Posted by: burusi | 26/02/2010

ოთარ ჯანელიძე – 1921 წლის თებერვალი საქართველოში

წითელი არმია თბილისში, 1921 წლის 25 თებერვალი

საქართველოს დაპყრობა რუსეთის მიერ

თავისი არსებობის მესამე – 1921 წელი საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ იმედითა და მომავლის რწმენით დაიწყო.

მართალია, ამ წლის დამდეგისათვის საგარეო საფრთხეები ძველებური დარჩა და ერთბაშად არც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაჯანსაღებულა, მაგრამ ოპტიმისტური განწყობის საფუძველი ხალხსა და ხელისუფლებას ნამდვილად ჰქონდათ.

პოლიტიკური თვალსაზრისით ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო სტაბილური განვითარების ფაზაში შედიოდა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო – დამფუძნებელი კრება უკვე შედგომოდა ქვეყნის ძირითადი კანონის – კონსტიტუციის განხილვა-დამტკიცებას. ამ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და სამართლებრივ დოკუმენტზე დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურები დიდ იმედს ამყარებდნენ.

ქვეყანაში წინასაარჩევნო სამზადისი იგრძნობოდა. მართალია, 27 თებერვლისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძოდ საქალაქო საბჭოების ხმოსანთა არჩევნები იყო დანიშნული, მაგრამ კონსტიტუციის მიღების შემდგომ, იმავე წლის გაზაფხულისათვის საპარლამენტო არჩევნებიც იგეგმებოდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პოლიტიკურ ძალთა შორის სერიოზული გადაჯგუფება შეინიშნებოდა. მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მემარჯვენე ოპოზიციამ – ეროვნულ-დემოკრატებმა, რადიკალებმა, უპარტიოთა კავშირმა და მიწის მესაკუთრეთა ეროვნულმა პარტიამ გაერთიანება შეძლეს და ახალი ორგანიზაცია – საქართველოს დემოკრატიული პარტია ჩამოაყალიბეს.

რამდენიმე თვეში გაირკვეოდა, ვის მიანიჭებდა უპირატესობას ელექტორატი ხელისუფლებისათვის ბრძოლაში: შეინარჩუნებდნენ სოციალ-დემოკრატები აბსოლუტურ უმრავლესობას მომავალ პარლამენტში თუ დაკარგავდნენ ერთპარტიული მთავრობის შექმნის უფლებას და პორტფელებს ოპოზიციის წარმომადგენლებსაც გაუნაწილებდნენ.

საყურადღებო ამბები ხდებოდა ეკონომიკური განვითარების სფეროშიც. წინა წელს ევროპაში მივლინებულმა დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკურმა მისიამ, რომელსაც ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი ნ. კანდელაკი ხელმძღვანელობდა, გარკვეულ შედეგებს მიაღწია. ლონდონში ბრიტანეთის საგარეო ვაჭრობის ბანკთან – “ლიმიტედ 48” – დაიდო ხელშეკრულება მილიონ ნახევარი გირვანქა სტერლინგის სესხის თაობაზე. საქართველოს მთავრობამ მოიწონა ხელშეკრულება და იგი დასამტკიცებლად დამფუძნებელ კრებას გადასცა (გაზ. “საქართველო”, 1921 წ., 27 იანვარი). მიღებული სესხით ქვეყნის საფინანსო სისტემის განმტკიცება იყო გათვალისწინებული.

საქართველოს მრეწველობაში უცხოური ინვენსტიციის მოზიდვის კუთხით სიახლე იყო ისიც, რომ პარიზში ფრანგ მეაბრეშუმეთა სინდიკატთან – “ფერან-გენტრანი” გაფორმდა ხელშეკრულება აბრეშუმის კონცესიის შესახებ; მარსელში სავაჭრო სახლთან “შაბრიერ მორელი” დაიდო კონტრაქტი და სხვ.

უფრო შთამბეჭდავი იყო მიღწევები საგარეო პოლიტიკაში. საქართველოს ოფიციალურმა დელეგაციამ პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე მონდომებით იღვაწა ქვეყნის საერთაშორისო აღიარებისათვის. აღსანიშნავია საგარეო საქმეთა მინისტრის ე. გეგეჭკორის წარმატებული ვიზიტები ინგლისში, საფრანგეთსა და იტალიაში. აუცილებელად უნდა ითქვას იმ ძალისხმევაზეც, რომელიც ევროპის მუშათა მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა და მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის ლიდერებმა საქართველოში სტუმრობის შემდგომ თავიანთ ქვეყნებში დაბრუნებისას გასწიეს საქართველოს მხარდასაჭერად.

ცნობილია, რომ მარქსიზმის აღიარებულმა გერმანელმა თეორეტიკოსმა კარლ კაუცკიმ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საგანგებო ნაშრომი მიუძღვნა და იგი ბერლინის ერთ-ერთ გამომცემლობაში ცალკე წიგნადაც გამოსცა.

ბელგიელმა სოციალისტმა დე ბრიუკერმა ბრიუსელში წაიკითხა ლექცია “საქართველო პირველი სოციალისტური რესპუბლიკა”; საერთაშორისო მუშათა მოძრაობის ცნობილმა მოღვაწემ პიერ რენოდელმა გაზეთ “თავისუფალი საფრანგეთის” ფურცლებზე გამოაქვეყნა ვრცელი სტატია საქართველოს შესახებ (გაზ. “სახალხო საქმე”, 1921 წ., 11 თებერვალი). ინგლისურ, ჰოლანდიურ და ბელგიურ გამოცემებში საქართველოს სინამდვილის ამსახველი პუბლიკაციები დაბეჭდეს რამზეი მაკდონალდსმა, ემილ ვანდერველდემ, ჰიუსმანმა და სხვ. ამასთან, ევროპელმა სოციალისტებმა თავიანთ მთავრობებსა და პარლამენტებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იურიდიულად აღიარებისაკენ მოუწოდეს.

1921 წლის იანვრის ბოლოს ევროპის დიდმა სახელმწიფოებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე იურედ ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს.

საქართველოში აკრედიტებულმა უცხოეთის მთელმა დიპლომატიურმა კორპუსმა, როგორც ასეთ ვითარებაში ხდება ხოლმე, მილოცვის წერილები გაუგზავნა ქვეყნის ხელისუფლებას. ამ მრავალრიცხოვან მილოცვათაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საქართველოში რსფსრ სრულუფლებიანი წარმომადგენლის არონ შეინმანის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორისადმი. მასში აღნიშნულია:

“გავიგე რა გაზეთებიდან შეთანხმების სახელმწიფოთა მთავრობების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობა, ვესწრაფი, ბატონო მინისტრო, გიძღვნათ თქვენ და თქვენს მთავრობას ჩემი მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით ფრიად გულწრფელი მილოცვა ამ ამბის გამო.

რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა, ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა ხალხთა თვითგამორკვევის უფლება, მით უფრო დიდი სიხარულით ეგებება ამ ცნობას, რადგანაც ეს ნიშნავს აღიარებას რუსეთის დიდი პროლეტარული რევოლუციის მეოთხე წელზე მისი ერთ-ერთი საერთაშორისო ლოზუნგის გამარჯვებისა და უარყოფას ანტანტის სახელმწიფოთა მიერ მთლიანი და განუყოფელი შავი რუსეთის აღდგენის იდეისა” (გაზ. “სახალხო საქმე”, 1921 წ., 3 თებერვალი).

ამ წერილის შინაარსობრივ მხარეს მისი გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში კრიტიკულად გამოეხმაურა ქართული პერიოდული პრესა და მასზე ქვემოთ ვისაუბრებთ. ჯერ კი მკითხველის ყურადღებას რუსი დიპლომატის თვალთმაქცურ მოქმედებას მივაქცევ. რა თქმა უნდა, საბჭოთა ელჩი ტყუოდა, როცა წერდა, ანტანტის სახელმწიფოთა მიერ საქართველოს იურიდიულად ცნობის შესახებ “გაზეთებიდან გავიგეო”. მას ამის თაობაზე კრემლიდან დიპლომატიური არხებით მიღებული ჰქონდა სათანადო ცნობა და შესაბამისი მოქმედების ინსტრუქციაც.

მეორე: შეინმანი ცდილობდა შეცდომაში შეეყვანა და მოეტყუებინა საქართველოს ხელისუფლება, როდესც აცხადებდა, საბჭოთა რუსეთი დიდი სიხარულით ეგებება საქართველოს დე იურედ ცნობასო.

იმ ხანად თუკი რამ არ გაახარებდა ლენინსა და მის მთავრობას, ეს სწორედ მოკავშირე სახელმწიფოთა მიერ საქართველოს საერთაშორისო აღიარების ფაქტი იყო, რადგან მას შეეძლო გაერთულებინა ანდა სულაც ჩაეშალა კრემლში რამდენიმე დღის წინ საგულდაგულოდ მიღებული გეგმა. 1921 წლის 26 იანვარს თვით ლენინის მიერ დაწერილი და რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე დამტკიცებული გეგმა რუსეთის სამხედრო რევოლუციურ საბჭოსა და კონკრეტულად კავკასიის ფრონტის სარდლობას საქართველოსთან ომისთვის მზადებას ავალებდა (ვ. ლენინი, თხზ. ტ. 42, გვ. 288-289). წარმოუდგენელია, რომ ამ ყველაფრის შესახებ რუსეთის ელჩს საქართველოში არ სცოდნოდა. შეინმანი კი თბილისში მყოფ სხვა უცხოელ დიპლომატებთან ერთად საქართველოს იურიდიულად ცნობის აღსანიშნავ საზეიმო ბანკეტზეც მიბრძანდა და იმ თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს სადღეგრძელო შესვა, რომლის დასაპყრობად მისი ქვეყნის ხელისუფლებას უკვე გაემზადებინა წითელი არმიის ნაწილები.

აღსანიშნავია ისიც, რომ შეინმანის წინამორბედი ელჩი საქართველოში, ბოლშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი და რკპ(ბ) კავბიუროს წევრი ს. კიროვი ზუსტად იმ დღეებში საქვეყნოდ აცხადებდა: “Если до сих пор наши представители заверяли ноя Жордания,что его мальенкая земля,пропитанная кахетинским вином,нас ни с какой стороны не интересует,то теперь настало время указать ему,что Кавказ будеть могилой не для Советроссии,как грозит он,а для него и его сподвижников-царских генералов и жандармских полковников.Тучи сгустились.Но с того момента как разрядится гроза над Грузией засияет красная звезда”გზა.” Борьба “, 1921 წ., 3 თებერვალი).

“ზნეობრივად ბოლშევიკებისაგან საქართველოს დე იურედ ცნობა არ წარმოადგენს რაიმე მნიშვნელობას, რომელზედაც შეიძლებოდეს სერიოზული ლაპარაკი”, შენიშნავდა გაზეთ “საქართველოს” პუბლიცისტი და დასძენდა: უფრო საყურადღებოა შეინმანის მოლოცვის ბოლო ფრაზა, რომელიც კარგად ახასიათებს მოსკოვის მთავრობის ორმაგ პოლიტიკას. “საბჭოთა სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქვეყნოდ აცხადებს, რომ ძველი საზღვრების აღდგენა რეაქციონერული და შავი რუსეთის იდეა არისო. ჩვენ კი ვიცით, რომ მოსკოვის მთავრობა და მისი “მოღვაწენი” “აღდგენის” საქმეს ემსახურებოდნენ. აზერბაიჯანი და სომხეთი საუკეთესო ფაქტებია; მალული მუშაობა ჩვენში კიდევ უკეთესი საბუთია.

აქედან ცხადია, კომუნისტური რუსეთი და შავი რეაქციონური რუსეთი ერთიმეორისაგან არაფრით განირჩევიან. ეს უნდა ახსოვდეს საქართველოს დემოკრატიას” (გაზ. “საქართველო”, 1921 წ., 4 თებერვალი).

“კომუნისტური რუსეთის ე.წ. საგარეო პლიტიკაზე ზედგამოჭრილია ჩვენი ხალხის თქმულება: “სიტყვა სხვაა, საქმე სხვაა, შუა უდევს დიდი მზღვარი”, ვკითხულობთ იმავე გაზეთის სხვა ნომერში.

“სიტყვა ბოლშევიკებისა მუდამ მომაჯადოებელი და იმედის აღმძვრელი იყო. სიტყვებით ეს ხალხი ბედნიერებას გვპირდებოდა, …ხოლო საქმით სინამდვილეში საბჭოთა რუსეთის ყველა ჯურის წარმომადგენლები და აგენტები მოქმედებდნენ საქართველოს თავისუფლების მოსასპობად. …

ბოლშევიკურმა რუსეთმა მოსყიდული აგენტებითა და ტერორისტებით აავსო ჩვენი ქვეყანა და ეს სუბიექტები სხვადასხვა ტოგაში გამოხვეულები და ამოფარებულნი დიპლომატიური მისიის ექსტერიტორიალურ კედლებს თან შეიარაღებულ აჯანყებებს აწყობდენ… საქართველოსა და მის კანონიერ მთავრობის წინააღმდეგ.

…შეინმანი საჯაროდ აღიარებს, რომ საქართველოს დამოუკიდებელი არსებობა არის რუსეთის კომუნისტების საგარეო პოლიტიკის გამარჯვება და რომ ჩვენ სრულის დამშვიდებით შეგვიძლიან ვიმედოვნოთ, რუსეთის დახმარებაზე სუვერენიტეტის ფაქტიურად განმტკიცებასა და შენახვაში.

დიდი გულუბრყვი უნდა იყოს შეინმანი, თუ მართლა ჰფიქრობს, რომ ამ დეკლარაციული განცხადებით ქართველი ხალხი დაკმაყოფილდება! ან რა საჭიროა აღთქმანი და დაპირებანი?! ჩვენ გვინდა სინამდვილეში ფაქტებით დადასტურდეს რუსეთის კეთილი განწყობილება საქართველოს მიმართ! … და თუ შეინმანისა და რუსეთის სხვა წარმომადგენლების ენერგია მცირედით მაინც აქეთკენ იქნება გადახრილი, მაშინ დავრწმუნდებით დეკლარაციების ღირსებაში” (“საქართველო”, 1921 წ., 11 თებერვალი).

ეხმაურებედა რა რუსეთის ელჩის მოლოცვას, ფედრალისტთა გაზეთი “სახალხო საქმე” შენიშნავდა: “საბჭოთა მთავრობას ერთი ფრიად გამათახსირებელი თვისება დაჰყვა თან: კაცმა არ იცის, როდის აიღებს იგი იარაღს იმის წინააღმდეგ, ვისაც ხელშეკრულებით ეკვრება. ეტყობა პირობას იმიტომ სდებენ, რომ არ აასრულონ და წინდაწინვე არიან დარწმუნებულნი ამაში” (გაზ. “სახალხო საქმე”, 1921 წ., 3 თებერვალი).

ოპოზიციურმა ძალებმა პირველებმა ატეხეს განგაში რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის თაობაზე. “ბოლშევიკები ახალ ბორკილს უმზადებენ საქართველოს, რომელმაც აღარ მოისურვა თავის კისრით ველიკორუსული უღლის ზიდვა. …ისინი ბორჩალოს მაზრაში შეთქმულებას აწყობენ საქართველოს დასამხობად” – წერდნენ მათი გაზეთები.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა პრესამ იმთავითვე მიაქცია ყურადღება საბჭოთა რუსეთისა და ანგორის ქემალისტური მთავრობის საეჭვო დაახლოებას, რომელიც საქართველოსთვის დამატებითი გამოწვევა იყო. გაზეთებმა “საქართველომ” და “სახალხო საქმემ” დაბეჭდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებული დოკუმენტური მასალა, სახელდობრ ლორის ბოლშევიკური ორგანიზაციის სამაზრო კონფერენციის ოქმი, რომლის დადგენილებაში ხაზგასმულია: “მიეცეს წინადადება მესამე სარაიონო კომიტეტს, იქონიოს კავშირი ქემალისტებთან და ყველაფერი აცნობოს უეზდკომს”.

ბოლშევიკურ-ოსმალურ ალიანსს მოწმობდა იმდროინდელი ოსმალური პრესის პუბლიკაციებიც, რომელთა მიმოხილვას თავიანთ ფურცლებს უთმობდნენ ქართული გამოცემებიც. მაგალითად, გაზეთი “ბოსფორი” წერდა: “ყველა ინფორმაცია, რომელიც ბოლშევიკების საქართველოსადმი მუქარას შეეხება, ბოროტი ფანტაზიის გამოგონილია და რომ თბილისსა და მოსკოვს შორის დამოკიდებულება ნორმალურია” (“ერთობა”, 1921 წ., 22 იანვარი).

ეს “ნორმალური დამოკიდებულება” 1921 წლის 11-12 თებერვალს ღამით იმით აღინიშნა, რომ ლორეს ოლქში სომხეთის მხრიდან რუსეთის წითელი არმიის ნაწილები შემოიჭრნენ (განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას ბოლშევიკებმა “საქართველოს მშრომელთა აჯანყება” უწოდეს და იგი საბჭოთა ისტორიოგრაფიაშიც ამგვარი სახელდებით შევიდა), 14 თებერვალს კი კრემლში განკარგულება გაიცა თბილისის აღების შესახებ.

ყოველივეს მიუხედავად, რუსეთის ელჩი კვლავ არწმუნებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ არფერი იცის, და “ეს სომხეთის მთავრობის საქმეაო”. სამწუხაროდ, ნოე ჟორდანიას რამდენიმე დღის განმავლობაში ეჭვი არ შეჰქონდა რუსი დიპლომატის გულწრფელობაში და 15 თებერვალს დამფუძნებელი კრებაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნავდა: “ჩვენ გვაქვს ოფიციალური განცხადება რუსეთის წარმომადგენლისა, რომ მოსკოვი ამ საქმეში (ლორეში დაწყებულ “აჯანყებაში” – ო. ჯ.) არ ერევა, რომ ის გადაჭრით დგას 7 მაისის ნიადაგზე” (გაზ. “საქართველო”, 1921 წ., 17 თებერვალი).

ამასობაში საქართველოს გარშემო რკალი იკვრებოდა. რუსეთის სამხედრო შენაერთები მას უკვე აზერბაიჯანის, სოჭისა და დარიალის მხრიდანაც უტევდნენ. მალე არტაან-ართვინში ოსმალეთის ჯარები გამოჩნდნენ. 24 თებერვალს მიღებულ იქნა თბილისის დატოვებისა და მცხეთისკენ უკანდახევის გადაწყვეტილება. საქართველოს მთავრობა დასავლეთ საქართველოში გადავიდა.

1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დედაქალაქი XI წითელმა არმიამ დაიკავა. ბაქოში მყოფმა სერგო ორჯონიკიძემ კრემლს უდეპეშა, რომ თბილისზე საბჭოთა ხელისუფლების დროშა აფრიალდა.

ოთარ ჯანელიძე

გაზეთი 24 საათი, 25.თებერვალი, 2010 წ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: