Posted by: burusi | 05/03/2010

თამაზ ჭილაძე – ტიციან ტაბიძე

ტიციან ტაბიძე, 1920 წ.

თამაზ ჭილაძე – Tamaz Chiladze (1931)

თამაზ ჭილაძე – ტიციან ტაბიძე

ტიციან ტაბიძის პოეზიის “პირტიტველა ყრმის“ გულრწფელი აღტაცება ახლავს და თითქოს სამყაროს შექმნის პირველი დღის სიხარულითაა გამთბარი. თითქოს ადამიანმა ცა, მიწა, წყალი პირველად დაინახა და ეს გაუნებელი სიხარული ჩვენც გადმოგვდგო. .პოეტისათვის უპირველესი ნიჭია ხედავდე ქვეყანას, ისეთივე მშვენიერსა და ხელუხლებელს, როგორც თვითონ ბუნებამ შექმნა, შეგეძლოს დაინახო ქვეყანა იმ კაცის თვალით, პირველმა ცას „ცა“ რომ უწოდა და მდინარეს „მდინარე“.. ყოველდღიურ ცხოვრებაში გართულს შეგეძლოს შეამჩნიო ღრუბლები, ხეები და ჩიტები და შენი არსების ნაწილად მიიჩნიო ისინი გუთნისდედის, მეზღვაურისა თუ მწყემსის სულის ნაწილი შენს სულში ფეთქავდეს და მათი სიხარული თუ მწუხარება საკუთარივით განიცადო.
ტიციან ტაბიძეს უყვარდა „სვანეთის მთების ზვავთა შურდული“. კახეთის ოქროში ჩასმული მშვენიერება, დედას ლევანის სიმღერა, არაგვი – „ბუმბერაზი მთების ტოროლა“და მაინც თბილისი ყველაფერს ერჩია: თბილისს ის „ტკბილ დედას“ უწოდებდა და ლექსს კი არა ეუბნებოდა, მისთვის ლოცულობდა:
ასეთი ბედი რომ მომანიჭეს –
პატარა ძაღლი გიცავდე თბილისს.
ყველას, ვისაც ტიციან ტაბიძის ლექსები წაიკითხავს,უპირველეს ყოვლისა, დაამახსოვრდებათ მისი ორი სტრიქონი:
დავბადებულვარ რომ, ვიყო მონა
და საქართველოს მედგას უღელი…
ასეთი ბედი რომ მომანიჭეს
ტიციან ტაბიძის შემოქმედების მთავარი თემა, მართლაც სამშობლოა და ყველა ლექსი პოეტისა სამშობლოს განუმეორებელი მშვენიერებითაა შთაგონებული. ტიციან ტაბიძეს თამამი მეტაფორები უყვარდა. მაგალითად, თეთრსა და შავ არაგვს დღესა და ღამეს ადარებდა და ამით ჩვენს შემეცნების საზღვარს თუნდაც ერთი მტკაველით აფართოებდა ადამიანებს პოეზია გასართობად კი არ უყვართ, არამედ ლექსებში სწორედ ასეთი აღმოჩენები ხიბლავთ, რადგან პოეტი ხშირად იმ პირველ კაცსა ჰგავს, რომელსაც ქვის ცულით ტყე გაშჩეხა და ტყის იქით დიდებული ზღვა დაინახა. ნამდვილ პოეტებს ახალი პოეტური სამყაროები მოაქვთ თან და კაცი მათ გაშლილ სივრცეებში თავისუფლად სუნთქავს.
ტიციან ტაბიძის პოეტური გენეალოგიის ორი შტო უსათუოდ გრიგოლ ორბელიანსა და ფიროსმანს ეკუთვნოდა. მის ლექსებში ხანდახან ორბელიანის ხმა გალიაში მომწყვდეული ლომივით ბუხუნებდა და წარსული პოეზიის დაჯერებული ტონით ამაგრებდა მის მელოდიურ საყრდენებს. ტიციან ტაბიძე გრიგოლ ორბელიანივით გუგახსნილი პოეტი იყო. ბეჟანა მკერვალისა და დიმიტრი ონიკაშვილის დარდიმანდული, მსუბუქი იუმორით შეფერილი აღსარებანი აქა-იქ გამოძახილს პოულობენ მის ლექსებში.
ტიციან ტაბიძე განცდილსა და ნახულს თითქმის შეულამაზებლად და უცებ ჰყვებოდა და ინტიმური განდონის დროსაც დიდ აუდიტორიას გულისხმობდა. მისი პოეტური განდობის დროსაც დიდ აუდიტორიას გულისხმობდა. მისი პოეტური ფრაზაც, გრიგოლ ორბელიანის სტრიქონის მსგავსად, უმთავრესად ინტონაციაზე იყო დაყრდნობილი. მას თითქოს მუდამ სადღაც ეჩქარებოდა და მის ლექსებში აჩქარებული კაცის გულისცემა ისმის.
ფიროსმანზე ტიციან ტაბიძე ასე წერდა:“ჩვენ პირადად ეს გვეხატება, როგორც გაღვიძებული გოლიათი, რომელმაც იგრძნო მაგიური ძალა საღებავისა, ნიაღვარით გამოხეთქა მასში დაგუბებულმა გენიამ, რომ მადლით და ნიჭის ცეცხლით მოერწყო ჩვენი დროის საქართველოს მხატვრობის ყამირი მიწა“.
ტიციან ტაბიძის მთელი პოეზია შემოქმედების მარადჟამის დაუკმაყოფილებელი ჟინით არის გაჟღენთილი. პოეტი თითქოს გამუდმებით სასწაულს ელოდება, ანუ ცხოვრობს მხოლოდ პოეზიით. ერთმანეთში გადახლართული ცხადი, მოგონება, სიზმარი, ჩვენება, ბავშვის უაღრესად გამძაფრებული წარმოდგენები ჩვენს თვალწინ უნატიფეს პოეტურ სურათებად გარდაიქმნება ხოლმე:
ვწევარ ორპირში…ბავშვი სიცხეში
და უმღერიან წითელ ბატონებს.
ვარდი და ია მოუსხამს ჩონგურს,
დედის ცრემლები სიმებს ათრთოლებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გახვეული ვარ თავით ფოჩებში,
ვარდის გამოხდილ წვიმაში ვცურავ,
ეს საბანია ასე ლამაზი
თუ ანგელოსის ფრთები მახურავს?
„შემართულია ფეხზე ჩახმახიო“ – ამბობდა პოეტი და თითქოს ყველა ამქვეყნიური ბედნიერების მოსწრება ეჩქარებოდა. მისთვის სიყვარული ყოვლისშემძლე ძალა იყო და როცა ის ჩნდებოდა, ყველაფერი იკარგებოდა და პოეტი ვერაფერს ხედავდა:
ზღვა ისე იყო მშვიდი და წყნარი
რომ აგარც მახსოვს იყო თუ არა!
ტიციან ტაბიძეს ბუნების პირველყოფილი სილამაზე ხიბლავდა და ადამიანის მთლად პირველი, შეურყვნელი განცდები აღელვებდა. მას ჰქონდა გასაოცარი ლტოლვა უბრალოებისკე, სიმარტოვისკენ. ეს ლტოლვა ზოგჯერ უკიდურესობამდე ვითარდებოდა და, ამ დიდი არტისტისაგან მოულოდნელი, ბლაგვი სტრიქონები იბადებოდა.ამავე დროს, ასეთი სითამამე, ასეთი დაუდევრობა, რაც სხვა პოეტისთვის მომაკვდინებელი იქნებოდა, მის ლექსებში განუმეორებელ მომხიბვლელობას იძენდა. მთელი მისი არსება იმდენად იყო შეპყრობილი ჭეშმარიტი პოეზიის გზნებით, ისეთი მოუთენლობით, ისეთი ჭაბუკური მღელვარებით მიიწევდა ზევით-სანუკვარი მიზნისაკენ, რომ ვერც კი გრძნობდა, ზოგჯერ კი კიბის საფეხურები რომ უტყდებოდა, ზოგჯერ კი სტრიქონს ისე უხეშად ეპყრობოდა, იფიქრებდი, კიარ წერსა-ხნავსო. მაგრამ ერთი რამ კი უეჭველი იყო:მის გუთანში წმინდა სისხლის პეგასი იყო შებმული. როდესაც მის ლექსებს კითხულობ, გრძნობ, რომ არსებობს იდუმალი კავშირი პროფესიონალ, ვირტუოზ მუსიკოსს და იმ კაცს შორის, რომელმაც პირველად ჩაბერა ხარის რქას და უეცრად დაბადებული ხმა გაირკვა.
ტიციან ტაბიძეს ეკუთვნის პოეტური სახე ლექსებში ცოცხლად დამარხული კაცისა და არც ერთ პოეტს ასე მკაფიოდ და ხატოვნად არ უთქვამს ლექსი თავის სიკვდილზე, ლექსი რომელიც უსაფლაო, უდროოდ გარდაცვლილი პოეტის რეკვიემივით ჟღერს და ასე გგონია -ამ კაცს თავისი სიცოცხლე ლექსებში გაზაფხულის ფოთლებივით გაუბნევია და ამით მარადი სიცოცხლე დაუმსახურებიაო.


Responses

  1. burusi…momwons da mxiblavs tqveni universaluroba,mravalperovani,stilisturad daxvewili masala…martlac kargi gverdi xart am virtuozul samyaroshi. p.s miuxedavad patar-patara shecdomebisa siamovnebit vecnobi nebismier masalas…warmatebebs gisurvebt kidev mravali weli… rac sheexeba baton tamazs,gavbedav da vityvi,rom chemtvis is meore iliaa..vocnebob mastan saubris shesadzlebloba momeces,mjera,rom es ocneba male amixdeba…bednierad!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: