Posted by: burusi | 24/02/2010

ირაკლი აბაშიძე – „პალესტინის დღიური“

შოთა რუსთაველი. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკა

ირაკლი აბაშიძე – Irakli Abashidze (1909 – 1992)

ნაწყვეტები წიგნიდან „პალესტინის დღიური“

24 ოქტომბერი

„ისრაელში ღამით, 24 ოქტომბერს დავეშვით.
ეს შორეული და დამქანცველი ფრენა ჩვენმა მეცნიერებმა – აკადემიკოსებმა აკაკი შანიძემ და გიორგი წერეთელმა – მშვენივრად აიტანეს. მეც – როგორც ყოველთვის…
…უძილო ღამე, მხოლოდ დილის 4 საათზე ჩაგვთვლიმა.

25 ოქტომბერი

…ჩვენ დაუყოვნებლივ, ამ დილიდანვე უნდა შევუდგეთ საქმეს…

…მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ისრაელზე არაფერი ვიცით. ჯერ ჩვენ ვდგავართ ფრანცისკანელთა კათოლიკური მონასტრის სახურავზე, მის ფართო ვერანდაზე, და გავცქერით ძველსა და ახალ იერუსალიმს.

აგერ გოლგოთა…

აგერ აღდგომის ტაძარი…

ქრისტეს საფლავი…

ომარის მიზგითი…

ელეონის მაღალი კოშკი… სიონი…

გეთსიმანიის ბაღი… ზეთისხილის მთა… შორს, მთის ძირში „მკვდარი ზღვა“.

გეთსიმანიის ბაღი ალბათ თავის დროზე, როცა აქ, გადმოცემის მიხედვით, მაგდალინელი დადიოდა, უფრო დიდი იყო, ახლა იგი პატარა სკვერსა ჰგავს მთის ფერდობზე, შიგ თეთრი მონასტერია. სულ ჩვენს ბოდბეს მოგაგონებს კახეთში.

გოლგოთა მე მთაზე მეგულებოდა. პირიქით, იგი დაბლა ჩანს. გოლგოთა, ქრისტეს საფლავი და აღდგომის ტაძარი ერთად დგას ძველ იერუსალიმში.

26 ოქტომბერი

…მივედით ჯვარის მონასტერთან, სულგანაბულნი მივადექით გალავნის დაბალ, მაგრამ უზარმაზარ ქვაბში მოთავსებულ რკინის კარებს, ზედ საბელით დაკიდებული რკინის ჩაქუჩით მივუკაკუნეთ. ცოტა ხანიც და… სადღაც შორიდან გამობმულმა მავთულმა გადასწია რკინის ურდული. გალავნის კარები გაიღო.

მე არ ვიცი, რომელი ჩვენთაგანი უფრო ვაჟკაცურად შევიდა მონასტრის გალავანში. შევედით კი სამივე.

გავიარეთ გალავანსა და მთავარ შენობას შუა მოთავსებული დერეფანი, შევუხვიეთ მარჯვნივ, გავცდით ქვით მოპირკეთებულ პატარა ეზოს და მივადექით ეკლესიის პირველ კარებს. გაგვიღეს ეს კარები და მივადექით მეორე ძველ რკინის კარებს. მოიტანეს ვეებერთელა უძველესი გასაღები, ორივე ხელით გადაატრიალეს კარების საკეტში, ეს კარებიც მძიმედ გაიღო და ესეც ჯვარის მონასტრის საყდარი! შევდგით შიგ ფეხი.

სამასი წელი მაინც იქნება, ქართველთაგან აქ არავის უგალობნია.

გაკვირვებული შემოვიდა მონასტრის ახალგაზრდა დიაკვანი ბიკენტიოსი, მოგვისმინა, მოგვაჩერდა, აგვზომ-დაგვზომა და წყანარად თქვა: მონასტრის ნამდვილ და ძველ პატრონებს დღესა ვხედავო. როგორ მოგვეწონა ეს სიტყვები ჩვენი უცნაური მღელვარების დროს. თვითონ ეს ახალგაზრდა კაციც მოგვეწონა, რომელიც, აგერ, იერუსალიმის უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტი ყოფილა…

…შევდგით ფეხი და თვალებით პირდაპირ ვეძგერეთ (შეიძლება ცოტა უხეში იყოს, მაგრამ სხვა გამოთქმა ვერ მიპოვნია) კედლის მოხატულობას, ფრესკებს, წარწერებს, ჩქარა, ჩქარა, ქართული წარწერები ძველ ქართველ მოღვაწეთა პორტრეტები! და აი, ხელმარცხნივ სვეტზე გაბრწყინდა დიდი შავი ასომთავრული, ეს ნიკიფორე ჩოლოყაშვილისეული წარწერაა. სხვა, სხვა წარწერები სადღაა? აგერ, ჩვენს ფეხქვეშ ზედ კარებში, სამ დიდ ქვაზე ქართული ასოები, შუა ქვაზე სავსებით გადალესილი საუკუნეების ნაქუსლარებით, აქეთ-იქით ქვებზე კი თითქმის გადარჩენილი. აგერ კიდევ, მაგრამ სად?… აქ ხომ, ცაგარელის ცნობითა და აღწერით, ბევრი ქართული ფრესკა და წარწერა უნდა იყოს, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებისთვის იყო შემორჩენილი, მაგრამ გამახსენდა ისევ კონჭოშვილი (რა კარგია, რომ ეს წიგნები თან წამოვიღე): „საზოგადოდ უნდა შევნიშნოთ, რომ ყველა მონასტერში, რომელიც კი დაფუძნებულია ქართველთაგან, ბერძნები სპობენ ყოველ კვალსა ქართველთა მოღვაწეობისას.“… და მოუსპიათ, მოუსპიათ კიდეც და ჩვენც „გულმწუხარედ გავხედეთ ესევითარსა მტარვალობასა.”

– დავაგვიანეთ, ასი წლით მაინც დავაგვიანეთ! – მწუხარედ ამბობს აკაკი შანიძე. ეტყობა, ამ მწველმა აზრმა სამივეს ერთად გაგვიელვა თავში.

…აკაკი შანიძე და გიორგი წერეთელი პირდაპირ დამშეულებივით მიეჭრნენ კედლებს, ფრესკებს, წარწერებს.

მე მონასტრის საყდრის ცენტრში ვდგავარ და ვათვალიერებ ირგვლივ ყოველივეს. ავცქერი გუმბათს, დავცქერი იატაკს. „იატაკი მოფენილია მოზაიკითა, ანუ ფერადის მარმარილოთი, რომელზედაც შესავალთან სტოვაში ეკლესიის კარებ წინ მოსჩანან ცხადად შავი ნიშნები – ვითარცა კვალნი სისხლისა აქ მოწყვეტილთა ქრისტეს სარწმუნოებისათვის მონაზონთა სარკინოზთაგან’’, – მაგონდება ისევ… აი ეს კვალიც, იატაკზე მოზაიკის კენჭებში მტკიცედ ჩამხმარი ქართველთ სისხლის კვალი აქა-იქ ნისლებივით ჩანს. როდინდელია? ვისია?… და ზედ ცენტრში ამ უცნაური ნისლის შუაგულში იატაკში ჩაჭედილი ლითონის დისკო შევნიშნე, ზედ ქართული, ასომთავრული წარწერით. სწრაფად გავძახე კედლების წარწერებითა და ფრესკებით გართულ აკაკი შანიძესა და გიორგი წერეთელს, ისინიც მოვიდნენ.. ამოვიკითხეთ:

„ დექით მტკიცე და შეურყევლად“…

ჟრუანტელმა ამიტანა, ამ პატარა ლითონის დისკომ თითქოს ქვემოდან ამწია და ჰაერში შემისროლა, თითქოს იატაკიდან ამოვარდა გუგუნი თავგანწირულთა მოწოდებისა, თუ მახვილდაკრულთა ხმაჩახლეჩილი ძახილი, სადღაც საუკუნეების გაღმიდან.

რით არ ჰგავს ეს ძველი ქართული ახალს: „არც ერთი ნაბიჯი უკან!”

დავდექით და ერთ ხანს მდუმარედ ვუცქირეთ ამ დისკოსა და ერთმანეთს…

საკურთხევლის წინ, იატაკზე, შესანიშნავი მოზაიკური სურათები: ფარშევანგები, თევზები…

ფრესკები უმეტესად სვეტებზეა.

რა შეცვლილა ჯვარის მონასტერში ჩვენს საუკუნეში?

ან იქნებ უმჯობესია ვიკითხოთ: რაღა გადარჩენილა ჩვენს საუკუნეში ქართული კულტურის ძეგლთაგან, ქართულ წყაროთაგან, ქართულის კვალისაგან ყოფილ ქართულ ჯვარის მონასტერში, იერუსალიმში?

აღარაფერი.

თითქმის აღარაფერი, გარდა რამდენიმე ფრესკისა და კედლის ორიოდე წარწერისა, ხოლო განთქმული ქართული ხელთნაწერების ძველი ბიბლიოთეკის ნაკვალევიც კი კვარის მონასტერში აღარა ჩანს.

ხელოვნების ეს ბრწყინვალე, უძველესი ძეგლი დღეს უპატრონოდაა მიგდებული. აქ წირვა-ლოცვა აღარ არის. მის ეზოში ახლა თეთრი ტილოს კარვები დგას და იქ გამალებით სწავლობენ სამხედრო საქმეს ისრაელის არმიის ქალთა ნაწილები. არის თოფების საკეტთა ჭახაჭუხი.

„რუსთაველის ნაკვალევზე“… კარგად მიკარნახა ეს სათაური ჩემი სტრიქონებისთვის ჩემმა წინათგრძნობამ ინდოეთში.

მივდევთ, მივდევთ „რუსთაველის ნაკვალევს“, ნუთუ ვერაფერს მივაკვლევთ, ნუთუ ვერაფერს ვანახავთ? ნუთუ აქ დამთავრდა და და გაქრა კიდეც უდაბნოს მდინარესავით მისი კვალი?
უნდა ვნახოთ, უეჭველად უნდა ვნახოთ!

28 ოქტომბერი

დღეს დილით, სანამ ჯვარის მონასტერში წავიდოდეთ, პროფესორმა ვარდიმ მიგვიწვია თავის ლექციაზე, რომელსაც იგი უკითხავს პალეტინაში ახლადჩამოსულ ახალგაზრდობას, განსაკუთრებით – ამერიკელ ებრაელებს. ახალგაზრდები დიდად დაინტერესდნენ ჩვენი მისიით იერუსალიმში და საქართველოს ისტორიის ზოგიერთი მომენტით, რომლებზეც მათ გატაცაბეთ უამბო პროფესორმა, განსაკუთრებული სიყვარულით მოუთხრო მან სტუდენტებს „ვეფხისტყაოსნისა“ და შოთა რუსთაველის შესახებ. შოთა რუსთაველის ეპოქაზე, საქართველოს როლზე პალესტინის ისტორიაში.

ვარდიმ კათედრასთან მიიწვია აკადემიკოსი გიორგი წერეთელი. დიდი გულისყურით მოისმინა ახალგაზრდობამ მისი საუბარი ინგლისურ ენაზე ქართული კულტურის შესახებ.

…ჯვარის მონასტერს ნაშუადღევს მივადექით.

აკადემიკოსი აკაკი შანიძე მაშინვე შესასვლელი კარების ზღურბლის წარწერას ჩაუჯდა.მას გადაწყვეტილი აქვს პირველ რიგში ზედმიწევნით ეს წარწერა შეისწავლოს. ამოიკითხა ახალი სიტყვა „მსგეფსს“… ჩაჰკირკიტებს შემდეგ სიტყვებს, შემდეგ ასოებს.

მე და აკადემიკოსი გიორგი წერეთელი შესვლისთანავე მარჯვენა სვეტს მივადექით. სად უნდა ყოფილიყო აქ დიდი შოთას პორტრეტი?… შემოვუარეთ სვეტს ირგვლივ, შემოვუარეთ საკურთხევლის მხრიდანაც. გიორგი წერეთელი კითხულობს ბერძნულად: „მაქსიმე აღმსარებელი“, „იოანე დამასკელი“. სწორედ აქ, აი აქ უნდა იყოს რუსთაველიც, – ვამბობთ ჩვენ. წმინდანთა შორის დარჩენილი ადგილი დღეს მთლიანად ლურჯი, შავი საღებავებითაა დაფარული, მაგრამ აი აქ, ეტყობა, რაღაც უნდა ყოფილიყო და შემდეგ შეგნებულად წაუშლიათ. კარგად ვაკვირდებით ამ ადგილს: ერთგან, საღებავის ქვეშ, რაღაც ძნელად გასარჩევი კვალია ამობურცული. ჩვენ დიდხანს შევცქერით ამ კვალს, აკაკი შანიძეც თავს ანებებს თავის საქმეს და ჩვენ გვიერთდება. სასწრაფოდ სანთელს ვანთებთ და ამობურცულ ადგილს გვერდიდან ვაშუქებთ. ამობურცული ადგილები სინათლის შუქზე გარკვეულ ჩრდილს გვაძლევენ. დაბეჯითებით, თვალმუშორებლად ვაკვირდებით სვეტის ამ ადგილს და ჩვენი მეცნიერები ხმადაბლა, დაფარული მღელვარებით მოულოდნელად კითხულობენ: „ამსა დამხატ“… „ამისა დამხატავსა“, უსათუოდ „ამისა დამხატავსა“ – ამბობს გიორგი წერეთელი, – აქაა წარწერა, ცნობილი წარწერა, მივაგენით, მე აღფრთოვანებული ვახალისებ ჩვენს მეცნიერებს ახალი და ახალი სიტყვების ამოსაკითხავად. ისინიც თვალმოუშორებლად ჩაჰკირკიტებენ სვეტს. მერე მე წარწერის ქვემოთ, მუქ ლურჯ, შავ საღებავს კარგად ვაკვირდები, აქ კიდევ რაღაც არის ამობურცული. ეს ხომ თითებსა ჰგავს, თითების ლანდს, თითების კვალს. აგერ თვალიც, ნამდვილად თვალი… აკაკი შანიძეც ადასტურებს, რომ იგი თითქოს ამჩნევს თითებისა და თვალის კვალს. გიორგი წერეთელიც ამჩნევს. თითების კვალია, თვალის კვალია, – ვადასტურებთ ერთხმად. ბერძენი ბერიც დიონისიოც გვიდასტურებს. ეს კიდევ ქუდი, ესეც მეორე ხელი… ნამდვილად მეორე ხელი.

მივაგენით. ნამდვილად მივაგენით! აქ არის რუსთაველის პორტრეტი!

და ნამდვილად რუსთაველის პორტრეტი, სხვისა არავის!

მაგრამ, რა მდგომარეობაშია ახლა იგი? კიდეც რომ გავწმინდოთ, რა დაგვხვდება შავი საღებავის ქვემოთ? ვნახავთ კი მის სახეს წაურყვნელსა და შეუბღალველს? ან როგორ შეიძლება გაიწმინდოს იგი ამ მუქ-ლურჯი, შავ საღებავისაგან ისე, რომ თვითონაც არ გაქრეს და წაიშალოს?! არა, გაწმენდა არ შეიძლება, უნდა მოინახოს სხვა რამე საშუალება, რომ საღებავის ქვემოთ გადავიღოთ იგი. ხომ არის ასეთი საშუალებანი დღევანდელ ფოტოტექნიკაში?! ხომ არიან ასეთი ფოტოსპეციალისტები? არის, არიან, უნდა ვეძებოთ, უნდა ვიშოვოთ!

ახლა ამ ბოძს მეორე მხრიდანაც მოვუარეთ, აქედანაც მივანათეთ სანთელი, აქაც რაღაც წარწერის კვალი ჩანს, მერე წინა ბოძთან მივედით, აქაც რაღაც შეიმჩნევა, დავტრიალდით, ყველა კედლებსა და სვეტს შემოვუარეთ.

მაშ ქართული წარწერები, ზოგიერთი ქართული ფრესკა სადღაც ღრმა შავ საფარველს ქვემოთ კიდევ ცოცხლობს, სულ არ გამქრალა! კარგი მახვილი თვალი მას კიდევ შეამჩნევს, ისე როგორც შავ ღამეში შორს შეამჩნიო მონასტრის თეთრი სვეტები, მათ,ამ წარწერებს,ამ ფრესკებს თითქოს ახლა სული ეხუთებათ და, ჩვენი ხმის გაგონებაზე, იშმუშნებიან, გაგუდული ხმით თვისკენ გვიხმობენ და შველასა გთხოვენ.

29 ოქტომბერი

…ისევ ჯვარის მონასტრისაკენ.

გადაწყდა: აკაკი შანიძე და გიორგი წერეთელი სასწრაფოდ ინახულებენ ისრაელის გამოჩენილ მეცნიერებს, რომელთაც ისინი ამ ზაფხულს გაეცნენ მოსკოვში ორიენტალისტთან მსოფლიო ყრილობაზე , არ შეიძლება მათ არ ჰყავდეთ ნაცნობი სპეციალისტები ძველ წარწერათა და ფერსკათა გადაღების საქმეში.

მაგრამ დღეს შაბათია. ისინიც ისვენებენ.

დღეს კვლავ ჯვარის კედლებსა და სვეტებს ვსწავლობთ.

როგორც ჩანს, მაქსიმე აღმსარებელსა და იოანე დამასკელსაც ქართული წარწერები ჰქონიათ. ეს წარწერებიც ახლა გულმოდგინედაა წაშლილი. ასევე, ეტყობა, პეტრე და პავლე მოციქულებსაც ჰქონიათ ქართული წარწერა ოდესღაც. ხოლო გიორგი და ექვთიმე მთაწმინდელების ფრესკებზე უფრო აშკარად გავარჩიეთ: „გიორგი ქართველი“, „ექვთიმე ქართველი“, საკურთხევლის კარებზე კი, ზედა ჩარჩოზე, ჩანს, ვერ შეუნიშნავთ და მშვენიერი მოოქროვილი ასოებით დარჩენილა წარწერა ლეონ დადიანისა და მისი მეუღლის მოსახსენებლად.

ჩვენი მეცნიერები მთელი დღის განმავლობაში შეუნელებელი ინტერესით ჩაჰკირკიტებენ, კითხულობენ, სწავლობენ ამ ძვირფას ქართულ სიძველეებს.

4 ნოემბერი

გამოიდარა. თბილი დილა გათენდა. ცხრა საათზე მოიტანეს რუსთაველის ფოტოსურათის ანაბეჭდი, რომელიც საგანგებოდ შერჩეულმა ფოტოგრაფმა გადაიღო გუშინ. არა, არაფერიც არ გამოსულა. შავ ფონზე რაღაც უსახური ნაკვალევი!

5 ნოემბერი

დღეს ისევ შაბათია. შაბაში.

ისევ მოკვდა გუშინ მზის ჩასვლისას ქალაქი.

ეს ერთი კვირა ერთი მძიმე კვირათაგანია ჩემს ცხოვრებაში.

გულში კი მაინც, არ ვიცი რის გამო, შეიძლება იმის გამო,რომ მდგომარეობას სათანადო ღრმა ანალიზს ვერ ვუკეთებ, იმედის კი არა, სიხარულის ნაპერწკალი ღვივის, და თითქოს ნიავს უცდის ასაფეთქებლად.

არ შეიძლება ყველაფერი ასე დამთავრდეს. ჯერ დრო კიდევ არის. რუსთაველის სურათი მინიშნებულია ზუსტად და ნამდვილად, იგი, ეტყობა, გადაფხეკილი არაა, მას მხოლოდ შავი საღებავი აქვს გადაფარებული, ისე როგორც მთელ მის ბიოგრაფიას. როგორი სიმბოლურია ჯვარის მონასტრის რუსთაველის პორტრეტის ისტორიაც, არა ჰგავს იგი თვით რუსთაველის ბიოგრაფიას? ხომ სულ ერთია, ბოლოსდაბოლოს რომელმა სამღვდელოებამ მოუნდომა მას მოსპობა?

თვითონ ჩვენივე ძალებით უნდა მივაღწიოთ ყველაფერს. ასეთია ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება.

მე და გიორგი წერეთელი ვასველებთ წყალში ტილოს ნაგლეჯს და მთელის ძალღონით ვცდილობთ რაიმე დავაკლოთ რუსთველის შავ საღებავს.

ოფლს ვიწმენდთ და ერთმანეთს ვენაცვლებით.

არავითარი შედეგი, შავი საღებავი ლითონივით მტკიცეა.

6 ნოემბერი

კვირაა.

ადრიანად მივდივართ საქმეზე.

მონასტრის კარებს გვიღებს ბიკენტიოსი, დღეს მისი უქმე დღეა.

ვეკვეთეთ რუსთაველის შავ საღებავს ახალი საშუალებებით, რომლითაც დღეს უკვე აღჭურვილები ვართ ფრესკების წმენდის სპეციალისტებისაგან.

გამოდის, გამოდის… მოჰკიდა ხელი შავ სუდარას, ქიმიურად შლის, ნელ-ნელა, ძლივს სულ უფრო და უფრო იწმინდება რუსთაველის წითელი ტანსაცმელი. მაგონდება სტრიქონები: „გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი“… მივყვებით მაღლა, სულ მაღლა. გამოჩნდა თეთრი წვერი, ერთმანეთს ვენაცვლებით, ვღელავთ, ვფუსფუსებთ. სახეს რომ მივუახლოვდით, ვცდილობთ ზედმეტი ძალა არ დავატანოთ მარჯვენას, ერთმანეთს ვაფრთხილებთ, ალერსით, მსუბუქად ვწმენდთ, გვეშინია თვით რუსთაველის პორტრეტზეც არ ვიმოქმედოთ. სასწაულია, რუსთაველის სურათის ფერებს არაფერი ეკარება, თუ რუსთაველის სურათის ფერები არ იკარებს არაფერს, იწმინდება და ანათებს ისე, როგორც ოდესღაც უნათებია.

ნაშუადღევი, 6 ნოემბერი

ვაშა, გამოჩნდა, გამოჩნდა, დიდებული სახე ბრძენი მოხუცისა! ამაყი, მაგრამ ღრმად კაეშნიანი… თითქოს ნაცნობი სახე, საოცრად ნაცნობი სახე…

მთელ სვეტზე აღმართული წმინდანების: იოანე დამასკელისა და მაქსიმე აღმსარებლის- ფერხთა შორის დგას იგი, ხელაპყრობილი.

„ამისა დამხატავსა შოთასა შეუნდვეს ღმერთმან ამინ“. ხოლო ქვემოთ პორტრეტზე „რუ-სთვლი“. თეთრად გამოანათა მსხვილმა ქართულმა ასომთავრულმა.

ჩვენ გადავეხვიეთ ერთმანეთს.

რა დიდებული მხატვრობაა!

აწ ვეღარსად დაგვეკარგება. ვერავინ წაშლის ჯვარის მონასტრის შოთა რუსთაველს. იგი ჩვენია დღეს, ჩვენს ხალხს ეკუთვნის!


Responses

  1. neta sadme sheidzleba am wignis yidva?


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: