისა: ვინაც უღალატა თავის ჯიშს, იგი მოიკლა, ხოლო ვინაც აღასრულა თავისი
ჯიში, იგი განამძლავრდა და აღზევდა. სწორედ შენ, ვახტანგ მეფე ხარ ყვავი იგი
უგუნური, რომელსაც შენი მამაპაპეული ქვეყანა დაგიტოვებია და მშველელად
სპარსელებს მოვლენიხარ, აწ დასუსტებულ შენსავე და შენებრ ქრისტიანთა მოსისხლე
მტრებს. შენც შეეყრები იმ ყვავისაებრ სიკვდილს, რამეთუ სპარსელები შენი
დახმარებით განძლიერდებიან თუ არა, შენვე შენს ქვეყანასთან ერთად ჩაგყლაპავენ.
ვახტანგს გულში მოხვდა ინდოელის ნათქვამი, მაგრამ თვითონაც უპასუხა:
შენ თვითონ ჰგავხარ უგუნურ თხუნელასო, რომლის „საყოფელი არს მიწასა
ქვეშე: და არა უწყის ბრწყინვალება მზისა და შუენიერება ველთა“. არცა ჰგონია, თუ
სადმე მიწისქვეშეთზე უკეთესი ცხოვრება და არც სურვილი აქვს ზესკნელიერი
112
სინათლისა ლა სიმშვენიერისა ხილვისა. „ეგრეთვე შენ ბრმა ხარ გონებისა თვალითა, და
ყრუ ხარ გონებისა ყურითა“. ამიტომ არ გესმის, რომ მე აქ მოვსულვარ არა სპარსთა
მეფის მსახურად, არამედ _______საქრისტიანოს სამსახურად და სადიდებლად. შენ არ იცი, რომ
„ბევრისა-ბევრული სული დახსნილ არს ჩემითა აქა მოსვლითა“. არც რა სპარსელთა
განძლიერება მაშინებს, რამეთუ „ძალითა შეწევნითა ქრისტესითა“ კვლავაც შევძლებთ
თავი დავიცვათ ყოველ მტერთა მიმძლავრებისგან, ისედაც „საძაგელ არს გონება შენი“,
რადგან შენ აქებ ქორსა ღადარსა (დაუნდობელსა), რომელმაც სიკეთისათვის ბოროტით
მიუზღა, ხოლო ჩვენ მზად ვართ ჩვენი კეთილისმყოფელისათვის საკუთარი სულიც
გავწიროთ, რამეთუ ამქვეყნად კაცთა ქება დავიმსახუროთ და იმქვეყნად საუკუნო
ცხოვრება ვპოვოთ.
სინდთა მეფე ცხენზე შეჯდა, საჭურველი შეისწორა და ვახტანგს ერთჯერ კიდევ
შეუძახა: რაკი აგრე რიგად გსურს უკვდავების სასუფეველი დაიმკვიდრო, მაგ ნატვრას
ახლავე აგისრულებო.
შეიბნენ მეფენი სინდთა და ქართველთა. კარგა ხანს შუბგაწვართულნი მრგვლივ
ურბენდნენ ნავარდს. მერე სანავარდო წრე გადალახა ვახტანგმა. გულდაგულ მიაშურა
მტერს. სინდელმა დრო ხელსაყრელად ჩათვალა და მთელის ძალით აძგერა შუბი.
გვერდით გაუხტა ვახტანგი. მარცხენა ფერდთან ჩაუქროლა ნაძგერებმა. ფიქრზე
უმალეს საპასუხო აძგერა და ბეჭი განუგმირა სინდთა მეფეს. ცხენიდან გარდააგდო,
თვითონაც გარდახდა, ფერხში ხელი დაავლო და დაითრია.
ასე თრევით მიაგდო თავისიანთა ბანაკში.
სიხარულით აღივსო სპარსთა ხელმწიფე. ახლა მას შეეძლო ტყვე გვირგვინოსანიც
მოეკლა და მისი სამფლობელოც საბოლოოდ დაემორჩილებინა.
მაგრამ ისევ ვახტანგმა არ დაანება პეროზს _ ტყვე მეფე გაათავისუფლე და
ხარკისა და მძევლების ჩამორთმევით დაკმაყოფილდიო.
პეროზი უნდა დათანხმებულიყო და დათანხმდა. სინდთა მეფე გაათავისუფლა,
ხარკი აიღო და ვახტანგს მიუძღვნა. ორი შვილიც მძევლებად ჩამოართვა პეროზმა
სინდთა მეფეს, სინდელი ქართველის ქველმოქმედებამ განაცვიფრა და „დაემოყვრა
ვახტანგს სიყვარულითა დიდითა“. ამის საფუძველიც ჰქონდა სინდთა მეფეს: იგი
ორჯერ იხსნა ვახტანგმა სიკვდილისაგან: პირველად თვითონ არ ინება
ძირსდაცემულის მოკვლა. მეორედ სპარსთა მეფის ხელისაგან დაიხსნა. ამიტომ მან
„უძღვნა ვახტანგს ძღვენი მიუწვდომლად დიდძალი“.
სპარსელები და ქართველები ინდოეთიდან წამოვიდნენ და აბაშეთს მიადგნენ. ეს
ქვეყანაც დაამარცხეს და დაიმორჩილეს.
ვახტანგის გამომგზავრების დღე დადგა. პეროზმა წამოსვლის წინ ცოლისძმას
შეჰბედა: ქვრივი ხარ და ისევ ჩვენი საგვარეულოდან შეირთეო ცოლი. ვახტანგმა
მაშინვე შორს დაიჭირა: მე უკვე მყავს ცოლი, კეისრის ასული, და ორი ცოლის ყოლა
ჩემი ადათით ყოვლად შეუძლებელიაო.
ეს სთქვა და მაშინვე, კონსტანტინოპოლისკენ სამგზავროდ გამზადებულ ლეონ
ანთიპატოსს თავისი მოციქულებიც წარატანა კეისრის ასულის ჩამოსაყვანად.
მოციქულები იყვნენ: არტავაზ, ნასარ, ბივრიტიან.
დაბრუნება გორგასალისა
113
სამშობლოში ბრუნდებოდა ვახტანგ გორგასალი.
ბევრი საფიქრალი და საზრუნავი გასჩენოდა ქართველთა მეუფეს.
სინდთა მეფის არაკი ისევ უღრღნიდა გულს.
დიდი იყო მისი სახელმწიფო, ვრცელი, მძლავრი და ბრწყინვალე, მაგრამ ბევრი
სისუსტეც შინაგანად თან ახლდა გარეგნულად მბრწყინავ ბუმბერაზს.
წარჩინებულნი, აზნაურნი ავიწროებდნენ „წვრილ ერს“.
ჯერ ვერ უბედავდნენ, მაგრამ ალმაცერი თვალით უცქერდნენ „ხალხის მეფის
სახალხო საქმეებს“.
წარმართობაც ჯერ კიდევ სრულიად არ აღმოფხვრილიყო ქართველთა სულში.
ქრისტიანული ეკლესიაც არ იყო მძლავრი საყრდენი მეფის უზენაესი
ხელისუფლებისა. ისიც ისევ და ისევ „წვრილი ერის“ მტანჯველი ძალა იყო
საქართველოში.
ახლაც ამაზე ფიქრობდა.
სადედოფლოს ჩამოყვანასთან ერთად, კონსტანტინოპოლში გაგზავნილ
მოციქულებს ევალებოდათ საქართველოში ჩამოეყვანათ ვახტანგისთვის უკვე პირადად
ცნობილი პეტრე, სამოელი და კიდევ თერთმეტი სხვა სამღვდელო.
მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოში კათალიკოსობა შემოეღო. სწორედ
პირველ კათალიკოსად მას უნდა დაესვა პეტრე, ხოლო მცხეთის ეპისკოპოსად _
სამოელი. დანარჩენი თერთმეტი სამღვდელო აგრეთვე ეპისკოპოსებად უნდა
გამწესებულიყვნენ საქართველოს სხვადასხვა სამწყსოში.
კათალიკოსობის შემოღებას და ეპისკოპატის გადახალისებას უნდა
აღემაღლებინა ქართული ეკლესიის როლი და ავტორიტეტი მსოფლიო საქრისტიანოს
სარბიელზე.
ვახტანგმა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი რამ არ იცოდა: ბოროტსა და
ვერცხლისმოყვარე ანგარს, მიქაელ ეპისკოპოსს უკვე შეეტყო მეფის განზრახვა
ქართლად კათალიკოსობის შემოღებისა და კათალიკოსად პეტრე ბიზანტიელის წვევის
შესახებ. მიქაელი სიშმაგემ შეიპყრო და „იწყო რეცა ამბოხებად და მიზეზობად“.
მეფე ტფილისის ხეობაში შემოვიდა. სიამით ავსებული მზერით მოიხილა
ტფილისი, რომელიც რვა წლის წინათ აოხრებული, ახლა ხალხით ავსებულიყო და
უმშვენიერესი ქართული ეზო-მიდამოებით აყვავებულიყო.
ერთხელ კიდევ დარწმუნდა მეფე ტფილისის ადგილმდებარეობათა სამხედრო,
საპოლიტიკო, სამეურნეო და სააღებმიცემო მოხერხებულობაში.
გზა განაგრძო. დიღომი გაიარა. არმაზის ხევს დაუახლოვდა.
ბუკთა და ნაღარათა ხმა შემოესმა.
გული აუჩქროლდა გულუძვრელ ვაჟკაცს.
მცხეთიდან ბრწყინვალე ტაძრიონი მოეშურებოდა.
წინ თეთრ ტაიჭზე ამხედრებული ყმაწვილი მოუძღოდა, ახლად ტანაყრილი,
სავსებით პირტიტველი, ბავშვურად წვერგამო.
მეფის ძე დაჩი.
იგი ხუთი წლისა დატოვა ვახტანგმა. ახლა ცამეტი წლისა იქნებოდა დაჩი!..
მიეახლა გორგასალს ვაჟი გორგასალისა. ცხენიდან გარდახდა და მკერდში ჩაეკრა.
აღტაცებას ძლივს იფარავდა დინჯი ხელმწიფე.
წარსდგა და თაყვანი სცა ჯუანშერ სპასპეტმა. მთელი ტაძრიონი ეთაყვანა
სათაყვანო მეუფეს.
მერე მიქაელ ეპისკოპოსი გამოჩნდა სახედარზე ამხედრებული, ბერ-ფიჩოსანთა
ამალით.
114
მეფე მიუახლოვდა, რისხვით პირშეკრულ ბებერს.
კურთხევის ნაცვლად ეს რისხვეული სიტყვა შეაგება მეფეს:
„თურმე შენ ქრისტე დაგიტევებია და ცეცხლსა ესავ!“
ვახტანგმა მშვიდად უპასუხა:
„ძალითა ქრისტესითა შეველ და სიმართლით გამოველ ძალითავე ქრისტესითა,
და უბრალო ვარ, ღმერთმან იცის!“
„გარნა შენ გიბრძანებია მოყვანებად საბერძნეთიდან…“
ვახტანგმა გააწყვეტინა:
„დიახ, წარმივლენია მოციქული მოყვანებად კათალიკოსისა და ეპისკოპოსთა“.
„მაშინ, კრულ იყო შენცა და ყოველნი სპანი შენნი!“ _ გაბოროტებით იღრიალა
ეპისკოპოსმა.
ვახტანგი წამით რისხვამ აიტანა, მაგრამ ისევ მშვიდად მიუგო ბრაზით
დაპატარავებულ ბერიკაცს:
„დაღაცათუ უბრალო ვართ, სიმდაბლე ჯერ არს ჩვენგან“.
თქვა და ცხენიდან გარდახდა, წელში მოიდრიკა და ბრაზითა და ზიზღით
დაღრეჯილი პირი ეპისკოპოსის ფეხს მიუახლოვა ამბორსაყოფად.
და მოხდა ისეთი რამ, რაის მსგავსიც მანამდე და არც შემდგომ არასდროს
მომხდარა ქართველი ხალხის ისტორიაში.
მღვდელმა ფეხი მოიქნია და ფანდაკით (ქოშის ქუსლი) კბილებში სცა ერის
უპირველეს მეუფესა და გვირგვინოსანს.
წინა კბილი შეემუსრა და პირიდან სისხლი წარსდინდა ვახტანგს.
ეს საშინელი სისხლიანი აღნაბეჭდი სამარადჟამოდ წარუშლელად შერჩა
გეორგიადის ბრწყინვალე ფურცლებს.
გაოცებისგან გაირინდა ყველა და ყველაფერი.
ვახტანგი პირს იმშრალებდა და შეგრძნებული თვალით დასცქეროდა
სიკვდილისფრად გაფითრებულ და სავსებით დალეულ მუმია-ბებერს.
თითქოს ქერუბინი აპირებდა სატანის გაცამტვერებას.
მაინც დაიცხრო გულზვავიანობა დიდმა ხელმწიფემ და ისევ წყნარად თქვა:
„სილაღე ესე ამპარტავნებისა არს საცთური ეშმაკისა; უკეთუ ჩემი ცოდვების
სიმრავლემ აღგძრა, მაინც ნება არ გქონდა ესოდენი ბოროტებისა, არამედ ვალი გედვა
შენდობისა, ვითარცა იტყვის სახარება: „არა დაშრიტო პატრუკი მგზნებარე, არცა
გასტეხო ლერწამი დაჩეჩქვილი. ხოლო შენ ჰგონებ შენი სივერაგითა აგვაცდენ ქრისტეს
სიყვარულსა. შენი ბოროტება მაშინ გამოჩნდა ცხადად, რაჟამს შეიტყვე ქართლად
მოყვანება შენზე უმთავრესისა, კათალიკოსისა, და აღეგზენ შურითა ბოროტად,
ვითარცა იუდა პეტრესადმი. რამეთუ შენა ხარ ვითარცა იუდა, ხოლო ეკლესია _
ვითარცა პეტრე. შენ ვერცხლის მოყვარე ხარ და მეგუადრუცე (ფულის ყუთის
შემნახავი). აწ მიგავლინო შენ კონსტანტინოპოლს, პატრიარქთან და, ვითარცა ჯერ
იყოს, იმან განგიკითხოს“.
ეს ბრძანა მეფემ, დიასპანებიც იქვე გამოჰყო, მიქაელ ეპისკოპოსი გადასცა და
კონსტანტინოპოლისკენ გაუყენა. დიასპანებს ევალებოდათ გათავხედებული
ეპისკოპოსი ბიზანტიის პატრიარქთან დასასჯელად წარედგინათ და კათალიკოს
პეტრესა და სხვა ეპისკოპოსთა გამოგზავნა დაეჩქარებინათ.
ასეც მოხდა. საქართველოდან გაძევებულ მიქაელს კონსტანტინოპოლის
პატრიარქი აკაკი ძალიან მკაცრად შეხვდა და მკაცრადვე უთხრა:
„ვინათგან შენ მიერ დაითხია სისხლი, ღირსი აღარ ხარ ეპისკოპოსობისა;
მეფისადმი ესოდენი შეურაცხყოფის კადრებისათვის სიკვდილიც კი გეკუთვნის,
115
რამეთუ თქმულა: „დაემორჩილენით თქუენ მეფეთა, რამეთუ არა ცუდად ხრმალ აბიეს,
რამეთუ ღმრთისა მიერ მთავრობს, ვითარცა ლომი ცხოვართა შორის“.
აკაკის ბრძანებით მიქაელი კონსტანტინოპოლიდანაც გააძევეს და სადღაც შორს,
ე.წ. მღვიძარეთის მონასტერში მონაზვნად აღკვეცეს.
მერე აკაკიმ ანტიოქიის პატრიარქს შეატყობინა „დიდისა ვახტანგ მეფისა დიდი
საქმენი“ და თხოვნა საქართველოს კათალიკოსისა და ეპისკოპოსთა ხელდასხმის
შესახებ. ანტიოქელმაც სიამოვნებით აღასრულა ეს საპატიო შუამდგომლობა.
კეისარმა ლეონ პირველმა ცამეტი საეკლესიო მოღვაწე და თავისი ასული ელენე
დიდძალი ძღვენითა და დიდი სამხედრო ამალით საქართველოსკენ გამოისტუმრა.
აღმშენებლობა გორგასალისა
ვახტანგ მეფე დიდი მშენებლობითი საქმიანობით იყო გართული. მან მცხეთაში,
ძველ, წმინდა ნინოსა და მირიან მეფისდროინდელი ხის ეკლესიის ადგილზე წამოიწყო
ქვის დიდი სიონის მშენებლობა. ეს იყო მცხეთის სახელოვანი სვეტიცხოვლის მეორე
ხუროთმოძღვრული გარდასახვა.
ახალ დიდ ქართულ ლავრაში ვახტანგმა დასვა პირველი კათალიკოსი პეტრე, მის
თანაშემწედ _ ეპისკოპოსი სამოელ.
აქვე მეფემ საქართველოს დედოფლის გვირგვინი თავზე დაადგა ახალ
თანამეცხედრეს, ელენეს, ბიზანტიის კეისრის ასულს.
იმავე ხანებში ვახტანგმა განასრულა თავისი ახალი რეზიდენცია უჯარმა,
რომელიც მან „აღაშენა ნაშენებითა უზომოთა“.
სიონის ლავრის გარდა, ვახტანგის ბრძანებით, მეთვალყურეობითა და
მონაწილეობით აშენდა საეპისკოპოსო ეკლესიები, ნიქოზს, ნინოწმინდას, ჭერემსა და
ჩელეთს.
სოფელ ტფილისთან, მეტეხის მაღლობზე, ნამგლის სახედ მოდრეკილ მტკვრის
მარცხენა ნაპირზე ვახტანგმა კიდევ ერთი ახალი ტაძარი აღაშენა.
სპარსთაგან მომძლავრება შორსმხედველ მეფეს მიანიშნებდა, მცხეთიდან
სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით გადაენაცვლებინა და აქაური ციხე-ქალაქების
გამაგრებასა და აშენებაზე ეზრუნა.
თვითონ ხშირად უჯარმაში იჯდა, მისი პირმშო და მემკვიდრე დაჩი ჭერემის,
ნეკრესისა და კამბეჩოვანის მთავარი ქალაქის, ხორნაბუჯის მფლობელად და
დამცველად იდგა.
ვახტანგ მეფის მთავარი ყურადღება მაინც ტფილისისკენ იყო მიპყრობილი.
ტფილისი საქართველოს ახალ, უფრო განსაკუთრებულ და აღმატებულ სატახტო
ქალაქად უნდა ქცეულიყო.
უმშვენიერესი ლეგენდაც დაიბადა ტფილისის ქალაქად აღშენებისა:
ერთხელ ვახტანგ გორგასალი თავისი ამალით სანადიროდ ბრძანებულა
ტფილისის უღრან ტყეში. ხოხობი აფრენიათ ანაზდად. მიმინო გამოადევნეს. ორივე
ფრინველი დაიკარგა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ წაადგნენ უცნაურ სურათს: მეტეხის
პირდაპირ, ნამგლის სახედ განდრეკილ მტკვრის მარჯვენა მხარეს, მიწის გულიდან
ამომდინარე წყაროში იპოვნეს ორივე ფრინველი. სწორედ ამ წყაროს სწორად
116
წამოსწევია მიმინო ხოხობს და ორივენი შიგ ჩაცვენილან, ჩამხრჩვალან და ჩახარშულან:
წყარო თბილი იყო, სურნელოვანი და ოხშივრიანი.
ვახტანგმა ტყეების გაჩეხვა და ქალაქის გაშენება ბრძანა.
სახელიც თვითონ დაუდგინა, „ტფილ“ წყაროთაგან გამომდინარე _ ტფილისი
(აქაურ სოფელსაც ხომ ძველთაგანვე ტფილისი ერქვა).
შენდებოდა ტფილისი, მეფის სასახლე, ციხესიმაგრე კალა, ახალი ტაძარი.
ხალხით ივსებოდა, იზრდებოდა და მდიდრდებოდა ახალი სატახტო.
საქართველოს მტრებს გულს ულახვრავდათ ტფილისის აღზევება.
მეტადრე სპარსელთ.
და სპარსელთა უერთგულეს საყრდენთ საქართველოში:
ქვემო ქართლის პიტიახშებს.
ვარსქენ და შუშანიკ
„… აღვივსენით მწუხარებითა და დიდითა
ტირილითა ვტიროდეთ გამწარებულნი…“
იაკობ ცურტაველი
გავიხსენოთ არშუშა პიტიახში, რომელიც სპარსეთის მეფის იეზდიგერდ II-ის
ბრძანებით, სხვა ქართველ, სომეხ და ალბანელ წარჩინებულებთან ერთად ქტესიფონს
ჩავიდა და იძულებით მაზდეიანობა მიიღო. შაჰმა არშუშა თავისთან მძევლად დაიტოვა,
ხოლო მის ნაცვლად ქვემო ქართლის პიტიახშად დანიშნა არშუშას ძე ვარსქენი, კაცი
ბუნებით გულბოროტი და ავზნიანი, მცხეთელ ხელმწიფეთა მოძულე და სპარსელ
დესპოტთა მლიქვნელ-მაამებელი.
ვარსქენს ცოლად ჰყავდა შუშანიკ, ასული სახელოვანი სომეხი მამულიშვილისა
და მხედართმთავრის, ვარდან მამიკონიანისა.
ოთხი შვილი ჰყავდათ ვარსქენსა და შუშანიკს _ სამი ვაჟი და ერთი ასული.
იყო შუშანიკ უკიდურესად მორწმუნე და მოთაყვანე ქრისტეს მოძღვრებისა,
აღსავსე სათნოებით, კდემით, სიკეთით, სისპეტაკით.
შეეძლო ბედნიერიც ყოფილიყო, გარნა მუდამჟამს აწუხებდა ქმრის თავკერძა
პატივმოყვარეობა, ჯერკვლიანი გულზვავიანობა, მერყევი სინდისი და სულიერი
სიყმილი.
ბოლოს მართლაც მოხდა ის, რაის შიშიც მუდამ ჰქონდა ქალს.
467 წელს ვარსქენ პიტიახში ცურტავიდან (ცურტავში ცხოვრობდა იგი ცოლ-
შვილით) ქტესიფონს ჩავიდა, შაჰინშაჰ პეროზს ეთაყვანა, თავი ქრისტიანობიდან
გადამდგარად და ოჯახიდან გაყრილად გამოაცხადა და მაზდეანობის მიღება ითხოვა.
თან აღთქმა დადო, ქრისტიანობიდან გადავაყენებო ჩემს ცოლ-შვილსაც, ხოლო
ყოველივე ამის სანაცვლოდ ვარსქენი პეროზისაგან ითხოვდა ცოლად მის ასულს.
პეროზ შაჰმა ძალიან გაიხარა დიდად სახელგანსმენილი ვახტანგ მეფის
მოძულისა და მოსისხარის ამნაირი გადაწყვეტილებით და თავისი ასულიც მაშინვე
მისცა ცოლად.
117
ამიერიდან სპარსეთის მბრძანებელს შეეძლო უფრო გულმყარად დაყრდნობოდა
საქართველოში ქართულობის ყველაზე ძლიერსა და აქტიურ მტერს,
ცეცხლთაყვანისმცემელ ვარსქენ პიტიახშს.
გამაზდეიანებული და შაჰინშაჰს დასიძევებული ვარსქენი ჰერეთის საზღვარს
უახლოვდებოდა.
ცურტავიც გამოჩნდა.
პიტიახშმა იფიქრა, საჭიროა ჩემს სამფლობელოში ხალხმა ორგულობა არ
შემიტყოსო და სასახლეში მსახური აფრინა ბრძანებით: ახლავე ჩემი ვაჟიშვილები,
აზნაურები და მსახურეულნი წინ შემომეგებონო.
შუშანიკი უთქმელადაც გრძნობდა, რაც უნდა მომხდარიყო და, როცა მსახური
შემოვიდა და ვარსქენის მოკითხვა გადასცა, პასუხად ეს უთხრა:
„უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ იგიც და შენცა, უკუეთუ
სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვა ეგე შენი შენადვე მოიქეცინ“.
მსახურს ენა ჩაუვარდა.
შუშანიკი მისდგა და აფიცა, სიმართლე მითხარ, რაც მოხდაო.
იმანაც ვეღარ გაუძლო და სიმართლე თქვა:
„ვარსქენ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი“.
როგორც კი ეს ჩაესმა, შუშანიკი ძირს დაეცა, თავი მიწას დაუშინა და ატირდა
მწარე ცრემლთა ღვრით. თან მოსთქვამდა:
„საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარყო ჭეშმარიტი ღმერთი და
აღიარა არტოშანი და შეერთო იგი უღმრთოთა“.
მერე ადგა, სახლიდან ოთხივე შვილი წაიყვანა, სოფლის ეკლესიაში მივიდა და
საკურთხეველთან ლოცვა აღავლინა. შვილებს ავედრებდა ღმერთს, _ შენი მოცემულნი
არიან და შენვე დაიფარეო.
მწუხრის ჟამის აღსრულების შემდეგ, შუშანიკმა სახლში დაბრუნების ნაცვლად,
იქვე ეკლესიის მახლობლად მივიწყებული სახლაკი რამე ნახა და შიგ განმარტოვდა
მწარე ნაღვლით და ცხარე ცრემლთა თხევით. „შევიდა მუნ შინა სიმწარითა სავსე და
მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა“.
გვიან ესტუმრა კარის მღვდელი იაკობ, მასთან ერთად გამოიტირა მისი
უბედურება. მერე უთხრა: დიდ ღვაწლად შესვლა გელის და ფრთხილად და მხნედ
იყავიო; შენი ჭირი ჩვენი ჭირიც არისო, რამეთუ შენ ჩვენთვის მარტო დედოფალი კი
არა, ჭეშმარიტი დედა იყავიო: „შრომაი შენი“ მე თვითონ უნდა აღვწეროო; ესეც
_______იცოდეთ, ვარსქენს „მწარე გონებაი“ აქვს და დიდ სატანჯველს შეგყრისო.
მშვიდად პასუხობდა შუშანიკ: მე ყველაფრისთვის, ყოველი სატანჯველისთვის
მზად ვარ; მირჩევნია მომკლას ვარსქენმა ვიდრე მე მის გზას შევუერთდე და სული ჩემი
წავიწყმიდოო.
მერე რომელიღაც სპარსელი მოვიდა, ვარსქენის მსახური და მსტოვარი. მოვიდა,
იქაურობა დასუნთქა და შუშანიკის სასმენად ნაძალადევი ტირილით დაიხარჯა: ეს
ბედნიერი ოჯახი როგორ გაუბედურდაო, სიხარული მწუხარებად როგორ
გარდაქცეულაო.
შუშანიკს არ გამოჰპარვია წარმართი აეშაგის მზაკვრული ზრახვანი და
„მოიზღუდა თავი მისი მტკიცედ“.
სამი დღის შემდგომ ვარსქენმაც მოაკითხა. კარებთან ის სპარსი მსტოვარი
დახვდა და ჩუმად უთხრა:
„მე ვითარ მიცნობიეს, ცოლი შენი განდგომილ არს შენგან. და მე გეტყვი შენ: ნუ
რას ფიცხელსა სიტყვასა ეტყვი მას, რამეთუ დედათა ბუნება იწრო არს“.
118
ვარსქენმა იმჯერად ვერ გაბედა ცოლთან შესვლა, ხოლო მომდევნო დილით
დაიბარა ხუცესი იაკობ, მასთან კიდევ სასახლის კარის მეორე მღვდელი და ორივეს
ნაძალადევი ხუმრობით უთხრა: თქვენ მე ნურც მერიდებით და ნურც გეძაგებითო.
„წარსწყმიდე თავი შენი და ჩუენცა წარგუწყმიდენ“, _ უპასუხეს სამღვდელოთა.
ვარსქენი მცირედ ჩაფიქრდა და თითქოს რაღაცნაირი გულმხურვალებით
შესძახა:
„რაისა ხელ-იწიფა ჩემ ზედა ცოლმან ჩემმან ესევითარისა საქმედ? აწ მივედით და
არქუთ, ვითარმედ: შენ ჩემი ხატი დაამხუ, და საგებელსა ჩემსა ნაცარი გარდაასხ, და
შენი ადგილი დაგიტევებიეს, და სხუად წარსრულ ხარ“.
აი, თურმე რას აუღელვებია ვარსქენ ერისთავი: ცოლმა ეს როგორ გამიბედა,
ვაჟკაცობა შემირცხვინა, სარეცელზე ლაფი დამისხა, ცოლქმრული სამკვიდრებელი
მიმიტოვა და სადღაც გაიქცაო.
მღვდლები შუშანიკთან მივიდნენ და ვარსქენის დანაბარები „ხატისა და
საგებლის ნაცარსხმისა“ მოახსენეს.
ამაზე შუშანიკმა „მისგან ლაფდასხმულ ქმარს“ ასე უპასუხა:
„არა თუ მე აღმემართა ხატი იგი და მემცა დავამხუ. ხოლო მამამან შენმან
აღჰმართნა სამარტვილენი და ეკლესიანი აღაშენნა და შენ მამისა შენისა საქმენი
განრჰყუნენ და სხუად გარდააქციენ კეთილნი მისნი. მამამან შენმან წმიდანი შემოიხუნა
სახიდ თვისა, ხოლო შენ დევნი შემოიხუენ. მან ღმერთი ცათაი და ქუეყანისაი აღიარა
და ჰრწმენა, ხოლო შენ ღმერთი ჭეშმარიტი უვარ-ჰყავ და ცეცხლსა თაყუანი-ეც, და
ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხგყავ. და თუ მრავალი
ტანჯვა მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა“.
ძლიერი იყო ქალის პასუხი: დაპირისპირება მამის (არშუშას) მამულიშვილურ-
სარწმუნოებრივი მოღვაწეობისა და შვილის (ვარსქენის) მოღალატურ-კარიერისტული
დაცემულობისა.
განრისხდა ვარსქენ „და იბდღუენდა მისთვის“.
მერე მან გაგზავნა ძმა ჯოჯიკ და რძალი, ცოლი ჯოჯიკისი. თან აახლა
ეპისკოპოსი აფოც.
ახალ „ელჩობას“ ასეთი მუქარა გააყოლა პიტიახშმა: ასე უთხარით, ადგეს და
მოვიდეს და ჭკუას მოეგოს, თორემ იცოდეს, თმებით მოვათრევო.
არც ჯოჯიკის, მისი ცოლისა და ეპისკოპოსის ხვეწნა-მუდარამ გაჭრა. შუშანიკი
კვლავ მტკიცედ უარობდა სასახლეში დაბრუნებას. ჩვენ თუ არ წამოგვყვები, სპარსელ
მსახურებს გამოგზავნის და ისინი წაგათრევენო, არ ეშვებოდა ჯოჯიკი. არც ამ მუქარას
შეუშინდა ქალი.
ისინი მაინც არ ეშვებოდნენ, ცრემლთა ფრქვევით ევედრებოდნენ, აფიცებდნენ
და უალერსებდნენ.
გატყდა შუშანიკ. დათანხმდა, თუმცა იცოდა, სასახლეში დაბრუნება სიკვდილის
გზაზე შედგომას ნიშნავდა.
და წავიდა სასახლედ.
მაგრამ არ შევიდა თავის გალიაკსა (სადედოფლო სანთიობოში), არამედ მცირე
სენაკში ჩაიკეტა, ზეცად ხელნი აღაპყრო და შესძახა: ამ ქვეყანაზე ჩემდა მოწყალედ არ
აღმოჩნდა არცა სამღვდელო, არც ერის კაცი, არამედ ყველამ ღვთის მტერი ვარსქენის
სასიკვდილოდ გამიმეტაო.
ორი დღის შემდგომ მოიჭრა „მგელი იგი“ ვარსქენი და პურად დაჯდა ძმასთან და
რძალთან ერთად. შუშანიკთან შევიდნენ ჯოჯიკ და ცოლი მისი და სთხოვეს
გამოსულიყო მათთან ინახად. უარობდა შუშანიკ, მაგრამ იძალეს და გამოიყვანეს.
119
იჯდა ტაბლასთან ერთი კვირის ნაშიმშილევი ქალი და ლუკმას პირს არ
აკარებდა.
ადგა ჯოჯიკის ცოლი, ჭიქა ღვინო აიღო და მიაძალა შილს.
გარისხდა შუშანიკი.
„ოდეს ყოფილა აქამომდე, კაცთა და ქალთა ერთად ეჭამათ პური?“ _ შესძახა,
ხელი აუკრა, ჭიქა შეალეწა და ღვინოც შეანთხია.
ცოფიანად წამოიჭრა ვარსქენი, გაუგონარი ლანძღვა-გინებით მივარდა ცოლს,
ძირს დასცა და ფეხებით შესდგა. დიდხანს სცემდა და სთელავდა: მერე „აღიღო ასტამი
და უხეთქნა მას თავსა, და ჩაჰფლა, და თუალი ერთი დაუბუშტა; და მჯიღითა სცემდა
პირსა მისსა უწყალოდ და თმითა მიმოათრევდა, ვითარცა მხეცი მძვინვარე ყიოდა და
იზახდა ვითარცა ცოფი“.
შუა ჩავარდა ჯოჯიკ, იმასაც მოხვდა გამხეცებული ძმისგან. მაგრამ ბოლოს,
როგორც იქნა, ხელიდან გამოგლიჯა შუშანიკ, „ვითარცა კრავი მგელსა“.
და „ვითარცა მკუდარი იწვა წმიდაი შუშანიკ ქუეყანასა ზედა“.
მაინც არ ცხრებოდა ვარსქენი. კვლავ უშვერად ილანძღებოდა და იმუქრებოდა.
მერე ბრძანა, ბორკილებით შეეკრათ სიკვდილად მიგდებული ქალი.
სპარსელი მსახურებიც კი შეაძრწუნა ერისთავის სისასტიკემ და გულქვაობამ.
ერთი მათგანი, როცა შეატყო ვარსქენმა რისხვა მცირედაც გაინელაო, მასთან მივიდა და
მხურვალედ ევედრა, ბორკილები მაინც ავხსნათო საწყალობელ ქალს.
თითქოს რაღაც შეისმინა ვარსქენმა, ბორკილები ახსნა, მაგრამ შუშანიკი სენაკში
შეაგდო, გუშაგი დაუყენა და მასთან შესვლა ყველას აუკრძალა.
სისხამზე ადგა. გუშაგად მდგარ მსახურთან მივიდა და ჩუმად ჰკითხა, როგორ
არისო, ან წყლულები როგორ აქვსო.
ვერ გადარჩებაო, უპასუხა მსახურმა.
მაშინ თვითონ შევიდა ვარსქენი შუშანიკთან.
უძრავად იწვა შუშანიკ, ვითარცა მკვდარი.
ერთ ხანს დასცქეროდა ვარსქენი ერთიან წყლულად ქცეულ სახეს ქალისას.
მერე გამოვიდა და მსახურს უბრძანა:
„ნუმცა ვინ შევალს ხილვად მისა“.
სთქვა და წავიდა… სანადიროდ!
საღამო ხანს იაკობ ხუცესი მივიდა, გუშაგი არ უშვებდა, მაგრამ იძალა და შევიდა.
ნახა შუშანიკი სახედალეწილი და გასივებული.
თავი ვერ შეიმაგრა იაკობმა და ხმამაღლა ატირდა.
შეიძრა შუშანიკ და ძლივს ამოიკვნესა:
„ნუ სტირი ჩემთვის, რამეთუ ღამე ესე დასაბამ გახდა სიხარულისა ჩემისა“.
„მიბრძანე და მოგბანო სისხლი ეგე პირსა შენსა და ნაცარი, რომელი თუალთა
შენთა შთაცვენილ არს, და სალბუნი და წამალი დაგდვა, რაითა, ჰე, ღამე განიკურნო!“ _
მიეძალა იაკობი.
„ხუცეს, მაგას ნუ იტყვი, რამეთუ სისხლი ესე გამწმენდელ არს ცოდვათა ჩემთა“, _
კვნესოდა ქალი.
მაინც არ ეშვებოდა იაკობი. ახლა მცირეოდენ საჭმელსაც აძალებდა. არ
შემიძლიაო, ძლივს აგებინებდა ქალი. დალეწილი მაქვსო კბილნი და ყბანი. მაშინ ღვინო
აიღო იაკობმა, პური ჩაალბო და რამდენიმე ნამცეცი და წვეთი ჩააწურა პირში.
გვიან იყო. ყოველ წუთს შეიძლებოდა „__________იმა მგლის“ მოსვლა. შუშანიკმაც შენიშნა,
იაკობი ჩქარობდა. თვითონაც ააჩქარა სათქმელი: სამკაულები, რომლებიც მე მისგან
მაქვს, იქნებ მოითხოვოს და წაუღე, სულ ერთია, მე მაინც აღარაფრად მჭირდებაო.
120
ნუ ჩქარობ, ჯერ შენთან იყოსო ეგ სამკაულები, უპასუხა ხუცესმა. ამ დროს
სასახლიდან ერთი ყმა მოვიდა და იაკობს უთხრა, პიტიახში გეძახისო.
იაკობიც გამოცხადდა. ვარსქენმა უთხრა: გეცოდინება, ჰუნებთან საომრად
მივდივარ და არ მინდა იმას ჩემი სამკაულები დავუტოვო, რადგან ჩემი ცოლი აღარ
არისო; მიდი, გამოართვი და მომიტანე ყველაფერი, რაც ჩემგან აქვსო.
იაკობი შუშანიკთან შებრუნდა და დანაბარები მოახსენა.
ძალიან გაიხარა შუშანიკმა, ღმერთს მადლობა შესწირა, ბეჭდები, ყელსაბამი და
სამაჯურები აიხსნა და ყველაფერი იაკობს ჩააბარა. იმანაც პიტიახშს გადასცა.
ვარსქენმა გულდასმით დაათვალიერა, დათვალა და დაცინვით თქვა: დაე, ესენი
იმან იპოვნოს, ვინაც დაიმშვენოსო.
დიდმარხვის დღეები მოახლოვდა. შუშანიკი ისევ წავიდა სასახლიდან სოფლად.
მივიდა ეკლესიის მახლობელ ყრუ და ბნელ სენაკში და იქ დაეყუდა ლოცვად, მარხვად
და ტირილად.
პიტიახში ბრძოლის ველიდან დაბრუნდა.
ვიღაც ახლობელმა სიტყვა დაასწრო: ამ წმინდა მარხვათა ჟამს ნურაფერს ეტყვიო
შუშანიკს. გარნა ვის რას დაუჯერებდა „გულათხრილი ეშმაკისაგან?“
აღვსების ორშაბათი იყო. ვარსქენი ეკლესიად მივიდა. ესპიკოპოს აფოცს მიუხტა
და შეუღრინა:
„გამომეც ცოლი ჩემი, რად განმაშორებ ჩემგან?“
პასუხიც არ დააცალა, მოსდგა და უშვერი გინებით აგინა ღმერთსაც და მის
მქადაგებელ ეპისკოპოსსაც.
იქ დამსწრე მღვდელთაგან რომელიღაცამ ვერ მოითმინა და მისი შეკავება სცადა.
როგორ თუ ეს გამიბედეო და იმ „თავხედ“ ხუცესს პიტიახშმა კვერთხი მთელის
ძალით „უხეთქნა“ ზურგში.
გამოტრიალდა და გამძვინვებული შეიჭრა შუშანიკის სენაკში.
ეძგერა, დასცა და თმებით დაითრია.
ეკლესიიდან სასახლემდე მიათრევდა.
მიათრევდა ხან თმებით, ხან ფეხებით.
მიათრევდა მიწაზე, ხმელზე, ტალახზე, გოროხზე.
მიათრევდა ძეძვზე, ნარზე, ეკალზე, ბარდზე, ღობეზე, ყორეზე.
იფლითებოდა მისი სხეული და „ხორცნი წულილ-წულილად დაებძარნეს ძეძუსა
მას“.
იფხრიწებოდა მისი თავსამშვენი კუბასტი (ლეჩაქი) და ნაკუწებად ეფინებოდა
ღობე-ყორეს.
იწიწკნებოდა მისი თმა და იფანტებოდა მიწად და ზეცად.
მიათრევდა და ჩაბღაოდა: აბა, ვნახოთ, რას გიშველისო ეგ შენი უფალი ქრისტე!
მიათრია სასახლეში.
კიდევ სამჯერ დაჰკრა არგანი.
ტკივილის შეგრძნება დაჰკარგოდა სხეულს, რამეთუ მასში მდგარ სულს არც
ერთი კვნესა, არც ერთი გმინვა არ წასცდენია.
მკვდარი ეგონათ სავსებით სისხლიანი უძრავი სხეული ქალისა.
და უცებ მოესმათ „მკვდრის“ მშვიდი ხმა:
„უბადოო (უბედურო), შენ შენი თავიც ვერ შეგიწყალებია, როცა ჭეშმარიტ
ღმერთს გადაუდექ, და მე შემიწყალებ?“
ცოცხალი ყოფილა!
121
სიშლეგით ჭკუიდან გადასული პიტიახშის ბრძანებით, ჯერ ისევ სულდგმულ
მკვდარს ქალურ ქედზე უმძიმესი ჯაჭვი დაადეს, სენაკაპანს (სენაკის მცველს) ჩააბარეს
ბნელ სენაკში ჩასაგდებად, რამეთუ, ბოლოს და ბოლოს, იქ „მოკუდეს“.
სასახლიდან გამოიყვანეს ბორკილებით დატვირთული დედოფალი.
აუარებელი ხალხი მისწყვეტოდა სასახლეს.
კრინტის დაძვრაც არავის უცდია.
მხოლოდ ერთი დიაკვანი მიუახლოვდა. უნდოდა გასამხნევებლად ეთქვა:
„მტკიცედ დეგ!“ მაგრამ პიტიახშის რისხვეულმა მზერამ შეაწყვეტინა; მხოლოდ
„მტკი,,,“ მოასწრო, ენა ჩაიწყვიტა და ხალხში სასწრაფოდ გაუჩინარდა.
მოჰყავდათ შუშანიკ, ფეხშიშველი და თმააშლილი, სისხლდაქცეული და
ხორცდაშრეტილი.
მოდიოდა, წყლულიან ფეხებს ძლივს მოითრევდა.
წყლულიან ფერხთა კვალდაკვალ ვარსქენ პიტიახში მოსდევდა ცხენზე
ამხედრებული. მოსდევდა და „აგინებდა მრავლითა გინებითა“.
ხალხის უზარმაზარი ამბოხი (ბრბო) მისდევდა წამებულს. გარნა ვერავინ
ბედავდა უღონოქმნილს მხარში შესდგომოდა, ვერავინ ბედავდა ფეხშიშველისთვის
ხამლი მიეწოდებინა, ვერავინ ბედავდა „თმაგარდატევებულისთვის“ ლეჩაქის ფლასი
დაებურა.
მხოლოდ სტიროდა დედათა და მამათა ამბოხი; ტიროდნენ, მოსთქვამდნენ,
ღაწვებს იხოკდნენ, ცრემლის ღვარს ათხევდნენ.
უკუმოჰხედა შუშანიკმა ერსა მას და ჰრქუა მათ:
„ნუ სტირით, ძმანო ჩემნო, დანო ჩემნო, შვილნო ჩემნო, არამედ ლოცვასა
მომიხსენეთ, ამიერიდან მე განშორებულ ვარ თქვენგან, რამეთუ ვეღარ მიხილავთ ამ
ციხიდან ცოცხლად გამოსულს!“
უარესად იღრიალა ამბოხმა. მაშინ თვალი ალაგნა პიტიახშმა და მისი მსახურნი
მათრახებით და ცხენთა ძგერებით დაერივნენ ხალხს.
ხალხიც გაიფანტა.
ციხის ხიდზე შეაყენეს შუშანიკი და ერთჯერ კიდევ დაგესლა ვარსქენმა:
ახლა მანდ უკანასკნელად გაივლი ფერხითა შენითა, ხოლო მანდედან, რამეთუ
ცოცხალ ვეღარ გამოხვალ, ოთხმან კაცმან გამოგასვენოს.
ციხეში შეიყვანეს.
ვიწროსა და ბნელ სახლაკში შეაგდეს.
ქედს დადებული ჯაჭვი ვარსქენმა საკუთარი ბეჭდით დაბეჭდა.
მათი უკანასკნელი დიალოგი ეს იყო:
„მე ამას მხიარულ ვარ, რაითა აქა ვიტანჯო და მუნ განვისუენო!“ _ თქვა ქალმა.
„ჰე, ჰე, განისუენე!“ _ მიუგდო კაცმა.
გამოვიდა ვარსქენი, კარი გამოკეტა და გუშაგებს ამცნო: შუშანიკი სიყმილით
(შიმშილით) უნდა მოკვდეს!
თან დაემუქრა: გაფრთხილებთ, თუ ვინმე მასთან შევიდა, გინა მამაკაცი, გინა
დედაკაცი, ვერაფერი ვეღარ გიხსნით ცოლშვილიან-სახლკარიანად; იცოდეთ, რაც
დაგემართოთ, მე უბრალო ვიქნებიო.
თქვა და წამოვიდა.
მესამე კვირას მან ერთი მცველთაგანი მოიხმო და ჰკითხა, რას შვრება, მოკვდა თუ
მორჩაო.
უფალო, უფრო სიკვდილიაო საფიქრებელი, ვიდრე სიცოცხლე, რამეთუ არაფერს
იკარებსო საჭმელად, _ უპასუხა მცველმა.
122
„ნურარაი გგლიან, უტე, მოკუდეს (ნუ გენაღვლება, გაუშვი, მოკვდეს)“ _
ჯერკვლად დაბეჭდა პიტიახშმა.
იაკობ ხუცესმა მაინც მოახერხა შუშანიკთან შესვლა. რომელიღაც მცველთაგანს
ძვირფასი ნივთი აღუთქვა და იმანაც ერთჯერ, დაღამებისას, შეუშვა იგი წამებულის
სენაკში.
იაკობი გაოცებული დარჩა, როცა მან იხილა „ტარიგი (სამსხვერპლო კრავი) იგი
ქრისტესი შუენიერად ვითარცა სძალი“, თუმცა „საპატარძლო სამკაულებად“
ბორკილები ესხა შუშანიკს.
შვებით ატირებული დაემშვიდობა იაკობი სავსებით მშვიდსა და სულიერად
აღზევებულ ქალს.
მაზლი ჯოჯიკი არ დასწრებია შუშანიკის საპყრობილედ ჩაგდებას. როცა
ცურტავს მოვიდა და ყველაფერი შეიტყო, ჩორდში (დარუბანდი) გამგზავრებულ ძმას
წამოეწია და შეუჩნდა, ბორკილები მაინც მოაშორეო შუშანიკს. ვარსქენი არ თმობდა,
მაგრამ როცა ჯოჯიკი გაჯავრდა და გააფთრდა, იმანაც მცირეოდენი დათმო.
ჯოჯიკი თვითონ ეწვია წამებულ რძალს. თავისი ხელით აჰყარა ჯაჭვი კისრიდან,
ხოლო დანარჩენ ბორკილთა მოხსნა თვითონ შუშანიკმა არ ინება, _ დაე, ასე მქონდესო
სიკვდილამდე.
მეექვსე წელს ათევდა შუშანიკი ციხეში, „მარხვითა, მარადის მღვიძარებითა,
ზედგომითა, თაყუანისცემითა უწყინოდ და კითხვითა წიგნთაითა მოუწყინებლად
განაბრწყინა და განაშუენა ყოველი იგი ციხე სულიერითა მით ქნარითა“.
მთელს ქვეყანას მოედო შუშანიკის წამებისა და წმინდა ცხოვრების ამბავი.
ყოველის მხრიდან მოედინებოდა ხალხი მის სახილველად, საწირავ-საზორველად,
სამისნოდ და სამლოცველოდ.
მისი ლოცვა კურნება იყო სნეულთათვის, მისი სიტყვა სალბუნი იყო
ჩაგრულთათვის.
ერთ დღეს ახალი ზარსახდელი ამბავი შეატყობინეს შუშანიკს.
შენი შვილებიც მოგვებად (მაზდეანებად) მოაქციაო ვარსქენმა.
დიდხანს იტირა.
ეს იყო მისი უკანასკნელი ტირილი საგლოელი.
ცრემლისგან გაშრა.
შვილები მოვიდნენ, გარნა ვეღარ გაბედეს მასთან შესვლა.
აღარც თვითონ ახსენებდა მათ სახელს.
ამქვეყნიურთაგან ეს ერთადერთი სიხარულიც დააკარგვინა ურჯუკმა მიწიერმა.
ვარსქენმა უკანასკნელად მიუგზავნა მოციქულები.
ჩემს ნებას დაემორჩილე და სასახლეში მოდი, არ მოხვალ და ვირზე შეგსვამ და ან
ჩორდში გაგაგზავნი, ან ქტესიფონის კარზეო, უთვლიდა ცოლყოფილს.
ისევ მშვიდი იყო პასუხი შუშანიკისა: თუ გამგზავნი, ვინ იცის, იქნებ იქ ამ
ბოროტებაზე უკეთეს რასმე გადავეყაროო.
ვარსქენი დაფრთხა: ვაითუ მართლა მისი ვარაუდი გამართლდესო, იქნებ ვინმე
მთავართაგანს ცოლადაც გაჰყვესო.
პირი დაიხშო და ენა დაიდუმა.
გარნა ისევ მალე აიშალა და აათხრევინა გული სატანას.
ახლობელთაგან ერთი ძუძუმტე გამოარჩია და იმას დაავალა შუშანიკის მოყვანა
სასახლეში.
ახლა ეს კაცი მიადგა და უჩიჩინა შუშანიკს, სასახლეში წამოდი, ოჯახს ნუ
ანგრევო და სხვა მისთანანი.
123
ისევ და ისევ მიუვალი კლდე იყო შუშანიკი:
წადი და იმ უღმერთოს მოაგონე მისივე ნაბრძანები, _ შენ მაგ ციხიდან ცოცხალი
ფეხით ვერ გამოხვალო; მე ხომ მისგან მკვდარი ვარ, ხოლო თუ მას მკვდრის აღდგინება
შეუძლია, წავიდეს და დედამისი აღადგინოსო.
როცა ბოლო მოციქულმა ვარსქენს შუშანიკის პასუხი მოუტანა, ექვსი წლის
წინანდელი ნათქვამი გაიხსენა და მძიმედ ჩაილაპარაკა: ნამდვილად მაქვს ეგ
ნათქვამიო.
ექვსი წელი იწურებოდა შუშანიკის ბორკილდებული პატიმრობიდან.
ექვსი წელი საკუთრივ ტანჯა სხვისგან უღვთოდ ტანჯული სხეული.
მხოლოდ ლოცვად, მარხვად და კითხვად მდგარი, უძილარი და დაუჯდომელ-
დაუწოლელი, მხოლოდ _______ფხლის წვენს სვამდა და „პურის გემოი არა იხილოს“. მისი
სასთუმალი იყო აგური.
მისი საგებელი იყო ძველი გირჯაკი (ნაბადი) და კილიკი (ბალნიანი ტყავის
ფლასი), წვირიანი და მკბენარით სავსე.
არა მხოლოდ ჯეკმა (მეტისმეტი, დაუზოგავი) თვითგვემა, არამედ გარესამყაროც
მტერი იყო შუშანიკისა;
„ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი იგი მხურვალებაი მზისაი, ქარნი
ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი, რომლისა მკვიდრნიცა მის ადგილისანი სავსენი
სენითა, წყლითა განსივებულნი და განყვითლებულნი, დაწერტილნი და დამჭნარნი და
დამღიერებულნი, ჩარადოვანნი, პირმსივანნი და დღემოკლედ ცხორებულნი; და
მოხუცებულ არავინ არს მათ ქუეყანათა. და ესეთსა მას ციხესა შინა ექუს წელ პყრობილ
იყო და მძიმეთა მათ საკრველთა შინა ადიდებდა ღმერთსა“.
და დასნეულებული შეხვდა ციხეპყრობილების მეშვიდე წელს.
„დადნა ვითარცა ავლი“.
დაუსივდა ფერხნი.
დაწყლულდა, დაჩირქდა და თხრამლი სდიოდა.
დაესია მატლები.
……………….
მოუხმო იაკობ ხუცესს.
ატირდა იაკობი, ოდეს იხილა მატლდასხმული მისი სხეული.
დაამშვიდა შუშანიკმა: ნუ გემძიმებაო ჩემთვის ეგ მატლი, რამეთუ იგი
უკვდავებას მანიჭებსო მე. არ მწუხარებდეო მატლთათვის, რამეთუ ასეთად უკვდავების
მომნიჭებელ მატლთაგან შეჭმა ჯობს ჩვეულებრივი, ყოველ კაცთა შემჭმელ მატლთაგან
შეჭმას.
ისევ ატირდა იაკობი: შე უბედოო, საგვემელად ძაძის ტარები არ გეყოფოდა,
მატლთა დასევით რომ მხიარულობ?
შეკრთა შუშანიკ. იაკობ ხუცესს საიდუმლო სცოდნია მისი: დედოფალი ძვირფას
ანტიოქურ ოქრონემსულ სადედოფლო სამოსელს შიგნით გაუხდელად ატარებდა შავი
ძაძის კვართს.
და ქენებით (მუდარით) უთხრა იაკობს: ნურვისთან იტყვი ჩემს მარადიულ ძაძის
სამოსზე, რამეთუ სულმან ჩემმან მალე უნდა დატოვოს უბადრუკი სხეული ჩემი.
……………….
უკანასკნელად მიიღო ჯოჯიკი და მისი ცოლ-შვილი.
დალოცვა და ცოდვათა განტევება თხოვეს.
იმანაც დალოცა და განუტევა ცოდვანი მათნი.
ამბობდა შუშანიკ:
124
„ღმერთმან მიგიტევენინ, რომელ რაი-იგი ჰყავთ… ესე ყოველი ცხორებაი,
ვითარცა ყუავილი ველთაი წარმავალ არს და დაუდგომელ. და ვინ სთესა _ მოიმკო და
ვინ განაბნია გლახაკთათვის _ შეიკრიბა, და რომელმან წარიწყმიდოს თავი თვისი, მან
პოოს იგი, რომელმან ადიდა იგი“.
……………….
უკანასკნელად ახსენა ვარსქენი, ახსენა უდიდესი ბრალდებით, ახსენა სიტყვითა
უბრწყინვალესითა:
„განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ, სადა-იგი არა არს თუალღებაი წინაშე
მსაჯულისა მის მსაჯულთაისა და მეუფისა მის მეუფეთაÎსა, სადა არა არს რჩევაი
მამაკაცისა და დედაკაცისაი, სადა მე და მან სწორი სიტყუაი ვთქუათ წინაშე უფლისა
ჩუენისა, იესუ ქრისტეისა; მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი
მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო. შუენირებაი
სიკეთისა ჩემისაი დააბნელა და დიდებაი ჩემი დაამდაბლა. და ღმერთმან საჯოს მის
შორის და ჩემ შორის. ხოლო მე აწ ამას ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ ტანჯვითა მისითა
მე ლხინებაი ვპოო, და გუემათა და თრევათა მისთათვის მე განსუენებასა მივემთხვიო,
და უგულისხმოებისა და უწყალოებისა მისისათვის მე წყალობასა მოველი იესუ
ქრისტეის მიერ, უფლისა ჩემისა“.
……………….
უკანასკნელად მოვიდნენ მასთან მთავარეპისკოპოსი სამოელ და ეპისკოპოსი
იოანე, გაოცებულნი და აღტაცებულნი მისი საარაკო გმირობისაგან.
მათ მოჰყვნენ „აზნაურნი დიდ-დიდნი, და ზეპურნი დედანი, აზნაურნი და
უაზნონი სოფლისა ქართლისანი“.
მუხლს იყრიდნენ საოცარი ქალის წინაშე, ლოცულობდნენ, კურთხევას
სთხოვდნენ და ცრემლთა თხევით ევედრებოდნენ, რამეთუ ნება დართოს მისი
ნაფერხალი ბორკილები იქნენ ყველასათვის ნაკურთხევ საღვთო და სათაყვანო წმიდა
ნივთებად.
მე არა ვარო ამისი ღირსი, ამშვიდებდა ხალხს შუშანიკი, ხოლო თქვენთვის, რაკი
მე არარაის შემძლებელი ვარ, „ყოვლად სავსემან ქრისტემან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა
კეთილითა, რომელნი _ ესე ჩემთვის მოშუერით და ეზიარენით ვნებათა ამათ ჩემთა და
ჭირთა და ტანჯვათა“.
ხალხსაც დაემშვიდობა. ხალხიც წავიდა მისი საპატიმრო სავანიდან.
……………….
უკანასკნელად მოუწოდა ეპისკოპოს აფოცს და ხუცეს იაკობს. მადლობა მოახსენა
მათ მოწლეობისათვის (გულშემატკივრობისათვის) და უმძიმეს ჭირთაშიგან
თანადგომისათვის.
მერე სთხოვა მათ, ნეშთი ჩემთა ძვალთა იმ სოფლის ეკლესიაში დაკრძალეთო,
საიდანაც პირველად გამომათრიესო…
ამას ამბობდა და უკვე სიკვდილთან წილნაყარი იყო.
„კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ მშვიდობით მას ზედა დავწევ და
დავიძინე“.
ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო.
უკვე სიკვდილის საუფლოში ესვენა შუშანიკ.
……………….
იაკობ ხუცესმა აღასრულა თავისი დანაპირები: უმაღლესი ლიტერატურული
სიმშვენიერით დაწერა „წამება წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაი“.
ღალატიანი ბრძოლა
125
უნდა დასჯილიყო ვარსქენ პიტიახშიც.
ეს აუცილებელი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ვარსქენი ერთადერთი ცოდვილი არ
ყოფილა მაშინდელ კავკასიაში. იგი მხოლოდ მაგალითი იყო იმდროინდელი
ვარსქენებისა. მისებრ ქვეყნისა და სჯულის გამყიდველი ფეოდალებისა, რომლებიც
საკმარისად იპოებოდნენ საქართველოშიც, სომხეთშიც, ალბანეთშიც (ისე როგორც
ყოველთვის ყველა ფეოდალურ ქვეყანაში).
მაშ, ვარსქენი უნდა დასჯილიყო სამაგალითოდ.
ხოლო იგი უნდა დაესაჯა ვახტანგ გორგასალს, იმდროინდელი კავკასიის
მოწინავე ძალთა მთავარ გმირს, რომელიც მოღალატე ერისთავის უშუალო მეუფეც იყო.
გორგასალმაც მოიქნია თემიდას მახვილი.
ვარსქენ პიტიახში შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა.
დასაჯა და მაშინვე საომარ სამზადისს შეუდგა, რადგან იცოდა, ვარსქენ
პიტიახშის მოკვლა ომში სპარსეთის გამოწვევას ნიშნავდა.
ვახტანგმა შიკრიკები აფრინა ჩრდილოეთში და დახმარება სთხოვა ჰუნებს,
რომლებმაც თავის მხრივ სპარსელთა წინააღმდეგ ქართველებთან ერთად ლაშქრობაზე
თანხმობა განაცხადეს.
კონსტანტინოპოლიდანაც იმედიანი პასუხი მოვიდა.
ქართველებთან შესაერთებლად ემზადებოდნენ ალბანელები.
სომხებიც აწვია საომრად ვახტანგმა. ქართველთა მეზობლები და მოძმენი
აღფრთოვანებით გამოეხმაურნენ გორგასალის მოწოდებას. ისინი უძლეველ ქართველ
ხელმწიფეს ალექსანდრე მაკედონელს ადარებდნენ, ამიერკავკასიის ხალხთა
გამათავისუფლებლად თვლიდნენ და მუდამ დიდი იმედის თვალით შესცქეროდნენ.
სომეხთა საომარ სამზადისს სათავეში ჩაუდგა გამოჩენილი სარდალი ვაჰან
მამიკონიანი.
მაგრამ ეს დიდებული წამოწყება დასაწყისშივე დაღუპეს მოღალატეებმა. ერთმა
სომეხმა ნახარარმა ქართველთა და სომეხთა საომარი სამზადისი სასწრაფოდ
შეატყობინა სპარსეთს.
პეროზ შაჰმა უზარმაზარი სპარსული ურდოები გადმოისროლა საქართველოსკენ,
მიჰრან-შაბურის სარდლობით.
მტკვრის ხეობა ირანელებით აივსო.
ვახტანგ მეფემ თავისი მცირერიცხოვანი ჯარები ქვემო ქართლის მთებში
ჩაასაფრა და კვლავ აწვია შესაერთებლად ვაჰან მამიკონიანი. სომხებიც დაიძრნენ
ქართველებთან შესაერთებლად.
შვიდი დღის განმავლობაში ვახტანგი ამაოდ უცდიდა მაშველ ძალებს
ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. არც ჰუნები ჩანდნენ, არც ბიზანტიელები.
სომხები კი მოვიდნენ და ქართველებს შეუერთდნენ.
ვახტანგმა ჰუნებისა და ბიზანტიელების ამაო ცდას თავი მიანება. მთებიდან
დაეშვა და მტრის პირისპირ დასცა ბანაკი.
ბრძოლის წინა დღეს სომეხმა ნახარარებმა თავიანთი ჯარებით სომეხ-
ქართველთა ბანაკი მიატოვეს და სპარსელთა სარდალს ჩაბარდნენ.
გორგასალი შეთხელებული ჯარით შეება რიცხობრივად ისედაც უპირატეს
მოწინააღმდეგეს.
გამარჯვებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა არც ჯარის სიმამაცე, არც
გორგასალის დანახვაზე სპარსელ მეომართა შეშფოთებული შეძახილები;
126
„დურ აზ გორგასარ“ _ „მოერიდეთ თავსა მგლისასა!“
სომეხთა ჯარი სომხეთისაკენ გაბრუნდა.
ქართველები ქართულ სამანებს ჩაეჭიდნენ.
პეროზის სარდალმა ჰაზარავუხტმა სომხეთის ციხე-ქალაქებში სპარსული
ციხიონები ჩააყენა. მერე შაჰინშაჰის ბრძანება მიიღო, სომხეთში მიჰრან-შაბური დატოვე
და შენ შენის ჯარებით საქართველოსკენ გაეშურე და ვახტანგ მეფე ან მკვდარი, ან
ცოცხალი აქ მომგვარეო.
წამოვიდა ჰაზარავუხტი.
შეეგება და შეება გორგასალი.
გარნა საქართველოში არ ილეოდნენ ვარსქენები.
კვლავ უღალატეს „ხალხოსან მეფეს“ დიდებულებმა.
ისევ ამაო აღმოჩნდა გასაოცარი შემმართებულობა მეფისა და „მისი ხალხისა“…
ვახტანგ მეფე ეგრისისაკენ მიაქროლებდა ცხენს.
სინდთა მეფისგან თქმული არაკი უსერავდა ბოღმით აღვსილ გულს.
ღალატიანი აღსასრული
ჰაზარავუხტი დაბნეული შებრუნდა კარავში. მან არ იცოდა, სძლია თუ არა
„მგელთავა მეფეს“.
ნაომარი ველი სპარსელთა გვამებით იყო დარეცილი.
ვახტანგ მეფე ბრძოლის სასწორის შექანებამდე გაშორდა ჭიდილს.
ალბათ ახალ საომარ ძალთა შესაკრებად მიეშურებოდა, ან იქნებ სადმე
ჩასაფრებულ მარქაფ ჯარებს მოუძღვის მეფე?!
და უცებ ქტესიფონიდან მოულოდნელი ამბავი მოიტანეს მალემსრბოლებმა:
ჰუნებთან ბრძოლაში დაღუპულა შაჰინშაჰ პეროზ. გვამიც ვეღარ ეპოვნათ მისი.
ჰაზარავუხტმა ჯარები სასწრაფოდ აჰყარა და სპარსეთის სატახტოსაკენ გაქუსლა.
ვახტანგი ახალი ჯარით მოვიდა ეგრისიდან.
მტერმა გაასწრო განადგურებას.
სპარსეთში გამეფდა პეროზის ძმა ბალაშ (484-488წწ.).
ვახტანგ გორგასალმა სავსებით აღიდგინა პირველობა წინა აზიაში.
სპარსელებმა ბალაში ტახტიდან ჩამოაგდეს და გაამეფეს პეროზის ვაჟი კავადი
(488-531წწ.).
კავადის დროს სპარსელებს ახალი მოძღვარი გამოუჩნდათ, მაზდაკი, რომელიც
მიწისქვეშა ხვრელში დამჯდარიყო, ცეცხლი დაეგზნო და მასთან პირისპირ საუბარში
ქადაგებდა სიყვარულს, მშვიდობას და თანასწორობას კაცთა შორის. იგი ბრძოლას
უცხადებდა კერძო საკუთრებას, ვითარცა ადამიანებში სიძულვილისა და მტრობის
წყაროს. იგი ყოველგვარი საკუთრებისა და მათ შორის ცოლების, გაერთიანებასაც კი
მოითხოვდა.
მაზდაკიზმი უპირველეს ყოვლისა წარჩინებულ, ქონებრივად გაზულუქებულ
ფეოდალებს უპირისპირდებოდა, ამიტომ სწორედ ურჩი დიდკაცობის დასათრგუნავად
კავადი მაზდაკს მიემხრო. საპასუხოდ, სპარსელი დიდებულები შეითქვნენ, კავადი
შეიპყრეს და ციხეში ჩააგდეს, ხოლო მის ადგილზე მეფედ მისი ძმა ჯამასპი (496-498წწ.)
დასვეს. ჯამასპმა მაზდაკიზმს ბრძოლა გამოუცხადა.
127
კავადმა მაინც დაიხსნა თავი. მისმა ლამაზმა ცოლმა ასპევადამ (რომელიც იმავე
დროს მისი დაი იყო) ქმრის ნებართვით ციხის უფროსი მოხიბლა და დანებდა.
სამაგიეროდ ქმარი ციხიდან გამოუშვა. კავადი ჰუნებთან გაიქცა. მათი მეფის ასული
მეორე ცოლად შეირთო, ჰუნების ჯარით სპარსეთს დაბრუნდა და სამეფო ისევ
დაიბრუნა (498-531წწ.). მეფედყოფილ ძმას, ჯამასპს, თვალები დათხარა, დანარჩენ
მოწინააღმდეგეებს თავები დააყრევინა.
კავადი ჰუნებთან ვალში იყო. სამხედრო დახმარებისათვის ფული უნდა
გადაეხადა ჰუნთა ხელმწიფისათვის. ხოლო, ხანგრძლივი ომების და შინაურ
აშლილობათა წყალობით, ქტესიფონის სახელმწიფო ხაზინა დაცარიელებული იყო.
მაშინ კავადმა ბიზანტიის მაშინდელ იმპერატორს ანასტასის (491-518წწ.)
ფულადი სესხი სთხოვა. ანასტასიმ უარი შემოუთვალა. უარი და შერცხვენა აგრე ან
უნდაო და სპარსეთის მეფემ ბიზანტიას ომი გამოუცხადა (502წ.).
ვახტანგ მეფე ტფილისს იდგა. ახალი სატახტოს მშენებლობას მისცემოდა
თავდავიწყებით.
და მოვიდა მოციქული ქტესიფონიდან.
კავადი უთვლიდა ვახტანგს:
საბერძნეთს ვაპირებო გალაშქრებას, მაგრამ წინასწარ ჩემმა აქაურმა ბრძენმა
მრჩეველებმა მირჩიეს, ვახტანგ გორგასალის გარეშე არ გაბედო ასეთი დიდი
წამოწყებაო. მათივე რჩევით მე უნდა მოვიდე შენთან, დავემორჩილო შენს ბრძანებას,
გამიძღვე წინ და შენის თავკაცობითვე შევიდეთ საბერძნეთად. თან გთხოვ, შენი ერთ-
ერთი ასული მომცეო ცოლად (ეს კავადის მესამე ცოლი უნდა ყოფილიყო), „რათა ვიყო
მე ვითარცა ერთი შვილთა შენთაგანი“.
მძიმედ ჩააფიქრა ვახტანგი სპარსელის გასაოცრად ცბიერმა შემონათვალმა.
ისევ დაუწვა გონება სინდთა მეფის არაკმა.
მერე მწარე ღიმილით თქვა:
„მჭედელო, გალესე მახვილი შენი, რათა მსწრაფლ განეწონოს ასოთა შენთა“.
ეს თქვა, სპარსელს მიუბრუნდა და მკაცრად უთხრა:
„უთხარ მეფესა შენსა: პირველად განემზადე ბრძოლად ჩვენდა და ეგრე შევედ
საბერძნეთად“.
ასეთი პასუხი ირჩია _ მახვილივით პირდაპირი და განუდრეკელი, სპარსელის
იქედნურად ცბიერისა და ღრიანკალივით დაგრეხილ-დამანჭული სამოციქულოს
საპირისპიროდ.
მაშინვე საომარ სამზადისს შეუდგა.
სამოცი წლის ასაკში მდგარმა მეფემ იცოდა, ეს იქნებოდა უკანასკნელი
გადამწყვეტი ბრძოლა: ან სპარსელებს უნდა აეღოთ სამუდამოდ ხელი საქართველოზე,
ან თვითონ უნდა შესწირვოდა მამულისათვის უკეთილშობილეს ბრძოლას.
სასწრაფოდ აფრინა მალემსრბოლნი, ლაშქარნი აწვია, ციხესიმაგრენი საომრად
განამზადა, სოფლებიდან და სუსტად გამაგრებულ ქალაქთაგან ხალხი კავკასიონის
მიუვალ მთებში და კახეთის უღრან ტყე-მაღნარებში გახიზნა.
დედოფალი ელენე უფლისწულებითა და სეფეწულებით უჯარმაში ჩადგა. მეფემ
აქვე დაიტოვა ჯუანშერ სპასპეტი და ადარნასე სამშვილდის ერისთავი.
უჯარმის მახლობლად, ნიქოზში, რაჟდენ პირველწამებულის ეკლესიასა და
ციხესიმაგრეში, დააბინავა პეტრე კათალიკოსი.
მცხეთა-არმაზისა და მისი შემოგარენის საპატრონოდ სამი ერისთავი გაგზავნა:
დემეტრე, ნერსე და ბივრიტიანი.
128
ვახტანგის მალემსრბოლი კონსტანტინოპოლისკენაც მიქროდა მაშველ ძალთა
ჩამოსაყვანად.
იმავე 502 წლის ზაფხულში სპარსელთა ურდო შემოესია ქართლს.
თვითონ შაჰინშაჰ კავადი და უფლისწული ბარტამი მოუძღოდნენ უთვალავ
მხედრობას.
კალიასავით შემოესივნენ ივრის ხეობას, რუსთავს და სამგორს.
ქართველთა ლაშქარიც მზად იყო საბრძოლველად… მტრის მხედრობაზე
ხუთჯერ უმცირესი.
მხოლოდ უზომო სიმამაცეს და მშობელ მიწიდან მიღებულ მადლს უნდა შეევსო
რიცხობრივი სინაკლულე ქართველთა.
კვლავ არ ჩანდნენ ბიზანტიელნი.
გამობრძანდა ვახტანგ მეფე.
უკანასკნელი დიდი ბრძოლა უნდა გადაეხადა სიჭარმაგეში ფეხშედგმულ გმირს.
პეტრე კათალიკოსი გამოჰყვა, ჯარი და მეფე დალოცა.
მეფემ სალაშქრო სიტყვა ბრძანა.
„ცხოვნდინ, მეფეო, უკუნისამდე!“ _ ისევ მხნედ იგრიალა ჯარმა.
ბრძოლად გაემართნენ.
„შეიბნეს იორსა ზედა, და სამ დღე ყოველთა დღეთა ბრძოდეს, და დაეცემოდა
ორთავე სპათაგან ურიცხვი“.
სამი დღე წონასწორად ქანაობდა უთანასწორო ბრძოლის სასწორი.
სამი დღე-ღამე გრიალებდა, გმინავდა და ოხრავდა ივრის ხეობა.
სამი დღე-ღამე ისმოდა სპარსელთა ისტერიული ყივილი:
„დურ აზ გორგასარ!“
მეოთხედ, გადამწყვეტი შეტევისათვის შეკრა და შეამჭიდროვა გორგასალმა
ქართველთა შეთხელებული რიგები.
ისევ დალოცა ჯარი და მეფე პეტრე კათალიკოსმა.
საგანგებოდ გააფრთხილა მღვდელმთავარმა გვირგვინოსანი: თავს მოუარეო,
თორემ არა მარტო ქართლი დაიღუპება, არამედ იერუსალიმიც ზედ მიჰყვება შენი
იმედის დამკარგველიო.
სამ ნაწილად დაჰყო ვახტანგმა ლაშქარი.
ფლანგებზე _ მარჯვნივ ჯუანშერ სპასპეტი უსარდლა, მარცხნივ _ ადარნასე
ერისთავი.
თვითონ მეფე შუა ნაწილს ჩაუდგა და საიერიშოდ სპარსელთა ბანაკის შუაგული,
თვით შაჰინშაჰის კარავი მოინიშნა.
ჯერ ისევ ბნელოდა.
ივრის ხეობა ნისლით ავსებულიყო.
ვახტანგმა ჯარის გაწყობა დაასრულა.
სალაშქრო სიტყვაც ასეთი სიმკაცრით განასრულა:
„ყოველი კაცი, რომელიც სიკვდილს გადაურჩება და ბრძოლიდან მტრის თავს ან
ხელს არ გამოიტანს, ჩემის ხელით იქნება მოკლული!“
რიჟრაჟიც ჩამოდგა.
ნისლმაც კალთები აიკრიფა და ივრის ხეობა გაშიშვლდა.
ვახტანგ მეფემ იერიში ბრძანა.
სპარსელები მედგრად დაუხვდნენ ქართველთა გავეშებულ შეტევებს.
ზეცას არყევდა ივრის ხეობიდან ავარდნილი ჰომერული გრიალი.
129
გამაყრუებელ ხმაურში მკვეთრად ისმოდა სიანჩხლით, ძრწოლითა და ისტერიით
აღსავსე სპარსული ყივილი:
„დურ აზ გორგასარ!“
შეუკავებლად მიარღვევდა ქართველი მეფე შაჰის გვარდიას _ „უკვდავთა
ათასეულებს“ (ასე ალექსანდრე მაკედონელი მიაპობდა „უკვდავთა ათასეულებს“
ისოსის ბრძოლაში პირდაპირ შუაგულისკენ, სადაც იდგა მეფეთა მეფე დარიოს
კოდომანი).
აი, მიეჭრა კიდეც გორგასალი მტრის შუაგულს.
აი, ისიც, სპარსეთის შაჰინშაჰი კავად.
მკლავი გამართა, მაგრამ _______ვერ მოასწრო ქართველმა მეფემ.
გრიგალივით მოვარდნილი მთაკაცის ხილვით შეძრწუნებულმა კავადმა წამსვე
ცხენი შეატრიალა და ბრძოლის ველიდან გაქუსლა (ასე გაექცა მაშინ ისოსის ბრძოლაში
დარიოს კოდომანი ზედ მივარდნილ ალექსანდრე მაკედონელს).
მაგრამ ერთბაშად კარვიდან გამოიჭრა და გორგასალს წინ აღემართა
უფლისწული ბარტამ.
წამით მეორე სახეც დალანდა ვახტანგმა კარვის კალთის მიღმა. ნაცნობი იყო ეს
სახე, გველივით უძრავი ორი თვალით.
გახსენების დროც აღარ ჰქონდა. სპარსელმა უფლისწულმა უკვე მოიქნია
მახვილი.
და ერთი თვალის დახამხამებაში მოხდა ყველაფერი.
მეფემ იფარა ვიგრის ფარი, მარცხენა ხელით ზეასროლილი,
იღლიაში გამჭოლავი ბრჭუალი შეიგრძნო,
კარვის კალთის წინ მთელის ტანით აღმართულიყო კაცი გველის უძრავი
თვალებით, გაწვართული მშვილდით; ის, ვინც ესროლა გორგასალის შიშველ იღლიას.
ტკივილისათვის არ ეცალა მეფეს.
მეორედ მოიქნია ბარტამმა მახვილი.
ფარის აღმართვა აღარ შეეძლო მარცხენა ხელით.
მარჯვენით აუკრა ალმასის ხმალი.
ხელმეორედ მოიქნია გორგასალმა და შუაგაპობილი დაეცა ბარტამი.
გველისთვალებიანს მიუბრუნდა.
აღარსად იყო.
ახლა გაახსენდა მეფეს: ამნაირი თვალები ჰქონდა ერთ მის მონა-მსახურს,
შემ¬ზარავი, შეუძვრელი გველისნაირად. მერე დაიკარგა ის მსახური, სადღაც
გაუჩინარდა. ახლა მიხვდა: ქართულობისთვის უღალატნია, სპარსულობას
შეჰკედლებია… ან იქნებ სულაც ქართველი არ ყოფილა…
ჰმ, მოღალატეს რა გამოლევს ამ ქვეყნად.
მწერს შეუძლია ლომი დაშხამოს მომაკვდინებლად.
ხელი მოივლო იღლიაზე.
დიდი ისარი ყოფილა _ ქეიბური.
ამოგლეჯა სცადა, მაგრამ აუწერელმა ტკივილმა დაუწვა გონი.
გარდიგარდმო, ირმიცულად, თითქმის ფრთებამდე შეჭრილიყო ისარი მკერდში.
სისხლი გარეთ არ იქცეოდა.
სისხლი შიგნით იქცეოდა.
მაინც იბრძოდა მეფე, იღლიაში ისარნაკრავი.
მზის ამოსვლისას დაჭრილი გმირი შუადღემდე იბრძოდა.
იბრძოდა ისევ გორგასლურად.
130
ისმოდა ისევ ძრწოლამოსილი „დურ აზ გორგასარ!“
გადაიშუადღა.
ისევ დაჰქროდა თალპიონზე გორგასალი, იღლიაში ქეიბურნაძგერალი.
გატყდნენ სპარსელები.
ცხენზე ირხეოდა გორგასალი.
უცნაურად ელავდა ოქროვანი მგელ-ლომი მთაკაცის თავზე.
არავინ მიიკარა ჭრილობის მოსახილველად.
დანისლული _______მზერით ხედავდა ქართველი ხელმწიფე ბრძოლის ველიდან
გაქცეულ სპარსელებს.
გაქცეული და თავნაცარსხმული კავად შაჰი რუსთავ-ბოსტანქალაქში აგროვებდა
სიკვდილისგან გამოქცეულ დაფანტულ ჯარებს.
დანისლული მზერით დასცქეროდა ვახტანგ გორგასალი სპარსელთა გვამებით
დარეცილ თალპიონს.
ხუთჯერ ნაკლები დახოცილიყო ქართველთაგანი.
მაგრამ იცოდა ხალხის მოჭირნახულე გვირგვინოსანმა:
მისი პატარა ერისათვის ერთი კაცის დაკარგვა უფრორე სამძიმო იყო, ვიდრე
ხუთისა ვეება ირანისათვის…
დანისლული მზერით ხედავდა მეფე: დიდძალი ნაალაფარით დატვირთულნი
და გამარჯვებით სახედამშვენებულნი ბრუნდებოდნენ მისი ნაჯაფარი მეომრები.
არც ერთ მათგანს არ მოჰქონდა არცა თავი და არცა მარჯვენა სპარსელისა, მაგრამ
ყველა მოდიოდა პირნათელი, ჭეშმარიტი გმირის ნათელით დამშვენებული.
ისევ არავის იკარებდა ჭრილობის მოსახილველად.
დაე, იმედიანად დაბრუნდნენ ქართველები თავიანთ ბანაკებში.
დაე, შხამი არ შერეოდეთ გამარჯვების ნექტარით სავსე თასებს.
დაისი დგებოდა.
უსაშველოდ „დამძიმდა წყლულება ვახტანგისი, რამეთუ შეწეულ იყო ისარი
ფირტუად“.
უნაგირზე შექანდა გოლიათი.
ოქროვანი მგელ-ლომის მუზარადი ზრიალით დაგორდა პიტალო კლდეზე.
მიცვივდნენ სარდლები და ერისთავები.
ისევ იძალა მეფემ.
თვალი მოავლო თავისიანთა მშფოთვარე სახეებს და მკაცრად ბრძანა: ყველა
სპასალარი და ერისთავი თავის ადგილზე დარჩეს, საომარი წყობით და ყოველი
განმზადებულობით.
ბრძანა და ცხენი მსუმრიად დასძრა.
უჯარმამდე ცხენდაცხენ მივიდა, მხლებელთაგან შეუშველებლად.
ცხენიდან გარდახდა და სასახლეშიც ფეხდაფეხ შევიდა.
შევიდა და სარეცელზე დაეცა.
ძლივს ამოართვეს დასტაქრებმა ქეიბური იღლიიდან.
მაინც შეიტყვეს სპარსელებმა ვახტანგ მეფის სასიკვდილოდ დაჭრის ამბავი.
უსაზღვრო იყო მათი სიხარული, რამეთუ ამიერიდან ბრძოლის ველზე აღარ
გამოჩნდებოდა მათი უწყალო შემმუსვრელი და შემზარველი „მგელთავა“ ბუმბერაზი.
მეორე დღეს რუსთავიდან გამოეფინენ და ტფილისს შეესივნენ სპარსელები.
მერე მცხეთისკენ წამოვიდნენ, მაგრამ არმაზის კართან ნერსემ და ბივრიტიანმა
უკუაქციეს მოიერიშე მტერი.
131
კავადმა სხვა ავადსასმენი ამბავი შეიტყო მაშინ: თურმე ბიზანტიის კეისარი
ანასტასი მოისწრაფოდა ქართლისაკენ დიდძალი ჯარით.
შაჰინშაჰი ქართლიდან აიყარა და სამხრეთისაკენ გაეშურა.
კარნუ-ქალაქთან შეიბნენ სპარსელნი და ბიზანტიელნი. დიდი სისხლისღვრა
უშედეგოდ დამთავრდა. ორივე გვირგვინოსანი თავის თავს თვლიდა გამარჯვებულად,
მაგრამ ორივე ხელცარიელი ბრუნდებოდა თავის სატახტოში.
ხოლო მაშინდელ მსოფლიოში ყველაზე დიდ გვირგვინოსანს უკვე სიკვდილთან
ჰქონდა წილი ნაყარი:
ვახტანგ გორგასალი სასიკვდილო სარეცელზე იწვა.
თავს დასდგომოდნენ:
დედოფალი ელენე ორი ძითა და ორი ასულით,
პირმშო უფლისწული დაჩი (პირველი ცოლისაგან),
პეტრე კათალიკოსი,
ჯუანშერ სპასპეტი,
და ცხრა ერისთავი.
ძალა მოიკრიბა მეფემ, წამოიწია და უკანასკნელად წელამართულმა უკანასკნელი
საბრძანისი ბრძანა:
მე ახლა წავალ წინაშე ღმრთისა ჩემისა, ხოლო თქვენ, ქართლოსის შთამომავალთ
მოგიწოდებთ მტკიცედ იდგეთ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, ნუ შეურაცხყოფთ
სახელსა ჩვენსა და ნუ უღალატებთ ბერძნებთან კავშირსა და მეგობრობას;
სამეფო გვირგვინს ვუტოვებ და მეფედ ვლოცავ ჩემს პირმშოს, დაჩის, ხოლო მის
უმცროს ძმებს, ლეონს და მირდატს, ახალმა მეფემ სამმართველოდ უნდა გადასცეს
მიწები ტაშისკარიდან და წუნდიდან ვიდრე სომხითამდე, საბერძნეთამდე და
აფხაზეთამდე.
მოვუწოდებ წუნდის ერისთავს ნასარს, კლარჯეთის ერისთავს არტავაზს და
ოძრხის ერისთავს ბივრიტიანს და ვავედრებ მათ საზრუნავად ცოლ-შვილთა ჩემთა…
სიკვდილი შემოჰყვა ღამეს უჯარმის სასახლეში.
და საქართველოს მოუკვდა ვახტანგ გორგასალი.
„მაშინ წარჩინებულთა და ყოველსა ერსა ზედა დღე იყო სასჯელისა, და
იტყებდეს ყოველნი თავთა თვისთა, ისხმიდეს ნაცარსა და ყოველნი ინატრიდეს
სიკუდილსა თავისა თვისისასა; და ხმისაგან ტირილისა და გოდებისა იძრვოდა
ქუეყანა“.
მართლაც და, ძლიერი ყოფილა სიკვდილი, რამეთუ ვახტანგ გორგასალის
მოკვდინებაც შეძლო მან.
სიკვდილს დაეპყრო ვახტანგ გორგასალი.
თორმეტბრჭალიანი ბუმბერაზი.
„ლომი ლომთა და გოლიათი გოლიათთა“.
„ათთა მეფეთა მეფე ახოვანი“.
ვიგრის ფარით, ალმასის ხმალით, მგელ-ლომ სახოვანი მუზარადით.
„გმირი იალბუზისა“.
ვისაც ზეციდან ღვთიური ზარის რეკა ესმოდა.
ვის ფერხთა ქვეშე იდრიკებოდა „მთათა ხელმწიფე კავკასიონი“.
ვისაც, _ ღვინო მოესურვებოდა, „ღმერთი ყანწს მიაწოდებდა“.
ვინც თვალზე უსწრაფესი თვალით ჰაერში მორიალე ისრებს ჰხედავდა.
ვისი სახელიც ქართული დროშის უპირველეს და უმშვენიერეს თიკუნად იქცა _
გორგასლიანი!
132
გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა.
უჯარმიდან წაიყვანეს და მცხეთას დაკრძალეს, მისგანვე აგებულ სამეუფო
პასტოფორიონში.
საუკუნეთა მანძილზე ქართველნი და მათი მტერ-მოყვარენი გაოცებულნი და
შეგრძნებულნი შესცქეროდნენ იქვე გამოფენილ უზარმაზარ ტანსაცმელსა და
აღჭურვილობას გორგასალისას.
ბუმბერაზის სამარადჟამო სამკვიდრებელს ბუმბერაზი ლოდი დაადეს; ზედ მისი
თორმეტბრჭალიანი მთლიანი ხატი ამოკვეთეს.
ხოლო ეპიტაფია ქართველმა ხალხმა დაიწერა საკუთარ მკერდზე:
ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,
ციდან ჩამოესმა რეკა,
იალბუზზე ფეხი შესდგა,
დიდმა მთებმა იწყეს დრეკა.__


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: