Posted by: burusi | 13/02/2010

პასუხი კითხვაზე “რა უნდა ვაკეთო?”

ტვინის ტრანსფორმაცია. მხატვარი ალექს ბერდიშევი

ბერტრან რასელი – Bertrand Russell (1872-1970)

პასუხი კითხვაზე “რა უნდა ვაკეთო?”

ნინო ფიფია – იმანუელ კანტის მოძღვრების ინტერპრეტაცია ბერტრან რასელის ფილოსოფიაში

რაიმე ვრცელი, მით უფრო თანმიმდევრული თეორია, ისეთი, როგორიც რასელმა მათემატიკაში, ლოგიკაში, ეპისტემოლოგიაში შექმნა, ღირებულების ფილოსოფიაში, ეთიკისა და რელიგიის სფეროებში მას არ მოუცია. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, რასელის შეხედულებები არც მის ღირებულების ფილოსოფიაშია წინააღმდეგობებისაგან თავისუფალი. თუმცა რასელის მთელი მოძღვრება რამდენიმე საფუძველმდებარე პრინციპს ეყრდნობა, მათ შორის ისეთ პრინციპსაც, რომელიც არსებითია ღირებულების ფილოსოფიისთვისაც. რასელი ყოველთვის ზუსტ საზღვარს ავლებს, ერთი მხრივ იმ სადაო საკითხებს, რომელიც ემოციათა საგანია და, მეორე მხრივ, იმ “ზუსტი აზრის სამეფოს” შორის, რომელიც მეცნიერულ დასკვნათა, გონების სფეროა (34,6). ემოციისა და გონების კომპეტენციათა ერთმანეთისაგან გამიჯვნის მოთხოვნთვის მას არასოდეს უღალატია. ამიტომაც, ეს მოთხოვნა რასელის ფილოსოფიური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან, საფუძველმდებარე პრინციპად უნდა მივიჩნიოთ.
რასელის თეორიის თანახმად, ფილოსოფიაში არსებობს ცოდნის საზღვრებს მიღმა მდებარე, მეცნიერულ მეთოდთა გამოყენების თვალსაზრისით სრულიად არაადეკვატური სფერო, რომელიც გრძნობის, ემოციის საგნით იფარგლება და ღირებულების სფეროს წარმოადგენს. ერთია ბუნების ფილოსოფია, წერს რასელი; სულ სხვა _ ღირებულების ფილოსოფია. ბუნების ფილოსოფიის საგანი – უკიდეგანო სამყარო – არც კეთილია და არც ბოროტი. ხოლო, ღირებულების ფილოსოფიაში ბუნება, რომელიც თავისთავად ნეიტრალურია, ადამიანის წყალობით ანუ მისი სურვილებისა და ემოციების შესაბამისად, “კეთილი” ან “ბოროტი” ხდება. ღირებულებებს თავად ადამიანი ქმნის (32,69-70). რასელს ღი-რებულებათა სუბიექტივისტური თეორიის წარმომადგენლად მიიჩნე-ვენ. მისი აზრით, საკითხი ღირებულებათა რაობის შესახებ (ანუ პასუხი კითხვაზე თუ “რას წარმოადგენს ღირებულება თავისთავად?”), ცოდნის მიღმა ძევს. როცა ვამბობთ, რომ რაიმეს აქვს “ღირებულება”, ჩვენ სწორედ საკუთარ ემოციებს გამოვხატავთ და არა ფაქტს, რომლის ბუნებაც ჩვენი გრძნობებისაგან დამოუკიდე-ბელია. თუკი ადამიანებს განსხვავებული ღირებულებები გააჩნიათ, მაშინ მათ შორის წარმოშობილი უთანხმოება მხოლოდ გემოვნებას ეხება და არა ჭეშმარიტებას. ჰიუმის მსგავსად, რასელი თვლის, რომ რაიმე არგუმენტი ობიექტთა შინაგანი ღირებულების სასარგებლოდ არ არსებობს. ღირებულების სფეროში საქმე მხოლოდ გემოვნებასთან, ემოციასთან გვაქვს. ღირებულების ფილოსოფიის სფეროა რელიგია და ეთიკა (ჰიუმის თანახმადაც, გონებას შეუძლია გაარჩიოს ჭეშმარიტი და მცდარი, მაგრამ არა მორალური და ამორალური. ეთიკა, ესთეტიკა, რელიგია, მისი აზრით, შენდება არა გონებაზე, არამედ ემოციაზე).
რასელის ეთიკური თეორია – ეთიკის რასელისეული კონცეფცია არ არის ვრცელი. შესაძლოა ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ მორალისა და რელიგიის, პოლიტიკის პრობლემათა კვლევას რასელი არ მიიჩნევდა აკადემიურ ფილოსოფიად. მაგრამ ის პრობლემები, რომელიც ამ სფეროში დაისმის, რასელის აზრით, ზოგადად ფილოსოფიისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ინტელექტუალური ევოლუციის მანძილზე რასელმა ეთიკის პრობლემებთან დაკავშირებითაც შეიცვალა პოზიციები. ახალგაზრდა რასელი უტილიტარისტია. მოგვიანებით იგი მურის კონცეფციის აშკარა გავლენის ქვეშ ექცევა. რასელი აღნიშნავს, რომ “სიკეთე” ეთიკის ფუნდამენტური ცნებაა და რომ ეს ცნება გან-საზღვრებას არ ექვემდებარება. იგი უშვებს განსაკუთრებულ ეთიკურ ცოდნას – აპრიორი უეჭველ დებულებებს (მიჩნევებს) იმ საგანთა შესახებ, რომლებიც თავისთავად ღირებულებას (მაგალითად, სიკეთეს თავისთავად) წარმოადგენენ. რასელი იმასაც ამბობს, რომ წი-ნადადება “X არის სიკეთე” ისეთივეა, როგორც წინადადება “ეს მაგიდა მრგვალია”, რომლის ჭეშმარიტობა ან მცდარობა არ არის დამოკიდებული ჩვენს შეხედულებებსა და ემოციებზე. ოდნავ მოგვიანებით, “ფილოსოფიის პრობლემებში” რასელი იმეორებს, რომ არსებობს არალოგიკური აპრიორული ცოდნა, რომლის მაგალითია ეთიკურ ღირებულებებთან დაკავშირებული ცოდნა, ანუ იმის ცოდნა, თუ რა არის შინაგანი ღირებულების მქონე. 1918 წლიდან, ჯ. სანტაიანას მიერ რასელის ეთიკური თეორიის კრიტიკის შემდეგ, რასელი თავისი პოზიციის გადახედვას იწყებს. შედეგად, 1935 წლიდან მისი ეთიკური კონცეფცია არა-კოგნიტური მოძღვრების სახეს იძენს. რასელი ახლა უკვე თვლის, რომ ეთიკური ცოდნა, იმ აზრით, როგორც ეს მეცნიერებაში გვაქვს, არ არსებობს. 1954 წელს ნაშრომში “ადამიანური საზოგადოება ეთიკასა და პოლიტიკაში” ეს კონცეფცია დასრულებული სახით არის წარმოდგენილი.
ეთიკურ მოძღვრებას, რომელიც ღირებულებათა სუბიექტივისტური თეორიის შედეგია და რომლის თანახმად, ეთიკური მსჯელობები ემოციებს, გემოვნებასა და სურვილებს გამოხატავს, ემოტივიზმს უწოდებენ. (ემოტივისტური კონცეფცია უშუალო კავშირშია წმინდა თეორიულ ეთიკასთან, რომლის საგანსაც მორალურ ღირებულებათა არსებობის წესის განსაზღვრა, საერთოდ მორალურობის საფუძვლის დადგენა შეადგენს.) ემოტივისტების აზ-რით, ეთიკური მსჯელობები არავერიფიცირებადი, ამდენად არამეცნიერული და მეტაფიზიკურია. მორალურობის საფუძველსაც ამგვარ მსჯელობებში გამოხატული ემოცია წარმოადგენს სწორედ.
რასელი ემოტივისტია. “სიკეთე და ბოროტება, ის უმაღლესი სიკეთეც კი, რომელსაც მისტიციზმი ყველგან აღმოაჩენს ხოლმე, საგნებში ჩვენი საკუთარი ემოციების ასახვაა და არა საგანთა სუბსტანცია, რასაც ისინი თავისთავად წარმოადგენენ”, წერს იგი (62,28). მეცნიერული ფილოსოფია ვერ გაამართლებს აზრს, თითქოს სამყაროს ეთიკური მახასიათებლები გააჩნია. ფილოსოფიისთვის “სიკეთე” და “ბოროტება”, “სიყვარული” და “სიძულვილი” ობიექტებისადმი მსგავსი მიმართებებია. მათ შორის განსხვავება ფორმისა და სტრუქტურის მიხედვით განსხვავება როდია. ისინი მხოლოდ ეთიკის თვალსაზრისით წარმოადგენენ დაპირისპირებულობებს. “სიკეთე არის უბრალოდ ის, რის მიმართაც ერთი გრძნობა გვაქვს, ხოლო ბოროტება _ ის, რის მიმართაც მეორე გრძნობა” (იქვე, 27). სიკეთე ისაა, რაც გვსურს, ბოროტება _ ის, რასაც გავურბივართ. ეთიკური მსჯელობა არაფერს ამტკიცებს. ჭეშ-მარიტებასა და მცდარობასთან მას არაფერი აქვს საერთო. როცა ადამიანი ამბობს, რომ რაღაც საგანი “კარგია თავისთავად”, იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ადგილი ჰქონდეს რაღაცის მტკიცებას. მაგრამ სინამდვილეში ეს მსჯელობა გამოხატავს სურვილს. სურვილის დამაჯერებლად გადმოცემის ხელოვნება სრულიად განსხვავდება ლოგიკური დემონსტრაციისაგან. მაგრამ ის სავსებით მისაღები და ლეგიტიმურია (69,725). ეთიკურ მსჯელობაში გა-მოხატული სურვილი პირადი ხასიათისაა, ანუ მსჯელობის სუბიექტს ეკუთვნის; ხოლო ის, რაც სურთ, ანუ რაც სურვილის ობიექტს წარმოადგენს, საყოველთაო ხასიათს ატარებს. ყოველი ღი-რებულებითი მსჯელობა გამოხატავს სურვილს იმისა, რომ ის, რაც მსჯელობის სუბიექტს სურს, სურდეს ყველას. გარკვეული აზრით, ეთიკა ცდილობს დაძლიოს სუბიექტივიზმი. როგორც რასელი წერს, ეთიკა რაღაც სურვილებისათვის საყოველთაოობის მინიჭების, სამწუხაროდ, წარუმატებელი ცდაა.
რადგან ეთიკური მსჯელობა არაფერს ამტკიცებს, ამდენად რაიმე რწმუნებულობის არსებობა, რომელიც ამ მსჯელობის ჭეშმარიტებას ან მცდარობას დაადგენდა, ლოგიკურად შეუძლებელია. ეთიკა არავერიფიცირებადია. საერთოდ რაიმე რაციონალური, მეცნიერული ცოდნა ღირებულებათა შესახებ არ არსებობს. ეთიკური ცოდნა, ამ სიტყვის მკაცრი გაგებით, რასელისათვის პრინციპულად შეუძლებელია. ეთიკა არ გვკარნახობს, თუ როგორი იქნება ჭეშმარი-ტება (ნეორეალისტურ პერიოდში რასელი წერს, რომ ეთიკურ ღირებულებებთან დაკავშირებული ცოდნა არალოგიკური აპრიორული ცოდნაა. გრძნობად გამოცდილებაზე დაყრდნობით, შინაგანი ღირებულების თაობაზე ცოდნის ჭეშმარიტებას ვერც ვამტკიცებთ და ვერც უარვყოფთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეთიკურ ღირებულებასთან დაკავშირებით მეცნიერება პრინციპულად ვერა-ფერს გვეუბნება). რაციონალური ცოდნა, რომელთანაც ეთიკას აქვს საქმე, წარმოადგენს ეთიკური ინტერესით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად საჭირო ფაქტების, საშუალებების მეცნიერულ ცოდნას. ეთიკა მეცნიერებისაგან განსხვავდება არა რაიმე განსაკუთ-რებული ცოდნით, არამედ სურვილებითა და სუბიექტურობით. ზემოთქმული საკმარისია იმისათვის, რომ მეცნიერებას, გარკვეული აზრით, ნეიტრალური პოზიცია მოვთხოვოთ. მეცნიერება არ წყვეტს საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ იქნება გამოყენებული მისი შედეგები. მეცნიერება ვერ მოგვამარაგებს ეთიკით. მას შეუძლია გვაჩვენოს ამა თუ იმ მიზნის მიღწევის გზები (ანუ ეთიკისათვის მეცნიერება მხოლოდ საშუალებაა). მაგრამ იმ მიზნების არჩევანი, რომელთა მიღწევაც შესაძლებელია, მეცნიერული მოსაზრებებით არ უნდა იყოს განსაზღვრული და ნაკარნახევი. მეცნიერება არ უნდა დადგეს იმ მიზნებზე მაღლა, რომელსაც ემსახურება. რასაკვირველია, რაღაც ეთიკური ინტერესი შეიძლება შთააგონებდეს კვლევას მთლიანობაში. მაგრამ არცერთი ეს ინტერესი არ უნდა ეხებოდეს დე-ტალებსა და შედეგებს, რომლის მიღებაც გვსურს. რასელი ამას ეთი-კური ნეიტრალიზმის პრინციპს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს პრინციპი ფილოსოფიისათვისაც არ იქნებოდა ურიგო _ პირველ რიგში საკუთრივ ეთიკის ინტერესებიდან გამომდინარე. ვინაიდან, ის, ვინც ფაქტების კვლევისას ივიწყებს სიკეთესა და ბოროტებას, უფრო მალე მოიწევს კეთილ ნაყოფს, ვიდრე ის, ვინც თავისი სურვილებითა და ემოციებით ფაქტებს ამახინჯებს (62, 29-31).
ადამიანის ეთიკურ ქმედებას ეთიკური მიზნის მიღწევის უშუალო სურვილის გარდა, ცხადია, ამ მიზნის მიღწევის საშუალებათა ცოდნაც უდევს საფუძვლად. რასელის თანახმად, ეთიკური არგუმენტის დამაჯერებლობა იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ “ეს” და არა “სხვა” საშუალებები არსებობს ყველასათვის სასურველ მიზანთა მისაღწევად. ორ ურთიერთგამომრიცხავ ღირე-ბულებით მსჯელობას შორის არსებული განსხვავება დაიყვანება არა მიზნის (სასურველის), არამედ სურვილის განხორციელების საშუალებათა განსხვავებაზე, წერს იგი. არ არსებობს რაიმე საშუალება, რათა ვაიძულოთ ადამიანს აკეთოს ის, რაც მას არ სურს. ჩვენ მხოლოდ მისი სურვილის შეცვლა შეიძლება ვცადოთ. ადამიანის სურვილის შეცვლა კი, როცა საქმე ღირებულებას ეხება, მხოლოდ ემოციონალური ზემოქმედებით არის შესაძლებელი. როცა ორი ადამიანი ერთმანეთის საწინააღმდეგო ეთიკურ შეხედულებას გამოთქვამს, თითოეული მათგანი მეორის თვალსაზრისს მორალურად გაუმართლებლად მიიჩნევს. იმის შეფასებაში, თუ რა არის სიკეთე ფილოსოფოსებიც ხშირად არ ეთანხმებიან ერთმანეთს. მაგალითად უტილიტარისტები და ბენტამი მიიჩნევენ, რომ სათნოება სიამოვნებაში ანუ ბედნიერებაშია. ეს პოზიცია შესაძლოა გარკვეული აზრით, მიუღებელიც იყოს, მაგრამ, როგორც რასელი წერს, რაიმე ლოგიკური კონტრარგუმენტი მსგავს შემთხვევებში არც არსებობს. საერთოდ, არ არსებობს არავითარი მეცნიერული საბუთი, არგუმენტი, რომელიც დაარწმუნებდა მოპაექრეებს იმაში, რომ სწორედ მეორე, მათგან განსხვავებული თვალსაზრისია სწორი. რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს რასელისათვის კარლაილის, ნიცშესა და მილიტარისტების ღირებულებითი ორიენტაცია, რაიმე არგუმენტი მათ წინააღმდეგ უძლური ჩანს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ღირებულებათა სფეროში მეცნიერული აზრით არგუმენტაცია გამორიცხულია. აქ მხოლოდ რაღაც მოგვწონს და რაღაც კი – არა. ასეთია რასელის პოზიცია.
რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ გარკვეულმა მორალურმა ქცევამ მხარდაჭერა ჰპოვოს, მიზნები უნდა პასუხობდნენ ადამიანთა სულ უფრო დიდი ჯგუფის ინტერესებს. ჩვენი სურვილები ერთმანეთთან სრულ თანხმობაში რომ იყოს, ცხადია, ღირებულებათა ინტერპრეტაციაში სირთულე არ იარსებებს. ეთიკა სწორედ იმას ცდილობს, რომ განსხვავებული სურვილები ერთმანეთთან თანხმობაში მოიყვანოს (ერთგან რასელი ამბობს, რომ ეთიკა ჯოგური ინსტინქტის (gregarious instinct) პროდუქტია და უპირველესად რაიმე ერთობის, ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობის სწავლების, რეკომენდაციის ხელოვნებას წარმოადგენს (62,108). ამ განმარტებით მას იმის თქმა სურს, რომ ეთიკა სუბიექტურია არსობრივად და ყოველთვის “ვიღაცის” ან “რომელიღაც ჯგუფის” სურვილს გამოხატავს (თუმცა, ამავე განმარტებიდან ისიც კარგად ჩანს, რომ რასელის თანახმად, ეთიკას და მორალს ბიოლოგიური ძირებიც აქვს).
განსხვავებულ სურვილთა თანხმობაში მოყვანას ნორმატიული ეთიკა ისახავს მიზნად. თუმცა უმთავრესი, რასაც ნორმატიული ეთიკა იძლევა, გახლავთ მორალური ქცევის შეფასების კრიტერიუმი. როგორც რასელი წერს, ეთიკა შედგება ზოგადი პრინციპებისაგან, რომელიც ქცევის წესების განსაზღვრისთვისაა საჭირო. კაზუისტიკისაგან განსხვავებით, ეთიკა არ უთითებს ამა თუ იმ კონკრეტულ ვითარებაში ადამიანის ქცევის წესს (34,120).
ნორმატიული ეთიკის თვალსაზრისით, რასელის კონცეფცია ე. წ. კონსეკვენციონალისტურ თეორიათა ტიპს მიეკუთვნება. ამ თეორიათა მიხედვით, ქცევის მორალურობას განსაზღვრავს არა, ვთქვათ, მოვალეობა (როგორც ამას დეონტო-ლოგიური ეთიკური თეორიები ადგენენ), არამედ ქცევის შედეგი. კონსეკვენციონალისტური თეორიის თანახმად, ეთიკური ქმედება მორალურად სწორია, თუკი კეთილია ამ ქმედების შედეგი. რასელის პოზიციაც სწორედ ამგვარი ხასიათისაა. მისი აზრით, ქმედებებზე უნდა ვიმსჯელოთ მათი შედეგებით და არა რომელიმე აპრიორულად დაშვებული კოდექსის მიხედვით (თუმცა მორალური კოდექსი ზოგიერთი განსაკუთრებული სახის ქმედებას მართლაც უწყობს ხელს და ამდენად მისი სრული იგნორირება არცერთ ეთიკურ თეორიაში არ არის მიზანშეწონილი). როგორც რასელი წერს, სწორედ შედეგია ის ძალა, რითაც ქმედება ხელს უწყობს იმას, რაც ღირსეულ ცხოვრებად ან ღირსეულ საზოგადოებად მიგვაჩნია (იქვე, 158). ცხადია, ჩვენი ქმედებების შედეგების გამოთვლა ყოველთვის და ყველა ვითარებაში, არარეალური იქნებოდა. მაგრამ, როცა ვწყ-ვეტთ, მაგალითად, თუ როგორი მორალური დარიგება უნდა მივცეთ ახალგაზრდებს და როგორ ქმედებებს უნდა ვუწოდოთ სისხლის სამართლის ქმედება, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რა სახის ქმედებები უწყობს ხელს საერთო კეთილდღეობას და რა სახის ქმედებებია, ამ აზრით, ხელისშემშლელი. რადგან ყველა ქმედების შეფასება შეუძლებელია (საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და არც რაიმენაირი სიზუსტით გამოირჩევა), რასელის აზრით, პრაქტიკაში სასურველია, რომ ზოგიერთი სახის ქმედება ისჯებოდეს, ზოგი კი მოწონებულ იქნას მანამ, სანამ შედეგები იქნება გა-მოკვლეული. უტილიტარისტების მსგავსად, რასელი თვლის, რომ ნე-ბისმიერ მოცემულ სიტუაციაში სწორი, მორალურად გამართლებული იქნება ის ქმედება, რომელიც ფაქტების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, სხვა ქმედებებთან შედარებით, უფრო მეტ სიკეთეს გა-მოიღებს. ასეთი ქმედებების აღსრულების ხელშეწყობა კი მორალურ კოდექსს ძალუძს (იქვე, 156).
ეთიკური შეხედულებები ეპოქების ცვლასთან ერთად ხშირად იცვლება და ვითარდება. ზოგადად ეთიკური წარმოდგენები, როგორც რასელი წერს, ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული წყაროდან იღებს სათავეს. ესენია, პოლიტიკური და პირადი (რელიგიურ-ზნეობრივი) შეხედულებები. ანუ, რასელის თანახმად, არსებობს, ერთი მხრივ, სამოქალაქო და, მეორე მხრივ, პირადი მორა-ლი. ცხადია, ადამიანი არ არის აბსოლუტურად თავისუფალი: საზოგადოების გარეშე მისი არსებობა წარმოუდგენელია. მაგრამ იგი არც აბსოლუტური მონაა რაიმესი ან ვინმესი. გარდა სამოქალაქო მორალისა, ადამიანს, როგორც თავისუფალ არსებას, სჭირდება და აქვს კიდეც ინდივიდუალური მორალი. სამოქალაქო მორალის გარეშე საზოგადოება იღუპება; ხოლო პირადი მორალის გარეშე სა-ზოგადოების გადარჩენას აზრი არა აქვს. ამ გაორებას, როგორც რასელი მოითხოვს, ყოველი ადეკვატური ეთიკური თეორია უნდა ითვალისწინებდეს (იქვე, 156).
მიუხედავად ე. წ. “აქსიოლოგიური სკეპტიციზმისა”, რასელის ღირებულების ფილოსოფია, ეთიკა (ასევე რელიგიაც) სრულიად არ არიდებს თავს იმის გარკვევას, თუ რა არის, მაგალითად, “კარგი ცხოვრება”, “სიყვარული”, “თავისუფლება” და ა. შ.
ადამიანის სულიერი ცხოვრება, და ცხოვრება საერთოდ, თუკი მას სრულყოფილების პრეტენზია აქვს, მიმართული უნდა იყოს ისეთ ღირებულებებზე, რომელიც ზეპიროვნულია, ზეადამიაურია – წერს რასელი. ამ პრინციპიდან გამომდინარე ადამიანი უნდა ეცადოს, რომ მისი ინტერესები ძალიან, მით უფრო, რადიკალურად არ ეწინააღმდეგებოდეს უმრავლესობის ინტერესებს. პირიქით, ადამიანს ისეთი სურვილები უნდა ჰქონდეს, რომელიც სულ უფრო მეტად დააკმაყოფილებს საყოველთაოობის მოთხოვნებს. მაგალითად, მოძალადეს ან ბირჟის მაკლერს, ცხადია, არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ საზოგადოება მის სურვილსა და განზრახვას მიიღებს. აი ფილოსოფოსს კი, რომელიც აფასებს ჭეშმა-რიტებას, სიკეთეს, მშვენიერებას, სჯერა, რომ მისი სურვილები ზეინდივიდუალურ ღირებულებებზეა მიმართული. ამიტომ იგი არა მხოლოდ გამოთქვამს საკუთარ აზრს, არამედ ადამიანებს, კაცობრიობას სწორედ ჭეშმარიტების, სიკეთისა და მშვენიერებისაკენ უკვალავს გზას – წერს რასელი.
კარგია ის ცხოვრება, რომელიც სიყვარულითაა ნასაზრდოები და ცოდნით ხელმძღვანელობს. რასელი თვლის, რომ ამ აუცილებელ პირობათა შორის სიყვარული უფრო ფუნდამენტურია. გონიერ, ჭკვიან ადამიანს იგი ცოდნისაკენ უბიძგებს. კეთილი, მაგრამ უვიცი ადამიანი კი კმაყოფილია თავისი უმეცრებით. რასელისათვის სიყვარული ის ემოციაა, რომელიც ორ პოლუსს შორის მერყეობს. ერთია წმინდა ტკბობა ჭვრეტით, ხოლო მეორე – წმინდა კეთილმოსურნეობა. ტკბობა ხელოვნების სათავეა, ესთეტიკური ჭვრეტის სფეროა. ესთეტიკური თვალსაზრისით, ზოგიერთი რამ აღგვაფრთოვანებს, ზოგი კი იწვევს ზიზღს. კეთილმოსურნეობა, მეორეს მხრივ, სრულიადაც არ გულისხმობს ესთეტიკურ ჭვრეტას. ჩვენ სიკეთე გვსურს კეთროვანთათვის, ავადმყოფთათვის, ბავშვებისათვის იმის მიუხედავად, როგორი გა-რეგნული, ფიზიკური მონაცემების არიან ისინი. თუკი ტკბობა და კეთილმოსურნეობა თანაარსებობენ, მაშინ სახეზე გვაქვს სიყვარული მთელი თავისი სრულყოფილებით. ადამიანს, რომელსაც სიყვარული სურს, სწადია, რომ მისი ეს გრძნობა, ემოცია ორივე საწყისს შეიცავდეს. სრულყოფილ სამყაროში ყოველი არსება მეორისათვის ყველაზე დასრულებული სიყვარულის ობიექტს წარმოადდენს.
თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ყველას მიმართ ასეთYგრძნობას უნდა განვიცდიდეთ. კეთილმოსურნეობას საზღვრები აქვს. ეს საზღვრები, როგორც ჩანს, გარკვეულ წილად, ადამიანის ბიოლოგიურ მოთხოვნილებათა საზღვრებზეც გადის. რასელის აზრით, აქ, დედამიწაზე, კარგი, ზნეობრივი ცხოვრების აღწერისას მის საფუძვლებში ცხოველური ვიტალობა და ცხოველური ინსტინქტიც უნდა ვიგულისხმოთ. ეს მაინცა და მაინც იმას როდი ნიშნავს, რომ რასელის ეთიკური კონცეფცია ბიოლოგისტურია. რასელი თვლის, რომ ეს მხოლოდ საღი აზრია იმ თეორიის ფარგლებში, რომლის თანახმადაც, ადამიანის არსებობის სასრულო, სხეულებრივი მხარეც ანგარიშგასაწევია. ინსტინქტების გარეშე ცხობრება უფერული და უინტერესოა. ცივილიზაციამ იგი კი არ უნდა უარყოს, არამედ ერთგვარ აუცილებელ დანამატად უნდა მიიჩნიოს. ინსტინქტსაც აქვს უფლებები და მასზე ძალადობისას იგი ნელ-ნელა იძიებს შურს – წერს რასელი.
კარგი ცხოვრება, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის თავისუფლებას გულისხმობს. მთავარია განთავისუფლება არაადამიანური სამყაროს ტირანული ძალაუფლებისაგან. აქ რასელის ეთიკური, რელიგიური, ჰუმანისტური შეხედულებები ერთმანეთს ერწყმის. მისი აზრით, ჭეშმარიტი თავისუფლება საკუთარი იდეალებით ანუ სუბიექტური ღირებულებებით შექმნილი სამყაროს თაყვანისცემას ნიშნავს. თუ ადამიანი ქმედებებსა და გარკვეული აზრით სურვილებშიც გარეგან ძალთა ზემოქმედების მსხვერპლია, აზროვნებასა და მისწრაფებებში იგი თავისუფალია. ნამდვილი თავისუფლება პირადულზე, წამიერ სურვილებზე უარის თქმაა. ნამდვილი თავისუფლება სწორედ აზროვნების თავისუფლებაა.
რასელის მიერ კანტის ეთიკის ინტერპრეტაცია და კრიტიკა – კანტის ეთიკური თეორია რასელს ვრცელი ანალიზის საგნად არ უქცევია. თუმცა ამ თეორიის არსებითი მომენტები მასთან უყურადღებოდ არ არის დატოვებული. რასელის აზრით, კანტთან ეთიკა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ უკანასკნელმა მთელი თავისი მეტაფიზიკა სწორედ ეთიკური წანამძღვრებიდან გამოიყვანა (56,670) (თუმცა, მეორე მხრივ, პრაქტიკული გონების პრიმატი რასელმა, როგორც ჩანს, გაიგო როგორც უბრალოდ გულისძახილის უპირატესობა მკაცრი, თეორიული, ცივი გონების წინაშე (იქვე, 731)).
კანტის ეთიკა არის ანტიუტილიტარული, აპრიორული და როგორც იტყვიან “კეთილშობილი” (noble) – წერს რასელი (იქვე, 670). პირველყოვლისა, კანტი უარყოფს ყოველგვარ ეთიკას, რომელიც ზნეობის მიზანს ზნეობის მიღმა ეძებს და დაადგენს (კანტის მიზანია ყოველგვარი თეოლოგიისაგან და ფიზიკისაგან თავისუფალი ზნეობის იზოლირებული მეტაფიზიკა). რასელი წერს, რომ კანტის თეორიის თანახმად, ეთიკური ცნებები აპრიორული ბუნების არიან და მათი ადგილი გონებაშია. ხოლო მორალური ქცევის აუცილებელ პირობას ის შეადგენს, რომ ქმედება ზნეობრივი ვალდებულების გრძნობის საფუძველზე უნდა სრულდებოდეს. ვალდებულების მიხედვით ქცევა საკმარისი არ არის. ქმედება მხოლოდ მაშინაა ზნეობრივი როცა ის მორალური კანონითაა ნაკარნახები. ამიტომ, თუ თქვენ საკუთარ ძმას კეთილად იმის გამო ექცევით, რომ გიყვართ როგორც საკუთარი ძმა, მაშინ თქვენი ქცევა ვერ ჩაითვლება ზნეობრივ ქმედებად. ზნეობის არსი უნდა გამომდინარეობდეს კანონის ცნებიდან, ვინაიდან მხოლოდ გონიერ არსებას შეუძლია კანონის იდეის, ანუ კეთილი ნე-ბის შესაბამისად მოქმედება. ამასთან, როგორც რასელი აღნიშნავს, კანტის თეორიის თანახმად, ობიექტური პრინციპის იდეა იწოდება გონების კანონად, ხოლო კანონის ფორმულა – იმპერატივად. რასელი კატეგორიული იმპერატივის არსის ახსნასაც იძლევა. ამ ტიპის იმპერატივის თანახმად, როგორც იგი წერს, გარკვეული ტიპის ქმედება მიზნის მიუხედავად არის აუცილებელი. კატეგორიული იმპერატივიც სინთეზურ-აპრიორულია და კანონის ცნებიდან მომ-დინარეობს (56,735-736).
ღირებულების სუბიექტივისტური ფილოსოფიისათვის კანტის პოზიცია კრიტიკის უცილობელი საგანია. “წმინდა გონების კრიტიკის” სინთეზური აპრიორის მსგავსად, არც “პრაქტიკული გონების კრიტიკის” სინთეზური აპრიორი და კატეგორიული იმპერატივი მიიღო რასელმა. (თუმცა მისთვის ეთიკის აპრიორულობა გარკვეული თვალსაზრისით არც არის მიუღებელი; ადრინდელ პერი-ოდში ეთიკურ ღირებულებებთან დაკავშირებული ცოდნას ხომ რასელი სწორედ არალოგიკურ აპრიორულ ცოდნად მიიჩნევს).
რასელის კრიტიკის საგანი მორალური კანონის ბუნებაა. მორალური კანონი, მისი აზრით, არ უნდა იყოს მხოლოდ ფორმალური. იგი თვლის, რომ კანტის მაქსიმა იძლევა სათნოების მართალია აუცილებელ, მაგრამ არასაკმარის კრიტერიუმს. რასელს “თვითმკვლელობის” მაგალითი მოჰყავს. მისი აზრით, სავსებით შესაძლებელია, რომ მელანქოლიკმა ადამიანმა თვითმკვლელობა სხვებისთვისაც სასურველ ქმედებად მიიჩნიოს. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ქმედება აშკარად შორსაა ზნეობრიობისაგან, კანტის ფორმალური პრინციპით ამ ქმედების გაუმართლებლობას მაინც ვერ ავხსნით. ანუ კრიტერიუმი რომელსაც მაქსიმა იძლევა არ არის საკმარისი, წერს რასელი.
კანტის “ფორმალიზმის” კრიტიკა ცხადია უსაფუძვლო არ არის. კანტის იმპერატივის თანახმად, ადამიანი ისე უნდა მოიქცეს, რომ მისი ნების მაქსიმას შეეძლოს გახდეს ამავე დროს საყოველთაო კანონმდებლობის პრინციპი – საყოველთაო კანონი. აქ ცხადია გადამწყვეტია ის, შესაძლებელია თუ არა იმის საყოველთაო კანონად ქცევა, რასაც ადამიანი ისურვებს. ანუ მაქსიმის საყოველთაო კანონად ქცევის შესაძლებლობა არის თავად ამ მაქსიმის და მასში ნაგულისხმევი ქცევის ზნეობრიობის კრიტერიუმი. კანტის აზრით, ფორმალური კანონი აშკარას ხდის ზნეობისათვის შეუსაბამო მოთხოვნის თავის თავთან წინააღმდეგობას და ამით მოხსნის კიდეც არასწორი მაქსიმის საფრთხეს. ამიტომ თუკი კანტის ამ პოზიციას გავიზიარებთ, უნდა ვთქვათ, რომ მელანქოლიკს, მიუხედავად თავისი მსოფლხედვისა, არ შეუძლია თვითმკვლელობა მაქსიმად აქციოს. ვინაიდან თვითმკვლელობის ვალდებულებაც ისეთივე წინააღმდეგობრივია, როგორც ტყუილის ვალდებულება, ქურდობის ვალდებულება. მაგრამ რასელი მის მიერ მოყვანილი მაგალითის შესაბამის მაქსიმაში ვერანაირ ფორმალურ ლოგიკურ წინააღმდეგობას ვერ ხედავს. თუმცა, თვითმკვლელობის მაქსიმის გამოცხადება საყოველთაო კანონად გამოცხადება ეწინააღმდეგება ბუნების, ასევე თავად ზნეობის კანონებს, რომელთა დანიშნულებაა ხელი შეუწყოს სიცოცხლეს (როგორც ბუნების გამოვლინებას და როგორც ღირებულებას).
რასელის თანახმად, კანტისთვის ქცევის ზნეობრიობა, სათნოება დამოკიდებულია არა ქცევის შესაძლო, წინასწარგანსაზღვრულ შედეგზე, არამედ მხოლოდ პრინციპზე, რომელიც თავისთავად არის შედეგი. მაგრამ თუკი ამას დავუშვებთ, წერს რასელი, მაშინ უფრო კონკრეტული რამ ვიდრე თავად მაქსიმაა, შეუძლებელი ხდება. ამიტომ, ზნეობრივი ქცევის საკმარისი კრიტერიუმის მისაღებად, რასელი კანტის წმინდა ფორმალური თვალსაზრისის უარყოფას და ქცევის შედეგების გათვალისწინებას მოითხოვს.
რასელს კანტის კრიტიკის განსაკუთრებული თეორიული საფუძველი აქვს. რასელის თეორია კონსეკვენციონალისტური ეთიკაა; მაშინ როცა, კანტის თეორია დეონტოლოგიის კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს. დეონტოლოგიური ეთიკა მოვალეობის ეთიკური თეორიაა და ნორმატიული ეთიკის სახესხვაობას წარმოადგენს. ამ თეორიის თანახმად, ქცევის, ქმედების მორალურობას განსაზღვრავს მოქმედების აგენტი (მოქმედი პირი), ამ უკანასკნელის მოტივები და განზრახვა, მიდრეკილებები თუ უნარები ან ის, რაც თვით ამ ქმედების ბუნებიდან მომდინარეობს (ქცევის თავისთავადი, შინაგანი ღირებულება) _ მაგრამ არავითარ შემთხვევაში ქცევის შედეგი. მოვალეობის თეორიებს არაკონსეკვენციონალისტურ, არატელეოლოგიურ თეორიებადაც მოიხსენიებენ. ასე რომ, რასელის მიერ კანტის პოზიციის კრიტიკა სავსებით მოსალოდნელი და ლოგიკურია.
კიდევ ერთი რამ, რაც რასელს კანტთან არ მოსწონს არის ე. წ. “ბრძანების ელემენტი”. რასელი არ უარყოფს კატეგორიული ტიპის იმპერატივის არსებობას. იგი თვლის, რომ არსებობს ქცევა, რომელიც კარგია როგორც საშუალება რაიმესათვის; და ასევე არსებობს საქციელი, რომელიც კარგია თავისთავად. მაშასადამე იმპერატივიც შეიძლება ორი სახის იყოს – ჰიპოთეზური და იმპერატიული. რასელი უბრალოდ არ ეთანხმება ბრძანებით ტონს. ვინაიდან ასეთ რამეს ის თავისუფლების შეზღუდვის გარკვეულ გამოვლინებად მიიჩნევს.
რასელი ეთანხმება კანტს იმაში, რომ ეთიკურ შეფასებებში უნდა იყოს უნივერსალობის ელემენტი. მსჯელობას “A არის კეთილი” რასელი განმარტავს როგორც მსჯელობას “ყველას უნდა სურდეს A”. მაგრამ, მისი აზრით, ეს სურვილია და არა ბრძანება. მოვალეობის გრძნობით მოქმედება ნიშნავს იმას, რომ ჩვენგან რაღაცას ითხოვენ. მორალური კანონი კი, რასელის თანახმად, მოწმდება იმით, თუ რამდენად უწყობს ხელს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც ჩვენ გვსურს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ის, რაც თავად გვსურს, სურდეს ყველას. რასელი აზრით, სწორედ ეს არის ის, რასაც უნდა აკეთებდეს ეთიკური სუბიექტი.
კანტის ეთიკურ თეორიას რასელი ყველაზე მეტად მაინც იმ პუნქტში უახლოვდება, სადაც კანტი ზნეობის ავტონომიურობაზე საუბრობს. ნამდვილი ეთიკა არასოდეს იღებს კანონებს გარედან – გრძნობადი გამოცდილებიდან, იდეიდან, თეორიიდან, რელიგიიდან, ღმერთიდან და ა. შ. ის არასოდესაა ჰეტერონომიული. ნამდვილი ზნეობრივი მოთხოვნა ყოველთვის უპირობოა, მიზანს თავის თავში ეძებს. კანტის ამ პოზიციის კვალდაკვალ, რასელიც აღნიშნავს, რომ ეთიკა ავტონომიურია: ის არც მეცნიერების დანამატია და არც რე-ლიგიის. პირიქით, რელიგია, როგორც ღირებულებათა სისტემა, თავად ყოველთვის ეთიკას ემყარება.
რასელი კაეგორიული იმპერატივის მეორე ფორმულასაც ეხმიანება. ოღონდ მისი განმარტება ამ პუნქტში არ არის მთლად მართებული. კანტის ფორმულის თანახმად, ადამიანი კაცობრიობას, როგორც საკუთარი, ასევე ყველა სხვა დანარჩენი ადამიანების სახით, უნდა მოეპყრას ამავე დროს როგორც მიზანს და არასოდეს როგორც მხოლოდ საშუალებას. რასელის ახსნით კი, კანტი ითხოვს რომ ყოველი ადამიანი განიხილებოდეს როგორც თავისთავადი მიზანი. რასელი ამ თვალსაზრისში წინააღმდეგობას, ლოგიკურ სირთულეს ხედავს. ეს სირთულე, მისი აზრით, კარგად ჩანს მაშინ, როცა ორი ადამიანის ინტერესები კვეთს ერთმანეთს. თუ ორივე მათგანი საბოლოო მიზანია, წერს რასელი, მაშინ როგორ ვიპოვით პრინციპს იმის დასადგენად თუ რომელმა მათგანმა უნდა დათმოს (56, 205)? რასელი თვლის, რომ ეს უნდა იყოს “სამართლიანობის” პრინციპი. კანტის პრინციპი კი შესაძლებელია განხილულ იქნას მხოლოდ როგორც ადამიანის უფლებათა შესახებ მოძღვრების ერთგვარი აბსტრაქტული ფორმა. ეს პრინციპი შეუძლებელია პოლიტიკის ფილოსოფიაშიც. თუმცა, რასელის თანახმად, შესაძლებელია მისი ინტერპრეტაცია ისე, რომ დემოკრატიის ეთიკურ საფუძვლადაც მოგვევლინოს. ამ ინტერპრეტაციის მიხედვით, არა ყოველი ადამიანია აბსოლუტური მიზანი, მაგრამ იმ ქმედებების განსაზღვრისას, რომელიც მრავალ ადამიანს ეხება, ყველა ადამიანს თანაბრად უნდა გაეწიოთ ანგარიში (იქვე, 737). რასელის აზრით, ასეთნაირად ინტერპრეტირებული პრინციპი თავისუფალია წინააღმდეგობებისაგან.
კანტის ზემოხსენებული პრინციპის რასელისეული ახსნა არ არის ზუსტი. კანტის თანახმად, ადამიანის როგორც მხოლოდ საშუალებად მოაზრება და გამოყენება არ არის ზნეობრივი და გამართლებული. მაგრამ კანტი არც იმას ამბობს, რომ ადამიანი, პიროვნება მხოლოდ მიზანია (კანტის თანახმად, ადამიანი უნდა იყოს აგრეთვე მიზანი და არა მხოლოდ საშუალება). უნდა ითქვას, რომ კანტის პრინციპის ამ თითქოს უმნიშვნელო მომენტის გაუთვალისწინებლობა არასწორ ინტერპრეტაციის მიზეზია.
რასელის ღირებულების ფილოსოფიაშიც შეიძლება მივაკვლიოთ გზას “კანტიდან კანტამდე”. ინტელექტუალური ევოლუციის შედარებით ადრინდელ პერიოდში რასელი ეთიკურ ღირებულებათა აპრიორულობაზე საუბრობს. მოგვიანებით მისი ეთიკის თეორია არაკოგნიტივისტური თეორიის სახეს იძენს; მაგრამ რასელი, საბოლოოდ მაინც იმგვარ პოზიციას აყალიბებს, რომელშიც არც თუ ისე ძნელია კანტიანური მოტივების ამოკითხვა.
კანტის ეთიკის მიხედვით, ადამიანი ორ სამყაროს ეკუთვნის. ადამიანი, როგორც ემპირიული არსება, აუცილებლობას ექვემდებარება; ხოლო როგორც ინტელიგიბელური არსება, ნოუმენი – თავისუფალია. როგორც თავისუფლების სამყაროს წევრი, ადამიანი ღირსების მქონე არსებაა; ხოლო როგორც ემპირიის სამყაროს წევრი, იგი მონაა.
ადრეულ ესეებში რასელი წერს – ადამიანი, როგორც მოქმედი, სხეულებრივი არსება, როგორც ცხოველი, მიწიერ სამყაროსაა მიჯაჭვული და ბუნების ტირანიის მსხვერპლია, მაგრამ აზროვნებასა და მისწრაფებებში იგი თავისუფალია, მისი ცხოვრების მარადიული ნაწილი გრძნობებზე ამაღლებულა და თავისთავად სიკეთეზეა მიმართული. ბუნების ფილოსოფიაში ადამიანი წარმოდგენილია როგორც საუკეთესო შემთხვევაში მისადმი სრულიად გულგრილ ბუნებაზე დამოკიდებულ არსება; ღირებულე-ბის ფილოსოფიაში კი თავად ადამიანია გაბატონებული, ბუნებისათვის ღირებულების მიმნიჭებელი (32,69). რასელი აქ აშკარად კანტს იმეორებს.
კანტის მსგავსად, რასელიც აყენებს საკითხს გრძნობადი სამყაროსა და ზნეობრივი სამყაროს ურთიერთმიმართების შესახებ. თუმცა ეს საკითხი მასთან სხვაგვარად, შეფარვით არის ფორმულირებული და გონებისა და ემოციის სფეროებს შორის არსებული გადაულახავი წინააღმდეგობის პრობლემას უკავშირდება. გარკვეული აზრით, განსხვავება მათ საგნებს შორის ისევე ფუნდამენტურია, როგორც განსხვავება კანტის მოძღვრებაში მოცემულ გონებისა და რწმენის საგნებს შორის. რასაც არ უნდა ასახელებდეს რასელი ერთი მხრივ გონების და მეორე მხრივ ემოციის საგნად, მთავარი ის არის რომ მათი მოქმედების სფეროები სრულიად განსხვავებულია. ავტობიოგრაფიაში რასელი წერს – “ის, ვინც ცდილობს შექმნას რელიგიაHჰუმანიზმისა, რომლიც არ სცნობს არაფერს უფრო დიადს ვიდრე ადამიანია, ვერ აკმაყოფილებს ჩემს ემოციებს. მაგრამ ამავე დროს, მე არ შემიძლია ვირწმუნო, რომ ჩემთვის ცნობილ სამყაროში არსებობს რაიმე, რაც შემიძლია დავაფასო – გარდა ადამიანებისა… არა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, არამედ აღმქმელზე მისი ეფექტია სწორედ ბრწყინვალე. აღტაცება სამყაროს ზომების გამო სიბრიყვე და აბსურდია. ზეპიროვნული, ობიექტური ჭეშმარიტება ჩიხში ექცევა. ასე რომ, ჩემი ინტელექტი ჰუმანისტების გვერდით დგას, ემოციები კი პროტესტს აცხადებენ. ამ მიმართებით, “ნუგეში ფილოსოფიისაგან” ჩემთვის უცხოა” (60,19). გონებასა და ემოციას შორის არსებული წინააღმდეგობა რასელისათვის გადაულახავი აღმოჩნდა.
მართალია რასელთან ვერ შეხვდებით პრაქტიკული გონების პრიმატის პრინციპს, მაგრამ ეთიკურის მნიშვნელობას ის ყოველთვის უსვამს ხაზს (ღირებულიბის ფილოსოფიის მნიშვნელობის თვალსაზრისითაც, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ რასელის ფილოსოფიური დოქტრინიდან ყველაზე დიდი გამოხმაურება მისმა ეთიკურმა, რელიგიურმა კონცეფციებმა პოვა). ბუნებისმეცნიერების პრობლემებზე მსჯელობისას რასელი ვარსკვლავებით მოჭედილი ცით უფრო იხიბლება, ვიდრე მორალური კანონით; მაგრამ ეთიკის, მისტიკის საკითხებზე მსჯელობისას კატეგორიულად აცხადებს, რომ ყველაფერში ადამიანის ღირსება, ზნეობრიობა უნდა წამოვწიოთ წინ.
იმის მიუხედავად, რომ რასელი თავის ეთიკურ თეორიაში არ იძლევა კანტის თეორიის უფრო თანმიმდევრულ ანალიზს, შეიძლება ითქვას, რომ ინტერპეტაცია რომელსაც იგი გვთავაზობს არსებითად არ სცილდება კანტის ეთიკის ინტერპრეტაციის საზღვრებს. რასელი ხედავს კანტის ეთიკის აპრიორულობას; განსხვავებას ვალდებულების მიხედვით მოქმედებასა და ვალდებულების გრძნობით მოქმედებას შორის; ასევე იმას, რომ კანტთან შეძლების უნარი ვალდებულების უნარზე მიუთითებს, ხოლო უუნარობა კი – ვალდებულების არარსებობაზე. თუმცა გარკვეული უზუსტობები რასელისეულ ინტერპრეტაციაშიც მოიძებ-ნება. ამავე დროს, კანტის თეორიის მართებულ ინტერპრეტაციასთან ერთად, რასელი კანტის ზოგიერთ მნიშვნელოვან პოზიციასაც იზიარებს.

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
1.ავალიანი ს., მეცნიერული ონტოლოგია, თბ., “ფილოსოფიური ბიბლიოთეკა”, 1994.
2.ბაქრაძე კ., თანამედროვე ამერიკულ-ინგლისური ბურჟუაზიული ფილოსოფია.., თბ., “სახელგამი”, 1955.
3.ბეგიაშვილი ა., თანამედროვე პოზიტივიზმი, თბ., “საბჭოთა საქართველო”, 1961.
4.ბუაჩიძე თ., ჭეშმარიტების ობიექტურობის შესახებ, თბ., “მეცნიერება”, 1964.
5.გოგობერიშვილი ვ., მეტაფიზიკის დაძლევის ცდები თანამედროვე პოზიტივიზმში, თბ., “მეცნიერება”, 1973.
6.გოგობერიშვილი ვ., რწმენისა და ცოდნის გაგების ისტორიიდან, თბ., “მენიერება”, 1973.
7.გოგობერიშვილი ვ., პრაგმატიზმის ფილოსოფია, თბ., “მეცნიერება”, 1979.
8.ერქომაიშვილი ვ., ლოგიკური პოზიტივიზმი, თბ., უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1974.
9.თავაძე გ., ბერტრან რასელის ფილოსოფია – ახალი პერიოდი, თბ., საქართველო, 1969.
10.თევზაძე გ., იმანუელ კანტი, თბ., “სახელმწიფო უნივერსიტეტი”, 1974.
11.თევზაძე გ., კანტი რელიგიის შესახებ / ათეიზმის ფილოსოფიური პრობლემები, თბ., “მეცნიერება”, 1989, გვ. 5-26.
12.თევზაძე გ., XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორია, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2002
13.კანტი ი., რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში, თბ., “განათლება’’ 1989.
14.კანტი ი., წმინდა გონების კრიტიკა, თბ., “სახელმწიფო უნივერსიტეტი”, 1979.
15.რასელი ბ., ფილოსოფიის პრობლემები, თბ., “იოანე პეტრიწი”, 2001.
16.წერეთელი ს., დასაბუთების საწყისი, თბ., მეცნიერებათა აკადემია, 1963.
17.Бегиашвили А., Метод анализа в современной буржуазной философии, Тб., «Институт философии», 1960.
18.Бегиашвили А., Неорозитивизм и экзистенциализм, Тб., «Мецниереба», 1975.
19.Бегиашвили А., Проблема начала познаниа у Э. Гуссерля и Б. Рассела, Тб., «Мециереба», 1969.
20.Богомолов А., Английская буржуазная философия ХХ века, М., «Мысль», 1973.
21.Богомолов А., Буржуазная философия США ХХ века, М., «Мысль», 1974.
22.Виттгенштейн Л., Логико-философский трактат, М., Иностр. лит., 1958.
23.Кант И., Критика практического разума, Собр. соч. в шести томах, М., «Мысль», 1965, т. 4, стр. 311-501.
24.Кант И., Антропология с практической точки зрения, Соб. соч. в шести томах, М., «Мысль», 1966, т.6, стр. 349-588.
25.Кант И., К вечному миру, Соб. соч. в шести томах, М., «Мысль», 1966, т.6, стр. 257-309.
26.Кант И., Метафизические начала естьествознания, Собр. соч. в шести томах, М., «Мысль», 1966, т.6, стр. 53-176.
27.Кант И., O первом оcновании различия сторон в пространстве, Собр. соч. в шеcти томах, М., «Мысль», 1966, т.2, стр. 369-379.
28.Корнеева А., Критика неопозитивистских взглядов на природу познания, М., ВПШ и АOН, 1962.
29.Нарский И., Современный позитивизм, м., Ак. Наук СССР, 1961.
30.Нарский И., Философия Бертрана Рассела, М., МГУ, 1962.
31.Нарский И., Кант, М., «Мысль», 1976.
32.Рассел Б., Почему я не христиаиснин, М., «Политиздат», 1987.
33.Рассел Б., Предисловие к кн. Геллнера «Слова и вещи» / Геллнер Э., Слова и вещи, М., Иностр. лит., 1962.
34.Рассел Б., Словарь разума, материи и морали, Киев, «Part-Royal», 1996.
35.Рассел Б., Человеческое познание: ее сфера и границы, М., Иностр. лит., 1957.
36.Рассел-Эинштейн, Vise Versa, “მაცნე”, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სერია, 1988, 3, გვ. 23-26.
37.Рей А., Современная философия, СПб, Н. П. Карбасников, 1911.
38.Современная буржуазная философия. М., МГУ, 1972.39.
39.Хилл Т., Современные теории познания, М., «Прогресс», 1965.
40.анышев А., Курс лекции по древней и средневековой философии, М., «Высшая школа», 1991.
41.Швырев В. С., Кант и неопозитивистская доктрина научного знания / Философия Канта и современность, Ред. Т. Oйзерман М., «Мысль», 1974, стр. 420-459.
42.Юм Д., Eстьественная история религии, М., Соч. в двух томах, «Мысль», 1965, т. 2, стр. 369-443. 148
43.Юм Д., Трактат о человеческой природе, М., Соч. в двух томах, «Мысль», 1965, т. 1, стр. 87-788.
44.Ayer A., The Central Questions of Philosophy, Pelican Books, 1984.
45.Brightman E. Sh., Russell’s Philosophy of Religion / The Philosophy of Bertrand Russell, ed. P.A. Schillp, N-Y., 1951, pp. 537-556.
46.Buchler J., Russell and the Principles of Ethics / The Philosophy of Bertrand Russell, ed. P.A. Schillp, N-Y., 1951, pp. 511-535.
47.Copleston F., Modern Philosophy / A History of Philosophy, N-Y, 1993, v. IX.
48.Ewing A.C., Kantianizm / Twentieth Century of Philosophy, ed. D. D. Runes, N-Y, 1993, v. IX.
49.Feibleman J., A Reply to Bertrand Russell’s Introduction to the Second Edition of The Principles of Mathematics/ The Philosophy of Bertrand Russell, ed. P.A. Schillp, N-Y. 1951, pp. 155-74.
50.Jaspers K., Kant, From “The Great Philosophers”, ed. Hannah Arendt, 1962.
51.Hook S., Russell’s Philosophy of History / The Philosophy of Bertrand Russell, ed. P.A. Schillp, N-Y.1951, pp. 643-678.
52.Moore G. E., Russell’s “Theory of Descriptions” / The Philosophy of Bertrand Russell, ed. P.A. Schillp, N-Y., 1951, pp. 175-225.
53.Passmore J., A Hundred Years of Philosophy, N-Y., Penguin Books, 1986.
54.Ramendra Nath, The Ethical Philosophy of Bertrand Russell, N-Y., Vantage Press, 1993.
55.Russell B., An Inquiry into Meaning and Truth, L., George Allen & Unwin, 1940.
56.Russell B., History of Western Philosophy, L., George Allen & Unwin, 1947.
57.Russell B., Human Society in Ethics and Politics, N-Y., Routledge, 1992.
58.Russell B., Icarus, or Future of Science, Ed. by Kegan Paul, 1924.
59.Russell B., Logical Atomizm / Contemporary British Philosophy, L., N-Y., 1924, vol., I, pp. 356-383.
60.Russell B., My Mental Development / The Philosophy of Bertrand Russell, ed. P.A., Schillp, N-Y.,1951, pp.3-20.
61.Russell B., My Philosophical Development, N-Y., Simon and Schusser, 1959.
62.Russell B., Mysticism and Logic, L., George Allen & Unwin, 1932.
63.Russell B., New Hopes for a Changing World, L., George Allen & Unwin, 1961.
64.Russell B., Our Knowledge of External World, L., George Allen & Unwin, 1961.
65.Russell B., Philosophy of Logical Atomism / Monist, v. 28, 1918, pp. 495-527.
66.Russell B., Philosophy of The Twentieth Century / Twentieth Century Philosophy, N-Y., ed. D. D. Runes, 1947.
67.Russell B., Principia Mathematica, v. I, with A.N. Whitehead, Cambridge, Cambridge University Press, sec. ed., 1935.
68.Russell B., Principles of Social Reconstruction, L., Routledge, 1997.
69.Russell B., Reply to Criticism / The Philosophy of Bertrand Russell, ed. P.A. Schillp, N-Y. 1951, pp. 681-741.
70.Russell B., The Analysis of Matter, L., Kegan Paul, Trench, Trubner & Co., Ltd, 1927.
71.Russell B., The Analysis of Mind, L., George Allen & Unwin, 1921.
72.Russell B., The Philosophy of Leibniz (with an Appendix of Leading Passages), L. & N-Y., Routledge, 2002.
73.Russell B., The Principles of Mathematics, L., George Allen & Unwin, 1951.
74.Russell B., The Scientific Outlook, L., George Allen & Unwin, 1954.
75.Weitz M., Analysis and the Unity of Russell’s Philosophy / The Philosophy of Bertrand Russell, ed. P.A.Schillp, N-Y., 1951, pp. 55-121
76.Wiener Ph. P., Method in Russell’s Work on Leibniz / The Philosophy of Ber-trand Russell, ed P.A. Schillp, N-Y. 1951, pp. 257-276.
77.Wood A., Russell’s Philosophy / My Philosophical Development, N-Y., Simon and Schusser, 1959, pp. 257-273.

ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინსტიტუტი. 2006 წ.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ბეჭდური არქივი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: