Posted by: burusi | 09/03/2010

დიმიტრი შველიძე – “აღიარებულ იქნენ საქართველოს ხალხის მოღალატეებად”

სერგო ორჯონიკიძე თბილისში - Sergo Orjonikidze in Tbilisi, 1921

დიმიტრი შველიძე – “აღიარებულ იქნენ საქართველოს ხალხის მოღალატეებად”

ჩვენი ისტორიოგრაფიისთვის კარგადაა ცნობილი ქართველი ბოლშევიკების განსაკუთრებული აქტიურობა საქართველოს ოკუპაციის მომზადებაში და განხორციელებაში.

მსგავს მოვლენას ადგილი ჰქონდა უკრაინის, სომხეთის თუ სხვა პოსტმონარქიული რუსეთის იმპერიის ყოფილი მხარეების გასაბჭოების დროსაც, სადაც აგრეთვე გამოირჩეოდნენ ადგილობრივი წარმოშობის ბოლშევიკები. მათი ქართველი თანაპარტიელები გამონაკლისს არ წარმოადგენდნენ.

საბჭოთა რუსეთი და მათი თავგამოდებული ქართველი ადეპტები არც ერთ ეტაპზე არ შერიგებიან არც საქართველოში მიმდინარე ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლას და არც დამოუკიდებელ საქართველოს. რამდენიმე პროვოცირებული შეიარაღებული აჯანყებისა და გამოსვლის დამარცხების შემდეგ, ქართველი ბოლშევიკები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადგილობრივი ძალებით დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების დამხობა შეუძლებელი იყო. ამიტომ მათ მთელი იმედები საბჭოთა რუსეთის შეიარაღებულ ჩარევაზე და ინტერვენციაზე დაამყარეს.

ამგვარი ქმედება საერთაშორისო და მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი ნორმების მიხედვით მხოლოდ ერთს – ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ მოქმედებას ნიშნავდა და ქართული სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვდა. ასეც მოხდა. მას შემდეგ, რაც 1921 წლის 16 თებერვალს შექმნილმა ე.წ. რევოლუციურმა კომიტეტმა, საკუთარი სახელმწიფოს ხელისუფლების დასამხობად საბჭოთა რუსეთის არმია მოიწვია საკუთარ სამშობლოში, ქვეყნის პარლამენტმა რევკომის შემადგენლობა მოღალატეებად გამოაცხადა. კერძოდ, დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების 1921 წლის 21 თებერვლის დადგენილებით, რევკომის წევრები: “ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, შალვა ელიავა, მიხეილ ოკუჯავა, ლადო დუმბაძე, ომარ ფაიკი, ამაიაკ ნაზარეტიანი, ალექსანდრე გეგეჭკორი და ბესო კვირკველია აღიარებულ იქნენ საქართველოს ხალხის მოღალატეებად, ჩამოერთვათ მათ მთელი ქონება და გამოცხადდნენ საქართველოს კანონთა მფლობელობის გარეშე”.

რა დამოკიდებულება უნდა დაიკავოს აღნიშნული დადგენილების მიმართ ქართულმა ისტორიოგრაფიამ და ზოგადად, ქართველმა საზოგადოებამ, გაიზიაროს, უარყოს თუ რაიმე სხვა შეფასება მიიღოს.

თვით ქართველი ბოლშევიკები თავიანთი ყოფილი თანაპარტიელი ოპონენტების – მენშევიკების ზემოაღნიშნულ ბრალდებას სერიოზულად არ აღიქვამდნენ და უარყოფდნენ. პირიქით, მათ მიაჩნდათ, რომ თვით მენშევიკებმა უღალატეს პროლეტარიატისა და მშრომელი გლეხების ინტერესებს და მემამულეებისა და ბურჟუაზიის სამსახურში ჩადგნენ.

ქართველი ბოლშევიკები არ აღიარებდნენ რომ ისინი საქართველოს ოკუპაციის ხელშემწყობები იყვნენ. ამგვარი პოზიცია რამდენიმე არგუმენტს ემყარებოდა და ისინი ჩვენც შეიძლება გამოვიყენოთ, მათი პოზიციის გასაანალიზებლად.

1. ისინი ვერ იქნებოდნენ ქართველი ხალხის მოღალატენი, რადგან პირიქით ქართველი მუშების, გლეხების, მშრომელების ინტერესებისათვის იბრძოდნენ და ამ მიზნით უნდა დაემხოთ მემამულეებისა და კაპიტალისტების ბატონობის გამომხატველი მენშევიკების ხელისუფლება. ეს გახლდათ კლასობრივი ბრძოლის არგუმენტი და მას ერთი შეხედვით, ჰქონდა არსებობის უფლება.

2. ქართველი ბოლშევიკები რევოლუციონერები და რადიკალები იყვნენ. მათ ბრძოლას ლოგიკა გააჩნდა. ისინი როგორც რევოლუციონერები, არსებული ხელისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სისტემის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ამდენად, იყვნენ ამ ხელისუფლების პოლიტიკური მოწინააღმდეგენი. ამგვარ დაპირისპირებას დემოკრატიული სახელმწიფო აღიარებს და ანტისისტემური, ან ანტისახელისუფლო პოლიტიკური ბრძოლა ჯერ კიდევ ვერ ჩაითვლებოდა ხალხის და სახელმწიფოს ღალატად.

3. ქართველი ბოლშევიკები ირწმუნებოდნენ, რომ ისინი არ იყვნენ საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგები. პირიქით, მათ მიერ შექმნილი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა უნდა ყოფილიყო – დამოუკიდებელი სახელმწიფო, ხოლო ახალმოსული საბჭოთა ხელისუფლება კი, უნდა დამოუკიდებელი მუშურ-გლეხური სახელმწიფოს ხელისუფლება ყოფილიყო. ასე ირწმუნებოდნენ და ალბათ ყველას თუ არა, ბოლშევიკთა ნაწილს მაინც სჯეროდა, რომ საქართველოს სსრ დამოუკიდებელი ქვეყანა იქნებოდა.

4. ქართველი ბოლშევიკები ირწმუნებოდნენ, რომ საბჭოთა რუსეთის არმიები არ იყო ოკუპანტური ძალა. ის იყო მათი თხოვნით, ქართველი მშრომელების თხოვნით მოწვეული ინტერნაციონალური შეიარაღებული ძალები, რომლებმაც ძმური დახმარება გაუწიეს აჯანყებულ მუშებს და გლეხებს, რათა ამ უკანასკნელებს გადაეგდოთ საძულველი მემამულეებისა და ბურჟუაზიის დამცველი მენშევიკური ხელისუფლება. ამდენად, საბჭოთა რუსეთის არმიები განმანთავისუფლებელი ინტერნაციონალური არმიები იყო.

ყველაზე სუსტი და დაუსაბუთებელი ეს უკანასკნელი არგუმენტია, მაგრამ თვით მისი გამართლებაც კი იქნებოდა შესაძლებელი, რომ საბჭოთა რუსეთი მხოლოდ დახმარებით შემოფარგლულიყო, განემტკიცებინა ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლება და გასულიყო საქართველოდან, ან მის მიერ დაკავებული სხვა მოკავშირე რესპუბლიკების ტერიტორიებიდან.

იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ ქართველი ბოლშევიკების ზემოაღნიშნული არგუმენტები და მტკიცებულებები მეტნაკლებად მაინც მართალი იყო, ასახავდა რეალურ მდგომარეობას და მართლაც ყველაფერი იმ სცენარის მიხედვით მოხდებოდა, როგორც ისინი ამტკიცებდნენ, მაშინ დემოკრატიული საქართველოს დამფუძნებელი კრების ზემოაღნიშნული დადგენილება ვერ იქნებოდა რეალობის ამსახველი, გაჭირდებოდა რევოლუციური კომიტეტის წევრთა გამოცხადება ქართველი ხალხის მოღალატეებად და ამ საშინელი კვალიფიკაციით მათი შეფასებაც უსაფუძვლო გამოვიდოდა. განვიხილოთ მათი არგუმენტების სამართლიანობის საკითხი.

პირველი არგუმენტის საწყისი დაშვება იყო თეზისი, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ბურჟუაზიისა და მემამულეების სახელმწიფო იყო და ამავე კლასების ხელისუფლება მართავდა მას. ბოლშევიკების ეს თეზისი, რომელსაც საბრძოლო ლოზუნგის ფორმა ჰქონდა, რეალობას არ ასახავდა. საქართველოში ჯერ კიდევ დროებითი მთავრობისა და ამიერკავკასიის კომისარიატის პერიოდში, 1917-1918 წლებში გაუქმდა წოდებრივი პრივილეგიები.

დემოკრატიულმა ხელისუფლებამ დაიწყო აგრარული რეფორმის განხორციელება და მეტნაკლებად მსხვილი მემამულური, საუფლისწულო თუ საეკლესიო მიწების სახელმწიფო ფონდში გადარიცხვა. ხელისუფლებამ მიწის კერძო საკუთრების მინიმალური კვოტაც დააწესა, რამაც გამორიცხა მსხვილი ლატიფუნდიური მამულების არსებობა.

ასევე შევიწროვდა უცხოური და განსაკუთრებით, სომხური ბურჟუაზიის ეკონომიკურ-სავაჭრო საქმიანობის სფეროც. ქართული ბურჟუაზიის თითო-ოროლა წარმომადგენელი სოციალური კონფრონტაციის გარემოს ვერ შექმნიდა, რადგან მუშათა ინტერესს ხელისუფლება თანმიმდევრულად იცავდა. ცხადია, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ საქართველო სოციალურ პრობლემატიკაზე ორიენტირებული სახელმწიფო იყო, მას ხომ ზომიერი, ევროპული ტიპის სოციალისტური პარტიები მართავდნენ. პირველ კოალიციურ მთავრობაში რვა მინისტრიდან შვიდი სოციალისტი იყო: 4 სოციალ-დემოკრატი, ორი სოციალისტ-ფედერალისტი და ერთი ესერი. პირობითად, ქვეყნის მთავრობაში, ქართულ ბურჟუაზიას მხოლოდ ერთი მინისტრი, ეროვნულ-დემოკრატი გიორგი ჟურული განასახიერებდა. აბსურდული იყო ბოლშევიკური ბრალდება, საქართველოს ხელისუფლებისა და სახელმწიფოს მემამულურ-ბურჟუაზიული ბუნების შესახებ.

ასე რომ, ბოლშევიკური აღნიშნული თეზისი არამარტო ყალბი, არამედ დემაგოგიური და ხალხის მოსატყუებელი ცრულოზუნგი გახლდათ.

მეორე არგუმენტი უფრო ლოგიკური ბუნებისა იყო – ბოლშევიკებს, როგორც რადიკალ-რევოლუციონერებს რევოლუციის გაღრმავება და დემოკრატიულიდან სოციალისტურ რევოლუციად გადაზრდა სურდათ. ეს მათი უფლება იყო. მათ შეეძლოთ დემოკრატიულ საქართველოში შეექმნათ და ჰქონდათ კიდეც პოლიტიკური პარტია, ორგანიზაციები, გაზეთები, მათ ჰქონდათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში, პარლამენტში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ მათ ამ ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობაზე ფაქტობრივად, უარი თქვეს და რამდენჯერმე სცადეს შეიარაღებული აჯანყება, გამოსვლების პროვოცირება. წარუმატებლობის შემდეგ ისინი დარწმუნდნენ, რომ საკუთარი ძალებით გამარჯვება არ შეეძლოთ, რადგან ქართველი ხალხი მათ მხარს არ უჭერდა. სოციალ-დემოკრატებს და ეროვნულ პარტიებს მათზე მეტი გავლენა ჰქონდათ საქართველოს მოსახლეობაში. ქართველ ხალხს არ სურდა რევოლუციის გაღრმავება და რევოლუციის საშუალებით გამთანაბრებლობითი, სისხლიანი ბოლშევიკური სოციალიზმის დამყარება. ეს სისტემა უფრო რუსულ-კოლექტივისტური, თემური მენტალობისა და რეალობისთვის დამახასიათებელი სოციალური ფორმა გახლდათ. ქართული სინამდვილე უფრო ინდივიდუალისტურ, კერძო-მესაკუთრულ და დემოკრატიულ სისტემას ითხოვდა.

ქართველი ბოლშევიკების მეორე არგუმენტს დანაშაულებრივი მხარეც ჰქონდა – მათი მიზანი იყო ქართველი ხალხისათვის თავს მოეხვიათ მისთვის უცხო, მიუღებელი კოლექტივისტური, ბოლშევიკური სოციალიზმი და ეს ძალდატანებით, ოკუპაციისა და სისხლიანი დიქტატურის გზით გაეკეთებინათ.

მესამე და მეოთხე არგუმენტიც ყალბი და დემაგოგიური აღმოჩნდა, როცა ბოლშევიკები ირწმუნებოდნენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას არაფერს ერჩოდნენ. როცა ისინი საბჭოების ხელისუფლებას დაამყარებდნენ საქართველო დამოუკიდებელი რესპუბლიკა იქნებოდა. ძნელია ითქვას, თვით ბოლშევიკებში ბევრს სჯეროდა თუ არა ეს ზღაპარი. ყოველ შემთხვევაში თავად ქართველი ბოლშევიკები, უკვე 1921 წელსვე აღიარებდნენ რომ მოხდა არამარტო “მენშევიკური”, “მემამულურ-ბურჟუაზიული ხელისუფლების დამხობა”, არამედ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაპყრობა საბჭოთა არმიების მიერ. თავად ფილიპე მახარაძე წერდა თავის ბელადს ლენინს 1921 წლის 1 მარტს, რომ “მოვლენები განვითარდა რამდენადმე მოულოდნელად და მუშათა კლასი აღმოჩნდა ამ მოულოდნელი ფაქტის წინაშე”. მეორე ბოლშევიკი ბესარიონ ლომინაძეც არ მალავდა, რომ “ჩვენი რევოლუცია 1921 წელში დაიწყო რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობით წითელი არმიის ხიშტებით, რომელთაც ქართველი პატრიოტები სთვლიან გარეშე ძალად. თვით საბჭოთა რევოლუცია გამოიხატა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაში”.

ზემოგანხილული ბოლშევიკური ლოზუნგები, მოთხოვნები, არგუმენტები და ლოზუნგები თავიდანვე იყო ყალბი, დემაგოგიური და როგორც ისტორიამ დაამტკიცა – დანაშაულებრივი. საკითხი შემდეგი სახით დგება ჩვენს წინაშე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის დადგენილება, ბოლშევიკური ე.წ. რევოლუციური კომიტეტის წევრთა ქართველი ხალხის მოღალატეებად გამოცხადების შესახებ, სრულიად ობიექტური და ადეკვატური შეფასება გახლდათ. ამგვარი შეფასება გამოკვეთილად უნდა გაიზიაროს როგორც ქართულმა ისტორიოგრაფიამ, ისე ქართულმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა აზრმაც და შესაძლოა ქართულმა სახელმწიფომაც, რომელიც პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეა.

შემდგომში, თავიანთ დიდ დანაშაულს, ქართველ ბოლშევიკთა პირველი თაობის ზემოაღნიშნულმა წარმომადგენლებმა სხვა დანაშაულებიც დაუმატეს და ამით განამტკიცეს საკუთარი მოღვაწეობის მოღალატეობრივი სტატუსი. ბოლოს, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი სიას იმ ადამიანებისა, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის დამხობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს და წინ წამოუძღვნენ დამპყრობელ არმიებს: ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, შალვა ელიავა, მიხეილ ოკუჯავა, ლადო დუმბაძე, ომარ ფაიკი, ამაიაკ ნაზარეტიანი, ალექსანდრე გეგეჭკორი, ბესო კვირკველია.

დიმიტრი შველიძე

წყარო: გაზეთი 24 საათი, 27.02.10 – http://24saati.ge


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: