Posted by: burusi | 14/03/2010

ლაშა ბაქრაძე – ოცნება ტრაპიზონის ოლქკომზე. თურქეთი-საქართველო: 1945/1946

ივანე ჯავახიშვილის მიერ 1919 წელს შედგენილი საქართველოს რუქა

ლაშა ბაქრაძე – Lasha Bakradze

მამაჩემისგან მომისმენია ტრაპიზონის რაიკომის მდივნის ისტორია, რომელიც ერთხელ ქუჩაშიც დამანახა. ეს ამბავი ყოველთვის მიტაცებდა და მაინტერესებდა. ამავე დროს, ეს ნაკლებ ცნობილი ისტორია იმის შესახებაც არის, თუ როგორ გვინდოდა სხვისი ძალებით ჩვენი ოცნების ასრულება და როგორ ჩაიფუშა ეს ქართული ოცნებაც.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინმა საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროს გავრცელება თურქეთზეც მოინდომა. რუსეთის საუკუნო ოცნების აღსრულება _ შავი ზღვის სრუტეებზე ბატონობისა და ცარიგრად – კონსტანტინოპოლ – სტამბოლის ფლობის შესახებ თითქოსდა რეალური შეიქმნა ტრიუმფალური ომის შემდეგ. თურქეთზე ზეწოლა ხდებოდა აპრობირებული მეთოდით, რომელმაც, მაგალითად, 1939 წელს ბალტიისპირეთის ქვეყნების უსისხლო ანექსია გახადა შესაძლებელი. თურქეთის პრიციპულმა წინააღმდეგობამ და დასავლეთის, მართალია, დასაწყისში ზანტმა და არააქტიურმა, მაგრამ ნელ-ნელა მზარდმა თურქეთის მხარდამჭერმა პოლიტიკამ სტალინს არ მისცა რუსული ოცნების განხორციელების საშუალება. თურქეთზე ბატონობის გეგმა ომისშემდგომ პირველსავე წლებში ჩაიფუშა, მაგრამ სტალინის სიკვდილამდე თურქეთთან მიმართებაში საბჭოთა პოლიტიკა აღარ გაუმჯობესებულა. ამ დიდ პოლიტიკაში დიდ მესაჭეს თავისი პატარა სამშობლოსათვისაც ჰქონდა გამოყოფილი მოკრძალებული როლი.

წინაისტორია

1921 წლის 16 მარტს, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გემებზე სხდებოდა ქვეყნის, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, სამუდამოდ დასატოვებლად, მოსკოვში თურქეთსა და რუსეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დადგინდა თურქეთ-საბჭოეთის საზღვრები. რუსეთს საქართველო თურქეთის საზღვრის დადგენის იურიდიული უფლება არ ჰქონდა. ამიტომაც საზღვრის უცვლელობა 1921 წლის 13 ოქტომბერს ე.წ. ყარსის ხელშეკრულებით გასაბჭოებულმა საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. მას შემდეგ ამ დღემდე არსებული საზღვრის გადასინჯვის საკითხი ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ, 1945 წელს დაისვა.

საბჭოთა კავშირის ტრადიციულად კარგი და ახლომეგობრული ურთიერთობა ქემალისტურ თურქეთთან მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ უფრო და უფრო იძაბებოდა, განსაკუთრებით კი ცვალებად 1939 წელს.

1939 წლის 23 სექტემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სარაჯოღლუ მოსკოვს გაემგზავრა საბჭოთა კავშირის ელჩის, ტერენტიევის თანხლებით. სარაჯოღლუ მოსკოვში დარჩა 17 ოქტომბრამდე, მაგრამ მოლაპარაკებებს არანაირი შედეგი არ გამოუღია მოჰყოლია. მოსკოვი ითხოვდა სრუტეების ორმხრივ ერთობლივ კონტროლს და ფაქტიურად ისეთ თანამშრომლობის პაქტს, როგორც სარაჯოღლუს მოსკოვში ყოფნის დროს საბჭოთა კავშირმა ბალტიის სამ ქვეყანასთან დადო და რომლის მიზნებიც და შედეგებიც უკვე მაშინ ცხადად ჩანდა.

ოქტომბერში თურქეთმა ინგლისთან და საფრანგეთთან ურთიერთდახმარების პაქტზე მოაწერა ხელი. საბჭოთა კავშირს, რომელიც გერმანიასთან დაახლოებამდე 1939 წელს „კოლექტიური უშიშროებისათვის“ იბრძოდა – ეს „კოლექტიური უშიშროების“ ხელშეკრულება აღარ მოეწონა.

1940 წლის 25 ივნისს მოლოტოვმა იტალიის ელჩ როსოსთან საუბარში „თურქეთისადმი ღრმა უნდობლობა“ აღნიშნა. ის უკმაყოფილებას გამოთქვამდა „სრუტეებზე თურქეთის ერთპიროვნული მბრძანებლობის გამო“. 6 ივლისს საბჭოთა კავშირმა ანკარიდან გაიწვია თავისი ელჩი. 13 ივლისს დიდი ბრიტანეთის ელჩთან _ კრიპსთან საუბარში სტალინმაც გამოთქვა უკმაყოფილება „სრუტეებზე თურქეთის მბრძანებლობის გამო“.

სრუტეების რეჟიმით უკმაყოფილებას საბჭოთა კავშირში 1936 წელს (სხვათაშორის იგივე საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით) დადებული მონტროს ხელშეკრულება იწვევდა, რომელიც დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებზე თურქეთის სრულ სუვერენიტეტს ითვალისწინებდა.

გერმანიის გამარჯვებებმა და მისმა ფეხის მოკიდებამ რუმინეთში, რითაც გერმანია ფაქტიურად შავ ზღვაზე გავიდა, საბჭოთა კავშირს დაანახა თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობა.

1940 წლის ოქტომბერში ანკარაში ახალი საბჭოთა კავშირის ელჩი იქნა დანიშნული, მაგრამ ნოემბერში მოლოტოვმა მოლაპარაკებების დროს ბერლინში სრუტეების პრობლემა ისევ წინ წამოწია.

25 ნოემბერს უკვე მოსკოვში გერმანიის ელჩ შულენბურგს მოლოტოვმა განუცხადა საბჭოთა კავშირის სურვილი იქონიოს სამხედრო ბაზები ბოსფორსა და დარდანელებზე და მოითხოვა საბჭოთა კავშირის ინტერესების აღიარება ბათუმისა და ბაქოს სამხრეთით სპარსეთის ყურის მიმართულებით (სპარსეთის ყურეში და სხვა თბილ წყლებში რუსი ჯერისკაცის ჩექმების ჩაბანის ჟირინოვსკისეულ ოცნებას დიდი ტრადიცია აქვს).

თურქეთს ნეიტრალიტეტისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად უხდებოდა მხარეებს შორის ლავირება. 1941 წლის 18 ივნისს დაიდო სამეგობრო ხელშეკრულება თურქეთსა და გერმანიას შორის.

ომის დაწყებამ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის აიძულა ეს უკანასკნელი უარი ეთქვა თავის ბოლო დროის აგრესიულ პოლიტიკაზე თურქეთის მიმართ, უკან წაეღო მონტროს ხელშეკრულების გადასინჯვის მოთხოვნა და თურქეთის საზღვრების ხელშეუხებლობა ეღიარებინა.

ომის პირველ წლებში საბჭოთა კავშირი დიდად იყო დაინტერესებული თურქეთის ნეიტრალიტეტით, მაგრამ თურქეთში საბჭოთა კავშირისადმი ფრთხილი და ფხიზელი დამოკიდებულება საბოლოოდ იქცა სახელმწიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად. სტალინგრადში ომის ბედის შემობრუნების შემდეგ, მაშინ, როცა საბჭოეთის დასავლეთელი მოკავშირენი ხედავდნენ თურქეთის შეჭირვებულ პოზიციას, მას იარაღს აწვდიდნენ და თან არ აიძულებდნენ ომში ჩაბმულიყო, მასკოვმა აქტიურად დაიწყო თურქეთის ანტიგერმანულ კოალიციის მხარეზე ომში ჩაბმის მოთხოვნა. 1943 წლის სექტემბერში ჟურნალ „ვოინა ი რაბოჩი კლასს“-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც აკრიტიკებდა თურქეთის ნეიტრალიტეტს ახალ სიტუაციაში როგორც გერმანიისათვის მომგებიანს. სტატია მრავაგზის გადასცა მოსკოვის რადიომ თურქულ ენაზეც.

ამ პროპაგანდისტური შემზადების შემდეგ მოლოტოვმა მოსკოვის კონფერენციაზე მოკავშირე კოლეგებს მოსთხოვა თურქეთზე ზეწოლა მის ომში ჩაბმის მიზნით. მოკავშირეები ცდილობდნენ საბჭოთა კავშირის პოზიციის შერბილებასაც და თურქეთზეც მსუბუქ ზეწოლას. თურქეთი მოითხოვდა გერმანიის აგრესიისაგან დაცვის გარანტიებს და თან ომში ჩაბმას არ ჩქარობდა. მხოლოდ 1944 წლის 2 აგვისტოს გაწყვიტა თურქეთმა გერმანიასთან ურთიერთობები და ომში თავი თითქმის ომის ბოლომდე არ ჩაათრევინა. 1945 წლის 23 თებერვალს თურქეთმა ფორმალურად გამოუცხადა ომი გერმანიას და იაპონიას, რადგანაც ეს გაეროს წევრობის ერთ-ერთი პირობა იყო. საბჭოთა კავშირში წლების განმავლობაში იწერებოდა დისერტაციები და სტატიები, სადაც ომისდროინდელი თურქეთის ნეიტრალიტეტი მხოლოდ ბრჭყალებში ჩასმული იხმარებოდა.

იალტაში სტალინმა თანხმობა განაცხადა თურქეთის გაეროში გაწევრიანებაზე, მაგრამ ისევ მონტროს კონვენციის რევიზია მოითხოვა. 1945 წლის 28 თებერვალს თურქეთი გაეროში მიიღეს, მაგრამ 19 მარტს საბჭოთა კავშირმა 1925 წლის 17 დეკემბერს დადებული საბჭოთა კავშირ – თურქეთის ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი თქვა, რადგანაც, როგორც ერთ-ერთ ნოტაში იყო ნათქვამი, ხელშეკრულება „აღარ შეესაბამება ახალ პირობებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა და მოითხოვს სერიოზულ გაუმჯობესებას“.

დაირხა ჭორები აღმოსავლეთ ანატოლიაზე საბჭოთა ტერიტორიული მოთხოვნების შესახებ. დაიწყო ანტითურქული პროპაგანდა საბჭოთა გაზეთებსა და რადიოში. თურქეთის მთავრობამ მოსკოვის მოსამადლიერებლად „პანტურანისტები“ დაიჭირა და 14 აპრილს საბჭოთა კავშირს თხოვნით მიმართა ჩამოეყალიბებინა ახალი ხელშეკრულების თაობაზე თავისი მოთხოვნები, რომლებსაც თურქეთის მხარე ყურადღებით მოეკიდებოდა.

პასუხი თურქეთმა მხოლოდ 7 ივნისს მიიღო. მოლოტოვმა თურქეთის ელჩ სარპერთან საუბარში მოითხოვა: საბჭოთა კავშირ – თურქეთის საზღვრის შეცვლა (ყარსისა და არდაჰანის მხარეების დაბრუნება) და ბაზების შექმნა სრუტეებზე სრუტეების ერთობლივი დაცვის მიზნით.თურქებმა უარი თქვეს ამ მოთხოვნათა შესრულებაზე, მაგრამ პოტსდამში სტალინმა ისინი კვლავ გაიმეორა.

ჩერჩილი და ტრუმენი ეთანხმებოდნენ სტალინს, რომ შეიძლება სრუტეებში საბჭოთა სამხედრო თუ სავაჭრო გემს ყოველთვის ჰქონდეს გავლის უფლება, მაგრამ ეწინააღმდეგებოდნენ როგორც საბჭოთა კავშირის განსაკუთრებულ პრივილეგიებს სრუტეებზე, ასევე ტერიტორიულ მოთხოვნებს.

მონტროს კონვენციის გადასინჯვის შესახებ მოლაპარაკებები საბჭოთა კავშირის, ამერიკის და დიდი ბრიტანეთის მთავრობებს თურქეთთან პირდაპირ უნდა ეწარმოებებინათ – ჩაიწერა პოტსდამის კონფერენციის საიდუმლო დამატებით პროტოკოლში.

თურქეთის მთავრობა და საზოგადოება სასტიკად უარყოფითად უყურებდა საბჭოთა გეგმებს თურქეთის თაობაზე. ოფიციალურმა მოსკოვმა მცირე დროით შეისვენა და თურქეთის საკითხი საბჭოთა საზოგადოებრივ აზრს გადააბარა.

აჟიოტაჟი საქართველოში

1945 წლის 14 დეკემბერს თბილისში გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა „წერილი რედაქციის მიმართ: თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიების შესახებ“. წერილს ხელს აწერდნენ პროფესორები სიმონ ჯანაშია და ნიკო ბერძენიშვილი.

„განმათავისუფლებელი ომის წარმატებით დამთავრების შემდეგ გამარჯვებული დემოკრატია ირაზმება როგორც მშვიდობიანობისა და უსიშროების დასაყრდენი. ამ ორგანიზაციაში თავისუფლებისმოყვარე ხალხებს სურთ დაიკავონ მათი შესაფერი ადგილი, ისინი ეძიებენ თავიანთ სანუკვარ მისწრაფებათა განხორციელებას.

ქართველმა ხალხმაც, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფაშიზმის განადგურების საქმეში, უფლება მოიპოვა წარადგინოს თავისი კანონიერი მოთხოვნები.

ჩვენ მივმართავთ მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს თურქეთის მიერ წართმეული ჩვენი ძველისძველი მიწა-წყლის შესახებ.

საქმე ეხება არა უმნიშვნელო ტერიტორიულ შევიწროებას, არამედ ჩვენი ხალხის ინდივიდუალობის აკვანს, ჩვენგან მიტაცებულს, დანაშაულს, რომელმაც ორად გაჰკვეთა ცოცხალი ეროვნული სხეული.საქმე ეხება ქართველი ერის საუკუნეობრივი ბრძოლის საგანს – ჩვენი ძველისძველი მიწა-წყლის დაბრუნებას,“ – იწყებოდა წერილი, რომელსაც გაზეთის გვერდის ხუთი მეექვსედი ეჭირა. წერილის ბოლოს დაკონკრეტებული იყო „ჩვენი“ მოთხოვნები: „ქართველ ხალხს უნდა დაუბრუნდეს თავისი მიწა-წყალი, რომელზეც არასოდეს უთქვამს უარი და ვერც იტყვის. ჩვენ მხედველობაში გვაქვს არტაანის (არდაგანის), ართვინის, ოლთისის, თორთუმის, ისპირის, ბაიბურთის, გიუმუშხანეს რაიონები და აღმოსავლეთი ლაზისტანი, ტრაბზონისა და გირესუნის რაიონების ჩათვლით, ე.ი. საქართველოსათვის წართმეული ტერიტორიების მხოლოდ ნაწილი.“

წერილი რომ უმაღლესი მითითებით დაიწერა, ამას ცხადყოფს ისიც, რომ ის სასწრაფოდ ითარგმნა რუსულად და დაიბეჭდა „პრავდასა“ და „იზვესტიაში“, გადაიცემოდა მოსკოვის რადიოთი.

მსგავსი მოთხოვნები ამავე დროს გამოითქვა საეკლესიო კრებაზე ეჩმიაძინში და ამერიკაში ერთ-ერთ პროსაბჭოთა სომხური კომიტეტის მიერ. საქართველოში გაზეთი „კომუნისტი“ და „ზარია ვოსტოკა“ პერიოდულად ბეჭდავდა მსგავს წერილებს. წერილებს წერდნენ კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე, არნოლდ ჩიქობავა, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები. ხალხის ხმა – ვინმე ნიჟარაძე, ნოღაიდელი, სტამბოლაშვილი – მოითხოვდა: „თურქეთის მიერ დამონებული ჩვენი დედებისა და ძმების გათავისუფლებას“. გაზეთის საერთაშორისო მიმოხილვებში და ისტორიულ სტატიებში კი თურქეთის მტრული სახე უფრო და უფრო ნათლად იკვეთებოდა.

ქართული საზოგადოება ეიფორიამ მოიცვა. დღე-დღეზე ელოდნენ ტერიტორიების შემოერთებას. ახალი ომის თუ არა, მშვიდობიანი ტერიტორიული ცვლილებების მოლოდინში ცკ-მაც თადარიგი დაიჭირა. ჯერ არ შემოერთებული ტერიტორიებისათვის მოიძებნენ რაიკომის მდივნებიც. ასე, მაგალითად, როგორც შემდგომში თვითონ იგონებდა, მაშინ აფხაზეთის ოლქკომის ინსტრუქტორი გ. მ. თბილისში გამოიძახეს და ერთერთი რაიკომის მდივნად დანიშნეს. 60-იან წლებში მერკვილაძე, რომელიც უშედეგოდ ელოდა ტრაპიზონის რაიკომის მდივნის სავარძელში ჩაჯდომას, სხვადასხვა თანამდებობების გამოცვლის შემდეგ ჟურნალ „კრიტიკის“ რედაქტორი იყო და დიდი ხალისით იხსენებდა „რაიკომის მდივნობის“ პერიოდს. ასე რომ, გრ. აბაშიძის „პროგრამულ“ ლექსს „ოცნებას ტრაპიზონის ოლქკომზე“ სრულიად რეალური საფუძველი ჰქონდა:

„რეკავს თბილისი
და პირდაპირი
ხაზით მდივანი უსმენს ჩარკვიანს“

1946 წლის შუისკენ „პატრიოტული“ პროპაგანდა გაზეთებში შენელდა და მალე შეწყდა, მაგრამ მხატვრულ შემოქმედებაში ქართული ინტელიგენცია ოცნებასა და დარდს სტალინის სიკვდილამდე განაგრძობდა:

„ტაო, ტაო, ჩემო ტაო,
ქართლ-კახეთის ღვიძლო დაო!

…..

შენი ხანძთა, შენი ტბეთი,
როდის აღსდგეს იავარო,
როდის იქნეს შენი ბედი
ჩვენ სადროშოს მიაბარო!“

(გრ. აბაშიძე „ტაო“, გრ.აბაშიძის წიგნიდან „სამხრეთ საზღვარზე“, გამომცემლობა „კომუნისტი“, თბილისი 1949)

1953 წლის შემდეგ გამოცემაში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის გამო გრიგოლ აბაშიძის „ჩვენი სადროშო“ გაუგებარ და აბსურდულ „შენს სადროშოდ“ გადაუკეთებია.

1949 წელს რუსთაველის თეატრში დიდი წარმატებით იდგმებოდა ილო მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“, რომელსაც 1951 წელს, გრიგოლ აბაშიძის ლექსების ციკლებთან „ლენინი სამგორში“ და „სამხრეთ საზღვარზე“ ერთად 1950 წ. სსრკ სახელმწიფო პრემიაც კი მიენიჭა. მაგრამ ამ დროისათვის უკვე ცხადი იყო, რომ ქართული ოცნება საბჭოთა შტიკებით შემოერთებულ ტაოზე და ტრაპიზონის ქართველ ოლქკომზე ოცნებად დარჩა.

შედეგები

1951 წელს თურქეთი ნატოს წევრი გახდა. ამით დასრულდა თურქეთის გადასვლა დასავლეთის პოლიტიკურ და სამხედრო გავლენის სფეროში.

თურქეთი მარტო აღარ იყო საბჭოთა კავშირის პირისპირ, როგორც 1945 წელს. საბჭოთა კავშირი კი, რომელიც იძულებული გახდა ირანის აზერბაიჯანიდან გამოსულიყო, მაჰაბადის ქურთული რესპუბლიკა მიეტოვებინა და იუგოსლავიასთან განხეთქილების გამო ბალკანეთის ნახევარკუნძულზეც დაკარგა გავლების სფეროს ნაწილი, თავს ისე ძლიერად აღარ გრძნობდა, რომ თურქეთზე სერიოზული ზეწოლა მოეხდინა.

საბჭოთა საპროტესტო ნოტები 1951 წელს თურქეთის ნატოში შესვლის წინააღმდეგ უკვე ფორმალურ სახეს ატარებდა.

მიუხედავად ამისა, სტალინის სიკვდილამდე საბჭოთა კავშირს აღარ უცდია თურქეთთან გაფუჭებული ურთიერთობის გამოსწორება. სტალინის სიკვდილის შემდეგ, უკვე 1953 წლის 30 მაისს საბჭოთა ნოტაში თურქეთის მიმართ ნათქვამი იყო, რომ „ამ რამდენიმე წლის წინათ 1925 წლის ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს შორის ოფიციალური საუბრებისას წამოიჭრა ურთიერთობების რეგულირების საკითხი. ამ საუბრებში წამოჭრილ იქნა ზოგიერთი ტერიტორიული მოთხოვნები თურქეთის მიმართ სომხეთის სსრ-სა და საქართველოს სსრ-ს მიერ, ასევე სრუტეების უსაფრთხოების პრობლემა. … კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით და მშვიდობის და უშიშროების გაძლიერების ინტერესებიდან გამომდინარე სომხეთისა და საქართველოს მთავრობები მზადყოფნას აცხადებენ, თურქეთის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებზე უარი თქვან … საბჭოთა მთავრობა აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირს არა აქვს არანაირი ტერიტორიული პრეტენზია თურქეთის მიმართ.“ (თითქოს სომხეთსა და საქართველოს დამოუკიდებელად რაიმე პრეტენზია შეიძლება ქონოდათ.)

თურქეთი საბჭოთა კავშირს არსებობის ბოლო წლებამდე მაინც ეჭვით უყურებდა და საბჭოთა კავშირ – თურქეთის ურთიერთობები, გაუმჯობესების მიუხედავად, საკმაოდ ცივი დარჩა. ომის შემდეგ ეთნიკურად ქართული მოსახლეობის გადასახლებას თურქეთის სხვა რეგიონებში მთავრობა უფრო უწყობდა ხელს და უფრო გამიზნულ ასიმილაციურ პოლიტიკას მიჰყო ხელი. საზღვარი კი ორივე მხრიდან „ნა ზამკე“ დარჩა, სანამ პერესტროიკის სიომ არ დაჰბერა.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: