Posted by: burusi | 13/03/2010

გიგა ზედანია – ინტერვიუ რუსეთ-საქართველოს ომზე

რუსეთის ჯარის ნაწილები - Russian troops

გიგა ზედანია – Giga Zedania

_დღეს, როცა საომარი მოქმედებებიდან უკვე გარკვეულ დროით დისტანციაში ვართ, სად უნდა ვეძებოთ ომის მიზეზები – ცალკეულ ხელისუფალთა მიერ გატარებულ პოლიტიკაში, საზოგადოებაში, თუ მეზობელ სახელმწიფოში?

აზრი, რომ ომი დაკავშირებული იყო მაინცდამაინც იმასთან, რომ პუტინს სააკაშვილი არ უყვარდა, ძალიან არადამაჯერებლად მეჩვენება. თუმცაღა, ამას, რა თქმა უნდა, თავის მიზეზები ჰქონდა. საქმე ის არის, რომ ეს ომი გამოწვეული იყო ქვეყნების სტრატეგიებით. რუსეთის აქვს არჩეული ერთი სტრატეგია, 2000 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც პუტინი სათავეში მოვიდა, რომელიც უპირისპირდება საქართველოსას. შესაბამისად, სადღაც ეს სტრატეგიები ერთმანეთს უნდა შეხლოდა და სამწუხაროდ ეს შეხლა მოხდა აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში. ამის დაყვანა პირად სიმპატია-ანტიპატიებზე ძალიან პრიმიტიული იქნება. რაც შეეხება იმას, რამდენად აუცილებელი იყო ეს შეხლა ახლა, კონკრეტულად არაფერი არ არის აუცილებელი და ეს შეიძლებოდა სხვა დროს მომხდარიყო, მაგრამ ეს სხვა დრო აუცილებლად იქნებოდა, იმიტომ რომ რუსეთი ძალიან ნათლად აცხადებდა იმას, თუ როგორ წარმოედგინა მას რეგიონის მომავალი. და რეგიონის მომავალში, რუსეთის მიხედვით, არ შედიოდა ნატოში გაწევრიანებული საქართველო და უკრაინა. ამას რუსეთი აღიქვამს ერთმნიშვლნელოვნად, როგორც საფრთხეს, რაც ასევე გამოწვეულია იმით, რომ მას არ უნდა იყოს ერთი ჩვეულებრივი წევრი ევროპული გაერთიანებების თუ მსოფლიო ერთობის, მას უნდა შეინარჩუნოს საკუთარი ავტონომია, როგორც სუპერსახელმწიფომ, როგორც ძლიერმა რეგიონალურმა ძალამ, რომელიც არ იქნებოდა შეზღუდული რეგიონში გარედან მოხვეული ვალდებულებებით და თვითონ ექნება ერთადერთი სუვერენული გადაწყვეტილებს უფლება ამ რეგიონში. შესაბამისად, ეს წარმოდგენა აუცილებლად შეეხლებოდა სადღაც უკრაინისა და საქართველოს ხედვას, თუნდაც იყვნენ ტრანსატლანტიკური ერთობის წევრები.

_მაგრამ ამ ომში იყო მესამე მხარეც. და ეს იყო საქართველოს ტერიტორიაზე. როგორ წარმოიდგენდით მოვლენების განვითარებას იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის ფაქტორი გამოირიცხებოდა, მივიდოდით ომამდე?

ჯერ უნდა ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს ოსეთსა და აფხაზეთს შორის. ეს კითხვა რომ დაგვესვა აფხაზეთზე, ის სრულიად ლეგიტიმური იქნებოდა. იმიტომ, რომ აფხაზეთში მართლაც არსებობს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საკუთარი პოლიტიკის გატარებას ცდილობს, იმავე რუსეთისგან მეტნაკლებად დამოუკიდებლად. მაგრამ რაც შეეხება ოსეთის შემთხვევას, ეს ასე არ იყო. სამხრეთ ოსეთი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ეს იყო რუსეთის მხრიდან ფინანსირებული ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც ერთადერთი მოვალეობა ჰქონდათ, არასტაბილურობის შემოტანა საქართველოში. შესაბამისად ამ ადამიანებთან ბნებისმიერი მოლაპარაკება იყო შეუძლებელი. ნაწილობრივ იმიტომ, რომ არანაირი ინტერესი არ ჰქონდათ მოლაპარაკების, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ ისინი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ და არა ოსეთის. შესაბამისად, ეს კითხვა აფხაზეთის შემთხვევაში უფრო გამართლებული იქნებოდა, ოსეთთან მიმართებაში – არა.

_თქვენ ლაპარაკობთ ოსების ერთ ნაწილზე, რა ურთიერთობა იყო დანარჩენ საზოგადოებაში, ქართულ და ოსურ მოსახლეობას შორის?

რასაკვირველია ქართულ საზოგადოებაში იყო და დღემდე რჩება გაცდა იმისა, რომ ის დაკარგული ტერიტორიები დაკარგული არ უნდა იყოს და უნდა დავიბრუნოთ. რომ ეს არის პრიორიტეტი. ყოველთვის ასე არ ხდება ხოლმე, არის ქვეყნები, რომლებიც ამას ეგუებიან. საქართველოში ეს შეუძლებელი იქნებოდა. ძალიან გაუჭირდებოდა და დღესაც გაუჭირდება ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომლიც გამოვა და იტყვის, რომ მოდი დავანებოთ თავი ამ ტერიტორიებს. ქართველი ხალხი ამას აღიქვამს როგორც უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს.
აგრესიულობას რაც შეეხება, ეს ნებისმიერი ომის თანმდევი მოვლენაა. მე არ მგონია, რომ ეთნიკური პრობლემა ყოფილიყო იქ. თუმცა იყო იმის განცდა, რომ ამ ტერიტორიებს მხოლოდ ომით თუ დავიბრუნებდით. ბევრი ფიქრობდა ამას საზოგადოებაში, რამდენად სწორი იყო ან არა, ეს ცალკე საკითხია. როგორც აღმოჩნდა არ იყო სწორი. მაგრამ ისევ ვიმეორებ: ის განცდა, რომ შეიძლებოდა იმ ადამიანებთან საუბარი, რომლებიც წარმოადგენენ სამხრეთ ოსეთს, ეს ტყუილია. ის, რაც შესაძლებელი იყო, გაკეთებულიყო ზემო აფხაზეთში, ოსეთის შემთხვევაში უბრალოდ არანაირი აზრი არ ჰქონდა.

_დღეს ბევრი საუბრობს, რომ საქართველოში მასმედიით პატრიოტიზმის და მილიტარიზმის პროპაგანდა ხდებოდა, რომ ეს განაწყობდა საზოგადოებას ომისთვის. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს?

პატრიოტიზმზე როცა ვლაპარაკობთ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ერთი ეს არის – ეთნიკური ნაციონალიზმის ქადაგება, მეორე – საკუთარი სამშობლოს სიყვარული. მეორე ტიპის პატრიოტიზმი სრულიად მისაღებია, ნებისმიერი ქვეყანა აკეთებს ამას. პირველი არის ყოვლად დაუშვებელი, იმიტომ რომ გულისხმობს, ქვეყნის შიგნით ერთი ეთნოსის სხვა ეთნოსებზე დომინირებას. შესაბამისად, ჩემი აზრით, პირველი ტიპის ნაციონალიზმის ქადაგებას ადგილი არ ჰქონია. იყო ხოლმე ხშირად ხაზგასმა, რომ როცა ლაპარაკია ქართველებზე, ლაპარაკია საქართველოს მოქალაქეებზე. და არა ეთნიკურ, სისხლით ქართველებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. რაც შეეხება მილიტარიზმის ქადაგებას უდავოდ, ეს პროცესი მიმდინარეობდა, იყო განცდა, რომ ყველანი ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები უნდა ვიყოთ. მე არამგონია, რო ამას მაინცდამაინც ხელი შეეწყო ჩვენი კონფლიქტების გადაწყვეტის საქმეებში.

_არა გადაწყვეტა, პირიქით გამწვავება ხომ არ შემოუტანია, თუნდაც უამრავჯერ ნახსენებ კლიპს “ფსოუს წყალი”, სადაც შეიარაღებული არმია ქმნის განცდას, რომ ეს იარაღი აფხაზეთისკენაა მიმართული.

ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ამ კლიპზე ითქვას არის ის, რომ ეს იყო საშინელი უგემოვნო სიმღერა, მუსიკა. ანუ ესთეტიკური კრიტერიუმებიდან გამომდინარე, ეს იყო მართლაც საშინელი რამ. ეს განცა იყო უფრო იმისა, რომ საქართველო გამხდარიყო სახელმწიფო, რომელსაც ეყოლებოდა ძლიერი არმია.
არმია მნიშვნელობანია ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ რეგიონული სიტუაციის გათვალისწინებით რამდენად უნდა გავაგრძელოთ ასე სვლა, ამაზე დისკუსიაა საჭირო.

_საზოგადოება რამდენად აკისრებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავს მომხდარ ომში?

ძალინ მეეჭვება აკისრებდეს. ქართული საზოგადოება არ არის რეფლექტიური და შესაბამისად საკუთარ პრობლემებზე იშვიათად ფიქრობს ხოლმე. ძირითადად მარტივი გამოსავლების ძიებაშია და ცდილობს ბრალის გაპიროვნებას. ანუ ყველაფერი ვიღაც ადამიანის ბრალია და მორჩა. თავისთავად ქვეყნის განვითარების მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ რეალობა სხვანაირია. საზოგადოებირივი დებატების შესაძლებლობა ძალინ კარგი იქნებოდა, მაგრამ მგონი ნაკლებად მოსალოდნელია სერიოზული დებატები და ამ დებატების შედეგად რაიმე სერიოზული ნაბიჯების გადადგმა.

_მაგრამ საზოგადოება ხომ მეტ-ნაკლებად სხვადსხვა ჯგუფებისგან შედგება, ერთი ნაწილი მაინც არ არის ამ დებატების მსურველი?

ეს ძალინ მცირე ნაწილია, რომელიც რაღაცას იტყვის, იქნება რამდენიმე კრიტიკული სტატია, კრიტიკული გამოსვლა, მაგრამ ეს მთლიანად საზოგადიებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

_საზოგადოების ერთ ჯგუფს საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა ომის შემდგომ გამართულ აქციებზე მისული ხალხის მიმართ. თქვენი აზრით, რა იყო რეალურად ამ აქციების შინაარსი და რისი ჩვენება უნდოდა იქ მისულ ხალხს?

მიტინგზე გამოსვლა იყო იმის ჩვენება, რომ ამ ადამიანებს უნდოდათ საკუთარი პოზიციის გამოხატვა, თუნდაც ასეთი გზით. მე მესმის, რომ იქ შეიძლება გადაჭარბებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანი იყო, რომ ეჩვენებინათ უბრალოდ, რომ ჩვენ არ გვეშინია. რა თქმა უნდა ამას ახლდა ის კიჩური მომენტებიც, რომელიც ყოვეთვის ახლავს ხოლმე ამ ტიპის დემონსტრაციებს.
რაც შეეხება განსხვავებულ ჯგუფებს, იცით, არის მომენტები, როდესაც განსხვავებას აზრი ეკარგება. მაგალითად, აზრი არ ექნებოდა 12, 13, 14, აგვისტოს გამოსულიყო ადამიანი და ეთქვა, პასუხი აგოს ხელისუფლებამ, რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, რომლის ქვეყანაც ოკუპირებული იყო, მაგისტრალები გადაკეტილი და ვერ აკონტროლებდა სიტუაციას. ანუ იმის თქმა მინდა. რომ არსებობს ყველაფრის თქმისთვის თავისი დრო.
რასაკვირველია აწი დაიწყება კითხვების დასმა, მაგალითად, ოპოზიცია აუცილებლად შეეცდება ამას და ეს იქნება ძალიან მძაფრი კრიტიკა, მე დარწმუნებული ვარ.
რაც შეეხება იმის განცდას, რომ იყო თუ არა ეს კონფლიქტი ქართული საზოგადოების ბრალი, მოდი ასე ვთქვათ _ თუ ეს იყო, ძალიან მცირედ, იმიტომ რომ მას გადამწყვეტი როლი არ შეუსრულებია. შეიძლება სცენარი სხვანაირად განვითარებულიყო, მაგრამ ეს იყო იმ “ძალების” კონფლიქტი, რომელიც საზოგადოების გარეთ იყო. ჩვენ ამ კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს ჩვენს თავში ვერ აღმოვაჩენთ, რაც უნდა მიზეზები ვეძიოთ.

_დღეს არსებობს ერთგვარი მოლოდინიც დასავლეთის მხარდაჭრისა და მეორე მხრივ უკმაყოფილებაც, რომ დასავლურმა ქვეყნებმა ყველაფერი არ გააკეთეს საქართველოს მხარდასაჭერად. ამის მიზეზი, მაათი მხრიდან საქართველოს მიმართ რაიმე პრეტენზიების არსებობაც ხომ არაა, გარდა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულებისა?

მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ევროპის რეაქცია, იყო თვალის დახუჭვა იმისთვის, რომ ზედმეტი პრობლემები არ გასჩენოდათ. შეიძლება ევროპაში ბევრი ფიქრობდა იმას, რომ მოდი ეს რეგიონი მართლაც მივანდოთ რუსეთს და ჩვენ მშვიდად ვიყოთ, მაგრამ რუსეთის ქმედებები იმდენად გადავიდა ყველა საზღვარს, ასეთმა თავისმოტყუების ლოგიკამ ვეღარ გაჭრა. რუსეთს რომ ცოტათი თავი შეეკავებინა, დღეს ბევრად უფრო მომგებიან პოზიციაში იქნებოდა, ვიდრე აღმოჩნდა. მან დაარღვია ყველანაირი კანონის და მორალის ჩარჩოები, ამიტომ ევროპას მოუწია ამაზე მკაცრად რეაგირება. რომ არა ეს დარღვევები, ჩვენთვის ნაკლებად ხელსაყრელი სიტუაცია შეიქმნებოდა
კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებას რაც შეეხება, ევროპაში ბევრს ალბათ აღიზიანებდა საქართველოს ასეთი ერთმნიშვლოვანი ორიენტაცია ამერიკაზე. საქმე ისაა, რომ ამ კონფლიქტამდე ევროპას და ამერიკას ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ ძალიან განსხვავებული საგარეო პოლიტიკა ეწარმოებინათ. ჩემი აზრით, ეს კონფლიქტი რაღაცებს შეცვლის. რასაკვირველია იყო ტერორიზმი, იყო ირანის პრობლემა, მაგრამ კიდევ ერთი ძალა ჩნდება მსოფლიოში, რომელიც ერთნაირად მტრულადაა განწყობილი, როგორც ევროპის, ისე ამერიკის მიმართ. საერთოდ, მთელი თავისუფალი სამყაროს მიმართ. შესაბამისად, დაახლოება მოხდება აუცილებლად ამერიკისა და ევროპის პოლიტიკის. გაღიზიანება, რომელიც ევროპელებს ჩვენდამი ჰქონდათ, როგორც ასე ვთქვათ, სულსწრაფი, ასე პლაკატურად ამერიკის მხარდამჭერი პატარა ნაციის, ადგილს დაუთმობს ბევრად უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას.

_მაგრამ პოლიტიკის გარდა ევროპას აქვს ფასეულობებიც. და დღეს როცა ევროპულ ინსტიტუტებთან ინტეგრირება გვინდა, საზოგადოება მზადაა ამ ფასეულობების მიღებისთვის?

რომ გითხრათ რომ მზადაა და ევროპა აღფრთოვანებულია ამით, ნამდვილად არ იქნება ამის თქმა სერიოზული. მაგრამ ღირბულებებიც, პრინციპში, ცვალებადი რამაა, ანუ ბევრი რამ ახდენს ამ ღირებულებებზე გავლენას, ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური განვითარება, ის პოლიტიკური სისტემა და ის გამოცდილება, რომელიც ქვეყანასა აქვს, გარემო-რომელშიც მას უხდება ურთიერთობა. ძალიან მნიშვლნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოზე ის ფაქტი, თუ დაიკლებს რუსეთის საფრთხე. იმიტომ, რომ საფრთხის ქვეშ, დემოკრატია მუდამ იზღუდება, როგორც კი იქნება იმის გარანტიები, არა აბსოლუტური არამედ შედარებით, რუსეთისგან გაუსაფრთხოების გარანტიები, დარწმუნებული ვარ პოლიტიკური სისტემას უფრო განვითარდება და ღირებულებათა სისტემაც უფრო დაუახლოვდება ევროპულს, მითუმეტეს, გაითვალისწინეთ, რომ ევროპაშიც ეს ღირებულებები სულ რამდენიმე ათეული წლის შედეგია. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გარკვეული ტიპის სტაბილურ გარემოში ჩამოყალიბებული ღირებულებათა სისტემა, შესაბამისად, მასთან დაახლოება სრულიად შესაძლებელია საქართველოსთვისაც.

ინტერვიუ – ნათია გულიაშვილი

წყარო:http://despani.com/


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: