Posted by: burusi | 19/03/2010

ნიჰილიზმი და ღირებულებათა გადაფასების პრობლემა

მხატვარი ალექს ბერდიშევი

ნიჰილიზმი და ღირებულებათა გადაფასების პრობლემა

ყველა ეპოქას თავისი შესატყვისი ღირებულებები აქვს, რაც განპირობებულია ეპოქის ხასიათით. ანტიკურ პერიოდში მას მითოლოგია და ფილოსოფია განსაზღვრავდა. შუა საუკუნეებში გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვა რელიგიამ, რამაც განაპირობა შესაბამის ღირებულებათა წარმოქმნა; აღორძინების ეპოქაში უპირატესობა ჰუმანისტურმა და საერო იდეალებმა მოიპოვეს; ახალ დროში კაპიტალიზმის ჩამოყალიბებას და დამკვიდრებას თან მოჰყვა საბაზრო ეკონომიკის და დემოკრატიის შესაბამისი ღირებულებები. მეცნიერულ – ტექნიკური პროგრესის ეპოქაში წამყვანი ფასეულობა გახდა მეცნიერება და ტექნიკა.
როგორც ვნახეთ, ეპოქათა ცვალებადობის კვალდაკვალ ხდება ღირებულებათა შეცვლა. იმსხვრევა ძველი და მის ადგილს თანდათანობით იკავებს ახალი. ეს არის ღირებულებათა გადაფასების პროცესი, რომლის შედეგად მიმდინარეობს ძველი ეპოქის გამომხატველი ღირებულებების შეცვლა ახალი ეპოქის შესატყვისი იდეალებით. ეს ნორმალური პროცესია, რადგან მას აუცილებლობით მოითხოვს საზოგადოებრივი პროგრესი.
სულ სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ბჭობა ეხება ნიჰილიზმს. იგი წარმოდგება ლათინური სიტყვიდან “ნიჰილ“, რაც ნიშნავს არარას. ნიჰილიზმი არის თეორია, რომელიც მოითხოვს არა ღირებულებათა გადაფასებას, არამედ საერთოდ უარყოფს ყოველგვარი ღირებულების მნიშვნელობას. იგი არ ატარებს პრინციპულ განსხვავებას დადებით და უარყოფით ღირებულებებს შორის. რომელს დაამკვიდრებს ადამიანი – ჭეშმარიტებას თუ სიცრუეს, სამართლიანობას თუ უსამართლობას, კანონიერებას თუ უკანონობას, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ნიჰილიზმისათვის დადებით და უარყოფით ღირებულებებს ერთნაირი ფასი აქვს. ამიტომ სულერთია მათგან რომელს განახორციელებს ადამიანი. ეს არის ღირებულებათა გაუფასურების, დევალვაციის პროცესი, რადგან თუ ჭეშმარიტებასა და მცდარობას, ზნეობასა და უზნეობას ერთნაირი მნიშვნელობა აქვს, მაშინ რა ფასი აქვს მათ შორის განსხვავებას? ყველაფერი დამოკიდებულია პიროვნების ნებაზე. ყოველ ინდივიდს შეუძლია აირჩიოს ის, რაც მას მოესურვება. ვისაც უნდა სიკეთე, შეუძლია განახორციელოს იგი, მაგრამ ვისაც უნდა ბოროტება, იმავე უფლებით შეუძლია მისი განხორციელება. ყველაფერი შესაძლებელია, ამიტომ ნებადართულია.
ნიჰილიზმის პრაქტიკული შედეგია ვოლუნტარიზმი – თვითნებობა და განუკითხაობა. არავის არაფერი ეკისრება, ვისაც რა უნდა, ის აკეთოს. არ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები, რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა ვინმეს ქმედების შეფასება და განსჯა, რადგან არ არსებობს სავალდებულო და საყოველთაო მნიშვნელობის ღირებულებანი. ყველა ღირებულება სუბიექტურია, ასე ვთქვათ, ერთნაირად ფასობს. ამიტომ ვისაც რა უნდა, იმას აირჩევს და გააკეთებს. ამ მხრივ ადამიანს აქვს აბსოლუტური, შეუზღუდავი თავისუფლება.
ნიჰილიზმი იგივე სკეპტიციზმია, ოღონდ ღირებულებათა სფეროს მიმართ. არცერთ მორალს უპირატესობა არ გააჩნია. ყოველ ინდივიდს თავისი მორალი აქვს, ამიტომ ვერავინ სხვას ვერ განსჯის. არ არსებობს საყოველთაო და სავალდებულო მორალი, რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა ობიექტური განსჯა და შეფასება.
ამ მხრივ მეტად საყურადღებოა ფრიდრიხ ნიცშეს თვალსაზრისი. ნიცშეს ფილოსოფია აღსავსეა ნგრევის პათოსით. მას სურს დაამხოს ევროპული ცივილიზაციის ყველა კერპი, მოარღვიოს ფუძე იმ ღირებულებებისა, რომლებიც მრავალი საუკუნის მანძილზე ითვლებოდნენ ადამიანთა მოქმედების უმაღლეს და მყარ საზომად. ტრადიციულ მორალსა და ქრისტიანულ რელიგიაში ის ხედავს დაცემის სიმპტომებს, თანამედროვე ადამიანში – გადაგვარებას. სფერო, რომელიც ხდება ნიცშეს უკომპრომისო კრიტიკის ობიექტი, არის ევროპული კულტურა, მისი ყველა ძირითადი ასპექტი.
საკუთრივ ნიცშეს ფილოსოფია იწყება ცნობილი თეზიდან – “ღმერთი მოკვდა“. ამის საფუძველია ტრადიციული უმაღლესი ღირებულებების უაზრობად, გამოგონილად გამოცხადება და მათი გაუფასურება. მაგრამ მალევე “ღმერთის სიკვდილი“ და ტრადიციულ ღირებულებათა გაუფასურება ნიცშეში წარმოშობს ამბივალენტურ გრძნობას. ტრადიციულ ღირებულებათა დამხობის შედეგად მოპოვებული თავისუფლებით აღფრთოვანებას თან ერთვის სულიერი სიცარიელის, რაღაც აუნაზღაურებელი დანაკარგის შეგრძნება, რაც გამოწვეული იყო სწორედ “ღმერთის სიკვდილით“. არსებობს მოსაზრება, რომ ნიცშეს მთელი დარჩენილი ცხოვრება იყო ამაო სწრაფვა რაღაცით ამოევსო ის სიცარიელე, ის ვაკუუმი, რომელიც “ღმერთის სიკვდილის“ შემდეგ გაჩნდა. ნიცშე მოკლებული იყო როგორც რელიგიურ, ასევე სხვა სულიერ ორიენტირებს და თვლიდა, რომ თავად ის და მთელი მისი ეპოქა სულიერი კრიზისის, ნიჰილიზმის ტყვეობაში იმყოფება. ამისი მიზეზი, მისი აზრით, მხოლოდ ქრისტიანული რელიგიაა. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ შურისძიების გრძნობით აღსავსე ნიცშე მთელი მრისხანებით თავს დაატყდა ქრისტიანობას. ნიცშე თვლის, რომ სწორედ ქრისტიანულმა რელიგიამ დაამხო ათასწლოვანი პერსპექტივის მქონე რომის იმპერია, დაასამარა ჯანსაღი ანტიკურობა და გადაიქცა კაცობრიობის სულიერი დაავადების – ნიჰილიზმის – წყაროდ. ქრისტიანობის სახით გაიმარჯვეს სუსტებმა და დაცემულებმა, ავადმყოფებმა და სიცოცხლის მოძულეებმა და იმისათვის, რომ თავი დაეღწიათ, გაქცეოდნენ საკუთარ არარაობას, მათმა ავადმყოფურმა წარმოსახვამ მოიგონა “იმქვეყნიური ცხოვრება“, “სულის უკვდავება“… ქრისტიანული რელიგია მოუწოდებს მორწმუნეებს თავი მსხვერპლად გაიღონ, მონებად გადაიქცნენ; ქრისტიანობა ემსახურება ევროპული რასის შერყვნას. სწორედ ქრისტიანულ რელიგიას ადანაშაულებს ნიცშე ღირებულებათა პირველ, რადიკალურ და საბედისწერო გადაფასებაში – ძლიერი, ჯანსაღი კასტის მორალის, არისტოკრატიული მორალის დამხობაში და სუსტებისა და ავადმყოფების მორალის ანუ ყალბი ღირებულებების დაკანონებაში. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ქრისტიანობის ასეთი მძაფრი კრიტიკისა, ნიცშეს დამოკიდებულება ამ რელიგიისადმი არ იყო მარტოოდენ უარყოფითი. ამის დასტურია მისი აშკარა გულწრფელი სიმპათიები იესო ქრისტეს პიროვნებისადმი. ნიცშეს აზრით, იესო ქრისტე “უკეთილშობილესი, სიყვარულით აღსავსე“ ადამიანია, იგი “თავისუფალი გონია“, მისი სწავლება “შინაგანი სხივითაა“ განათებული და რასაც ამბობდა, რასაც მოუწოდებდა, რასაც ქადაგებდა, ყველაფერს საკუთარ ცხოვრებაში შეასხა ხორცი – თავისი სიცოცხლით და სიკვდილით.
უკეთ რომ გავერკვეთ ნიცშეს პოზიციაში, ერთ რამეს უნდა გაესვას ხაზი – იმისათვის, რომ სიცხადე შეიტანოს ქრისტიანობისადმი გაორებულ დამოკიდებულებაში, რომ შეათავსოს იესო ქრისტესადმი უდიდესი სიმპათიები ქრისტიანობის აშკარა სიძულვილთან, ნიცშე თავის “ანტიქრისტეში“ დგამს საოცარ ნაბიჯს: იგი ერთმანეთს უპირისპირებს იესო ქრისტესა და ქრისტიანობას, ქრისტეს სწავლებასა და ქრისტიანულ რელიგიას.
ნიცშეს მიხედვით, თავად სიტყვა ქრისტიანობა გაუგებრობაა. სინამდვილეში არსებობდა მხოლოდ ერთი ქრისტიანი და მან თავისი სიცოცხლე ჯვარზე დაასრულა. “სახარება“ ჯვარზე აღესრულა. ნიცშეს მიხედვით, იესო ქრისტეს სწავლება სხვა არაფერია, თუ არა მისი პირადი მოწამეობრივი სიცოცხლე და აღსასრული. და ამ “პრაქტიკულ სახარებაში“ სიტყვაც არ არის ნათქვამი “მეორედ მოსვლაზე“, “განკითხვის დღეზე“, “იმქვეყნიურ ცხოვრებასა და სულის უკვდავებაზე~. უფრო მეტიც, ნიცშეს თანახმად, იესო ქრისტემ თავისი სიკვდილითაც კი მიწიერი ცხოვრების მაგალითი უჩვენა ადამიანებს და არა რაღაც გადარჩენის, ხსნის გზა, როგორც ამას ეკლესია ვარაუდობს. “ის, რაც იესო ქრისტემ კაცობრიობას დაუტოვა, მხოლოდ პრაქტიკაა“. ესაა მისი ქცევა მსაჯულების, ჯალათების, ბრალმდებლების წინაშე, ქცევა ჯვარზე. იგი არ ეწინააღმდეგება, თავს არ იცავს, არაფერს აკეთებს საშიშროების თავიდან ასაცილებლად. უფრო მეტიც, იგი იწვევს მას……… და რაც მთავარია, ქრისტე ლოცულობს მათზე, ეწამება მათთვის და უყვარს ისინი, ვინც მას მტრობს. ნიცშე თვლის, რომ ქრისტეს სიკვდილის შემდეგ მისი სწავლება დავიწყებას ეძლევა. “სახარება“ ქრისტესთან ერთად კვდება ჯვარზე.
ძველი ღმერთი კვდება, ბატონობას იწყებს ნიჰილიზმი. ნიჰილიზმი, ძველი ღირებულებების გადაფასების პროცესი, შინაგანად
დაკავშირებულია სკეპსისთან, უიმედობასთან, პესიმიზმთან, პასიურობასთან. პასიური ნიჰილიზმი, ნიცშეს მიხედვით, დამღუპველია კაცობრიობისათვის. ის მხოლოდ ნგრევაა. ამიტომ მის საფეხურზე გაჩერება ისტორიისათვის საბედისწერო იქნებოდა. ნიჰილიზმით წერტილი უნდა დაესვას ძველს, მაგრამ ნიჰილიზმივე უნდა გახდეს ახლის შენების საფუძველი. ნიჰილიზმი უნდა იყოს არა დასასრული, არამედ გარდამავალი ფაზა. ღირებულებათა გაუფასურების პროცესი უნდა გადაიზარდოს ძველი ღირებულებების გადაფასების, ე.ი. ახალი ღირებულებების დადგენის პროცესში. ამით ნიჰილიზმი ბოლომდე მიიყვანს თავის საქმეს, გადალახავს თავის თავს და კაცობრიობას გამოიყვანს კრიზისული სიტუაციიდან. ამდენად, ღმერთის სიკვდილის ტრაგიკულ განცდას თან უნდა ახლდეს სიხარულით და იმედით აღსავსე გრძნობა ახალი ღირებულებების მოძიება-დამკვიდრებისა.ძალაუფლების ნება. ღმერთი მკვდარია. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გადაფასდეს სამყაროს ძველი გაგება, უნდა შეიცვალოს ადამიანის ხედვის მიმართულება: ადამიანი უნდა ერთგულებდეს მიწას და არა ზეცას. მიწა ნიცშესთან გაგებულია, როგორც ამქვეყნიური სამყაროს შინაგანი ძალა, ანტიპოდი ტრადიციული ღმერთის შემოქმედებითი ძალისა. მიწა დინამიური მიწიერი ენერგიაა, სიცოცხლეა.
რაშია სიცოცხლის არსი? სიცოცხლე ყოველთვის ნებაა. სიცოცხლის არსებობა არ არის არც თვითშენახვა, საკუთარი თავის შენარჩუნება და არც გარემოსთან შეგუება. ყოველი არსებული ისწრაფვის გააფართოოს თავისი ბატონობის არე, მბრძანებლობდეს, დაიმორჩილოს რაც შეიძლება მეტი, დაძლიოს სხვისი ნება; სიცოცხლე არის საკუთარი თავის დამკვიდრება, განმტკიცება, გაფართოება, ზრდა … მოკლედ, სიცოცხლე არის სწრაფვა ძალაუფლებისაკენ, ნება ძალაუფლებისა.
სიცოცხლე შეიძლება იყოს აღმავალი, ძლიერი, ომის წყურვილით სავსე და შეიძლება იყოს დაღმავალი, სუსტი, ავადმყოფური. სიცოცხლის ორთავე სახეცვლილებას საფუძვლად უდევს ძალაუფლების ნება. სუსტი სიცოცხლეც ესწრაფვის ბატონობას. ამიტომ ის ადგენს ისეთ ღირებულებებს, რომლებიც შესაძლებელს გახდიან მის განმტკიცებას.
რა არის ღირებულება? ღირებულება ნიცშეს ესმის, როგორც სიცოცხლის განმტკიცებისა და ზრდის პირობა. ღირებულება სიცოცხლეშია ფესვგადგმული. ღირებულია ის, რაც აფართოებს ჩემი ბატონობის საზღვრებს, რაც საშუალებას მაძლევს მტკიცე გახადოს ჩემი არსებობა. ასეთი სიცოცხლისათვის მიწიერი სამყარო აუტანელი ტანჯვაა, უმძიმესი უღლის ზიდვაა. ძლიერი, აღმავლობის გზაზე დამდგარი სიცოცხლე არ გაურბის ქმნადობა-მოძრაობას, პირიქით, ქმნადობა, მარადიული შენება და ნგრევა, მარადიული ომი მისი სტიქიაა. სიმყარე, უშფოთველობა, უმოძრაობა, ნეტარება მხოლოდ იმ სიცოცხლის იდეალია, რომელიც სუსტია, დაღმავალია. სწორედ ასეთი სიცოცხლისათვისაა დამახასიათებელი ტრადიციული მორალური და რელიგიური ღირებულებები და სწორედ ამ ღირებულებებში ვლინდება უძლურთა ძალაუფლების ნება. უძლურ სიცოცხლეს არსებითად სურს “არარა“. “ღმერთი“, “იდეალური სამყარო“, “უმაღლესი ღირებულებები“, მორალი მხოლოდ ნიღაბია, რომლის უკან “არარა“ იმალება.
ნიცშეს აზრით, მორალი, ძირითადად, ორი სახისაა: მორალური შეფასებები ყალიბდება ან იმ ადამიანთა მიერ, რომლებიც მოწოდებულნი არიან იბატონონ, ან იმ ადამიანთა მიერ, რომელთა ხვედრი მორჩილებაა. ამდენად, მორალურ შეფასებებს საყოველთაო მნიშვნელობა არ აქვთ. ისინი დამოკიდებულნი არიან იმაზე, თუ ვინ ადგენს ღირებულებებს. არსებობენ მაღალი რასის ადამიანები, რომელთა მიმართ შეიძლება გვქონდეს გარკვეული ვალდებულებები და არსებობს “ჯოგი“, ბრბო, რომლის მიმართ ბატონს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ზიზღის გრძნობა.
ბატონთა მორალში ბატონი, უპირველეს ყოვლისა, თავის კასტას ასხამს ქება-დიდებას – ჯანსაღი, სასიცოცხლო ენერგიით აღსავსე, ღონიერი “გარეული ცხოველი“, “მტაცებელი ფრინველი“, მეომარი, “ქერა ბესტია“. ასეთი რაინდი დიდებით მოსავს თავის თავს, დიდებით მოსავს ომს, სიმტკიცეს, დაუნდობლობას, სიმკაცრეს.
სულ სხვა ბუნებისაა მონათა მორალი. წოდებრივად მაღალი ადამიანი და მისი შეფასებები აქ კვალიფიცირებულია როგორც “ბოროტება“; “კეთილია“ უძლური, ტანჯული, ღატაკი, ავადმყოფი. მონათა მორალი ქებას ასხამს თანაგრძნობას, თვინიერებას, სიყვარულს, მშვიდობას.
თანამედროვე მორალი, ნიცშეს აზრით, სწორედ მონათა ჯოგური მორალია. ჯოგისათვის დამახასიათებელია პიროვნულის ნიველირება. ადამიანი ვალდებულია იზრუნოს საზოგადოებრივ ინტერესებზე, საყოველთაო ბედნიერებაზე, დაუმორჩილოს თავისი ინტერესები მასის ინტერესებს ანუ ჩაკლას თავისი საკუთარი პიროვნება, იცხოვროს სხვისი ცხოვრებით, გააუქმოს “მე“ და იყოს ისეთი, როგორიცაა ყველა სხვა. ადამიანში პიროვნულის გაქრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, ნიცშეს აზრით, ქრისტიანობის ძირითადი მცნებებია. უპირველეს ყოვლისა, ეს თანაგრძნობას ეხება. თანაგრძნობის აქტში ადამიანი აუქმებს საკუთარ თავს და სხვისი ტანჯვის მორჩილი ხდება. თანაგრძნობა უნარჩუნებს არსებობას სუსტს, უძლურს, ვინც იღუპება და უნდა დაიღუპოს. უძლურის თანამგრძნობი თვითონვე იქცევა უძლურად. ამით კი სიცოცხლე ხდება დუნე და საეჭვო. ეს დეკადანსის იდეალებია. თანამედროვე ადამიანი ასეთ სულიერ ატმოსფეროში კნინდება. მას აშინებს ძლიერი ვნებები, ძლიერი განცდები, ჭიდილი, ტანჯვა, რომელთა გარეშე სიცოცხლე ჭაობად იქცევა. თანამედროვე ევროპელი ცხოვრობს ყოველდღიური პატარა საქმეებით, ის “კეთილია“, “სამართლიანია“, “დამჯერია“, “თვინიერია“. მისი მთავარი საზრუნავია პირადი კეთილდღეობა, პაწია ბედნიერება. ის მშიშარაა და სიკეთეს ჩადის მხოლოდ იმიტომ, რომ სხვამ ვნება, ტანჯვა, ბოროტება არ მიაყენოს. თანამედროვე ადამიანი გაურბის თავის თავს. ის აზროვნებს და მოქმედებს საყოველთაოდ მიღებული შაბლონებით, დაკანონებული სტანდარტებით. მისი ცხოვრება სიყალბეა.
ნიცშეს აზრით, არისტოკრატიულ “კარგსა“ და “ცუდს“ უპირისპირდება დემოკრატიული, გათანასწორების ნებით აღბეჭდილი “კეთილი“ და “ბოროტი“. მისი იდეალია არა თანასწორუფლებიანი საზოგადოება, არამედ საზოგადოება, რომელსაც მართავს რჩეული, ზეკაცთა ძლიერი ელიტა.ზეკაცი. ნიცშეს მზერა მომავლისკენაა მიპყრობილი. ადამიანი უნდა დაძლეულ იქნას. ადამიანის სიდიადე იმაშია, რომ იგი ხიდია და არა მიზანი. მას შემდეგ რაც ღმერთი მოკვდა, ადამიანის ცხოვრების წესიც უნდა შეიცვალოს. ძველი ღირებულებები უნდა გადაფასდეს ახალი პრინციპის საფუძველზე. ეს პრინციპია სიცოცხლე, ძალაუფლების ნება. ქმნადი, მოძრავი, მშფოთვარე, ჭეშმარიტი სიცოცხლის ერთგულება გზას გაუხსნის ადამიანს ზეკაცისაკენ, იმ ერთადერთი დიადი მიზნისაკენ, რომელსაც შეუძლია მისცეს საზრისი ცხოვრებას ღმერთის სიკვდილის შემდეგ. ზეკაცი არის ანტიპოდი თანამედროვე ადამიანისა, ის ასახიერებს სიცოცხლის სავსეობას, ცხოვრების უმაღლეს, სრულყოფილ წესს და ადამიანის უმაღლეს ტიპს, რომელიც დგას ტრადიციული “ბოროტისა“ და “კეთილის“ მიღმა, თვითონ ქმნის ღირებულებებს და თვითონვე ადგენს თავისი მოქმედების ნორმებს.
ზეკაცის გზაზე ადამიანმა სახეცვლილება უნდა განიცადოს. ადამიანს, რომელიც მინდობილია ღმერთს, ნიცშე ადარებს აქლემს. ის მძიმე ტვირთი, რომელსაც ადამიანი ამ მდგომარეობაში ატარებს, არის ტრანსცენდენტური იდეალური სამყარო, ის ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ღირებულებები და იმპერატივები, რომლებიც ბოჭავენ ადამიანის თავისუფალ შემოქმედებას. ადამიანი უდრტვინველად, უღრმესი მოწიწებით და სიხარულით ემორჩილება ურჩხულს, რომელსაც ეწოდება – “შენ უნდა“. შემდეგი ეტაპია ლომი – ლომი ნიშნავს მეამბოხე სულს, რომელიც “არას“ ეუბნება ძველ ღირებულებებს და იკაფავს გზას ჭეშმარიტი თავისუფლებისაკენ. ლომის “მე მსურს“ უპირისპირდება საფუძველგამოცლილ მოთხოვნას – “შენ უნდა“. მაგრამ ლომი მგრეველია და არა აღმშენებელი. ადამიანის სულმა კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას, რომ მიაღწიოს ჭეშმარიტ თავისუფლებას. ის უნდა იქცეს ბავშვად. ბავშვი ნიცშესათვის სიმბოლოა ახალი დასაწყისისა, მოძრაობისა, შემოქმედების, აღშენების. ბავშვი არის “თამაში“. თამაში ნიშნავს შემოქმედებას. თუ ადრე ღირებულებების საფუძვლად ღმერთი მოიაზრებოდა, ახლა თვითონ ძლიერი პიროვნება ქმნის ღირებულებებს. ადამიანი უნდა გახდეს შემოქმედი – ეს არის ერთ-ერთი ძირითადი პირობა ჭეშმარიტი არსებობის წესისა. შემოქმედება გულისხმობს ყოველი მიღწეულის სიძულვილს, დაძლევას, ახალი მიზნების დასახვას, თავისთავის მარადიულ ნგრევასა და აღშენებას. სამყაროსა და თავის თავს თვითონ პიროვნებამ უნდა მისცეს სახე. შემოქმედება მარადიული ბრძოლაა, ომი სხვასთან და თავის თავთან. ზეკაცის სიცოცხლე სავსეა ფათერაკებით, მაგრამ ის იღებს ამ სიცოცხლეს, მას სურს ასეთი სიცოცხლე, იგი ეთანხმება მას.
ნიცშეს მოსაზრებებმა, კერძოდ, ნებისმიერი ავტორიტეტის, მორალის, ღირებულებების გაუფასურება-უგულველყოფამ, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა თანამედროვე ადამიანის სულიერ ცხოვრებაზე.
თანამედროვე ცივილიზაციის ერთ-ერთი ამოცანაა საშუალო ადამიანის გარშემო შექმნას ისეთი სამყარო, რეალობა, რომელშიც იგი თავს თვითდაჯერებულად და თვითკმაყოფილად იგრძნობს. ეს რომ განხორციელდეს, საჭიროა ყველა სულიერი მწვერვალი გაუფასურდეს, ყოველივე საკრალური პროფანაციად წარმოჩინდეს, ყოველივე არაჩვეულებრივი ბანალური გახდეს, ყოველივე რეალური პაროდირებულ იქნას, ე.ი. ადამიანისათვის აღარ იარსებობს არავითარი ტაბუ, რამეთუ “ყველაფერი ნებადართულია“. პრობლემის უკეთ გააზრებისათვის, ერთი რამ უნდა გავიხსენოთ: თანამედროვე ცივილიზაციის სათავეებთან, ე.წ. განათლებულ საზოგადოებაში (XIX ს. მე-2 ნახ.) დამკვიდრებული იყო ადამიანის შემდეგი გაგება: 1) ადამიანი – მზაკვარი, გრძნობადი და ეგოისტური მაიმუნია; 2) ადამიანი კეთილია, სიყვარულით აღსავსეა, შეუძლია თავი მსხვერპლად გაიღოს. ყველა ცუდი თვისება, რომელსაც ადამიანში ვამჩნევთ, მისი ბუნებიდან არ გამომდინარეობს. ეს ცივილიზაციის განვითარების შედეგია, რომელმაც ადამიანში დისჰარმონია შეიტანა და ბუნებას, ნამდვილ ცხოვრებას დააშორა; 3)ადამიანი ბუნებით არც კეთილია და არც ბოროტი, იგი ცარიელი დაფაა, რომელზედაც შესაბამის კვალს და ანაბეჭდს მხოლოდ სოციალური გარემო ტოვებს. ამ დამკვიდრებულ და გავრცელებულ აზრს საფუძველშივე უარყოფს რუსი მწერალი ფ. დოსტოევსკი. იგი არ ეთანხმება პირველ მოსაზრებას, თუმცა მან, ისე როგორც არავინ, შეძლო ადამიანის სულის ძირების წარმოჩენა. იგი არ იზიარებს მეორე მოსაზრებასაც, მიუხედავად იმისა, რომ თავად სიკეთის იდეა, როგორც მარადიული და უკვდავი, მისი თხზულებების წამყვანი იდეა იყო. არ იღებს იგი მესამე მოსაზრებასაც. დოსტოევსკი ღრმად არის დარწმუნებული, რომ საზოგადოების ნორმალურად მოწყობის შემთხვევაშიც კი, დანაშაული ერთბაშად არ გაქრება და ყველა ადამიანი უცებ წმინდანი არ გახდება. მისთვის ადამიანი არც მაიმუნია და არც ანგელოზი. იგი ღვთის ხატი და სახეა, რომელიც, მართალია ღვთის მიერ ბოძებული თავისი ბუნებით კეთილი, სუფთა და მშვენიერია, მაგრამ ცოდვათდაცემის შედეგად დამახინჯდა. მაშასადამე, დაცემულ ადამიანში ერთდროულად თანაარსებობენ სიკეთის მარცვლები და ბოროტების სარეველა. მაგრამ როგორ უნდა გადარჩეს ადამიანი, რომელ გზას მივყევართ ტაძრამდე? მხოლოდ ქრისტეს რწმენას – ცოცხალ, სიცოცხლის მიმნიჭებელ რწმენას, რომელიც მიიღწევა საკუთარი ცოდვილი ბუნების თვითშემეცნებით, ბოროტების საკუთარი ძალებით აღმოფხვრის შეუძლებლობის გაცნობიერებით და ქრისტეს, როგორც ერთადერთი მხსნელის, აღიარებით – ასე ფიქრობს ფ. დოსტოევსკი. მწერლის ეს მსოფლმხედველობრივი პოზიცია ლეიტმოტივად გასდევს მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს – “ძმები კარამაზოვები“.
ამ რომანში მთელი სისავსით არის წარმოჩენილი მწერლის რელიგიურ-ეთიკური და ფილოსოფიურ-სამართლებრივი შეხედულებები. რომან-ტრაგედიის ცენტრალური საკითხია მამის მკვლელობის ისტორია. მკვლელობის ადგილია ქალაქი სკოტოპრიგონიევსკი. “შემთხვევითი ოჯახი“ – დარღვეული ნათესაობრივი და ზნეობრივი კავშირები, ერთმანეთის მიმართ გაუცხოებული ოჯახის წევრები. მამა – თედორე პავლეს ძე – აბსოლუტური იმორალისტი, ცინიკოსი; იგი გვარის უფროსია. მისი შვილები კრიზისულ-კატასტროფული ცნობიერების მატარებლები არიან და შეუძლიათ ერთდროულად ეთაყვანებოდნენ “მადონას იდეალს“ და “სოდომის იდეალსაც“. დიმიტრი, უფროსი ვაჟი, მანკიერებაში ჩაფლული, თავისი ვნებების, გრძნობებისა და აფექტების ტყვეა. მან საკუთარ თავში თითქმის ჩაკლა კეთილი საწყისი და შინაგანად უკვე მზად არის მამის მკვლელობისათვის. საშუალო შვილი, ივანე – ინტელექტუალი, ფილოსოფოსი, სკეპტიკოსი, რომელმაც ყველაფრის ნებადართულობის საკუთარი იმორალისტურ-კრიმინალური თეორია ჩამოაყალიბა. მას სიამოვნებას გვრის სხვა, მასზე “ინტელექტუალურად“ დაბლა მდგარ ადამიანებზე საკუთარი გონების ძალის გამოცდა, თავისი ნებისათვის სხვების დამორჩილება, თავისი მსოფლმხედველობის სისწორის შემოწმება, ადამიანებით მანიპულირება. უმცროსი ძმა ალიოშა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, ეკლესიაში მორჩილია, შინაგანად ვერ იღებს და ეწინააღმდეგება კარამაზოვებისეული ხასიათის შემოტევებს. მეოთხე ძმა, თედორე კარამაზოვის არაკანონიერი შვილი, სმერდიაკოვი – ლაქია, საშუალო, ერთგანზომილებიანი ადამიანია (ლამპე), მაგრამ იმავდროულად სხვათა ნების თვინიერად დამყოლი, შემსრულებელი. ოთხივე ძმა, თითოეული თავისებურად, მონაწილე აღმოჩნდა მამის მკვლელობის. მაგრამ მთავარ დამნაშავედ დიმიტრი მიიჩნიეს. შემდეგ თითქოს ირკვევა, რომ მკვლელობა სმერდიაკოვს ჩაუდენია. მაგრამ რაღაც მაინც რჩება გაურკვეველი. სმერდიაკოვი უარყოფს, რომ ის არის მკვლელი, რომ მარტო ის არის მთავარი დამნაშავე. იგი ეუბნება ივანეს – “თქვენ მოკალით, სწორედ თქვენ ხართ მთავარი მკვლელი. მე კი მხოლოდ თქვენი დამქაში ვიყავი“. “მთავარი მკვლელი აქ თქვენ ხართ, თუმცა კი მე მოვკალი“. ივანეც ბოლოს და ბოლოს ეთანხმება და სასამართლოს წინაშე აღიარებს დანაშაულს. როგორ უნდა გავიგოთ ეს? რაშია ივანეს დანაშაული? სმერდიაკოვი ეუბნება ივანეს – “თქვენი სიტყვების მიხედვით ჩავიდინე მე ეს, სწორედ თქვენი სიტყვების წყალობით“. მაგრამ ივანეს სმერდიაკოვისათვის არ უთქვამს პირდაპირ, რომ მამა მოეკლა; მაშ, რას ნიშნავს, რომ მან ასწავლა მოეკლა მამა? რა უთხრა ასეთი? “მაშინ ერთობ გაბედული იყავით, “ყველაფერი დაშვებულიაო“ ამბობდით“ – ეუბნება სმერდიაკოვი. სწორედ ეს სიტყვები – “ყველაფერი დაშვებულია“, ე.ი. “ყველაფერი ნებადართულია“ – გამხდარა მკვლელობის მიზეზი. ეს შემთხვევითი აზრი არ არის. იგი გარკვეული მსოფლმხედველობის ორგანული მომენტია. როგორია ეს მსოფლმხედველობა?
უკეთ რომ გავერკვეთ საქმის ვითარებაში, დიმიტრის შეხედულებებსაც უნდა გავეცნოთ, რომელიც მან ალიოშას, უმცროს ძმას სატუსაღოში გაანდო: მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა განაჩენს გამოუტანს მას სასამართლო. ეს “წვრილმანია“. მთავარი კი სხვაა და ახსენა რაღაც მეცნიერება, ახსენა ვიღაც რაკიტინი და უცხოელი მეცნიერი კლოდ ბერნარი, რომელთა მიმდევარიც თავად ყოფილა. აი, მათი თვალსაზრისი: ადამიანის აზრები, წარმოდგენები, მისწრაფებები და ა.შ. სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა ტვინში მიმდინარე ფიზიკური და ქიმიური პროცესები; არ არსებობს ამისაგან განსხვავებული რაღაც სული, რაც მთავარია, არ არსებობს არავითარი აბსოლუტი, ღმერთი; ღმერთი “ხელოვნური იდეა“ ყოფილა. “ქიმია, ძმაო, ქიმია! ვერაფერს გააწყობთ, თქვენო უდიდებულესობავ, ცოტა ჩაიწიეთ, ქიმია მოდის“. დიმიტრი ფიქრობს, რომ თუკი “ქიმიამ“, ანუ ზოგადად მეცნიერებამ, ადამიანის ცნობიერებიდან განდევნა ღმერთი, თუკი ღმერთი აღარ არსებობს, მაშინ ყველაფერი ნებადართულია, “ყველაფერი დაშვებულია“. ე.ი. ამ თვალსაზრისის მიხედვით, სამყაროს ფიზიკურ-ქიმიური, საბუნებისმეტყველო ახსნა ერთადერთი და საბოლოო ახსნაა, ანუ ეს ყოფილა მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც ყოველივე დაიყვანება ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებზე. ღმერთი განდევნილია და აღარ არსებობს არავითარი საფუძველი მორალური ნორმებისათვის, ე.ი. “ყველაფერი დაშვებულია“. ასე ფიქრობს დამიტრი კარამაზოვი.
განაჩენი, რომელიც დიმიტრის გამოუტანეს, სასამართლო (იურიდიული) შეცდომა აღმოჩნდა, ვინაიდან დამნაშავედ სცნეს ის, ვისაც მკვლელობა რეალურად არ ჩაუდენია, თუმცა ზნეობრივი თვალსაზრისით, სწორი განაჩენი იყო: დიმიტრი დასჯას იმსახურებს უკვე იმის გამო, რომ მრავალჯერ ემუქრებოდა მამას მოკვლით და, რაც მთავარია, სურდა მამის სიკვდილი. სწორედ ამან განაპირობა თავად დიმიტრის გაორებული დამოკიდებულება განაჩენისადმი: არ ეთანხმება რა მის იურიდიულ ფორმულირებას, დიმიტრის ესმის წაყენებული ბრალის ზნეობრივი სიმართლე, იგი აღიარებს თავის მორალურ ბრალეულობას და თავსდატეხილ უბედურებაში, გადარჩენის ერთადერთ საშუალებას ხედავს: იტვირთოს ეს ჯვარი, იტანჯოს და მოინანიოს ის ცოდვიანი გზა, რომელსაც მისი უზნეო, ქარაფშუტა, გარყვნილი ცხოვრება ერქვა.
ივანე კარამაზოვი განათლებული და მოაზროვნე ადამიანია. მან ღმერთის შესახებ ტრადიციულ წარმოდგენაში შეუსაბამობა აღმოაჩინა. მეორეს მხრივ, საბუნებისმეტყველო აზროვნების ძალით უარყო ღმერთის არსებობის “საბუთი“ და ვეღარ დაიჯერა ღმერთის არსებობა. მაგრამ ღმერთის არარსებობიდან ნიჰილისტურ-ეთიკური დასკვნები გამოიტანა და ამის საფუძველზე დანაშაულიც ჩაიდინა. ბოლოს, თვითონვე ვერ გაუძლო ყოველივე ამას და გაგიჟდა.
მოხუცი კარამაზოვის სიკვდილი არ არის ერთადერთი უბედურება, რომელიც რომანში ხდება: სმერდიაკოვმა თავი მოიკლა, ივანე გაგიჟდა, დიმიტრი კატორღაში გაგზავნეს. ყოველივე ამაში კი დამნაშავეა უღმერთობა, უღმერთო ცნობიერება, რაც, ერთის მხრივ, ღმერთზე ტრადაციული წარმოდგენის უკმარისობის და, მეორე მხრივ, საბუნებისმეტყველო აზროვნების უნივერსალურობის პრეტენზიის შედეგია. თავისუფლებამოპოვებულ ადამიანს მისი მოხმარების, განხორციელების უფლება აქვს – შეუძლია საკუთარი მოსაზრებით განკარგოს სული ანუ ემსახუროს ნებისმიერ ღმერთს, კერპს, დემონს, თავის თავს ანდა საერთოდ არავის; სულის გაყიდვის, დაგირავების უფლებაც აქვს; ადამიანს უფლება აქვს საკუთარი სხეულიც გაყიდოს, ფერად-ფერადი ტატუებით მოხატოს; შეცვალოს სექსუალური ორიენტაცია, სქესიც კი; ხელყოს საკუთარი და სხვისი სიცოცხლე. ყოველივე ეს მისი, “თავისუფალი ადამიანის“, კერძო საქმეა. ასეთ “კულტურულ სივრცეში“ არავითარი ვერტიკალი აღარ არსებობს: საკრალური მართლაც პროფანირებული ხდება, ბანალური ესთეტიკურის სახეს იმკვიდრებს, მდარე კი ნორმალურის სტატუსს იძენს. ეს სხვა არაფერია, თუ არა ყველა ღირებულებითი იერარქიის – კულტურულის, ეთიკურის, ესთეტიკურის, რელიგიურის შეცვლა და ყალბი, თავისუფალი საზოგადოების “თავისუფალი ადამიანისათვის“ მისაღები ახალი, “მოდური, ელიტარული“ მსოფლმხედველობისა და მისთვის დამახასიათებელი ღირებულებების დამკვიდრების ცდა.
ეს ნიჰილისტურ-იმორალისტური მსოფლმხედველობა ცივილიზაციისათვის დამღუპველი დესტრუქციული საწყისების სახე-სიმბოლოა, რომელიც აიძულებს ადამიანს მორალური და ბუნებით-სამართლებრივი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ იცხოვროს და იმოქმედოს, არღვევს მის შინაგან სამყაროს და ართმევს მას ადამიანურ სახეს.

ფილოსოფია – ია ბერიძე, გურამ თავართქილაძე, თამარ ფანცულაია
თავართქილაძის ეკონომიკურ ურთიერთობათა და სამართლის უნივერსიტეტი
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი. 2009
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ბეჭდური არქივი


Responses

  1. რამხელა სტატიაა და რა სინტერესო, ნახევარი წავიკითხე,..

    საერთოდ, არ მიყვარს მე ღირებულებათა სისტემის გადაფასება. რა საჭიროა ეს?

    იქნებ ბოლოში რომ გავალ, სადმე მივაგნო ჩემს პასუხს : )

  2. Me rom mkitxot,dges metadaa sachiro girebulebebis gadafaseba…P.s.icit ra tqva vaja-fshavelam nicsheze??”Gmoyeyechebuli evropeieliao”,me misi Traqtati maqvs cakitxuli gmertze..ertma nacils metad mivaqcie yuradgeba,sadac brbos adanashaulebs gmertis sikvdilshi..

  3. zustad qalbatono teona ,girebulebata gadagvareba chirdeba kacobriobas romelic mieqaneba nicshes mier gaazrebul ufskrulshi…kacobriobas ar gaachnia awmyo ,amaze sashneli ram ra unda moxdes ??????????chven yoveltvis vcdilobt vilaparakot iseti adamianebis saxelit romelebsac qartvelebi vafasebt da didi pativs vcemt!!amasobashi gvaviwydeba is rom chven adamianebi vart da isetive shesadzlebloba gvaqvs rogoric qonda vajas an tundac ilias,chven unda vecadot rom shevqmnat rame axali,iliam da vajam tavisi gasaketebeli gaaketes im epoqashi rodesac cxovrobdnen,chven kide rodemde unda vtkepnot mati gavli gza….swored amas ambobs nicshec sxva arafers…diaxac sachiroa girebulebata cvla…..tu kargad daakvirdit nicshem ganasxvava qriste da qristianoba….. rodesac nicshem daiwyo “zaradusrtas”wera saintereso citata daawera tekstis wina furcelas “wigni yvelastvis da aravistvis”…swored es unda gavarkviot ramdenad vart es yvela chven da ramdenad shegvidzlia fr.nicshec filosofiis gageba!!!

  4. სრული სისულელე და პატოსია! ხალხო დაანებეტ ნიცსჰეს ტავი რა!!! ისიც იკმარეტ რომ მისი სერტოდ არ გესმიტ და საბედნიეროდ არც გაქვტ უნარი რომ გაიგოტ.ადამიანი, რომელიც ნიცსჰეს სიყტყვების მიგმა ვერ იყურება არც არის გირსუი მისი გაგების! გმერტი მიკვდა და ეს ესეცაა. იცოდა ნიცსჰემ რასაც ამბომდა, გმერტი მასჰინ მიკვდა, როცა ჯვარს აცვეს და მის მერე მარტლა საცჰიროა ნიჰილისტური აზროვნება. სიცარიელეზეც “ბრდზნულად” მსჯელობტიტ, ეს სიცარიელე ღვტის სიკვდილიტაა გამოწვეილი.ნიცსჰეს სინდისი აწუხებ გმერტის სიკვდილის გამო და სწორედ იმ ხალხს ედზახის სუსტებს ვინც სისხლში გაისვარა ხელი. ეზიზღება სუსტები, როგორც სიმარტივის და მარტივი გზის მაძიებლები, თუმცა ალბათ თქვენ ამას ვერასდროს გაიგებთ! დაანებეთ ნიცშეს თავი ნუ გაგვატანჯეტ! მის თეორიაზე სულელობების ლაპარაკი ვინმეს ინტელექტს კი არ ნიშნავს, პირიქიტ, ის უფრო სასაცილოა სიტყვების მიგმა რომ ვერ იხედება ადამიანი!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: