Posted by: burusi | 19/02/2010

ეკა მახარაშვილი – გიგო გაბაშვილი მხატვარი, რომელსაც ილია და აკაკი პოზირებდნენ

ქართველი ქალი

გიგო გაბაშვილი – Gigo Gabashvili (1862 – 1936)

მისი მამა, ივანე გაბაშვილი თბილისის დეპუტატთა პალატის თანამშრომელი გახლდათ.

ექვსი წლის იყო, როცა ივანე გარდაიცვალა. ოჯახს საშინლად გაუჭირდა. დედა ხელსაქმით არჩენდა გიგოს და მის უმცროს ძმას – ილიას. გიგო საკმაოდ თავნება და რთულად აღსაზრდელი ყოფილა – რეალურ სასწავლებელში მხოლოდ ხატვის, ტანვარჯიშის და გეოგრაფიის გაკვეთილებს ესწრებოდა. დანარჩენ დროს ქუჩაში დახეტიალობდა, მტკვარზე თევზაობდა, მეგობრებთან ერთობოდა. დედა საშინლად განიცდიდა ამ ამბავს. მხსნელად მეორე ქმარი მოევლინა, რომელმაც მკაცრად მოჰკიდა ხელი ბიჭების აღზრდას და მაშინვე შეამჩნია გიგოს ნიჭი…

1882-1883 წლებში სწავლობდა თბილისში, კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში. ამ დროს თბილისში ჩამოსული იყო ცნობილი ბატალისტი მხატვარი ფრანც რუბო, რომელიც მეფის მთავრობის შეკვეთებს ასრულებდა თბილისის სამხედრო-ისტორიული მუზეუმისთვის. გაბაშვილი რაღაც პერიოდის განმავლობაში მისი ასისტენტი გახდა.

გიგოს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა მხატვარ რომანოზ გველესიანთან, რომელიც ძალიან ახალგაზრდა, 25 წლის გარდაიცვალა, მაგრამ მაინც მოახერხა ქართულ სახვით ხელოვნებაში საკუთარი ხელწერის და კვალის დატოვება.

“განსაკუთრებით ახლო იდგა გიგო გაბაშვილი რომანოზ გველესიანთან. ამ უკანასკნელმა, მეტად ნიჭიერმა მხატვარმა ბევრი რამ შემატა გიგო გაბაშვილს, როგორც საერთო მხატვრული კულტურის, ისე ოსტატობის მხრივ.

გიგო გაბაშვილისა და რომანოზ გველესიანის მეგობრობის გამოძახილს წარმოადგენს გიგო გაბაშვილის მიერ 1936 წელს დაწერილი შენიშვნების პირველი სტრიქონები, მიძღვნილი რომანოზ გველესიანისადმი, სათაურით “რომანოზ გველესიანი – მხატვარი”. ამ გულწრფელი სიყვარულისა და პატივისცემის გამომხატველ ნაწყვეტში გიგო გაბაშვილი რომანოზ გველესიანს უწოდებს “დიდ მეგობარს”. “ის დიდი ხანია ცოცხალთა შორის აღარაა, – წერს გაბაშვილი, – მაგრამ ძალზე ხშირად ვიგონებ ამ საყვარელ და დიდბუნებოვან მეგობარს, რომელიც ხშირად მამშვიდებდა ცხოვრების მძიმე წუთებში.” გიგო გაბაშვილის და რომანოზ გველესიანის ახლო მეგობრობის შედეგს წარმოადგენს აგრეთვე ის გარემოებაც, რომ რ. გველესიანმა 1883 წელს დაწერა გიგო გაბაშვილის პორტრეტი (ეტიუდი), რომელიც მხატვრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია.” (მამია დუდუჩავა)

1886 წელს გიგო გაბაშვილის ოცნება ასრულდა და ის პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის თავისუფალი მსმენელი გახდა – მეცადინეობა დაიწყო პროფესორ ვილევალდეს ბატალურ კლასში. ახალგაზრდა, ნიჭიერ, პერსპექტიულ მხატვარს დიდ დახმარებას უწევდა ილია ჭავჭავაძე. შემონახულია წერილი, რომელიც გიგოს ილიასთვის გამოუგზავნია: “თქვენო ბრწყინვალებავ, ილია გრიგოლის ძევ, ჩემი დიდი ხნის სიჩუმე შეიძლება ხელოვნებაში ჩემი წარმატებით გავამართლო: ამ წელს დავამთავრე პროფესორ ვილევალდეს ბატალური კლასი დიდ ვერცხლის მედალზე, ეთნოგრაფიულ სურათში კი პატარა ვერცხლის მედალი დავიმსახურე. არ მინდოდა შემეწუხებინეთ და ამიტომ არ გეხმაურებოდით, მსურდა ჩემი ნაშრომებით და წარმატებებით გამემართლებინა თქვენი ჩემდამი ყურადღება. ახლა, როცა ყველაფერი მივიღე აკადემიისგან, რისი მიღებაც შეიძლებოდა ამ წელიწადს, გთხოვთ, იქნებ დამეხმაროთ, ტიფლისში ჩამოსვლაში, ამით საშუალებას მომცემთ ხელოვნების დიდი გზა გავაგრძელო. გზისთვის და ფერწერის აუცილებელი ხარჯებისთვის 200 მანეთი მჭირდება. ეს იქნება ჩემი უკანასკნელი თხოვნა, რომლითაც ვბედავ თქვენს შეწუხებას. იქნებ პასუხი დროზე გამომიგზავნოთ, რადგან თქვენმა წერილმა შეიძლება განსაზღვროს ჩემი გამომგზავრება 1 აპრილამდე. საუკეთესო სურვილებით თქვენი ერთგული მეგობარი გიგო გაბაშვილი.”

ილია დიდ პატივს სცემდა გიგოს, მეგობრობდა მასთან. მხატვარი მწერლის ხშირი სტუმარი გახლდათ, ის საკუთარ მეგობრებსაც გააცნო და სიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა. არტურ ლაისტი იგონებს: “დიღომში, კონსტანტინე მუხრანბატონისას, მხატვარი გიგო გაბაშვილი გავიცანი: ეს იყო, მგონი, 1887 წლის ზაფხულს. თბილისში სწორედ ამ დროს ჩამოვიდა ლაზარევის ინსტიტუტის პროფესორი ილია ოქრომჭედლიშვილი. ივანე მუხრანბატონმა მის პატივსაცემად სადილი გამართა. დიღომში ილია ჭავჭავაძესთან ერთად წავედი მისი საკუთარი ეტლით… სადილობისას გაბაშვილის გვერდით ვიჯექი. ზოგიერთი მისი სურათი ნანახი მქონდა. ვურჩიე, მხატვრობაში გასავარჯიშებლად მიუნხენში პროფესორ ბრანდთან წასულიყო. ეს უკანასკნელი პოლონელი ხალხის ცხოვრების ამსახველი სურათებით იყო ცნობილი. გ. გაბაშვილმა მითხრა, პეტერბურგის პროფესორებმაც იგივე მირჩიესო. პატრიარქალური ცხოვრების ამსახველი ჟანრი, ჩემი ღრმა რწმენით, ძლიერ შეეფერებოდა მხატვარ გიგო გაბაშვილის ნიჭს. მან თავის შემოქმედებაში, სამწუხაროდ, ეს მხარე ძალიან ნაკლებად განავითარა და ხელი უფრო სხვა თემებს მოჰკიდა. რა სიმაღლეს მიაღწევდა ამ ჟანრში მისი ნიჭი იმ ტილოდან ჩანს, რომელზეც სამი თბილისელი მოქალაქეა გამოსახული. ეს სურათი დავით სარაჯიშვილის სახლში ინახებოდა… მახსოვს, 1903 წელს დავით სარაჯიშვილთან სტუმრობისას როგორი აღტაცებით უყურებდა ამ სურათს გერმანელი მეცნიერი და მწერალი გოტფრიდ მერცხბახერი…”

ილიას ოთახში არსებული ნახატებიდან უმეტესობა გიგოს შექმნილი იყო. “ილიას უყვარდა ლამაზი ისტორიული სურათები, რომლითაც დამშვენებული იყო მისი სამუშაო კაბინეტი, თავის დის – ელისაბედის სახლში. ეს ქართული ისტორიული სურათები ილიამ საგანგებოდ დაახატვინა მხატვარს გიგო გაბაშვილს. ილია ხშირად ერთობოდა ამ სურათების ცქერით და ქებით იხსენიებდა გიგო გაბაშვილს, ამ თავისებურ, ნაყოფიერ მხატვარს. რა იცოდა მაშინ ილიამ, რომ გარდაცვალების შემდეგ გიგო გაბაშვილი მის სურათს დახატავდა, რაიც გიგომ ილიას სიცოცხლეში ვერ მოახერხა.” (არტურ ლაისტი)… უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ ილიას სიცოცხლეში ვერ დაასრულა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიუბრუნდა ნახევრად დახატულ ტილოს.

გიგო აკაკისთანაც მეგობრობდა. მისი პორტრეტის შექმნას ასე იხსენებს მხატვარი: “აკაკის პორტრეტზე 1908 წლის ზაფხულში დავიწყე მუშაობა და კოსტუმში ვხატავდი. შეთანხმებული ვიყავი მგოსანთან, რომ იგი რამდენჯერმე უნდა მოსულიყო ჩემთან. იმისთვის, რომ ნატურიდან დამემთავრებინა და შემდეგ დამოუკიდებლად მემუშავა პორტრეტზე. მაგრამ როდესაც მეორედ გამოცხადდა პოეტი სახელოსნოში, უკვე გვიანი შემოდგომა იყო, ზამთრის პირი და პალტო რომ გამეხადა, მოსალოდნელი იყო აკაკის გაცივება, ვინაიდან სახელოსნო არ თბებოდა, არადა, მე არ მინდოდა მისი პალტოში დახატვა. აკაკიმ კი დაჟინებით მოითხოვა, გინდა თუ არა ამ პალტოში უნდა დამხატოო, ეს პალტოა ჩემთვის დამახასიათებელიო. ბოლოს თავის ჩვეულ ხუმრობასაც მიმართა: “ნუთუ ვერ ხვდები, რატომ მინდა ამ ცუდ პალტოში დამხატო? ახლა სულ მალე ჩემი იუბილე იქნება და ხალხი ცუდ პალტოში რომ მნახავენ, იუბილეზე ბევრ საჩუქრებს მომიტანებენო.”

1891 წელს თბილისში გიგოს პირველი და საოცრად წარმატებული პერსონალური გამოფენა მოეწყო. 1894 წელს რუბოს რჩევით გიგო მიუნხენის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ხდება, მაგრამ იმედი უცრუვდება: “თავს ვიკლავ მუშაობით და ეს პირდაპირ აისახება ჩემს ჯანმრთელობაზეც” – სწერდა იგი 1895 წელს დეკემბერში მხატვარ დავით გურამიშვილს. როგორც ამ წერილიდან ჩანს, ყოველ დღე დილის 9 საათიდან 5 საათამდე იგი მუშაობდა კომპოზიციის სახელოსნოში, ხოლო შემდეგ ხატვის კლასში. აღსანიშნავია, რომ მიუნხენის აკადემიის ხატვის კლასით განსაკუთრებული უკმაყოფილო იყო გ.გაბაშვილი. კერძოდ, მას არ მოსწონდა აქ გაბატონებული სისტემა. “ამ მკაცრ ხატვას, – აღნიშნავდა იგი, – მივყავართ სიმშრალემდე და სხვა მრავალ ნაკლოვანებამდე”. გიგო გაბაშვილს ვერ აკმაყოფილებდა მიუნხენის აკადემია ვერც ნატურის შესწავლის მხრივ. აქ, – სწერდა იგი იმავე მხატვარს 1895 წლის 5 იანვარს, – ნატურის სისტემატური შესწავლისთვის ძალიან ცუდი პირობებია. სხვა წერილებიდან აშკარად ჩანს, რომ საერთოდ მიუნხენის სამხატვრო აკადემიას არ შეეძლო რაიმე ახალი მიეცა ისეთი ოსტატისათვის, როგორიც იყო გ. გაბაშვილი. ამას კარგად გრძნობდნენ თვით აკადემიაშიც. “საშინლად მკიცხავენ მხატვრები, – სწერდა მხატვარი იმავე ადრესანტს 1895 წლის 14 ივლისს, – აკადემიაში რომ ჩავაბარე, მათ შორის აზენგუტიც. ბრაზობენ რუბოზეც, აკადემიაში ჩაბარება რომ მირჩია. და თვით რუბომაც, როცა სახელოსნოში მეწვია, აღიარა, რომ არ ეგონა, რომ მე ასე ვმუშაობდი. ის გაოგნებული იყო ჩემი წარმატებებით.”

უაღრესად დამახასიათებელია ის ფაქტიც, რომ გ. გაბაშვილი ამ წერილშივე საერთოდ უარყოფითად აფასებს ამ ეპოქის მთელ ხელოვნებას. “გერმანელებს, – წერს იგი, – თუ ასეთი უძრაობის ხანა ედგათ ხელოვნებაში, ვერაფრით წარმოვიდგენდი”. (მამია დუდუჩავა)

გიგო საოცრად გულღია ადამიანი იყო – არასოდეს იშურებდა კოლეგების მიმართ თბილ სიტყვებს. ცნობილი რუსი მხატვრისთვის – ილია რეპინისთვის სითბოთი აღსავსე ბარათი მიუწერია და ისიც მაშინვე გამოხმაურებია უცნობ კოლეგას: “ფრიად ამაღელვა, მომხიბვლელო უცნობო, თქვენმა თავაზიანმა და მხურვალე ბარათმა. თქვენი წერილის შემდეგ შეიძლება კაცი ოცნებას მიეცეს, ხუმრობის გარეშე; საბედნიეროდ, მე უკვე დიდი ხანია განვვლე ოცნების ასაკი და ფრიად თავმდაბლური წარმოდგენა მაქვს საკუთარ მხატვრულ ღირსებებზე. მხატვრობის ისეთ ცენტრში, როგორიც მიუნხენია და ასეთს საერთაშორისო გამოფენაზე, ჩემს წარმოსახვას უსუსურად ეჩვენება ჩემი სურათი – კომპოზიციის მხრივ მოძველებული, ხოლო შესრულების მხრივ მძიმე. ჩემთვის მედლის მიკუთვნებას მე უფრო ჟიურის თავაზიანობასა და ჩემს მიმართ კეთილ დამოკიდებულებას მივაწერ. გთხოვთ გადასცეთ ჩემი გულითადი მადლობა ბატონ რუბოს, დეპეშის გამოგზავნისათვის. ეს იყო ვაპირებდი მისთვის ბარათის მოწერას. სამხატვრო აკადემიის მისამართით გამოგზავნილი მისი დეპეშა მხოლოდ დღეს მივიღე თქვენს წერილთან ერთად. ვეცდები გერარდის პორტრეტი გამოვართვა მის მფლობელს, მიუნხენის მომავალი გამოფენისათვის. თუმცა თქვენი აღტაცებული რეკომენდაციის შემდეგ, მისთვის ჯობდა სულაც არ გამოჩენილიყო გამოფენაზე. მთელი ჩემი გულით მადლობას მოგახსენებთ თქვენი ჭაბუკური კეთილშობილური მგზნებარებისათვის. დიდად ბედნიერი ვიქნები, თუ შემთხვევა მომეცემა მაგრად, ამხანაგურად ჩამოგართვათ ხელი…”

გიგო საოცრად პროდუქტიული მხატვარი გახლდათ. მას ორიათასამდე ტილო აქვს შესრულებული. როცა მუშაობდა, არაფერი ახსოვდა ამ ქვეყანაზე. “იყო დღეები, როცა იგი მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე მუშაობდა და არც კი სადილობდა. უკან დავდევდი ხოლმე, როგორც პატარა ბავშვს და ვეხვეწებოდი ან ერთი ჭიქა რძე დაელია ან მაწონი ეჭამა.” – იხსენებდა ქალბატონი მიულბაუმი-გაბაშვილისა.

გიგო გაბაშვილს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა. იყო არაჩვეულებრივი პედაგოგი. ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი მიეცა მომავალი თაობისთვის. 1897 წელს თბილისში დააარსა სამხატვრო სტუდია, 1900 წლიდან ასწავლიდა “ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების” ხატვის სკოლაში, 1901 წლიდან ამ სკოლის დირექტორი იყო. გახლდათ თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი.

თავისუფალ დროს კი უბრალოდ იჯდა და იხსენებდა გარდასულ დღეებს. გასახსენებელი კი ბევრი ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, ის იყო მხატვარი, რომელსაც ილია და აკაკი პოზირებდნენ…

ეკა მახარაშვილი

წყარო: გაზეთი “24 საათი”, 16 იანვარი, 2010 წ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: