Posted by: burusi | 19/02/2010

მოგონებები თენგიზ აბულაძეზე

თენგიზ აბულაძე – Tengiz Abuladze

“მე ოცი წელი გავატარე თენგიზ აბულაძის გვერდით – ჯერ მისი სტუდენტი ვიყავი, შემდეგ ოჯახის წევრი გავხდი, “მონანიების” გადაღების დროს თანამოაზრე და კოლეგა. ამის მიუხედავად მიჭირს რამე გამორჩეული ვთქვა მასზე, რაგდან სიცოცხლე მთლიანად კინოს მიუძღვნა. აბულაძის შემოქმედება უფრო საინტერესოა, ვიდრე ყოფითი ცხოვრება. მან მხოლოდ შვიდი ფილმი გადაიღო, მათში არც ერთი არ ყოფილა შემთხვევითი. ყოველი ფილმი, ყოველი კადრი, ყოველი ნაბიჯი მისი ცხოვრებისა ღრმად იყო გააზრებული.
“ნატვრის ხის” შემდეგ აბულაძე მძიმე ავტოავარიაში მოხვდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ბატონი თენგიზი სასწაულებრივად გადარჩა. მას გაუჩნდა რწმენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა შექმნას. ერთხელ თენგიზ აბულაძეს ქუჩაში აკაკი ბაქრაძე შეხვდა. თენგიზმა უთხრა, რომ სცენარს ეძებს ახალი ფილმისთვის. აკაკი ბაქრაძემ გაიხსენა ამბავი, რომელიც დასავლეთ საქართველოში მოხდა: ვიღაცამ წარსული ცოდვებისთვის მიცვალებული საფლავიდან ამოთხარა და ჭირისუფალს მიუყუდა ჭიშკართან. ისიც დაუმატა, რომ ამ თემაზე მწერალი ნოდარ წულეისკირი მუშაობდა. 1937 წელს მაღალჩინოსან ჩეკისტს ბუღალტრის ლამაზი ცოლი მოეწონა. ჩეკისტმა ბუღალტერი გულაგში გაუშვა, ცოლი კი საყვარლად გაიხადა. ქალმა თავი ჩამოიხრჩო. გავიდა წლები, ჩეკისტი გარდაიცვალა და შურისძიება შეუძლებელი გახდა. მაშინ მსხვერპლის ვაჟმა საზარელი სასჯელი მოიფიქრა – მიცვალებული ამოთხარა და პატრონს სახლთან მიუგდო. ეს ზუსტად ის იყო, რასაც აბულაძე ეძებდა. ეს ფაბულა იქცა მომავალი ფილმის კვანძად, სცენარს “აფთარი” დაერქვა. ამ სიუჟეტში წარსული აწმყოს დრამატურგიულად უკავშირდებოდა”.
ნანა ჯანელიძე

“მე მჯერა, რომ თენგიზს მტერი არ ჰყოლია, თვითონ არავის მტერი არ ყოფილა, არასოდეს არანაირ დაჯგუფებაში არ გარეულა. ყოველთვის ამბობდა: ყველამ თავისი საქმით უნდა იბრძოლოს. ჩემი საქმე არის კინო, ფილმი უნდა გადავიღო და ამით ვთქვა ჩემი სათქმელიო”.
მზია მახვილაძე, რეჟისორის მეუღლე, მსახიობი.

“სათქმელი და გასახსენებელი ბევრია, მაგრამ ერთი რამ მინდა გიამბოთ. თენგიზმა გადაიღო “ნატვრის ხე” და როგორც წესად გვქონდა, ვაჩვენეთ ჩვენს სამხატვრო საბჭოს და მოწვეულ სტუმრებს – მწერლებს, მხატვრებს. დამთავრდა სურათი და სიჩუმეა დარბაზში, კაციშვილი არ ინძრევა და ხმას არ იღებს. თენგიზს არ მოეწონა ეს სიჩუმე , ადგა, მექანიკოსს ფირი უნდა გამოვართვაო, ჩაილაპარაკა და დარბაზიდან გავიდა. მეც ძალიან მეუხერხულა ეს სიტუაცია და ვთქვი: წამოდით, ჩემს კაბინეტში გადავიდეთ და იქ ვიმსჯელოთ-მეთქი. შევედით, დავსხედით, ისევ ჩუმად არიან, მეც არ ვიცი როგორ დავიწყო. ამ დროს გაიღო კარი და თენგიზი შემოვიდა. შემოვიდა თუ არა, ყველა წამოდგა და ტაში დაუკრა. მე ასეთი რამ არ მახსოვს, არ მომხდარა. ასეთი რამ არც ერთ რეჟისორს არ რგებია, მათ შორის მეც”.
რეზო ჩხეიძე

“ჩვენ მოსკოვში რაზინის ქუჩაზე, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. ვცხოვრობდით საშინელ პირობებში, მაგრამ გენიალურად. ისეთი სიცივე იყო ოთახში, რომ დილით ჭიქაში წყალი გაყინული გვხვდებოდა. იმ ერთი ოთახიდან ოთხი სახალხო არტისტი გამოვიდა: რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, სულხან ცინცაძე და მე. პუშკინი რომ ამბობს, ლიცეული კი არ გვზრდიდა, არამედ ერთმანეთს ვზრდიდით ლიცეუმშიო, ასე ვიყავით. დავდიოდით ყველა კონცერტზე, სპექტაკლზე, ფილმზე, ღამეებს ვათენებდით კამათში”.
გიგა ლორთქიფანიძე

“მე ყევლაზე მნიშვნელოვნად “ვედრება” მიმაჩნია. “ნატვრის ხე” კლასიკურ, ეროვნულ, კოლორიტულ ხასიათზეა აგებული. ძალიან მიყვარს ამ ფილმის ბევრი ეპიზოდი, თუმცა ყველაზე ემოციური “მონანიებაა”. თენგიზი ძალიან დიდხანს ფიქრობდა ხოლმე მომავალ ფილმზე და ასე იყო “მონანიებაზეც”. ეს უკვე სხვა რიგის ხელოვნებაა და ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. ის, რითაც ფილმმა პირველად გამაღიზიანა, დრომ წაშალა, განსაკუთრებით 1992 წლის იანვარში, როცა გამსახურდიას ხელისუფლება წავიდა და იმ ღამით “მონანიება” აჩვენეს ტელევიზიით. ხალხზეც მაშინ საოცრად იმოქმედა, ისეთი ემოცია გამოიწვია, თითქოს პირველად ნახეს. ეს ნიშნავს, რომ თენგიზმა ადრევე იგრძნო ეს, ინტუიციით მივიდა იქამდე. მიჭირს დაბეჯითებით ვთქვა, თენგიზის სწრაფვა სიახლისკენ ინტუიტიური იყო თუ გონებით გათვლილი. “ვედრებაში” გაანალიზებულია, ყველა დეტალს თავისი ფუნქცია აქვს. საერთოდ, კინო ჩემთვის არ არის ინტუიტიური. თუ ყველაფერი წინასწარ გათვლილი არ გაქვს, ინტუიციაც არ მუშაობს და ფანტაზიაც იზღუდება. როცა საფუძველი ჩადებულია, მერე თავისუფალი ხარ, ფანტაზია იშლება. მე მგონი, თენგიზმა ეს კარგად იცოდა. მაგრამ მას მეორე თვისება ჰქონდა, დიდ თავისფლებას აძლევდა ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან მუშაობდა. რადგან თვითონ უკვე სფუძვლიანად იყო მზად, შემოთავაზებული იდეიდან სწორედ იმას იღებდა, რაც სჭირდებოდა. შეიძლება ამას უმნიშვნელო ეკლექტიზმი მოჰყვებოდა, რადგან სხვათა აზრსაც ითვალისწინებდა”.
მერაბ კოკოჩაშვილი

“ჩემთვის ძნელია თენგიზის პიროვნულ თვისებებზე ლაპარაკი. 1955 წლიდან ვიცნობდი, გვქონდა საქმიანი და არასაქმიანი ურთიერთობა, მაგრამ მისგან არ მახსოვს ისეთი რამ, რომ მეფიქრა: ეს რატომ გააკეთა, ასე რატომ მითხრა, ეს რატომ მოხდა? ჩემთვის ეს იყო სათნოების განსახიერება. მე, მაგალითად, არ მომეწონა “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” და ადვწერე კიდეც კრიტიკული სტატია, მაგრამ ამას ჩვენს ურთიერთობაზე გავლენა არ მოუხდენია, როგორც ვიყავით, ასევე დავრჩით. არავითარი გამოვლინება, რომ ამპარტავანია ან გაამაყებულია თავისი წარმატებით, მე არ შემიმჩნევია. “ჯარისკაცის მამასთან” დაკავშირებით მე და რეზო ჩხეიძემ საშინლად ვიჩხუბეთ, ელდართან “მიქელას” გამო. ასეთი უცაბედი აფეთქება და სერიოზული ჩხუბი თენგიზთან არ მქონია, მასთან ნებისმიერი შენიშვნის თქმას მოჰყვებოდა დაფიქრება, მსჯელობა”.
აკაკი ბაქრაძე

“თენგიზი თანამშრომლებს კი არა, თანამებრძოლებს იკრებდა. მასთან რომ გვემუშავა, პროფესიონალიზმთან ერთად სულიერი ნათესაობა უნდა გვქონოდა. ოპერატორისათვის ყველაზე დიდი უბედურება ის არის, როდესაც შენს მსოფლმხედველობაზე, გემოვნებაზე გადაბიჯება გიხდება. მე და თენგიზს, სამყაროს ერთნაირი აღქმა გვქონდა, ამიტომ თანამოაზრენი ვიყავით. ხშირად ერთმანეთს ვასწრებდით იდენტური აზრის, განწყობილებისა და იდეის გამოთქმას. ერთნაირი რამ მოგვწონდა ან არ მოგვწონდა, ერთნაირად გვიხაროდა და გვწყინდა. ეს არის თანამოაზრეობა. ასეთი ახლობლობა სხვასთან არ მიგრძვნია”.
ლომერ ახვლედიანი

“თეატრალურ ინსტიტუტში რომ ვაბარებდი, გამოცდებზე სულ სხვა შთაბეჭდილება დატოვა. ერთხელ, ინსტიტუტის წინ ვიდექი და გამოცდებზე ვფიქრობდი. ერთმა მითხრა: ნახე, ის კაცი როგორ გიყურებსო! შევხედე, ბატონი თენგიზი მოდის და თვალს არ მაშორებს, ღიმილით მიყურებს. გამოცდაზე მომაწოდეს ერთი კოლაჟი, სხვადასხვა ნახატების ნაწილები იყო. აბა, იცანი რამეო, მკითხა. არა-მეთქი. კარგად დააკვირდი, შენ ეგ იციო, მითხრა თენგიზმა. განაცხადში მქონდა ასეთი ფრაზა: 26 წლის ვარ და უკვდავებისთვის არაფერი გამიკეთებია. როცა მიქელანჯელო “დავითს” აქანდაკებდა, მისთვის ერთი ჭიქა წყალი მაინც რომ მიმეწოდებინა, ჩავთვლიდი, რაღაც გავაკეთე მეთქი. დავაკვირდი იმ კოლაჟს და “დავითის” ფრაგმენტი დავინახე. ხომ ამდენი ადამიანი აბარებდა, ისეთი დაკვირვებით ჰქონდა წაკითხული ყველას ნაწერი, რომ ახსოვდა, ვის რა ეწერა. გამოცდაზე მკითხეს, ქართული ფილმებიდან, რომელი მოგწონსო? “ვედრება” მეთქი. თენგიზი ცოტა დაიზაბა და პირდაპირ მკითხა, რატომო? მე ვუთხარი: ყველაფერი ნემსის წვერზე დგას და არ ინგრევა”.
თემურ ბაბლუანი

წიგნიდან “თენგიზ აბულაძე, ანარეკლები”, 2010 წ.
წყარო: გაზეთი 24 საათი, თამარ კიკნაველიძე, 29 იანვარი, 2010 წ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: