Posted by: burusi | 08/03/2010

დიმიტრი გულია – ბიოგრაფია

დიმიტრი გულია – Dmitry Gulia

დიმიტრი გულია – Dmitry Gulia (1874-1960)
გამოჩენილი აფხაზი მწერალი, აფხაზური ლიტერატურის და ისტორიოგრაფიის ფუძემდებელი, დიმიტრი იოსების ძე გულია (აფხ. Дырмит Иасыф-иҧа Гәлиа) დაიბადა  1874  წლის 9 თებერვალს (21 თებერვალი), სოფელ უარჩაში (ახლანდელი სოხუმის რაიონი) ღარიბი გლეხის ოჯახში. ბავშვობაში გულიას ოჯახი, ისევე როგორც ბევრი აფხაზები, თურქეთში გადაასახლეს. მამამ შეძლო ოჯახის სამშობლოში დაბრუნება.
სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში. ერთხანს მასწავლებლობდა. 1924-1926 წლებში აფხაზურ ენას ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გულიამ დიდი ღვაწლი დასდო აფხაზურ კულტურას. მისი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამწერლო მოღვაწეობა ფართო და მრავალმხრივი იყო. 1892 წელს კ. მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი. მას ეკუთვნის შრომები აფხაზურ ენაზე, ისტორიაზე, ეთნოგრაფიაზე, ქრესტომათია და სასწავლო სახელმძღვანელოები. 1919-1920 წლებში გულია პირველი აფხაზური გაზეთის “აფსნის” რედაქტორი იყო. 1921 წელს ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი. 1925 წელს გამოსცა “აფხაზეთის ისტორია”, რუსულ ენაზე.
დიმიტრი გულიას პოეზია მხატვრული დონით გამოირჩევა. მის ლექსთა პირველ კრებულებში (1912, 1913) წარმოსახულია აფხაზი ხალხის სწრაფვა თავისუფალი ცხოვრებისაკენ, სიძულვილი მჩაგვრელებისადმი, პოეტის ოცნება უკეთეს მერმისზე. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროზის განვითარებაში. მას ეკუთვნის პირველი აფხაზური ნოველა (“სხვისი ცის ქვეშ”, 1919) და რომანი (“კამაჩიჩი”, 1940), რომლებშიც გამოხატა ცარიზმის მიერ დამონებული აფხაზების ცხოვრება, ქალთა უიმედო ბედი. წერდა ლაკონურად და ხალხური იუმორით. დიმიტრი გულიას ლირიკა გამსჭვალულია მეგობრობისა და ხალხთა ერთობის პათოსით (პოემები “სიმღერა აფხაზეთზე”, 1940, “შემოდგომა სოფლად”, 1946, და სხვ.). 1937 წელს მიენიჭა აფხაზეთის სახალხო პოეტის წოდება.
დიმიტრი გულიამ აფხაზურ ენაზე თარგმნა “ვეფხისტყაოსანი”, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ლექსები. მას სწამდა, რომ “აფხაზი, რომელიც სახლს აიშენებს და ქართველის ეზოსკენ არ გაჭრის ფანჯარას, ის აფხაზი არ არის”.
დიმიტრი გულია საგანგებოდ აღნიშნავდა: “აფხაზეთი, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ცხოვრობდა მასთან ერთად ერთი ცხოვრებით მთელი ისტორიის მანძილზე, ორგანულად მონაწილეობდა ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის შექმნაში და ასრულებდა არსებით როლს ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ცალკეული ქართული ტომებისა და ოლქების გაერთიანებისთვის ბრძოლაში ერთიან, მძლავრ, ეროვნულ ქართულ სახელმწიფოდ” (დ.გულია, ჩემი წიგნის “აფხაზეთის ისტორია” შესახებ).
დიმიტრი გულია გარდაიცვალა 1960 წლის 7 აპრილს (სოფ. აგუძერა, ახლანდელი გულრიფშის რაიონი). დასაფლავებულია სოხუმში, მისი სახლ-მუზეუმის ეზოში

ლიტერატურა

  • გუბლია გ., დიმიტრი გულია. შემოქმედებითი გზა, თბ., 1974;
  • Бгажба Х. С., Зелинский К. Л., Дмитрий Гулиа, Сух., 1965;
  • Гулиа Г. Д., Дмитрий Гулиа. Повесть о моем отце, 2 изд., М., 1965;
  • ბგაჟბა ხ., ქსე, ტ. 3, გვ. 301, თბ., 1978

Responses

  1. სოფელს “უარჩა” არ ჰქვია. არც არაფერს ნიშნავს ეს. “ვარჩე”-ა მისი ნამდვილი (მეგრული) სახელი.

  2. დირმიტ გულიას რომანს ჰქვია არა ,,კამაჩიჩი”, არამედ ,,კამაჭიჭი”. უდავოდ ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ თავის ,,აფხაზეთის ისტორიაში” აშკარად ამახინჯებდა საქართველოს ისტორიას. მეათე საუკუნის დიდ აფხაზეთს აფსუების ქვეყანად, ხოლო იქაურ დიდ კულტურას აფსუების კულტურად განმარტავდა, თუმცა აფსუებს თვითონ შეუქმნა ანბანი.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: