Posted by: burusi | 21/02/2010

ამილახვრები

ამილახვართა ღერბი

ამილახვრები – Amilakhvari

ამილახვრები ქართლის სამეფოში მსხვილი სათავადოს, საამილახოროს მფლობელები იყვნენ. მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს ფეოდალური საქართველოს პოლიტიკურ, სამხედრო და კულტურულ ცხოვრებაში.

ამილახვრების გვარი წარმომდგარა ამილახორის სამოხელეო თანამდებობისაგან. ამილახორი არაბულად საჯინიბოს ამირას, მეჯინიბეთუხუცესობას ნიშნავდა (არაბ. ამირ ახურ – საჯინიბოს ამირა). “ვეფხისტყაოსანში” ტახტზე ასული თინათინი, საბოძვარს რომ გასცემს, ასე მიმართავს ერთგულ ყმას: “ამილახორო, მოასხი რემა ჯოგი და ცხენია.” ის იყო გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო აპარატის სამხედრო უწყების მოხელე – ამირსპასალარის თანაშემწე, სავაზიროს წევრი სათათბირო ხმით. მისი ხელქვეითი მოხელენი იყვნენ მეაბჯრეთუხუცესი და მეჯინიბეთუხუცესი. დარბაზობის დროს ამილახორი პატივით მეჭურჭლეთუხუცესთან და მსახურთუხუცესთან იყო გათანაბრებული. საქართველოს სამეფოს პოლიტიკური დაშლის (XVI ს.) შემდეგ ამილახორი ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და, როგორც წესი, გორის მოურავიც იყო. ამ მემკვიდრეობითი თანამდებობის სახელწოდებიდან წარმოიშვა ახალი გვარი ამილახვარი.

ამილახვარი უძველესი წარჩინებული გვარია ფეოდალურ საქართველოში. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ამილახვრების გვარის გენეალოგიას უძველეს თავადურ გვართან – ზედგენიძესთან (ზევდგინიძეები) მივყავართ. ამილახვრების სათავადოს საფუძველი ჩაეყარა XIV საუკუნის დამდეგს. ამ გვარმა აღზევება დაიწყო XIV საუკუნიდან, როცა მდინარეების რეხისა და მეჯუდის სანაპირო ტერიტორიაზე დამკვიდრდა. გადმოცემის თანახმად, იოთამ ზედგენიძემ შემთხვევით გაიგო, რომ მეფის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა. მან შესთავაზა გიორგი VIII-ს, რომ იმ ღამეს თავად დაწვებოდა მეფის ლოგინში, ხოლო რომ მოკლავდნენ, არ დაევიწყებინა მისი შვილები. მეფემ მიიღო იოთამის რჩევა. შეთქმულებს მეფის ლოგინში მყოფი იოთამ ზედგინიძე მეფე ეგონათ და მოკლეს იგი. გიორგი VIII-მ დამნაშავენი დასაჯა, ხოლო იოთამის უფროს ვაჟს “მიუბოძა ციხენი და მამულნი და სპასპეტობა ქართლისა, მოურაობა გორისა და სასაფლაო სამთავისი და კარისა თვისისა ამილახორობა მსახურებისათს მამისა მისისა”. ეს ისტორიული ფაქტი ამილახვრების ღერბში ცენტრალურ ალაგზეა განთავსებული.
რომელსაც იოთამ ზედგენიძის შთამომავლები ატარებდნენ. XV-XVI საუკუნებში სათავადოს მფლობელნი ზევდგინიძე-ამილახვრებად იწოდებოდნენ, XVII საუკუნიდან კი ამილახვრებად.
ამილახვრები ფლობდნენ საამილახოროს სათავადოს. ახალდაბის ციხე, შიომღვიმის და სამთავრისის მონასტრები მათ საგვარეულო მფლობელობაში შედიოდა. ჰქონდათ აგრეთვე საგვარეულო სასახლეები, ხელისუფლების ინსიგნიები და ოთხი საომარი დროშა, რომელთაგან ერთი – “ამილახვრიანთ საომარი დროშა” დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში და დაახლოებით XV საუკუნით თარიღდება.
ამილახვრები ფეოდალური ქართლის თვალსაჩინო პოლიტიკური, სამხედრო და კულტურის მოღვაწენი იყვნენ. სათავადოს უფროსი – ამილახორი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი დიდებული თავადი იყო. მისი შვილები, ამილახვრისშვილებად იწოდებოდნენ და, საგვარეულოს სხვა წევრებთან ერთად, მეორე და მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ. სათავადოს უფროსი, ჩვეულებრივად, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავიც იყო. სხვადასხვა დროს ამილახვრებს ეკავათ ეშიკაღასბაშის, ბოქაულთუხუცესის, ყორჩიბაშის, მოლარეთუხუცესისა და სხვა თანამდებობები.

ზედგინიძე-ამილახვართა სახლის განშტოებები იყო: გურამიშვილები და ტუსიშვილები კახეთში, ხიდირბეკიშვილები სამცხესა და შიდა ქართლში, და ემუხვარები აფხაზეთში.

უძველესი ისტორიული წყაროდან ვიგებთ, რომ გორის მოურავი იყო ავთანდილ I ზედგენიძე, რომელიც დასახელებულია მეფე ალექსანდრე დიდის 1425 წლის სიგელში. საუკუნეების მანძილზე ამილახვრებს მემკვიდრეობით გადაეცემოდათ სადროშოს სარდლობა და გორის მოურავობა.

XVI საუკუნის შუა წლებში მოიხსენიება ქართლის დიდებულად ბარძიმი, რომელიც ქართლის მეფე სიმონ I-ის წინააღმდეგ გამოდიოდა და მხარს უჭერდა კახთა მეფე ალექსანდრე II-ს, რომელსაც მისი ასული თინათინ ამილახვარი ჰყავდა ცოლად. 1578 წელს, როცა ოსმალებმა თბილისი აიღეს, ბარძიმ ამილახვარი ვახტანგ მუხრანბატონთან და ქსნის ერისთავ ელიზბართან ერთად ოსმალთა სარდალ მუსტაფა-ლალა-ფაშასთან გამოცხადდა და მორჩილება აღუთქვა, რითაც ქართლი განადგურებისგან იხსნა. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, სიმონ I-მა ბარძიმი შეიპყრო, მაგრამ დედოფლის თხოვნის შემდეგ გაათავისუფლა. სამაგიეროდ, ჩამოერთვა გორის მოურავობა და მამულების ერთი ნაწილი. ბარძიმის შვილიშვილი თამარ ამილახვარი მოგვიანებით შაჰ-აბასის ცოლი გახდა. თავადი ამილახვრები იყვნენ “პატივცემული მეფეთაგან მთავრობით, ვითარცა აჩენს გუჯარნი მათნი”. მათ დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.

ამ გვარის ისტორიიდან აღსანიშნავია გივი იოთამის ძე ამილახვარი, რომელიც ქართლ-კახეთის სამეფოს ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, საამილახოროს მთავარი, სადროშო ზემო ქართლის სარდალი და გორის მოურავი იყო. მას ცოლად ჰყავდა ვახტანგ V შაჰნავაზის ასული თამარი.

გივი ამილახვარი გარკვეული დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა ირანში. 1726 წელს მისი გავლენის წყალობით თბილისის სიონის ტაძარი გადაურჩა მეჩეთად გადაკეთებას. მიტროპოლიტ დომენტის ცნობით, “ამის შემდეგ შვილიშვილთა დაუვიწყებლად იხსენიება პატივსაცემად გივის სახელი. ყოველწლიურად სიონის ეკლესიაში ჟამს სწირავდნენ”.

1744 წელს შაჰმა ქართლის მეფე თეიმურაზ II-ს დამხმარედ 4 ათასი კაცი გამოუგზავნა და დაავალა, შეეპყროთ გივი ამილახვარი, რომელიც სურამის ციხეში იყო გამაგრებული. რამდენჯერმე სცადეს მისი აღება, მაგრამ ამაოდ. დედოფალ თამარის მიბრძანების შემდეგ ამილახვარი ციხიდან გამოვიდა და შემორიგებას დასთანხმდა. შაჰმა მაინც არ აპატია თავადს და ბრძანა მისი ირანში წარგზავნა, სადაც ფორმალურად მუსულმანობა მიიღო. საკმაოდ დიდ თანამდებობაზე იგი შაჰ-ყული-ხანის სახელით განაგრძობდა მოღვაწეობას. შემოსავლის უმეტეს ნაწილს მეფეს და ქართველ დიდებულებს უგზავნიდა.

შაჰის გარდაცვალებით ისარგებლა თავადმა ამილახვარმა, შეკრიბა ირანში მყოფი ქართველები, შეურიგდა კახეთის ბაგრატიონებს და დაიბრუნა ძველი მდგომარეობა სამშობლოში. პაპუნა ორბელიანი ასე ახასიათებდა: “იყო მდიდარი და დიდებული კაცი, ყოველგან სახელგანთქმული, მნახავთათვის სასიამოვნო, დიდის დიდებითა და გამოჩენით… სიბრძნით და მხნედა ქცევით თვისთა”.

თავადი გივი ამილახვარი დაკრძალულია შიომღვიმის მონასტრის, მის მიერვე აღდგენილ ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში. მისი მეუღლე იყო ბანგუა ორბელიანი, რომელთანაც ოთხი ვაჟი შეეძინა.

ერეკლე II-ის პოლიტიკას მისი თანამედროვეების გარკვეული ნაწილი არ იზიარებდა. ამიტომ მეფის წინააღმდეგ ხშირად ხდებოდა აჯანყებები. ერთ-ერთ ასეთ შეთქმულებაში, რომელსაც პაატა ბატონიშვილი ხელმძღვანელობდა, მონაწილეობას იღებდნენ სახლთუხუცესი დიმიტრი ამილახვარი და მისი 15 წლის ვაჟი ალექსანდრე, რომლებიც სასტიკად დასაჯეს. ალექსანდრე ამილახვარი დააპატიმრეს, ცხვირი მოჰკვეთეს და ფეხის ძარღვი გადაუჭრეს. მამამისს კი ყმები და მამულები ჩამოართვეს. 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, ერეკლემ ეკატერინე II-ს თავისი მოწინააღმდეგეების შეპყრობა სთხოვა. ალექსანდრე დააპატიმრეს და ვიბორგის ციხეში ჩასვეს. 1802 წელს, ამნისტიით გათავისუფლებული, სამშობლოსკენ მომავალი, ასტრახანში გარდაიცვალა. თავად ამილახვრის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მოცემულია მისსავე თხზულებაში “გეორგიანული ისტორია”, რომელიც ავტორისავე სიცოცხლეში პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოიცა. პოლიტიკურ ტრაქტატში “ბრძენი აღმოსავლეთისა” თავადი აყალიბებს თავის მოსაზრებას სახელმწიფოებრივ მოწყალებაზე, აგრეთვე, აღწერს იმ პერიოდის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას, სადაც უარყოფითად აფასებს ერეკლე II-ის პოლიტიკას.

თავადაზნაურთა ერთი ნაწილი თვლიდა, რომ “მეგობრული ხელშეკრულების” მიუხედავად, გეორგიევსკის ტრაქტატი დიდ საშიშროებას უქმნიდა ქვეყნის სუვერენობის შენარჩუნებას. 1832 წლის შეთქმულება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა XIX საუკუნის პირველი ნახევრის ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. ეს იყო პროგრესული ძალების სერიოზული ცდა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის. თავადი ბარძიმ და თეიმურაზ ამილახვრებიც ამ აჯანყების მონაწილენი იყვნენ. მათ ვერ მოახერხეს ჩანაფიქრის განხორციელება, რადგან იასე ფალავანდიშვილმა შეთქმულება გასცა. იმპერატორ ნიკოლოზ I-ის განკარგულებით, მთავრობის საგანგებო კომისია შეუდგა საქმის გამოძიებას. აჯანყებულები ავლაბრის ყაზარმებში დაატუსაღეს. პატიმრები ღირსეულად იქცეოდნენ – ყოველმხრივ ცდილობდნენ, დაეფარათ თანამზრახველები. ალექსანდრე ამილახვრის ნაამბობიდან ვიგებთ, რომ მათ საშინლად ეპყრობოდნენ. თვეების განმავლობაში მხოლოდ წყალზე და პურზე ჰყავდათ. არსებობს საარქივო მასალა, სადაც თეიმურაზ ამილახვარი უარყოფს ბარძიმისა და სხვათა მონაწილეობას და ამტკიცებს, რომ ისინი მეფის ერთგულნი იყვნენ. იგი შეახვედრეს თავის მეუღლეს, სალომე ფავლენიშვილს, რომლის მოკვლითაც ემუქრებოდნენ თავადს, თუ ჩვენებას არ შეცვლიდა. თავადი ამილახვარი მოგვიანებით იხსენებდა: “წელსა 1832 დეკემბრის 17-ს დამიჭირეს. ცხრა თვეში მზეც არ მინახავს, კლიტები გვედო კარებზედ”. 1834 წლის 10 დეკემბერს ყველა ბრალდებული გაასამართლეს თბილისში “სამხედრო წესდების” მიხედვით. მათ სიკვდილი მიესაჯათ. მთავარმართებელმა როზენმა პეტერბურგში გაგზავნა მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქების შესახებ. სენატმა მსჯავრდებულნი შეიწყალა და სასჯელი რუსეთში გადასახლებით შეუცვალა. თეიმურაზ ამილახვარი ციმბირში გარდაიცვალა. მას და სალომე ფავლენიშვილს დარჩათ ორი ქალიშვილი – ელისაბედი და ეკატერინე და ერთი ვაჟი – ივანე (იოანე), რომელიც მომდევნო პერიოდში დიდ ზეწოლას განიცდიდა მთავრობის მხრიდან, რადგან რეპრესირებული ოჯახის შვილი იყო. ასევე წინააღმდეგობა შეხვდა თავადაზნაურთა საკრებულოში, ვინაიდან რუსეთის იმპერია ეწინააღმდეგებოდა, დაემტკიცებინა მისთვის თავადის ტიტული, რაც მემკვიდრეობით ეკუთვნოდა.

ივანე ამილახვრის ნათლია გახლდათ სამეგრელოს მთავარი დავით დადიანი, რომელიც ჩაერია ამ საქმეში და 1850 წელს გაიცა შესაბამისი მოწმობა ივანე ამილახვრის სახელზე, რის შემდეგაც მისი გვარი შეიტანეს “თავადთა გვარშთამოების წიგნში”. თავად ამილახვართა საგვარეულო სასახლე იდგა გორის მაზრის სოფელ ჭალაში, მაგრამ დროებით ივანე ამილახვარმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და კასპში დასახლდა. მან სამხედრო სამსახურში დაიწყო მუშაობა. მისი მეუღლე იყო ნინო ივანეს ასული. ამ ქალბატონის გვარი არქივში მითითებული არ არის. მათ რვა შვილი შეეძინათ: სალომეა, ალექსანდრა, გიორგი, თეიმურაზი, სემირამიდა, ბარბარე, მარიამი და კონსტანტინე. თავად ივანე დაკრძალულია სამთავისის საგვარეულო ეკლესიაში.

გვარში დარჩენილი გადმოცემით, როცა საქართველოში ჩამობრძანდა რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II, საქართველოს თავადაზნაურობამ დიდი შეხვედრა მოუწყო. პროტოკოლის მიხედვით, მეფის უკან, ყოველ საფეხურზე, განსაზღვრული იყო ადგილი თითოეული წარჩინებული გვარის წარმომადგენელთათვის. თავადი ამილახვრები პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდნენ. ადგილი შესამჩნევად ცარიელი დარჩა, რაც თავად იმპერატორმაც შენიშნა. ამ ფაქტის გამო მათ რუსეთის მეფის კარზე თავადის წოდებით აღარ მოიხსენიებდნენ. ივანე ამილახვრის შვილიშვილი ლევანი ძლივს გადაურჩა თბილისის გიმნაზიიდან გარიცხვას. მოგვიანებით ქართველ დიდგვაროვანთა მოთხოვნით თავადმა ამილახვრებმა დაიბრუნეს პირვანდელი მდგომარეობა.

მაგრამ დადგა ჯერ 1917, შემდეგ 1921 წელი. თავადმა ამილახვრებმა ქართველ დიდგვაროვანთა ბედი გაიზიარეს. მათი საგვარეულო სასახლე საშუალო სკოლად გადაკეთდა. ჩამოართვეს მამულები, საგვარეულო ნივთები. მათი ქონების ნაწილი დაწვეს და გაანადგურეს. თვითონ კი ისჯებოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ თავადიშვილები იყვნენ. თავად ივანე ამილახვრის უმცროსი ვაჟი კონსტანტინე პრაპორშჩიკი იყო და კასპის რკინიგზის სადგურის უფროსად მუშაობდა. მას ორი ვაჟი ჰყავდა – შალვა და ლევანი. თავადი ლევან ამილახვარი ირიცხებოდა თბილისის ცხენოსანთა რაზმში, მონაწილეობას იღებდა პირველ მსოფლიო ომში, სადაც პრაპორშჩიკის ჩინამდე დაწინაურდა. მას ცოლად ჰყავდა თავად ნიკოლოზ შერვაშიძის ასული – ნინო, რომელთანაც შვილი არ დარჩენია, რადგან შეუღლებიდან ცოტა ხნის შემდეგ, 1922 წელს, 26 წლის თავადი ლევან ამილახვარი ბოლშევიკებმა მოკლეს.

1924 წელს კი ლევანის მამა, კონსტანტინე ამილახვარი სამსახურიდან წაიყვანეს და ყოველგვარი გასამართლებისა და ბრალდების წაყენების გარეშე კასპის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დახვრიტეს. გადმოცემის თანახმად, მასთან ერთად იყვნენ ამილახვრის ნათესავები ყიფშიძე, საყვარელიძე და ჟღენტი, რომელთაც იგივე ბედი გაიზიარეს. წინა დღეს გლეხებს გაუფრთხილებიათ კონსტანტინეს ოჯახი მოსალოდნელი უბედურების შესახებ, მაგრამ მათ მიმალვა ვერ მოასწრეს.

თავად კონსტანტინეს უფროსი ვაჟი შალვა ამილახვარი რეპრესიებამდე მსახურობდა გენერალ დადეშქელიანთან შტაბის კაპიტნად მესტიასა და ბეჩოში. მას სცოდნია საგვარეულო წამლებისა და მალამოების დამზადება, რითაც სამედიცინო დახმარებას უწევდა ადგილობრივ მოსახლეობას და დიდი სიყვარულით სარგებლობდა.

როცა საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ, თავადი შალვა ამილახვარი დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს და გაგზავნეს სკოლაში რუსული ენისა და მათემატიკის მასწავლებლად. მოგვიანებით მესტიის მილიციის უფროსად მუშაობდა. როცა შალვას დასაჭერად სვანეთში ასულან, მისმა ძმადნაფიცმა ისმაილ კვიციანმა და მესტიის მოსახლეობამ თავადი ამილახვარი გადამალეს. ასე გადაურჩა რეპრესიებს კონსტანტინეს უფროსი ვაჟი. შალვას მეუღლე გახლდათ ელენე ციციშვილი. იგი ერეკლე II-ის ქალიშვილის, მარიამის შვილთაშვილი იყო. ელენეს მემკვიდრეობით ერგო მარიამ ბატონიშვილის მარგალიტის ყელსაბამი. სამწუხაროდ, საგვარეულო ნივთები, საბუთები და ფოტოებიც კი განადგურდა.

შალვა ამილახვარსა და ელენე ციციშვილს სამი შვილი შეეძინათ: ლევანი, დოდო და გულნარა. მოგვიანებით ელენეს მსახური ქალი იგონებდა, რომ 1922 წელს ქარელში ბოლშევიკები მათ დასაჭერად მისულან. გლეხებს გადაუმალავთ ელენე და მისი მცირეწლოვანი შვილები და შემდეგ გაუპარებიათ. შალვა ამილახვარი მოღვაწეობას განაგრძობდა სვანეთში, რადგან იქ შედარებით უსაფრთხოდ გრძნობდა თავს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იგი ვინმე გელოვანთან ერთად მუშაობდა ექიმად. ომის მიწურულს კი სამხრეთ საქართველოს სოფელ ოკამში გახსნა საავადმყოფო. ამავე დროს ადგილობრივ მოსახლეობას ამ სფეროში მუშაობას ასწავლიდა. შალვა ამილახვრის ოჯახი საბოლოოდ დასახლდა თბილისში. ქვეყნისა და ხალხის წინაშე შალვას დიდი დამსახურების მიუხედავად, მისი ვაჟი ლევან ამილახვარი შევიწროებას განიცდიდა მთავრობის მხრიდან. წინააღმდეგობა ხვდებოდა სასწავლებელში, ძნელად მოსაპოვებელი იყო მისთვის სამსახური, არ უშვებდნენ საზღვარგარეთ. ლევან ამილახვარსა და ოლღა დალაქიშვილს ოთხი შვილი შეეძინათ: ზაური, ნუგზარი, ზურაბი და გურანდა.

ასეთი დევნა და რეპრესიები განიცადეს სამშობლოში დარჩენილმა თავადმა ამილახვრებმა, მაგრამ ამ გვარის გარკვეულმა ნაწილმა 1921 წლის შემდეგ დატოვა საქართველო და ემიგრაციაში გაემგზავრა. მათი უმრავლესობა დასახლდა საფრანგეთში, სადაც განაგრძეს ცხოვრება და მოღვაწეობა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია თავადი დიმიტრი ამილახვარი, რომელმაც საფრანგეთის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. იგი 14 წლამდე საქართველოში იზრდებოდა. 1922 წელს მისმა მშობლებმა გიორგი ამილახვარმა და ნინო ერისთავმა მოახერხეს სამშობლოდან წასვლა, ისინი საბოლოოდ პარიზში ცხოვრობდნენ. დიმიტრი ამილახვარმა განათლება მიიღო საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟულ, სენ-სირის სამხედრო სასწავლებელში. 1936 წელს სიმამაცისა და გამოჩენილი გმირობისთვის მიანიჭეს კაპიტნის წოდება. იგი ამ რანგის ყველაზე ახალგაზრდა ოფიცერი იყო მთელ საფრანგეთში. “საარაკო სიმამაცის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური გახლდათო”, – წერდა თავის მემუარებში დიმიტრი ამილახვრის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დე გოლი. მეორე მსოფლიო ომის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის თავად ამილახვარს დე გოლმა გადასცა “გათავისუფლების ჯვარი” და საფრანგეთის ეროვნულ გმირად აღიარა. 1942 წელს იგი ბრძოლის ველზე დაიღუპა. მისი შვილების აღზრდა-განათლებაზე იზრუნა საფრანგეთის მთავრობამ. სენ-სირის სამხედრო სასწავლებლის 1955 წლის გამოშვებას კოლონელ-ლეიტენანტ დიმიტრი ამილახვრის სახელი მიენიჭა.

ლიტერატურა

  • ბერძენიშვილი ნ., ფეოდალური ურთიერთობებიდან XV საუკუნეში, მის წგნ.: საქართველოს ოსტორიის საკითხები, წგნ. 2, თბ., 1965;
  • გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
  • ქიქოძე მ., ქართლის სათავადოების ისტორიიდან XV-XVIII სს. (საამილახორო), «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1963, ნაკვ. 35
  • აკოფაშვილი გ., ქსე, ტ. 1, გვ. 392, თბ., 1975
  • თეა დულარიძე – დიდებულნი და სახელოვანნი, “ახალი ეპოქა “. # 100 (152). 21-24 დეკემბერი, 2001 წელი

Responses

  1. ” მისი მეუღლე იყო ნინო ივანეს ასული. ამ ქალბატონის გვარი არქივში მითითებული არ არის. ”

    Am kalbatonis gvari arkivshi aris mititebuli. Nino Ivanis asuli Aladatova.

    Irina Amilakhvari.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: