Posted by: burusi | 21/03/2010

ბეჟან ხორავა – აფხაზეთში მიმდინარე ეთნიკური პროცესები და აფხაზ მუჰაჯირთა სია

კავკასია XIX საუკუნე

ბეჟან ხორავა – Bejan Khorava

წიგნიდან “აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა”

აფხაზეთში მიმდინარე ეთნიკური პროცესები და აფხაზ მუჰაჯირთა სია

1867 წლის აფხაზ მუჰაჯირთა სია უაღრესად საინტერესოა აფხაზეთში მიმდინარე ეთნიკური პროცესების, აფხაზური ონომასტიკისა და XIX საუკუნის აფხაზეთის ტოპონიმიკის შესასწავლად.
თანამედროვე აფხაზური (აფსუა) ეთნოსის ფორმირება გვიან შუა საუკუნეებში ხდება, თუმცა აფხაზური ტომები (აბაზგები) დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ახ. წ. II საუკუნიდან ჩანს. მათი ამ რეგიონში გამოჩენა კოლხეთის ადგილობრივი სახელმწიფოებრიობის დაცემას (ძვ. წ. I ს.) უკავშირდება, როდესაც ჩრდ. კავკასიიდან შავიზღვისპირეთში მთის ტომები იჭრებიან. სწორედ ამავე ხანებში, ძველი და ახალი ერის მიჯნაზე, შავი ზღვის ჩრილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მკვიდრდებიან ჯიქები, რომლებიც ადრე ჩრდ. კავკასიაში მოსახლეობდნენ.1
ჯიქები აფხაზურ-ადიღური მოდგმის ერთ-ერთი (აბაზური) ტომია. ძველი ქართული წყაროები, რომლებიც ვერ აფიქსირებენ მრავალრიცხოვან აბაზურ ტომებს, ამ სახელით იცნობენ როგორც საკუთრივ ჯიქებს, ასევე საერთოდ აბაზებს.2 წარსულში აფხაზები და აბაზები ერთ ეთნიკურ ჯგუფს ქმნიდნენ.3 მკვლევართა ნაწილის (პ. უსლარი, ნ. მარი, ს. ყაუხჩიშვილი, ოტ. კახაძე) აზრით, სწორედ «აბაზა» სახელიდანაა მიღებული სახელწოდება «აფხაზი».
საუკუნეების განმავლობაში ქართველ ტომებთან ურთიერთობის შედეგად აფხაზები მკვიდრად შემოდიან ქართულ კულტურულ-პოლიტიკურ სამყაროში. შუა საუკუნეებში ისინი ქართული სამყაროს ისეთსავე ორგანულ ნაწილს შეადგენდნენ, როგორც დასავლურქართული ტომები. აფხაზთა და ქართველთა ასეთი ერთიანობა აფხაზთა ქართულ კულტურულ სამყაროში თანდათანობითი მშვიდობიანი ინტეგრირების შედეგი იყო.4 აკად. ნ. ბერძენიშვილის დასკვნით, «როგორც ფეოდალური ქვეყანა, აფხაზეთი ისეთივე საქართველო იყო, და აფხაზი ისეთივე ქართველი იყო, როგორც ჰერეთი და ჰერი, როგორც ქართლი და ქართლელი…»5
საქართველოს ერთიანი მონარქიის პოლიტიკური დაშლის შემდეგ გაძლიერდა ფეოდალური განკერძოების პროცესი. ამას დაერთო გარეშე მტრების შემოსევები, მათ შორის, კავკასიის მთის მოსახლეობის _ აბაზურ-ადიღური,* ოსური, დაღესტნური ტომების ჩამოსახლების პროცესი. ამ ძნელბედობის ხანაში აფხაზეთთან ორგანული და ინტენსიური ერთობა შესუსტდა.
აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა მთის ჩამოწოლამ. დასავლეთ კავკასიიდან აფხაზთა მონათესავე, სოციალურად სუსტად განვითარებული აბაზური ტომების ჩამოსახლება ადრეც ხდებოდა. XIII საუკუნიდან ამ პროცესის ახალი ეტაპი იწყება, რაც დაკავშირებულია ჩრდ. კავკასიაში მონღოლ-თათართა გამანადგურებელ შემოსევებთან, რამაც იქ მცხოვრები ტომების ამოძრავება გამოიწვია. ამ პერიოდში, ყუბანისპირეთიდან ადიღური ტომების შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჩამოწოლის გამო, აფხაზების ჩრდილო-დასავლეთით მცხოვრები აბაზების (ქართ. წყაროების ჯიქები) ერთი ნაწილი ჩრდ. კავკასიაში გადადის (XIV ს.), ნაწილი კი სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მოიწევს და აფხაზეთში იწყებს ჩამოსახლებას. იმავდროულად მიმდინარეობს აბაზების ერთი მხრივ, ადიღეელებთან და, მეორე მხრივ, აფხაზებთან შერწყმის პროცესი. აბაზურ-ადიღური ტომების მიერ შავიზღვისპირეთის ექსპანსიის შედეგად, XV-XVI სს. საქართველო კარგავს განაპირა საერისთავოს _ აფხაზეთის _ნაწილს, ტერიტორიას მდ. ნიკოფსიასა (ნეჩეფსუხო) და მდ. ბზიფს შორის. იმავდროულად აფხაზები აფართოებენ თავიანთ მიწა-წყალს სამხრეთ-აღმოსავლეთით, რისი შედეგიც იყო XVI-XVII სს. ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის _ მდ. ფსირცხასა და მდ. ღალიძგას შორის მდებარე მიწების მიტაცება.6
ამ პერიოდში აბაზურ-ადიღური ტომების ჩამოსახლებამ აფხაზეთში უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო, რის შედეგადაც აქ რადიკალური ეთნიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-პოლიტიკური ცვლილებები მოხდა, რამაც ქართულ სამყაროში აფხაზთა გაუცხოება გამოიწვია.
XV საუკუნეში მთის ჩამოწოლის პროცესი საკმაოდ შორსაა წასული, რისი აშკარა მოწმობაა აფხაზთა მიქცევა წარმართობისაკენ, რაც პირველად გამოჩნდა დაახლ. 1470-1474 წწ. შედგენილ ძეგლში «მცნება სასჯულო». მასში ნათქვამია: «აფხაზეთი ქრისტეანობისაგან სრულიად მიდრეკილ იყუნეს, ქრისტეს მცნებათაგან განშორებულ იყუნეს».7 იმავე პერიოდში შედგენილ სხვა ძეგლში კი ნათქვამია: «მას ჟამსა უღმთოდ და უსჯულოებად მიიქცეს აფხაზნიო».8 XVI საუკუნიდან უცხოელი ავტორები აფხაზებს «აბაზა» ტერმინით იხსენიებენ. «აფხაზ» და «აბაზა» ტერმინების გაიგივებაში აფხაზეთში მთის ჩამოწოლის პროცესის დადასტურება უნდა დავინახოთ.9
XVII ს. უცხოური წყაროების მოწმობით, «აფხაზები» კავკასიელი მთიელები არიან, რომელთაც ჯერ ვერ შეუთვისებიათ ფეოდალური მეურნეობა, ფეოდალური წყობა, ქრისტიანობა. ისინი თავიანთი პრიმიტიული ყოფითა და წარმართული რელიგიით აშკარად არ არიან იმ აფხაზთა შთამომავალნი, რომლებიც ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს კულტურულ-პოლიტიკურ მშენებლობაში მონაწილეობდნენ ქართველ ტომებთან ერთად. ეს გენეტიკური ხაზი მოსახლეობის ძირითად მასაში, დაბალ ფენებში, გაწყვეტილია. ქართული კულტურის ტრადიციები მხოლოდ აფხაზ ფეოდალთა წრეში ჩანს შენარჩუნებული.10 ამ პერიოდის უცხოელი ავტორები აფხაზებს კავკასიელი მთიელებისაგან ვერ არჩევენ. მათი წარმოდგენით, აფხაზების ყოფა, ტანსაცმელი, ტრადიციები ჩერქეზებისას ჰგავს, მათაც ჩერქეზებს უწოდებენ.11
მთის ჩამოწოლის შედეგად რადიკალურად შეიცვალა აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკური სახე. ჩამოსახლებულ მთიელთა ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა თანამედროვე აფხაზური (აფსუა) ეთნოსი. «აფხაზი» უკვე არ არის კულტურულ-პოლიტიკურად ქართველი, აფხაზთა ტომი ახალი ეთნიკური სახით ჩამოყალიბდა.12 ამ ახალ ეთნიკურ ჯგუფს ქართველებმა მექანიკურად ისევ «აფხაზი» უწოდეს, ისინი კი თავიანთ თავს «აფსუას» უწოდებენ.*
საგულისხმოა, რომ აფხაზთა თვითსახელწოდება «აფსუა» ეთნონიმ «აბაზას» ფონეტიკური სახეცვლილებაა.13 ენათმეცნიერებაში აღიარებულია, რომ აფხაზური (აფსუა) ენა აბაზურ ენასთან ერთად ქმნის ერთ ენობრივ ერთეულს და მათ შორის მხოლოდ დიალექტური განსხვავებაა.14 საინტერესოა, რომ ჩრდილოკავკასიელი ხალხები აფხაზებს თავიანთი მეზობელი მთის აბაზური თემების სახელებს უწოდებდნენ: ყაბარდოელები _ აიბგას, უბიხები _ ბასხიგს, ყარაჩაელები _ აჰჭიფსს.15 ე. ი. ისინი ამ თემებსა და აფხაზებს (აფსუა) ერთ ხალხად მიიჩნევდნენ.
აბაზებისა და ადიღეელების აფხაზეთში დამკვიდრების თვალსაზრისით საინტერესოა ფოლკლორული მასალები: ისტორიული თქმულებები, ეთნოგენეტიკური და გენეალოგიური გადმოცემები.
ყაბარდოული ფოლკლორული მასალების მიხედვით, ადიღური ტომები, რომლებიც ადიღეელთა ლეგენდარულ გმირს ინალს გაუერთიანებია, მისივე წინამძღოლობით XV ს. დასაწყისში ყუბანის ქვემო წელიდან მერმინდელ ყაბარდოში გადასახლებულან.1 6 ინალს თითქოსდა აფხაზეთიც დაუპყრია, მაგრამ მოულოდნელად გარდაცვლილა და აქვე, აფხაზეთში დაუმარხავთ.17 გადმოცემით, მისი საფლავი ფსხუში მდებარეობს მაღალ მთაზე.18 ინალის საფლავი, ინალ-კუბა, აფხაზების, აბაზების და ადიღეელების თაყვანისცემის ობიექტი იყო.19
აღსანიშნავია, რომ გადმოცემით ინალს მხარში ედგნენ აბაზა მთავრები _ აშე და შაშე, რაც მეტყველებს ადიღეელებისა და აბაზების ბრძოლაზე აფხაზეთის დასაუფლებლად. საერთოდ, ინალის შესახებ გადმოცემებში არეკლილია ისტორიული სიმართლე: ადიღური ტომების დამკვიდრება მერმინდელ ყაბარდოში; ადიღეელებისა და აბაზების ბრძოლა აფხაზეთის დასაუფლებლად. გადმოცემიდან ინალის შესახებ ჩანს, რომ ფსხუში ადიღეელები არიან დამკვიდრებული. ისინი უკვე ფსხუს თავიანთ სამკვიდროდ თვლიან და არა უცხო მიწად. წინააღმდეგ შემთხვევაში თავიანთ წინამძღოლს იქ არ დაკრძალავდნენ.20მრავალგვარი ეთნოგენეტიკური გადმოცემები მიუთითებს აფხაზური (აფსუა) ეთნოსის ფორმირების რთულ და ხანგრძლივ პროცესზე, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი, ისე სხვადასხვა მხრიდან მოსული გვარტომობრივი ჯგუფები.21
აფხაზური გვარების შესახებ არსებულ გადმოცემებში ლაპარაკია მათ გადმოსახლებაზე ძირითადად ჩრდ. კავკასიიდან (ადიღე, ყარაჩაი, ჯიქეთი). აფხაზ მკვლევარს ს. ბასარიას მოჰყავს 145 წლის მაჟაგვ ადლეიბას ნაამბობი: «აფხაზეთის პირველ მოსახლეებს განეკუთვნებიან გვარები _ აგრბა, ადლეიბა, ინაფშბა… ყველა ისინი გამოვიდნენ «ყირიმიდან» (მხედველობაში აქვს ყარაჩაი, _ ს. ბ.)… ჩვენი წინაპრები გადმოსახლდნენ, როცა გაიგეს, რომ აფხაზეთის მოსახლეობა გაიფანტა და იგი უდაბნოდ იქცა».22 გენეალოგიური გადმოცემები, რომლებშიც მოთხრობილია თუ როგორ გადმოსახლდნენ ოდესღაც ჩრდ. კავკასიიდან მათი წინაპრები, აქვთ ავიძბებს, ამფარებს, აშვბებს.23 ცნობილი აფხაზი მეცნიერი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი შ. ინალ-იფა თვლის, რომ ჩრდ. კავკასიიდან მოსულ გვარებს ეკუთვნიან: აჩბა, მარშანი, ქაპბა, ადლეიბა, ინაფშბა და სხვები.24
ჩრდილოკავკასიური წარმომავლობის აფხაზური გვარების დიდი ნაწილის ფუძე-სალოცავად, საგვარეულო მფარველ ღვთაებად ფსხუს მთა ითვლებოდა.25 აქ იყო სალოცავი ფსხუ-ნიხა, რომელიც იმ გვარების მფარველად ითვლებოდა, რომელთა წარმოშობაც მასთანაა დაკავშირებული. ფსხუ-ნიხა იყო აფხაზური გვარების: ადლეიბა, ამიჭბა, არისთაა, არძინბა, აშუბა, აძინაა, ბაგაფში, ბაზბა, ბენია, ემუხვარი, ზუხბა, ინალ-იფა, კვიწინია, მარშანია, ნანბა, პტიში, საძბა, სიმსიმ, თრაფში და სხვათა ძირი-სალოცავი.26
ფსხუ იყო ჩრდ. კავკასიიდან გადმოსახლებულთა თავდაპირველი საცხოვრისი, საიდანაც ხდება ამ საგვარეულოების აფხაზეთში განსახლება. ამან განაპირობა ფსხუში ამ საგვარეულოების ფუძე-სალოცავის გაჩენა.27
აფხაზეთში ჩამოსახლებული აბაზა-ადიღეელების ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმის პროცესი ყველაზე ადრე აფხაზეთის მთის თემებში _ ფსხუ, წებელდა, დალი, _ დაიწყო. მასზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის 867 წლის აფხაზ მუჰაჯირთა სია, რომელშიც ფართოდაა წარმოდგენილი აბაზურ-ადიღური გვარსახელები.
შემდეგ უკვე აფხაზეთის მთის თემებისა და თავისუფალი აბაზური თემების _ აიბგა, აჰჭიფსხუ, _ მკვიდრნი ხშირად იჭრებოდნენ აფხაზეთის შიდა რაიონებში მთელი გვიანი შუა საუკუნეების მანძილზე და თვით XIX საუკუნეშიც, მიწა-წყლის მიტაცების, ან უბრალოდ, თარეშისა და ნადავლის ხელში ჩაგდების მიზნით.28 ამ დროს ხდებოდა მოსახლეობის მუდმივი ინფილტრაცია ჩრდ. კავკასიიდან აფხაზეთში.
მიგრაციის ამსახველი გენეალოგიური გადმოცემები და ისტორიული ჭეშმარიტება ზოგჯერ ერთმანეთს არ ემთხვევა, ზოგჯერ კი ისტორიული სიმართლე უცვლელადაა შემონახული ფოლკლორში.
მარშანიები წარმოშობით მარუშიანები იყვნენ, სვანეთის ერისთავების ფარჯანიან-ვარდანისძეების ჩამომავლები. ისინი უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე, სახელდობრ, კოდორის ხეობის შუა და ზემო წელში. წებელდელი მარშანიები ბოლოს გააფხაზდნენ, აფხაზ ფეოდალებად იქცნენ.29 ის ფაქტი, რომ მარშანიები (ყაბარდ. მარშან) აფხაზეთში ჩამოდიოდნენ ჩრდ. კავკასიიდან იმით აიხსნება, რომ ანტიკური ხანიდან თვით გვიან შუა საუკუნეებამდე ამჟამინდელი ყარაჩაისა და ბალყარეთის ტერიტორიაზე გავრცელებული იყო სვანური მოსახლეობა, რომელმაც შემდეგ დაკარგა ეთნიკური ინდივიდუალობა და შეერწყა ყარაჩაელებსა და ბალყარელებს.30 აღსანიშნავია, რომ აბაზების ზოგიერთ თემში «მარშან» გაბატონებულ სოციალურ კატეგორიას აღნიშნავდა.31
გვარსახელი ემუხვარი (აფხ. ემხაა), რომლის ფუძე-სალოცავიც ფსხუში იყო, გადმოცემით აღმ. საქართველოდანაა გადმოსახლებული აფხაზეთში და მომდინარეობს ქართული ფეოდალური საგვარეულოდან _ ამილახვარი.32
არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც აბაზური ფეოდალური სახლი ლაუ (ლოო) და აფხაზი აჩბები მონათესავენი იყვნენ. ამ ნათესაობას ორივე საგვარეულო აღიარებდა. თვით აჩბები თითქოს ჩრდ. კავკასიიდან სწორედ ფსხუს გავლით ჩამოსახლებულან აფხაზეთში.33 როგორც ჩანს, გარდა გაქართველებული ანჩაბაძეებისა, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობდნენ, აბაზებშიც იყო აჩბების ფეოდალური საგვარეულო. საერთოდ, აფხაზებში, აბაზებში, ადიღეელებში, ყაბარდოელებში დასტურდება მთელი რიგი საერთო გვარსახელების არსებობა.34
ამფარების გადმოცემით, მათი წინაპრები სოფ. კალდახვარის მახლობლად გადმოსულან ზღვიდან. ზღვის ღვთაებისადმი მადლობის ნიშნად, რომელიც მათ მგზავრობისას წყალობდა, ამფარები ყოველწლიურად იკრიბებოდნენ იმ ადგილას, სადაც გადმოცემით მათი წინაპრები ნაპირზე გადმოვიდნენ, საკლავს კლავდნენ და ლოცულობდნენ.35 მთელ აფხაზეთში გაფანტული ზუხბები ამბობენ, რომ ისინი გენეტიკურად ენათესავებიან ჩრდილოკავკასიურ «აზახვ»-ს (ზიხები, ჯიქები) და ოდესღაც გადმოსახლდნენ აფხაზეთში, ისევე როგორც მრავალი მათი მონათესავე ჯგუფი.36 აშუბების გადმოცემით, მათი წინაპრები ძველად აფხაზეთში, სოფ. ჯგერდაში, ჩრდ. კავკასიიდან ფსხუს გავლით ჩამოსულან.37
აფხაზეთში ჩამოსახლებული აბაზა-ადიღეელები გვაროვნულ თემებად (აფხ. აქითა) სახლდებოდნენ. თემები გვაროვნული დასახლებებისაგან (აფხ. აჰაბლა) შედგებოდა. ცალკეულ გვარებს ეკავათ მთელი სოფლები. მაგალითად: სოფ. დოპუაქით (ამჟ. სოფ. აძიუბჟას ერთ-ერთი უბანი) დასახლებული იყო გვარით დოპუა; ეშბებით იყო დასახლებული სოფ. ბედიას ერთი ნაწილი – ეშქით; შოუებით _ შოუაა-რუხვწა სოფ. ჯგერდაში; სოფ. ბაზაარქით (ამჟ. სოფ. აბღარხუქის ერთ-ერთი უბანი) დასახლებული იყო გვარით ბაზბა; ბაღაარქით (ამჟ. სოფ. აბღარხუქში) გვარით ბაღბა; ზვანდრიფში (ზვანბების სამფლობელო) გვარით ზვანბა; თარკილაარჰაბლა (თარკილების უბანი სოფ. დურიფშში) გვარით თარკილ; სოფ. ყულანურხვა (ყულანების მაღლობი) გვარით ყულანბა; ბლაბრხვა (ბლაბების მაღლობი) გვარით ბლაბბა; სოფ. ჩაბალრხვა (ჩაბალების მაღლობი) გვარით ჩაბალ.38 აღსანიშნავია, რომ «ხვა» აღნიშნავს როგორც გვაროვნულ-თემობრივ დასახლებას, ისე მაღლობს.39 ჩამოსახლებული მთიელები ტრადიციულად სწორედ მაღლობებზე სახლდებოდნენ.40
აბაზა-ადიღეელების აფხაზებთან შერწყმის პროცესი თითქმის უმტკივნეულოდ წარიმართა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ შუა საუკუნეების აფხაზები ეთნიკურად ჩამოსახლებულ ტომთა მონათესავენი იყვნენ. გაქართველება მხოლოდ აფხაზთა ზედაფენას შეეხებოდა, ძირითადი მასა კი მტკიცედ ინარჩუნებდა ეთნიკურ თავისთავადობას, საკუთარ ენას.41 ჩამოსახლებულმა მასამ წალეკა ადგილობრივი მოსახლეობა და აფხაზთა წარჩინებული ფენებიც «გააფხაზდნენ», თუმცა მათ მეტწილად შეინარჩუნეს ქართულად გაფორმებული გვარები: შარვაშიძე (ჩაჩბა), ანჩაბაძე (აჩბა), მარშანია (მარშან), ემუხვარი (ემხაა), მარღანია (მაან). საერთოდ, შუა საუკუნეების საქართველოში არ არსებობდა აფხაზი თავადი და აზნაური როგორც ასეთი. არსებობდა ქართველი თავადაზნაურობა. ამიტომაცაა, რომ ოდიშში, ისევე როგორც აფხაზეთში, თავადაზნაურთა გვარები გაფორმებულია საერთოქართული (ძე, იანი) დაბოლოებებით: აფაქიძე (აფაქია), გოშაძე (გოშუა), დგებუაძე (დგებია), მხეიძე (ხეცია), ქორთოძე (ქორთუა), ჯაიანი და სხვა.42 «გააფხაზების» მიუხედავად, აფხაზმა თავადაზნაურობამ მეტწილად შეინარჩუნა ქართული თვითშეგნება და ქართული ენა. ვახუშტი ბატონიშვილი თავისი დროის აფხაზების შესახებ აღნიშნავდა: «ენა საკუთარი თKსი აქუსთ, არამედ უწყიან წარჩინებულთა ქართული».43 «გააფხაზებულ» თავადაზნაურობას შეემატა ჩამოსახლებულთა წარჩინებული საგვარეულოები: აჩბა, მარშანი, ინალ-იფა, ძაფშ-იფა, მიქანბა, ზვანბა, ჩაბალურხვა და სხვა. თუმცა, გარკვეულწილად, მათაც განიცადეს ქართული კულტურის გავლენა.
აბაზა-ადიღეელების ჩამოსახლება აფხაზეთში ყოველთვის ბრძოლით როდი ხდებოდა. გარდა იმისა, რომ გაჩერქეზებულ აბაზებს თუ საკუთრივ აბაზა ტომებს (უბიხები, ჯიქები), ფაქტობრივად მიტაცებული ჰქონდათ აფხაზეთის მიწა-წყალი მდ. ბზიფამდე და აფხაზეთის მთის თემები _ ფსხუ, წებელდა, დალი, _ ისინი ძირითადად მაინც აფხაზთა მთავრებისა და თავად-აზნაურების, მიწის მეპატრონეთა ნებით სახლდებოდნენ აფხაზეთში, როგორც უმიწაწყლო მთიელები. თავადაზნაურობა ხელს უწყობდა მათ ჩამოსახლებას თავიანთ მამულებში. არა მარტო აფხაზეთში, საერთოდ გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში, ფართოდ იყო გავრცელებული მწარმოებელი მოსახლეობის მთიდან, იმიერკავკასიიდან გადმობირება-გადმოსახლება.44 მთის აბაზურ-ადიღური თემებიდან აფხაზეთში ჩამოსულთ მთავარი და ადგილობრივი თავად-აზნაურები ასასის (აფხ. სტუმარი, შეესაბამება ქართულ «ხიზანს») სტატუსით ასახლებდნენ.
გადმოცემით, გუნბას, ტვანბას და თანიას გვარის წარმომადგენლები პირველად სოფ. დურიფშში დამკვიდრებულან აამსთა (აფხ. აზნაური) ლაკრბასთან ერთად, რომლისთვისაც მთავარს ეს სოფელი უბოძებია.45 XVII ს. ბოლოს სოფ. ზვანდრიფშში დასახლებულა აჰჭიფსიდან (აჰჭიფსხუ) ჩამოსახლებული ფჩკულ ამაბა ერთ დაუთიასთან და სამ პაპბასთან ერთად. მათ მოუყვანიათ თავისუფალი გლეხების 18 კომლი, გვარად კიასალაა. მთავარს ამაბასთვის თავისი ვენახისა და მარნის მოვლა-პატრონობა დაუვალებია.46 ჩირიკბები ყაბარდოდან ჩამოსახლებულან ჯიქეთში, შემდეგ აფხაზეთში, სოფ. იაშთხვაში; ანხაიუ (აფხ. თავისუფალი გლეხი) არძინბები იაშთხვაში ჯიქეთიდან მოსულან; ანხაიუ არგუნები ჩამოსულან წებელდიდან; ბაალოუ _ ადიღედან გადმოსახლებულა სოფ. იაშთხვაში.47
აფხაზეთში ჩამოსახლებულ მთიელებს მთავრები მოლაშქრეებად იყენებდნენ თავიანთი მიწა-წყლის გაფართოებისათვის ბრძოლაში, ძირითადად ოდიშის წინააღმდეგ. აბაზები და ადიღეელები ხომ ცნობილი იყვნენ როგორც მამაცი მეომრები. სწორედ მათი მეშვეობით შეძლეს აფხაზებმა ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის მიტაცება. ამ მხარის მკვიდრი მოსახლეობა მთიელი ტომების სისასტიკისაგან თავის გადარჩენის საშუალებას გააფხაზებაში ხედავდა, რაც მათი ენის, რელიგიისა და ზნე-ჩვეულებების გათავისებაში გამოიხატა. ამიტომაცაა, რომ აფხაზთა მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს ქართულ გვარსახელებს ატარებს.
აფხაზთა მიერ მიტაცებული მხარის მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაბალი ფენები მოისპო, ტყვედ გაყიდეს ან მონებად აქციეს.48 საინტერესოა, რომ ტყვეებისაგან შემდგარი უუფლებო ადამიანთა კატეგორიის, მონის აღსანიშნავად, აფხაზურ ენაში დამკვიდრდა ეთნონიმი «აგრუა», რაც მეგრელს ნიშნავს აფხაზურად.49 ბარონ ტორნაუს ცნობით, მონები (აგრუა) აფხაზეთში ორი სახის იყო: ადგილობრივი, ამ მხარეში დაბადებული (ე. ი. ამ მხარის მკვიდრი მოსახლეობის შთამომავლები), და ახლები _ ომში ან თარეშის დროს შეძენილი.50
აფხაზურ გვარსახელებში ჩანს აფხაზური (აფსუა) ეთნოსის ფორმირების რთული და ხანგრძლივი პროცესი, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი (ძველაფხაზური, ქართული), ისე სხვადასხვა მხრიდან მოსული გვარტომობრივი ჯგუფები: ჩრდილოკავკასიური (აბაზურ-ადიღური), თურქული და სხვა. აფხაზური გვარსახელები არის ეთნონიმური, ტოტემური, პატრონიმული წარმოშობის, მრავლად გვხვდება აგრეთვე ნასესხები და ხელობის აღმნიშვნელი ტერმინებისაგან ნაწარმოები გვარსახელები.
ეთნონიმური გვარსახელები ნაწარმოებია ამა თუ იმ ეთნოჯგუფის (ტომი, ერი) აღმნიშვნელი ფუძეებისაგან, როგორც სუფთა ფუძის სახით, უაფიქსოდ, ისე გვარის მაწარმოებელი ფორმანტებით. ქართულ სამყაროსთანაა დაკავშირებული გვარსახელები: აგრბა (აგრუა მეგრელს ნიშნავს აფხაზურად. აგრბა იგივეა, რაც მეგრელიშვილი), ასვანუა (აფხ. სვანი), აქირთაა // აქირთავა (აქირთუა, აფხ. ქართველი), ლაზბა (ლაზი), და სხვა. გვარსახელები: ჭანბა _ ჭანიას, და ალანი _ ალანიას გააფხაზებული ვარიანტებია. აბაზურ-ადიღურ სამყაროს უკავშირდება: თრაფშ (ადიღური ტომი თრამ. სიტყვასიტყვით _ «თრამების თავადი»), თამბია (ადიღ. ტომი თამ, თამელები), ბაზბა (აბაზების ტომი), ასაძუა // საძუა // საძბა (აფხ. საძი, ჯიქი), ზახვბა (აფხ. ზიხი, ჩერქეზი), აშხარუა (აფხ. მთიელი. აბაზები იყოფოდნენ ორ ჯგუფად: აშხარუა _ მთიელები და ტაპანთა _ ბარელები); ჩრდილოკავკასიურ ეთნიკურ სამყაროს უკავშირდება გვარსახელები: შარმათ (სარმატი), აყარაჩ // ყარაჩ (ყარაჩაელი).51 ეთნონიმური წარმოშობისაა აგრეთვე გვარსახელები: ბერზენია (ბერძენი), თირქბა (ათირქვა, აფხ. თურქი), გირჯინ (თურქ. G»გურჯი», ქართველი). ნასესხებ გვარსახელთა კატეგორიას ეკუთვნის: ენიკ (თურქ. დათვის ბელი), ჩიზმაა (ჩიზმა, თურქ. ჩექმა),52 იაზიჩბა (იაზიჯი _ თურქ. მწერალი); ადიღურ სამყაროს უკავშირდება: ძაფშ-იფა (ადიღ. ლაშქრის წინამძღოლი),53 ჩაბალურხვა და მსგავსი დაბოლოების სხვა გვარები, რაზეც აშკარად მიუთითებს გვარის დაბოლოება _ «ხვა», იგივე «ყვა», რაც ჩერქეზულად ძეს აღნიშნავს.54 აფხაზებში გავრცელებული გვარი ხაჯიბა დასტურდება შაფსუღებში.55 აბაზური გვარებია: აგბა, აეშბა, აძინბა, ახბა, აჰალბათ (ხალბადი), გუმბა, ეკბა, თამბია, კილბა, ვაზბა, ივანბა, ლაშბა, ნართაა, ციბა, პაპა (პაპბა), აბაზბა, შარმათ, ქაპბა, ხვაც (ხვაცბა), ჰარანია, ჰაჯიმბა და სხვა.56 საერთოდ, აფხაზებში (აფსუაა), აბაზებში, ადიღეელებში და ყაბარდოელებში დასტურდება მთელი რიგი საერთო გვარსახელების არსებობა,57 რაც მათ ახლო ნათესაობაზე მეტყველებს.
აფხაზური გვარსახელების ერთი ნაწილი ტოტემური წარმოშობისაა. მუხის კულტს უკავშირდება გვარსახელი აჯბა (აჯ, აფხ. მუხა), ნეკერჩხლის კულტს – ამჭბა//ამიჭბა (ამჭა, ამაჭა, აფხ. ნეკერჩხალი), წიფლის კულტს _ აშვბა//აშუბა (აშვ, აფხ. წიფელი); ცხოველთა და ფრინველთა სახელებიდანაა ნაწარმოები: ბაღბა (აბაღ, აფხ. მამალი თხა), ბგანბა (აბგა, აფხ. მგელი), ეშბა (აეშ, აფხ. ციყვი), ცუგბა (აცგუ, აფხ. კატა), ბღაჟვბა (ბღეჟ, ადიღ. არწივი).58
პატრონიმული წარმოშობისაა გვარსახელები: ინალ-იფა, პატეიფა, შათიფა. ისინი მომდინარეობენ წინაპართა სახელებისაგან: ინალ, პატ, შათ.59
რიგი აფხაზური გვარსახელები დაკავშირებულია ხელობასთან (მჭედლობა, ოქრომჭედლობა და სხვ.), მათ შორის: ჟიბა (აჟი, აფხ. მჭედელი), არძინბა (არაძნ, აფხ. ვერცხლი), ხიბა (ახი, აფხ. ოქრო).60 ზოგიერთი აფხაზური გვარსახელი ნაწარმოებია გეოგრაფიული ნომენკლატურიდან, კერძოდ, მდინარეთა სახელებიდან: არგუნ (მდ. არგუნი, რომელიც სოფ. ლათაზე გადის), პტიში (მდ. პტიში, მდ. ჩხალთის შენაკადი), არიუთა (არიუთა, მდინარე ბზიფის აფხაზეთში). საფიქრებელია, რომ მდინარეთა სანაპიროზე მცხოვრები საგვარეულო თემები ზოგჯერ ამ მდინარეთა სახელწოდებას გვარსახელად იღებდნენ.*
ქართული წარმოშობისაა აფხაზური გვარსახელების უმრავლესობა, რომლებიც გაფორმებულია -ია, -უა, -ვა, -ძე, -შვილი სუფიქსებით. მუჰაჯირთა სიაში მრავლად გვხვდება ქართული გვარსახელები. მათ შორის: აბჟინაა (შდრ. მეგრ. ბჟინავა), ბაგათელია, ბამბურაძე, ბედია, ბიგვა(ვა)// ბიგვაა, ბოჯგუა, ბჟანია, გაბელია, გვარამია, გოგუა, გუნია, თორდუა, თორია, კვეკვესკირი, კობახია, კურდღელია, ლაგულაა (ლაგვილავა), ლაზარია, ლასურია, ლოგუა, ლომია, მალანია, მარღანია, მარხოლია, მატუა, მიხელია, საბეკია, სანგულია // სონგულია, საღარია, ქარდაა (ქარდავა), ქირია, ქვაჩახია, ქორიძე, ქუთელია, შაკაია, ფილია, ფაჩულია, ჩანგელია, ჩხაჩხალია, ჩხოდუა (ალბათ, ჩქოტუა), ჩხონგურია, ცაცუა, ჭკადუა, ჭითანავა, ხალვაში, ხახუბია, ხვარაა // ხორა (ხორავა), ჯინჯია, ჯინჯოლია, ჯოჯუა და სხვ.
ამ გვარ-სახელთა უმრავლესობა ხშირად გვხვდება დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთებში მდ. ენგურსა და მდ. კელასურს შორის ტერიტორიაზე.61 შესაძლოა ამ მხარის ძველ მცხოვრებთაგან იყოს შემორჩენილი მუჰაჯირთა სიაში მოხსენიებულ იმ გვარსახელთა ნაწილი, რომლებიც დაბოლოების მიხედვით (-ია,-უა,-ვა) ქართულია, მაგრამ ამჟამად გამქრალია, ან მხოლოდ აფხაზთა შორის დასტურდება. მათ შორის: არსია, არაია, აკუხავა, გამგია, გერგელია //გერგალია (გერგაია?),* გინდია, ღუარწკია, გულია, კვარჭია, ღუბლია, ჩალაყუა // ჭოლოყუა, წვაწვა, ჯაპუა// ჯოპუა, გუაია, გვადავაა,** ლაბაშია, სალთაბლია, წაბრია, ბურდღუბაია, ზუალია და სხვ.
მუჰაჯირთა სიაში წარმოდგენილი მრავალი «აფხაზური» გვარსახელი ქართულია. მაგ., ბჟანია _ მისი ფუძეა «ბჟა», რაც მეგრ. მზეს ნიშნავს; ჭკადუა («ჭკადუ», მეგრ. მჭედელი), ჯინჯოლია _ მას საფუძვლად უდევს სიტყვა «ჯინჯი», რაც მეგრ. ძირს, ფესვს ნიშნავს და ერთვის კნინობით-ალერსობითი -ოლ სუფიქსი. მისი აფხაზური ფორმაა აჯინჯალ.*** იგივე სიტყვა «ჯინჯი» უდევს საფუძვლად გვარსახელს ჯინჯია. ცხოველთა სახელებიდანაა ნაწარმოები გვარსახელები: კურდღელია (მეგრ. კურდღელი, ყურდგელი), ლომია (ლომი. მისი აფხ. ფორმაა ალამია. აფხ. ალამ _ ლომი). გვარსახელ ლაბაშიას საფუძვლად უდევს მეგრ. სიტყვა «ლაბაშა» (ჯოხი). გვარსახელს ლასურია, როგორც ჩანს, საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი ლასური. XII-XVსს. დოკუმენტებში გვხვდება საკუთარი სახელი ლასური და გვარი ლასურისძე.62 ლასურისძენი იხსენიებიან XVI საუკუნის მესხეთის თავადების სიაში.63 გვარსახელი ლასურია, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე (მაშინდელი ოდიში) XVII საუკუნიდან გვხვდება,64 და ა. შ.
მუჰაჯირთა სიაში წარმოდგენილ ქართულ გვარსახელთა ნაწილს ფორმა შეცვლილი აქვს აფხაზურ ყაიდაზე. მაგ. ბიგვა //ბიგვაა (ბიგვავა), გაბნია (გაბუნია), გაბლია (გაბელია), კუწნია (კვიწინია), ლაგულაა (ლაგვილავა), ჯინჯალ (ჯინჯოლია) და სხვა, რაც მათ გააფხაზებაზე მეტყველებს*. ამასთან, სიაში წარმოდგენილი ზოგიერთი აფხაზური გვარი -ია სუფიქსის დართვით გაქართულებულია: აშუბაია, როსტობაია, თარბაია, შაკერბაია.
მუჰაჯირთა სიაში გვხვდებიან თურქებიც, რომელთა ნაწილი შეიძლება გააფხაზებულიც იყო, აგრეთვე, როგორც ჩანს, წარმოშობით სლავური გვარები _ იანოგდა, უბევიჩ, რომელთა წარმომადგენლებიც სახელების მიხედვით ასევე გააფხაზებული ჩანან. ცნობილი რუსი ზოოლოგი და არქეოლოგი ვ. ჩერნიავსკი, რომელიც XIXს. II ნახევარში დასახლდა სოხუმში, კიდევაც აღნიშნავდა, რომ აფხაზეთში დამკვიდრებული თურქები, რუსეთის არმიის რუსი და პოლონელი ჯარისკაცები აქ სწრაფად აფხაზდებოდნენ.65 ამის დამადასტურებელი არაერთი მაგალითი არსებობს.
სოციალური კატეგორიებიდან მუჰაჯირთა სიაში დასახელებულია თავადი, რომელიც მიემართება გვარსახელებს _ ანჩაბაძე, მარშანი, ძაფშ-იფა. აღსანიშნავია, რომ გადასახლებულთა შორის არცერთი შარვაშიძე არ არის. აზნაური _ მიემართება ერთ გვარსახელს _ ერისთო. სხვა აზნაურული საგვარეულოები _ ჩაბალურხვა, მარღანი, ზვანბა, მიქანბა და სხვა, ამ კატეგორიის გარეშეა წარმოდგენილი.
სოციალური ტერმინებიდან მუჰაჯირთა სიაში იხსენიება აგრუა, რომელიც უუფლებო ადამიანთა კატეგორიას, მონას აღნიშნავდა; ხშირად გვხვდება აგრეთვე ტერმინი უგვარო. ჩვეულებრივ, მთიელთა საზოგადოებებში «უგვარო» იყო ხიზანი ან ტყვე. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ უგვარო ყმა გლეხები ყმობიდან განთავისუფლების შემდეგ თავიანთი ყოფილი ბატონის, თავისუფალი გლეხის თუ აზნაურის გვარს ღებულობდნენ. გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძის* მოურავის ა. პახომოვის ცნობით, სოფ. იაშთხვაში ცხოვრობდა 12 კომლი ქეცბა, რომელთაგან მხოლო 6 კომლი იყო ნამდვილად ქეცბა, ხოლო დანარჩენი 6 იყო ქეცბას ახოიუ (ყმა გლეხი), რომლებმაც ყმობიდან გათავისუფლების შემდეგ თავიანთი ყოფილი ბატონის გვარი ქეცბა მიიღეს.66 ასეთი შემთხვევები ჩვეულებრივი ამბავი იყო.
მუჰაჯირთა სია საინტერესო მასალას იძლევა აფხაზებში გავრცელებული საკუთარი სახელების შესწავლის თვალსაზრისით. მუჰაჯირები ძირითადად ატარებენ აფხაზურ-ადიღურ და მუსლიმურ საკუთარ სახელებს: აბრაგ, ალმასხიტ, ბასიათ, ბესლან, ბიდა, გედლაჩ, გიდ, დანაყაი, დუს, ზაურიმ, ზაფას, თათლასთან, კიაგვა, კვატაშ, მაზლოუ, მამსირ, მეჯით, მირზაყულ, ნარჩოუ, პატიხუ, რეშიტ, სასთანღაზ, სასრიყვა, სოსრან, სოულაჰ, ტაშ, ფათ, ფათქირეი, ქელამათ, ქვაბზაჩ, ქვაბლუხ, ქუფაჩ, ქუჯმახან, შკვაკვა, შმაფ, შხანუყვა, ხაკუცვ, ხრიფს, ჰაბიჯ, ჰანაშვ, ალი, ასლანგირეი, ასკერ, ასლან, ასლანბეი, აჰმეთ, ბულატ, ებირჰამ, ედრის, იაჰია, იბრაჰიმ, მაჰმეტ, მაჰმუთ, მსაუსტ, მუსა, მუსტაფა, ოსმან, რაშიდ, რაჯაბ, საათბეი, საფარ, სეიდ, სეიდიყ, სმაილ, სმელ, სულთან, სულეიმან, ყიზილბექ, ჯაფარ, ჰანიფა, ჰასან, ჰალილ, ჰაჯი, ჰუსეინ და სხვ.
მუჰაჯირთა შორის გვხვდება ქართველებში გავრცელებული სახელები, მათ შორის ქრისტიანულიც: ბაგრატ-ი, დაუთ (დავითი), იუან(ივანე), ზურაბ-ი, პეტრე, როსტომ-ი, კესარია და სხვა, აგრეთვე მეგრული და მეგრელ-აფხაზთათვის საერთო სახელები: ბაჩა, ბახუ, ბეჟა, დათა, თადა, თიყვა, კოლია, მანჩა (მანუჩარი), მახარობელ-ი, მაც, მახუ, მაჯ, პახვალა, ტაგუ, უჩარდია (მეგრ. შავგვრემანი), ფახუ, ქვაჩა, ჯოღორია და სხვა.67 თუმცა სახელები _ მახუ (აბაზ. ბედნიერი) და მაც აბაზებშიც იყო გავრცელებული.68
მუჰაჯირთა სიაში იხსენიება სახელი რამხუტ. ეს იგივე მეგრული არამხუტუა. სამეგრელოში გავრცელებული იყო თქმულება არამხუტუზე, რომელიც ზოგს ალანად (ყარაჩაელად)**, ზოგს კი ჩერქეზად, ყაბარდოელად ან აფხაზად მიაჩნდა. გადმოცემით, იგი სამეგრელოში სოფ. ჯვარს დაეცა, სადაც წმ. გიორგისა და წმ. კვირიკეს ხატების დახმარებითა და წყალობით მოკლეს.69 ამრიგად, ფოლკლორული ტრადიციით ეს სახელი მაინც აფხაზურ-ადიღურ სამყაროს უკავშირდება, თუმცა ის აფხაზთა შორის პოპულარული არ ჩანს. სამეგრელოში არამხუტუ იხმარება მამაცის, გმირის აღსანიშნავად.70
მუჰაჯირთა შორის პოპულარულია აფხაზური «ნართების» ეპოსის გმირის სახელი სასრიყვა. ეს სახელი ფართოდ იყო გავრცელებული მთელ აფხაზურ-ადიღურ სამყაროში, ისევ და ისევ «ნართების» ეპოსის ადიღური ციკლის გამო. საერთოდ, აფხაზებში, აბაზებში, ადიღეელებში და ყაბარდოელებში დასტურდება ერთნაირი საკუთარი სახელების არსებობა,71 რაც ისევ და ისევ ამ ხალხების ახლო ნათესაობაზე მეტყველებს.
მუჰაჯირთა სია საინტერესოა აფხაზეთის ტოპონიმიკის კვლევის თვალსაზრისით. «სიაში» ბიჭვინთისა და დრანდის ოლქებში დასახელებულია 32 სოფელი: ფსირცხა, დ. გუდაუთა, აფცხვა, ააცი, ხოფი, თასრაყვა, ეშერა, გუმა, იაშთხვა, აბჟაყვა, კელასური, ანუხვა, აბგარდვინი, ოჩამჩირე, გუფი, ფოქვეში, მერკულა, ბესლახუბა, აკვასკა, მოქვი, ჭლოუ, ტყვარჩელი, ჯგერდა, თხინა, ათარა, დღამიში, მერხეული, აიბახვწა, ფშაფი, ბაგაჟიაშთა, გულრიფში. აქვე დასახელებულია აგრეთვე ეშირკვარას ხეობა, საიდანაც ასევე მოხდა გადასახლება.
ამ სოფლების ერთი ნაწილი კარგად არის ცნობილი შუა საუკუნეების ქართული და უცხოური წყაროებით, ხოლო ნაწილი პირველად იხსენიება XIX ს. 30-იან წლებში და შემდგომ.
სოფ. ააცი არის ისტორიული «აღაცო». იგი აღნიშნულია XVII ს. II ნახევრის «ჯიჰან-ნუმას» თურქულ რუკაზე სახელწოდებით აღჩა.72 1737 წლის დასავლეთ საქართველოს რუკაზე გვხვდება მდინარე სახელწოდებით «აღაცო», რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი (1696_1758) «აღაცოს წყლის» სახელით იხსენიებს. მდინარის სახელწოდება მომდინარეობს სოფლის სახელიდან.73 სოფელი ააცი ამ სახელწოდებით პირველად XIX ს. 30-იანი წლებიდან ჩანს.74
სოფ. ჭლოუ XVII ს. საბუთებში იხსენიება როგორც თავად ჯაიანების კუთვნილი სოფელი ჭალა. აქ იყო ორი ეკლესია: ჯვარი პატიოსნისა და წმ. გიორგის სახელობის.75 როცა ამ მხარეში აფხაზები დამკვიდრდნენ, ჭალას ჭლოუ ეწოდა, თუმცა სოფლის ერთ-ერთ უბანს დღემდე შემორჩა სახელი ჭალოუ-აიმარა.76 სოფ. ჭლოუ, რუსული ფორმით «ჭილოუ», XIX ს. 30-იანი წლებიდან77 ხშირად ჩანს საბუთებში.
სოფ. ბესლახუბა არის XVII საუკუნიდან კარგად ცნობილი სოფ. ღალიძგა,78 მდ. ღალიძგის მარჯვენა ნაპირზე. აქ იყო ოდიშის მთავრის ლევან II დადიანის (1611-1657) და აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათალიკოსის სასახლეები.79 როცა აქ აფხაზები დამკვიდრდნენ, სოფელს ბესლახუბა უწოდეს.
სოფ. გუფი იხსენიება «აფხაზეთის საკათალიკოზო გამოსავალი მოსაკრებლობის დავთარში» (1621 წ.) სახელწოდებით გუფუ.80 პ. ინგოროყვას აზრით, სახელწოდება გუფი მომდინარეობს სიტყვიდან გუბი, რაც შეგუბებულ წყალს ნიშნავს.81 XIX ს. 30-იან წლებში აბჟუის ოლქში კვლავ იხსენიება სოფ. გუფი.82
სოფ. მერკულა ცნობილია XIV საუკუნიდან. იგი აღნიშნულია პ. ვესკონტეს შავი ზღვის რუკებზე (1313, 1318).83 1639-1640 წწ. ოდიშის სამთავროში მყოფი რუსი დესპანები ფ. ელჩინი და პ. ზახარიევი იხსენიებენ მდ. მერკულას და სოფ. მერკულას (მდ. მორგულე, სოფ. მარკული).84 აქ იყო ოდიშის მთავრის ლევან II დადიანის ერთ-ერთი სასახლე. სახელწოდება «მერკულა» უნდა მომდინარეობდეს შავქლიავის მეგრული სახელისაგან მარგული // მარგულა.85 XIX საუკუნის 30-იან წლებში აბჟუის ოლქში კვლავ იხსენიება სოფ. მარკულა.86
სოფ. თხინა იხსენიება ლევან II დადიანის შეწირულობის სიგელში ბიჭვინთის ტაძრისადმი (1628 წ.) თხალარის ფორმით.87 სოფლის სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან თხილნარი88, რომლის ვარიანტი თხინა დღესაც გამოიყენება მეგრულში თხილნარის მნიშვნელობით. XIX ს. 30-იან წლებში აბჟუის ოლქში კვლავ იხსენიება ეს სოფელი, მხოლოდ რუსული ფორმით _ თხინოპო.89
სოფ. მოქვი შუა საუკუნეების ქართული და უცხოური წყაროებით კარგადაა ცნობილი. აქ იყო დას. საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო ცენტრი _ მოქვის საეპისკოპოსო კათედრა, რომელიც XVII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში მოიშალა აფხაზთა მიერ ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის დაპყრობის შემდეგ.90
სოფ. კელასური მდებარეობს მდ. კელასურის ნაპირზე. სახელწოდება «კელასური» მომდინარეობს ბერძნული ტერმინიდან «კლისურა», რაც გასასვლელს, ვიწრობს ნიშნავს.
სოფ. მერხეული მდებარეობს მდ. მაჭარის ნაპირზე. სახელწოდება «მერხეული» მომდინარეობს სვანური სიტყვიდან «მერხელ» (ჭინჭარი).91
სოფ. ტყვარჩელი აღნიშნულია XVII ს. იტალიელი მისიონერების ლამბერტისა და კასტელის რუკებზე სახელწოდებით ტკვაჯა. სახელწოდება «ტყვარჩელი» მომდინარეობს მცენარე ყოჩივარდას მეგრული სახელისაგან ტყვარჩელია.92
სოფ. ოჩამჩირე წყაროებში XIX ს. შუა ხანებში ჩნდება.93 სახელწოდება «ოჩამჩირის» ორგვარი ახსნა არსებობს. ერთი მოსაზრებით (თ. სახოკია, ნ. მარი, ი. ყიფშიძე) სახელწოდება მომდინარეობს ბზის თურქული სახელიდან «ჩიმშირ», რომელსაც დაერთვის მეგრულ-ჭანური ო-ე აფიქსები. XIX საუკუნეში აქედან გაჰქონდათ ბზა, ე. ი. ბზის გასაყიდი ადგილი; მეორე, ლინგვისტურად უფრო დამაჯერებელი მოსაზრებით (გ. როგავა), «ოჩამჩირე» კომპოზიტს წარმოადგენს (მეგრ. ოჩე და მჩირე) და სიტყვა-სიტყვით «ვრცელ ყანას» ნიშნავს.94
სოფ. ფოქვეში XIX ს. 30-იან წლებში იხსენიება აბჟუის ოლქში,95 თუმცა, როგორც ჩანს, იგი რამდენიმე საუკუნით ადრეც არსებობდა. სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან «ფოქვა» (მეგრ. მღვიმე, გამოქვაბული),96 რომელსაც ერთვის ზანურ-სვანურ გეოგრაფიულ სახელთა მაწარმოებელი -ში სუფიქსი.
სოფ. ფშაფი მდებარეობს მდ. ფშაფის ნაპირზე. XIX ს. 30-იან წლებში იხსენიება აბჟუის ოლქში.97 სახელწოდების ფუძე არის «ფშა», რაც ს.-ს. ორბელიანის განმარტებით არის «მდინარისაგან წყარო მუნვე ახლო გამოდენილი».98
სოფ. ხოფი მდებარეობს მდ. ხიფსთას მარჯვენა ნაპირზე. ხოფი ფართოდ გავრცელებული სახელია თითქმის მთელ საქართველოში (სამეგრელოში _ ხობი, ხოფი; ლაზეთში _ ხოფი; ქართლში, ქსნის ხეობაში _ ხოფი). სოფლის სახელწოდებად XIX ს. II ნახევარში მისი აფხაზური ფორმა «ხვაფ»-ი მკვიდრდება.99 ა. და რ. გოჟბებსაც სოფლის სახელწოდება აფხაზური ფორმით მოჰყავთ.
გუდაუთა XIX ს. შუა ხანებში აღმოცენდა შავი ზღვის სანაპიროზე, მდ. გუდოუს შესართავთან. მეგრელმა მოახალშენეებმა აქ ჭაობი ამოაშრეს და საფუძველი ჩაუყარეს ახალ დასახლებას.100 ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო იგი სწრაფად გაიზარდა და დაწინაურდა. სახელწოდება, როგორც ჩანს, მდინარის სახელისაგან მომდინარეობს, რომლის სანაპიროზეც იგი გაშენდა.
სოფ. ფსირცხა მდებარეობს მდინარე ფსირცხას ნაპირზე. იგი XIX ს. შუა ხანებიდან ჩანს წყაროებში.101 სახელწოდება მომდინარეობს მდინარის სახელიდან. ვახუშტი ბატონიშვილი იხსენიებს ანაკოფიას (ამჟ. ახალი ათონი) და მის მცირე მდინარეს, რომელსაც მოგვიანებით ფსირცხა ეწოდა. სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან «ფსირტსხა», რაც მდინარის სათავეს ნიშნავს.102
სოფ. აბჟაყვა მდებარეობს მდ. ბესლეთის ნაპირზე. წყაროებში XIX ს. 30-იანი წლებიდან ჩანს.103 «აბჟაყვა» აფხაზურად «შუა აყუას» ნიშნავს.
აბგარდვინი ამჟამად სოფ. ჯირხვის ნაწილია. ხ. ბღაჟბა ტოპონიმს აფხაზური ენის საფუძველზე ხსნის _ «მგლის მინდორი». თ. მიბჩუანი სახელწოდებას უკავშირებს სვანურ გარდვანს _ «გამაგრებული ადგილი».104
აკვასკა ამჟამად სოფ. გუფის ნაწილია. იგი წყაროებში XVII საუკუნიდან ჩანს, ა. ლამბერტის რუკაზე აღნიშნულია აკვასკეს ფორმით.105 XIXს. შუა ხანებში კვლავ იხსენიება სოფ. აკვასკა.106
ათარა პირველად XIXს. 30-იან წლებში ჩანს აბჟუის ოლქში.107
დღამიში სოფ. ჯგერდის ნაწილია. სახელწოდება წარმოებულია ზანურ-სვანური ტოპონიმების მაწარმოებელი -ში სუფიქსით. ამჟამად, სოფლის სახელი აფხაზურ ყაიდაზეა გაფორმებული და «დღამშ» ეწოდება.
აფცხვა ამჟამად სოფ. მუგუძირხვაში შედის. წყაროებში XIXს. 30-იანი წლებიდან ჩანს.108
თასრაყვა ამჟამად სოფ. აბღარხუქში შედის. მუჰაჯირთა 1867 წლის სიაზე ადრე სხვაგან არ ფიქსირდება.
სოფ. აიბახვწა პირველად ჩანს XIXს. 30-იან წლებში აფხაზეთის ოლქში.109
სოფ. ბაგაჟიაშთა პირველად ჩანს XIXს. 30-იან წლებში აფხაზეთის ოლქში.110
წებელდის ოლქში (დალის თემთან ერთად) დასახელებულია 30 სოფელი: აქითარწუხვ, სხოცაა ჰაბლა (შვხუაცაა ჰაბლა), ამტყელი, აუშთა, ფშაური, გერზაული, უნთფირ, ნაუშ, ნაა, ბეშ-იკვარა, ბარანბა (მრამბა), შვაკვარან, აბგარა, ჯამფალ, პიფტა (ფიშვთა?), აზანთა, აბგალახვარა (აბლუხვარა), ყადა, აბგიძირა, ჯიხაშკარ. საკუთრივ დალში: დალი, აჟარა, ყამგარა, ზიმა, შვაქვ, ვარდა, თაფშ-იფა-იჰაბლა, ამჭარა, ლათა, გენწვიში.
ამ სოფლების ერთი ნაწილის ლოკალიზაცია ჭირს, რადგან ისინი სხვა წყაროებში არ გვხვდება და, ამდენად, უცნობია. მათ შორის: აქითარწუხვ, შვხვაცაა ჰაბლა (სოფ. შვხუაცბების უბანი), უნთფირ, ფიშვთა, ბეშ-იკვარა.* შვაქვ, თაფშ-იფა-იჰაბლა*. ნაწილი ცნობილია XIXს. 30-იანი წლებიდან, ან შემდგომი პერიოდის მასალებიდან.
XIX ს. 30-იან წლებში ჩანს: მრამბა (ამჟამად სოფ. წებელდის ნაწილი), ყადა (მდ. აზანთის ნაპირზე, ამჟ. სოფ. ამტყელის ნაწილი), ჯამფალი (ამჟ. სოფ. ამტყელის ნაწილი), ვარდა (ამჟ. სოფ. ლათის ნაწილი), ზიმა (ამჟ. სოფ. აჟარის ნაწილი), აზანთა (ამტყელის ტბის ნაპირზე, ამჟ. სოფ. წებელდის ნაწილი), აბლუხვარა (ამჟ. სოფ. აზანთის ნაწილი), აბგიძირა (აფხ. შინდი. ამჟ. სოფ. ზემო კელასური), შვაკვარანი (შემდეგდროინდელი მიხაილოვსკოე. მდებარეობდა ორი ამტყელის შესართავთან), ჯიხაშკარი** (მეგრ. «ციხის კარი». ამჟ. სოფ. წებელდის ნაწილი), ამტყელი*** (მდე-ბარეობს მდ. ამტყელისა და მდ. ჯამფალის შესართავთან, ამტყელის ტბის ნაპირზე), დალი;111 სიაში მოხსენიებული სოფ. ნაა არის ამჟამინდელი სოფ. განახლება.
სოფლისა და თემის სახელწოდება წებელდა მომდინარეობს ქართული სიტყვიდან წიფელი (წიფელთა, ქართ. წიფელი, მეგრ.-ჭან. წიფური, წიფრი, სვან. წიფრა).112 გენწვიში სვანურად ანწლიან ადგილს ნიშნავს.113 ლათა სვანურად ნიშნავს საზღვარს, გასაყარს, გასაყოფ ადგილს.114 სახელწოდება ფშაურის ფუძე არის «ფშა», რაც ს.-ს. ორბელიანის განმარტებით არის «მდინარისაგან წყარო მუნვე ახლო გამოდენილი».115 სოფლისა და თემის სახელი დალი მომდინარეობს სვანური ნადირობის ღვთაების სახელიდან და დალის საუფლოს ნიშნავს.116 ტოპონიმი აზანთა, როგორც ჩანს, უწინ აქ ზანების, მეგრელ-ჭანების განსახლებაზე მიანიშნებს. სოფლის სახელწოდება აჟარა, საფიქრებელია, რომ მომდინარეობს აფხაზური ღვთაების სახელიდან აჟაჰარა (ფუძის ანგელოზი, ოჯახის მფარველი ღვთაება).*
ამრიგად, გვიან შუა საუკუნეებში აფხაზეთში მიმდინარე ეთნიკური პროცესების შედეგად, რადიკალურად შეიცვალა აფხაზთა ეთნიკური სახე. საკუთრივ აფხაზეთში და აფხაზთა მიერ მიტაცებულ ოდიშის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ჩამოსახლებულ აბაზა-ადიღეელთა ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა თანამედროვე აფხაზური (აფსუა) ეთნოსი. ეს პროცესი აფხაზურ გვარ-სახელებზეც აისახა. ეთნიკურმა ცვლილებებმა აფხაზთა მიერ მიტაცებულ ოდიშის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და საკუთრივ აფხაზეთში ამ მხარის ტოპონიმიკის შეცვლაც გამოიწვია. ზოგიერთი ქართული სახელწოდება საერთოდ გაქრა და მათ ადგილას ახალი, აფხაზურ-ადიღური წარმოშობის ტოპონიმი დამკვიდრდა, ზოგს სახე შეეცვალა აფხაზურ ყაიდაზე. ეს პროცესები გარკვეულწილად ასახულია 1867 წლის აფხაზ მუჰაჯირთა სიაში.

ლიტერატურა:

1 ბ. ხორავა, ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა…, გვ. 22-24; ბ. ხორავა, აფხაზთა ეთნიკური ვინაობისათვის, გვ. 45-46.
2 Абазины, გვ. 16; Л. И. Лавров, Историко-этнографические очерки Кавказа, გვ. 41-47; Л. И. Лавров, Этнография Кавказа, გვ. 69.
3 А. Н. Генко, Абазинский язык, გვ. 9; Х. С. Бгажба, Об абхазских племенах и диалектах, გვ. 117-118.
4 ნ. ბერძენიშვილი, აფხაზეთის შესახებ, გვ. 287.
5 ნ. ბერძენიშვილი, მასალები…, გვ. 608.
* მეცნიერებაში დამკვიდრებულია ტერმინი აფხაზურ-ადიღური ტომები, რომელშიც იგულისხმება: აფხაზები, აბაზები, ადიღეელები, ყაბარდოელები, უბიხები. აფხაზები კულტურულ-პოლიტიკურად ქართველები იყვნენ აფხაზეთში რადიკალურ ეთნიკურ ცვლილებებამდე (XVI_XVII სს.), ამიტომ უხერხულად მიგვაჩნია ამ პერიოდამდე მათი აბაზებთან, ადიღეელებთან, ყაბარდოელებთან და უბიხებთან გაერთიანება სახელწოდებით _ აფხაზურ-ადიღური ტომები, რადგან, ფაქტობრივად, ამით ქართული კულტურულ-პოლიტიკური სამყაროდან მათ გაუცხოებას ვახდენთ. ამიტომ ვიყენებთ ტერმინს _ აბაზურ-ადიღური ტომები.
6 ბ. ხორავა, ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა…, გვ. 109-112; ბ. ხორავა, ეთნიკური პროცესები ჩრდილო კავკასიაში და აფხაზეთი, გვ. 87-97.
7 ი. დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, გვ. 222.
8 ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, ტ. 1, გვ. 26.
9 ც. აბულაძე, საქართველოსა და მისი პოლიტიკური წარმონაქმნების…, გვ. 274-275.
10 დ. მუსხელიშვილი, ისტორიული სიმართლისათვის, გაზ. «კომუნისტი», 1989 წ. 5 აპრილი; ბ. ხორავა, ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა…, გვ. 85-87.
11 ბ. ხორავა, იქვე, გვ. 83-86.
12 იქვე, გვ. 87-88.
* სამწუხაროდ, ქართულ ფეოდალურ ისტორიოგრაფიას შეუმჩნეველი დარჩა აფხაზთა რადიკალური ეთნიკური ცვლილება. თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში პ. ინგოროყვამ პირველმა გაუსვა ხაზი გვიან შუა საუკუნეებში (XVI-XVII სს.) აფხაზთა რადიკალურ ეთნიკურ ცვლილებას, ხოლო აკად. ნ. ბერძენიშვილმა სპეციალურად შემოიტანა ტერმინი «აწინდელი აფხაზეთი», რითაც მათ გამიჯნეს «ძველი» და «ახალი» აფხაზები და აფხაზეთი.
13 П. К. Услар, О языке убыхов, გვ. 78-79. თ. გამყრელიძე და თ. გვანცელაძეც «აბაზა» და «აფსუა» ეთნონიმებს ერთი ფუძიდან მომდინარედ მიიჩნევენ (თ. გამყრელიძე, ძველი კოლხეთის…, გვ. 586-587; თ. გვანცელაძე, კვლავ ეთნონიმ «აფხაზისა» და…, გვ. 571-577).
14 К. В. Ломтатидзе, Абхазский язык, გვ. 123.
15 Ш. Д. Инал-Ипа, Абхазы, გვ. 46.
16 Л. Люлье, Обший взгляд …, გვ. 186-188.
17 Ш. Б. Ногмов, История адигейского народа, გვ. 54-55.
18 Г. Ф. Чурсин, Материалы по этнографии Абхазии, გვ. 32.
19 Л. И. Лавров, Абазины, გვ. 34; Г. Ф. Чурсин, Материалы по этнографии Абхазии, გვ. 32-36; Л. Х. Акаба, У истоков религии абхазов, გვ. 110.
20 Д. Мусхелишвили, Исторический статус Абхазии…, გვ. 133-134.
1 Х. С. Бгажба, Бзыбский диалект абхазского языка, გვ. 249; Ш. Д. Инал-Ипа, Вопросы этно-культурной истории абхазов, გვ. 175; ს. ზუხბა, აფხაზური ზეპირსიტყვიერება, გვ. 215.
22 С. П. Басариа, Редкие случаи долголетия в Абхазии, გვ. 108.
23 ს. ზუხბა, აფხაზური ზეპირსიტყვიერება, გვ. 214.
24 Ш. Д. Инал-Ипа, Вопросы этно-культурной истории абхазов, გვ. 175.
25 ს. ბახია-ოქრუაშვილი, აფხაზთა ეთნოგენეზის საკითხისათვის, გვ. 6.
26 იქვე, გვ. 6-7.
27 იქვე, გვ. 7.
28 Ф. Ф. Торнау, Воспоминания…, ч.1, გვ. 45; М. М. Галашевский, Легенды Апсны, «Сухумский вестник», 1910, № 6; Ш. Д. Инал-Ипа, Дурипш, გვ. 78, 81. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ერთი ტოპონიმი ბზიფის ხეობაში. ერთ ვიწრო ადგილს ფსხუს გზაზე ეწოდება «სოუ იეიბაშირთა» (აფხ. სოუს ბრძოლის ადგილი). გადმოცემით, მამაცი სოუ აქ ერთი შეებრძოლა ფსხუელებს და მოიგერია მრავალრიცხოვანი მტრის შემოტევა (С. П. Басариа, Избранные сочинения, გვ. 73).
29 გ. გასვიანი, ნარკვევები შუა საუკუნეების სვანეთის ისტორიიდან, გვ. 210.
30 თ. მიბჩუანი, მეგობრობის სათავეებთან, თბ., 1986.
31 В. Линден, Высшие классы…, გვ. 61.
32 К. Мачавариани, Описательный путеводитель…, გვ. 312.
33 Л. И. Лавров, Историко-этнографические…, გვ. 45.
34 Д. Гулиа, История Абхазии, გვ. 268; Ш. Д. Инал-Ипа, Абхазо-кабардинские…, გვ. 76; Л. И. Лавров, Историко-этнографические…, გვ. 127-128.
35 ს. ზუხბა, აფხაზური ზეპირსიტყვიერება, გვ. 214-215.
36 Х. С. Бгажба, Бзыбский диалект…, გვ. 246; Х. С. Бгажба, Некоторые вопросы…, გვ. 145.
37 А. В. Фадеев, Краткий очерк…, გვ. 51; Г. Ф. Чурсин, Материалы по этнографии Абхазии, გვ. 34.
38 ბ. ხორავა, ეთნიკური პროცესებისათვის გვიანი შუა საუკუნეების აფხაზეთში, გვ. 44.
39 Ш. Д. Инал-Ипа, Вопросы…, გვ. 379-380; Х. С. Бгажба, Бзыбский диалект абхазкого языка, გვ. 259.
40 ბ. ხორავა, ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა…, გვ. 85.
41 ნ. ბერძენიშვილი, მასალები…, გვ. 616.
42 ბ. ხორავა, ეთნიკური პროცესებისათვის გვიანი შუა საუკუნეების აფხაზეთში, გვ. 49.
43 ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა…, გვ. 786.
44 ნ. ბერძენიშვილი, ბორჯომის ხეობა, გვ. 238; ბ. ხორავა, ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა…, გვ. 143.
45 Ш. Д. Инал-Ипа, Дурипш, გვ. 82.
46 И. Г. Антелава, Очерки по истории Абхазии XVII-XVIII веков, გვ. 109.
47 А. Пахомов, Записка…, გვ. 253-258.
48 ბ. ხორავა, ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა…, გვ. 144-145.
49 თ. გვანცელაძე, ქართველთა აღმნიშვნელი ტერმინები აფხაზურსა და აბაზურ ენებში, გვ. 317.
50 Ф. Ф. Торнау, Воспоминания…, ч. 1, გვ. 58.
54 ს. ჯანაშია, ეგნატე ინგოროყვას გენეალოგიისათვის, გვ. 485-486.
55 Л. И. Лавров, Этнография Кавказа, გვ. 26.
56 ს. ჯანაშია, ექსპედიცია ადიღეს ავტონომიურ ოლქში, გვ. 104-105, 137; ქ. ლომთათიძე, აშხარული დიალექტი…, გვ. 223.
57 Д. Гулиа, История Абхазии, გვ. 268; Ш. Д. Инал-Ипа, Абхазо-кабардинские этнографические параллели, გვ. 76; Л. И. Лавров, Историко-этнографические очерки Кавказа, გვ. 127-128.
58 Х. С. Бгажба, Бзыбский диалект абхазского языка, გვ. 244-245.
59 იქვე, გვ. 245.
60 Ш. Д. Инал-Ипа, Абхазы, გვ. 269.
* ადვილი შესაძლებელია ეს გეოგრაფიული სახელები მოტანილი იყოს აფხაზეთში ჩამოსახლებული აბაზა-ადიღეელების მიერ. ასე, მაგალითად, იტალიელი კარტოგრაფის ჯ. გასტალდის 1561 წლის რუკაზე ყუბანის აუზში დაფიქსირებულია გეოგრაფიული პუნქტი აყვა. აფხაზეთში ჩამოსახლებულმა აბაზა-ადიღეელებმა შემდეგ ეს სახელი ქ. ცხუმს (სოხუმი) უწოდეს (თ. გვანცელაძე, 1561 წლის უცნობი იტალიური რუკა…, გვ. 28-31).
1 ბ. ხორავა, ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 146-150.
* ისევე, როგორც გერგაიას, შესაძლოა მასაც საფუძვლად ედოს წმ. გიორგის მეგრ. ფორმა გერგე.
** როგორც ჩანს, ესაა გვარსახელ გუდავას აფხაზური ფორმა.
*** ენათმეცნიერებაში გარკვეულია, რომ «აჯინჯ» სიტყვა აფხაზურში ნასესხებია მეგრულიდან, რომელშიც ის ფესვს, ძირს ნიშნავს (თ. გვანცელაძე, აფხაზეთის ისტორიოგრაფიის ლინგვისტური საფუძვლები, გვ. 205).
62 თ. ჟორდანია, ქრონიკები, წ. II, გვ. 268; ნ. ბერძენიშვილი, მიწათმფლობელობის ფორმებისათვის ფეოდალურ საქართველოში, გვ. 216.
63 ს. კაკაბაძე, კვლევა-ძიებანი, გვ. 7-9.
64 ი. დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, III, გვ.419.
* ზოგჯერ ა. და რ. გოჟბებს ზოგიერთი გვარსახელი თავად აქვთ შეცვლილი აფხაზურ ყაიდაზე: აჩბა (ანჩაბაძე), გაბლია, (გაბელია), გვაგვა (გოგუა), ფაჩლია (ფაჩულია), ფლია (ფილია), ქრია (ქირია) და სხვ.
65 В. Чернявский, Краткий очерк Абхазии, გვ. 12
* გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძე (1847-1918), სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოეტი, დრამატურგი, კრიტიკოსი, მთარგმნელი. შარვაშიძეთა სამთავრო სახლის ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი. 1889-1897 წწ. იყო თბილისის გუბერნატორი. დიდ როლს ასრულებდა XIX ს. დასასრულს საქართველოს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში.
66 А. Пахомов, Записка…, გვ. 258.
67 Д. Гулиа, История Абхазии, приложение третье, გვ. 265-269; Х. С. Бгажба, Об абхазских личных именах, გვ. 196-210; ს. ჯანაშია, აფხაზური ხალხური სიტყვიერება, გვ. 250-251.
68 ს. ჯანაშია, ექსპედიცია ადიღეს ავტონომიურ ოლქში, გვ. 144.
** მეგრელები ყარაჩაელებს «ალანებს» ეძახდნენ, რადგან მათში არსებობდა ტრადიცია, რომ ყუბანის სათავეებში ადრე ალანები ცხოვრობდნენ.
69 Б. Хорава, Эрам-Хут и святыня джварцев, გვ. 49-58; И. Кипшидзе, Грамматика мингрельского (иверского) языка, გვ. 196, 400; ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წ. 1, გვ. 199.
70 Б. Хорава, Эрам-Хут и святыня джварцев, გვ. 50.
71 Д. Гулиа, История Абхазии, გვ. 268; Ш. Д. Инал-Ипа, Абхазо-кабардинские…, გვ. 76; Л. И.Лавров, Историко-этнографические очерки Кавказа, გვ.. 127-128; ს. ჯანაშია, აფხაზური ხალხური სიტყვიერება, გვ. 250-251.
72 ქათიბ ჩელების ცნობები…, გვ. 57.
73 პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, გვ. 180.
74 Статический взгляд на Абхазию, გვ. 227; П. Зубов, Картина…, ч. II, გვ. 269.
75 ს. კაკაბაძე, აფხაზეთის საკათალიკოზო დიდი იადგარი, გვ. 187.
76 პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, გვ. 174.
77 Статический взгляд на Абхазию, გვ. 226; П. Зубов, Картина…, ч. II, გვ.. 265.
78 პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, გვ. 176.
79 ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. II, გვ. 46; ი. დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, გვ. 476.
80 ი. დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, გვ. 419; პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, გვ. 168-169.
81 პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, გვ. 169.
82 Статический взгляд на Абхазию, გვ. 226; П. Зубов, Картина…, ч. II, გვ. 265.
83 იხ. Ф. Брун, Черноморье, ч.1, Одесса, 1879.
84 Посольство…, გვ. 323, 351.
85 თ. გვანცელაძე, აფხაზეთის ისტორიოგრაფიის ლინგვისტური საფუძვლები, გვ. 199.
86 Статический взгляд на Абхазию, გვ. 226; П. Зубов, Картина…, ч. II, გვ. 265.
87 ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. I, გვ. 40-41.
88 პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, გვ. 174-175.
89 Статический взгляд на Абхазию, გვ. 226; П. Зубов, Картина…, ч. II, გვ.. 265.
90 ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა…, გვ. 845.
91 თ. მიბჩუანი, დასავლეთ საქართველოს…, გვ. 270.
92 თ. გვანცელაძე, ქართველური სუბსტრატული ტოპონიმები აფხაზეთში (სოხუმი, გაგრა, ტყვარჩელი), გვ. 91-92.
93 Ф. Завадский, Абхазия и Цебельда, «Кавказ», 1867, № 59.
94 თ. სახოკია, მოგზაურობანი, გვ. 322; Н. Марр, Грамматика чанского (лазского) языка, გვ. 210; И. Кипшидзе, Грамматика мингрельского (иверского) языка, გვ. 295; გ. როგავა, ზოგი გეოგრაფიული სახელის (ოჩამჩირე, ტყაურუ) შედგენილობისათვის, გვ. 181-183.
95 Статический взгляд на Абхазию, გვ. 226; П. Зубов, Картина…, ч. II, გვ. 265.
96 И. Кипшидзе, Грамматика мингрельского (иверского) языка, გვ. 542.
97 Статический взгляд на Абхазию, გვ. 226; П. Зубов, Картина…, ч. II, გვ. 266.
98 ს.-ს. ორბელიანი, სიტყვის კონა, გვ. 363.
99 Ф. Завадский, Абхазия и Цебельда, «Кавказ», 1867, № 59.
100 გ. ალშიბაია, ს. ლიხნა, გაზ. «ივერია», 1901, ¹ 267.
101 Ф. Завадский, Абхазия и Цебельда, «Кавказ», 1867, № 59.
102 ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს, კავკასიის და…, გვ. 46.
103 Статический взгляд на Абхазию, გვ. 227; П. Зубов, Картина…, ч. II, გვ. 269.
104 Х. С. Бгажба, Бзыбский диалект…, გვ. 265; თ. მიბჩუანი, დასავლეთ საქართველოს…, გვ. 270.
105 იხ. ბ. ხორავა, ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 151.
106 Ф.Завадский, Абхазия и Цебельда, «Кавказ», 1867, № 59.
107 Статический взгляд на Абхазию, გვ. 226; П. Зубов, Картина…, ч. 66, გვ. 266.
108 Статический взгляд на Абхазию, გვ. 228; П. Зубов. იქვე, გვ. 270.
109 Статический взгляд на Абхазию, გვ. 228; П. Зубов, იქვე, გვ.268.
110 Статический взгляд на Абхазию, გვ. 228; П. Зубов, იქვე.
* ბეშ-იკვარა _ აფხ. სიტყვასიტყვით «ბეშის ღელე». ცნობილია ამავე სახელწოდების მდინარე, ბზიფის აფხაზეთისა და ფსხუ-წებელდის საზღვარზე (А. Н. Дьячков-Тарасов). როგორც ჩანს, სოფ. ბეშ-იკვარა მისივე თანამოსახელე მდინარის ნაპირზე იყო.
* სოფ. თაფშ-იფა-იჰაბლა (თაფშ-იფების უბანი). როგორც ჩანს, სოფლის სახელწოდება მომდინარეობს თაფშ მარშანიას სახელიდან. მარშანიების საგვარეულოში სამ პატრონიმულ შტოს გამოყოფენ: თაფშ (თაფშაა), ურიჩ (ურიჩაა) და ხრიფს (ხრიფსაა), რომელთა სახელები მომდინარეობენ წინაპართა _ თაფშ, ურიჩ, ხრიფს, _ სახელებიდან (Ш. Д. Инал-Ипа, Зарубежные абхазы, გვ. 81). ცნობილია, რომ წებელდა XIX ს. რუსულ წყაროებში და ჩერქეზებში ცნობილი იყო ხერფსეკვაჯის (ხრიფსის აული) სახელით, ამ თემის მამამთავრის ხრიფს მარშანიას სახელის მიხედვით (Х. С. Бгажба, Об абхазских племенах и диалектах, გვ. 123). როგორც ჩანს, დალში იყო თაფშ მარშანიას მემკვიდრეთა სოფელი.
** ა. და რ. გოჟბები არ იხსენიებენ სოფ. ჯიხაშკარს, ალბათ, მისი აშკარად ქართული ჟღერადობის გამო (ამ სახელწოდების სოფელი არის სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონში) და მის ნაცვლად სოფ. წებელდა აქვთ მოხსენიებული.
*** ამტყელი ჰქვია სოფელს, მდინარეს, ტბას, მთას, ქედს და უღელტეხილს. სახელწოდება «ამტყელი» მომდინარეობს ქართული სიტყვიდან ტყემალი, რომელსაც ბგერათა გადასმით მოუცია ამჟამინდელი ფორმა (ქ. ლომთათიძე, ბაგისმიერის მიდრეკილება…, გვ. 19; თ. გვანცელაძე, აფხაზეთის ისტორიოგრაფიის ლინგვისტური საფუძვლები, გვ. 199).
111 Статический взгляд на Абхазию, გვ. 226-227; П. Зубов, Картина…, ч. II, გვ. 266-268.
112 პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, გვ. 155; მ. ინაძე, ძველი აფხაზეთის ეთნო-პოლიტიკური ისტორიის საკითხები, გვ. 52-55.
113 თ. მიბჩუანი, დასავლეთ სქართველოს…, გვ. 131.
114 მ. ქალდანი, მივსიანეთისა და მივსიანთა ტომის ვინაობის საკითხისათვის, გვ. 56; თ. მიბჩუანი, დასავლეთ საქართველოს…, გვ. 131.
115 ს.-ს. ორბელიანი, სიტყვის კონა, გვ. 363.
116 პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, გვ. 159.
* როგორც ჩანს, აფხაზეთში ჩამოსახლებული აბაზები თავიანთ ახალ საცხოვრისს ზოგჯერ ღვთაებათა სახელებს არქმევდნენ. ასე, მაგალითად, ბიჭვინთის მახლობლად იყო სოფელი აითარნე, რომლის სახელწოდება, როგორც ფიქრობენ, მესაქონლეობის აფხაზური ღვთაების აითარის სახელიდან უნდა მომდინარეობდეს (თ. გვანცელაძე, აფხაზეთის ისტორიოგრაფიის ლინგვისტური საფუძვლები, გვ. 183-184).

წიგნიდან “აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა”, გამომცემლობა არტანუჯი. თბილისი, 2004


Responses

  1. dzalian saintereso statiaa. ar vitsi, tkven es ramdenad gekhebat, magram maints minda gagiziarot chemi tsukhili. torontos universitetis (kanada) bibliotekashi, sadziebeli sitkvit “abkhazia” ipovit 1994-2010 tslebshi dabechdil 50-mde tsigns, akedan sakartveloshi mkholod ertia gamotsemuli. danarchenebi, dziritadad, apkhazi da rusi avtorebis mier sokhumshi (akhal atonshits ki), moskovshi, evropashi da skhvagan aris gamotsemuli. ioli tsarmosadgenia, ra shinaarsis ikneba es tsignebi. da es is literaturaa, romelsats ara mkholod studentebi, aramed propesorebits ikeneben.

    nutu sakartveloshi bidzina savanelis garda am temaze aravis araperi gamoutsia bolo 17 tslis mandzilze? tuki kheli migitsvdebat raime sakhis seriozul kvlevaze kartul-apkhazuri iurtiertobebis shesakheb rusul an inglisur enebze, siamovnebit shevidzent da chamovitant kanadashi.
    sauketeso survilebit,
    nato kokhreidze, toronto

  2. nato kokhreidzes:

    nato martali xar, problematuri sakitxia, me bevrs vmushaob am temaze, magram axla minda gkitxo torontos universitetshi ras aketeb, scavlob tu mushaob, imitom gekitxebi rom urigo ar iqneboda raime kontaqtebis gaaqtiurebit sakitxis aqtualizacia

    saqme isaa rom cignebi an shekvetit ibechdeba an komerciul safuzvlebze, da zaan znelia gamocema, saqartvelos mxridan am sakitxs yuradgheba ar eqceva, komerciul safuzvelze ki ver gamoicema imitom rom rentabeluri ver iqneba, tanac aq isetebi sheizleba daiceros , isetebi momismenia, iseti sisuleleebi rom sheizleba gaignoreba jobdes kidec

    dasavletshi, torontoshi magalitad, akademiur creebshi aqtualizaciis shemtxvevashi sheizleba interesic gamochndes da komercializaciac shesazlebeli gaxdes

    me var profesori otar baghaturia,
    mogzebni Facebookze


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: