Posted by: burusi | 20/03/2010

რეზო შატაკიშვილი – სტურუასეული რებუსი მასების თავის სამტვრევად

რობერტ სტურუა, მიხეილ გრიგორიანის ფოტო

რობერტ სტურუა – Robert Sturua

სტურუასეული რებუსი მასების თავის სამტვრევა

გაზეთი “დრონი”, 22/10/09

თავბრუდამხვევი სანახაობა და სტურუას მორიგი რებუსი საზოგადოებისთვის. მაქს ფრიშის „ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი“ – რუსთაველის თეატრის სცენაზე. აღსავსე სტურუასეული ირონიით, სიმსბუქუთ, დაუნდობელი მხილებით, დიაგნოსტიკითა და მოვლენათა წინასწარჭვრეტით. სავსე ფოკუზებით, ცეკვა-სიმღერით, კლოუნადით, გამაოგნებელი განათებითა და მესხიშვილის სუნთქვისშემკვრელი კოსტიუმებით, სცენიური სივრცით – გახვეული ყანჩელის ჰანგებში.

ბატონ რობერტს სპექტაკლზე ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა, როდესაც მაგისტრანტები აგვიყვანა და ეს სპექტაკლი ჩემთვის იმითაცაა ძვირფასი, რომ საშუალება გვქონდა, თვალი გვედევნებინა, როგორ იქმნებოდა დიდი მაესტროს თავსატეხი რებუსი, როგორ იძენდა ფორმას, ისხამდა ხორცს, როგორ იძერწებოდა თითოეული ხასიათი თუ მეხანძრე გოგონათა ქორო… ბევრი რამ, ათეულობით ვარიანტი სპექტაკლის საბოლო ვარიანტში არ შესულა, მაგრამ როგორც თავად რობერტ სტურუა ბრძანებს – „შესაძლო ვარიანტების ხსოვნა სიცოცხლეს სპექტაკლში აგრძელებს და მსახიობებში მოსინჯული მრავალვარიანტიანობა თითქოს შიგნიდან ანათებს, ფერწერაში ლესირების მსგავსად“.

მიუხედავად იმისა, რომ რებუსი ჩვენს თვალწინ იქმნებოდა, ის ისეთივე თავსატეხია ჩემთვის, როგორც ყველა მაყურებლისთვის, რომელმაც პირდაპირ პრემიერაზე იხილა. ასე რომ, ეს ნაწერი მიიღეთ მაგისტრანტის ამაო მცდელობად, ამოხსნას დიდი მაესტროს ასუცნობიანი განტოლება.

არათეატრალი მაყურებლისთვის კი (ასეთი კი უხვად იყო პრემიერის დღეს – სერიალებზე გაწრთვნილები იქვე ხელდახელ რომ ცდილობდნენ სტურუას მეტაფორების ახსნა-განმარტებას ტუტუნ-ტუტუნით), რებუსად იქცა სპექტაკლის სცენოგრაფიაც და საერთოდ გადაწყვეტაც.

სტურუასეულ „ბიდერმანში“ ბიდერმანის სახლ-კარი წარმოდგენილია ცირკის არენად და თავად ბიდერმანი (ზაზა პაპუაშვილი) – კლოუნად. მის სიმდიდრეზე მხოლოდ მისი ცოლის – ბაბეტას (ნინო კასრაძე) მდიდრული და ელეგენტური კაბები გვიამბობენ. ჰოდა, სწორედ ეს აბნევდათ ჩემს მეზობლებს ბელეტაჟის ლოჟაში – თუ ცირკია სახლი რანაირადაა და თუ სახლია ცირკი როგორღაა.

მოქმედების პირობით გარემოში გაშლა, ანდა სულაც სხვაგვარ სივრცეში გადატანა – არც საერთოდ თეატრისთვისაა უცხო და არც რობერტ სტურუასთვის. „ყვარყვარე“ თამაშდებოდა არა წისქვილში, არამედ დანგრეული ეკლესიის ინტერიერში, „სამანიშვილი“ – მუზეუმში, „კავკასიური“ წარმოდგენილი იყო, როგორც ბაზარში გამართული კარნავალური სანახაობა, „რიჩარდი“ კი მოხეტიალე დასს უნდა გაეთამაშებინა მიგდებულ ბოსელში, რაც შემდეგ მოიხსნა.

აქ კი ცირკია, თავისი ყველა ატრიბუტით – ბატუტიანად, რომელიც სხვენად გვევლინება.

რა ხდება პიესაში?

ვიდრე რეპეტიციებზე დაგვიშვებდა, პიესის გაცნობის შემდეგ ბატონმა რობერტმა დაგვავალა, პიესაში მომხდარი ამბავი ძალიან მოკლედ მოგვეყოლა რომელიმე სხვა მწერლის სტილის მიბაძვით. გადავწყვიტე ნიკო ლორთქიფანიძისთვის მიმებაძა და აი, რა ხდება პიესაში:

იწვის ქვეყანა. ხანძარი აქ და ხანძარი იქ. ხანძარი ინელებს ყველას და ყველაფერს. იწვის მწვანე აშოლტილი ხეები, მობიბინე მინდორ-ველი, სახლები და სასახლენი, ბაღები და ღვთის სახლები…

სხვენი. სხვენში დაბინავებული უსახლკარონი და ერთ მშვენიერ დღეს ამობუგული სახლი.

ცეცხლის წამკიდებელთა ახალი სამიზნე – სახლი მშვენიერი მდებარეობით, გარედან გაზის მილების ალყა, შიგნით ბანკირი ბიდერმანი ცოლით – ბაბეტა. კართან ატუზული ავაზაკი შმიტცი – სახლში შეღწევა უნდა. მოახლე ანამ უკვე დაიგემოვნა ცეცხლისწამკიდებელ შმიტცის ჯანღონე, ისუნთქა სურნელიც. ბატონს ავედრებს, აცოდებს. აგერ შმიტციც. ცეკვა.

გაცნობა, თავის შეცოდება. უბინაობით. ქაქანი ბლომად. მდოგვი – ცოტა.

მიდგომა აქედან და მიდგომა იქიდან. თავისას მიაღწევს, გაგდებას უპირებდნენ, ვახშამს გაინაღდებს. გაძღომა. სინდისზე თამაში. ამ თამაშ-თამაშში ახალი სტუმარი – გაგდებული ბუღალტრის ცოლი და ისევ გაგდება, ამჯერად ცოლის. დაკვალიანება – მიჩივლე, მომიგე სასამართლოში, წააგებ – გაზი და იმის ჯანი.

შინ მობრუნებული ცოლი ბაბეტა და იმის წიოკის შიშით სხვენში აშვებული გარეწარი.

ბაბეტას თეთრი ღამე, ფხაკუნი სხვენში და გოტლიბის ძილქუში – “გოტლიბ გაიძღვიძე, იქ ვიღაცაა”. ყვირილი, წივილი, კივილი დილით და მაინც – ქმარი ყაბულსაა, ცოლმა გააგდოს სტუმარი. სტუმარი დათვის ტყავში – დაცქვეტილი ყურებით. მელიის გონით. კვლავ განაღდებული საუზმე, რა გაგდება და რა გაძევება, აქეთ ბოდიშები, აქეთ მოფერება, დაყვავება და კვლავ შებრალება.
არ გააგდეს, შეიბრალეს და თანამზრახველიც მოიყვანა. მარიო სხვენში.

მზადება ხანძრისათვის, კანისტრებით დახუნძლული სხვენი, განთიადი, მტრედის ღუღუნი, ბიდერმანის ბურდღუნი – გააღეთ კარი. გაღებული კარი და კარს უკან მარიო. ბიდერმანის მოთხოვნა – “გაეთრიე აქედან!”, მუქარა პოლიციით.

მარიოს დანახვაზე გაქვავებული ბიდერმანი – „ორნი საიდან?“

შმიტცის და მარიოს ვითომ ჩხუბი და აყალმაყალი. დააწყნარა თავის ჭკუაში, კანისტრები ნახა, გახსნა – ბენზინი. “გაგიჟდით?” კნეხტლინგის საქმეზე კარს მომდგარი პოლიცია და ისევ სიბრიყვე – დაფარვა მხილების სანცვლოდ. ბენზინის გასაღება ბაბეტას წყლად.

გაზიარებული რჩევა – გაზი. განუტევე უფალო სული მონისა შენისა კნეხტლინგისა. გვირგვინის შეკვეთა – ბანკის მმართველს რომ ეკადრება.

კნეხტლინგისთვის – გვირგვინი, სხვენელებისთვის – ინდაური.

შეკვეთა ცოლს – ვახშამი სტუმრებისთვის. გამხელილი მიზანი – მტრების დამეგობრება.

სტუმრობა სტუმრებთან. გახსნილი საუბარი. დაუფარავი ზრახვები. სიმართლის თქმა მიზნის მისაღწევად – რადგან სიმართლე არავის სჯერა.

ხელში მიცემული ბიკფორდის ზონარი, მრავალჯერ დაკარკლული თვალები გაოცებისგან და ბოლოს ჩურჩული – “ინდაური გიყვართ?”

შვიდ საათზე დანიშნული ვახშამი. ძლივს დამალული ხანძრის შიში, თითო ყვავილით მოსული სტუმრები, ბუღალტრის გვირგვინი წინასწარმეტყველური წარწერით: “დავტირით გოტლიბს”.

სარდაფიდან ამოტანილი შვიდი წლის წინანდელი ღვინო ავაზაკებისთვის. გადაჭრილი სინათლე.

ვახშამი ბნელში. შემოტანილი შანდლები. ჩამქრალი სანთლები. ავაზაკები ასანთს ელიან. „მომეცით ასანთი“.

ბაბეტას პანიკა. გოტლიბი აანთებს.

სახანძრო მანქანა. პანიკა. მანქანა ჩაივლის. გახსნილი კარტები – დიდ ხანძრამდე პატარა ხანძარი ქალაქგარეთ, გატყუებული სახანძრო მანქანები…
შეშინებული ბიდერმანი – “კმარა ხუმრობა, ბაბეტა, ყავა!”

ცეცხლისწამკიდებლებს არ ეყავებათ, აგვიანდებათ.

გოტლიბი ამოქმედდა – პისტოლეტი – “არ გაინძრეთ!” აკივლებული ბაბეტა. ქალები კაცების უკან.

აცეკვდნენ. ავალსდნენ. არად აგდებენ გოტლიბის ღრიალს – „შეწყვიტეთ ცეკვა“. „გოტლიბ გვაცალე“ – ცეკვა და თამაში აჩრდილის.
ბიჭების ნამღერი ინდაური მოიტაცა მელამ და მოთხოვნილი ასანთი.
მიცემული ასანთი.
ბრუნდერშტრაფი განშორებისას და ისევ პისტოლეტი – დამიბრუნეთ ასანთი.

ტყუილი ქადილი, წაღებული ასანთი. დაშვებული იარაღი. ხანძარი.

იწვის სახლი მეზობლის.
უხარია ბიდერმანს – „ჩვენი სახლი არ იწვის, ჩვენი სახლი არ იწვის“.

აფეთქება, ხანძარი. ბაბეტას კნავილი, – “რატომ მიეცი ასანთი?”.

„სულელო, ასანთს ვერ იშოვნიდნენ?“

ცეცხლმა და სიკვდილმა გაანიავა სახლკარი…

რა ხდება სპექტაკლში?

ცხრა მსახიობი მეხანძრე ქალისგან შემდაგრი ფრიად სიმპატიური ქორო ქალაქში ცეცხლისწამკდებელთა არსებობას და მოსალოდნელ სართხეს გვამცნობს. მაგრამ, „ბიდერმანის“ ქორო არაა კლასიკური გაგების ქორო, რომელიც ადამიანს თავსდატეხილ უბედურებას ამცნობს. პირიქით, ისინი ბაბეტას უმალავენ კიდეც შმიტცის სხვენში დაბინავებას. იამზე სუხიტაშვილის მსახური ანა ცეცხლისწამკიდებელ შმიტცის პირველ თანამზრახველად გვევლინება – ბიდერმანთან შუამდგომლობს, რომ თავშესაფარი მისცეს.

ბესო ზანგურის შმიტცი ძალისხმევას არ იშურებს მიზნის მისაღწევად – იყენებს მთელ საცირკო არსენალს, ფოკუზებს, თამაშობს ბიდერმანის მალულ ამბიციურობაზე – აჯერებს, რომ მხოლოდ მისნაირებს ძალუძთ ქვეყანა იხსნან – ციდან ეშვება სავარძელი, რომლითაც ზაზა პაპუაშვილი ზემოთ ადის და იქ ანგელოსის ფრთებგამობმული გვამცნობს, რომ ყველას ჩამოვახრჩობთ სათითაოდ!

აი, შმიტცის შინ შეშვება კი არ უნდა, მაგრამ არც თანმიმდევრულია, არც პრინციპული (ბაბეტას მსგავსად) და, რაც მთავარია, იოლად ეგება იმ მახეში, სადაც ჩვენც იოლად ვეგებით – შმიტცი მას პირდაპირ ეუბნება, რომ ცეცხლისწამკდებელია, ბიდერმანს კი არ სჯერა – რაკიღა ამბობს. და ზაზა პაპუაშვილის მრავალჯერ განმეორებული – „ცეცხლისწამკიდებელი რომ იყოს, იტყოდა?“ – საბედისწერო შეცდომის მიზეზი ხდება.

მას ვეღარ იშორებენ თავიდან, შმიტცი ბაბეტას აჯადოვებს, იპყრობს როგორც მამაკაცი (ინტიმური სცენები რეპეტიციებისას ბევრად მძაფრი იყო), და თანამზრახველად იხდის – მას კიდებს კიდეც მედალიონს – განდობილი ხდება. მალე შმიტცს არაბულად გამოწყობილი მახვილიანი მარიოც უერთდება (დავით დარჩია) და ბიდერმანს აღარც გაგდება გამოსდის, აღარც მათთან დიპლომატიური მოლაპარაკება და აღარც მეჯლისი. ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს და თუ პიესაში სახლისთვის ცეცხლის წაკიდება მტრების დასამოყვრებლად გამართულ ბანკეტზე ხდება, აქ ისინი ერთად ამოწმებენ ცეცხლისწაკიდების გენგეგმას და ასანთს თავად ბიდერმანი გაჰკრავს და… სცენაზე საოცარი სცენური ეფქტის მომსწრე ვხდებით – ვარვარებს ცეცხლის ალები…

დაგვინდო თუ არ დაგვინდო?!

რობერტ სტურუა მაყურებელს მაქს ფრიშის პიესის მხოლოდ ძირითად ნაწილს სთავაზობს – ეპილოგის გარეშე – ჯოჯოხეთის სცენის გარეშე.

არადა, თავიდან განსაზღვრული იყო „ბიდერმანის“ სრულად დადგმა – ჯოჯოხეთიანად. შეიძლება ითქვას, რომ მაესტრომ მაყურებელი დაინდო და ჯოჯოხეთი აგვარიდა თავიდან. ან პირიქით – არ დაგვინდო „ბიდერმანული“ საზოგადოება.

პიესის ძირითადი ნაწილი ფრიშმა ადრე დაწერა, შემდეგ, მოგვიანებით დაამატა „ჯოჯოხეთური“ ეპილოგი. თუ ძირითად ნაწილში ავტორი თავსდატეხილ უბედურებაში ავტორი საზოგადოებას ადანაშაულებს, ეპილოგში ირკვევა, რომ ცეცხლისწამკიდებელნი არიან არა ჩვეულებრივი მოკვდავნი, არამედ ეშმაკნი და ისინი, ვინც ეშმკას მიჰყიდეს სული. თუ თავიდან ფრიში ფაშიზმის აღზევებაში საზოგადოებას აკისრებდა პასუხისმგებლობას, ეპილოგის დაწერის დროისთვის მას ეს პასუხისმგებლობა შეუმსუბუქა, უფრო სწორედ, მიუტევა. მიუტევე, რამეთუ არა იცოდნენ, რასა იქმოდნენ.

წესით, რატომ არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ რასა იქმს, რომ ის ხელს უწყობს თავისი დაუდევრობით თუ დანაშაულებრივი თვითიმედოვნებით ბოროტი ძალის აღზევებას? მხოლოდ ნერვოტიკი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან და არა ნორმალური ადამიანი. მასა კი ყოველთვის ნერვოტულია და არასოდეს არ იცის, რასა იქმს. ამიტომაც შეენდობა მას და ამიტომაც შეუნდო ფრიშმაც მასებს. მეშჩანურ-კონფრომისტული საზოგადოების ნერვოტულობა კი ეჭვგარეშეა.

ადლერთან, ყოველ ადამიანს, ნერვოტიკსაც და ნორმალურსაც გააჩნია ძალა, აგრესია და სუპერიორობა (პირველობისკენ სწრაფვა), მაგრამ ნერვოტიკის მიზანი პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა, ნორმალურის კი – საზოგადოებრივი მოთხოვნების. ბიდერმანების საზოგადოება, მართლაც, იმისთვის ცხოვრობს, რომ სვას და ჭამოს და არა იმიტომ, რომ ჭამოს იმისთვის, რომ იცხოვროს და სრულყოს თავი.

და მაინც რა უნდა ქნას რიგითმა ადამიანმა, რიგითმა ბურჟუამ, როცა თავს ასეთი უბედურება ატყდება? რა და, არ უნდა ჩააბაროს ჯართში ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და ისწრაფვოდეს არა მარტო პირადი მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ, არამედ იმისთვის, რომ იყოს ადამიანი.

სარტრი ამბობს, ზამთარში გაყინულ ჩიტს უფლება აქვს ღმერთთან დაიჩივლოსო, ადამიანს არა, – იმიტომ, რომ ჩიტს ზომების მიღება არ შეეძლო, ადამიანს შეეძლოო. სარტრამდე ეს ბიბლიაშია, სადაც უფალი კაპერნაუმს მიმართავს, …და შენ, კაპერნაუმ, დაიქცევი, რამეთუ მე მოგეცი ძალა, რომ არ დაქცეულიყავი; მოგეცი ძალა, რომელიც არ მიმიცია სოდომისთვის (ციტირება თავისუფალი).

ანუ ადამიანსაც და ქალაქსაც მოეთხოვება მიცემული ძალის შესაბამისად და ამიტომაც არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან მცდუნებლის ვინაობა – სატანა იქნება ის თუ რიგითი მოკვდავი. უფალმა ადამიანს კაცის გამკლავების ძალაც უბოძა და სატანის გამკლავებისაც. ჯანსაღი ადამიანი ორივეს უნდა გაუმკლავდეს, ეცადოს მაინც, მიხვდეს მაინც, რა ხდება მის თავს, ნევროტიკი და ავადმყოფი საზოგადოება, ბრბო კი, ალბათ, ვერც დახვეწილ, ჯოჯოხეთიდან მოვლინებულ მცდუნებელს გაუმკლავდება და ვერც ფინაჩ პოლიტიკოსებს, ამიტომაც მიეტევება ნერვოტულ მასას, როგორც ავადმყოფს.

სტურუა არ სვამს ამ სასტიკ დიაგნოზს, მაგრამ გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ჩვენს თავს ხდება.

გვიამბობს იმაზე, თუ როგორ გვიცვივდებიან ავაზაკები, გვატეხინებენ კისერს ჩვენივე დაუდევრობის, ამპარტავნების და, საერთოდ, ყველა ცოდვის გამოყენებით. რეალურად, ჩვენი ხელით ვბუგავთ საკუთარ სახლ-კარს. ამიტომაცაა, რომ სპექტაკლში თავად ბიდერმანი უკიდებს სახლს ცეცხლს. რაც რეალურად იმის მსუყედ გამოხატვაა, რაც პიესაშია – თავად უწყობენ ხელს მათ და ბოლოს ასანთასაც თავის ხელით აწვდიან.

იმ ლოგიკით, რომ ასანთს მაინც იშოვიდნენ, როგორც იშოვეს სხვა სახლების გადაწვისას. ჩვენც ხომ ხშირად ვიქცევით ასე, ვმონაწილეობთ უმსგავსო პროცესში და თავს ვიმშვიდებთ, რომ უჩვენოდაც ასე მოხდება. განა ჩვენც ასე არ ვართ?

მოდიან პოლიტიკოსები, რომლებიც დიდად არც ნიღბავენ თავიანთ ზრახვებს, ყოველ შემთხვევაში გონიერ ადამიანს არ უნდა გაუჭირდეს მათი დეკლარირებული ბოდვების მიღმა მათი რეალური ზრახვების ამოკითხვა, მაგრამ ჩვენ არათუ არ ვაჩერებთ ამ ზვავს, პირიქით, ვეხმარებით კიდეც და ბოლოს ასანთსაც ვაძლევთ, რომ ამოგვბუგონ…

წყარო: გაზეთი “დრონი”, 22/10/09 17:24


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: