Posted by: burusi | 07/03/2010

გიორგი ბერუჩაშვილი – Integrity Men-კაცნი მთლიანნი ბუნებისანი

მიხაკო წერეთელი

მიხეილ წერეთელი – Mikheil Tsereteli

 გიორგი ბერუჩაშვილი – Integrity Men-კაცნი მთლიანნი ბუნებისანი
მიხაკო წერეთლის წიგნის _ ,,ერი და კაცობრიობის” გამოცემიდან განვლილი ერთი საუკუნე

,,უფესვობა, უეჭველია, ყველაზე საშიში დავადებაა იმ დავადებათა შორის, რომელიც ადამიანთა ერთობას შეიძლება მოედოს, რადგან იგი ძალიან ადვილად ვრცელდება… ფესვედაკარგული არსებები თითქმის ყოველთვის ორგვარად იქცევიან: ან სიკვდილის მსგავს სულიერ ლეთარგიაში იძირებიან, ამ მთლიანად ინთქმებიან მოქმედებაში, რომელიც იმისკენ არის მიმართული, რომ ფესვები დააგლიჯონ მათ, ვისაც ისინი ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს“
სიმონა ვეილი (1909-1943) _ ფრანგი ფილოსოფოსი

დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივი აზრი, როგორც საუკუნის წინათ, ისევ გაურკვევლობაშია. ვერ გაუთავისებია, რომ ერის/სახელმწიფოს/საზოგადოების სიძლიერე მისი შინაგანი სულიერი, გენეტიკური, ინტელექტუალური, ისტორიულ-ეთნოლოგიური, ფსიქო-ენერგეტიკული, წიაღისეულ-მატერიალური, გეო-პოლიტიკური და ა.შ., კრებსითი რესურსების მობილიზებითა და გონივრული გამოყენების გზითაა მხოლოდ შესაძლებელი. საზოგადოება, ისევე როგორც საუკუნის წინათ, ქვეყნის გარეთ ეძებს ხსნასა და საშველს. სახელმწიფოებრიობის შექმნა-გაძლიერების არსის დამთმობი და (უპირველესად ამის გამო) გასაჭირში მყოფი ერისათვის, განათლება და მეცნიერება ერთადერთი იმედია და თუ მეცნიერთა აზროვნება დავიწროებულია იმდენად, რომ ეროვნული განვითარების ერთიანი ღერძის საჭიროების გააზრება პრობლემად იქცა (და საერთო აღიარებით ასეცაა), გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს კრიტიკულ სიტუაციასთან, ამ ცნების ილიას, აკაკის, ვაჟას, ნიკო ნიკოლაძის, იაკობ გოგებაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, მიხაკო წერეთლის, არჩილ ჯორჯაძის, გრიგოლ წერეთლის, დიმიტრი უზნაძის, გრ. რობაქიძის, აკაკი ბაქრაძისეული და მათ თანამოაზრეთა გაგებით, თორემ ყოფითი აზროვნების მქონე, ქართულენოვანი ხალხის მასა რომ კარგა ხანს გაჰყვება კაცობრიობის ისტორიას, ეჭვს არ იწვევს. ,,მაიას ცივილიზაცია დაიღუპა, მაიას ხალხი კი დღესაც აგრძელებს არსებობას“ … გვატემალის ჯუნგლებში!
საზოგადოების ზემოთდასურათებულ მდგომარეობას კონკრეტული, ჯერ კიდევ XIX ს. 60-იანელთა მიერ იდენტიფიცირებული სახელი აქვს _ ეროვნული ნიჰილიზმი _ ქართველ ერში ეროვნული სახელმწიფოებრივ-აღმშენებლობით საზრისის და ენერგიის მიმართ უარმყოფელი, ცონიზმამდე მისული დამოკიდებულება. საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ამ პრობლემის სიმძაფრე, სამწუხაროდ არ კლებულობს. უფრო მეტიც: ეროვნული ნიჰილიზმის _ ისტორიულად არსებულ და საბჭოთა სტერეოტიპებით გამოკვებილ ფონს, სახელმწიფო დამოუკიდებლობის დეკლარირების შემდგომი ძნელბედობის და რევოლუციური ეიფორიების თანამდევი სოციალურ-ეკონომიკურ სირთულეების ნიადაგზე წარმოქნილი, ნიჰილიზმის ახალი პორცია დაემატა (,,არ ვყოფილვართ დამოუკიდებლობის ღირსნი“). საზოგადოებრივი აზრის კონტროლის მიღმა, თვითდინებაზე მიშვებულ პროცესთა შედეგად, სადღეისოდ არათუ რიგითი თანამემამულე, არამედ გლობალიზაციის ეპოქაში სახელმწიფოს მიერ ბედის ანაბარა მიტოვებული (ზრდასრულთა გადამზადება-ადაპტაციის ელემენტარულ პირობებს მოკლებული, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებისგან დისტანცირებული) მეცნიერებიც კი, პირად საუბრებში, უიმედო განწყობებს არ მალავენ.
საერთო-ეროვნილი ტრაგედიიდან განვლილი ერთი საუკუნე, ვფიქრობთ, საკმარისი დროა იმის გასაცნობიერებლად, რომ ილიას მკვლელობის იდეურ სულისჩამდგმელთა (თანამედროვე ტერმინოლოგიით _ შემკვეთების) განზრახვით მიუღებელი _ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ქართული ეროვნული თვითშეგნების ზრდის მყარი ტენდენციის და აქედან ერთ ნაბიჯზე მდებარე ქართული სახელმწიფოებრიობის აღორძინების, 60-იანელთა მიერ ხორცშესხმული პროცესი _ ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით: დეზინფორმაციით, მოსახლეობის ნაკლებადგანათლებულ ფენებში სოციალური იდეების პანაცეად აგიტაცია-პროპაგანდით, ლიდერთა კომპრომენტირებით, ტერორით უნდა შეფერხებულიყო. ერის რეალური განვითარების _ ქართული თვითშეგნების მქონე მოსახლეობაში ისტორიულ-სახელმწიფოებრივი საზრისის, ეროვნული ენერგიის განახლების, ეროვნულ ფასეულობათა მოვლა-პატრონობის, მისი (ფასეულობათა) გამრავალფეროვნების მიზნით გაწეული სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა კი შერაცხულიყო ნაციონალიზმად, ამ ცნების ყველაზე უკიდურესი მნიშვნელობით (ბრიტანული, ფრანგული, გერმანული ენციკლობედიები, რუსული შესატყვისებისაგან განსხვავებით, ნაციონალიზმს არ განმარტავენ, როგორც უარყოფით ცნებას და მხოლოდ ხაზს უსვამენ ამ ცნების ეროვნულობის ასპექტს).
ქართული სახელმწიფოებრიობის ძირგამომთხრელ ამ ტენდენციებს, ღირსეული პასუხი გასცა ევროპის საბუნებისმეტყველო-ფილოსოფიურ მიმდინარეობაში ღრმად განსწავლულმა ნიკო ნიკოლაძემ: ,,ჩვენი ქვეყნის გონებრივი ზრდისათვის დიდი უბედურებაა ის გარემოება, რომ დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, ცხრა მთის გადაღმიდან მოყვანილ ძიძას ვაბარივართ. ისინიც ხშირად თხის რძეს გვაწოვებენ და არა ადამიანისას. უცხოელი ძიძა, რაგინდ საღი იყოს, შენ დედა-ენას ვერ გასწავლის, შენი ქვეყნის ბუნებასა და საჭიროებას ვერ გაგაცნობს” _ წერდა იგი 1887 წ.
ეს ცხადზე უცხადესი ჭეშმარიტება სოციალ-დემოკრატიული იდეებს ნაზიარებმა ქართული საზოგადოების ნაწილმა, ეჭვის ქვეშ დააყენა?! ეროვნული თვითშეგნების მოღონიერებისა და გამთლიანების პროცესში მყოფ საზოგადოებრივ აზროვნებაში გაჩენილმა ამ ახალმა ნაპრალმა (აკაკი ბაქრაძე) მე-19 ს. 90-იანი წლებში, საზოგადოების ნახევრადგანათლებულ ფენებში ,,მესამე დასის” კოსმოპოლიტური იდეების ქადაგებით იმდენად იმძლავრა, რომ რუსეთსა და ევროპაში განსწავლული, ქართველ სოცდეკთა ინტელექტუალური რისხვა (ორიგინალების დონეზე რომ ამხელდა მათ ნასესხებ აზრებს) _ ნიკო ნიკოლაძე, იძულებულია ანბანური ჭეშმარიტებანი ისევ შეახსენოს საზოგადოებრივ აზრს: ,,საზოგადოებისა და ლიტერატურის ნორმალური ზრდის დროს ყოველი ახალი თაობა იმით არის უფრო ნაყოფიერი წინამორბედზე, რომ პირველი ნაბიჯებისთანავე სარგებლობს წინაპრების შრომის ნაყოფით. მომარაგებულია იმათი დაგროვილი ცოდნით. გაძლიერებულია იმათი მემკვიდრეობით და შემდგომ გზას იწყებს იმ პუნქტიდან, სანამდე მამებმა მიაღწიეს. ასეა ცივილიზებულ ადამიანებში. წერა-კითხვის უცოდინარ ველურებში კი ყოველი ახალი თაობა ასპარეზზე ტიტველი, დედიშობილა გამოდის, სრულებით უცოდინარი წინაპართა საქმეების, ამოცანების და გამოცდილებისა. გამოდის მხოლოდ იმ ღატაკი მარაგით არეულდარეული ცნებებისა, რაც ზეპირგადმოცემით ერგოთ მამებთან საუბარში და უფრო მეტად ბებიების ზღაპრებით. ამის შემდეგ მათ არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ მემკვიდრეობითი პროგრესი“.
ამ ვითარების განმაპირობებელი მიზეზებიდან, არამარტო ჩვენი აზრით, სახელმწიფო განათლების სისტემის ცრუ-ინტერნაციონალისტური _ კოსმოპოლიტური შინაარსი სახელდება. ამგვარი განათლების სისტემის მავნებლობაზე საუბრობდნენ ქართველი განმანათლებლები, მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებებით _ პროზით, პოეზიით, პუბლიცისტიკითა თუ ცოცხალი სიტყვით. ამ თვალსაზრისით წმიდა ილია მართალის, აკაკის, ვაჟას, ნიკო ნიკოლაძის, იაკობ გოგებაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, მიხაკო წერეთლის, არჩილ ჯორჯაძის, გრიგოლ რობაქიძის, პავლე ინგოროყვას, აკაკი ბაქრაძისა და მათ თანამოაზრეთა მემკვიდრეობა და განუხორციელებელი შემოქმედებითი გეგმები, უდიდესი მნიშვნელობის განძი და ორიენტირებია, რომელთა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში სრულფასოვანი ასახვა, საერთოდ მიღებული აზრით, დიდად დაგვიანდა.
რატომ ვსაუბრობთ ამ თემაზე საიჟინრო და ეკონომიკურ სპეციალობათა წარმომადგენლები და არ საუბრობენ პოლიტიკოსები?
მაკროეკონომიკურ და საიჟინრო კვალიფიკაცის მქონე სპეციალისტებისათვის, ქვეყანაში თუნდაც საშუალოვადიანი (4-5 წლიანი) განვითარების ღერძის არ არსებობა, უფრო შესამჩნევი და შესაბამისად სიმპტომატურია, ვიდრე ვიწრო სპეციალობებში დაკავებულ მეცნიერ-მკვლევარისათვის. მკითხველთა იმ ნაწილს, ვისთვისაც ცნება _ ქვეყნის განვითარების ერთიანი ღერძი _ ბუნდოვანია, ან/და ცენტრალიზებულ მმართველობის წესთან (გეგმიურ ეკონომიკასთან) ასოცირდება, შევახსენებთ, რომ დასმულ კითხვაზე მკაფიო და დამაჯერებელ პასუხს, ილიას მრავალ ათეულ თანამოაზრეთაგან გამორჩეულად, ჯერ ნიკო ნიკოლაძის, შემდეგ კი მიხაკო წერეთლის და არჩილ ჯორჯაძის, დიმიტრი უზნაძის შემოქმედებაში ვხედავთ. მათ შემდგომ განვლილმა ეპოქებმა ნათელყვეს, რომ ილიას გზის ჭეშმარიტად საერთო-სახალხოდ აღიარებისათვის დიდი საგანმანათლებლო სამუშაო, აღსრულებულად რომ მიგვაჩნდა, ჯერ კიდევ წინა გვაქვს. ამის გარეშე დე იურე დამოუკიდებელი _ კოსმოპოლიტიზმის გზაზე ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ორჯერვე წაჯიკავებით (გარედან ხელის კვრით!) შეგდებული საქართველო გლობალიზების გამოწვევებს ვერ უპასუხებს. ისევე როგორც წინა შემთხვევაში, სასიცოცხლო ძალებს ვერ მოიკრებს; ბრძენკაცებზე ისევ კომკავშირლები აღზევდებიან; ინდივიდთა პიროვნული გაორების _ ერის ზნეკეთილი ფსიქიკის საზიანო, მუტანტ _ მხოლოდ მომხმარებლური ფსიქოლოგიის და არა სამრეწველო-სამეურნეო და კულტურული პროდუქციის მწარმოებელ _ დიპლომიან ფსევდო-სპეციალისტთა გამრავლების საბჭოური სენი, ახალ, სახეცვლილი ფორმითა და უცვლელი შინაარსით, ისევ იმძლავრებს. რეალური სახელმწიფო სუვერენიტეტის აუცილებლობის შემმეცნებელი და განმტკიცებაზე მუდმივად დაფიქრებული ეროვნული კადრების ასპარეზი ისევ დაიხურება. ქართველი ინტელექტუალები ისევ ემიგრაციას მიაშურებენ. გზა ხომ გაკვალულია…

ამონარიდი მიხაკო წერეთლის წიგნდან _ ,,ერი და კაცობრიობა“:
,,მთელი საუკუნის განმავლობაში სცდილობდნენ შეეწყვიტად ძაფი მეხსიერებისა ჩვენს აწმყოსა და წარსულს შორის, ამით სულიერი ცხოვრება ჩვენი ისეთ პირობებში ჩააყენეს, რომ შეგნება ჩვენი ეროვნული ორგანული ცხოვრებისა, მისი ზრდისა, მისი აწმყო მდგომარეობისა და მომავლის სასურველი მისწრაფებისა _ შეუძლებელი Hჰყვეს, _ და მრავალ ქართველსაც მარტო გვარიღა შემორჩა ქართული, ხშირად ისიც ბოლოში შეკვეცილი და ,,ოვად“ გარდაქმნილი; _ იგი ცუდ ქართულად მოლაპარაკე და რუსულის არა მცოდნე რაღაც უცნაური, ,,არც რუსი და არც ქართველი“ შეიქმნა და ისე დამახინჯდა სულიერად, რომ ასეთი თავისი მდგომარეობა ნორმალურად ჩასთვალა; _ მან ყველა თავის მსგავსად წარმოიდგინა, და ბევრი ვერც კი იგებდა თუ რა განსხვავება იყო მასა და მაგალითად ფრანგს ან რუსს შორის, რომელთაც ეროვნულ-სოციალურ სფეროში მიუღიათ აღზრდა და ამით არიან მთლიანნი ბუნებისანი (ხაზი ჩვენია-გ.ბ.); მათ იდეალსა და მოქმედებას ღრმადა აქვს ძირი გადგმული საკუთარ ეროვნულ სოციალურ ნიადაგზედ და ამიტომაც მათი სულის-კვეთება ნაყოფიერი და გულ-წრფელია.
მეორე მხრით, _ ქართველი ინტელიგენტიც კაცია, _ მასაც აქვს მოთხოვნილება რწმენისა და დიადი იდეალისა, რომელიც უნდა აღიაროს უმაღლეს ჭეშმარიტებად, მთელი თავისი მოქმედება ზედ დაამყნას და უმაღლესი, ადამიანური მიზანი დაისახოს ცხოვრებაში. მისი სული რომ გადამახინჯებულია და დაშორებული სამშობლო ნიადაგს, სამშობლოს პრობლემებსაც ვეღარ აქცევს ყურადღებას, იგი მისთვის აღარც კი არსებობს, _ იგი აღარ არსებობს მისი აზრით აღარც სხვისთვის, აღარც საზოგადოდ, _ და მით უმეტეს იგი ითვისებს ან ისეთ იდეალებს, რომელიც პირდაპირ მავნებელია მისი სამშობლოსათვის, ან და, თუმცა დიადს, მაგრამ ბევრი მხრით შემცდარს ქართველიც მას კრიტიკულად ვერ მოპყრობია . . . არ განიხილავს იგი ქართული თვალთახედვით ამ თეორიებსა, რადგანაც ქართული ცხოვრებით არას დროს არ უცხოვრია, _ და განა მარტო სოფელში ცხოვრება და გლეხებთან ლაპარაკია ქართული ცხოვრება: იგი სულიერად განცდაა ქართველი ერის მთელი ისტორიისა, მისი სულის კვეთებისა და მის მისწრაფებათა. რასაკვირველია ასეთი ადამიანი იდეალს შეითვისებს იდეალისათვის, უფრო საკუთარ სულიერ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. უცხოეთში შეთვისებული იდეალიც მას ჭეშმარიტება ჰგონია ყოველი კერძო შემთხვევისათვის, და თუ ქართული წარსული და თანამედროვე ცხოვრება ოდნავ მაინც არ ეთანხმება ამ უცხოეთში შეთვისებულ იდეალს, _ თამამად და გულწრფელად წამოიძახებს, _ წარსული მეზიზღება და აწმყო მეჯავრებაო! გულ-წრფელადვე მას ასეთი ყოვლად უაზრო სიტყვა სოციალიზმის რწმენის განმტკიცებად მიაჩნია, იდეალის სამსახურად! “ (სტილი დაცულია. იხ. მიხაკო წერეთელი, ,,ერი და კაცობრიობა“, თბილისის უნივერსიტ. გამომცემლობა, 1990).
გონიერების პოზიციიდან რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა სჩანდეს, ფართო სამეცნიერო, საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო, მწიგნობართა (ბუკმეკერთა), ქართულენოვან მასმედიის რედაქტორ-გამომცემელთა წრეებში ქართული აზროვნების მნიშვნელოვანი ძეგლი _ მიხაკო წერეთლის ,,ერი და კაცობრიობა“ დღემდე უცნობი რჩება. ნათქვამის თვალსაჩინო დასტურად ვფიქრობთ, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა აკადემიურ გამოცემებში (მაგ.: 1987 წ.) და ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი სატელევიზიო პროგრამის ,,საქართველოს დიდი ათეული“-ს ხანგძლივ პერიპეტიებში _ საკუთრივ სატელევიზიო გადაცემებში და მათდამი მიძღვნილ პრესის და საინტერნეტო ანალიზში _ მიხაკო წერეთლის სახელის არ მოხსენიებაც საკმარისია. ,,ფაქტების მოვლა არ ვიცით“ _ ამ სიტყვებით გამოხატა თანამედროვე კულტურული ერების წიაღში გამომუშავებული ნორმებისადი საზოგადოებრივი აზრის ამჟამინდელი დამოკიდებულება ქართველ აკადემიკოსთა შორის გამორჩეულმა, აწ გარდაცვლილმა ვლადიმერ ჭავჭანიძემ მომიჯნავე თემებზე ჩვენთან საუბარში. ,,ილია იმდენად დიდია, რომ მას დაცვა-ქომაგობა არ სჭირდება“ _ ამბობს ილიას ლიტერატურულ მემკვიდრეობის შესწავლა-ანალიზით მთელი ცხოვრება დაკავებული ფილოლოგიის პროფესორი. ნეტამც ასე იყოს. ვერც კი ვბედავთ საბჭოთა ხელისუფლების, კონკრეტულად სტალინის მიერ ილიას მემკვიდრეობის მნიშვნელობის გაცნობიერების დასაწყისისა და სათანადო დირექტივებზე აღნიშნული წლების შეხსენებას.
თურმე სჭირდება ყოველწლიური და ყოველდღიურიც:
ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარების რბილად რომ ვთქვათ არაკეთილმოსურნენი, ჩაძინებულებსა და გონებადაბინდულებს ყოველდღიურად, მეთოდოლოგიურად ნაბიჯ-ნაბიჯ გვაცლიდნენ და გვაცლიან ,,ისტორიული მეხსიერების ძაფს“ (და არც არასოდეს მოიშლიან). ილიას მემკვიდრეობისა და მის მიერვე დასახული _ ერის სასიცოცხლოდ აუცილებელი განვითარების გზის თანამემამულეთა ცნობიერებამდე მიტანის _ დღემდე სწორუპოვარ მაგალითებად რჩება ,,მიხაკო წერეთლის სიტყვა წარმოთქმული ილია ჭავჭავაძის ტფილისში ჩამოსვენებისას 1907წ. 7 სექტემბერს“ (,,ბედი ქართლისა“, 1952 წ. მაისი, #12) და ემიგრაციაში ილიას მკვლელობის ნახევარი საუკუნის წლისთავზე მიძღვნილი ნაშრომი _ ,,ილიას მკვლელობა“ (,,ბედი ქართლისა“, 1957წ.,#24-25), რომელთა ადეკვატური ასახვა, ქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეს დღემდე არ ღირსებია.
ამონარიდი 27 წლის მიხაკო წერეთლის მიერ ილია ჭავჭავაძის კუბოსთან წარმოთქმული სიტყვიდან: ,,საქართველოს დაბეჩავებულ საზოგადოებას ორგანონი ეჭირვებოდენ, ილია ჭავჭავაძე იყო სწორედ ის ადამიანი, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის მათ შექმნაში და მათში მუშაობით. მარტო ბანკში და წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში რამდენი ენერგია ჩაჰკლა ილია ჭავჭავაძემ ქართული საზოგადოების ასაღორძინებლად, სამაგალითოა და განსაცვიფრებელი, თუ დაუკვირდება ადამიანი და ღირსეულად დააფასებს ილიას შრომასა და ღვაწლს… “თუ რამდენი ,,ენერგია ჩაჰკლა“ თვით მიხაკო წერეთელმა ამ და სხვა, ერთი შეხედვით თითქოსდა ანბანურ ჭეშმარიტებათა განმარტებაში და საერთოდაც ილიას გზის სიწმინდის დაცვაში, ,,ერი და კაცობრიობის“ უმკაცრესი _ მათემატიკოსთათვისაც კი შესაშური ლოგიკით შედუღაბებული ნაშრომი ნათელყოფს.

მიხაკო წერეთელი და თანამედროვეობა

1910-პირველი ქართულენოვანი სოციოლოგიური ნაშრომის ,,ერი და კაცობრიობის“ გამოცემის წელი. მეორე მხრივ _ 1968 წ., ორმოცდათვრამეტი წლის შემდეგ (!), ბ-ნი ვენორი ქვაჩახიას და თანამოაზრეთა ძალისხმევით საბჭოთა კავშირში მანამდე არ არსებული პრეცედენტი _ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრის დაფუძნება.
მიხაკო წერეთლის, ღრმა მეცნიერ-თეორეტიკოსის და პრაქტიკოსის, ბრიუსელის ასირიოლოგიის (19..-19..) და ბერლინის ქართველოლოგიის (1933-1943) საქვეყნოდ ცნობილ უნივერსიტეტთა კათედრების ხელმძღვანელის მემკვიდრეობა და ქართულ სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებაში გაწეული ღვაწლი, აღიარებულია მეცნიერებისა და კულტურის უთვალსაჩინოეს წარმომადგენელთა: მიერ. ,,უფლება აყრილ საქართველოში მისი სიტყვა მეხივით ჰქუხდა და ეროვნულ ბრძოლას ცეცხლის ენერგიას აძლევდა. განა შეიძლება სხვა რომელიმე ან ვისიმე სიტყვა შეედაროს მის სიტყვას, რომელიც მან ერის წინამძღოლს და ზრახვათა მფლობელ ილიას, ჩვენი წამხდრობისა და სიგიჟის მსხვერპლს, ტფილისში ჩამოსვენებისას რომ უთხრა?! _ ევროპის სამეცნიერო წრეების მიერ აღიარებული გამოცემის _,,ბედი ქართლისა“ დამფუძნებელი კალისტრატე სალია, პროფ. მიხაკო წერეთლის 70 წ-სადმი მიძღვნილ მილოცვაში (ბედი ქართლისა, 1948წ. #3).
პირველი (1910წ.) გამოცემიდან 80 წლისთავზე ,,ერის და კაცობრიობის“ ერთადერთი გამოცემის (1990წ.) სულისჩამდგმელი, აწ განსვენებული პროფ. ედუარდ კოდუა, წინასიტყვობაში ამბობს: ,,იმათ რიცხვში, ვინც ღირსეულ დაფასებას ელოდება ჩვენი საზოგადოებისაგან, პირველთაგანია მიხეილ (მიხაკო) გიორგის-ძე წერეთელი. ეს მრავალმხრივი მოღვაწე, მეცნიერი და პოლიტიკოსი დავიწყებასაა მიცემული, არადა დღევანდელობა სწორედ მის ნააზრევს საჭიროებს“.
სწორედაც რომ დღევანდელობა… მიხაკო წერეთელმა, ამ ნაშრომში იწინასწარმეტყველა ქართული საზოგადოებრივი აზრის რეგრესი საბჭოთა პერიოდში და ფაქტიურად მთელი ბოლო საუკუნის მანძილზე.
,,ერი და კაცობრიობა“-ში წარმოდგენილი მსჯელობები უმკაცრესი სამეცნიერო სტანდარტის ჩარჩოებში ვითარდება: ურთულეს თემატიკას შეჭიდებული ავტორი, საკუთარ კალამს უფლებას და გასაქანს არ აძლევს ძირითადი თემის მომიჯნავე საკითხებზე განვრცობისა. უძლიერესი გონება მუდამ კონტროლქვეშ ჰყავს, მოკლედ სჭრის: მართალია საკითხის ეს მხარე (წახნაგი, ასპექტი) ჩვენთვის დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს, მაგრამ ამ ნაშრომის მიზანს არ შეადგენს-ო. დიდი ივანე ჯავახიშვილის, მიხაკო წერეთლის და მათ თანამოაზრეთა სამეცნიერო კეთილშობილებითა და რუდუნებით გამომუშავებული სტანდარტის დათმობამ მიგვიყვანა კიდეც სადღეისოდ არსებულ ვითარებამდე.
ქართული აზროვნების თეორეტიკოსთა, ეროვნულ საკითხზე ღრმად ჩაფიქრებულ მამულიშვილთა სამეცნიერო მემკვიდრეობის და ნააზრევის მნიშვნელობის გადაჭარბებული შეფასება შეუძლებელია. სულმნათი მიხაკოს მემკვიდრეობის ახალგაზრდა ქართული სახლმწიფოებრივი მშენებლობის ურთულეს საკითხებში ყოველდღიური, უპირველეს ყოვლისა, საგანმანათლებლო სივრცეში გამოყენება (რისგანაც თვითდისტანცირებას ვახდენთ), თანამედროვე კულტურული ერის საზოგადოებრივი აზროვნების სიმწიფის უტყუარი საზომია…
მისმა მშობელმა ერმა ყველაფერი უნდა იღონოს, რომ თუნდაც ერთი საუკუნის დაგვიანებით, გახდეს მიხაკო წერეთლის და მის თანამოაზრე შემოქმედ-თანამებრძოლთა მემკვიდრეობის ღირსი.
სხვაგვარი ილიას გზა და განვითარება საერთოდაც არ არსებობს.

გიორგი ბერუჩაშვილი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: