Posted by: burusi | 21/03/2010

ბეჟან ხორავა – აფხაზეთის კოლონიზაციის ზოგიერთი საკითხი XIX ს. 60-70-იან წლებში

კავკასია XIX საუკუნე

ბეჟან ხორავა – Bejan Khorava

წიგნიდან “აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა”

აფხაზეთის კოლონიზაციის ზოგიერთი საკითხი XIX ს. 60-70-იან წლებში

აფხაზეთის სამთავროს გაუქმებისა და აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობის შემდეგ ცარიზმმა ვრცელი ტერიტორია მიიღო საკოლონიზაციოდ. აფხაზეთის კოლონიზაცია რუსეთის სახელმწიფოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებში შედიოდა. ამიტომ ცარიზმი ამ ამოცანის რეალიზაციისათვის ზრუნვას ენერგიულად შეუდგა. მაგრამ ამ პერიოდში რუსეთის ხელისუფლების საფიქრალს წარმოადგენდა არა მარტო აფხაზეთის, არამედ შავი ზღვის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს კოლონიზაცია. კავკასიის ომის დამთავრების შემდეგ (1864წ. მაისი) რამდენიმე წლის განმავლობაში ეს მხარე სრულიად დაცარიელებული იყო. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს კოლონიზაციის იდეოლოგი ა. ვერეშჩაგინი მაშინ წერდა: «В обоих бассейнах как Псоу, так и Мзымты, уже несколько лет не было никаких признаков жизни».1 შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს გაუკაცრიელებასა და გაპარტახებაზე, ამ მოვლენების თანამედროვე, მეტყევეთა კორპუსის პოდპოლკოვნიკი, გრაფი ა. ვარგას დე ბედემარი წერდა: «Черноморский берег в настоящее время совершенно освобожден от горцев. Последние остатки населения, искавшие убежища в горах, вытеснены оттуда несколькими колоннами наших войск: в 1865 году аулы их разорены частью самими горцами, частью войском при преследовании горцев. Во многих местах вырублены фруктовые деревья, сорваны и срублены выноградные лозы… поля при сильной растительности края, стали зарастать разными кустарниками, и в скором времени если все будет идти таким же порядком, не останется никаких следов прежней культуры».2
ადგილობრივ მკვიდრთა გადასახლების შემდეგ რუსეთის ხელისუფლების წინაშე იდგა ამოცანა, კვლავ დაესახლებინა ბუნებით უხვად დაჯილდოებული მაგრამ გაუკაცრიელებული მხარე; ეს მხარე ყაჩაღებისა და კონტრაბანდისტების თავშესაფარი არ უნდა გამხდარიყო, ამასთან მისი ბუნებრივი სიმდიდრე _ ვრცელი ტყეები და ნაყოფიერი მიწები _ აეთვისებინა, განევითარებინა მეღვინეობა, მეაბრეშუმეობა, მეთამბაქოეობა, მებაღეობა, მეფუტკრეობა, რისთვისაც აქ შესანიშნავი ბუნებრივ-კლიმატური პირობები არსებობდა. მაგრამ უმთავრესი იყო მხარის მოსახლეობის საკითხი. ხელისუფლებას სურდა «имет на этой приморской окраине население вполне благонадежное в политическом отношении».3 ამ ამოცანების რეალიზაციის მიზნით შემუშავდა «დებულება შავი ზღვის ოკრუგის დასახლებისა და მისი მართვის შესახებ», რომელიც იმპერატორმა 1866 წ. 10 მარტს დაამტკიცა. დებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით შეიქმნა შავი ზღვის ოკრუგი, რომელიც მოიცავდა შავი ზღვის სანაპირო ტერიტორიას მდ. ტუაფსედან მდ. ბეგერეფსთამდე.4
1866 წ. 10 მარტის დებულების თანახმად შავი ზღვის სანაპირო ზოლი განსაზღვრული იყო რუს მოახალშენეთა «სანაპირო სასოფლო დასახლებების» შესაქმნელად. გადმოსახლებულებისათვის განსაზღვრული იყო მთელი რიგი შეღავათები: ნადელები _ ოჯახზე 30 დესეტინა, ერთდროული ფულადი დახმარება (50 მან.), გადასახადებისაგან განთავისუფლება 15 წლით, სარეკრუტო ვალდებულებისაგან განთავისუფლება და სხვა. მაგრამ, პირველ ხანებში, შავი ზღვის ოკრუგში გადმოსახლებული რუსების რიცხვი მაინც მცირე იყო. რუსეთის შიდა გუბერნიების მკვიდრთ უჭირდათ ადგილიდან დაძვრა, აშინებდათ გადასახლების სირთულე, ჰავის საკითხი. ამასთან, მათ ძირითადად აინტერესებდათ პური, ხოლო შავი ზღვის ოკრუგში სახნავი მიწები მცირე იყო და პურს აქ მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდა. ამიტომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა გადმოსახლებაზე უარი არ ეთქვა ქრისტიანებისათვის ამიერკავკასიიდან და ანატოლიიდან, სლავებისათვის, მოლდაველებისათვის და სხვა. ასეთი პოლიტიკის წყალობით, ანაპასა და ნოვოროსიისკს შორის რუსების გარდა დასახლდნენ ჩეხები, ბულგარელები, ბერძნები.5 შავი ზღვის ოკრუგის საუკეთესო მიწები დაისაკუთრეს იმპერატორმა და მისმა ნათესავებმა, კავკასიის მეფისნაცვალმა, დიდმა სამხედრო და სამოქალაქო ჩინოვნიკებმა. იმპერატორს ეკუთვნოდა მამული შავი ზღვის სანაპიროზე, მდ. ფსახასა და მდ. დაგომისს შორის. ეს იყო შესანიშნავი ადგილი ბუნებრივ-კლიმატური პირობებით, ამასთან კულტივირებული, სადაც დიდი ყურადღება მიექცა მებაღეობისა და მეღვინეობის განვითარებას. აქ მოეწყო ვაზის სანაშენე, სადაც ვაზის 26 სახეობა გამოჰყავდათ. იმპერატორის მამულს უშუალოდ ემიჯნებოდა კავკასიის მეფისნაცვლის, დიდი მთავრის მიხეილ რომანოვის მამული ვარდანე, რომელიც გადაჭიმული იყო მდ. დაგომისსა და მდ. ხოჟიეფსს შორის, ზღვიდან მთამდე, 8 ათას დესეტინაზე. აქვე ჰქონდა მამული გენერალ-ადიუტანტ მ. ლორის-მელიქოვს, შავი ზღვის ოკრუგის უფროსს დ. პილენკოს, სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს ვ. გეიმანს. ჯიქების ყოფილ სოფელ მიქელრიფშში, მდ. ფსოუს მარცხენა ნაპირზე, სამხედრო დასახლება მოეწყო. აქ ჩაასახლეს 2 ასეული და დაოჯახებული ჯარისკაცების 25 ოჯახი; მდ. ცანდრიფშიდან 2 ვერსზე მოლდაველების დასახლება მოეწყო, რომელსაც შავი ზღვის ოკრუგის უფროსის დ. პილენკოს პატივსაცემად 1870 წ. პილენკოვო (1948 წლიდან დაბა განთიადი) ეწოდა; ჯიქების იმ აულში, სადაც ადრე რეშიდ გეჩი ცხოვრობდა მდ. ფსოუს მარჯვენა ნაპირზე, რუსები ჩასახლდნენ და მას ვესიოლოე ეწოდა. მდ. ფსეზუაფსეზე და მდ. კუდეფსთაზე ადიღეელების ორი აული მოეწყო. ეს ადიღეელები მუჰაჯირობის დროს მთებს შეეფარნენ და გადარჩნენ. შემდეგ ისინი მთებიდან ჩამოიყვანეს და რუსული სამხედრო ნაწილების შტაბებთან ჩაასახლეს.6
აფხაზეთის კოლონიზაცია იმავე პრინციპებით უნდა განხორციელებულიყო, როგორც შავი ზღვის ოკრუგის კოლონიზაცია. აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ, ცარიზმმა ყოფილი მთავრისა და სამთავრო სახლის წევრთა ვრცელი სამფლობელოების კონფისკაცია მოახდინა. 1867 წლის მუჰაჯირობის შემდეგ აფხაზეთში მრავალი «თავისუფალი მიწა» გაჩნდა. ეს მიწები შევიდა სახაზინო მიწების ფონდში, რომელსაც კავკასიის მთიელთა სამმართველო განაგებდა.7 სახაზინო მიწების ფონდში შევიდა აგრეთვე მოსახლეობისაგან სრულიად განთავისუფლებული წებელდა, რომელსაც ასევე კავკასიის მთიელთა სამმართველო განაგებდა. წებელდის ოლქის ნაცვლად შეიქმნა წებელდის დასახლებათა «მზრუნველობა». პირველ მზრუნველად რუსი ოფიცერი ნ. ა. დიაჩკოვ-ტარასოვი დაინიშნა. მის მოვალეობას შეადგენდა მხარის გაწმენდა ადგილობრივი მოსახლეობისაგან, რომლებიც თავს აფარებდნენ ხეობის მიუვალ ადგილებს, განსაკუთრებით მდ. საკენის ხეობას; მას უნდა შეერჩია ადგილები მომავალი დასახლებების მოსაწყობად, წარმოედგინა მათი დაწვრილებითი აღწერა და დასაბუთება, რამ გამოიწვია ამ ადგილის არჩევა.8 ხელისუფლება თვლიდა, რომ წებელდის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს მხარე პოლიტიკური თვალსაზრისით სანდო ხალხით უნდა დასახლებულიყო. ნ. დიაჩკოვ-ტარასოვის აზრით, წებელდის კოლონიზაცია საჭირო იყო ამ მხარეში მეურნეობისა და მრეწველობის განვითარებისათვის, რომელიც აფხაზთა ხელში «საცოდავ დღეში იყო».9 იმავე ნ. დიაჩკოვ-ტარასოვის აზრით, მხარის ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, აქ უნდა განევითარებინათ მებაღეობა, მეხილეობა, მეღვინეობა, მეფუტკრეობა, მესაქონლეობა; რადგან პურის მოყვანა აქ არ იქნებოდა მიზანშეწონილი, უნდა დაენერგათ სიმინდი. მრეწველობის განვითარებისათვის აქ იყო სამშენებლო ხე-ტყე, სპილენძის, რკინის, ტყვიის მადნები.10 წებელდა თავისუფალი იყო მალარიისაგან, რაც აგრერიგად იყო გავრცელებული აფხაზეთის სანაპირო ზოლში, გამოირჩეოდა ჯანსაღი ჰავით, რბილი კლიმატით, ნაყოფიერი ნიადაგით, ამიტომ წებელდის დასახლებათა მზრუნველის აზრით, პრობლემა არ უნდა გამხდარიყო აქ მოსახლეობის მოზიდვა. ამდენად, წებელდა შეიძლებოდა გამხდარიყო აყვავებული მხარე _ შესანიშნავი ვენახებითა და ხეხილის ბაღებით, სამთამადნო წარმოებით, ოღონდ ამისათვის საჭირო იყო კიდევ ერთი და მთავარი პი-რობა _ გზების გაყვანა.11
1867 წ. წებელდაში 6 პუნქტი გამოიყო დასახლებისათვის: მიხაილოვსკოე _ მდ. ამტყელის სანაპიროზე, ოლგინსკოე _ აღმ. მაჭარის სათავესთან, ალექსანდროვსკოე _ მდ. კელასურზე, ანასტასიევსკოე და ნიკოლაევსკოე _ აფიანჩას მთასთან, მდ. ნაუშზე, ყოფილი სოფლის ნაუშის ტერიტორიაზე, გეორგიევსკოე _ სოფ. ჯამფალის ტერიტორიაზე.12 ხელისუფლებას სურდა წებელდაში აუცილებლად რუსები ჩაესახლებინა, მაგრამ ისინი პირველ ხანებში ხალისით არ მოდიოდნენ. ამასთან, მიწის სიმწირე-სივიწროვით სულშეხუთული ქართველები დას. საქართველოდან მოიწევდნენ აქ დასასახლებლად, რაც ხელისუფლების შეშფოთებას იწვევდა. ასეთ პირობებში, მთავრობამ არჩევანი უცხოელებზე შეაჩერა, უფრო სანდოდ ანატოლიელი ბერძნები და ბულგარელები მიიჩნია. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსის, გენერალ ვ. გეიმანის ბრძანებით თურქეთიდან გადმოსახლებული პირველი ბერძენი კოლონისტები 1869 წ. თებერვალ-მაისში სამ სოფელში _ ალექსანდროვსკოე, გეორგიევსკოე, ოლგინსკოე _ ჩაასახლეს. 1869 წ. ივნისში სოხუმში ჩამოვიდა 1800-იანი წლების დასაწყისიდან ტირასპოლის გუბერნიაში მცხოვრები ბულგარელების 62 ოჯახი, რომლებიც ანასტასიევსკოესა და ნიკოლაევსკოეში ჩაასახლეს.13
იმავდროულად, ხელისუფლებამ ვრცელი მიწა-წყალი უბოძა რუს ჩინოვნიკებს _ სამხედრო და სამოქალაქო პირებს, მაგრამ მათთვის შეუძლებელი აღმოჩნდა სამსახურის პარალელურად მეურნეობის გაძღოლა, მიწების იჯარით გადაცემის შესაძლებლობაც არ ჰქონდათ, რადგან მსურველები არ ჩანდნენ. ამის გამო მიწების დიდი ნაწილი გამოუყენებელი იყო.14 ასე თუ ისე აწყობილი მეურნეობა კოლონისტების მხოლოდ 8-10%-ს ჰქონდა. ჩინოვნიკთა დასახლებები არ ვითარდებოდა, მიწები დაუმუშავებლად იყო მიგდებული.15
1872 წლიდან აფხაზეთში მიმდინარეობდა ე. წ. «საკურორტო» კოლონიზაცია. ერთიდან სამ დესეტინამდე მიწა, ე. წ. «სანიტარული ნაკვეთები» სოხუმსა და მის შემოგარენში შეღავათიანი პირობებით ეძლეოდათ რუს ჩინოვნიკებსა და ოფიცრებს, მაგრამ 70-იან წლებში არც ამას მოჰყოლია დიდი წარმატებები.16
1864 წლის ივლისში ფსხუელების გადასახლების შემდეგ, ხელისუფლება ამ მხარის დასახლებას შეეცადა. ამ მიზნით აქ 21-ე სახაზო ბატალიონის შტაბი და 2 ასეული განათავსეს, რომლებიც 1874 წლამდე დარჩნენ. ამ დროიდან ბზიფის ხეობის ზემო წელი სრულიად დაცარიელდა. აფხაზებს, მათი პოლიტიკური არასაიმედოობის გამო, ისევე როგორც წებელდაში, ფსხუში დასახლება ეკრძალებოდათ.17
1877 წლის აპრილში რუსეთ-თურქეთის ახალი ომი დაიწყო, რომლის ასპარეზი კავკასიაც გახდა. ომის დასაწყისიდანვე რთული ვითარება შეიქმნა აფხაზეთში. ცარიზმის კოლონიური რეჟიმით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ ამ დროისათვის კულმინაციას მიაღწია და აჯანყებამ იფეთქა. ასეთ რთულ და დაძაბულ ვითარებაში, 29 აპრილს გუდაუთასთან თურქეთის დესანტი გადმოსხდა, რომელიც ძირითადად აფხაზი მუჰაჯირებისაგან შედგებოდა. სოხუმის გარნიზონის უფროსმა, გენერალმა პ. კრავჩენკომ, რომელიც იმავდროულად სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსიც იყო, ვერ გაბედა შედარებით ძლიერ მტერთან შებმა, სოხუმი დატოვა და მდ. კოდორისაკენ დაიხია. აპრილ-მაისში თურქებმა თითქმის მთელი აფხაზეთი დაიკავეს. იმავდროულად, აჯანყებული აფხაზები თურქთა დესანტს შეუერთდნენ. რუსეთის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო ჩეჩნეთსა და დაღესტანში. ბრწყინვალე პორტას იმედი მიეცა, რომ რუსეთის წინააღმდეგ კავკასიის მთელ მაჰმადიანურ მოსახლეობას აამხედრებდა, მაგრამ რუსეთის ჯარების წარმატებებმა კავკასიის ფრონტზე და განსაკუთრებით ბალკანეთში, იმედები გაუცრუა. ივლისში რუსეთის ჯარის ნაწილები შეტევაზე გადავიდნენ აფხაზეთში და უკვე აგვისტოში მთელი მხარე გაწმინდეს ოკუპანტებისაგან.18 აფხაზეთიდან გაქცევისას თურქებს აფხაზთა ნაწილიც გაჰყვა. მაგრამ მათი მეტი ნაწილი, აგრეთვე მცირე რაოდენობით ქრისტიანი ქართველები (მეგრელები) და ბერძნები ძალით წაიყვანეს.19
1877წ. აფხაზეთიდან მუჰაჯირობაში წასულთა რიცხვის გაანგარიშება შესაძლებელია 1878 წ. ბოლოს სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსის პოლკოვნივ პ. არაკინის მასალების მიხედვით.20 დოკუმენტურობის შენარჩუნების მიზნით, მასალა მოგვყავს ისე, როგორც გამოქვეყნებულია.
ამრიგად, 1878 წელს სოხუმის სამხედრო განყოფილების ოჩამჩირის ოლქის სამურზაყანოს უბანში (9 სასოფლო თემი) 24 461 სული ცხოვრობდა. სამურზაყანოს მუჰაჯირობის პროცესი ამჯერადაც არ შეხებია. ოჩამჩირის ოლქის კოდორის უბანში (9 სასოფლო თემი) 3 935 ოჯახი ცხოვრობდა. აქედან 1 071 ოჯახი გადასახლდა. «კავკაზსკი კალენდრის» რედაქციას საჭიროდ მიუჩნევია კოდორის უბნის მოსახლეობის სულადობრივი გაანგარიშება, რისთვისაც ამოსავლად აუღია გუმისთისა და გუდაუთის უბნების კომლობრივ-სულადობრივი მონაცემები. კერძოდ, თითოეული კომლის წევრთა საშუალო ოდენობის განმსაზღვრელად, არგუმენტირებული ვარაუდით, ოთხნახევარი სული მიუჩნევიათ. ასეთი გაანგარიშებით თურქეთში გადასახლებამდე კოდორის უბანში მოსახლეობის ოდენობა დაახლ. 17 707 სული უნდა ყოფილიყო, საიდანაც თურქეთში დაახლ. 4 819 სული გადასახლდა, ხოლო დაახლ. 12 888 ადგილზე დარჩა. ბიჭვინთის ოლქის გუმისთის უბნიდან (8 სასოფლო თემი), სადაც 2 221 ოჯახი (9 985 სული) ცხოვრობდა, ყველა გადასახლდა. გუდაუთის უბნის (17 სასოფლო თემი) 5 293 ოჯახიდან (23 545 სული) 17 160 მცხოვრები (3 775 ოჯახი) გადასახლდა, ხოლო 6 385 სული ადგილზე დარჩა.
ამრიგად, 1877 წელს მუჰაჯირობაში აფხაზეთის დაახლ. 31 964 მცხოვრები წავიდა. თუ 1867 წ. მუჰაჯირობის შედეგად მთლიანად დაიცალა კოდორის ხეობის ზემო წელი _ წებელდა და დალი, 1877 წლის მუჰაჯირობის შედეგად თითქმის დაცარიელდა აფხაზეთის სანაპირო ზოლი. მუჰაჯირობის შემდეგ გაუკაცურებული აფხაზეთი დამთრგუნველი სანახავი იყო. როგორც ნ. მარი აღნიშნავდა: «Абхазия была обездолена в своей даже центральной этнографической части… остались одни одичалые дворы с фруктовымы деревьями, ни души абхазской, ни звука абхазского.»21
ცარიზმმა ვრცელი მიწა-წყალი მიიღო საკოლონიზაციოდ, ამჯერად აფხაზეთის სანაპირო ზოლში, და მის წინაშე კვლავ დადგა საკითხი, ვინ დაესახლებინა აფხაზეთში. მაშინ, ცხელ კვალზე, 1877 წლის 27 სექტემბერს, გაზეთი «ტიფლისსკი ვესტნიკი» წერდა: « Нынешняя война, между другими многочисленными последствиями, повлекла за собою и тот результат, что один из замечательных уголков нашей окраины вдруг сделался совершенно безлюдним, будучи покинут почти всеми своими жителями. Мы говорим об Абхазии и ее жителях, оставивших свою родину и переселившихся в Турцию. Переселение это, без всякого сомнения, не временное, а безвозвратное: Абхазия никогда больше не увидит своих сынов. Обстоятельство это ставит на очередь вопрос: кем заселить страну, навсегда покинутую ее обитателями?»
1878 წ. გაზაფხულიდან ხელისუფლება აფხაზეთის კოლონიზაციისათვის პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას შეუდგა. 1878 წ. 1 მაისს ბიჭვინთის ოლქის მმართველობამ გამოაქვეყნა განცხადება სოფ. ანუხვის ვენახებისა და ხეხილის ბაღების ერთი წლის ვადით იჯარით გაცემის შესახებ. იმავე წლის 25 მაისს გამოცხადდა მდ. გუმისთიდან მდ. კოდორამდე ტერიტორიაზე არსებული ხეხილის ბაღებისა და ვენახების ერთი წლის ვადით იჯარით გაცემის შესახებ. 5 ოქტომბერს სოხუმის სამხედრო განყოფილების სახელით გამოცხადდა მდ. მაჭარასა და მდ. კოდორს შორის ტერიტორიიდან გადასახლებული აფხაზების მიწების იჯარით გაცემის თაობაზე. გარდა მოიჯარეთა მოწვევისა, ბიჭვინთის ოლქში სამი ნაკვეთი გამოიყო რუსი კოლონისტებისათვის სამუდამო მფლობელობაში გადასაცემად.22
1879 წ. ბიჭვინთის ოლქში რუსი გლეხების 137 ოჯახი ჩაასახლეს, მაგრამ უკვე 1881 წ. მათგან მხოლოდ 99 ოჯახი იყო დარჩენილი. აქ ვერც გერმანელი კოლონისტები დამკვიდრდნენ. 24 გერმანელი კოლონისტის ოჯახიდან 1883 წლისთვის აფხაზეთში მხოლოდ 3 ოჯახი იყო დარჩენილი.23
ამდენად, 60-70-იან წლებში კოლონიზაციის წარმატებები აფხაზეთში უმნიშვნელო იყო.24 მიუხედავად ცარიზმის დიდი მონდომებისა, აფხაზეთის კოლონიზაცია გაჭიანურდა. რუსები ვერ ეგუებოდნენ აფხაზეთის ბუნებრივ-პირობებს _ ნოტიო ჰავა, ტყიანი, მთიანი ქვეყანა, ჭაობიანი სანაპირო ზოლი; პური არ მოდიოდა, მარცვლეული კულტურებიდან სიმინდი მოდიოდა, რაც მიუჩვეველი იყო რუსებისათვის.25 სანაპირო ზოლში ციებიანი ჰავა მუსრს ავლებდა კოლონისტებს; წებელდისა და დალის მაღალმთიანი პირობები შეუჩვეველი იყო რუსეთის შიდა გუბერნიებიდან გადმოსახლებული გლეხებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის მიწები რუს ჩინოვნიკებს დაურიგეს, ქვეყანა კვლავ დაუსახლებელი იყო, მიწები კი უპატრონოდ მიგდებული. წებელდაში მიწებს 24, ხოლო დალში 23 მემამულე ფლობდა. ისინი რამდენიმე წელიწადში ერთხელ თუ აკითხავდნენ თავიანთ მამულებს.26 დალში, სადაც 1867 წლის მუჰაჯირობამდე 5 ათასამდე მცხოვრები იყო, XIX ს. მიწურულსაც კი არავინ ცხოვრობდა. ცნობილი ქართველი მოღვაწე პეტრე ჭარაია 1897 წ. დალის ხეობის შესახებ გულისტკივილით წერდა: «დიდი ხანი არ არის მას აქეთ, რაც დალი გაჭედილი იყო აფხაზებითა… ძველათ იქაურ მცხოვრებთა ვაჟკაცობით განთქმული ქვეყანა დღეს გავერანებულია ისე, რომ შიგ არავინ ცხოვრობს».27
ცარიზმის პოლიტიკა აფხაზეთში მიმართული იყო აფხაზთა და ქართველთა წინააღმდეგ. 1877-1878 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ აფხაზები «დამნაშავე მოსახლეობად» გამოაცხადეს. მათ აეკრძალათ სოხუმიდან 20კმ-ზე და სანაპირო ზოლში _ მდ. კოდორსა და მდ. ფსირცხას შორის დასახლება.28 აფხაზთა მუჰაჯირობის შემდეგ, როდესაც აფხაზეთის დიდი ნაწილი გაუკაცურდა და გავერანდა, ხოლო რუსები და უცხოელები ხალისით სულაც არ მოდიოდნენ აქ დასასახლებლად, დას. საქართველოდან _ იმერეთიდან და სამეგრელოდან მიწის სიმცირითა და სიმწირით შევიწროებული გლეხობა გადმოდიოდა და მკვიდრდებოდა აფხაზეთში, აშრობდა ჭაობებს, კაფავდა ბუჩქნარებს, ნარ-ეკალს და მეურნეობას მისდევდა. ცნობილი საზოგადო მოღვაწე ანთიმოზ ჯუღელი იმხანად წერდა: «ახლა აფხაზეთში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია აქაური უდაბური ადგილების დასახლება. უკანასკნელი ომის (1877-1878 წწ. ომი, _ ბ. ხ.) შემდეგ უმაღლესი განკარგულება იყო, რომ მდ. კოდორსა და ფსირცხას შუა მდებარე ადგილებზე აფხაზები არ დასახლებულიყვნენ. მათ გარდა ყველას ეძლეოდა ნება აქ დასახლებისა. ქვეყანას მილეთის ხალხი მოაწყდა, მაგრამ აქაურობას ვერავინ შეეთვისა გარდა იმერელ-მეგრელებისა და ბერძნებისა. ამჟამად სოხუმის გარშემო შვიდი-რვა მეგრელების სოფელია და სამი თუ ოთხი ბერძნებისა».29
დას. საქართველოდან გლეხების გადასვლამ და აფხაზეთში დამკვიდრებამ ხელისუფლება შეაშფოთა. გაზეთი «ჩერნომორსკი ვესტნიკი» მაშინ წერდა: «აუცილებელია ჩქარა დავასახლოთ რუსები შავი ზღვის სანაპიროზე, თორემ მეგრელები დაღუპავენ ამ წმიდა საქმესო».30 ცარიზმის მოხელეები თვლიდნენ, რომ წლების განმავლობაში ხელისუფლებას აფხაზეთის კოლონიზაცია «საჭირო სისტემურობის გარეშე უწარმოებია, რადგან რუსებს აქ ფეხი ისე ვერ მოუკიდებიათ, როგორც საჭირო იყო».31 შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს კოლონიზაციის იდეოლოგი ა. ვერეშჩაგინი 1878 წ. 19 იანვარს ამის თაობაზე აღნიშნავდა: «…на Черноморском побережьи Кавказа, как на окрайне государства, стоющей так много русской крови и денег, по праву должны господствовать церковь русская, язык русский, грамота русская. Разноплеменность населения вызывает необходимость основания школ, т. к. только школою это разноплеменное население в будущем может сделаться русским».32
1892 წელს ექსპედიციამ რუსეთის მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების მინისტრის ა. ს. ერმოლოვის მეთაურობით მოიარა სოხუმის ოლქი (აფხაზეთი). ექსპედიციის წევრებს სოხუმში ოლქის უფროსმა, პოლკოვნიკმა ვ. ბრაკერმა სადილი გაუმართა, სადაც სიტყვით გამოვიდა ექსპედიციის წევრი ს. შარაპოვი, რომელმაც გულახდილად ილაპარაკა რუსეთის ზრახვებზე აფხაზეთში. კერძოდ, მან თქვა: «მთელი თავისი ხანგრძლივი ისტორიული ბრძოლისას, მიისწრაფვის რა სამხრეთისაკენ, თბილი ცისა და თბილი ზღვისაკენ, რუსი ხალხი იღებს მსხვერპლს და, აი, ბოლოს მას აქვს ეს ცაც და ეს ზღვაც. აქ ფრიალებს რუსული დროშა, დალივლივებს რუსული არწივი. მაგრამ რატომაა, რომ რუსი კაცი აქ ლაღად ვერ გრძნობს თავს, რატომაა რომ ის აქ შევიწროებულია, სულშეხუთულია? რატომაა უცხო ის ამ თბილ ნაპირზე, ამ კაშკაშა მზის ქვეშ? ვფიქრობ იმიტომ, რომ რუსული სიკეთის წყალობით აქ, ამ მიწაზე, რომელიც რუსული სისხლითაა მოპოვებული, მოკალათდა ყოველგვარი უცხოტომელი, განსახლდა საუკეთესო ადგილებზე და არა მარტო ავიწროებს რუს ადამიანს, არამედ დასცინის მას. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანები მოითხოვენ, რომ ეს მხარე არა მარტო სახელით მხოლოდ, არამედ მართლაც იქცეს მალე რუსულ მხარედ, რომ აქ მხარდაჭერილი, გაძლიერებული და დაიმედებული იყოს რუსი კაცი. ვისურვოთ ბატონებო, რომ ეს მოხდეს ჩქარა, რომ მძლავრ რუსულ მუცელში მალე მოიხარშოს მთელი აქაური სხვადასხვატომობრივი და სხვადასხვაეროვანი ნარევი და რომ ეს ცა და ეს ზღვა ნამდვილად რუსული იყოს».33
1881 წლიდან რუსეთის იმპერიაში მკაცრი პოლიტიკური რეაქციის ხანა დადგა. ეს პერიოდი კავკასიაში ეროვნული ჩაგვრისა და რუსიფიკატორული პოლიტიკის მკვეთრი გაძლიერებით აღინიშნა. ცარიზმმა კავკასიაში მეფისნაცვლობა გააუქმა და მთავარმართებლობა აღადგინა. 1882 წ. მთავარმართებლის პოსტზე რეაქციონერი ა. დონდუკოვ-კორსაკოვი (1882-1890) დაინიშნა. მას გვერდში ედგნენ შოვინისტები _ კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი 1878-1901 წწ. კ. იანოვსკი, ეგზარქოსი პავლე (1882-1887) და სხვ.. ცარიზმმა უპირველეს ყოვლისა ეროვნულ ენებსა და კულტურას შეუტია, გააქტიურდა კოლონიზაციის პროცესი. 1896 წ. კავკასიის მთავარმართებლად დაინიშნა უკიდურესი რეაქციონერი გრ. გოლიცინი (1896-1905), რომელიც განსაკუთრებული ენერგიით შეუდგა მხარის რუსიფიკაციას. ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე ს. ვიტე* აღნიშნავდა, რომ იგი კავკასიაში «მისი რუსიფიკაციის პროგრამით» ჩამოვიდა.34
მას შემდეგ, რაც კლიმატური პირობებისა თუ სხვა მიზეზების გამო აფხაზეთის კოლონიზაცია გაჭიანურდა, ხოლო XIX ს. II ნახევრიდან ქართულმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ იმპერიისათვის საშიში გაქანება და მიმართულება მიიღო, ცარიზმი პოზიციების განმტკიცებას აფხაზეთში სხვა გზებით შეეცადა. ხელისუფლების პოლიტიკა აფხაზების მიმართ, დაახლ. 80-90-იანი წლებიდან შედარებით ლმობიერი გახდა. ამის შესახებ ცნობილი საზოგადო მოღვაწე ნ. ჯანაშია წერდა: «…აქამდი თუ აფხაზებს ერეკებოდნენ და გაიძახოდნენ, «მოგვშორდით თავიდანო», ეხლა ვითომ მათს ულოლიოვებენ, ეალერსებიან, და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლო მოუღონ და მოსპონ ის მცირეოდენი ნაშთი ისტორიული კავშირისა, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში აერთიანებდა აფხაზთა და ქართველთა.»35 ცარიზმი შეუდგა ზრუნვას აფხაზეთში რუსული ორიენტაციის ინტელიგენციის ჩამოყალიბებისათვის. აფხაზთა შორის ხელოვნურად ნერგავდნენ ანტიქართულ განწყობილებას. დაუნდობელი ბრძოლა გამოეცხადა ქართველ-აფხაზთა კულტურულ-ისტორიულ ერთობასა და ამ ერთობის საფუძველს ქართულ ენას. ამ მიზანს ემსახურებოდა აფხაზეთის ეკლესიებში ღვთისმსახურების საეკლესიო-სლავურზე გადაყვანა და რუსული ანბანის საფუძველზე აფხაზური დამწერლობის შემოღება. აფხაზური დამწერლობის შექმნა ემსახურებოდა არა კულტურულ, არამედ პოლიტიკურ მიზნებს, რის შესახებაც დაუფარავად წერდა მეფისნაცვლის საბჭოს წევრი ე. ვეიდენბაუმი: «აფხაზური ენა, რომელსაც არ გააჩნია დამწერლობა და ლიტერატურა, რა თქმა უნდა განწირულია გასაქრობად, ასე თუ ისე ახლო მომავალში. საკითხი ისაა, რომელი ენა შეცვლის მას? ალბათ, მოსახლეობაში კულტურული იდეებისა და ცნებების გამტარებლის როლი უნდა შეასრულოს არა ქართულმა, არამედ რუსულმა ენამ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ აფხაზური დამწერლობის დამკვიდრება თვითმიზანი კი არ უნდა იყოს, არამედ ეკლესიისა და სკოლის მეშვეობით ქართული ენის ხმარების დასუსტებისა და სახელმწიფო ენით მისი თანდათან შეცვლის საშუალება».36
ასე ცდილობდა ცარიზმი ქართველებისაგან აფხაზთა ჩამოცილებისა და «რუსული აფხაზეთის» შექმნის იდეის განხორციელებას.

ლიტერატურა

1 А. В. Верещагин, Путевые заметки…, გვ. 66.
2 А. Варгас де Бедемар, Записка…, გვ. 9.
3 А. В. Верещагин, Черноморское прибрежье…, გვ. 7-16.
4 А. В. Верещагин, Черноморское прибрежье…, გვ. 7-11; А. В. Верещагин, Путевые заметки…, გვ. 24.
5 А. В. Верещагин, Черноморское прибрежье…, გვ. 16-17; А. В. Верещагин, Путевые заметки…, გვ. 20.
6 А. В. Верещагин, Путевые заметки…, გვ. 70-95.
7 А. Н. Дьячков-Тарасов, Абхазия…, გვ. 191; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 431.
8 А. Н. Дьячков-Тарасов, Абхазия…, გვ. 194;
9 Н. А. Дьячков-Тарасов, Несколько слов о заселении Цебельды, «Кавказ»
10 Н. А. Дьячков-Тарасов, Несколько слов о заселении Цебельды, «Кавказ», 1868, № 129.
11 А. Н. Дьячков-Тарасов, Абхазия…, გვ. 196.
12 იქვე.
13 იქვე, გვ. 196-199.
4 Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 432.
15 А. А. Олонецкий, Колонизация Абхазии…, გვ. 78.
16 იქვე, გვ. 79.
17 В. Маевский, Кутаисская губерния…, приложение № 7, გვ. 90.
18 Ш. В. Мегрелидзе, Грузия в русско-турецкой войне 1877-1878 гг.,_გვ. 77-84; შ. მეგრელიძე, საქართველო აღმოსავლეთის ომებში, გვ. 74.
19 А. Н. Дьячков-Тарасов, Абхазия…, გვ. 206-208; Г. А. Дзидзария, Махаджирство…, გვ. 356-369.
20 Кавказский календарь на 1879 год, გვ. 330-331.
21 Н. Я. Марр, О языке и истории абхазов, gv. 177.
22 А. А. Олонецкий, Колонизация Абхазии…, გვ. 79.
23 იქვე, გვ. 79.
24 იქვე, გვ. 78.
25 ს. მესხი, აფხაზეთის დასახლება, გაზ, «დროება», 1878, № 24.
26 Г. А. Рыбинский, Сухумский округ, გვ. 10.
27 პ. ჭარაია, მიწათ-მფლობელობა აფხაზეთში, გაზ. «კვალი», 1897, № 13, გვ. 268.
28 С. Лакоба, Очерки…, გვ. 35.
29 გაზ. «დროება», 1883,№ 240.
30 გაზ. «ცნობის ფურცელი», 1905, № 2821.
31 Ф. Гершельман, Причины неурядиц на Кавказе, გვ. 21.
32 А.В. Верещагин, Черноморское прибрежье…, გვ. 22.
33 ს. ყაუხჩიშვილი, ბერძნების დასახლების ისტორია საქართველოში, გვ. 134-135.
* ს. ი. ვიტე (1849-1915), რუსი სახელმწიფო მოღვაწე. დაიბადა თბილისში, მსხვილი ჩინოვნიკის ოჯახში. დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია. 1892 წლიდან იყო ჯერ გზათა, შემდეგ კი ფინანსთა მინისტრი. აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის მთავრობის საქმიანობაში და დიდ გავლენას ახდენდა საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. 1905-06 წწ. იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. 1906 წ. 16 აპრილს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შემდეგ დარჩა სახელმწიფო საბჭოს წევრად. 1907-12 წწ. გამოქვეყნდა მისი «მოგონებები», რომელიც მნიშვნელოვანი წყაროა ცარიზმის პოლიტიკის შესასწავლად.
34 С. Ю. Витте, Воспоминания, გვ. 207.
35 ჰამუთ-ბეი (ნ. ჯანაშია), ჭრელი შენიშვნები აფხაზთა და აფხაზეთის შესახებ, მეხუთე წერილი, გაზ. «დროება», 1909, № 22.
36 З. В. Анчабадзе, Очерк этнической истории абхазского народа, გვ. 96.

წიგნიდან “აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა”, გამომცემლობა არტანუჯი. თბილისი, 2004


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: