Posted by: burusi | 13/03/2010

გიგა ზედანია – სტალინი მუზეუმში

სტალინის ძეგლი, გორი - Stalin's statue in Gori

გიგა ზედანია – Giga Zedania

სტალინმა მემკვიდრეობით არაფერი დაგვიტოვა, გარდა ძალადობის ცინიკური კულტისა. შესაბამისად, სტალინი იმ ქვეყანაში, რომელიც ახლა შენდება და ცდილობს, ძალადობის კულტისგან გათავისუფლდეს, ძეგლს არ იმსახურებს. გარდა ამისა, რუსეთი, საქართველოს აშკარა მტერი, ცნობიერად აგრძელებს სტალინის ამ მემკვიდრეობის კულტივირებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ეს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის სტალინიზმისაგან გამიჯვნის პრობლემას საქართველოში. ამიტომაც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც გორის ცენტრალური მოედნიდან მისი ძეგლის აღება დაისახეს მიზნად. მაგრამ არსებობენ ისეთებიც, ვინც ამ ძეგლის დატოვების მომხრეა. ეს ადამიანები შეგვიძლია პირობითად ორ ჯგუფად გავყოთ: ძეგლის დატოვების ემოციური მომხრეების დიდი ჯგუფი და მისი შენარჩუნების იდეური მომხრეების მცირე ჯგუფი.
ძეგლის შენარჩუნების ემოციური მომხრეები სტალინის სადღეგრძელოებს ამბობენ და ამტკიცებენ, რომ ის, ალბათ, ყველაზე დიდი ქართველი იყო. მათთვის სტალინი ზე-კომპენსაციის (ზე-კომპენსაცია ფსიქოანალიტიკური ტერმინია და აღნიშნავს პროცესს, რომლის დროსაც არასრულფასოვნების განცდის კომპენსირება ხდება საკუთარი თავისათვის ძალაუფლებისა და სიდიადის მიწერით) ფიგურას წარმოადგენს. ემოციას ასეთი ლოგიკა უდევს საფუძვლად – მართალია რუსეთმა ჩვენ დაგვიპყრო, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ, სტალინის მეშვეობით, რუსეთი დავიპყარით. ზე-კომპენსაციის მაგალითია გერმანელი სტუმრისათვის – ვითომხუმრობით – ნათქვამი ფრაზა: “რასაც გვინდა, ქართველები გერმანელებს იმას გიშვებით – ერთმა ქართველმა გაგყოთ, მეორემ – გაგაერთიანათ”.
რა უნდა მოვუხერხოთ ამ ვითარებას? საჭიროა ამ ადამიანებს ნათლად ვაჩვენოთ სტალინთან დაკავშირებული სიდიადის ილუზორულობა. ერთ-ერთი ნაბიჯი ამისაკენ იქნება სტალინის ძეგლის გადატანა სტალინისავე მუზეუმში. ამ მუზეუმს აქვს შანსი, გახდეს უნიკალური “მუზეუმის მუზეუმი” – ანუ აჩვენოს მნახველს, თუ როგორ ხდებოდა ძალადობის ცინიკური კულტის დანერგვა ძეგლების, მუზეუმებისა თუ სხვა კულტურული მექანიზმების საშუალებით ტოტალიტარულ სახელმწიფოში. რასაკვირველია, ძეგლის გადატანა ერთ-ერთი და არა ერთადერთი ნაბიჯი უნდა იყოს ამ მიმართულებით. ძეგლის დატოვების იდეურ მომხრეებს საკითხისადმი სხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ. სტალინი ცუდი იყო, ამბობენ ისინი, მაგრამ მთავარია ჩვენ ეს გავიაზროთ. ძეგლის დანგრევა აზროვნების პროცესს არაფერში დაეხმარება, პირიქით, ხელს შეუშლის, ჩაანაცვლებს მას. ამიტომ დარჩეს სტალინის ძეგლი, როგორც არის. სტალინი, ისევე როგორც მისი ძეგლი, ისტორიის ნაწილია. მის წაშლას მისი გადააზრება სჯობს. ამ არგუმენტთან ბევრი პრობლემა მაქვს. ჯერ ერთი, რატომ ჰგონიათ ამ ადამიანებს, რომ ჩვენ, ვინც სტალინის ძეგლის გადატანას ვითხოვთ, აზროვნება არ დაგვიწყია? ჩვენ ხომ გაბრაზებული ადამიანების პროტესტს არ გამოვხატავთ, რომლებსაც სტალინმა პირადად რაღაც დაუშავა, არამედ – ინტელექტუალურ პოზიციას, რომელიც საჯარო სივრციდან მიუღებელი სიმბოლოების მოშორებას გულისხმობს. ხოლო თუ იმაზეა საუბარი, რომ აზროვნების ეს პროცესი ფართო მასებში უნდა დაიწყოს – კი ბატონო, ჩვენი აზრით, სწორედ სტალინის ძეგლის დემონტაჟი შეიძლება გახდეს ამის ბიძგი. ვინ თქვა, რომ ძეგლის მოშორება და აზროვნება ერთმანეთს გამორიცხავს? მეორეც, რატომ ჰგონიათ ამ ადამიანებს, რომ არ არსებობს ისტორიის შენარჩუნების სხვა ფორმები, გარდა სტალინის ძეგლის დატოვებისა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე? რატომ უნდა დავიწუნოთ მუზეუმი როგორც ისტორიული მეხსიერების ადგილი?
თუ მაინცდამაინც აზროვნების აუცილებლობაზე ჩამოვარდა სიტყვა, პირველი, რასაც აზროვნება მოითხოვს, არის გაბედულება. ჰოდა, ახლა განსაჯეთ, რა უფრო გაბედულია: ა) დააყენო სტალინის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნა, რომელიც არ იქნება მაინცდამაინც პოპულარული არც საზოგადოების ფართო ფენებში (სტალინი არ ემეტებათ) და არც პოლიტიკურ კლასში (საკუთარი რეიტინგები ადარდებს და ზედმეტი თავისტკივილი არ სურს); თუ ბ) მოიფიქრო ნაირგვარი არგუმენტი იმისათვის, რატომ არაა საჭირო არანაირი ქმედითი ნაბიჯის გადადგმა. მთავარი ხომ მაინც ისაა, რომ, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, ძეგლის დატოვების როგორც ემოციური მომხრეები (“სტალინის სადღეგრძელო”), ისე იდეური მხარდამჭერები (“აზროვნების აუცილებლობა”) პრაქტიკული თვალსაზრისით ერთსა და იმავე შედეგამდე მიდიან.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: