Posted by: burusi | 19/02/2010

ლიანა კვირკველია – “ივანე ბერიტაშვილის გენია”

ივანე ბერიტაშვილი

ივანე ბერიტაშვილი – Ivane Beritashvili (1885-1974)

“…ის, რაც მან შექმნა, რაც მან აღმოაჩინა და რასაც მიაღწია, არასოდეს არ მოკვდება და ყოველთვის წინ უბიძგებს მეცნიერების განვითარებას”.

ნიკოლოზ მუსხელიშვილი

“თქვენ გაქვთ ის, რაც არავის აქვს მსოფლიოში – ეს თქვენი ხელმძღვანელის იდეებია.”

ჰერბერტ ჯასპერი, კანადა

ივანე ბერიტაშვილი იყო გამოჩენილი მეცნიერი-ფიზიოლოგი, ნოვატორი, ბრწყინვალე ექსპერიმენტატორი, შორსმჭვრეტელი და გონებამახვილი თეორეტიკოსი. მან გაუთქვა სახელი საქართველოს მსოფლიო მეცნიერების ასპარეზზე და თავის ქვეყანას დაუტოვა ორიგინალური სამეცნიერო სკოლა, თავის დროზე ერთ-ერთი უძლიერესი როგორც ერუდიციით, ისე მეცნიერული შემოქმედების დიაპაზონით.

“…ივანე ბერიტაშვილის შრომები ფართოდ არის ცნობილი მთელი მსოფლიოს ელექტროფიზიოლოგებისათვის. იგი ტვინს უყენებდა ამოცანებს, რომლებიც გადაჭრას მოითხოვდა” (ლორდი ედრიანი, ინგლისის სამეფო სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტი).

“პროფესორ ი. ბერიტაშვილის სახელი მთელი მსოფლიოს ფიზიოლოგებისათვის არის ცნობილი. ის არის ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი ნეიროფიზიოლოგი” (ვ. ლიბერსონი, აშშ).

ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სიღნაღის მაზრის სოფელ ვეჯინში, გურჯაანის მახლობლად, სოფლის მღვდლის – სოლომონ ბერიტაშვილის და სალომე სამჭკუაშვილის ოჯახში. ის მეთერთმეტე შვილი იყო, გამრჯე და გონიერი. დიდი მუყაითობით გამოირჩეოდა, რითაც სიცოცხლის ბოლომდე ანცვიფრებდა გარშემო მყოფთ; ფიზიკურად კი სუსტი აღნაგობის იყო: “…ჭიდაობაში მონაწილეობას არ ვღებულობდი, არც დიდი ძალა მქონდა, არც სიმაღლე”.

დაწყებითი განათლება ჯერ ვეჯინის სკოლაში მიიღო, შემდეგ თელავის სასულიერო სასწავლებელში. ბავშვობაში მიღებულმა შთაბეჭდილებებმა, აღზრდამ და ტრადიციებმა დიდი გავლენა მოახდინა ი. ბერიტაშვილის პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ხასიათის საუკეთესო თვისებები თავის ოჯახში და თელავის სასწავლებელში შეიძინა.

სწავლა თბილისის სასულიერო სასწავლებელში და სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. ბევრს კითხულობდა.

მას გადაწყვეტილი ჰქონდა – უმაღლესი განათლება მიეღო და რუსეთში წასასვლელად ემზადებოდა. გადაწყვიტა პეტერბურგში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაებარებინა. ფიზიოლოგიაში ლექციებს უკითხავდა პროფესორი ნიკოლაი ვვედენსკი. იმის ლაბორატორიაში ათენებდა და აღამებდა. მისი ექსპერიმენტული მონაცემები არაჩვეულებრივი სიზუსტით გამოირჩეოდა, მაშინაც და შემდეგშიც, მთელი მისი მეცნიერული მოღვაწეობის მანძილზე.

“…ყოველთვის, როცა ვეყრდნობოდი მის გამოცდილებას, ვიცოდი, რომ მყარ ნიადაგზე ვიდექი” (პაულ ჰოფმანი, გერმანია). “…ხშირად მიმიმართავს მისი შრომებისათვის ჩემს მიერ მიღებული შედეგების ასახსნელად” (ს. რენსონი, აშშ).

ივანე ბერიტაშვილმა პეტერბურგის უნივერსიტეტის ოთხწლიანი კურსი სამ წელიწადში გაიარა. ვვედენსკიმ ეს უცნაური, უსიტყვო, მორცხვი, არაჩვეულებრივად შრომისმოყვარე და ნიჭიერი ყმაწვილი თავის კათედრაზე დატოვა, რომ საპროფესოროდ მოემზადებინა. ქ. ყაზანშიც მიავლინა პროფესორ სამოილოვთან ელექტროფიზიოლოგიური კვლევის მეთოდების ასათვისებლად. დიდი ხნის შემდეგ ინგლისის სამეფო სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტი ლორდი ედრიანი იგონებდა: “არის ნაშრომები, რომლებიც ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში წაგვიკითხავს, და რომლებიც დღემდე გვახსოვს მათგან აღძრული განსაკუთრებული ინტერესის გამო… განსაცვიფრებელი შედეგები განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის, სტუდენტისთვის… ეს ნაშრომი ი. ბერიტაშვილის გახლდათ… ნერვული მოქმედების ელექტროფიზიოლოგიური ანალიზი დღესაც ისეთსავე დახვეწილ დამუშავებასა და განსჯას მოითხოვს, როგორიც ი. ბერიტაშვილის იმ ნაშრომში იყო მოცემული… მისი თაყვანისმცემელი ორმოცი წლის განმავლობაში”…

თბილსისხლიან ცხოველებზე რთული ოპერაციების ასათვისებლად ი. ბერიტაშვილი პეტერბურგიდან ჰოლანდიაში გააგზავნეს, ქ. უტრეხტში, სადაც გამოჩენილი მეცნიერი რუდოლფ მაგნუსი მოღვაწეობდა.

იმ დროს გამოვიდა ჩ. შერინგტონის მონოგრაფია ზურგის ტვინის ფიზიოლოგიის საკითხებზე. ბატონმა ივანემ თავისით დაიწყო ინგლისურის შესწავლა, რათა ორიგინალში წაეკითხა შერინგტონის ნაშრომი.

1915 წ. ი. ბერიტაშვილი სამუშაოდ გადავიდა ოდესის უნივერსიტეტში ჯერ უფროსი ასისტენტის, შემდეგ პრივატ-დოცენტის თანამდებობაზე. აქ მან გაიცნო და დაქორწინდა ოლღა ნივინსკაიაზე.

1919 წელს ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით, ივანე ბერიტაშვილი თბილისში მიიწვიეს ახლადდაარსებულ უნივერსიტეტში ფიზიოლოგიაში ლექციების კურსის წასაკითხად. სამეცნიერო საბჭოს დადგენილებით დაინიშნა კათედრის გამგედ და პროფესორად. თანამშრომლებს გაზეთში განცხადებით ეძებდა. მარტო აყენებდა ცდებს. ოპერაციებზე ოთახების დამლაგებელი ეხმარებოდა. მან შექმნა ქართული ტერმინოლოგია სტუდენტებისათვის (1922წ.) და დაწერა პირველი სახელმძღვანელო ფიზიოლოგიაში. პირველი სტუდენტები შემდეგ მისი თანამშრომლები გახდნენ. ასე ჩაეყარა საფუძველი ქართულ ფიზიოლოგიურ სკოლას.

იმავე პერიოდში დაიწერა რუსულ ენაზე დიდი ორტომეული “კუნთოვანი და ნერვული სისტემის ზოგადი ფიზიოლოგია”, რომელიც საბჭოთა კავშირის ფიზიოლოგთა სამაგიდო წიგნი გახდა. ამ ორტომეულისთვის 1941 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრასთან 1935 წელს დაარსდა ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც ივანე ბერიტაშვილის სახელი მიენიჭა მეცნიერის დაბადების 50 წელთან დაკავშირებით. 1939 წელს ი. ბერიტაშვილმა დააარსა საქართველოს ფიზიოლოგთა, ბიოქიმიკოსთა და ფარმაკოლოგთა საზოგადოება (ეხლა – ფიზიოლოგთა საქართველოს სამეცნიერო საზოგადოება).

1938 წელს ი. ბერიტაშვილს მიენიჭა ი. პ. პავლოვის სახ. პრემია. 1939 წელს აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

ი. ბერიტაშვილი იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა, რომელიც შეიქმნა 1941 წელს. ბატონი ივანე არჩეული იყო აკადემიის პირველი მოწვევის ნამდვილ წევრად.

1947 წელს არჩეული იყო სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. შემდგომში ი. ბერიტაშვილი არჩეული იყო ინგლისის სამეფო სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრად, აშშ ენცეფალოგრაფიული საზოგადოების, ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის, აშშ ფსიქიატრთა საზოგადოების და სხვა ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიების საპატიო წევრად.

1964 წელს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. მიღებული აქვს უმაღლესი სამთავრობო ჯილდოები.

არის 400-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. მათ შორის მრავალი მონოგრაფიის. შრომათა დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია უცხოურ ენებზე.

“გულწრფელი მადლობა ღრმად პატივცემულ კოლეგას – ივანე ბერიტაშვილს იმისათვის, რაც მან ყველას გვაჩუქა თავისი ცნობილი შრომების სახით…” (ემილ აბცერჰალდენი, გერმანია).

ი. ბერიტაშვილის ინტერესების სფერო მეტად მრავალმხრივი იყო: კუნთოვანი და პერიფერიული ნერვული სისტემის ფიზიოლოგია, ზურგის ტვინის ფიზიოლოგია, თავის ტვინის ღეროს ელექტროფიზიოლოგია, თავის ტვინის მოქმედების ზოგადი ფიზიოლოგია, უმაღლესი ნერვული მოქმედება, სივრცეში ორიენტაცია, მეხსიერება.

უამრავი აღმოჩენის ავტორია, მაგრამ “რკინის ფარდის” არსებობის პირობებში ბევრი მისი აღმოჩენა და მეცნიერული მიგნება დიდი ხნით უცნობი დარჩა დასავლეთის ქვეყნების მეცნიერებისთვის, რის გამოც პრიორიტეტიც დაუკარგავს. ასეთი იყო ზურგის ტვინში მოქმედი ე.წ. “ანტიდრომული შეკავების” მექანიზმის დადგენა, რაც მეცნიერებაში რენშოუს სახელით შევიდა, იმიტომ რომ რენშოუც იმავე პერიოდში იკვლევდა ამ საკითხს და სათანადო შრომებსაც აქვეყნებდა დასავლეთის პერიოდიკაში.

ი. ბერიტაშვილის მიერ 1937-38 წწ. გამოთქმული იყო ვარაუდი თავის ტვინის ღეროს თავისებური ანატომიური წარმონაქმნის შესახებ, რაც მოგვიანებით, 50-იან წლებში ბრწყინვალედ დადასტურდა ჰ. მეგუნის და ჯ. მორუცის მიერ.

30-იან წლებში ი. ბერიტაშვილმა აღმოაჩინა თავის ტვინის ფსიქონერვული აქტივობა. მან შემოიღო ახალი მეთოდი, – ცხოველთა ქცევის შესწავლა თავისუფალი მოძრაობის პირობებში, რამაც უდიდესი ნაყოფი გამოიღო: ი. ბერიტაშვილი ჯერ კიდევ 30-იან წლებში იმ დასკვნამდე მივიდა, რომ პირობითრეფლექსური მოქმედება არ უნდა იყოს უმაღლესი გამოვლინება ტვინის მოქმედებისა, როგორც ამას პავლოველები მიიჩნევდნენ. იგი აგროვებდა ფაქტებს იმის დასამტკიცებლად, რომ ცხოველებს ფსიქიკა გააჩნიათ და სწორედ ე.წ. ფსიქონერვული მოქმედება არის ტვინის მოქმედების ურთულესი გამოვლინება. ცნობილია, რომ თვით ი. პავლოვს და ი. ბერიტაშვილს ურთიერთპატივისცემის, კოლეგიალური ურთიერთობა ჰქონდათ. სიტუაცია შეიცვალა ი. პავლოვის გარდაცვალების შემდეგ. თავს დაესხნენ ივანე ბერიტაშვილის ფსიქონერვულ თეორიას. ბატონ ივანეს “ანტიპავლოველი” და “იდეალისტი” უწოდეს, აუკრძალეს ლექციების კითხვა და ექსპერიმენტების წარმოება, გაანთავისუფლეს ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობიდან.

XXI საუკუნეში ნეირომეცნიერების ყველაზე აქტუალური საკითხი გახდა თავის ტვინის კოგნიტიური ფუნქციების კვლევა, თავის ტვინის კოგნიტიური ფუნქციები სხვა არაფერია თუ არა ბერიტაშვილისეული თავის ტვინის ფსიქონერვული მოქმედება.

იმ წლებში, როცა ივანე ბერიტაშვილი აიძულეს თავი დაენებებინა ფიზიოლოგიისათვის, მან მეცნიერების სხვა დარგში დაიწყო მოღვაწეობა, – შეისწავლიდა ძველ ქართულ ხელნაწერებს ადამიანის ბუნების შესახებ. ამ უნიკალური გამოკვლევის შედეგად 1957 წელს გამოვიდა ისტორიული ხასიათის მონოგრაფია – “მოძღვრება ადამიანის ბუნების შესახებ საქართველოში ძველი დროიდან მეთოთხმეტე საუკუნემდე”.

მეცნიერებაში დატრიალებულმა ქარტეხილმა რომ გადაიარა, ივანე ბერიტაშვილი კვლავ დაუბრუნდა ნეიროფიზიოლოგიას. 1958 წელს მოსკოვში გაიმართა კოლოკვიუმი მსოფლიოს გამოჩენილი ნეიროფიზიოლოგების მონაწილეობით. საქართველოდანაც გაემგზავრა დელეგაცია ი. ბერიტაშვილის მეთაურობით. სახელგანთქმული მეცნიერები – ამერიკელები ჰ. მეგუნი, მ. ბრეჟე, რ. გალამბოსი და კანადელი ჰ. ჯასპერი, – აღფრთოვანებულები ივანე ბერიტაშვილის მეცნიერული აზროვნებით და მისი პიროვნებით მოხიბლულნი, კოლოკვიუმის შემდეგ ი. ბერიტაშვილს საქართველოში გამოჰყვნენ, რათა ახლოს გასცნობოდნენ მის ლაბორატორიებს და შემოქმედებით მუშაობას.

ივანე ბერიტაშვილის ასეთი აღიარება ჭეშმარიტი ტრიუმფი იყო. ივანე ბერიტაშვილის ფენომენი ამერიკელი მეცნიერებისათვის ნამდვილი აღმოჩენა იყო, დასავლეთ ევროპაში კი მისი სახელი ჯერ კიდევ ძველი დროიდან ახსოვდათ.

სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ბატონი ივანე დიდ საზოგადოებრივ მუშაობასაც ეწეოდა.

ყოველგვარ სამუშაოს დიდი გულისყურით ასრულებდა. გასაოცარ ორგანიზატორულ ნიჭს და გაქანებას ამჟღავნებდა.

ის იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმების გადაღება დაიწყო, – მის მიერ მიღებული ექსპერიმენტული ფაქტების სადემონსტრაციოდ.

ი. ბერიტაშვილის სამეცნიერო-საორგანიზაციო დიდოსტატობის მწვერვალი მაინც “გაგრის საუბრები” იყო. მან მოიფიქრა მეცნიერთა შეხვედრების და სამეცნიერო პრობლემებზე დისკუსიების სრულიად ახალი ფორმა.

ი. ბერიტაშვილის ღვაწლი სათანადოდ იქნა დაფასებული მის ცხოვრებაში.

მის საპატივცემულოდ ორჯერ გამოიცა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გამოგზავნილი შრომების სქელტანიანი კრებულები, დაბადების 70-ე და 90-ე წლისთავთან დაკავშირებით.

მისი გულისხმიერების, კეთილშობილების და მოქალაქეობრივი სიმამაცის შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი. “მე ივანე ბერიტაშვილთან მრავალწლიანი ურთიერთობის ბედნიერება მქონდა, დიდად ვაფასებდი მას და ძალიან მიყვარდა” (ფრიც ბუხტალი, კოპენჰაგენი, დანია).

ივანე ბერიტაშვილის დაბადების 90-ე წლისთავის იუბილეს აღსანიშნავად ემზადებოდა მთელი საზოგადოება. მოსაწვევი ბარათები უკვე დაბეჭდილი იყო. საიუბილეო სამეცნიერო სესიის პროგრამაც მან თვითონ შეადგინა და… ვეღარ მოასწრო. მისი გარდაცვალებით დასრულდა მთელი ეპოქა ქართული მეცნიერების ისტორიაში.

“არ გადაშენდება ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა, თუ კვლავაც გვეყოლებიან ივანე ბერიტაშვილის დარნი: ალალნი და გულმართალნი, პირდაპირნი და უშუალონი, უმწიკვლონი და პრინციპულნი… არ გადაშენდება ჩვენი შთამომავლობა, თუ კვლავაც დაიზრდებიან მისებრ გამრჯელნი და ნიადაგ მშრომელნი, მისებრ ქედუხრელნი და უდრეკი ნების ადამიანები”… (ქუჯი ძიძიშვილი).

ნამდვილად ბედნიერნი არიან ის ადამიანები, ვისაც ბედმა არგუნა ასეთ ბუმბერაზთან შეხვედრა და ურთიერთობა, ვინც შესძლო ამ წყალობის გააზრება და დაფასება!

ლიანა კვირკველია
ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

წყარო: გაზეთი “24 საათი”, 11 იანვარი, 2010 წ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: