Posted by: burusi | 19/02/2010

გიორგი ერისთავი

გიორგი ერისთავი

გიორგი ერისთავი – Giorgi Eristavi (1813-1864)

გამოჩენილ დრამატურგს გიორგი დავითის ძე ერისთავს გასული საუკუნის 40 – 50 –იანი წლების ქართულ მოღვაწეთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
გ. ერისთავი იყო არა მხოლოდ პირველი ქართველი კომედიოგრაფი, რომელმაც თავისი დრამატურგიით სათავე დაუდო კრიტიკულ რეალიზმს ქართულ ლიტერატურაში, არამედ გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეც.

გიორგი ერისთავი ქსნის ერისთავთა შთამომავლობას ეკუთვნოდა. მის წინაპრებს ჯერ ქსნის საერისთავო რეზიდენციაში – სოფელ ახალგორში უცხოვრიათ, შემდეგ კი სოფელ ოძისში გადასახლებულან. გ. ერისთავი დაიბადა სოფელ ოძისში 1813 წელს.
მომავალი მწერლის მამა, დავით როსტომის ძე, განთქმული იყო სტუმართმოყვარეობით. უკანასკნელად მას მრჩევლის თანამდებობა ეჭირა სახაზინო ექპედიციაში და საკმაოდ განათლებულ კაცად იცნობდნენ. დედა, მარიამ ივანეს ასული ქობულაშვილი, ქართულ მწიგნობრობაში გათვითცნობიერებული და მეტად სათნო ხასიათის ქალი იყო.
რვა წლამდე გიორგი სოფელში იზრდებოდა. დედამ ასწავლა მას ქართული წერა –კითხვა და მანვე ჩაუნერგა სიყვარული მწერლობისადმი. 1821 წელს მშობლებმა გიორგი მიაბარეს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, სადაც ოთხი წელი სწავლობდა. შემდეგ კი დავითს თავისი შვილი ბიძიასათვის – მიტროპოლიტ ვარლამისათვის-გაუგზავნია მოსკოვში. ვარლამს გიორგი, და მასთან ერთად ჩასული თავისი ძმისშვილი ესტატე, ერთ–ერთ კერძო პანსიონში მიუბარებია. მაგრამ ექვსი თვის შემდეგ ესტატე ავად გამხდარა, მოსკოვის ჰავა ვერ აუტანია და ვარლამსაც ორივე ახალგაზრდა სამშობლოში დაუბრუნებია. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გიორგის სწავლა აღარ გაუგრძელებია, მალე იგი საგანგებო დავალებათა მოხელედ ჩაერიცხა სამხედრო გუბერნატორთან.
სასწავლებლის გარეთ დარჩენილი გიორგი ბეჯითად დაეწაფა თვითგანვითარებას და, დ. ყიფიანთან ერთად, ფრანგული ენის შესწავლასაც იწყებს; როგორც ჩანს, ლექსების წერასაც განგაგრძობდა, რაც მას ჯერ კიდევ თორმეტი წლის ასაკში დაუწყია.
ახალგაზრდა გიორგი მალე ს. დოდაშვილის ლიტერატურული წრის ერთ – ერთი აქტიური წევრი გამხდარა. ეს ის დროა, როცა, – როგორც ი. მეუნარგია შენიშნავს, – ”რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდნენ ჩვენებური ახალგაზრდა ყმაწვილკაცნი, რომელთაც ჩამოიტანეს ქართული მწერლობის სიყვარული, ქართველი ბატონიშვილებისა და მათ გარეშე პირთაგან შეძენილი პეტერბურგსა და მოსკოვში. ამ ყმაწვილკაცთ ზედ დაერთო ის თაობაც, რომელმაც გამოზარდა კეთილშობილთა სკოლაში და ცოტ – ცოტათი ტფილისში დაარსდა ქართული მწერლობის მოყვარულთა წრე, სადაც დაიბადა შემდეგი ქართული ჟურნალის გამოცემის აზრი. ამათში გიორგი ერისთავს პირველი ადგილი ეჭირა”.
გ. ერისთავის პოლიტიკური მსოფლმხედველობისა და პოეტური ნიჭის მომწიფება ხდებოდა მაშინ, როცა ქართულ საზოგადოებრივ აზროვნებაში წინააღმდეგობა და ერთგვარი დაბნეულობაც კი იგრძნობოდა. ესაა წლები, როცა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მარცხით დამთავრებული აჯანყებების შემდეგ არისტოკრატიის წრიდან გამოსული ქართველი მოღვაწეები შეთქმულებას ამზადებდნენ საქართველოში რუსული მმართველობის მოსასპობად.
პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდილი გ. ერისთავი თავისი პოლიტიკური მრწამსით ახლოს იდგა მეფის მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებთან. მათაც, ცხადია, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ეს გარემოება და გ. ერისთავი შეთქმულებაში ჩააბეს. მალე იგი ერთ –ერთი აქტიური შეთქმულთაგანი გახდა და ენერგიულად მოქმედებდა შეთქმულთა რიცხვის ზრდისა და ურთიერთდაახლოებისათვის. ამ მიზნით მან ფილადელფოს კიკნაძისაგან მიიღო და გაავრცელა საიდუმლო ანბანი და ”აკტი გონიური”.
ამ პერიოდში შეთქმულთა იდეებსა და მიზნებს ემსახურებოდა ახალგაზრდა პოეტის ჩანგიც. მართალია, მის იმდროინდელ ლექსებს ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ მათი იდეური შინაარსის შესახებ შეიძლება წარმოდგენა ვიქონიოთ პოემა ”ოსური მოთხრობის” მიხედვით, რომელსაც ავტორი შეთქმულთა შეკრებებზე კითხულობდა და რომლის ერთი ნაწილის გამოქვეყნება ს. დოდაშვილმა კიდევაც მოახერხა ჟურნალში.
”ოსურ მოთხრობაში” აშკარად ჩანს ანარეკლი იმ შეხედულებებისა და განწყობილებებისა, რომლებიც ”ფარული საზოგადოების” წევრებისათვის იყო დამახასიათებელი. პოემაში ავტორს მიზნად აქვს დასახული ისე გადმოსცეს ისტორიული ამბავი, რომ იგი უაღრესად თანადროული გახადოს. ამ მხრივ პოეტი წინამორბედია სახელოვანი სამოციანელების, რომლებიც არსებული სინამდვილის წინააღმდეგ ბრძოლის განწყობილებას, ხშირად, შესაფერი ისტორიული თემატიკის ოსტატური დამუშავებით ქმნიდნენ.
პოემა ორი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში გადმოცემულია ქართლ –კახეთის ბრძოლა მე-17 საუკუნეში შაჰ-აბასის საქართველოდან განსადევნად, აღწერილია ქართველ გმირთა თავდადება და სიმტკიცე. მეორე ნაწილში კი ნაჩვენებია ზოგიერთ თანამემამულეთა უღირსი საქციელი და გვარეულობათა შორის ჩამოვარდნილი მტრობის სავალალო შედეგები. ქსნის ხეობის მოკლე აღწერის შემდეგ, ავტორი მოხუცის პირით მოგვითხრობს შაჰ-აბასისაგან მძიმე განსაცდელში ჩავარდნილ კახელთა შესახებ. მათ ოცნებაზე –გამოჩენილიყო ისეთი გმირი, რომელიც იხსნიდა სამშობლოს. და აი, გამოჩნდა ბიძინა ჩოლოყაშვილი, რომელმაც შაჰ-აბასის წინააღმდეგ საბრძოლველად მიიმხრო ელიზბარ და შალვა ერისთავებიც. მათ ”სრულად გასწყვიტეს” თათრები, გაასწრო მხოლოდ ხანმა. მაგრამ ასეთი მარცხით განრისხებული შაჰი ლუარსაბ მეფეს შემოუთვლის: ”წარმომიგზავნე ერისთავნი ხელებშეკრულიო”. მეფემ დიდებულები იხმო და რჩევა ითხოვა. სახელოვან გმირთა დანახვამ მეფე და დიდებულნი კიდევ უფრო ჩააფიქრა, მაგრამ მათ თვით მოითხოვეს ნაბრძანების შესრულება და ერთხმად დასცინეს: ”მამულისათვის როცა ვკვდებით, ვართ მოხარულნი¨. ქართველთა მოქმედებით განრისხებული შაჰი კიდევ უფრო აღაშფოთა ხელშეკრულ ქართველ ვაჟკაცთა მხნე სახეებმა. მას უნდოდა მუქარით გაეტეხა მათი ნებისყოფა და შემდეგში თავისი მიზნებისათვის გამოეყენებინა ისინი, მაგრამ მოტყუვდა. მათი საქმე და სიტყვა ერთი იყო. ისინი ამართლებენ თავიანთ მოქმედებას და ამაყად მიმართავენ მრისხანე შაჰს:

მაშა თუ ვითარ გვიწოდებენ მხნეთა ივერთა,
თუ ვერ განდევნით ჩვენის სამზღვრით მამულის მტერთა.

სპარსელებმა უფრო მზაკვრულ ხერხსაც მიმართეს: ბიძინა ჩოლოყაშვილის თვალწინ თავები წააცალეს ერისთავებს, ”ეგონათ ამით შეეშინდებოდა და ძმათა თვისთა განშორდებოდა”, და როცა ამითაც ვერ დააშინეს, მაშინ ”მხნე ბიძინამ” ნაწილ-ნაწილ აკუწეს.
სპარსეთში წარგზავნილი გმირებისათვის მეფეს მხლებლებად გაუყოლებია მოურავის ძმა და ვინმე ჩარაშვილი, რომლებიც გზაზევე შიშს შეუპყრია და უკანვე დაბრუნებულან. მოურავ როინს ვერ აუტანია ძმისა და ჩარაშვილის ასეთი მუხანათობა და ორივე სიცოცხლისათვის გამოუსალმებია. მაგრამ ამის შემდეგ დაწყებულა სისხლის ღვრა როინის გვარსა და ჩარაშვილებს შორის. როინის გვარის უკანასკნელ გამგრძელებლად დარჩენილა ყანიმათი, რომელიც გადაწყვეტს სიცოცხლე მოუსპოს ჩარაშვილების უკანასკნელ მემკვიდრეს-ბერს. გადაწყვეტილების შესასრულებლად მიმავალ ყანიმათს გზაზე ხვდება ბერის ლამაზი ასული – ზარე, რომელსაც ადრევე შეუტყვია ყანიმათის გადაწყვეტილება. შეხვედრა სიყვარულის ფიცით მთავრდება. ამის შემდეგ შეყვარებულები ერთმანეს ხვდებოდნენ, მაგრამ ერთ –ერთი შეხვედრისას ყანიმათი ვიღაცას მიერ გასროლილმა ტყვიამ განგმირა. ჩანს, რომ მკვლელი ბერი ჩარაშვილი იყო. (თუმცა პოემაში პირდაპირ არაა მითითებული). ამ ამბავმა ზარე ჭკუიდან შეშალა და ბოლოს სიცოცხლესაც გამოასალმა.
”ოსური მოთხრობა” ისტორიულ თემაზეა აგებული, თუმცა ისტორიულ ამბავს ხშირად ცვლის პოეტის ფანტაზიით შექმნილი სურათები. პოემის ძირითადი იდეა პატრიოტიზმია. ავტორის მიზანია მკითხველში გააძლიეროს მამულის სიყვარულის გრძნობა, შთააგონოს მას სამშობლოსათვის თავდადება.
ახალგაზრდა ავტორმა თემის შერჩევის შესანიშნავი უნარი გამომაჟღავნა. როგორც ცნობილია, ეს თემა (შაჰ-აბას მეორის წინააღმდეგ ქართველთა შეთქმულება) შემდეგში კვლავ იქნა გამოყენებული აკ. წერეთლის ვაჟა – ფშაველასა და ანტ. ფურცელეძის მიერ.
როგორც აღვნიშნეთ, გ. ერისთავმა თავის პოემაში 1832 წლის შეთქმულთა იდეები ჩააქსოვა. პოემის ცალკეული ადგილები უშუალოდ გამოხატავს შეთქმულთა განწყობილებებს. ეს გარემოება შეუნიშნავი არ დარჩენიათ შეთქმულების მონაწილეებსაც[2].
ერთი შეხედვით, ”ოსური მოთხრობის” მეორე ნაწილი თითქოს სიყვარულის თემაზეა აგებული, მაგრამ არსებითად ეს ასე არ არის. მართალია, აქ აღწერილია ზარესა და ყანიმათის სიყვარულის ტრაგიკული ისტორია, მაგრამ ყოველივე ეს გამოყენებულია მთავარი თემის გასაშუქებლად. პოემის მეორე ნაწილში ავტორი მიზნად ისახავ გვიჩვენოს, რომ ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ერისთავები მარტონი არ არიან, მათი მოსპობით არ ინგრევა გმირთა საბუდარი. კვლავ რჩებიან როინები. როინი იმ დედის ძუძუთია გაზრდილი, რომელმაც შემდეგში ალ. ყაზბეგის ხევისბერი გოჩა დაავაჟკაცა.
პოემა ”ოსური მოთხრობა” საყურადღებოა ბუნების სურათების რეალისტური აღწერითა და სიყვარულის გრძნობის მაღალადამიანური გაგებითაც.
”ოსურ მოთხრობაში”, მართალია, ხვდებით რომანტიკული პოეზიისათვის დამახასიათებელ განწყობილებებსა და პოეტურ საღებავებს, მაგრამ თავისი არსებითი ნიშნებით ის არის ქართული რეალისტური პოეტური ეპოსის ერთ-ერთი ადრინდელი ნიმუში.
”ოსური მოთხრობა” ყურადღებას იქცევს კომპოზიციური გამართულობითა და პოეტური ენის სისადავითაც. ავტორი აშკარად ამჟღავნებს მისწრაფებას დაუახლოოს სასაუბრო ენას ნაწარმოების არამარტო ლექსიკა, არამედ პოეტური სინტაქსი.

* * *
შეთქმულების გაცემიდან რამდენიმე ხნის შემდეგ გ. ერისთავიც დააპატიმრეს. გამოძიებამ იგი მეოთხე თანრიგის დამნაშავედ ცნო, მაგრამ საგამომძიებლო დასკვნაში აღნიშნული იყო მისი მცირეწლოვანებისა და გულწრფელი აღიარების შესახებ.
სასჯელის ზომათა დადგენისას მთავრობა დაკმაყოფილდა გ. ერისთავის ფეხოსანთა პირველი კორპუსის ერთ –ერთ პოლკში ჩარიცხვით. 1834 წლის 9იანვარს თბილისიდან ის გაგზავნეს ვილნოში ფეხოსანთა მესამე დივიზიის უფროსთან.
გადასახლებაში მყოფ ახალგაზრდა პოეტს ცხოვრება უხდებოდა ვილნოში, ბელოსტოკში, კოვნოში, რიგაში და სხვა ადგილებში, იმის მიხედვით თუ სამხედრო ნაწილი, რომელშიც ის მსახურობდა, სად იმყოფებოდა. უცხო ქვეყანაში ყოფნას პოეტისათვის ტყუილად არ ჩაუვლია. გარდა იმისა, რომ კარგად შეისწავლა პოლონური ენა, გაიცნო პოლონური ლიტერატურაც. კერძოდ, დიდი ინტერესი გამოიჩინა სახელოვანი პოლონელი პოეტის ადამ მიცკევიჩის შემოქმედებისადმი და თარგმნა მისი ლექსები.
ვილნოში გ. ერისთავი მოუნახულებია მის ბედში მყოფ პოეტს გრ. ორბელიანს, ისინი ხშირად ხვდებოდნენ და თავიანთ ლექსებსაც აცნობდნენ ერთმანეთს. გადასახლებაში მყოფი გ. ერისთავი 1836 წლის დეკემბერში მოუნახულებია მის ძმას – ივანესაც. 1838 წლის აგვისტოში გ. ერისთავმა მიიღო სამშობლოში ერთი წლით დაბურუნების უფლება და სიხარულით გამოემგზავრა.
შეთქმულების ტრაგიკულმა დასასრულმა ახალგაზრდა პოეტის ოცნებას, ცხადია, ფრთები შეაკვეცა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ნაცვლად შეთქმულებს, მათ შორის გ. ერისთავსაც, ციხის კედლები და სამშობლოსაგან მოცილება ერგოთ. ცხოვრების ამ მკაცრმა დღეებმა თავისი გამოხატულება პოვა გ. ერისთავის პოეზიაში. 1833-1838 წლებში დაწერილ ლექსებში პოეტი უმთავრესად გადმოქვცემს იმ სევდა – მწცხარებას, რომელიც მას პატიმრობისას და გადასახლებაში ყოფნისას დაუფლებია. ამ პერიოდის ლექსები პესიმისტური განწყობილებითაა დამძიმებული, თუმცა ეს პესიმიზმი არაა უსასოო. პოეტის მწუხარება გამოწვეულია სამშობლოსაგან იძულებითი მოწყვეტით. ”ქალაქის ციხეში ჟამსა პატიმრობისასა” დაწერილ ლექსში პოეტი თავის მეგობრებს მიმართავს:

მე აწ სოფელი მოყვასთ მაშორებს,
და მიხშავს კლიტით მამულის კარებს.
ვეღარ ვისუნთქავ ჰაერით ტკბილით,
მისთვის მიბრალეთ გულით ლმობილით.
მივალ, გარნაღა სული აქ მრჩების,
მუნ სევდის ქოხი ობლად დამშთების.
(”თ. სვიმონ მაჩაბელს”)

უცხო მხარეში გადახვეწილ პოეტს კიდევ უფრო ძლიერად ეუფლება სამშობლოს სიყვარულის გრძნობა. მისი ოცნება მშვენიერ საქართველოს, საყვარელ თბილისს და იქ მყოფ მეგობრებს დასტრიალებს; მის მოგონებებში მუდამ ცოცხლობს მხიარულებაში გატარებული დღეები, ” როს გული მისი არ სცნობდა ჭმუნვას”. პოეტის მუზა შორიდან ეალერსება მტკვარს-საქართველოს თავგადასავალის უტყვ მოწამესა და ყაბახს- ქართველ ვაჟკაცთა სააზპარეზო ადგილს. ლექსები ” მტკვრისადმი” და ” ყაბახისადმი” (1836წ.) წარმოადგენდნენ სასიამოვნო მოგონებათა რომანტიკულ ფერებში გადმოცემის საუკეთესო ნიმუშებს. მტკვარი პოეტისათვის გამხდარა სამშობლოსა და მხიარული ახალგაზრდობის სიმბოლო. დიდი გატაცებით იგონებს ის ყაბახსაც, სადაც, არა ერთგზის გაუქარვებია თავისი სევდა და გაღვიძებია მოგონება ივერიის დიდი წარსულისა:

ოდეს რაზედმე ან რისთვისმე რა ვჭმუნვარებდი,
შენზედ სეირნით მყის კაეშანს განვიქარვებდი.
ვით გრძნების სარკე, ამაო სოფელს დამანახვებდი,
ვითა მეგობარს, ხვაშიადს გულის-შენ გარწმუნებდი.
შენსა პირზედან კითხულობდი დროთა ძველთ წარსულთ,
შენზედ ჰსწერია მოთხრობანი გმირთა დიდებულთ.
შენ შთამბერავდი ჩემსა შორის ივერთა ტრფობას
და ჩანგზედ მღერით დავიწყებდი მამულის მკობას.
(”ყაბახისადმი”)

უცხო მხარეში გ. ერისთავი გულთბილად მიუღიათ, მაგრამ სამშობლოსაგან მოცილებულ პოეტს აღარაფერი ახარებს:

სიღრმისა გული გრძნობიულით ვარ მადლობელი
ჩემის ესრეთის ალერსითა მიღებისათვის,
მაგრამ არ ძალმიძს დავივიწყო მხარე მშობელი
და სიხარულად მიმაჩნია ვიტირო მისთვის.

გ.ერისთავს გადასახლებაში უპოვია თავისი აზრის თანამოაზრენი. ერთ – ერთი მათგანი ყოფილა ჩვენთვის უცნობი პოლონელი პოეტი, მაიორი მიცკევიჩი, რომლის ლექსებს მიუზიდავს ქართველი პატრიოტი. მისი თქმით, მგოსნისათვის უაღრესად სასიამოვნოა ის საღამო, როცა ”ჰპოებს კაცსა ერთისა
გრძნობი, ერთის ოცნებით, ერთის ცნობით” (”მაიორ ა. მიცკევიჩს, პოეტს”). მეგობარ პოეტს იგი ურჩევს ”ზარდოს ალერსით” მგრძნობიარე გულში შობილი აზრი. ეჭვს გარეშეა, ეს საერთო აზრი იყო სამშობლოს განთავისუფლება.

ცხოვრების გამოცდილებას პოეტი ხშირად იმ დასკვნამდე მიჰყავს, რომ, ვიდრე დრო შესაძლებლობას აძლევს, ადამიანმა უნდა იმხიარულოს, იგემოს სიტკბოება. ასეთი განწყობილება შეინიშნება ჩვენი სახელოვანი რომანტიკოსების პოეზიაშიც.

ამავე პერიოდში გ. ერისთავი მთარგმნელობლით მუშაობასაც ეწეოდა. მას უთარგმნია შილერის ”ხელჯაგვი” (1836წ.), ადამ მიცკევიჩის ” ბაღჩისსარაია”, ”პილიგრიმი”, ”პატოცკის საფლავზედ” და ” მოგონება” (1838წ.).

* * *
1838 წლის აგვისტოს ბოლოს გ. ერისთავი უკვე საქართველოშია. 1832 წელის შეთქმულების აქტიური მონაწილის თბილისში გამომგზავრების შესახებ სამხედრო მინისტრს დროულად უცნობებია მთავარმართებლისათვის, რომელსაც, თავის მხრივ, საგანგებო მიმართვა გაუგზავნია სამხედრო გუბერნატორისათვის და დაუვალებია, ფხიზელი მეთვალყურეობა დაეწესებია გ. ერისთავზე. ჩანს, ექვსი წლის შემდეგაც მეფის მთავრობას არასაიმედოდ მიაჩნდა ახალგაზრდა შეთქმული და მისი ყოველი ნაბიჯი აღრიცხული ჰქონდათ.
არისტოკრატიის ერთი ნაწილის გადაგვარება პირველმა გ. ერისთავმა შენიშნა და სატირას მიმართა. ჯერ კიდევ ადრე, პოლონეთში მყოფი გ. ერისთავი გრ. ორბელიანს წერდა: ”რუსულად დავწერე სატირა ყიამათათ აქაურს ბალზედო”. ამჯერად კი სატირის საგნად მან თავისი წრის წარმომადგენლები აირჩია, ყოფილი სატრფოსა და მის მსგავს ქალთა საქციელი გაკიცხა (”დედა და ქალი”,
”ფიქრი ყმაწვილი ქალისა”).
სატირა ”ფიქრი ყმაწვილი ქალისა” კარგად წარმოგვიდგენს სახეს იმ არისტოკრატი ქალისას, რომელსაც ოცნებად გადაქცევია”რუსულ გვარად” ცხოვრება. ასეთი ქალები ადვილად თმობენ ისეთ საქრმოებს, რომლებსაც მექრთამე ჩინოვნიკთა მსგავსად არ შეუძლიათ მდიდრულად იცხოვრონ და დრო ატარონ ბალებსა და სეირნობაში:

მართალი მითხრა დედამ, რად გინდა ბეგლარ ქმარად:
იმას არ შეუძლიან ცხოვრება რუსულ გვარად.
მე შევირთავ ასეთს ქმარს, იყოს ჯერ მაიორი,
ლამაზი და მდიდარი, არ ჰყვანდეს თანასწორი.
თვეში ორჯერ მდიდრულსა ვაკეთებდე ბალებსა,
მერე ხუთშაბათობით ვპატიჟებდე ქალებსა;
დილით ფაიტონით ყოველთვის დავგულაობდე,
საღამოს კავალრებით უნდა ვკავალკადობდე.

ხშირი იყო ისეთი შემთხვევებიც , როცა გასათხოვარი ქალიების ბედს ”ახლებური ცხოვრებით გადაგვარებული დედები სწყვეტდნენ. მათი მიზანი იყო სიძეებად ეშოვნათ მდიდარი და გაქნილი მოხელეები, სხვა ”ღირსებებს” კი ანგარიშს არ უწევდნენ.
ასეთი დედების ფსიქოლოგია გ. ერისთავმა საკმაო სიზუსტით გვიჩვენა სატირაში ”დედა და ქალი” (”მოდი, აქ დაჯექ, შვილო…”). აღნიშნულ თემას პოეტმა შემდეგაც მიმართა და გააფართოვა სატირული ლექსების ციკლი. საქართველოში დროებით ყოფნის დროს გ. ერისთავს დაუწერია აგრეთვე ლექსები: ”ვისთვის ვსთქვა ლექსნი…” ”თოვლი” და უთარგმნია მიცკევიჩის ”არამხანის საფლავნი”, ”აკერმანის მინდორი”, პეტრარკას –”კურთხევა”.

* * *
1839 წლის ბოლოს გ. ერისთავი კვლავ დაბრუნდა პოლონეთში და 1841 წლამდე დაჰყო სამხედრო სამსახურში. 1841 წლის 3 ივნისს იგი შტაბს-კაპიტნის ჩინით გაუთავისუფლებიათ სამხედრო სამსახურიდან, მაგრამ 1842 წლის გაზაფხულამდე მაინც ვერ ბრუნდება სამშობლოში.
საქართველოში ჩამოსული გ. ერისთავი ერთ ხანს არ მსახურობს და ოჯახურ საქმეებს აგვარებს, თანაც შემოქმედებით მუშაობას ეწევა. 1842 წლის 31 ოქტომბერს ნ. ბარათაშვილი მაიკო ორბელიანს სწერს: ”შენ –გაზრდას, მაიკო, თუ გლუხარიჩი (გ. ერისთავი – დ. გ.) ნახო, ჩემს მაგიერ მოიკითხეთ და უთხარ, რა ღმერთი გაგიწყრა, რომ აგრე ფეხი აიკვეთე ქალაქისკენთქო. როგორ აღარა აგონდება რა სასიამოვნო შენს პოეტურს სულსათქო”. ჩანს, გ. ერისთავს ნ. ბარათაშვილთან ახლო მეგობრობა ჰქონდა. ამას მოწმობს ლექსიც ”თ. ნიკოლოზ მელიტონის ძე ბარათაშვილის გარდაცვალებაზედ”.
1844 წელს გ. ერისთავმა ცოლად შეირთო იაგორ ალიხანოვის ქალი – ელისაბედი და ხიდისთავში დამკვიდრდა. 1847 წლის აგვისტოში გიორგისა და ელისაბედს შეეძინათ ორი ვაჟი –დავითი და კონსტანტინე. კონსტანტინე მალე გარდაიცვალა, ხოლო დავითი, შემდეგში ცნობილი დრამატურგი, მშობლების დიდი მზრუნველობის ქვეშ იზრდებოდა.
ხიდისთავში გ. ერისთავი ნაყოფიერ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. დროდადრო თბილისშიც ჩამოდიოდა და მანანა ორბელიანის სალონის სტუმარი იყო. სწორედ ამ სალონში გააცნო გ. ერისთავმა იმდროინდელ ქართველ მოღვაწეებს თავისი დრამატული ნაწარმოებები, რომელთა წერას მან ჯერ კიდევ 1839 წელს, შვებულებაში ყოფნის დროს მოჰკიდა ხელი. ამ წელს დაწერა მან “ შეშლილი”, ხოლო მომდევნო წელს (პოლონეთში ყოფნისას) დაასრულა კომედია “დავა”, რომლის წერა საქართველოში (1839 წელს ) დაიწყო.
1849 წელს გ. ერისთავმა დაწერა კომედია “გაყრა”, 1850 წელს –“ძუნწი”, ორმოცდაათიანი წლების დასასრულს კი – “ წარსული დროების სურათები”. გარდა ამ ორიგინალური კომედიებისა გ. ერისთავს რუსული ენიდან უთარგმნია და გადმოუკეთებია რამდენიმე დრამატული ნაწარმოები, რომლითაც მან გაამდიდრა ახლად აღორძინებული ქართული თეატრის რეპერტუარი.
მართალია, გ. ერისთავს ლექსების წერისათვის თავი არასოდეს არ დაუნებებია, მაგრამ ორმოცდაათიანი წლების დასასრულიდან მისი სამწერლო მოღვაწეობა უმეტესად დრამატურგიის სფეროში მიმდინარეობდა. იგი ქართული ლიტერატურის ისტორიაში შევიდა, როგორც დრამატურგი და სამუდამოდ დაიმკვიდრა ნიჭიერი შემოქმედის სახელი.
გ. ერისთავის ორიგინალური დრამატურგია მიძღვნილია ძირითადად ერთი თემისადმი, ესაა 40 – 50-იანი წლების საქართველოს სოციალური ყოფა, რომლის რეალისტურმა ასახვამ გ. ერისთავს დიდი სახელი მოუხვეჭა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიაში.

* * *
გ. ერისთავის პირველი კომედია, რომელიც იმთავითვე დიდი ინტერესით მიიღო მკითხველმა, “შეშლილი” იყო. “შეშლილში” ასახულია მწერლის თანამედროვე ქალთა საზოგადოების მეშჩანური ნაწილის ცხოვრება. ქალთა ამ წრეს გ. ერისთავმა დაუპირისპირა ახალგაზრდა ქალი ტასო და რუსეთში სწავლა–განათლება მიღებული ბეგლარი, რომელიც პოეტური ნიჭითაა დაჯილდოებული.
ქართველი ქალი, ქართველი დედა, ისტორიულად ცნობილი იყო თავისი კეთილშობილებით, ოჯახის სიყვარულითა და პატიოსნებით. ამიტომ ჩვენი კომედიოგრაფი სატირის ბასრი იარაღით უმასპინძლდება ყველას, ვინც არცხვენს მის წმინდა სახელს.
ბეგლარს და ტასოს ერთმანეთი უყვართ. თავდაპირველად სასიდედრო – ანახანუმი და მისი რძლებიც დაინტერესებულნი იყვნენ ბეგლარით, როგორც “უცხო საქმროთი”. მაგრამ ბეგლარი ანახანუმს მოსწონდა არა მისი მაღალი ბუნებისა და პოეტური ნიჭის გამო, არამედ იმიტომ, რომ იმედი ჰქონდა ნასწავლი კაცი არზების წერას მიჰყოფდა ხელს და სასამართლოში საქმეებს მოიგებდა. ასეთი ანგარიში ანახანუმს არ გაუმართლდა. ბეგლარმა უარი თქვა არზების წერაზე, არც სასამართლოში წავიდა, არც ის იკადრა, რომ უარი ეთქვა დალალის ვალზე; არზის ქაღალდზე, ნაცვლად საჩივრისა, ლექსები დაწერა. ანახანუმისათვის გაუგებარია ბეგლარის ასეთი მოქმედება. იგი დარწმუნებლია, რომ ბეგლარი ტყუის მასთან, “ არ იცის ოჯახის მოვლა” ანახანუმი მარტო არ არის, მის სიტყვებს გაკვირვებული ნინო დაუმატებს: “ მაშ სულ დაგღუპავს, ნეტა რასა ჰგავს! ეტყობა, თავში ჭკუას ვერა ჰსცნობს, იმიტომ ჯავრობს და ვითომ ჩესტნობს”. იგივე ნინო დამწუხრებულ ანახანუმს ურჩევს მოაცილოს ტასო ბეგლარს.
ანახანუმს ასეთი რჩევა მოსწონს, მაგრამ წუხს, ქალიშვილი გაუთხოვარი არ დარჩეს. ამჯერად კი ანასტასია აძლევს მას დარიგებას: ”მაშ რუსს მიეცი, ჩვენს გლუხარიჩსა, იმ პოლკოვნიკსა თეოდორიჩსა”. მაგრამ მას უფრო ნინოს რჩევა მოსწონს: ტასო მიათხოვოს ბეგლარის ამხანაგს – ვახტანგს. მაგრამ ვარაუდი არ გაუმართლდათ. იორამ მღვდელი ვახტანგმა უარით გამოისტუმრა. შემდეგ თვით ანახანუმმა გამოარჩია სასიძო – ფრიდონი, რომელიც “მაიორია, მერე დრაგუნი” სიყვარულით იწვის ბეგლარის უნახაობით შეწუხებული ტასო. სიზმარში თუ ცხადში ბეგლარის სახე უდგას წინ, მის ლექსებს იმეორებს, მასთან შეხვედრებს იგონებს. ასეთი ძლიერი და სპეტაკი სიყვარული მეშჩანი ქალებისათვის უცხო და გაუგებარია: მათაც შეშლილად გამოაცხადეს საბრალო ტასო. ტასოზე არა ნაკლებ იტანჯება ბეგლარი, რომელსაც ჰგონია, რომ ტასომ დაივიწყა იგი. გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას, მაღლობზე, კაკლის ქვეშ მჯდარი ბეგლარი, სიყვარულის ნესტარით დაკოდილი, ტკბება ბუნების მშვენიერებით, მაგრამ აწუხებს ადამიანის სიცოცხლის არარაობა და წარმავლობა. სურს მოწყდეს ამ ქვეყანას და აფრინდეს მაღლა, მაგრამ გრძნობს, რომ ესეც შეუძლებელია.
ტასოსაგან წერილის მიღების შემდეგ ბეგლარი კიცხავს მთელ ქალთა სქესს და ნატრობს, იყოს “სამუმის ქალი”. “ჯალათი მახინჯებისა”, რომ ჯეროვნად შეძლოს მათი დასჯა, მაგრამ იგი დაფიქრდება და თავის თავს ეკითხება – ვინ მოგცა უფლება “დასთრგუნო ქალი… მშვენება?” მას მორალი უფლებას არ აძლევს იყოს შურისმაძიებელი. ის რწმუნდება, რომ მისი პიროვნება გაუგებარია საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელთანაც მას ურთიერთობა აქვს; წუხს, რომ ვერ აცდა იმ მკაცრ ბედს, რომელმაც დატანჯა ბევრი ცნობილი შემოქმედი:

და თქვენცა, ერნო, მომღერალთ მტერნო, სავსენო შურით,
თქვენ არ იყავით, დასცინოდით დიდ ბაირონსა?
თქვენ აიძულეთ, განაშორეთ მშობლის სირონსა?
ტორკვატო ტასი?
ვერ სცანით ფასი;
უწოდეთ მტერი,
ჰქმენით პყრობილი,
მის მღერა ტკბილი,
ვერ მოიგონეთ!
თქვენში არ იყო, კამოენსი მოკვდა მშიერი?
თქვენ არ სდევნიდით დიდსა დანტეს,
იყავით მტერი?
და ოვიდია რომისაგან რისთვის განაძეთ?
იქნებ მეც ისე მომიძულოთ, არვის დაგნანდეთ!

ბეგლარის საცოლეს –ტასოს –სწამს თავისუფალი და წრფელი სიყვარულის აუცილებლობა. იცის, რომ ქალი უნდა თხოვდებოდეს არა სხვების შუამავლობით, არამედ ნამდვილი სიყვარულით. მას არ უნდა ბეგლარის გარდა სხვა საქმრო. ის თავის მეგობარ ქალს ურჩევს, რომ, როცა აღეგზნება “გულს ტრფობის ცეცხლი”, არ გაანელოს; არწმუნებს, რომ მხოლოდ გრძნობით ვაჭრობაა სირცხვილი და არა ჭეშმარიტი სიყვარული.
საბრალო ტასო, რომელიც ჭკუაღატაკმა და გრძნობადაცლილმა ქალებმა შეშლილად გამოაცხადეს, გაბედულ და მაღალ აზრებს გამოთქვამს სიყვარულზე. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ნორმალურ საზოგადოებაში ტასო ერთ – ერთი მისაბაძი ქალი იქნებოდა. ტასო შეშლილია მათთვის, ვისთვისაც გაუგებარია სიყვარული და ვინც თხოვდება უფროსების გადაწყვეტილებით, სიყვარულის გარეშე. ანახანუმის რძალი კეკელა თავმომწონედ ამბობს:

ჩვენცა ვყოფილვართ ყმაწვილქალები,
ჩვენცა გვქონია კარგი თვალები,
მაგრამ ჩვენს გულსა არა ვკითხავდით,
საქმროდ ვინ გვინდა, ვისთვის ვოხრავდით.
გათხოვებასა მაშინა ვცნობდით,
როცა საყდარში ქმარს წავყვებოდით.
ვისაც როგორსა ბედი მოგვცემდა,
მისთვის ჩვენ მხოლოდ გული გვიცემდა.

აშკარაა, თუ როგორ წინააღმდეგობაშია ტასოსა და კეკელას შეხედულებები სიყვარულზე, როგორ მკაცრად დაუპირისპირდა პიროვნება (ტასო) იმ საზოგადოებას, რომელსაც თვითონ ეკუთვნის წარმოშობით.
გ. ერისთავი გვიჩვენებს იმასაც, თუ როგორ მკურნალობენ ტასოსებრ “შეშლილებს”. გადაწყვეტენ, ბეგლარის სიყვარულით სიმშვიდედაკარგულ ტასოს შერთონ ელენეს შვილი, რომელიც არის “უცხო სახისა, აქვს მერე ჯვარი კაპიტნისა”. დაინიშნება ქორწინების დღეც, მაგრამ კომედიის დასასრულს, ლოტოს მოთამაშე ქალები, რომელთაგან ბევრი მონაწილეობას ღებულობდა ტასოს “გაბედნიერებაში”, შეიტყობენ, რომ ტასო მტკავრში გადავარდნილა და თავი დაუხრჩვია. საოცარი სიმახვილით აქვს აღწერილი გ. ერისთავს აღნიშნული სცენა. ჭორების მოსმენას მიჩვეული ქალები არ წყვეტენ თამაშს, თანაც მოსმენილით ერთობიან. ამბის მომტან ყმაწვილს ნინო მიმართავს:

რით გამიხეთქე,გენაცვა,გული
მე სამგან მქონდა ანბო დასმული!
ყმაწვილი (გაჯავრებული)
დღეს ითამაშეთ, ნუ დაიჯერებთ:
ცრემლი მზათა გაქვთ, ხვალაც იტირებთ.
მელანია
ფეოდესეტ ოსემ… თუ მართალია…
მაგრამ დედაზედ სამართლიანი.
ვოსემ დესეტ სემ… ყური არ უგდო,
საბრალო ქალი ყმაწვილს მიუგდო.
შესტ დესეტ დევეტ… მე რა გავიგე…
ნინო
უკაცრავად ვარ, აი მოვიგე.

ამგვარად, გ. ერისთავმა “შეშლილში” ანახანუმისა და მისი რძლების სახით დაგვიხატა მაღალი წოდების მეშჩანური ნაწილი, რომელსაც დაუკარგავს ადამანური მორალი. ამ გმირთა მთელი ცხოვრება და მოქმედება მხოლოდ სიცილს იწვევს და სიცილთან ერთად ზიზღსაც. ამაშია გ. ერისთვის იუმორის სიმძლავრე და სატირული ბუნება.
ტასოსა და ბეგლარის სახით მეშჩანთა საზოგადოებას უპირისპირდებიან ზნეობითა და განათლებით მაღალ საფეხურზე მყოფი ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ მგრძნობიარე გული და შემოქმედი გონება, მაგრამ მათ არ გააჩნიათ შესაფერი ნებისყოფა და ბრძოლის უნარი, რათა თანმიმდევრული ბრძოლა გამოუცხადონ ზნეობრივ დაცემულობას. მათ თითქოს საკუთარი თავის დასასჯელად აქვთ მაღალი ადამიანური ღირსებები.

* * *
სავაჭრო კაპიტალის განვითარებასთან დაკავშირებით ფეოდალურ-ნატურალური მეურნეობის რღვევა და თავადაზნაურთა დაცემა- გადაგვარება უფრო მკვეთრად მოცემულია გ. ერისთავის გვიან დაწერილ კომედიებში: “დავა” (1840წ), “გაყრა” (1849წ.), “ძუნწი” (1850წ.).
გ. ერისთავმა, პირველმა ქართულ ლიტერატურაში, ასახა ეკონომიურად დაცემის გზაზე დამდგარი მაღალი წოდების ბედოვლათობა, გონებრივი შეზღუდულობა და ზნეობრივი სიღატაკე. მან პირველმა შეამჩნია, რომ მე –19 საუკუნის 40 –იანი წლებისათვის ქართველმა თავადაზნაურობამ დაკარგა ცხოვრების უნარი, ალღო ვერ აუღო ახალ საზოგადოებრივ ურთიერთობას, ავადმყოფურად ჩაეჭიდა ძველ პატრიარქალურ სამყაროს და ამაოდ შეეცადა მის შენარჩუნებას.
გ. ერისთავის რეალისტურმა ალღომ განსჭვრიტა, რომ ჩამორჩენილ ნატურალურ მეურნეობაზე და მის მოტრფიალეთა ბრწყინვალებაზე ლაპარაკი თავისთავად ჩამორჩენილობას ნიშნავდა. მის თანამედროვე მოღვაწეთაგან განსხვავებით, გ. ერისთავმა თვალი გაუსწორა სინამდვილეს, დარწმუნდა, რომ წარსულზე ტირილი, წინაპართა აჩრდილების წინაშე ქედის მოხრა არაფერს იძლეოდა; მან დრომოჭმულსა და ჩამორჩენილს შელამაზება კი არ დაუწყო, არამედ ნამდვილი სახელი უწოდა და რეალისტურ სახეებში ასახა მთელი მისი ავლადიდება.
ეკონომიური სივიწროვის საფუძველზე თავად-აზნაურთა ბანაკში წარმოიშვა განხეთქილება, უთანხმოება და შური. მაღალი წოდების წარმომადგენლები უფრო იოლად ახერხებდნენ ერთმანეთის დაღუპვას, ვინემ ნამდვილ მტერთა შებრძოლებას. ქართველი თავადაზნაურობა მეტად მთვლემარე მდგომარეობაში შეხვდა ბურჟუაზიული ურთიერთობის განვითარების დასაწყისს.
გ. ერისთავი გვიჩვენებს, რომ თავად-აზნაურთა ძველი თაობის ერთი ნაწილი, რომლისთვისაც გაუგებარია ახალი ეკონომიური პროცესი, ხედავს რა მდგომარეობის გაუარესებას, ყოველ ღონეს ხმარობს ხელიდან არ გაუშვას მამული; არ ერიდება სიცრუეს, წაგლეჯას, ოღონდ ხელთ იგდოს რაიმე. ამ გაბოროტებული და დაბნეული წოდების წარმომადგენლები ცდილობდნენ თავიანთი პირადი ინტერესებისათვის გამოიყენონ ბიუროკრატიული აპარატის გაიძვერა დ გაქნილი მოხელეებიც, რათა ერთმა მეორის ხარჯზე გაიუმჯობესოს მდგომარეობა. ავადმყოფურ პატივმოყვარეობასა და მტრობას მეტი სისწრაფით მიჰყავს ისინი ისტორიის დაღმართისაკენ.
ასეთებია: ამირინდო და ონოფრე (“დავა”). ეს ორი ზვიადი თავადი სიმდიდრეს უანგარიშოდ ხარჯავს მექრთამე მოხელეებთან ერთი უმნიშვნელო ადგილის-ჩალიანის დასანარჩუნებლად. ამ ვაჟბატონემა იციან, რომ დავაში უფრო მეტი ეხარჯებათ, ვინემ ეს სადავო ადგილი ღირს, მაგრამ არც ერთი არ თმობს. ეს უნდათ სასამართლოს მოხელეებსაც. ისინი ერთსა და იმავე დროს ორივესგან იღებენ ქრთამს და ხან ერთს, ხან მეორეს აკუთვნებენ ჩალიანს, რათა დავა არ დასრულდეს.
თავის ბედნიერებას ამირინდო იმაში ხედავს, რომ სასამართლოს მოხელეები თავის მხარეზე ჰყავდეს, თანაც იმაზე ოცნებობს, თუ როდის დაბრუნდება პეტერბურგიდან ნასწავლი შვილი, რომელიც პოეტი ყოფილა, რომ არზები დაუწეროს. მან არ იცის, რას ნიშნავს პოეტობა, მაგრამ ფიქრობს, ბევრი კანონების ცოდნას უნდა გულისხმობდეს.
ამირინდომ იცის, რომ “კალამი ხმალი გახდა” – “ერთ ასოს დაბღაჯვენ და დარჩა მშიერი”. ამიტომ შვილი მეტად ვერაფრით გაახარებს, თუ არა არზების წერით. მაგრამ აქაც უღალატა ბედმა ამირინდოს. მის მიერ მიცემულ არზის ქაღალდზე ბეგლარმა ლექსი დაწერა, იგი კვლავ ცბიერ სარქისისა და რაფიელის ხელში დარჩა. ისინიც კარგად პარსავენ ამ “მსუქან ცხვარს” და თითო “ტოჩკასა და ზაპეტაიაში” თითო ოქროს ართმევენ. ამირინდომ არ იცის, რას ნიშნავს “ტოჩკა და ზაპეტაია”, მას ჰგონია, ესაა კანონების მთელი არსი.
ამირინდოს ორეულია მისი მოდავე ონოფრეც, რომელსაც “ქალაქის სასამართლოს ფულები” გამოლევია, მაგრამ თავს მაინც არ ანებებს საჩივარს. იგი გამწარებული დარდობს ჩალიანზე. შვილს – მიხეილს – ნაღვლიანად ეუბნება: “წამართო, წამართო! რა ვქნა, ერთი სისხლს მაინც მოვახდენ და…”. მას ადარდებს არა ჩალიანი, არამედ ის, რომ ამირინდომ აჯობა. როდესაც გაიგებს, სადავო ადგილებს “სახელმწიფოდ დასდებენო”, სიამოვნებით იტყვის” “რა მენაღვლება… დეე, დასდვან, ჩემ მოსისხლეს ხომ არ დარჩება…”
ძველი თაობის მეორე ნაწილს დავისა და მოქმედების უნარიც აღარა აქვს, მისთვის წარმოუდგენელია პატრიარქალური ოჯახის დარღვევა და შეცვლა. ის გრძნობს ახალი ცხოვრების დაწოლას, აღსასრულის მოახლოებას, მაგრამ არ იცის რა გზას დაადგეს. მას არ შესწევს უნარი საკუთარ ეზოს გარეთ გავიდეს და რაიმე საშუალებას მიმართოს, უიმედოდ მწუხარებს თავის სავალალო მდგომარეობაზე და საკუთარ სახლში, ძმებთან იჩენს მხოლოდ “ვაჟკაცობას”. ტიპიური სახე ასეთი ჩამორჩენილი და გაუნათლებელი თავადისა გ. ერისთავმა დაგვიხატა ანდუყაფარ დიდებულიძის სახით (“გაყრა”).
ანდუყაფარის მთელი ტრაგედია იმაშია, რომ გაყრას უპირებს, თერგდალეული ძამია” – რუსეთში სწავლამიღებული ივანე; მას აწუხებს იმის შეგნება, რომ არ ძალუძა ხელი ააღებინოს ივანეს თავის გადაწყვეტილებაზე. მამაპაპეული ოჯახის გაყოფა – დანაწილება ანდუყაფარს სამარცხვინოდ ეჩვენება, განადგურების და დაცემის სიმბოლოდ ეხატება. ამიტომაა, უიმედოდ რომ მოთქვამს:

ჰეი ოჯახო, კარგო ოჯახო,
შემდგომ გაყრისა ვის დავენახო!
ახ, ვეღარ დავცემ კარავსა მკაში,
უნდა ვიმალო მე მამითადში!

გაყრის შემდეგ იგი ვეღარ ნახავს “სამასი ნამგლის ტრიალსა”, “ზვარიც უნდა გაუყონ”; ესეც არაფერი, მაგრამ თერგდალეული ძამია “ზვარში აპირებს ვაზების დაჭრას და ვაზების წილ თუთების ჩაყრას” ანდუყაფარს არც ბარამის რჩევა მოსდის ჭკუაში. ბარამის რჩევით, საკმარისია ანდუყაფარმა გლეხებისგან აკრიფოს ოთხასიოდე თუმანი, ამ ფულით მოისყიდოს სასამართლო და გაყრაზე უარი უთხრან ივანეს. მაგრამ ანდუყაფარი გრძნობს, რომ დღეს თუ არა, ხვალ ივანე მაინც თავისას გაიტანს. “ვთქვათ, ორი წელიწადი არ გაგვყარეს, – ეუბნება ბარამს ანდუყაფარი, – მერე ხომ უნდა გაგვყარონ”. აი, საკუთარი სისუსტის შეგრძნების მაგალითი. ანდუყაფარს აკვირვებს ივანეს ქცევა და გეგმები: “არ ვიცი, რა ემართებათ ამ რუსეთში, იწამლებიან თუ რა არის. ბიჭო, რასაკვირველია, მოზდოკს მეც ვიყავ, მაგრამ კი არ გავგიჟებულვარ”.
ეს “სახელოვანი მოგზაური”, რომელსაც მოზდოკამდე მიუღწევია, მორალურად ისე დაცემულა, რომ მზადაა ერთი მუთაქისათვის საკუთარი ძმა სასიკვდილოდ გაიმეტოს, ხოლო მინებს ფეხით ამტვრევს, ძმებმა რომ არ ისარგებლონ. ამასთანავე, იგი ახერხებს მთელი ვალები გადასხდელად დააკისროს ივანეს, რომელიც შედარებით გულუბრყვილობას იჩენს გაყრის დროს. გმირთა ასეთი წვრილმანი მოქმედების ჩვენებით მწერალი დიდ სოციალურ მოვლენებში ახედებს მკითხველს. ძველი თაობის გალერეას ავსებს პავლე დიდებულიძე. პავლეს სახით გ. ერისთავმა შექმნა მეტად ცოცხალი ხასიათი უდარდელი თავადისა, რომელიც ანგარიშს არ უწევს არც თავის მდგომარეობასა და არც საერთო სიტუაციას. მას ჰგონია, რომ ყოველთვის ისე იცხოვრებს, როგორც ცხოვრობს, სადარდებელი სხვა არაფერი აქვს, თუ არა მწევარ – მეძებრები, რომელთა დანახვაც კი მთელ საცხოვრებელს ურჩევნია. ოჯახის მოვლა მას ენაგარეცხილი და მოხერხებული ცოლისათვის (მაკრინესათვის) მიუნდვია, თვითონ კი სანადიროდ დაიარება ქორ – მეძებრებით.
პავლე ყველაზე უფრო დასრულებული და ცოცხალი სახეა იმ თავადთაგან, რომლებიც გ. ერისთავს გამოყვანილი ჰყავს თავის კომედიებში. მოხერხებულადაა დახატული აგრეთვე ცბიერი კნეინას ტიპი – მაკრინე. ის სულ რამდენჯერმე გამოჩნდება სცენაზე, მაგრამ არ შეიძლება დაგვავიწყდეს მისი გაიძვერა სახე. პავლეს მისამართით წამოსროლილი მისი რეპლიკები სრულ წარმოდგენას გვაძლევას გაღარიბებულ და ენაგარეცხილ კნეინაზე. ფუქსავატობითა და გონების “სიმდიდრით” პავლეს ჩამოჰგავს იმერელი აზნაური ლომინ გოდაბრელიძეც (“დავა”). ლომინი ქარაფშუტა და უვიცია. მას თბილისი უნახავს და გაოცებულია ქალაქური ცხოვრებით, ყველაფერი უცნაურად გაზვიადებულად მოსჩვენებია. ეს ბრიყვი აზნაური იმისთვის წვალობს და ხარჯავს ფულს, რომ სასამართლომ მეოთხე ცოლის შერთვის ნება დართოს. ლომინის სახით, გ. ერისთავმა წარმოგვიდგინა “შემოდგომის აზანაურების” წინამორბედი, რომელიც შემდეგ ზ. ანტონოვმაც გამოიყვანა თავის კომედიებში.
გ. ერისთავმა თანამედროვეთ უჩვენა, რომ თავად-აზნაურთა ძველი თაობა დაცემის გზაზეა დამდგარი, მისი სასიცოცხლო ძალები ამოწურულია, მას უნარი არ შესწევს ბურჟუაზიული ურთიერთობის შესაბამისად წარმართოს თავისი ცხოვრება. როგორიღაა ახალი თაობა, შვილები? როგორც უკვე გავეცანით კომედია “შეშლილში”, ახლი თაობა უფრო მაღალ მორალურ ღირსებებს ამჟღავნებს, ვიდრე ძველი, მაგრამ არც მას შესწევს უნარი, ხელი ჩასჭიდოს ცხოვრების სადავეს.
“დავაში” ახალი თაობა წარმოდგენილია მიხეილის და ბეგლარის სახით. ეს უკანასკნელი “შეშლილის” გმირის – ბეგლარის განმეორებაა, მისი ორეულია, მაგრამ მცირედ განსხვავებულ ვითარებაში მოხვედრილი. პეტერბურგიდან სოფელში დაბრუნებული ბეგლარი (“დავა”) თავის თავს “ახალშობილს” ადარებს და წუხს, ვაითუ ვერ შეძლოს “უსვას ნიჩაბი სუსტისა მკლავით” და ვერ გაუძლოს “ზღვის მღელვარებას”. იგი სკეპტიკურად არის განწყობილი საკუთარი მომავლისადმი:

იქნება ბედმან, თვალით ვერ მხედმან,
უდროთ მოსთვალოს ჩემი ცხოვრება?
იქნება ერთა, გონების მტერთა,
მოსწამლონ ჩემი ნიჭიერება?

არც მისი ძველი ამხანაგი მიხეილი უწინასწარმეტყველებს უკეთესს. მიხეილი ადრევე გრძნობს, რომ ბეგლარის პოეტურ ბუნებას მოსწამლავენ: “შენ ხომ პოეზიაზე ხელს არ აიღებ, პოეტებს დიდ ქვეყანაშიაც სულელებს ეძახიან, შენ აქ დაღუპული ხარ, მესტვირეს დაგიძახებენო”.
მიხეილი თითქოს უფრო პრაქტიკული ადამიანია, მას სამხედრო სამსახური აურჩევია, რადგან, მისი თქმით, მეტ მხიარულებასა და უდარდელობას გრძნობს იქ კაცი. ბეგლარს იმის იმედი აქვს, რომ “სამასხაროს არასა იქმს” მაგრამ ჩვენი კომედიოგრაფი მკითხველსა და მაყურებელს აგრძნობინებს, რომ არ კმარა იყო ბუნებით კეთილი, ნიჭით დაჯილდოებული, და არც ის, რომ “სამსხარაო არა ქნა რა”. საჭიროა მტკიცე ნებისყოფა, მოქმედებისა და ბრძოლის უნარი. ეს უკანასკნელი თვისება კი გ. ერისთავის კომედიაში დახატულ ახალგაზრდებს აკლიათ.
ბეგლარი და მიხეილი სისულელედ თვლიან თავიანთი მშობლების ერთმანეთთან მტრობას, მაგრამ მთელი სიღრმით ვერ წვდებიან ამ მტრობის სოციალურ ძირებს. ბეგლარის სიტყვით, მათი ასეთი მტრობის მიზეზი გაუნათლებლობაა. დარწმუნებულია, რომ ახალი თაობის წარმომადგენლებს შორის ასეთი რამ არ განმეორდება: “ვგონებ დამერწმუნებით, – ამბობს ბეგლარი, – მე და მიხეილს არ მოგვივა ჩხუბი და არც საჩივარი ერთმანეთზედაო”. ბეგლარი, რა თქმა უნდა, ცდება. მხოლოდ გაუნათლებლობა არ იყო მიზეზი ძველ თაობაში გაბატონებული მტრობისა, ეს მხოლოდ ერთი მომენტი შეიძლება ყოფილიყო; მთავარი მიზეზი ეკონომიური პირობების გაუარესებაში, ბატონყმური ინსტიტუტის რღვევაში მდგომარეობდა. განათლებული, მაგრამ ცხოვრების უცოდინარი და უნებისყოფო შვილები (ბეგლარი, მიხეილი) მალე მამების ბრმა მორჩილნი ხდებიან. მათ, თავიანთი სურვილის წინააღმდეგ, სასამართლოს უვიც მოხელეებთან ქრთამები მოაქვთ და ერთმანეთს თავაზიანად უთმობენ რიგს მის გადასაცემად. აი, სად გამომჟღავნდა მათი სისუსტე, უხერხულობა და, თუ გნებავთ, ქარაფშუტობაც; იციან, რომ სისულელეს ჩადიან, რომ ორივე ერთისა და იმავე საქმისათვის იხდიან ქრთამს და შედეგიც არ აწუხებთ, მაგრამ მაინც ასრულებენ მშობლების დავალებას.
ნინო (“დავა”) იგივე ტასოა (“შეშლილი”), მხოლოდ უფრო ბედნიერ ატმოსფეროში მოხვედრილი. მას სწავლა – განათლება აქვს მიღებული, ინსტიტუტი დაუმთავრებია, არ მოსწონს მშობლების შურიანობა და მთელი არსებით გატაცებულია ბეგლარის სიყვარულით. ნინო, მსგავსად ტასოსი, თავისუფალ და ბუნებრივ სიყვარულს სცემს თაყვანს. ამის გამო არც მას მოელოდა ტასოზე უკეთესი ბედი, მშობლებმა ოთახშიც დაამწყვდიეს იგი და ბეგლარსაც უარი შეუთვალეს, მაგრამ მას უკვე აღმოუჩნდა მხარდამჭერი. ნინო, ტასოსაგან განსხვავებით, მარტო აღარ არის ძველი შეხედულების მქონე ოჯახში, მის გრძნობასა და მისწრაფებებს იცავს ძმა – მიხეილი, რომლის წყალობითაც ნინო და ბეგლარი დაქორწინდებიან, ხოლო ერთმანეთის მოსისხლე ამირინდო და ონოფრე შერიგდებიან.
მიუხედავად ამისა, “შეშლილი” და “დავა” აშკარად გვარწმუნებს, რომ ახალი თაობის წარმომადგენლები მოუმზადებელნი არიან ცხოვრებისათვის. მეტ დროს ოცნებას ანდომებენ, ვინემ საქმეს. საკმარისია მცირე დაბრკოლება და წინააღმდეგობა, რომ ისინი დაიბნენ ან დათმობაზე წავიდნენ. ახალი თაობის უსუსურობა და მისი მოუმზადებლობა პრაქტიკული ცხოვრებისათვის მეტი სიცხადით “გაყრაში” გვიჩვენა ავტორმა.
ივანე (“გაყრა”) უფრო კომიკური სახეა, იგი ოცნებობს ცხოვრების ახლებურად მოწყობაზე, ლაპარაკობს “აგრონომიაზე”, “ირრიგაციაზე” და “გუანოს გაკეთებაზე”. ხედავს, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ სასმელად იყოს ღვინო. საჭიროა იგი ფულსაც იძლეოდეს, რომ არ ეხვეწებოდე “კაკოვო ნიბუდ მიკირტუმ გასაპარიჩს”. მაგრამ რა გზით? ივანე თავის ცოდნას ვერ უფარდებს ცხოვრების ნამდვილ მითითებებს. მას სურს ზვარში ვაზი აჩეხოს და მის ნაცვლად თუთა დარგოს, ბილიკები გააუქმოს ბაღში და გზები გააკეთოს სესეირნოდ, მოაწყოს “ბესედკები” და სხვა. მას სამშობლოში ბრმად გადმოაქვს რუსეთსა და პოლონეთში ნანახი და გაგონილი, რაც ანდუყაფარის სამართლიან გაკვირვებას იწვევს.
ივანეს ყოველი გეგმა ფულს საჭიროებს, ფულის შოვნის თავი კი მას არ აქვს. ივანეს არც მიკირტუმისავით მომჭირნეობა შეუძლია, არც რამაზივით ქრთამების აღება და ”აბრუნდების” კეთება. იგი თვითონ აცხადებს: ”მე სამსახურის თავი არა მაქვს”, ”მე მინდა ვიხაზეინო”, მაგრამ ”ხაზეინობას” ივანე ვერ ახერხებს, ვინაიდან ძველი სიმდიდრე – მამული – ხელიდან ეცლება, ხოლო ფულის შოვნა არ შეუძლია. მშვენიერი სურათია ”გაყრის” მესამე მოქმედებაში, როცა მწერალი ერთმანეთს ახვედრებს ძმებთან გაყრილ მეოცნებე ივანეს და გაქნილ მევახშეს – მიკირტუმ გასპარიჩს, რომელიც პირველის ფანტაზიას იდეალური მეურნეობის მოწყობის შესახებ ვაჭრული პრაქტიციზმით აფასებს და ყველაფრის საზომად ფულს აცხადებს. ივანე გულმოკლული ჩაილაპარაკებს:”მოვიდა სატანა, მოსწამლა ჩემი ფანტაზია”…
დიახ, ეს სატანა იყო ახალი ცხოვრება, რომელიც მეოცნებე არისტოკრატიის ფანტაზიას სწამლავდა და არარაობად ხდიდა. მეოცნებე და თავმომწონე ივანე, რომლის შეხედულებით ”საქართველოში სიყვარულის მაგალითი არ ყოფილა! რომანიც არ დაიწერება!… რამან ბეზ ლიუბვი ეტო უჟასნო…” და დასცინის ქართველ ქალებს, თვითონვე უცებ წამოეგება მიკირტუმას ოქროს ანკესზე. ყოველგვარი გაცნობისა და სიყვარულის გარეშე, ფულის გულისათვის ცოლად ირთავს მიკირტუმის ქალს – შუშანას. დამცინავ ივანეს თვითონ დასცინა ცხოვრებამ. მეოცნებე თავადი, მეურნეობის ევროპულ ყაიდაზე მოწყობასა და ყმებთან კეთილგანწყობაზე ფიქრობდა, მევახშის სიძე ხდება და მორცხვად ისმენს სიდედრის – თათელას – დალოცვას: ”ღმერთმა აღას შნო მოგცეს, ყაირათი და ჭკუა, აღასავით მომგები გქნას, შვილო, თუ ღირსი ვარ”.
აი, ჩვენი იმდროინდელი განათლებული არისტოკრატიის ჭეშმარიტი სახე. მას მიკირტუმების შნოსა და ნიჭს უსურვებენ და ისიც იძულებულია ეს დარიგება მოკრძალებით მოისმინოს.
მიდიან რა ცხოვრების სარბიელიდან, ანახანუმი (”შეშლილი”), ანდუყაფარი, პავლე, ონოფრე და ამირინდო (”დავა”), მათ ადგილს იჭერენ არა ბეგლარი, ტასო (”შეშლილი”), მიხეილი ნინო, ბეგლარი (”დავა”), ან ივანე (”გაყრა”), არამედ მიკირტუმ გასპარიჩი და მისი თანამოძმენი. თავადაზნაურთა წოდების როგორც ძველი, ისე ახალი თაობა უმწეოა ბურჟუაზიასთან ბრძოლაში; ძველ ნატურალურ მეურნეობას ოქროს კერპები ანგრევენ.
კომედიაში ”ძუნწი” ავტორი შეეცადა ეჩვენებინა ფეოდალური არისტოკრატიის სიცოცხლისუნარიანობა და მისი ზნეობრივი უპირატესობა სავაჭრო ბურჟუაზიასთან შედარებით. არჩილი (”ძუნწი” ) არ ჰგავს არც ბეგლარს, არც მიხეილსა და ივანეს. მას თავისი ცხოვრება ისე მოუწყვია, რომ არ აკლია ”პური, ღვინო, ძროხა, ქათამი”. ამიტომ აგი არც ხდება ფულის მონად. მას აწუხებს მხოლოდ სატრფოს – ხამფერას – სიყვარული და თუ აქაც გაიმარჯვებს, ბედნიერი იქნება ყოველმხრივ. ”შენ არ იცი, საყვარელო ხამფერ, – მიმართავს არჩილი ხამფერას, – რა სიამოვნება არის სოფელში მუშაობა! განშორებული ამ ხმიანს ქვეყანას, მე ვარ ყოვლისფერით ბედნიერი. მხოლოდ აკლია ჩემს გულს შენი სიყვარული და თუ შენი სიყვარულით აღივსება ჩემი გული, მე ვიქნებოდი ერთი ბედნიერთაგანი ყმაწვილს კაცებში”. არჩილი, მოცილებული ” ხმიანს ქვეყანას”, უფრო სწორად, ბურჟუაზიულ ქალაქს, თავს ბედნიერად გრძნობს სოფელში, სადაც მეურნეობა, ჩანს, ურიგოდ არ აქვს მოწყობილი და შეუძლია სხვასაც დაეხმაროს პურით.
არჩილს ვერც სიყვარული აჩოქებს ვაჭრის წინაშე. მართალია, მას წინ ეღობება სასიმამრო, სომეხი ვაჭარი კარაპეტა, რომელსაც ქართველი თავადი ეჯავრება, მაგრამ არჩილი გრძნობს თავის ძალას. იგი თავდაპირველად თავაზიანად ესაუბრება კარაპეტას და სთხოვს ქალს, მაგრამ როდესაც მისგან დაცინვის მეტს ვერაფერს მოისმენს, მაშინ ეტყვის: ”მშვიდობით, მაგრამ ეს იცოდე, შენს ქალს ვერავინ წამართმევს ”. იგი მტკიცე ნებისყოფის მქონე არისტოკრატია, რომელსაც ვერ აშინებენ კარაპეტები. არჩილი ხამფერას ირთავს არა ფულისათვის, არამედ ნამდვილი სიყვარულით. ამიტომ იგი აღწევს მიზანს. არჩილი ალექსანდრე რაინდიძის წინამორბედიცაა. ბევრი რამაა მათში საერთო.
არჩილი რომანტიკული პიროვნებაცაა, მას სწორად არა აქვს გათვალისწინებული ახალი ცხოვრების თავისებურება. იგი ხოტბას ასხამს თავის პაპის ავთანდილის – ჟანგიან ხმალს, რომელითაც ”ავთანდილ გმირმა ამარცხა სპარსნი” და სურს თვითონ აიღოს ახლა იგი ხელში და ”ლეკთა და სპარსთა” დააჭრას თავები. არჩილი გვევლინება დაგვიანებულ ”რაინდად”, რომელსაც ბურჟუაზიულმა ცხოვრებამ კარაპეტას სიტყვებით დასცინა: ”ხედამთ ჟანგიან რკინაზედ რასა ბოდამს!… ჩემი ოქროებს თვალი არ უყურაო”. გ. ერისთავი, რომელმაც არჩილის სახით კარაპეტას დაუპირისპირა საკმაო შეძლებისა და მტკიცე ნებისყოფის მქონე ახალგაზრდა არისტოკრატი, სინამდვილეს მაინც არ ღალატობს და მის მოქმედებას მწარე დაცინვის საგნად ხდის. ამრიგად გ. ერისთავმა დღის სინათლეზე გამოიტანა მაღალი წოდების ჩამორჩენილობა და ფუქსავატობა. მან, როგორც მხატვარმა, შექმნა ცოცხალი სახეები დეგრადაციის გზაზე დამდგარი თავადაზნაურებისა. იგი იხედება მოვლენათა სიღრმეში. მოხდენილი ამბების ჩართვით, გმირთა რეპლიკების საშუალებით, ავტორი გასაგებს ხდის, თუ რაში და სად უნდა ვეძიოთ მათი უბედურების მიზეზი.
თავად-აზნაურთა ძველი თაობა გონებაგამოფიტული და გულღვარძლიანია, ალღოს ვერ უღებს ახალ ცხოვრებას და ცხოველური სიჯიუტით ეჭიდება ყოველივე ძველს, დრომოჭმულს. ახალი თაობა ზნეობრივად უფრო მაღლა დგას, გრძნობს უფროსი თაობის სიმახინჯეს, არ მოსწონს მისი მოქმედება, მაგრამ თვითონაც არ შესწევს ცხოვრების გარდაქმნის უნარი, მეოცნებე და უხერხემლოა. ბეგლარები და ივანეები უმწეონი არიან აღადგინონ ანდუყაფარების, პავლეების, ამირინდოებისა და ონოფრეების ბედოვლათობით დაცემული მეურნეობა.
ივანეს (”გაყრა”) რაღაც უნახავს, რაღაც უსწავლია, მაგრამ თვითონაც ვერ აუხსნია, რა ნახა, რა ისწავლა, და რის გაკეთებას აპირებს. მოსაწონი გულწრფელობით აცხადებს, რომ ”მე მინდა ვიხაზეინო; მე სამსახურის თავი არა მაქვს”. მაშ, რით აპირებს ცხოვრებას? რა გზით უნდა გამოასწოროს ძმების უყაირათობა, რასაც იგი სამართლიანად დასცინის? რაზე ამყარებს იმედებს? მოვუსმინოთ თვით ივანეს: ”რა სასიამოვნო არის ყავდეს მებატონეს ერთგული მსახური და ყმები. გოსპოდი! მომეც შეძლება, რომ ყმებმა ისე შემიყვარონ, როგორც გაბრიელმა. კაია პოეზია, ბიტ დობრიმ. ხოტ ი ბედნიმ პომეშჩიკომ! დაგლოცვენ შენი ყმანი… მეც ვეცდები … თუმცა ჩემმა იმაშენიკეს… ნო ბოღ ს ნიმ! კაი მამულები მერგო ”.
აი, ივანესა და მისი მსგავსი განათლებული ფრანტების იდეალი. მთელ იმედებს კვლავ ბატონყმურ ურთიერთობაზე ამყარებენ. ამიტომაა, რომ მათ გ. ერისთავი არ ინდობს და მკაცრად დასცინის.
გ. ერისთავის კომედიების იდეური აზრი ისაა, რომ უარყოს ბატონყმური ცხოვრება, რომელიც ყოველგვარი ჩამორჩენილობისა და უბედურების წყაროა; მებატონეთა უზრუნველმა ცხოვრებამ გადააგვარა ანდუყაფარი, პავლე, ამირინდო და ონოფრე, ხოლო ბეგლარები და ივანეები მეოცნებე, ფუქსავატ და ზედმეტ ადამიანებად აქცია.
მებატონეთა ვერაგობას და მათ ”საგმირო საქმეებს” გ. ერისთავი მოხერხებულად ამჟღავნებს თავის კომედიებში. ამ მხრივ განსაკუთრებით ”გაყრა” არის საინტერესო. როდესაც ანდუყაფარი ცდილობს ქალაქში მის მიერ ნაყიდი მინები მიისაკუთროს, პავლე მაშინვე შეუტევს: ”რო იყიდე, შენი პენციიდან მიე თუ? კახიშვილი, რომ აიკლე, იმითი არ წახველ ქალაქსა, შე გაუმაძღარო?” ამავე კომედიაში ვხედავთ, რომ კახიშვილი გამონაკლისი არ ყოფილა, გლეხების აკლება მებატონისაგან ჩვეულებრივ მოვლენადაა გამხდარი. ამას მოწმობს ყარდაშვერდის დიალოგი გაბრიელთან.
ყარდაშვერდი გაბრიელს არიგებს, რომ თავის ბატონს მოურაობა სთხოვოს, ვინაიდან ”ვისაც ბატონი აიკლებს, ნახევარი იმისია (მოურავის – რედ.), ერთი სიტყვით, ბატონის მონახევრე არის”. ყარდაშვერდი შემთხვევით არ მსჯელობს ასე. იგი უშუალო მოწმეა ასეთი საქმეებისა. ასეთივე გამოცდილება აქვს ანდუყაფარის მოურავს ბარამსაც, რომელიც ”გამოსავალს” უჩვენებს ხოლმე თავის ბატონს. არათუ აკლება, ყმების ”ტორღით” გაყიდვაც არაა იშვიათი. მებატონეთა მადახასნილობის წყალობით ყმები საჭირო ვაჭრობით იყიდებიან, როგორც ნივთები. სწორედ აქ არის გ. ერისთავის, როგორც რეალისტი მხატვრისა და მოაზროვნის, სიძლიერე. მან პირველმა ქართულ ლიტერატურაში მიუთითა ბატონყმური ურთიერთობის სისაძაგლეზე; ისეთი ”დობრი პომეშჩიკებიც”, როგორადაც ივანეს მოაქვს თავი, ყმებს საბოლოოდ ”ტორღის” საგნად ხდიან. პარაზიტულმა, უდარდელმა ცხოვრებამ მებატონეები გადააგვარა და ადამიანური სახე დაუკარგა მათ.

* * *
ახალფეხადგმული ბურჟუაზიის ცხოვრების სურათებიც ქართულ ლიტერატურაში პირველად გ. ერისთავმა მოგვცა თავის კომედიებში (”გაყრა”, ”ძუნწი”, ”წარსული დროების სურათები”). გ.ერისთავის კომედიებში გამოყვანილი ვაჭრები: მიკირტუმ ტრდატოვი (”გაყრა”), კარაპეტა დაბაღოვი (”ძუნწი”), ივანე და გაბრიელ მინასოვები, ჯიმშერ აკუნიანცი (”წარსული დროების სურათები”), – გასული საუკუნის 50-იანი წლების ვაჭართა კლასის ტიპიური წარმომადგენელები არიან.
ცნობილია, რომ სავაჭრო ბურჟუაზია განვითარების პირველი ეტაპზე ”მორცხვად” და ”თავაზიანად” მოქმედებას. მას ჯერ კიდევ არა აქვს შეგნებული თავისი კლასობრივი უპირატესობა ფეოდალურ არისტოკრატიასთან შედარებით; ანგარიშს უწევს ამ უკანასკნელის პრივილეგიებს და ცდილობს ეკონომიურ სიძლიერესთან ერთად მაღალი წოდების უფლებებიც მოიპოვოს.
ბურჟუაზიული ურთიერთობის ღვიძლი შვილები – ვაჭრები –ცხოვრების ასპარეზზე ცარიელი ჯიბით გამოდიან, სამაგიეროდ მათ აქვთ ცხოვრების ალღო და მოქმედების უნარი. ისინი იტანენ შიმშილსა და სიცივეს, დაცინვასა და წყრომას, ოღონდ კაპიკი კაპიკს მიუმატონ და¨”ოქროს ტახტი” უფრო ძლიერი გახადონ. იციან, რომ მათი მხსნელი მხოლოდ ფულია, ფულის საშუალებით შეუძლიათ გამოჩნდნენ საზოგადოებაში და ადვილად აღარ დაეჩაგვრინონ სხვას. ისე დიდია მათი სიყვარული ფულისადმი და თანაც ისე დაბალია მათი ცოდნა ფულის ფართო მოხმარებისა, რომ საკუთარი ”ზანდუკების” მონები ხდებიან. სავახშო კაპიტალის წარმომადგენელთა სულში სიძუნწე და სიცივეა დაბუდებული.
ფულის დაგროვების პროცესში მათ არ ახსოვთ არც ცოლი, არც შვილი და არც საკუთარი თავი. მაგრამ გადის დრო და მდგომარეობა იცვლება. გამდიდრებული ვაჭრები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ, აღარ არგიათ ვიწრო ნაჭუჭში ყოფნა და თავის მოჩვენება ღარიბებად. პირიქით, ცდილობენ ”კეთილშობილის” სახელი და მეტი გასაქანი მოიპოვონ, ერთმანეთის ქონება შთანთქან, კონკურენტი გააკოტრონ. მათ ოჯახურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს ბურჟუაზიული ”მაღალი ეტიკეტი”, ზნედაცემულობა და მტრობა. სავაჭრო ბურჟუაზიის ცხოვრების მთელი ეს მხარე საკმარისი სისრულით აქვს მოცემული გ. ერისთავს ზემოთ დასახელებულ კომედიებში. მწერალმა ვაჭარი პირველად ”გაყრაში” გამოიყვანა.
მიკირტუმ ტრდატოვი გაუნათლებელი, მაგრამ მოხერხებული და გაიძვერა მევახშეა. ის შემძვრალა დიდებულიძეთა ოჯახში და არა მარტო მათ ქონებას ეპატრონება, არამედ ახერხებს თავისი მიზნების სასარგებლოდ ამ ოჯახის მესვეურების ამოქმედებას. მიკირტუმს სწამს ფულის ძალა, იცის, რომ უფულოდ ახლა ვერავინ ვერაფერს გახდება: ”ეს სოფელმა სულ ფული, ფული სხვა ყველამ ტყუილია”, ამბობს იგი. თან არც იმას მალავს, რომ ბევრ უსინდისობასაც სჩადის ფულისათვის: კტუ ნა სვეტე ჩესნა ბუდით, ბუდით ნასიტ ხლება გუდით. ასეთია მიკირტუმის ”მოძღვრება”, რომელსაც კარგად იყენებს პრაქტიკულ მოღვაწეობაში. მან მოახერხა, რომ დიდებულიძეთა ოჯახის ვალი ივანეს რგებოდა ”წილში” და აიძულა ივანე, შეერთო მისი ქალი – შუშანა. მართალია, მიკირტუმს არ მოსწონს ჯიბეცარიელი ”ფრანტი”, მაგრამ უნდა თავისი ქალი კნეინა გახადოს: ”ჩემი შუშანი კნეინა დაუძახონ: კნეინო, კნეინო! ბაზარშიაც დიდი რამ იქნება, დიდებულიძეანთ ხნამე”. ”თვითონაც ”კომისიაში ოქმი შეუტანია”, რათა კნიაზი გახდეს; დიდებულიძეებთან დამყოვრება ამიტომაც სჭირდება.
კარაპეტა დაბაღოვი (”ძუნწი”) თავისი ძლიერების შეგნებაში უფრო წინაა წასული, ვინემ მიკირტუმ ტრდატოვი. კარაპეტა წინააღმდეგია თავისი ქალი მისცეს ქართველ თავადს, ის ხელს უშლის ხამფერასა და არჩილის დაქორწინებას. კარაპეტას თვალში დიდი და კარგი კაცია ის, ვისაც ფული აქვს და ვინც ფულის ყადრი იცის; ხოლო ქართველი, მისი თქმით, ”ფულის მტერია, ფულს არ დააყენებს ჯიბეში, როგორც ნიორი ისე აუყროლდება და ისე გადაყრის”. იგი ნატრობს ისეთ სასიძოს, რომელიც ”გინდა ქვრივიც იყოს, ფულის ყაირათი იცოდეს”.
კარაპეტა სიძუნწის განსახიერებაა. იგი წინააღმდეგია იმისა, რომ ოჯახში ნახშირი დაწვას ვინმემ, ყველას ”არწმუნებს”, რომ სიცივე უხდება ადამიანს, ლოყებს ვარდივით აწითლებსო. მის ოჯახში ათი წელია თბილი შეჭამანდი არავის უჭამია. ბნელში ყოფნა ”ურჩევნია”, სანთლების დაწვას, თავის თავსაც კი არწმუნებს, რომ ”ვახშამი მოდნა აღარ არიო”. კარაპეტას თვალში არაფერი არ ფასობს, რასაც შეუძლია თუნდაც ოდნავი ხარჯი გამოიწვიოს. მისთვის ძვირფასია მხოლოდ ოქრო და ვერცხლი, რომელსაც, როგორც განძს, ისე ინახავს და მასთან ალერსით ტკბება.
მომჭირნე დაგროვებულმა კარაპეტამ ჯერ კიდევ არ იცის ფულის ნამდვილი დანიშნულება, იგი თავისი სიმდიდრის მონაა. მარტვილობს მხოლოდ იმიტომ, რომ ფული დააგროვოს. საიქიოშიც ფულს ელოდება. სიკვდილი აწუხებს იმიტომ, რომ ფულის ბედი ადარდებს. მაგრამ აქაც ნახა ”გამოსავალი”: როცა ექიმი ეტყვის, სიკვდილი მოახლოებულიაო, გადაწყვეტილი აქვს გაადნოს თავისი ოქრო და დალიოს, რათა ”ვერავინ წაიღოს”. აი, განძთა ტიპიური დამგროვებელი, რომელსაც მარქსი ”საცვლელი ღირებულების მარტვილს” უწოდებს. კარაპეტა გრძნობს, რომ დიდი ქონების პატრონია, იცის, რომ შეუძლია ხვალვე გახდეს ”პაჩოტნი ღრაჟდანინ, ბლუღოროდნიც…
დვარაზა ბლუღოროდნიცა”, მაგრამ ამისათვის ფული უნდა დახარჯოს, ფულის დახარჯვა კი წარმოუდგენელ დანაშაულად მიაჩნია: ” თუ თქვენ ერთი ერთმანეთს მოგაკლოთ, ღორი გავხდეო”, ეფიცება კარაპეტა ფულს. ის იმით კმაყოფილდება, რომ იცის აქვს ”ოქროს ტახტი” და შეუძლია ”სოფელი თავდაყირა” გადააბრუნოს. უსიამოვნება და შურიანობა სუფევს ვაჭართა მთელ ცხოვრებაში. შემდეგში ისინი უკვე არა თუ მალავენ თავიანთ ქონებას, არამედ ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად გამოაჩინონ; დიდ ”იარანალებსა” და ჩინოვნიკებს ქრთამით იმადლიერებენ, რათა ერთმანეთს უფრო გაბედულად გამოსჭრან ყელი (”წარსული დროების სურათები”). გაიძვერა, ძუნწი და ზნედაცემულები არიან გ. ერისთავის ვაჭრები, რომლებიც ცხოვრების სარბიელს ეპატრონებიან.

* * *
გ. ერისთავმა გაბედულად და მკაცრად ამხილა მეფის რუსეთის ბიუროკრატული აპარატის მოხელეები, რომლებიც მოხერხებულად სარგებლობდნენ ნაციონალურ – კოლონიური ჩაგვრის პოლიტიკით; დრამატურგმა დიდი დამაჯერებლობითა და სიცხადით გვაჩვენა ამ მოხელეთა
უმსგავსი მოქმედება, შექმნა ცოცხალი სახეები მექრთამე მოხელეებისა. ისინი სარგებლობენ თავადაზნაურობის დაბნეულობით, ჩამორჩენილობითა და ურთიერთშორის გაჩაღებული მტრობით. მათ წინასწარ იციან, რამდენი საქმე აქვთ გასარჩევი სასამართლოში და რამდენი შემოსავალი ექნებათ (”დავა”). მათ იმდენად შეუწუხებიათ ხალხი, რომ ბევრი ოცნებობს მხოლოდ ისეთ შვილებზე და სასიძოებზე, რომლებსაც არზების წერა ეცოდინებათ და სასამართლოში შეძლებენ საქმეების მოგვარებას (”შეშლილი”, ”დავა”, ”გაყრა”). მართალია გ. ერისთავი გვისურათებს მხოლოდ იმას, თუ როგორ თვალთმაქცურად აძრობენ ტყავს მოხელეები თავადაზნაურობას, მაგრამ გასაგები ხდება ისიც, თუ რა დღეში იქნებოდა ღარიბი ხალხი.
მოხელეთა თავგასულობა გ. ერისთავმა უფრო სრულად ”დავაში” დაგვიხატა. შეიძლება ითქვას, რომ ”დავის” მთავარი იდეური აზრი ამ მოხელეთა უმსგავსო მოქმედების ჩვენებაში მდგომარეობს. შემთხვევითი როდია, რომ პიესის სრული სათაური ”დავა ანუ ტოჩკა და ზაპეტაია”არის.
ძნელი სათქმელია, ვინ უფრო თავხედი, გაიძვერა და ამასთანავე უვიცია: არზის მწერალი რაფიელ აზამანოვი, სუდის ”პერევოდჩიკი” სარქის კუმუხტოვი, ”სტრაპში” ხარიტონ ვზიატკინი თუ ”ზასედატელი” ფილიპე (”დავა”). სარქის კუმუხტოვი და რაფიელ არზამანოვი სარგებლობენ ამირინდოს უცოდინარობით და არწმუნებენ მას, რომ არზაში, რომელიც მისთვის სხვას დაუწერია, შეცდომებია: აკლია, ”ტოჩკა და ზაპიტაია”, ურომლისოდაც საქმე დაღუპულია. თანაც ისეთ რთულ საქმედ სახავენ მის ჩამატებას, რომ თითოეულში თითო ოქროს იღებენ. თარჯიმანი სარქის კუმუხტოვი, რომელმაც რუსული ენა არ იცის და მეტად უვიციცაა, ირონიულად დასცინის ქართველებს. ქართველი თავადი, მისი თქმით, მსუქანი ცხვარია, რომელიც უნდა გაიკრიჭოს. ”სტრაპჩი” – ხარიტონ ფილიპიჩი – აღფრთოვანებულია სარქისას გაიძვერობითა და ყალთაბანდობით, უწოდებს მას გამოცდილ ჩობანს, თანაც აგრძნობინებს, რომ საჭიროა იზრუნოს მისთვის. თავის მხრივ ჰპირდება, რომ არაფერს მოერიდება: ”Я знаю и абрунди, и дабрунди и чабрунди”, – ამბობს ხარიტონ ფილიპიჩი. იგი იმდენადაა გადაგვარებული, რომ ერთსა და იმავე დროს იღებს ქრთამს ბეგლარისა და მიხეილისაგან, რომლებიც მოდავე მამებს გამოუგზავნიათ მასთან. ბეგლარი წუხს, ვაი თუ რაიმე ისტორია მოჰყვეს, ორივე რომ ვაძლევთ ქრთამსო, მაგრამ მიხეილი სამართლიანად არწმუნებს: ”Пустяки, შენგანაც აიღებს, ჩემგანაც, მაგრამ ცალ – ცალკე უნდა მივცეთო”.
გ. ერისთავს შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ ვაჭრებიც გაბმულნი არიან მექრთამე მოხელეთა ქსელში. ამ მდგომარეობამდე ისინი მიუყვანია ურთიერთშორის გაჩაღებულ მტრობას. გაბრიელ და ივანე მინასოვები (”წარსული დროების სურათები”) სისტემატურად უგზავნიან ძღვენს მაღალი თანამდებობის პირებს. მათ მოსყიდული ჰყავთ რუსი მოხელეები, ”ქართველებიც ვინც დიდია, სულ მათ ჯიბეზე ჰკიდია”. მაგრამ ვაჭრები, ამ შემთხვევაში, მაინც მეტ წინდახედულობას იჩენენ, ვინემ თავადაზნაურობა. პირველ ყოვლისა, მათ იციან, ვინ უფრო საჭიროა, თანაც მოხერხებულად აგებენ ხაფანგს. ამიტომ მათი ქრთამი უფრო ძღვენის სახეს ღებულობს. ესეც ვაჭრული მოხერხებულობის ნიმუშია. ”წარსული დროების სურათებში” გ. ერისთავი მკაცრად ამხელს ბიუროკრატ მოხელეთა ”საქმიანობას”.
გ. ერისთავის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ ბიუროკრატ მოხელეთა გამრავლება მან დაგვიხატა არა როგორც შემთხვევითი საზოგადოებრივი მოვლენა, არამედ როგორც იმდროინდელი სახელმწიფოებრივი სისტემის კანონზომიერი შედეგი.

* * *
გ. ერისთავმა თავისი რეალისტური დრამატურგიით დაიწყო სრულიად ახალი ეპოქა ქართულ ლიტერატურაში. მისი შემოქმედება დიდი შენამატი იყო ქართული ლიტერატურისათვის. სამწერლო ასპარეზზე გასვლისას გ. ერისთავი ვერ აცდა გაბატონებული ლიტერატურული მიმდინარეობის – რომანტიზმის – გავლენას. მაგრამ ამ პერიოდის ნაწარმოებებშიც გამოვლინდა პოეტის რეალისტური ხედვა, გარემო სინამდვილის შესწავლისა და მისი ობიექტური ასახვის სურვილი.
გ. ერისთავი ბრწყინვალე კომედიოგრაფია. მისი ორიგინალური პიესები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, (”შეშლილი”, ”დავა”, ”გაყრა”, ”ძუნწი”, ”წარსული დროების სურათები”) – კომედიებია. შინაარსობლივი თვალსაზრისით ისინი საყოფაცხოვრებო და სოციალურ – პოლიტიკური კომედიებია. მათი დაცინვის საგანია არა ცალკეულ გმირთა ცხოვრების უმსგავსოება, მიუღებული ზნე – ჩვეულებანი და სხვა, არამედ უმთავრესად ის საზოგადოებრივი ურთიერთობა და ცხოვრების ის სინამდვილე, რომლის კანონიერ შვილებსაც ეს გმირები წარმოადგენენ. გ. ერისთავის კომედიათა მიჩნევა მხოლოდ საყოფაცხოვრებო კომედიებად არ იქნებოდა სწორი. გ. ერისთავი დასცინის არა გმირთა ზნეჩვეულებებს, უფრო სწორად, არა მარტო მას, არამედ ძირითადად იმ საზოგადოებრივ ცხოვრებას, რომლის წარმომადგენლებიც ეს გმირებია. ესაა სწორედ ამ კომედიათა მთავარი ღირსება, რომელიც მათ ავტორს კრიტიკული რეალიზმის ჭეშმარიტ დამწყებად ხდის.
გ. ერისთავი, როგორც რეალისტი კომედიოგრაფი, არასოდეს არ ღალატობს სინამდვილეს, მისი გმირები უშუალოდ ცხოვრებიდანაა აღებული, ისინი ტიპიური სახეებია. გ. ერისთავი მოხდენილად იყენებს ენას, როგორც გმირის სახის შექმნის საუკეთესო საშუალებას და როგორც კომიზმის წყაროს.
გ. ერისთავის სამწერლო ენა თავიდანვე განსხვავდებოდა მის თანამედროვე მწერალთა ენისაგან. მის ლექსებში მეტ – ნაკლებად ჩანს სამწერლო ენის ხალხურ მეტყველებასთან დაახლოების მიდრეკილება. ეს ამოცანა მწერალმა გარკვეულად გადაჭრა თავის ორიგინალურ და თარგმნილ კომედიებში.
კრიტიკული რეალიზმის პრინციპები გ. ერისთავის წინაშე ამოცანას აყენებდა – ხელი აეღო ძველ მწიგნობრულ –არქაულ ენაზე და ჭარბად დასესხებოდა ხალხურ მეტყველებას. ის, ვინც რეალიზმის პრინციპების ჭეშმარიტი დამცველი და გამტარებელია, გვერდს ვერ აუვლის თავის თანამედროვეთა მეტყველებას, ხალხურ ენას; მის წინაშე მთელი სერიოზულობით დგას ხალხისათვის გასაგები ენით წერის საკითხი.
გ. ერისთავის კომედიების ენამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება. ცნობილი მოღვაწე და მოაზროვნე პლ. იოსელიანი, რომელმაც ”გაყრის” პირველი გამოცემისათვის (1850წ.) დაწერა წინასიტყვაობა, საგანგებოდ აღნიშნავს: ”… მწერლობა ძველთა, გარდა რუსთაველისა, და მცირეთა სხუათა, არა იყო ჩვეულებითისა საუბრისა ენითა, რომელიც არის უნდა იყოს ჭეშმარიტი ენა ხალხისა. ამწერამან ამა პირველისა ქართულ ენაზედ კომედიისა, თავადმან გიორგი დავითის ძემან ერისთავმან, დაბადა ენა ქართული ახლისა გუარისა მწერლობისათვის. სახელმან მისმან ქართველთათვის ესრეთივე მიიღო ღირსება, რომლისთვისცა ეკვირვებიან ბერძენთა და რომაელთა კომიკთა არისტოფანეს, კრატინს, პლავტსა, ტერენციოსს, მენანდრსა და სხვათა. მაქვს იმედი, რომ ესრეთა ჩემგან ახლისა გვარისა მწერლობისა მოწონებას არვინ მიიღებს პირმოთმინებით თქმულად და თვითეული კეთილ –გამზრახი ქართველი სიხარულით და სიამოვნებით წაიკითხავს ამ კომედიასა და სხვანიცა ახალნი მწერალნი გაბედვით შეუდგებიან მაგალითსა მისსა”.
როგორც ვხედავთ, პლ. იოსელიანმა გ. ერისთავის ენა შეაფასა, როგორც ენა ”ახლისა გვარისა მწერლობისათვის”. ხოლო ეს ”ახალი გვარი” იყო კომედია. იგი სხვებსაც მოუწოდებს მიჰყვნენ გ. ერისთავის მაგალითს, დაწერონ კომედიები. პლ. იოსელიანის მოწოდებამ ააღელვა ალ. ორბელიანი, რომელიც ”ამტკიცებს”, რომ გ. ერისთავის გმირები ლაპარაკობენ ისე, როგორც მეტყველებენ ცხოვრებაში. მაშასადამე, გ. ერისთავს ”სხვა ქართული არა დაუბადებია რა მწერლობისათვის, ის ქართული იმათი (გმირების – რედ.) საკუთარი ყოფილაო”[3]. გ. ერისთავის კომედიების ენა, ცხადია, არ შეიძლება მივიჩნიოთ ახალ სალიტერატურო ენად, რომლის საბოლოო ჩამოყალიბება ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და მათი თანამებრძოლების სახელებთანაა დაკავშირებული. მაგრამ იგი არის გარკვეული ეტაპი ახალი ქართული სალიტერატურო ენისათვის ბრძოლის გზაზე; მან შეარყია არქაული სამწერლო ენის ავტორიტეტი. გ. ერისთავის კომედიების ენის ნაკლი მდგომარეობს დიალექტიზმებისა და ჟარგონების ჭარბ გამოყენებაში. მას არა ჰყავს ისეთი პერსონაჟი, რომლის მეტყველება, თვით მწერლის შეხედულებითაც, გამართული და გამართლებული იყოს. იგი არც ამ მხრივ გაძლევს დადებით გმირს. მაგრამ გ. ერისთავის დამსახურება ისაა, რომ იგი ერთნაირი შეუბრალებლობით დასცინის როგორც არქაული ენით მეტყველთ, ასევე ”ჩარჩული ჟარგონით”, დიალექტიზმებითა და ბარბარიზმებით დამძიმებული ენით მოსაუბრეებს.
გ. ერისთავის სურვილი იყო შექმნილიყო სასაუბრო მეტყველებაზე დამყარებული ქართული სალიტერატურო ენა, რომელიც თავისუფალი იქნებოდა არქაული ფორმებისა, ჟარგონებისა და დიალექტიზმებისაგან. პრაქტიკულად გ. ერისთავს არ განუხორციელებია თავისი ენობრივი პრინციპი. ამ საქმეში მას იქნებ ხელს უშლიდა მისი შემოქმედების ჟანრობრივი ბუნება და მხატვრული მეთოდი. იგი ყველაფერში და ყოველთვის უარყოფის გზით მიდის იდეალისაკენ, რომელიც მკითხველში იქმნებოდა კრიტიკულად ასახული სინამდვილის გავლენით.
გ. ერისთავი ითვალისწინებს, რომ გმირის მეტყველებაში ისახება მისი სოციალური ბუნება, გონებრივი დონე და სულიერი ღირსებები. ამიტომ მას არ უნდა ხელიდან გაუშვას მხატვრული მიზნის მიღწევის ეს საუკეთესო საშუალება. მისი კომედიების თემა, იდეა, კომპოზიცია და ენა ერთი მთავარი მიზნისაკენ არის მიმართული.
გ. ერისთავის კომედიათა გმირები მეტყველებენ ისევე, როგორც მათი პროტოტიპები. ავტორი გვაგრძნობინებს, თუ როგორ ამახინჯებენ ქართულ ენას ”რუსეთუმეები” და ბურჟუაზიის ნაშიერნი. ის თავისას მიუზღავს აგრეთვე დიალექტით მოსაუბრე პერსონაჟებს და ”დარბაისლური” ქართულით მოლაპარაკე თავადებს.
გ. ერისთავი მკაცრია არა მარტო მათდამი, ვინც უხეშად ექცევა ქართული ენის ლექსიკურ მარაგსა და გრამატიკულ წყობას, არამედ მათ მიმართაც, რომლებიც თავსა და ბოლოს ვერ პოულობენ ლაპარაკში. იაია ჭიორელის სახით გ. ერისთავმა დაგვიხატა გლახა ჭრიაშვილის წინამორბედი.
გ. ერისთავმა თავისი კომედიების ენითაც ყურადღება გაამახვილა იმ სოციალურ ძვრებზე, რასაც ადგილი ჰქონდა გასული საუკუნის 40 – 50-იან წლებში. გ. ერისთავი თავის კომედიებში ფრთხილად ეკიდება არა მარტო ე. წ. სიტყვა-მოქმედების შესაფერ დახვეწას, არამედ სათანადოდ ითვალისწინებს ქცევა-მოქმედების კანონზომიერებასაც. გ. ერისთავი საგანგებოდ არჩევს კომედიათა სათაურებს. გარკვეულ მნიშვნელობას აძლევს გმირთა სახელებსა და გვარებსაც. ზოგჯერ იყენებს მეტყველ გვარებს (არზამანოვი, ვზიატკინი), თუმცა პიესის მსვლელობაში პერსონაჟები გვარებით თითქმის არასოდეს არ იხსენიება. მოქმედ გმირთა ჩამოთვლისას ავტორი დაწვრილებით მიუთითებს აგრეთვე გმირთა ვინაობაზე, რაც საშუალებას აძლევს შემსრულებელს მართებულად და ადვილად გაიაზროს თავისი როლი.

* * *
მიუხედავად იმისა, რომ გ. ერისთავი, როგორც დრამატურგი 40-იანი წლებიდან უკვე ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა, მას თავი მაინც არ მიუნებებია ლექსების წერისათვის. მართალია, თემატიკურად და საერთოდ მხატვრული თვალსაზრისით მის პოეზიას დიდი ევოლუცია არ ეტყობა, მაგრამ იდეურ-შინაარსობლივი თვალსაზრისით მას აშკარად ემჩნევა ახალი ეპოქის გავლენა.
გ. ერისთავის პოეზიის მთავარ თემად ამ პერიოდში სიყვარული და ამ გრძნობით გამოწვეული განცდები ხდება. პოეტი კვლავ გულუხვად წყალობს ე. წ. საალბომო პოეზიას და ეპისტოლარული ფორმის სატრფიალო ლექსებს წერს. ამ მხრივ საყურადღებოა ლექსები: ”თეოდოსია მირეცკას”, ”ალბომში”, ”მე შენ არ გეტრფი…”, ”სატრფოო…”, ”მოგონება”, ”გულს”, ”კნ. სოფიო ერისთავისას”, ”ე…”, ”კნ. დარია ბეგთაბეგოვისას”, ”ე. წ. ”გულისადმი”, ”ბედისადმი” და სხვ. პოეტი არ ივიწყებს სატირასაც და დროდადრო ჩვეული სიმძაფრით ესხმის თავს მახინჯ მოვლენებს (”ერთი კაცი წვა სნეული”, ”არაკი”, ”ილია ორბელიანს”). იგი მკაცრად კიცხავს ზნეობრივ სიმდაბლეს, საზოგადოების ერთ ნაწილში გამეფებულ შურიანობასა და კარიერიზმს, საყურადღებოა პოეტის მიერ იგავ-არაკის დაწერის ფაქტიც.
როგორც ვიცით, გ. ერისთავი თავის კომედიებში ძირითადად სოციალური თემატიკით იფარგლება. მისი პიესები მხოლოდ მინიშნებით თუ გვითვალისწინებენ ავტორის პოზიციას ეროვნულ საკითხში, ამას, ცხადია, თავისი ობიექტური მიზეზები გააჩნია. სამაგიეროდ, ლექსებში გ. ერისთავი უფრო უშუალოდ გადმოსცემს თავის დამოკიდებულებას სამშობლო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებასთან. ის კვლავ მძიმედ განიცდის საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას და თავის ხალხის ნაციონალურ-კოლონიურ ჩაგვრას. ყოველივე ეს პოეტს რელიეფურად აქვს გამოხატული ლექსში ”ახალ წელს”, რომელიც დაწერილია 1854 წლის პირველ იანვარს. ამ დროისათვის სახელმოხვეჭილი დრამატურგი და დაფასებული მოღვაწე თითქოს ნაკლებ უკმაყოფილო უნდა ყოფილიყო ცხოვრებით, მაგრამ ეს ასე არ არის.
გარეგნულად თითქოს მშვიდი და ბედნიერი პოეტის გულში ნაღველია ჩაწოლილი, რომლის გაქრობა არაფერს ძალუძს. პოეტის თქმით, ახალი წელი, ”მრავალთა გულებს აშფოთებს” და სასიამოვნო ოცნებებით ატკბობს, მაგრამ მას კი არ ახარებს. მაგრამ, ახლო წელიწადო, მე კი ვერაფერს ვერას მომიკვლევ, რადგანც კეთილსა ამა სოფელს, ნამდვილად ვიცი, მე ვერას მომცემ, ვერც სიხარულსა, ვერც მამულსა, ვეღარც დამჭკნარ გულს ნუგეშს ვერა სცემ.
მართალია, პოეტი მოკლებულია ნათელ ახლო მომავლის იმედს, მაგრამ მაინც შორსაა სასოწარკვეთისაგან, თავისი ხალხის უკეთესი მომავლისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებისაგან. მას სწამს, რომ ეროვნული თავისუფლების დროებით დაკარგვა ისტორიული აუცილებლობით იყო გამოწვეული და ”დიდი რუსეთის სკიპტრისაგან დამშვიდებული” ქართველი ხალხი კვლავ აღიდგენს თავის ძალას და მიაღწევს სასურველ მერმისს. ასეთი თვალსაზრისი პოეტის მიერ ისტორიული განვითარების კანონზომიერების შეცნობაზე მიუთითებს, რაც მან მთელი სისრულით გადმოსცა ნაწარმოებში ”კავკაზი და უცნობი”, რომელიც დაწერილია 1854 წლის იანვარში და ეხმაურება რუსეთ-თურქეთის ომს. პოეტი ამაყად ალაპარაკებს მოხუც გმირ კავკასს, რომელსაც იცავენ არა მარტო თავისი შვილები, არამედ ვატერლოოს გმირთა შთამომავალნიც.
ორიგინალური ლექსების წერასთან ერთად გ. ერისთავი საკმაო დროს უთმობდა რუსული და სხვა ენებიდან ლექსების თარგმნას. თუ რაოდენ ნაყოფიერი იყო პოეტის მოღვაწეობა ამ მიმართულებით, ამას გვიჩვენებს თარგმნილ ნაწარმოებთა დასახელებაც. 40 – 50-იან წლებში გ. ერისთავს უთარგმნია: შილერის – ”განყოფა სოფლისა”, ვ. ჰიუგოს – ”ერთი მინუტის სიჭაბუკე” ”სიმღერა”, ”ერთ ქალს”, ”ო, ნუ კიცხავთ”, რიუკერტის 0–”კარებთან”, ბერანჟეს – ”დიდი კაცის გაცნობა”, ლერმონტოვის – « И скучно и грустно….» სოლოგუბის – ეკ. ერისთავისადმი მიძღვნილი ორი ლექსი და სხვ.
გ. ერისთავის მიერ თარგმნილი ლექსები ავსებენ მის ორიგინალურ პოეზიას. მას არც ერთი ლექსი შემთხვევით არ უთარგმნია. თვითეული მათგანი გამოხატავს პოეტის განწყობილებას გარკვეულ პერიოდში და შესატყვისი მოეძებნება მის პოეზიაში.

* * *
50-იან წლებში გ. ერისთავი ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას ეწევა არა მხოლოდ დრამატურგიისა და პოეზიის სფეროში, არამედ როგორც საზოგადო მოღვაწეც. იგი იყო ნამდვილი წევრი “რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებისა” და “სოფლის მეურნეობის კავკასიის საზოგადოებისა” და აქტიურ მონაწილეობას იღებდა მათ მუშაობაში. გ. ერისთავის მოღვაწეობას 50-იან წლებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის “ვეფხისტყაოსნის” პოლონურ ენაზე თარგმნა. ამ დიდი საქმის საბაბი გახდა გ. ერისთავის ახლო მეგობრობა თბილისში მყოფ პროგრესულად მოაზროვნე პოლონელ მოღვაწეებთან, კერძოდ, კ. ლაფჩინსკისთან. როგორც ჩანს, გ. ერისთავს “ვეფხისტყაოსანი” პოლონურ ენაზე უთარგმნია 1850 –1854 წლებში.
1854 წელს გიორგის გარდაეცვალა მეუღლე და უდედოდ დარჩა პატარა დავითი. ასეთ ოჯახურ მდგომარეობას აუძულებია გიორგი თბილისი დაეტოვებინა და თავის საყვარელ საქმიანობასაც მოსწყვეტოდა.
1856 წელს გ. ერისთავმა მეორედ იქორწინა, ცოლად შეირთო დავით თარხან – მოურავის ასული – მართა. მათ შეეძინათ ქალიშვილი, მაგრამ ბავშვი სამწლინახევრის ასაკში გარდაეცვალათ. ამ წლებში გ. ერისთავს უხდებოდა თავისი მამულების მართვა, რადგან უფროსი ძმა (როსტომი) უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო უმცროსი (ივანე) გადასახლებული. შემოსავალიც კარგი ჰქონია, მაგრამ ადრე აღებული ვალების გატუმრებას უნდებოდა. 1862 წელს გ. ერისთავი ევროპაში გაემგზავრა. მოგრზაურობაში დაჰყო ოთხი თვე და ძალზე ნასიამოვნები დაბრუნდა. თავისი მოგზაურობა მას აღწერილი აქვს დღიურების სახით, რომელსაც ეწოდება “ჩემი მოგზაურობა ევროპაში 1862 წელსა 13 ივნისიდგან”. “მოგზაურობა” არაა სრულად მოღწეული, დღიურები წყდება 1862 წლის 13 აგვისტოს, როცა პოეტი ვენეციაშია.
60-იანი წლებისათვის ქართული კულტურის მესაჭე გ. ერისთავი თითქოს დავიწყებას მიეცა. მაგრამ მისი სახელი მკითხველ საზოგადოებას კვლავ მოაგონა ილია ჭავჭავაძემ, რომელმაც “საქართველოს მოამბეში” გამოაქვეყნა კომედია “შეშლილი” (მეორე ნომერში), ლექსი “თანამგზავრი” (მეხუთე ნოერში) და გ. ერისთავის მიერ თარგმნილი ა. გრიბოედოვის “ვაი ჭკუისაგან” (მეთორმეტე ნომერში).
1864 წლის 9 სექტემბერს (ძვ. სტილით) გიორგი ერისთავი, სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა ქ. გორში. გ. ერისთავის გარდაცვალების გამო გორში დიდძალი ხალხი ჩამოსულა, მათ შორის პოეტის ყრმობის მეგობარი გრ. ორბელიანიც.
ს. მგალობლიშვილის გადმოცემით, გ. ერისთავის სიკვდილმა განსაკუთრებით დაამწუხრა ადგილობრივი გლეხობა: “მახსოვს, სოფლიდან ჩამოსული გლეხები ტიროდნენ, დედაკაცები ხომ სულ იხოცებოდნენ ტირილითა. თურმე პოეტის ნაყმევები იყვნენ, რომელსაც ისინი ბატონყმობის გადავარდნამდე გაუთავისუფლებია. შევიტყვეთ ისიც, რომ პირველი პიონერი ბატონყმობის გადავარდნისა ჩვენში იგი იყო; მეზობელი თავადები, სახლიკაცები, წყევლა- კრულვით იხსენიებდნენ პოეტსა”[4]. გ. ერისთავი დასაფლავებულია სოფელ იკორთაში. თავისი დამაარსებლისა და პირველი რედაქტორის გარდაცვალებას ჟურნალი “ცისკარი” გამოეხმაურა ი. კერესელიძის მიერ დაწერილი ნეკროლოგითა და გ. დვანაძის ლექსით “გ. ერისთავის გარდაცვალებაზედ”[5].

* * *
გ. ერისთავის მეტად შინაარსიანმა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული ლიტერატურისა და კულტურის ისტორიაში. გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში გ. ერისთავის სახით ჩვენს ეროვნულ ლიტერატურასა და კულტურას ჰყავდა მრავალფეროვანი და ნიჭიერი მოღვაწე. ის იყო პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი, პროფესიული ქართული თეატრის ფუძემდებელი და დირექტორი. რეჟისორი და მსახიობი, პირველი ქართული ლიტერატურული ჟურნალის (“ცისკრის”) დამაარსებელი და რედაქტორი.
გ. ერისთავის პოეზია, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე იქმნებოდა, ანაბეჭდია ცხოვრების იმ სინამდვილისა, რომლის უშუალო მონაწილეც პოეტი იყო. ცხოვრების სინამდვილის უშუალო გაცნობამ და მახვილმა მხატვრულმა ალღომ გ. ერისთავს გაუადვილა ადრევე დაეღწია თავი იმდროინდელ ლიტერატურაში გაბატონებული რომანტიკული სტილისათვის. იგი გახდა ჭეშმარიტად ეროვნული კომედიოგრაფიის ფუძემდებელი და, ამასთან ერთად, სათავე დაუდო ახალ ლიტერატურულ მიმართულებას-კრიტიკულ რეალიზმს, რომელმაც შემდეგ სამოციანელთა შემოქმედებაში სრულყოფილი სახე მიიღო. გ. ერისთავი, როგორც რეალისტი, მწერლობას პირველად თავისი სატირით მოევლინა. მან, როგორც ი. ჭავჭავაძე ამბობს, “ჩვენს პოეზიას ჩაუმატა ის პირწვეტიანი ეკალი, რომელსაც “სატირას” ეძახიან”.
გ. ერისთავი იყო ნაყოფიერი მთარგმნელი და გადმომკეთებელიც. ქართველ მკითხველს მან გააცნო სახელოვანი პოეტის ადამ მიცკევიჩის “ყირიმის სონეტები”, რუსეთისა და ევროპის გამოჩენილ მწერალთა (“გრიბოედოვის, ლერმონტოვის, მარლინსკის, პეტრარკას, ჰიუგოს, ბერანჟეს, რიუკერტის და სხვ.) საყურადღებო ნაწერები.
როგორც ნიჭიერი დრამატურგი და თეატრალური საქმის კარგი მცოდნე გ. ერისთავი მისმა თანამედროვე მოღვაწეებმა ყველაზე ღირსეულ კანდიდატად ცნეს თეატრის ხელმძღვანელის პოსტზე. მანაც გაამართლა ეს იმედი: მტკიცე საფუძველი ჩაუყარა რეალისტურ თეატრს, მოძებნა, აღზარდა და დაავაჟკაცა მსახიობთა და დრამატურგთა კადრები.
გ. ერისთავის დრამატურგია და მის მიერ საფუძველჩაყრილი თეატრი გახდა ქართული კულტურის შემდგომი წინსვლის საყრდენი. გ. ერისთავის ერთ-ერთი დიდი დამსახურება, როგორც ი. ჭავჭავძე ამბობს, ის არის, რომ მან “შეჰქმნა ქართული თეატრი და სათეატრო მწერლობის მამამთავრად მოგვევლინა. ამით მარტო სიყვარულის და ტრფიალების მორევში მოარული ჩვენი გული და მარტო განტოლვილ ფიქრებში წარსული ჩვენი გონება ჩვენს ცხოვრებას დააკვირდა, მიახედა”.
გ. ერისთავმა ქართული მწერლობისა და კულტურის აღმავლობას უდიდესი სამსახური გაუწია პირველი ლიტერატურული ჟურნალის “ცისკრის” დაარსებითაც. “ცისკარმა” “აკვნობა გაუწია იმ ყმაწვილ მწერლებს, რომელთაც მერე, სამოციან წლებში, წინანდელ მწერლებთან ერთად, ისეთი ძლიერი ტალღა ჰკრეს ჩვენს აზრთა დენასა” (ილია ჭავჭავაძე).
მართალია, პროფ. ალ. ცაგარელის შეხედულებას, რომ “ჩვენი ლიტერატურის მეორე პერიოდის (40-50-იანი წლები-რედ.) დროშის მატარებელი და ბელადი არის გიორგი ერისთავი”. გ. ერისთავმა შექმნა დრამატურგთა თავისი სკოლა, რომლის გავლენა თვალნათლივ ეტყობა მომდევნო პერიოდის მთელ ქართულ დრამატურგიას.

ლიტერატურა:
[1] ი. მეუნარგია, ქართველი მწერლები, II, 1944, გვ. 13.
[2] იხ. დიმ. ყიფიანი, მემუარები, 1930, გვ. 141.
[3] ალ. ორბელიანი, “რამდენიმე სიტყვა “გაყრის” კომედიაზედ”, “ცისკარი”, 1857, № 9.
[4] ს. მგალობლიშვილი, მოგონებანი, 1939, გვ. 41.
[5] “ცისკარი”, 1864, № 9__

წყარო: ქართული ლიტერატურის ისტორია. ტ. 3


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: