Posted by: burusi | 14/03/2010

თემო ჯაფარიძე – ავთო ვარაზი

ვიოლინო, 1975

თემო ჯაფარიძე – Temo Japaridze

ავთო ვარაზი – Avto Varazi

დღეს, როცა თბილისი მრავალმხრივ გარდაქმნას განიცდის, როცა მკვეთრად იცვლება ქალაქის სახეც და ყოფიერებაც, როცა დავიწყების მტვერი ედება იმას, რაც იმ ცუდ დროში კარგი იყო, განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ის დანაკარგი, რასაც ავთო ვარაზის სახელი ქვია. ქალაქის დღევანდელ ცვლილებებში განსაკუთრებით შესამჩნევია ადამიანურობის გაქრობა, თანაგრძნობის, გულისხმიერების, ადამიანის არსებობის მიზეზთა დაფარული წიაღების ძიების მოდუნება. ავთო ვარაზი კი სწორედ ადამიანურობის კონცეფციას განასახიერაბდა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში (საეჭვოა, რომ დღეს მომრავლებული მოდური კონცეფციებიდან რომელიმე უფრო მაღლა იდგეს თავისი მნიშვნელობით)..

ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა ის გავიცანი, მგონი, 18 წლისა. 11 წლით უფროსი იყო ჩემზე. ორივე ვერის უბანში ვცხოვრობდით და ხშირად უნებლიეთ ვხვდებოდით ერთმანეთს. გაცნობისთანავე დავინახე მისი დახვეწილობა, სახისა და თვალების მთრთოლვარე ღიაობა, მისი გამომეტყველებითი სულგახსნილობა თავისებურად მაცდურიც იყო, რადგენ მის უკან ძლიები, გამჭრიახი პიროვნება ფიქრობდა, გაკვირვებოდა, შეგისწავლიდა ეს სულ სხვა ელფერით მსჭვალავდა მისი გამომეტყველების სიჩვილეს. ბევრი ხეპრე მოტყუებულა და მისი რთული, წინააღმდეგობრივი სიჩვილის გამო საწყალ, უსუსურ კაცად ჩაუთვლია. ასეთებს ავთო მოხერხებულად აჩვენებდა ხოლმე თავისი სულის ძალას, პიროვნულ სიმძლავრეს ამას აკეთებდა იუმორით, რომელიც ხშირად სარკაზმის ფორმას იღებდა, მიმზიდველი სიცილით, ქვეტექსტის მქონე ჯამბაზური საქციელით და თამაშით. ეს მორიდებული, უეღრესად თავაზიანი, მთრთოლვარე ხმით მოლაპარაკე კაცი ისეთ უტიფრობას და თავხედურად თამამ საქციელს ჩაიდენდა, რომ ყველას უკვირდა,როგორ თავსდებოდა მის ხასიათში პარადოქსურად კონტრასული თვისებები. ცხადად იგრძნობოდა, რომ უბრალო ვინმე არ იყო. ალბათ, ასეთი რთული სულიერი სიჩვილე უნდა ჰქონოდა. ხელოვანს, რომელიც ჭეშმარიტ ადამიანურ სისუფთავეს იცავდა, საბჭოური ყალბი იდეოლოგიით დამახინჯებულ ყოფიერებაში და თავის თავში.სწორედ ეს სულიერი სიჩვილე, ადამიანურობა განახორციელა ავთომ თავის ფერწერაში- პორტრეტებში, ნატურმორტში, კოლაჟებში (პოპ-არტი).

დიდმა ფრანგმა მხატვარმა პოლ სეზანმა თქვა: “ყველაზე დიდი ტაძარი ადამიანის სახეა”. ურთულესი ამოცანაა ფერწერულ ტექნიკაში, ფერის ლაქების განლაგებაში, მონასმებში ადამიანურობის ამეტყველება. მის განხორციელებას ჭეშმარიტი ტალანტისა და ოსტატობის გარდა, აუცილებლად სჭირდება ის სპეციალური უნარი, რასაც პირობითად მხატვრული ადამიანთმოყვარეობა შეიძლება ეწოდოს, მაგრამ უსამართლობებით აჭრილ ყოფიერებაში წმინდა ემოციის ფორმით გამოხატული გულუბრყვილო ადამიანთმოყვარეობა ხშირად იმედგაცრუებისგან ქრება. მის გადასარჩენად ხელოვანს უნდა შეეძლოს, მძლავრი აზრით და პიროვნული სიძლიერით, უკომპრომისობით გამოაწრთოს იგი და ქრონიკულ მხატვრულ იმპულსად აქციოს. ავთომ მოახერხა ამ ამოცანის განხორციელება. არ კმარა ადამიანის გარეგნულად ჩვენება, იგი მხატვრულად უნდა გაიხსნას.

თითქოს ამ ფორმულით ხელმძღვანელობდა ავთო. მის მიერ გამოსახული ადამიანები დრამატული სულიერი გაფაქიზების მდგომარეობაში იმყოფებიან, ყველაზე სასოწარკვეთილი განწყობილების შემთხვევეშიც სითბოს ასხივებენ.

ბევრი საყვედურობდა, რომ მისი პორტრეტები ზედმიწევნით სევდიანები იყვნენ, რომ მის ნამუშევრებს აკლდა ვიტალური ფერადოვნება. ეს ათასი ფერით ტკბობის მზეჭაბუკები სულიერად ჩლუნგები იყვნენ და ვერ გრძნობდნენ, რომ ავთო დემოკრატიულ სიამტკბილობას, ფიგურალუდ რომ ვთქვათ, თვალების ტორტს კი არ სთავაზობდა მათ, არამედ XX საუკუნის ეგზისტენციურ შეჭირვებაში მყოფი ადამიანის მიერ სულიერი სხივის ძიების სიხარულს. XX საუკუნე “ღამით ფიქრი” უფრო აღმოჩნდა, ვიდრე “მზეზე წოლით ტკბობა”. ამ ფაქტს ვერავინ გაექცევა. გარდა ამისა, ავთომ უნებლიეთ, თავისი ტალნტის ხარისხის წყალობით, თავის თავში განახორციელა კოლონიურ მდგომარეობაში მიკარგული თბილისის წინააღმდეგობრივი, რთული სულის სიჩივლე, სრულფასოვნებაზე ოცნება და როცა იგი განახორციელა, ეულად მყოფი ადამიანის ტრაგიკული ადამიანურობა, ანუ ბნელით შებყრობილი ადამიანის შინაგანი სხივი გამოუვიდა.

ავთომ რთული გზა გაირა ხელოვნებაში. თავისი ინდივიდუალური მხატვრული ხელწერა გვიან აღმოაჩინა, თუ არ ვცდები, 34-35 წლისამ. თვითნასწავლი მხატვარი იყო,მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდული წლებიდან მრავალმხრიდან შეისწავლა ხელოვნება და არქიტექტურა. მან არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1943-48წწ). საერთოდ, შინაგანი კულტურა და ხელოვნების სიყვარული ოჯახის ზეგავლენით ბავშვობიდანვე ჩამოუყალიბდა. ვარაზიშვილების ოჯახი საბჭოთა პერიოდში თავისუფალი თბილისური კულტურის ერთ-ერთი არაოფიციალური, ჩრდილში მყოფი ოაზისი იყო. Oოჯახის წევრებს დიპლომატიური ლავირება უხდებობათ უხეშ და ჩლუნგ საბჭოთა ყოფიერებასთან.

კულტურულ ოჯახურ ინტიმს ქმნიდა ავთოს დედა. იგი ხატავდა. გატაცებული იყო მუსიკით. ოჯახში ხშირად ისმოდა ფირგამონიის ღუღუნი. ერთხელ ავთომ სიამაყით მაჩვენა დედის ნახატები. მუსიკა უყვარდა მამასაც- ცნობილ მეცნიერს,ბიოქომიკოს, ვასილ ვარაზიშვილს. შემდგომ, სიმწიფის ასაკში, ავთო აგროვებდა ძველ გრამფირფიტებს. მის ოთახში რამდენიმე გრამოფონი იდგა. ძველი გრამფირფიტები და ბუკინისტური წიგნები ავთოს დიდი გატაცება იყო. მხატვრული რეპროდუქციების ალბომების უნიკალური კოლექცია ჰქონდა. მუსიკის თავისუფალი სული თავისებურად ასაზრდოებდა მცირეწლოვან ავთოს. მამა, უაღრესად თბილი ადამიანი, შვილებისა და შვილიშვილების მეგობრებთანაც კი ჯდებოდა ჭიქა ღვინის დასალევად და სასაუბროდ. ბევრი მადლიერბითმ იხსენებს უმცროსებთან მისი თავის გაყადრებას, ტკბილ საუბარს, – ცხოვრების ავ-კარგი მისგან ვისწავლეთო. უბრალოდ და თავმდაბლურად ეჭირა თავი. საბჭოთა აკადემიკოსებივით არ იბღინძებოდა. არადა, ჰქონდა საამაყო: ოცდაათიან წლებში შვედეთიდან მიიღო ოფიციალური წერილი, რომ იგი ნობელის პრემიის კანდიდატთა შორის იყო დასახელებული. მეცნიერს ამ უწყებაზე არ უპასუხია.

თავის გაუბრალოება ავთოსაც გამოჰყვა ხასიათში. მასზე გაცილებით უმცროს ადამიანებთან მეგობრობდა. ამასთან, ურთიერთობა ჰქონდა უფროს, გამოცდილ ადამიანებთან. ჭაბუკი იყო, როცა ბუკინისტური წიგნების მაღაზიაში შემთხვევით გაიცნო ხელოვნებათმცოდნე რენე შმერლინგი. მან იგი ხელოვნების ინსტიტუტს წარუდგინა. გიორგი ჩუბინაშვილი მოიხიბლა ავთოს მხატვრული ხედვით და ალღოთი. 1948 წელს ავთო ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტი გახდა. ჩუბინაშვილი დიდ იმედებს ამყარებდა მასზე. მაგრამ ავთომ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იმუშავა დისერტაციაზე, ფერწერის კარიერა აირჩია. 50-იანი წლებიდან დასასრულს ავთომ შეიმუშავა ლურჯი ტონალობის ფერწერა. სწორედ ამ მანერით შეასრულა თავისი საუკეთესო პორტრეტები და ნატურმორტები. საზოგადოებაში შეიქმნა აზრი, რომ ავთოს ლურჯი ფერწერა პიკასოს ლურჯი პერიოდიდან გამომდინარეობდა. შეიძლება ავთომ მართლაც განიცადა პიკასოს, სეზანის, კუბიზმის და პოპ-არტის გავლენა, მაგრამ, ჩემი აზრით, მას აღმოაჩნდა მასშტაბური პიროვნული საწყისი და სხვადასხვა გავლენისგან შეძლო დამოუკიდებელი სტილის ჩამოყალიბება.

ავთოს სხავადასხვა წრის ადამიანებთან ჰქონდა ურთიერთობა. ღვინის სიყვარულის გამო ძალიან პოპულარული ტიპიც კი გახდა. ღვინო მისთვის სიმარტოვის, მოწყენილობის ზეიმი იყო. ისიც არის, რომ ღვინისგან ადამიანები უფრო გულახდილები ხდებიან, ღია საუბრის გუნებაზე ხდებიან. საბჭოთა ყოფიერებაში მეოცნებე ადამიანებისთვის ღვინო მყუდრო თავშესაფარი იყო. ავთოს სახელოსნოში (პატარა ოთახში) დადიოდნენ უიღბლო ლოთები, ხელოვნების მოყვარულები, ხელმოცარული ხელოვანები, ავთოს მხატვრობის გულშემატკივრები, არასაბჭოური გეზის მხატვრები-ახალგაზრდებიც და ასაკოვნებიც. პარალელურად ავთოს ურთიერთობა ჰქონდა ელიტარულ საზოგადოებასთან – მწერლებთან, რეჟისორებთან, მეცნიერებთან. ავთოს ფასი საბჭოურად მოწყობილმა ოფიციალურმა პირებმაც იცოდნენ.

ავთო იმდენად ინტენსიურად ფიქრობდა ფერწერაზე, რომ ახალგაზრდების საქმიანობისადმი აქტიურ ცნობისმოყვარეობას ამჟღავნებდა. აინტერესებდა, რა გეზს ირჩევდნენ ფერწერაში მომავალი თაობები.

ჩემი აზრით, “ავთოს თბილისი განსაკუთრებული, ავთოსეული ხასიათისა იყო, _ ბუკინისტური წიგნივით დაძველებული, განწყობიანი სახლები და ქუჩები ვერის, სოლოლაკის, მთაწმინდის უბნებში… ერთხელ ამ ევროპულ უბნებში ბევრი ვიარეთ. სახელოსნოსთვის გამოსადეგ მანსარდს ვეძებდით. ხელმომჭირნედ ვცხოვრობდი. ავთო სახელოსნოზე ოცნებობდა. სახლები და ვიწრო ქუჩები, რომლებიც მას მოსწონდა, რაღაცით ჰგავდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის პორტრეტებში გამოსახა.

სულით ფაქიზი მარტოსულები, ნამდვილი აზრის, გრძნობისა და აღმაფრენის მაძიებლები, მეოცნებეები, სინანულში ჩავარდნილები, უბრალოები, მაგრამ სულით მდიდრები, ანონიმები, რომლებიც ხელისუფალთათვის არაფერს წარმოადგენდნენ, ავთოსთვის უხეში, ყალბი და მიუსაფარი დროებისაგან გულდაწყვეტილი, ნამდვილი ადამიანები იყვნენ. შეიძლება ითქვას, რომ დასახიჩრებული, ყალბი დროების მიუხედავად, ავთომ მაინც იპოვა თავისი ადამიანები, თავისი საგნები, სახლები და ქუჩები, თავისი სინამდვილე. თუ ყოველივე ზემო თქმულს გავითვალისწინებთ და იმასაც გავიხსენებთ, რომ ავთომ გიორგი შენგელაიას ფილმში ფიროსმანის როლი შეასრულა და საქრთველოს სახელმწიფო მუზეუმში ალექსანდრე ჯავახიშვილთან ერთად არქეოლოგიური მონაპოვრების ორიგინალური ოპოზიცია შექმნა, დავინახავთ, თუ რა დინამიკურად მონაწილეობდა იგი თბილისის ყოფიერებასა და კულტურეში, რა საფრთხილო საზღვრებზე იარა მარადიულ ადამიანურ ღირებულებებსა და საბჭოურ ყალბ ყოფიერებას შორის.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: