Posted by: burusi | 21/02/2010

გიორგი ბერუჩაშვილი – “GAP – ნაპრალი, ანუ მეცნიერები და პოლიტიკოსები სხვადასხვა პლატფორმაზე“

წინაპრები - Ancestors, მხატვარი ალექს ბერდიშევი

გიორგი ბერუჩაშვილი – Giorgi Beruchashvili

GAP – ნაპრალი, ანუ მეცნიერები და პოლიტიკოსები სხვადასხვა პლატფორმაზე

არათუ განვითარებად ქვეყნებში, არამედ მსოფლიოს განვითარებულ ნაწილშიაც, რომელ ხალხთა ენაზეც არ უნდა საუბრობდეს მეცნიერები და პოლიტიკოსები, ისინი მაინც სხვადასხვა ენაზე საუბრობენ.

ამდენად, პრობლემა გლობალურია და მიუხედავად ამისა, ქართულ სამეცნიერო-პოლიტიკური სივრცის სუბიექტთა შორის არსებული, რბილად რომ ვთქვათ, დაძაბული მდგომარეობა, გარდამავალი ეკონომიკის ფაზაში მყოფი ქვეყნის ობიექტურ სირთულეთა კატეგორიას არ განეკუთნება. ამგვარი ვითარება მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ხელისუფლებისა და მეცნიერების ურთიერთობის საკითხებში თანამედროვე ცოდნისა და გამოცდილების დეფიციტით. თანამედროვე (გალილეის შემდგომი) მეცნიერების ისტორიის, განვითარების ტენდენციების და სოციალური ფუნქციის ქართველი მკვლევარები განმარტავენ, რომ ცოდნა იმის შესახებ, რომ “სამეცნიერო საზოგადოების” და “პოლიტიკოს-ადმინისტრატორთა თემის” იდეალები, ფასეულებათა სისტემები, შემეცნებითი სტრუქტურები, კომუნიკაციური სისტემები და სამოქმედო ორიენტირები დიდწილად საპირისპიროა, ქართულ სამეცნიერო-პოლიტიკურ სივრცეში ჯერ ახალფეხადგმულია. მით უფრო საზოგადოებრივ ცნობიერებაში. განვითარებულ ქვეყნებში ამ წინააღმდეგობათა დაძლევა XX საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო და შედეგის მისაღწევად ორივე სუბიექტისაგან დიდი ძალისხმევა მოითხოვა. პოლიტიკოსთა მხრიდან მეცნიერებით დაინტერესება პრაგმატული მოსაზრებებითაა ძირითადად განპირობებული. ,,სუფთა” (თეორიული) სამეცნიერო საქმიანობა მათ, როგორც წესი, ნაკლებად აინტერესებთ. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის სრულფასოვანი ჩართვის ამოცანა, სრულფასოვან პოლიტიკოსებს, ამგვარი ჩართვა/ინტეგრაციისათვის აუცილებელ პირობებზე ზრუნვას – ქვეყანაში კონკურენტუნარიანი (ექსპორტუნარიანი) პროდუქციის წარმოების ხელშემწყობ გარემო-პირობების შექმნას ან არსებულის გაუმჯობესებას კარნახობს. კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნა კი თანამედროვე მსოფლიოში მხოლოდ მეცნიერთა და ინჟინერთა ერთობლივი, ინტენსიური სამეცნიერო შემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვისა და უნარიანი წარმართვის პირობებშია შესაძლებელი. მეცნიერებატევადი და რესურსტევადი, მრავალწლიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ეს პროცესი, სათანადო ორგანიზებასა და მართვას საჭიროებს. ამიტომაც, განათლებისა და მეცნიერების სახელმწიფო პოლიტიკის თანამედროვე გაგება ერთი მხრივ, ქვეყნის სამრეწველო-სამეურნეო სტრატეგიისა და მეორე მხრივ _ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული, უმაღლეს-ტექნიკური, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სამოქმედო გეგმების ამ სტრატეგიასთან შეთანხმება/შეთანწყობას გულისხმობს, გარე და შიდა პოტენციალურ ინვესტორთა დაინტერესების სათანადო პირობების შექმნით. სხვა სიტყვებით _ ინოვაციურ სტრატეგიას სახელმწიფო გეგმავს. საზოგადოება კი ახორციელებს. კერძო ინვესტორი, სამთავრობო სტიმულირების გარეშე, მეცნიერების და მომავლის ტექნოლოგიების განვითარებაში ფულს არ ჩადებს. მით უფრო, ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასების უწყვეტი ზრდის პირობებში.

საინოვაციო განვითარებაში სახელმწიფოს როლზე მრავლისმეტყველია ის, რომ 2000 წ. ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოთა ლისაბონის შეხვედრამ, სათავე დაუდო ახალ სტრატეგიას, რომელიც მეტი სამუშაო ადგილების შექმნისა და კეთილდღეობის ზრდის უმთავრეს მექანიზმად ევროპის ინოვაციური გზით განვითარებას გულისხმობს. ამ მიჯნიდან დაიწყო ევროპის საინოვაციო განვითარების ახალი ეტაპი, რომელიც ლისაბონის სტრატეგიითაა ცნობილი. ევროპული საინოვაციო სისტემა, დაგეგმვისა და მართვის თვალსაზრისით, სამდონიანია:
ევროგაერთიანების საინოვაციო სისტემა, რომელიც მოიცავს ყველა წევრ და კანდიდატ სახელმწიფოთა ეროვნულ სისტემებს და აგრეთვე ევროპულ კვლევით ცენტრებსა და საწარმოებს.
თითოეული ქვეყნის საინოვაციო სისტემები.
რეგიონალური (ოლქების, პროვინციების) საინოვაციო სისტემები. თითოეული დონე განიხილება, როგორც მართვის განსაკუთრებული ობიექტი, რომლის განვითარება, მართვის სათანადო ორგანოების მიერ შემუშავებული პოლიტიკის საფუძველზე ხორციელდება.

ხელისუფლების პოზიციას ლისაბონის სტრატეგიისა და ,,მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების“ კანონით (მიღებულია 1994 წ.) გათვალისწინებულ სახელმწიფო-სამეცნიერო პრიორიტეტთა მიმართ, მკაფიოდ წარმოაჩენს ,,მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო პრიორიტეტების და მათი განხორციელების სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) ნუსხის” (კანონის მე-5 მუხლის “ბ” პუნქტი), ეკონომიკური განვითარებისა სამინისტროს და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სტრუქტურაში საინოვაციო განვითარების ფუნქციის მატარებელი სტუქტურის და საერთოდაც ქვეყნის საინოვაციო განვითარების ეროვნული გეგმის არ არსებობა; აგრეთვე მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეთა საჯარო განცხადებები: ,,ინოვაციები საქართველოსთვის ფუფუნებაა”.

მეცნიერთა და პოლიტიკოსთა პოლარიზაციის დონეს, სადღეისო საქართველოში ის ფაქტორიც განაპირობებს, რომ ახლადმოვლენილი პოლიტიკოსები ხელაღებით უარყოფენ ქვეყანაში არსებულ სამეცნიერო პოტენციალს, მისი საბჭოური წარმომავლობის არგუმენტაციიდან გამომდინარე. ნათქვამის დასტურად, ვფიქრობთ, მასმედიაში ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ წერილებისა და ინტერვიუთა შინაარსის ანალიზიც საკმარისია (მაგ.: 28.11.2008 გაზეთ “24 საათში” გამოქვეყნებული ინტერვიუ; http://www.liberali.ge/node/91, სინამდვილის განsჯადოება-ქართული მეცნიერების წარსული აწმყო და მომავალი). ჩვენი კომენტარი: საბჭოთა პერიოდის საქართველოს სამეცნიერო მემკვიდრეობის რამდენადმე ობიექტური შეფასება, ერთეულ მეცნიერთა ძალისხმევით შეუძლებელია. ცნობილია, რომ ამ მემკვიდრების შესწავლა-შეფასების მიზნით რამდენადმე სოლიდური სამეცნიერო კონფერენცია ჯერაც არსად არ გამართულა. ამდენად, ამ მემკვიდრეობის შეფასების ურთულეს – სამომავლო ამოცანაზე საუბრისას, გარკვევით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ:
ა) გარდაუვალ საკაცობრიო ღირებულებებთან წინააღმდეგობაში არ მყოფი, ნებისმიერი პოზიტური გამოცდილების გამოყენება გონივრულობის ძირითადი საზომია.
ბ) დამოუკიდებლობა გამოცხადებულ საქართველოში ძველ სტერეოტიპთა ახლით ჩანაცვლების პრაქტიკა, საზოგადოებრივი ცნობიერების პროგრესს კონკრეტულს ვერაფერს შესძენს.

როგორ მივაღწიოთ მეცნიერებსა და პოლიტიკოსებს შორის ურთიერთგაგების სათანადო ხარისხს? როგორ გამოვიმუშაოთ საერთო მიდგომები? როგორ გავინაწილოთ პასუხისმგებლობები?

ამ საკითხთა სისტემური შესწავლის მიზნით, 1999წ. UNESCO-მ და ICSU-მ (საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო) ქ. ბუდაპეშტში ჩაატარა პირველი მსოფლიო სამეცნიერო კონფერენცია, რომელზედაც მიღებული იქნა “დეკლარაცია მეცნიერებისა და სამეცნიერო ცოდნის გამოყენებაზე”. დეკლარაციაში გამოცხადებულ მიზნების განხორციელებისათვის უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიამ ამ ორგანიზაციებთან პარტნიორობით დააფუძნა ბუდაპეშტის მსოფლიო სამეცნიერო ფორუმი ერთიანი სახელწოდებით – “მეცნიერება, ცოდნა, საზოგადოება”. 2003წ. გამართული ფორუმი ფიკუსირებული იყო ცოდნისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების საკითხებზე. შემდგომი (2005წ.) გამართული ფორუმის თემა გახდა – “ცოდნა, ეთიკა, პასუხისმგებლობა”. მსოფლიო სამეცნიერო ფორუმის ემბლემაა – ხიდი. მთავარი სიტყვა, რომელიც დომინირებდა მომხსენებელთა გამოსვლებში – Gap. მისი ქართული შესატყვისებია: ნაპრალი, წყვეტა, სიღრმისეული წინააღმდეგობა.

რუსეთის ფედერაციის სამეცნიერო საზოგადოების ყოველკვირეული გაზეთის მიმომხილველი, ნატალია ბულგაკოვა, ბუდაპეშტის მსოფლიო სამეცნიერო ფორუმის მასალების გაშუქებისას ამბობს, რომ ამჟამად რუსეთში პოპულარულია გამოთქმა, რომ “არ არსებობს აკადემიური ან საუნივერსიტეტო, რეგიონალური ან ცენტრალური მეცნიერება – არსებობს მხოლოდ მეცნიერება”. მისი აზრით, ამ დეფინიციის მომხრენი ცდილობენ შექმნან “კანონიერი” საფუძველი (აღიარებულ სამეცნიერო ცენტრებთან-გ.ბ.) შედარებით დაბალი დონის რეგიონალურ სამეცნიერ-კვლევით მიმართულებათა სახელმწიფო მხარდაჭერის შემცირება-შეწყვეტის მიზნით. აქ ფორუმზე _ განაგძნობს ნ. ბულგაკოვა, მრავალ მომხსენებელთა გამოსვლებში ისმოდა შეშფოთება დედამიწის სხვადასხვა რეგიონებში (პროდუქციის) მწარმოებლურობის, სამეცნიერო ცოდნის და ტექნოლოგიების დონეთა შორის ამჟამად არსებულ, მკვეთრ განსხვავებებზე. ფორუმის მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ არსებული ნაპრალი ფართოვდება და უფსკრულად გადაქცევის საშიშროებას ქმნის. ამიტომაც, ამ საკითხშიაც აუცილებლობას წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერთა და პოლიტიკოსთა ძალისხმევის გაერთიანება. არავის, დასძენს ჟურნალისტი, არ მოუვა თავში აზრი რეგიონალური მეცნიერებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის შეწყვეტის თაობაზე იმ მოტივით, რომ იგი ჯერ კიდევ განუვითარებელი და სუსტია. მეცნიერების აღიარებული ცენტრების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ მდგრადი მსოფლიო სტაბილურობის შენარჩუნება უმაღლესი რიგის ამოცანაა – გვიზიარებს იგი ფორუმის მონაწილეთა აზრს. დავფიქრდეთ თუ რა ვითარება გვაქვს ამ მხრივ დღევანდელ საქართველოში.

ფორუმის პარალელურად, სამეცნიერო ჟურნალიტთა მსოფლიო ფედერაციამ ჩაატარა სესია თემაზე “სამეცნიერო ჟურნალისტთა ეთიკა და პასუხისმგებლობა”. ითქვა, რომ სამეცნიერო ჟურნალისტი ახალი ცოდნის, მწარმოებელ-მეცნიერიდან საზოგადოებაში გადამტანი (გამტარი) სუბიექტია. პოლიტიკოსებიც ხომ საზოგადოების ნაწილია. ამიტომაც, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად წარმატებით გაართმევს ჟურნალიტი თავს ამ ამოცანას, დამოკიდებულია მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა სიმწიფე და გადაწყეტილებებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება. სამეცნიერო ჟურნალისტი სამეცნიერო ინფორმაციას “თარგმნის” ფართო მკითხველთათვის ადვილად გასაგებ ენაზე. მეცნიერი კმაყოფილდება, რომ ინფორმაცია მისი აღმოჩენისა თუ გამოგონების შესახებ იყოს ნამდვილი. მკითხველისათვის კი მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი ინფორმაცია ინტერესით იკითხებოდეს.

გიორგი ბერუჩაშვილი

წყარო: The Polity News


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: