Posted by: burusi | 18/02/2010

თეიმურაზ პირველი

თეიმურაზ I, მეუღლესთან ხორეშანთან ერთად (კასტელის ნახატი) - Teimuraz I (1606-1648) with his wife Khoreshan (Casteli, drawing)

თეიმურაზ I – Teimuraz I

თეიმურაზი დაიბადა 1589 წელს. იგი იყო შვილი კახეთის მეფის დავითისა და ქეთევან დედოფლისა. დავითიც და ქეთევანიც ქართული მწიგნობრობის მოყვარულნი და მოამაგენი იყვნენ. დავითს უთარგმნია ქართულ ენაზე “ქლილა და დამანას” ერთი ნაწილი, ქეთევანისაგან კი ჩვენს დრომდის მოღწეულია “ანბანთქება” და “ვედრება”. თეიმურაზის მამა დავითი ადრე გარდაიცვალა (1602 წ.), მომავალი პოეტის აღზრდას ხელმძღვანელობდნენ პაპამისი (მეფე ალექსანდრე) და დედა. XVII საუკუნის დასაწყისში კახეთის სამეფო კარზე თავი იჩინა მწვავე დინასტიურმა განხეთქილებამ. ამან ქეთევანი აიძულა თავისი პირმშო სპარსეთში გაეგზავნა, შაჰ-აბას პირველთან. შაჰის კარზე თეიმურაზი “ისწავებდა წიგნსა და ენასა სპარსთასა”.
ვერაგ შაჰ-აბასს იმედი ჰქონდა, რომ კახეთის უფლისწულს აღზრდიდა “სჯულსა და წესსა თვისსა ზედა” მას უკვე ასე ჰყავდა აღზრდილი თეიმურაზის ბიძა, გამაჰმადიანებული კონსტანტინე. შაჰ-აბასი იყო ქართველობის საშინელი მოძულე და დაუძინებელი მტერი, იგი ოცნებობდა ქართლ-კახეთის საბოლოოდ დამორჩილებასა და დამონებაზე. თავისი მიზნის განსახორციელებლად შაჰი ცდილობდა, შეეძინა მომხრეები ქართველთა შორის. სხვადასხვა მზაკვრული ხერხით მან თავის მხარეზე გადაიბირა ქართლ-კახეთის თავადაზნაურული საზოგადოების ერთი ნაწილი, აგრეთვე სამეფო გვარეულობის ზოგიერთი წევრი. 1605 წელს შაჰ-აბასმა საიდუმლო დავალებით კახეთში გამოისტუმრა თავისი აგენტი კონსტანტინე ბატონიშვილი ალექსანდრე მეფესა და ტახტის მემკვიდრეს (თეიმურაზის ბიძას გიორგის) შაჰმა კონსტანტინეს ხელით ძვირფასი ძღვენი გამოუგზავნა. ამ ძღვენის საზეიმო ვითარებაში გადაცემის დროს კონსტანტინეს მიჩენილმა ყიზილბაშებმა მუხანათურად მოკლეს მამა-შვილი (ალექსანდრე და გიორგი) და მათი ამალის წევრები კონსტანტინემ მძლავრებით ჩაიგდო ხელში კახეთის ტახტი, გარეწარმა არ ითაკილა ქართველთა ზნეობრივი ცხოვრების საფუძვლების შელახვა და მოინდომა ქვრივი დედოფლის, ქეთევანის, ცოლად შერთვა. კახეთში იფეთქა აჯანყებამ.
აჯანყებულებმა ქეთევანის წინამძღოლობით დაამარცხეს კონსტანტინე, მისი მომხრეები ამოხოცეს და თვითონ შაჰის აგენტი აკუწეს. კახეთის ამბებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სპარსეთის სამეფო კარზე. გაცოფებულმა შაჰ-აბასმა დროებით თავი შეიკავა, გარეგნულად ვითომც არაფერი დაიმჩნია, შურისძიებისათვას ის უკეთეს დროს უცდიდა. სპარსეთის ორიენტაციის მომხრე ისტორიკოსის ფარსადან გორგიჯანიძის სიტყვებით: “ეს ამბავი შაჰ-აბაზ ყაენს… ნამეტნავად ეწყინა, მაგრამ სოფლის საფერისად ასრე ბრძანა: «ხელიმც შერჩებისო, მამის მკვლელს უარესი უნდა დაემართოსო»”. აბასმა კახეთი ოფიციალურად უბოძა თეიმურაზს და მოჩვენებითი პატივით სამშობლოში გამოგზავნა. 1605 წლის ბოლოს თუ 1606 წლის დასაწყისში თეიმურაზი ავიდა კახეთის სამეფო ტახტზე მაგრამ ის მხოლოდ ნომინალურად ითვლებოდა მეფედ, დროს უფრო ნადირობასა. ბურთაობასა და ნადიმობაში ატარებდა. ქვეყანას განაგებდა ენერგიული და ზნეფაქიზი ქეთევან დედოფალი. საქმის ასეთი ვითარება იწვევდა შაჰ-აბასის ცხადლივ უკმაყოფილებას.
დიდი მზადების შემდეგ 1614 წელს შაჰ-აბასი რჩეული ლაშქრით მოადგა საქართველოს საზღვრებს. მიზეზიანი შაჰი არ დაყაბულდა ქეთევან დედოფლისა და თეიმურაზის შვილების (ლევანისა და ალექსანდრეს) მძევლობას, შეესია ქვეყანას და უმოწყალოდ ააოხრა. (სხვათა შორის, მაშინ შაჰ-აბასის ბანაკში იმყოფებოდა ქართველ ფეოდალთა ერთი ჯგუფი ნუგზარ ერისთავის მეთაურობით). თეიმურაზი და ქართლის მეფე ლუარსაბი იმერეთში გადავიდნენ. შაჰაბასმა მოახერხა ლუარსაბის გამოტყუება, თეიმურაზი კი ვერ დაიყოლია. შაჰის სპარსეთში დაბრუნების შემდეგ თეიმურაზი კახეთში გაჩნდა და საქვეყნო საქმეების მოგვარებას შეუდგა. ამის გამგონე შაჰი “განძვინდა ვითარცა ვეშაპი”. ხელმეორედ შეიჭრა კახეთში, მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჟლიტა, ციხე-ქალაქები, ეკლესია-მონასტრები დაანგრია, სოფლები გადაწვა, ბაღ-ვენახები და თუთის ნარგავები ააჭრევინა, მთელი კახეთი გაავერანა და გააპარტახა. გადარჩენილი მოსახლეობა შაჰის ბრძანებით აჰყარეს და შიდა სპარსეთში გადაასახლეს (იმ დროის გადმონაშთია ფერეიდნის ქართველობა). უპატრონოდ დარჩენილ კახეთში ჩამოასახლეს მომთაბარე თურქმანები.
კახეთის შემდეგ შაჰ-აბასი ქართლის აოხრებას აპირებდა. ეს საქმე დაკისრებული ჰქონდა გიორგი სააკაძეს, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო შაჰის სამსახურში იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, გიორგი სააკაძემ საარაკო მამულიშვილობა გამოიჩინა, სამშობლოს სიყვარულის გამო საკუთარი შვილი გაწირა, სპარსელებს განუდგა, მტრის ჯარი გაწყვიტა და ქვეყანა ხიფათისაგან იხსნა. გიორგი სააკაძემ და ზურაბ ერისთავმა ქართლკახეთი გააერთიანეს და გაერთიანებული ქვეყნის მეფობა თეიმურაზს მისცეს. თეიმურაზი სათავეში ედგა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლ ძალებს. შაჰ-აბასმა შური იძია მასთან ტყვეობაში მყოფი თეიმურაზის ოჯახის წევრებზე, ჯერ თეიმურაზის შვილები აწამეს (1620 წელს), შემდეგ (1644 წ.) წამებითვე მოკლეს ქეთევან დედოფალი. შაჰმა იმსხვერპლა აგრეთვე თეიმურაზის დაი და ასული. სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა თეიმურაზის მესამე ვაჟიც, დათუნა ბატონიშვილი.
გულწრფელი სიტყვებით გამოთქვა თეიმურაზმა სოფლის სამდურავი ამ ტრაგედიის გამო:

რად, სოფელო, სხვა არ დასწვი ჩემებრ, მე მქენ დასადაგე?!
გლახ, ლახვარი სასიკვდინე ყველა მე მკარ, დასად აგე!
დამიკარგე ძე, ასული, ძმა, არ ვიცი და სად აგე!
სხვა ნაყოფი მათებრ ტურფა რა აშენე და სად აგე?

შაჰ-აბასმა ქართველობას არ აპატია განდგომა და ყიზილბაშების გაწყვეტა. მან ერთხელ კიდევ ველურად იძია შური ჩვენს ხალხზე, 1625 წლის ზაფხულში, მარაბდის ველზე, მდინარე ალგეთის ნაპირას თავისუფლებისათვის ბრძოლას შეეწირა ათიათასამდე რჩეული ქართველი მეომარი. ქართველობა მარაბდის დამარცხების შემდეგაც არ იხრიდა ქედს. ოღონდ, საუბედუროდ, იმატა შინაგანმა განხეთქილებამ. ერთმანეთს დაშორდნენ თეიმურაზ მეფე და გიორგი სააკაძე. 1626 წელს ბაზალეთის ტბის მიდამოებში ისინი ერთმანეთს შეებნენ. დამარცხდა სააკაძე, გაიმარჯვა თეიმურაზმა. ვაი ამ გამარჯვებას! ამ დროიდან თეიმურაზს ნამდვილად მოეკვეთა მარჯვენა. თეიმურაზმა მალე ჩამოიშორა ზურაბ ერისთავი და ზოგიერთი სხვა მისანდო დიდებული. მას თითქოს აღარ ჰყავდა მეტოქეები, მაგრამ განსაცდელის დროისათვის არც მაშველი ჰყავდა. განსაცდელი კი ფეხდაფეხ დასდევდა.
1634 წლიდან თეიმურაზს გაუჩნდა ახალი ძლიერი მოქიშპე, გამაჰმადიანებული ბაგრატიონი ხოსროვ-მირზა, როსტომ მეფის სახელით ცნობილი. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ თეიმურაზი საბოლოოდ დამარცხდა. 1649 – 1656 წლების განმავლობაში ის, როგორც ლტოლვილი, გამუდმებით ცხოვრობდა იმერეთში. “უსაქმოდ მოწყენილი” მეფე თავის ნაღვლიან განწყობილებას ლექსებით გამოთქვამდა, გრძნობიერად ამბობს ის ერთგან (შამფარვანიანი, 13):

მე გასაძლებლად დავწერე ხან ისი, ხან ეს რამეო,
გული ამაზედ დავაპყარ, ბევრი დღე დავაღამეო;
სრულად ფიქრშიგან ჯდომითა გული არ შევიღამეო,
ჩარხი უკუღმა დაბრუნდა, ბედი დამტერდა, ვა მეო!

სხვაგანაც გულისტკივილით იგონებს (იქვე 67, 1; შედარება გაზაფხულისა და შემოდგომისა, 77, 1 – 2):

ცუდად წოლით და გდებითა ეს მომაგონა რაჭამა…
მე ვიყავ უცხო ღარიბად რაჭა ჰქვიან, თუ აგარა.
იგ რამდონ რიგად სოფელმან გული ცეცხლითა დაგა რა!

ღრმად მწუხარე პოეტი ლიტერატურული საქმიანობით ერთგვარად იქარვებდა მოწოლილ ბოღმას, ხოლო განგებას სთხოვდა პატიებას (შამფარვანიანი, 68):

ღმერთო, ნუ მიწყენ ამ ცუდსა ლაყაბსა, მიდმოდებასა,
ვეღარ გაუძელ შვიდ ზაფხულ მოწყენით ცუდად გდეგასა,
შეჭირვებისა ცეცხლთა და გულსა სახმილთა დებასა.
მოველი შენგან ხსნასა და შენსავე იმედებასა!

თეიმურაზი ყურადღებას მაინც არ .აკლებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას. ის ყოველგვარ საშუალებას მიმართავდა, რათა მტრების იერიშების მოსაგერიებლად შეეკავშირებინა ქართული სამეფო-სამთავროები. თეიმურაზი აქტიურ საგარეო პოლიტიკასაც ეწეოდა. მას მოლაპარაკება ჰქონდა ევროპულ ქვეყნებთან შაჰ-აბასის წინააღმდეგ სამხედრო კოალიციის შესაქმნელად. ამ მოლაპარკებამ ნაყოფი ვერ გამოიღო. განსაკუთრებულ იმედებს ამყარებდა თეიმურაზი ერთმორწმუნე რუსეთზე. მან რეგულარული მიმოწერა გააჩაღა და ელჩების საშუალებით ცოცხალი კავშირი დაამყარა რუსეთის სამეფო კართან, თეიმურაზი სწორად ითვალისწინებდა რუსეთის ისტორიულ როლს ამიერკავკასიის ხალხების დაცვის საქმეში სპარსეთ-ოსმალეთის აგრესიისაგან. მას მოქნილი დიპლომატიური სვლები ჰქონია, მაგრამ იმდროინდელი რუსეთი არ იყო მზად, რომ რეალურად აესხა იარაღი აღმოსავლეთის აგრესორების შესამუსრავად. მეორე მხრივ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ვითარება აღიზიანებდა ოსმალეთსა და სპარსეთს, რაც ძლიერ ართულებდა საქართველოს ისედაც რთულ საშინაო და საგარეო მდგომარეობას. საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივით დაშინებული შაჰ-აბასი ცდილობდა საბოლოოდ გასწორებოდა ქართველ ხალხს.
1658 წელს თეიმურაზი პირადად ეწვია მოსკოვს, მეფე ალექსი მიხეილის ძეს (1653 წლიდან რუსეთის სამეფო კარზე იმყოფებოდა მისი შვილიშვილი ერეკლე, მომავალი ნაზარალიხანი). მალე უკან დაბრუნდა იმედგაცრუებული (ფინანსური დახმარება აღმოუჩინეს, ოღონდ სპარსეთთან პოლიტიკური ურთიერთობის გართულებაზე მაშინ რუსეთი ვერ წავიდოდა). ამასობაში დედოფალი ხვარეშანიც გარდაცვლილიყო. მგლოვიარე თეიმურაზი “დაშთა ციხესა შინა სკანდას ფრიად უპოვარი”; სხვა გამოსავალს რომ ვერ ხედავდა, სოფელს ზურგი შეაქცია და ბერად აღიკვეცა. ჯანგატეხილი და სასოწარკვეთილი მოხუცი თეიმურაზი შაჰნავაზმა სპარსეთში გაგზავნა, “ცრუ დაპირებით შაჰმა მიიტყუა” კახეთის ქედმოუხრელი მეფე. შაჰს იმედი ჰქონდა, რომ თეიმურაზის შემწეობით გადაიბირებდა ერეკლე ბატონიშვილს და იმასაც სპარსეთში ჩაიტყუებდა. მართლაც, “თეთმურაზ-ხანის თხოვნის თანახმად, ერეკლე-მირზას სახელზე გამოვიდა გამხნევების რაყამი, რომ ის მოსულიყო ქვეყნის საფარველის (ე. ი. სპარსეთის შაჰის, ა. ბ.) კარზე” ერეკლეს სპარსეთში ჩასვლის საქმე დაყოვნდა, თეიმურაზის პოლიტიკურმა წონამ იწყო კლება, მას შარი მოსდეს, შეურაცხყვეს მისი ადამიანური ღირსებები, დასცინეს მის სარწმუნოებრივ გრძნობებს, შეიპყრეს და, როგორც განწირული, შორეულ ასტარაბადში გაგზავნეს პატიმრად. თეიმურაზმა ამდენი წვალება ვეღარ აიტანა, ასტარაბადში ჩასვლის უმალვე გარდაიცვალა, “დადუმდა ენა რიტორი”: (არჩილი),თეიმურაზის ნეშტი გადმოასვენეს კახეთში და მშობლიურ მიწას მიაბარეს ალავერდს.
დიდმა პოლიტიკურმა მოღვაწემ და გრძნობიერმა პოეტმა სამარეში ჩაიტანა დამსხვრეული იმედები და სამშობლო ქვეყნის ღრმა სიყვარული. თეიმურაზის ხანგრძლივ შეუპოვარ ბრძოლას ყიზილბაშური სპარსეთის წინააღმდეგ უნაყოფოდ არ ჩაუვლია. მიუხედავად აუნაზღაურებელი მსხვერპლის გაღებისა, თავისუფლებისათვის ბრძოლის საქმეში გამოიბრძმედა და გამოიჭედა ჩვენი ხალხის ნებისყოფა; ქართველობამ მტერს ქედი არ მოუხარა, შეუბღალავად შეინარჩუნა თავისი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღირსება.


პასუხები

  1. ერტადერტი საიტი სადაც ვიკიპედიიდან გადმოკოპირებული ინფორმაცია არ დევს! მაგარი საიტია!

  2. dzalian damezmara es blogi! madloba

  3. […] ძალიან საინტერესო სტატია თეიმურაზ l–თან დაკავშირებით: https://burusi.wordpress.com/2010/02/18/teimuraz-i-2/ […]


დატოვე კომენტარი

კატეგორიები