Posted by: burusi | 13/02/2010

პასუხი კითხვაზე “რა შემიძლია ვიცოდე?”

ყალბი სარკე

ბერტრან რასელი – Bertrand Russell (1872-1970)

პასუხი კითხვაზე “რა შემიძლია ვიცოდე?”
ნინო ფიფია – იმანუელ კანტის მოძღვრების ინტერპრეტაცია ბერტრან რასელის ფილოსოფიაში

კითხვებს იმის შესახებ, თუ რა შეგვიძლია ვიცოდეთ, როგორ ვიმეცნებთ და რამდენად ჭეშმარიტია ჩვენი ცოდნა, რასელის ფილოსოფიაში ყოველთვის განმსაზღვრელი ადგილი ეკავა. ლოგიკური ანალიზის უპირველესი მიზანი იყო უეჭველი ცოდნა, როგორც ჩვენი შემეცნების წანამძღვარი. რასელის რწმენით, სწორედ ეს მეთოდი აქცევდა რეალობად მის სურვილს _ მოეძია და დაეფუძნებინა მეცნიერების არსებობის გამამართლებელი საბუთები. მისი აზრით, ახსნა სჭირდებოდა იმას, თუ როგორ ხდება სამყაროს მეცნიერული სურათის შექმნა ინდივიდუალური გამოცდილების გრძნობადი მონაცემებისაგან. საჭირო იყო შემეცნების სფეროს და საზღვრების დადგენა. იმ დამოკიდებულების გარკვევა, რაც ინდივიდუალურ გრძნობად გამოცდილებასა და მეცნიერული ცოდნის შინაარსს შორის არსებობს, რასელმა მხოლოდ ფილოსოფიური ევოლუციის მიწურულს შექმნილი შრომით დაასრულა. “ადამიანური შემეცნება: მისი სფერო და საზღვრები” გნოსეოლოგიაში ლოგიკური ანალიზის მეთოდის გამოყენების შემაჯამებელი შედეგია. ამ ნაშრომით ავტორმა მეცნიერული დასკვნის პოსტულატების დაფუძნება სცადა, ჰიუმის პოზიცია აღადგინა და საბოლოოდ თქვა უარი “წმინდა გონების კრიტიკაში” გადმოცემულ თეორიაზე. რასელმა კანტს სწორედ ამ უკანასკნელის მიერ უარყოფილი ჰიუმის პოზიციიდან გასცა პასუხი: რადგან თვლიდა, რომ კანტისა და ჰეგელის მოძღვრებები ჰიუმამდელი ტიპის რაციონალიზმის რეპრეზენტაციაა და, ამდენად, მათი უარყოფა ჰიუმის არგუმენტებითვეა შესაძლებელი (56,698-699). შეიძლება ითქვას, რომ “ადამიანური შემეცნება” “წმინდა გონების კრიტიკაზე” პასუხად დაიწერა.
რასელის შემეცნების თეორია. შემეცნების სფეროსა და საზღვრების კვლევას რასელი ცოდნის შინაარსსა და შემეცნების პროცესში სუბიექტივიზმის პრობლემის ანალიზით იწყებს. სამყაროს მეცნიერულ სურათში, ანუ იმაში “რაც ვიცით” სუბიექტივიზმი ნაკლია, წერს იგი. ადამიანის შემეცნებითი უნარების ერთგვარი შედეგის, ანუ ცნებების განვრცობა მთელს სამყაროზე და ამ უკანასკ-ნელის “ცენტრად” ადამიანის მოაზრება უხეში შეცდომაა. მეცნიე-რებამ, რომლის არსებობა ფაქტია, სამყაროს ობიექტური სურათი უნდა გადმოსცეს. მაგრამ სამყაროს სურათის აგების, ანუ შემეცნების პროცესში სუბიექტივიზმი სავსებით კანონზომიერია, ამბობს რასელი. შემეცნება, წერს იგი, ინდივიდუალური გრძნობადი გამოცდილების კოლექტიურ გრძნობად გამოცდილებამდე, მეცნიერულ ცოდნამდე ამაღლების პროცესია. ინდივიდუალური გამოცდილების გრძნობადი მონაცემი, რომელიც შემეცნების ათვლის წერტილს წარმოადგენს და მისი ყველაზე უტყუარი წყაროა, თავისი ბუნებით ფსიქოლოგიური და სუბიექტურია. ყველა ჩვენი დასკვნა საბოლოო ჯამში ამ მონაცემს ეყრდნობა. მაგრამ ის, რაც შეგრძნებაში გვეძლევა სრულიადაც არ ჰგავს ამ მონაცემის გამომწვევ მიზეზებს (მაგალითად, ფერი _ სინათლის ტალღას). მიზეზის არსებობაზე მარტო საღი აზრი მიგვითითებს. რასელის თანახმად, საღი აზრის გაუთვალისწინებლობა სოლიფსიზმის, ანუ ფსიქოლოგიურად გაუმართლე-ბელი პოზიციის ტოლფასია. თუმცა, საღი აზრის მიუხედავად, დაბეჯითებით მაინც ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი შეგრძნებების (ფსიქი-კური მოვლენის) მიზეზი მაინცა და მაინც მატერიალური (ფიზიკური) რამ არის. რასელის აზრით, უფრო მართებული იქნებოდა გვეფიქრა, რომ სამყაროს, რომელიც შეგრძნებებისაგან დამოუკიდებლად არსებობს, შესაძლოა მსგავსი ან ისეთივე სტრუქტურა აქვს, როგორიც ჩვენი შეგრძნებების სამყაროს (აქ რასელი ისევ განასხვავებს ობიექტს და შეგრძნებას). შეგრძნების, ანუ ფსიქიკური მოვლენის და მისი თვისებების შესახებ დასკვნის გარეშე, უშუალოდ ვიცით. ხოლო ფიზიკური მოვლენის შესახებ ცოდნას მარტო დასკვნით ვღებულობთ (რასელისათვის სამყარო, რომელშიც ჩვენ გვგონია რომ ვცხოვრობთ, ნაწილობრივ მეცნიერული, ნაწილობირვ მეცნიერებამდელი კონსტრუქციაა). მაგრამ ჩვენ შეგვი-ძლია შევიმეცნოთ ფიზიკური მოვლენის მხოლოდ სივრცე-დროითი სტრუქტურა და არა თვისება. რასელის აზრით, არ არსებობს არც ერთიანი სივრცე-დროითი სტრუქტურა და არც აბსოლუტური სივრცე და დრო. ინდივიდუალურ გამოცდილებაში საქმე გვაქვს სუბიექტურ, პერცეპტუალურ სივრცესთან და სუბიექტურ, პერცეპ-ტუალურ, მეხსიერების დროსთან, რომლებიც სუბიექტური სამყაროს წესრიგს ქმნიან. ფიზიკური სამყაროს წესრიგს კი ფიზიკური, ობიექტური სივრცე და ისტორიის, ობიექტური დრო ქმნის. თავისებურებებით, არც ერთი მათგანი არ ემთხვევა ერთმანეთს. “სუბიექტურ დროში აღქმები წარსულს ეკუთვნის. ობიექტურ დროში მათ აწმყოში აქვს ადგილი. მსგავსად ამისა, ჩემ მიერ აღწერილი მაგიდა სუბიექტურ სივრცეში “იქ”, ფიზიკურ სივრცეში კი “აქ” მდებარეობს” (35,257). (რასელის აზრით, ფიზიკური სივრცე ლოგიკური კონსტრუქციაა. ობიექტური დრო კი, გარდა იმისა რომ ფიზიკურ ობიექტებს მიეწერებათ, ფსიქიკურ მოვლენებთანაცაა კავშირში და მხოლოდ ობიექტებთან მიმართებაში შეიძლება კონ-სტრუქციებად ჩაითვალოს). მსგავსება ფიზიკურ და სუბიექტურ სამყაროებს შორის მხოლოდ სტრუქტურის თვალსაზრისით შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, პერცეპტუალურ, სუბიექტურ სივრცეში მზე მრგვალია. “სიმრგვალე” სტრუქტურასთანაა კავშირში. აქედან ვასკვნით, რომ მზე მრგვალია ფიზიკურ სივრცეშიც. მაგრამ ისეთ არასტრუქტურულ თვისებაზე, როგორიცაა “სიკაშკაშე” ამას ვერ ვიტყვით. ფიზიკური სამყაროს არასტრუქტურულ თვისებებზე დაბეჯითებით ვერც იმას ვიტყვით, განსხვავდებიან თუ არა ისინი იმ თვისებებისაგან, რომლებსაც ფსიქიკურ მოვლენებს მივაკუთვნებთ (იქვე, 265). ასეთ ვითარებაში, ცხადია, ძნელია ისაუბრო მიზეზობრივ დამოკიდებულებაზე. რასელი უარყოფს მიზეზობრიობის ტრადიციულ გაგებას. ჰიუმის მსგავსად, იგი თვლის, რომ ჩვენ ვიცით მხოლოდ “ამის შემდეგ” და არა “ამის გამო”. მიზეზი არ გვეძლევა გრძნობად გამოცდილებაში. უკანასკნელი მხოლოდ შეგრძნებათა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მაგრამ არსებობს პრინციპი, რომლის მიხედვითაც, თუკი არსებობს საკმარისი მონაცემი სივრცე-დროის რაღაც ერთ გარკვეულ მონაკვეთთან დაკავშირებით, მაშინ სავსებით შესაძლებლია გაკეთდეს დასკვნა სივრცე-დროის რომელიღაც გარკვეული სხვა მონაცემის შეს-ახებაც. რასელის თანახმად, სწორედ ეს არის “მიზეზობრიობის კანონი” (მისი აზრით, ალბათობა, რომელიც ასეთ შემთხვევაში დასკვნას გააჩნია და რომელიც ნახევარზე მნიშვნელოვნად მეტი უნდა იყოს, ხელს არ უშლის პრინციპს იმაში, რომ ეს უკანასკნელი კანონად იწოდებოდეს). შეგრძნებათა მიმართ დასკვნების გამოყ-ვანისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რწმენა-შეხედულებას, მოლოდინს, დარწმუნებულობას. (“რწმენა” (belief), რასელის გან-მარტებით, დიდი გვარეობითი ტერმინია და გულისხმობს სახეებს: (1) ცხოველთათვის დამახასიათებელ, ანიმალურ დასკვნებს; (2) მოგონებას; (3) მოლოდინის გრძნობას; (4) დამოწმების საფუძველზე წარმოშობილ რწმენას: როცა გჯერა იმის არსებობა, რაც სხვა ადამიანის უშუალო მონაცემია; და (5) “გაცნობიერებულ დასკვნათაგან მომდინარე რწმენას”. თუმცა არც სხვა სახის რწმენა-შეხედულების შესაძლებლობაა გამორიცხული (იქვე, 179)). რასელის თეორიის თანახმად, რწმენა (belief) გულუბრყვილოა თუკი უბრალოდ გვჯერა რაიმესი ან რაიმეს მოველით (ამგვარი რწმენა-მოლოდინი ცხოველებსაც ახასიათებთ). ეს რწმენა შემეცნების ყველაზე დაბალი საფეხურია. რწმენა-მოლოდინი არის ინტელექტამ-დელი მდგომარეობა, რომელსაც რაიმე მოვლენის ხშირი განმეორებით ჩამოყალიბებული მოლოდინის ჩვევა წარმოშობს. რწმენის უფრო სრულყოფილ სახეს და შემეცნების უმაღლეს საფეხურს მეცნიერული რწმენა, დარწმუნებულობა წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს რწმენა, დარწმუნებულობა იმისა, რომ არსებობს მეტნაკლებად მდგრადი რაიმე საგანი, მოვლენა. რასელის აზრით, ამგვარი რწმენის გამართლება, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია, შემეცნების თეორიის საქმეა (იქვე, 350). ზოგჯერ რწმენა-მოლოდინი, დარწმუნებულობა შეგრძნების არასწორ ინტერპრეტაციას იძლევა. დარწმუნებულობის ჭეშმარიტობა-მცდარობა დამოკიდებულია ფაქტ-ვერიფიკატორზე (verifier). თუ არსებობს ფაქტი, რომელიც გაამართლებს ამგვარ რწმენას, მაშინ ეს უკანასკნელი ჭეშმარიტია. წი-ნააღმდეგ შემთხვევაში – მცდარი. ცოდნა ჭეშმარიტი რწმენა-დარწმუნებულობაა. მაგრამ ჭეშმარიტება, რომელსაც ასეთმა რწმენამ შეიძლება მიაღწიოს არასოდესაა აბსოლუტური. ასეთი ჭეშმარიტება არც არსებობს. ის, რასაც რწმენა, დარწმუნებულობა წვდება, რასელის აზრით, არის “ჭეშმარიტების მაგვარობა” (plausibility), სავარაუდო ჭეშ-მარიტება (რომლის ყველაზე მაღალ ხარისხს შეგრძნებები ფლობენ). მეცნიერება, რასელის თანახმად, ცდილობს მეცნიერული რწმენის ხარისხი დაამთხვიოს “ჭეშმარიტების მაგვარობის”, ანუ ჩვეულებრივი აზრით გაგებული ალბათობის მაღალ ხარისხს. მსჯელობას ალბათურ ხასიათს სძენს ინდუქციური დასკვნა. მეცნიერული მეთოდის თვალსაზრისით, ინდუქციური დასკვნა ახალი ცოდნის მისაღებადაა საჭირო. მაგრამ როგორც ლოგიკური პრინციპი, ეს დასკვნა მცდარი და არასაკმარისია. გამოსავალს რასელი ინდუქციურ განზოგადებათა გამართლებისათვის აუცილებელ მეცნიერული დასკვნის პოსტულატების დაფუძნებაში ხედავს. მისი აზრით, ამ პრინციპების შემეცნება არსებობს იმ დასკვნებისადმი მიდრეკილების ფორმით, რომლებსაც ეს პრინციპები ამართლებენ. მათ შესახებ “ცოდნა” იმაშიც ვლინდება, რომ როცა ვიყენებთ გამოცდილებას, რათა დავრწმუნდეთ ისეთი ტიპის უნივერსალური გამოთქმების ჭეშმარიტებაში, როგორიცაა “ძაღლები ყეფენ”, განზოგადებას სწორედ მეცნიერული დასკვნის პრინციპების თანახმად ვახდენთ (იქვე, 540).

რასელის თქმით, მიდრეკილებებს რაღაც დასკვნებისადმი, გარკვეული აზრით, ცხოველებშიც ვხვდებით. “ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, თუ სახელდობრ რომელ პუნქტში გადავდივართ ცხოველთა უბრალო ყოფაქცევის სფეროდან იმ სფეროში, რომელიც თავისი დამსახურების მიხედვით “შემეცნების” სახელითაა ცნობილი” (იქვე, 178). ცხოველი, რომელიც განიცდის A-ს, ელოდება B-ს. ცნობიერების განვითარების იმ ეტაპზე, როცა იდგმება პირველი ნაბიჯები მეცნიერების მიმართულებით, ადამიანი ყოველ მოლოდინს განაზოგადებს მტკიცებაში “A არის B-ს მიზეზი”. რასელის შეხედულებით, ადამიანის ინტელექტუალურ განვითარებასთან ერთად, ამგვარი დასკვნებისადმი ჩვევა-მიდრეკილება სულ უფრო მეტად უახლოვდება და ეთანხმება ბუნების კანონებს, რომელმაც ეს ჩვევა ხშირ შემთხვევაში ჭეშმარიტი, ანუ გამოცდილებაში დადასტურებული მოლოდინის წყაროდ უფრო აქცია, ვიდრე მცდარი მოლოდინისა.
თითოეული პოსტულატი, როგორც რასელი განმარტავს, გამოცდილებიდან განზოგადების შედეგია, ანუ მათი შინაარსი უკვე გრძნობად გამოცდილებაში უნდა არსებობდეს. ამ გაგებით, პოსტუ-ლატები გამოცდილების საზღვრებს არ სცილდება. ამავე დროს, პოსტულატები ყოველგვარ გრძნობად გამოცდილებამდე გვაქვს, როგორც საფუძველი რაღაც ისეთის არსებობაში დარწმუნებულობისა, რაც გრძნობად გამოცდილებაში არ გვეძლევა. პოსტულატები არც დედუქციურია (რადგან დედუქცია ახალ ცოდნას არ იძლევა). რასელი ასახელებს ხუთ პოსტულატს. ყოველ მათგანს თავისი ფუნქცია აქვს. (I) “კვაზიმუდმივობის პოსტულატი” წინასწარ ქმნის რწმენა-ალბათობას ხდომილებათა განუწყვეტელობის არსებობასთან დაკავშირებით. “ხდომილებათა თანმიმდევრობის” ცნება ცვლის საღი აზრის “საგნის” და ტრადიციული მეტაფიზიკის “სუბსტანციის” ცნებებს. “თუ მოცემულია რაიმე A მოვლენა, მაშინ ხშირად ხდება, რომ დროის რომელიმე უახლოეს მონაკვეთში და უახლოეს ადგილას სახეზეა მოვლენა, რომელიც ძალიან ჰგავს A-ს”. ამ პოსტულატის თანახმად, მაგალითად, “მზე” არის “მოვლენათა, ხდომილებათა თანმიმდევრობა”. (II) “დამოუკიდებელი მიზეზობრივი ხაზების პოს-ტულატის” მიხედვით კი შეგრძნებათა გამომწვევია არა “მიზეზი” ან “სუბსტანცია”, არამედ მოვლენათა გარკვეული თანმიმდევრობა, “მიზეზობრივი ხაზები”. “ხშირად შესაძლებელია მოვლენათა ისეთი თანმიმდევრობა, როცა ამ თანმიმდევრობის ერთი ან ორი წევრიდან შეგვიძლია გამოვიყვანოთ ისეთი რამ, რაც ყველა სხვა წევრსაც მიეკუთვნება”. მაგალითად, როცა ვუყურებთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, გვიჩნდება მხედველობის შეგრძნებები, რომელთაც მივაწერთ უთვალავ ვარსკვლავს, როგორც ამ შეგრძნებების მიზეზებს. (III) “მიზეზობრივ ხაზებში სივრცე-დროითი განუწყვეტელობის პოს-ტულატი” უარყოფს მანძილზე მოქმედებას და სარწმუნოს ხდის ფიზიკურ ობიექტთა არსებობას მაშინაც, როცა მათ არ აღვიქვამთ. “როცა ორ მოვლენას შორის მიზეზობრივი კავშირია და როცა ეს მოვლენები უშუალოდ ერთმანეთის გვრდით არ იმყოფება, მაშინ მიზეზობრივ ჯაჭვში უნდა არსებობდეს ისეთი შუალედური რგოლები, რომელთაგანაც თითოეული მომდევნოსთან უშუალოდ გვრდით ან ისეთ დამოკიდებულებაში უნდა იყოს, რომ მივიღოთ ერთი განუწყვეტელი პროცესი მათემატიკური გაგებით”. მაგალითად, ვიცით, რომ მოსაუბრეებს შორის არსებობს შუალედური რგოლები ბგერათა ტალღების სახით. (IV) “სტრუქტურული პოსტულატი” უზრუნველყოფს ალბათურ დასკვნებს მიზეზობრივ კავშირთა შესახებ: საალბათოა, რომ ერთნაირი სტრუქტურის მქონე ხდომილობებს საერთო მიზეზები ჰქონდეს. “როცა სტრუქტურულად მსგავსი მოვლენების კომპლექსების რაღაც რაოდენობა ცენტრიდან შედარებით ახლოს განლაგდება, ჩვეულებრივ ყველა ეს კომპლექსი იმ მიზეზობრივ ხაზებს მიეკუთვნება, რომლებსაც თავიანთი წყარო იმავე სტრუქტურულ მოვლენებში აქვთ, რომლებიც ცენტრშია განლაგებული”. ვთქვათ, რაღაც ობიექტს მრავალი ადამიანი აკვირდება და მრავალი ფოტოკამერა აფიქსირებს. ჩვენ შეგვიძლია მხედველობითი აღქმები და ფოტოები პერსპექტივის კანონის მიხედვით დავალაგოთ და განვსაზღვროთ თავად ობიექტის (მიზეზის) ადგილმდებარეობაც. (V) “ანალოგიის პოსტულატი” სხვა ადამიანთა შეგრძნებების, გრძნობების, აზრების შესახებ დასკვნათა გამოტანის საშუალებას იძლევა. “თუ მოცემულია მოვლენათა ორი, A და B კლასი და თუ გვაქვს საფუძველი ვირწმუნოთ, რომ A B-ს მიზეზია, მაშინ A-ზე დაკვირვებისას, თუნდაც B-ზე დაკვირვება არ მოხერხდეს, ალბათობიდან გამომდინარე ვიტყვით, რომ რადგან A B-ს მიზეზია, B არსებობს მაშინაც კი, როცა მისი სახეზე ყოფნა არ დგინდება”. ანალოგიის პოსტულატი სანდოს ხდის სხვა ადამიანების არსებობასაც (იქვე, 522-526).
პოსტულატებს თავისებურებებიც გააჩნია. ყოველ პოსტულატს, რასელის აზრით, ობიექტური და სუბიექტური ასპექტი აქვს. ობიექტურად პოსტულატი ადგენს, რომ რაღაც მიმდინარეობს ხშირად, თუმცა არა მუდამ. სუბიექტურად კი იმას, რომ მოლოდინი, დარწმუნებულობა, რომელიც არ არის სრული, გარკვეულ ვითარებაში, “ჭეშმარიტების მაგვარობის” უმაღლეს ხარისხს ფლობს. საღი აზრის პოზიციიდან პოსტულატები არანაირ დავას არ იწვევს. არც მათი მცდარობის რაიმე დამადასტურებელი საბუთი არსებობს. თითოეული მათგანი შინაგანი წინააღმდეგობებისაგან თავისუფალი, ცხადი და თვითკმარია; ამასთანავე, ლოგიკურად აუცილებელიცაა და გამოცდილებაშიც დასტურდება. რასელი იმედოვნებს, რომ მეცნიერების არსებობას ამგვარი პრინციპები გაამართლებენ. მაგრამ ამ “გამართლების” შემდგომაც საბოლოო ცოდნას აქვს არა აუცილებელი, არამედ მხოლოდ ალბათური ხასიათი. ჭეშმარიტების კრიტერიუმი, რასელის თანახმად, არის მეცნიერული დასკვნის პოსტულატებითა და ფორმალური ლოგიკით განმტკიცებული, ადამიანის სუბიექტური რწმენა-დარწმუნებულობა (მისი აზრით, როცა წანამძღვრები ჭეშმარიტია, ხოლო მსჯელობის პროცესი სწორი, დასკვნა მაინც მხოლოდ საალბათოა (იქვე, 371)). მეცნიერება ცდილობს ამგვარი რწმენის ხარისხი “ჭეშმარიტების მაგვარობის” უმაღლეს ხარისხს დაამთხვიოს. ამიტომ ცოდნა რწმენაა, დარწმუნებულობაა; ხოლო “მთელი ადამიანური შემეცნება საეჭვო, არაზუსტი და ნაკლოვანია”, წერს რასელი (იქვე, 540).
როგორც პასმორი ამბობს, “ადამიანური შემეცნების” ეს დასკვნა საკმაოდ შორსაა “ფილოსოფიის პრობლემების” ოპტიმიზმისაგან (53,239). 1912 წელს რასელს შემეცნების უეჭველი, უცილობელი წანამძღვრის პოვნის იმედი ჰქონდა. მაგრამ მოგვიანებით იმ დებულებების ჭეშმარიტება ირწმუნა, რომელმაც მის იმედებს საფუძველი გამოაცალა. “ადამიანურ შემეცნებას”, როგორც მისი ავტორი ამბობს, წინ უსწრებდა ექვსი მნიშვნელოვანი წანამძღვარი. ჯერ კიდევ 1948 წლამდე, რასელი იმის აღიარებამდე მივიდა, რომ (1) ბიჰევიორიზმი, თუკი საკუთარი კვლევის საზღვრებს არ სცილდება, მისაღებია. რასელმა შემეცნების პროცესი ფსიქოლოგიის სფეროდ გამოაცხადა. ერთ-ერთი დებულების თანახმად, (2) შესაძლებლად ცხადდებოდა მიზეზობრივი კანონების დაყვანა ფიზიკის ენაზე (თუმცა არა იქ, სადაც “რთულ” მატერიაზეა საუბარი). შედეგად: მეცნიერული დასკვნის პოსტულატებში რასელმა “მიზეზობრივი ხაზების” ცნება შემოიტანა. ორი წანამძღვარი ეხებოდა ცოდნას იმის შესახებ, რაც გამოცდილებაში არ გვეძლევა. რასელი უშვებდა, რომ (3) არსებობს რაღაც ცოდნა იმის თაობაზე, რაც უშუალო გამოცდილებაში არ მოგვეცემა. ამასთან, ის ფიქრობდა, რომ (4) სამყაროში არსებულის შესახებ ცოდნა, თუკი უკანასკნელი მარტო უშუალო აღქმის ან მეხსიერების გზით ცნობილ ფაქტებს არ გულისხმობს, ისეთი წანამძღვრებისაგან უნდა მომდინარეობდეს, რომელიც საბოლოოდ მაინც პერცეფციასა და მეხსიერებას ეყრდნობა. რაიმეს არსებობის დამამტკიცებელი სრულიად აპრიორი მეთოდის არსებობა რასელმა ეჭვქვეშ დააყენა. მაგრამ თვლიდა, რომ არსებობს შესაძლო დასკვნის ფორმები, რომლებიც უნდა მივიღოთ, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილებით მათი დამტკიცება შეუძლებელია (61,132). “ადამიანურ შემეცნებაში” მეცნიერული დასკვნის პოსტულატების დაფუძნება წმინდა ემპირიზმზე უარის თქმისა და ვერიფიკაციის მეთოდის არასაკმარის მეთოდად გა-მოცხადების საბოლოო შედეგი იყო. ამ გამოკვლევაში რასელმა ის შეხედულებებიც განავრცო, რომლის თანახმადაც (5) ლოგიკისა და მათემატიკის გარდა, სხვა არცერთი მეცნიერება ფლობს ჭეშმარიტების მტკიცების შანსსაც კი; ხოლო, რწმენა-შეხედულებას და შემეცნებას მეტყველებამდელი ფორმა აქვს. აქედან გამომდინარე, “ადამიანურ შემეცნებაში” სამყაროს მეცნიერული სურათი შეფასდა როგორც “საეჭვო”, “ნაკლოვანი”; ხოლო “შემეცნება” გაუგებარ ტერმინად გამოცხადდა. ამასთან, რასელის აზრით, ყოველი დასკვნა გამართლებული იყო როგორც მხოლოდ ანალიზის მეთოდით კვლევის შედეგი. რადგან იგი მიიჩნევდა, რომ (6) ფილოსოფიური მეთოდი ანალიზის მეთოდი უნდა ყოფილიყო (იქვე, 134).
სწორედ ანალიტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ის იმედები, რასაც “ადამიანური შემეცნების” ავტორი მეცნიერებაზე ამყარებდა მნიშვნელოვანწილად უსაფუძვლო იყო. ძნელია დაეთანხმო რუსი მკვლევარის, ა. კორნეევას აზრს, რომ თითქოს რასელმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის რათა მეცნიერულ თეორიათა ჰიპოთეზურობა, არაჭეშმარიტება, სუბიექტურობა ეჩვენებინა (28,107), რათა მეცნიე-რების მიმართ არსებული ნდობა შეერყია. მეცნიერული თეორიის გა-მოცხადება ჰიპოთეზად იმას როდი ნიშნავდა, რომ რასელს მეცნიერებათა “გაუფასურება” ჰქონდა განზრახული. პირიქით, მისი ერთ-ერთი თავდაპირველი, მთავარი მიზანი მეცნიერული ცოდნის გამართლება იყო. სხვა საკითხია, რომ კვლევის შედეგი მართლაც არაოპტიმისტური აღმოჩნდა. ვუდის აზრით, “რასელი ერთ-ერთი იმ მცირეთაგანია, ვინც საკმარისი პირდაპირობითა და გულახდილობით მიიღო მსგავსი ფილოსოფიური დამარცხება” (77,264). ამის მიზეზი შესაძლოა ისიცაა, რომ რასელი “ადამიანურ შემეცნებაში” საბოლოოდ აღადგენდა ნეოპოზიტივისტური სკოლისათვის ავტორიტეტული ჰიუმის პოზიციას (სხვა თუ არაფერი, როგორც პასმორი წერს, რასელის მეცნიერული დასკვნის პოსტულატები ძალიან ჰგავს ჰიუმის “ასოციაციის კანონებს” (53,239)). ჰიუმის სკეპტიციზმი კი პირველ რიგში ბუნებისმეცნიერებას დაატყდა თავს. ამგვარად, რასელს ისტორიული გამოცდილებაც უმაგრებდა ზურგს, რათა ზემოთხსენებული წარუმატებლობა დაუფარავად ეღიარებინა. თუმცა ცხადია, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ ასეთ დასკვნამდე იგი სწორედ მის მიერ არჩეული კვლევის მეთოდის თანმიმდევრულმა განხორციელებამ მიიყვანა. ანალიზის მეთოდის დახმარებით “უტევდა” რასელი კანტის მოძღვრებასაც.
§2. რასელის მიერ კანტის კრიტიკა. ფილოსოფიაში შემეცნების თეორიის მნიშვნელობის ცხადყოფის გარდა, ყველაზე საგულისხმო და ღირშესანიშნავი რამ, რაც რასელმა კანტის ფილოსოფიაში დაინახა იყო იმგვარი აპრიორული ცოდნის დაშვება, რომელიც არ არის წმინდა ანალიზური (ანუ ისეთი, რომლის საპირისპიროც შინაგანად წინააღმდეგობრივია). მიუხედავად ამისა, კანტის მეთოდით აპრიორული ცოდნის ახსნის მცდელობას რასელი არ ეთანხმება (15,88). ეს პოზიცია მის მიერ ტრანსცენდენტალური ესთეტიკის კრიტიკაშიც გამოიკვეთა.
რასელის აზრით, ტრანსცენდენტალური ესთეტიკა საფუძველს მოკლებულია როგორც ლოგიკის და ფიზიკის, ასევე გნოსეოლოგიური თვალსაზრისითაც. ლოგიკური პრობლემის წარ-მოშობა კანტის ამ მოძღვრებაში არაევკლიდურ გეომეტრიებს უკავშირდება. არაევკლიდურმა გეომეტრიამ საფუძველი გამოაცალა ტრანსცენდენტალური ესთეტიკის არგუმენტებს, წერს რასელი (64,360). გეომეტრიის ლოგიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ არსებობს რაღაც ტიპები სივრცეებისა, რომლებიც განისაზღვრება არა აქსიომებით, როგორც ევკლიდურ გეომეტრიაშია, არამედ მიმართებათა კლასების აბსტრაქტული ლოგიკური თვისებების საშუალებით. ამის შემდეგ, ლოგიკური ანალიზის მეთოდი სივრცისა და დროის თეორიას ფიზიკის კუთხით იკვლევს: ფიზიკურ სივრცეში უნდა მოიძებნოს ან ფიზიკური მასალისაგან უნდა აიგოს ლოგიკური ანალიზის შედეგად ჩამოთვლილ სივრცეთაგან ერთ-ერთი. კანტის თეორიის ფარგლებში ეს შეუძლებელია. რასელი წერს, რომ აბსტრაქტული ლოგიკური სივრცისა და დროის თვისებები არ ემთხვევა იმას, რაც სამყაროს სივრცესა და დროშია. აბსტრაქტული გეომეტრიის “წერტილი” განსხვავდება გრძნობადი მონაცემისაგან. ხოლო ფიზიკის “წერტილების” ინტერპრეტაცია გრძნობად მონაცემთა ენაზე, რასელის თანახმად, სავსებით შესაძლებელია. მაგალითად, “წერტილი” არის ლოგიკური კონსტრუქცია, რომელიც აიგება გრძნობადი მონაცემისა და მისი “ჰიპოტეზური დანამატის” საშუ-ალებით. ამით მეცნიერულ ფილოსოფიაში შემოდის “ლოგიკური კონსტრუქციის” ცნება, რომელმაც “საგანი”, “სუბსტანცია” უნდა შეცვალოს. ბოლოს კი, ლოგიკური ანალიზის მეთოდი კანტის მოძღვრებას გნოსეოლოგიური კუთხით მიეყენება. რასელის აზრით, ჩვენი ცოდნა წმინდა გეომეტრიისა არის a priori და მთლიანად ლოგიკური (ანალიზური). ხოლო ჩვენი შემეცნება ფიზიკური გეომეტრიისა სინთეზურია, მაგრამ არა a priori. წმინდა გეომეტრიას ჰიპოთეზურ ცოდნასთან აქვს საქმე და არ იძლევა საშუალებას ვამტკიცოთ, რომ ჰიპოთეზა ზუსტად ვერიფიცირდება. რასელის აზრით, თუკი “სინთეზური” ნიშნავს “არა მხოლოდ ლოგიკიდან გამოყვანილს”, მაშინ გეომეტრიასთან კავშირში, სინთეზურ-აპრიორული ცოდნა შეუძლებელია. გრძნობად-გამოცდილებისეული ვერ იქნება აპრიორული. კანტის შეხედულება, რომ გეომეტრიის პრინციპები ინტუიციის გზით მიიღება, ლოგიკურად უდავოა. რასელის აზრით, ლოგიკურად სწორია აბსოლუტური სივრცის ჰი-პოთეზაც, რომელიც კანტმა ნიუტონის გავლენით მიიღო. მაგრამ მას შემდეგ, რაც მეცნიერულმა მონაცემებმა სივრცის აბსოლუტურობის აღიარების უსაფუძვლობა დაადასტურა, ეს ჰიპოთეზა ზედმეტად იქნა მიჩნეული და “ოკამის სამართებლით” მოიხსნა (62,114-119). (ნი-უტონის “აბსოლუტური” დრო იმიტომ კი არაა მიუღებელი, რომ არადაკვირვებადია, არამედ იმიტომ, რომ ფიზიკის ინტერპრეტაცია მის გარეშეც სავსებით შესაძლებელია (35,310)). რასელი ამბობს, რომ მართალია ჩვენ არ შეგვიძლია უარვყოთ კანტის თეორია აპრიორული ინტუიციის შესახებ, მაგრამ შეგვიძლია ერთიმეორის მი-ყოლებით უარვყოთ მისი ლოგიკური, ფიზიკური და გნოსეოლოგი-ური საფუძვლები (62,120).
რასელის მიერ კანტის “ტრანსცენდენტალური ფილოსოფიის” კრიტიკას, რასაკვირველია, თავისი თეორიული საფუძვლები აქვს. სინთეზურ-აპრიორული მსჯელობების უარყოფა ნეოპოზიტივისტური გნოსეოლოგიის ერთ-ერთ მთავარ წანამძღვარს წარმოადგენს და ლაიბნიცის, განსაკუთრებით ჰიუმის პოზიციის რესტავრაციის შედეგია. ნეოპოზიტივიზმი უარყოფს “მჭვრეტელობითი აპრიორის” ცნებას; ის არც კანტის იმ შენიშვნას ეთანხმება რომლის თანახმადაც, აპრიორულ-სინთეზური მსჯელობები აპრიორული ცნებებისა და აპრიორული გრძნობადი ჭვრეტისაგან აიგებიან და მათში არაფერია ემპირიული. ამასთან, ნეოპოზიტივიზმი აცხადებს, რომ ბუნებისმეცნიერების ცოდნის აპრიორული დაფუძნება საერთოდ წარუმატებელი წამოწყებაა. როგორც გ. თევზაძე წერს, პოზიტივიზმისა და პრაგმატიზმისათვის კანტის შემეცნების თეორია მისაღები იყო მხოლოდ და მხოლოდ აპრიორული ფორმისა და ტრანსცენდენტალური სუბიექტის გარეშე (12,452). ეს პოზიცია რასელისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. კანტის “აპრიორი” _ “მჭვრეტელობითი აპრიორი”, “წმინდა აპრიორი” _ რასელმა ამ ცნების არასწორ ინტერპრეტაციაზე დაყრდნობით უარყო (წარმოდგენა და ჭვრეტა კონკრეტულ გრძნობად სახეს გულისხმობს. გრძნობადი მიმართება კი შეუძლებელია აპრიორული, გრძნობად გამოცდილებამდელი ხასიათისა იყოს). თავდაპირველად, ნეორეალისტურ პერიოდში “აპრიორი” მისთვის უნივერსალიების შემეცნების ფორმაა. რასელი ფიქრობს, რომ კანტი უმართებულოდ ზღუდავს აპრიორული დებულებების სფეროს, როცა მათ ჩვენს ბუნებას, მხოლოდ მენტალობას უკავშირებს. ვინაიდან, ჯერ ერთი, ჩვენი ბუნების შეცვლის შესაძლებლობა ძირეულად არღვევს არითმეტიკული დებულებების უეჭველობასა და აუცილებლობას. მეორეც, რასელის აზრით, აპრიორული ცოდნა, თუ ის მცდარი არაა, გამოიყენება როგორც მენტალურის, ასევე არამენტალურის მიმართ. აპრიორული ცოდნა მიმართებებისა და თვისებების ცოდნაა (15,92-94). შემდგომ, ადრინდელ ნეოპოზიტივისტურ პერიოდში რასელი “აპრიორის” და “ფიქტიურის” ცნებებს აახლოვებს ერთმანეთთან: “აპრიორი” უბრალოდ გამოცდილებამდელს, ლოგიკურს ნიშნავს. მაგრამ “აპრიორის” ამ ორ, რასელისეულ მნიშვნელობას არაფერი აქვს საერთო კანტთან. “აპრიორის” ტრადიციულმა მნიშვნელობამ მხოლოდ “აპრიორულ-ანალიზურის” ცნება გახადა შესაძლებელი; მაშინ როცა, კანტი “სინთეზურ-აპრიორიზე” საუბრობდა. მოგვიანებით, “ადამიანურ შემეცნებაში” რასელი აფუძნებს იმგვარ აპრიორულ პრინციპებს, რომელთა შესახებ ვერაფრით ვიტყვით, რომ ისინი ანალიზურია.
რასელის შეხედულება, რომ ტრანსცენდენტალური ესთეტიკის საფუძველს ნიუტონის ფიზიკა წარმოადგენს, გარკვეული აზრით, არასწორია. ცნობილია, რომ კანტი ნიუტონის არასწორ ინტერპრეტაციას იძლევა. ნიუტონისათვის სივრცის და დროის აბსოლუტურობა ნიშნავს დამოუკიდებელ არსებობას; იმას, რომ მათ წიაღში არსებობს ნივთები თავისთავად და არა მოვლენები. კან-ტისათვის კი მხოლოდ მოვლენებია სივრცისა და დროის მნიშვნელობის ასპარეზი. ამიტომ ამ აზრით, რასელი ცდება, როცა იმოწმებს ვაინინგერს, რომლის თანახმად, კანტის სივრცე და დრო არა მხოლოდ მიმართებათა სისტემაა, არამედ, ნიუტონის სივრცის მსგავსად, აბსოლუტურიც, ანუ დამოუკიდებლად არსებული (56,742).
ტრანსცენდენტალურ ესთეტიკასთან დაკავშირებით რასელი სწორ დასკვნებსაც აკეთებს. არაევკლიდური გეომეტრიების არსებობამ, ფარდობითობის თეორიამ მართლაც დაადასტურა გეომეტრიის აპრიორულობის, სივრცისა და დროის აბსოლუტურობის უსაფუძვლობა. ნეოპოზიტივიზმი არ შემცდარა, როცა კანტს იმის გამო უსაყვედურა, რომ ამ უკანასკნელმა მისი თანამედროვე მეცნიერული ცოდნის ძირითადი დებულებები საერთოდ ყოველგვარი მეცნიერების აუცილებელ და ერთადერთ შესაძლო ამოსავალ პრინციპებად გამოაცხადა. თუმცა, ნარსკის აზრით, არაევკლიდური გეომეტრიების შექმნის ფაქტი კი არ ანგრევს აპრიორიზმს, არამედ მისი მოდიფიკაციებისაკენ გვიბიძგებს (31,55).
შემეცნებითი უნარებით სამყაროს სურათის დაღდასმას რასელი (ჰუსერლის მსგავსად) უკიდურეს სუბიექტივიზმად, ანთროპოლოგიზმად მიიჩნევდა. რასელს თუ დავუჯერებთ, კანტის მოძღვრება სინამდვილეში “პტოლემესებური კონტრრევოლუცია” იყო, ვინაიდან ამ თეორიით ადამიანი კვლავ “სამყაროს ცენტრად” იქცა (1909 წელს ამაზე ს. ალექსანდერიც წერდა). ეს გარემოება, როგორც რასელი თვლის, ყველაზე ნათლად ტრანსცენდენტალურ ესთეტიკაში გამოვლინდა. იგი ვერ შეურიგდა იმას, რომ კანტთან დრო და სივრცე “მხოლოდ ჩვენს გონებაში არსებულ სუბიექტურ ფიქციებად” გამოცხადდა (60,61). ტრანსცენდენტალურ ესთეტიკას მან გაუგებარი თეორია უწოდა. კანტის თანახმად, სივრცის წარმოდგენა საფუძველმდებარე უნდა იყოს, რათა ჩემი შეგრძნებები ჩემ გარეთ არსებულს შეეფარდოს და რათა ჩემ გარეთ არსებული სხვადასხვა ადგილას მდებარედ წარმოვიდგინო (14,57). რასელი მიიჩნევს, რომ გამოთქმა “ჩემ გარეთ” ბუნდოვანია. როგორც ნოუმენი, წერს იგი, მე არსად არ ვარ, ხოლო ჩემი სხეული არის ფენომენი: სინამდვილეში მე აღვიქვამ ობიექტებს, როგორც “სხვადასხვა ადგილას მდებარედ”. ამგვარ გაუგებრობას ემატება კიდევ ერთი სირთულე, რომელიც, რასელის აზრით, სივრცისა და დროის სუბიექტივისტურ თეორიებს ახასიათებს. კანტი არ იძლევა პასუხს კითხვაზე, თუ რატომ აწესრიგებს გონება შეგრძნებათა უხეშ მასალას ისე, როგორც ამას თავად აღწერს. მისი არგუმენტები, რასელის შეხედულებით, ეწი-ნააღმდეგება იმას, რასაც ფიზიკა უშვებს. მაგალითად, ფერთა ფიზიკური თეორიის თანახმად, ფერთა შეგრძნების მიზეზი სხვადასხვა სიგრძის ტალღებია. მაგრამ კანტისათვის შეგრძნების მიზეზი ტალღა ვერ იქნება, ვინაიდან ის სივრცესა და დროს გულისხმობს, წერს რასელი. კანტის თეორიით ვერც ის აიხსნება, თუ რატომ იწვევს, ვთქვათ, ორი თავისთავადი ნივთი A და B ისეთ თანმიმდევრულ შეგრძნებებს, როგორიცაა A ელვა და B მეხი სწორედ AB მიზეზობრივი თანმიმდევრობით. ამასთანავე, რასელის აზრით, სერიოზული არგუმენტი არ შეიძლება დაემყაროს იმას, შესაძლე-ბელია თუ არა რაიმეს წარმოდგენა. გარდა ამისა, პრინციპულად გამორიცხულია: აბსოლუტურად ცარიელი სივრცის წარმოდგენაც: მე და ჩემი წარმოდგენა ხომ გამუდმებით სივრცეში ვიმყოფებით, ამბობს რასელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ცარიელი სივრცე საერთოდ არ არსებობს, რადგან სივრცე მიმართებათა სისტემაა. მისი აზრით, კან-ტის არგუმენტები საფუძველს მოკლებული და მიუღებელია რელატივისტური პოზიციისათვის. გარდა ამისა, იგი თვლის, რომ არც “სივრცე” და არც “სივრცეები” არ შეიძლება სუბსტანციებად განიხილებოდეს (56,741-742).
რასელის თანახმად, კანტს “უსასრულობაც” არასწორად ესმის. უსასრულოს “მოცემის ხერხი” გაუგებარი და ბუნდოვანია. კანტი სრულიად არ ითვალისწინებს იმას, რომ მომენტის ფსიქოლოგიური რეფლექსიის მიხედვით, სივრცე, რომელიც უსასრულოა, არ არის მოცემული; ხოლო მოცემული სივრცე უსასრულო არაა (64,118). სივრცის მოცემული ნაწილი, როგორც რასელი ამ-ბობს, აღქმის ობიექტებით შევსებული ნაწილია. დანარჩენი ნაწილისათვის ჩვენ მარტო მოძრაობის შესაძლებლობას ვუშვებთ. ასტრონომთა თვალსაზრისით კი სივრცე სფეროსებურად იკვრება. ხოლო, რასელის ცნობილი შენიშვნა, რომ სივრცის როგორც უსასრულოდ მოცემულ სიდიდედ წარმოდგენის მიზეზი თითქოს ის გეოგრაფიული გარემოა, რომელშიც კანტი ცხოვრობდა, ირონია უფროა, ვიდრე მეცნიერული კრიტიკა.
მაგრამ კანტი, რასელის აზრით, მარტო ტრანსცენდენტალურ ესთეტიკაში როდი ცდება. წმინდა გონების მათემატიკურ ანტინომიებში “უსასრულობა” გრძნობადი სამყაროს დისკრედიტაციისათვის გამოიყენება (იქვე, 159). უსასრულობის გამოცხადება მწკრივების ატრიბუტად შეცდომაა, წერს რასელი. უსასრულობა უპირველესად კლასებს მიეწერება, მწკრივებისათვის კი დერივატიული (წარმოებული, მეორადი) თვისებაა. უსასრულო კლასები, მათი წევრების თვისობრიობის განმსაზღვრელი ცნებით, მთლიანად, ერთბაშად გვეძლევა. ამიტომ პირველი ანტინომიის დამტკიცებებში დასმული “დასრულებისა” და “თანმიმდევრული სინთეზის” პრობლემა იხსნება (რასელის აზრით, კანტი ცდება, როცა ამბობს, რომ მწკრივთა უსასრულობა შეუძლებელია თანმიმდევრული სინთეზის გზით დასრულდესო: სინამდვილეში მას მხოლოდ იმის თქმის უფლება აქვს, რომ უსასრულო მწკრივები არ შეიძლება სასრულო დროში დასრულდეს). რასელი მიიჩნევს, რომ კანტის მთელს ფილოსოფიაში “გონებაზე მითითებებს” გადამწყვეტი როლი ენიჭება. “თანმიმდევრული სინთეზის” ცნებაც სწორედ ამის დასტურია, რადგან მენტალურ აქტივობას გულისხმობს. თანაც კანტს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ წარსულში, უკვე არსებული მოვლენები მან რეგრესულ მწკრივთა სინთეზით შეცვალა და ამით მწკრივთა აღქმა საერთოდ მოხსნა. “მენტალური მწკრივი”, რომელსაც აქვს დასაწყისი, მაგრამ არა აქვს დასასრული, გაუიგივდა “ფიზიკურ მწკრივს”, რომელსაც აქვს დასასრული, მაგრამ არა აქვს დასაწყისი. რასელის აზრით, კანტმა ამ შეცდომის “წყალობით” ყოველმხრივ უსაფუძვლო, მცდარი აზროვნება კანონიერად გამოაცხადა (იქვე, 161).
რასელი მეორე ანტინომიის საფუძვლიანობასაც უარყოფს. გეომეტრიის დებულება – “სივრცე წერტილებისაგან შედგება” – მეცნიერულად და ლოგიკურად მართლაც არაა აუცილებელი. მაგრამ, რასელის აზრით, ის მაინც იმდენად მაღალი ალბათობისაა, რომ სავსებით საკმარისია კანტის არგუმენტის მოსახსნელად. ანტინომიის თანახმად, სივრცე შედგება არა მარტივი ნაწილებისაგან, არამედ სივრცეებისაგან. იმისათვის, რომ წერტილებს მივაღწიოთ, საჭიროა დაუსრულებელი პროცესის დასასრულამდე მიღწევა, რაც შეუძლებელია. ჯერ ერთი, რასელი თვლის, რომ კანტი უარყოფს წესრიგის ლოგიკურ თეორიას და ფაქტიურად მერყეობს აბსოლუტურ და შეფარდებით სივრცეს შორის. გარდა ამისა, რასელის აზრით, უსასრულო კლასების მსგავსად, თვისობრიობის განმსაზღვრელი ცნებით, ერთბაშად შეიძლება მოგვეცეს წერტილთა უსასრულო ჯგუფიც (მაგალითად, ხაზის, სიბრტყის ან მოცულობის სახით), რასაც თანმიმდევრული დაყოფით ვერ მივაღწევთ. აქედან გამომდინარე, სივრცის უსასრულოდ დაყოფა არ იძლევა საფუძველს იმის უარსაყოფად, რომ სივრცე წერტილებისაგან შედგება. ხოლო ვინაიდან საფუძვლები რომელთაც კანტის შეხედულება ეყრდნობა მცდარია, მეორე ანტინომიის თეზისიც დაუმტკიცებელი რჩება (იქვე, 163). ანტინომიების კვლევამ ლოგიკური ანალიზის მეთოდით, რასელი კიდევ ერთხელ განაწყო კანტის შეხედულებათა წინააღმდეგ.
კანტის არგუმენტები რასელმა არასწორად გაიგო. ჯერ ერთი, “კოპერნიკისებური გადატრიალების” არსად რასელმა მიიჩნია არა აზროვნების წესის შეცვლა არამედ ადამიანის ადგილის განსაზღვრა სამყაროში. მაგრამ არც “ადამიანი სამყაროს ცენტრში” უნდა გავიგოთ ისე, თითქოს სამყარო საერთოდ ადამიანის სამყაროა. კანტის შემმეცნებელმა სუბიექტმა მხოლოდ ის იცის სამყაროს შესახებ, რაც გრძნობად-ჭვრეტაში, მოვლენათა სფეროში ეძლევა და არა თავისთავად. ბუნებისმეტყველებისაგან გადმოღებული მეთოდი ნიშნავს, წმინდა გონების ელემენტები ვეძებოთ იმაში, რაც ექსპერიმენტით დასტურდება ან უარიყოფა, ხოლო გამოცდილების მიღმა მსწრაფი გონებისათვის ეს მეთოდი უსარგებლოა (14,24). რასელი არ ითვალისწინებს იმას, რომ თუკი კანტისთვის სივრცე და დრო, როგორც მჭვრეტელობის აპრიორული ფორმები, სუბიექტურია, მეორე მხრივ, სივრცე და დრო, როგორც ემპირიული რეალობა, ობიექტურ მნიშვნელობას იძენს. სივრცე და დრო საგანთა არსებობის ისეთი სუბიექტური პირობაა, რომელიც ყოველი სუბიექტისათვის აუცილებელია, ანუ სივრცისა და დროის აპრიორულობა მათ ინტერსუბიექტურობას ნიშნავს და პირიქით. ამავე დროს სივრცე და დრო ობიექტურია მოვლენების მიმართ და ობიექტურია ცალკეული სუბიექტისაგან დამოუკიდებლობის აზრითაც (ემპირიული რეალობა კანტისათვის ობიექტურ რეალობას უდრის).
თავიდან კანტი იზიარებდა ლაიბნიცის კონცეფციას სივრცისა და დროის ფენომენალურობის შესახებ. მაგრამ ამ კონცეფციის წინააღმდეგობამ XVIII ს.-ის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან იგი ნიუტონის მექანიკის აღიარებამდე და მის გააზრებამდე მიიყვანა. კანტმა ნიუტონის მექანიკის ყველა მნიშვნელოვანი მომენტი გააანალიზა. საქმე იმაშია, რომ “მეტაფიზიკური”, აბსოლუტური სივრცისა და დროის გვერდით ნიუტონი ამასთანავე ამტკიცებდა “რელატიური, მოჩვენებითი ანუ ყოველდღიური” სივრცისა და დროის არსებობას, მაგრამ მას არ თვლიდა ნამდვილ, რეალურ სივრცედ და დროდ. ძირითად მნიშვნელობას იგი აკუთვნებდა აბსოლუტურ სივრცესა და დროს, რომელთაც იგი “ჭეშმარიტს” უწოდებდა (1,93). “ბუნებისმეცნიერების მეტაფიზიკურ საწყისებში” (1786) კანტი წერს, რომ არსებობს ერთი მხრივ სივრცე, რომელიც მატერიის ადგილსამყოფელია და მოძრაობს; მეორე მხრივ კი _ უძრავი სივრცე. მოძრავი სივრცე მატერიალურ, ფარდობით სივრცედ იწოდება; ხოლო სივრცე, რომელშიც, საბოლოოდ, ყოველგვარი მოძრაობა უნდა მოიაზრებოდეს და თავად კი უძრავია, იწოდება წმინდა, აბსოლუტურ სივრცედ (26,69). ორგვარია დროც, ვინაიდან სივრცეში არსებობა დროში არსებობასაც გულისხმობს. ეთანხმება რა ნიუტონს, კანტი ამბობს, რომ ჭეშმარიტი და ნამდვილი მხოლოდ აბსოლუტური სივრცე და დრო შეიძლება იყოს და არა რელატიური. ამავე დროს, ის ლაიბნიცის თეორიასაც ეხმიანება, რადგან უშვებს რელატიურ სივრცესა და დროს. როცა საუბარია კანტის მიერ ნიუტონის არასწორ ინტერპრეტაციაზე, იგულისხმება, რომ სივრცე და დრო “ტრანსცენდენტალურ 64
ესთეტიკაში” მოვლენათა სფეროს არ სცილდება და მჭვრეტელობის აპრიორული ფორმებია. სავსებით სწორად შენიშნავს გ. თევზაძე, რომ “კანტის მიერ გრძნობად ჭვრეტაში, ე. ი. საგანთან გრძნობად მიმართებაში აპრიორული ფორმების აღმოჩენა შეიძლება განვიხილოთ, უპირველეს ყოვლისა, როგორც ნიუტონისა და ლაიბნიცის პოზიციათა თავისებური სინთეზი” (12,210). ამ აზრით, კანტის პოზიცია მართლაც მერყეობს აბსოლუტური და შეფარდებითი სივრცისა და დროის აღიარებებს შორის. რასელი ამაში არ ცდება, მაგრამ მიზეზებსა და ხასიათს ამ “მერყეობისა” არ უღრმავდება (არც “მათემატიკის პირნციპებში” და არც მოგვიანებით, რასელი არ მიმოიხილავს კანტის “კრიტიკამდელ” შრომებში და “ბუნებისმეცნიერების მეტაფიზიკურ საწყისებში” მოცემულ თეორიებს სივრცისა და დროისა (73,456). თუმცა “დასავლეთის ფილოსოფიის ისტორიაში” წერს, რომ კანტს ალბათ უნდა მოსწონებოდა პლატონის პოზიცია, რომლის თანახმად, სივრცე და დრო არის რაღაც, რაც იდეათა სამყაროსა და მოჩვენებით, გრძნობად სამყაროს შორის ძევს (56,168)). თანამედროვე ფიზიკამ უკვე დაადასტურა ლაიბნიციდან მომდინარე თეორია, რომლის თანახმად, სივრცე და დრო მიმართებათა სისტემაა და არა აბსოლუტური. ფარდობითობის თეორია ლოგიკურად ვერ მიეყენება წარმოდგენას ცარიელი სივრცისა და დროის, მათი აპრიორულობის, აბსოლუტურობის, უსასრულობის შესახებ. აინშტაინის თეორია პრინციპულ საკითხებში უპირისპირდება კანტის თვალსაზრისს. “ტრანსცენდენტალური ესთეტიკის” ნებისმიერი კრიტიკისას ეს გარემოება, ცხადია, გადამწყვეტია. მაგრამ საგულისხმოა ისიც, რომ კანტმა ლაიბნიცის კონცეფციის უმნიშვნელოვანესი მომენტებიც გაითვალისწინა.
რასელს არასწორად ესმის “აპრიორული წარმოდგენის” შინაარსიც. როცა კანტი რაიმეს წარმოდგენაზე, ვთქვათ, აბსოლუტურად ცარიელი სივრცის წარმოდგენაზე საუბრობს, მას მხედველობაში აქვს არა ემპირიული წარმოდგენა, არამედ ასეთი სივრცის მოაზრების შესაძლებლობა. რასელს ავიწყდება, რომ უსასრულოდ მოცემული სივრცის შესახებ საუბრისას კანტი გულისხმობს არა სივრცის ემპირიულ წარმოდგენასა და ჭვრეტას, არამედ მჭვრეტელობის აპრიორულ აუცილებელ ფორმას. კანტთან ეს იმას ნიშნავს, რომ მოცემული, დასრულებული სივრცის წარმოდგენას ყოველთვის, აუცილებლად თან ახლავს უსასრულო სივრცის წარ-მოდგენაც. ამიტომ რასელი ცდება, როცა კანტს ფსიქოლოგიურ რე-ფლექსიაზე მიუთითებს. როგორც გ. თევზაძე წერს, კანტთან საქმე ეხება აპრიორული ჭვრეტის ფორმების ცნობიერების და ზოგადის ცნობიერების, ანუ ჭვრეტის შესახებ ცნების და ცნების ცნების განსხვავებას (12,110). სწორედ აპრიორული ჭვრეტისა და აპრიორული ცნებების კავშირი ქმნის მეცნიერული შემეცნების შესაძლებლობის პირობებს. მაგრამ, როგორც ითქვა, რასელი უარყოფს “აპირორული ჭვრეტის” ცნების შესაძლებლობას (მისი აზრით, ერთიანი სივრცე “ლოგიკური კონსტრუქციაა” და არა წარმოდგენა, თუნდაც აპრიორუ-ლი).
კანტის ანტინომიებში მოცემული “უსასრულობის” ცნების კრიტიკისას რასელი ივიწყებს, რომ გონების წინააღმდეგობები “სრულიად ბუნებრივი ანტითეტიკაა”, გარდაუვალი მოჩვენებაა და არა ხელოვნური შეცდომა. გონების დიალექტიკური დებულება “ეხება არა თვითნებურ საკითხს, რომელსაც გარკვეული ნებისმიერი განზრახვით სვამენ მხოლოდ, არამედ ისეთს, ყოველი ადამიანის გონება თავის წიაღში რომ უნდა წააწყდეს” (14,283). გონება, როცა მას მოვლენათა ობიექტურ სინთეზს მიუყენებენ, ცდილობს განსჯის ცნებათა გაფართოებას და განსჯის ძირითად დებულებათა გავრცელებას ემპირიის, გრძნობადი გამოცდილების საზღვრებს მიღმა: გონება აღარ სცნობს განსხვავებას ნოუმენსა და ფენომენს შორის. გონება ემპირიულ სინთეზს აბსოლუტურ სისრულეს ანიჭებს მისი განუპირობებელამდე გაგრძელების გზით (განუპირობებელი კი არასოდეს გვხვდება გრძნობად გამოცდილებაში და მხოლოდ იდეაშია). ეს მაშინ, როცა განუპირობებელის მოცემა მხოლოდ ნოუმენის სფეროში ნიშნავს პირობათა სრული რიგის არსებობას. რასელი ივიწყებს, რომ გონება აქ იმთავითვე ტოვებს გრძნობადი გამოცდილების (შემეცნების) საზღვრებს და ამიტომაც რა დასკვნაც არ უნდა გამოიტანოს მან (გონებამ) ემპირიული რეგრესული სინთეზის თაობაზე, მისი ეს დასკვნა გრძნობად გამოცდილებაში არც დასტურდება და არც უარიყოფა. კანტის შეცდომა იმაშია, რომ “დასაწყისის არქონა” მან “დაუსრულებლობასთან” გააიგივა: დასაწყისის უქონლობა დაუსრულებლობის მიზეზად, ხოლო დაუსრულებლობა უსასრულობის არარსებობის გამოხატვად მიიჩნია. კანტს დროის თანმიმდევრობა სუბიექტის მიერ დროის აღრიცხვის თანმიმდევრობასთან აქვს გაიგივებული და “წმინდა” დროის ნაკადის შესახებ მსჯელობა საგანთა დროითი არსებობის პროცესზე გადააქვს. ამიტომ რასელის საყვედური, რომ კანტი “მენტალურ” და “ფიზიკურ” მწკრივებს ერთმანეთთან აიგივებს, რითაც “მოხსნის” მწკრივთა აღქმას, ამ შეცდომებს უნდა გულისხმობდეს და მხოლოდ ამ აზრით არის სამართლიანი.
ცნობილია, რომ კანტი პოტენციალური უსასრულობის არსებობას აღიარებდა. რასელის აზრით კი უსასრულობა აქტუალურია. ის, რომ წმინდა გონების ანტინომიებში აქტუალურ (სივრცისა და დროის მიხედვით) უსასრულობაზეა საუბარი, ვითარებას არ ცვლის. საქმე იმაშია, რომ რასელი უსასრულობის მათემატიკურ ანუ კანტორისეულ (გ. ფრეგეს და რ. დედეკინდის) განმარტებას იზიარებს. ჯ. კანტორის თანახმად, უსასრულობა კლასების თვისებაა. უსასრულო კლასები კი ისეთი კლასებია, რომელთა წევრებიც ელემენტებად იმდენივე წევრს შეიცავენ, რამდენსაც თავად ეს კლასი შეიცავს. თავის მხრივ ეს წევრებიც შეიცავენ წევრებს და ა.შ. მაგრამ ამავე დროს, მოცემული კლასი სასრულოცაა. მათემატიკაში კლასისათვის უსასრულობისა და სასრულობის ერთდროულად მიწერა ანტინომიას არ წარმოადგენს. რასელი თვლის, რომ იგივე განმარტება კანტის მეორე ანტინომიაშიც გადაწყვეტს სირთულეს. აქ საქმე გვაქვს “განუწყვეტელობასთან”, რომელიც თავის მხრივ “უსასრულობის” გაგებაზეა დამოკიდებული. თუკი უსასრულობა კანტორისეულად გვესმის, მაშინ უსასრულოდ დაყოფა მართლაც არ ნიშნავს სივრცის სასრულობის, წერტილებად დაყოფის უარყოფას. განუწყვეტელობა მათემატიკაში ხომ მწკრივებს მიეწერება და მათი წევრების განლაგების წესრიგს გულისხმობს (64,137). საერთოდ, უსასრულობისა და განუწყვეტელობის მათემატიკური თეორია აბსტრაქტული ლოგიკური თეორიაა და არაა დამოკიდებული რეალური დროისა და სივრცის თავისებურებებზე. “უსასრულობა”, “განუწყვეტელობა” მათემატიკური ცნებებია, წერს რასელი, და სივრცესა და დროსთან მიმართებაში არანაირ შინაგან წინააღმდეგობებს არ ქმნიან. ამიტომ უსასრულობისა და განუწყვეტელობის კანტისეული არითმეტიკული ანტინომიების გადაწყვეტა სავსებით შესაძლებელია (73,458-461).
რასელის მიერ კანტის თეორიის ინტერპრეტაციის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პუნქტს “თავისთავადი ნივთის” რასელისეული გაგება წარმოადგენს. “თავისთავადი ნივთის” ცნებას და პრობლემას იგი თავისებურად განმარტავს. შეგვიძლია თუ არა ვიცოდეთ, რომ გრძნობადი ობიექტის აღქმისას ან ნებისმიერ სხვა დროს არსებობენ ობიექტები, რომლებიც გამომდინარეობენ გრძნობადი ობიექტებიდან, მაგრამ სრულიად არ ჰგვანან მათ? რასელის აზრით, ამ კითხვას ფილოსოფიაში თავისთავადი ნივთის პრობლემა, ხოლო მეცნიერებაში კი მატერიის პრობლემა ეხება. შეგრძნებები გამოწვეულია ნივთი თავისთავადით, ანუ ხდომილობებით ფიზიკის სამყაროში (56,744; 15,91). რასელს თუ დავუჯერებთ, ის, რასაც კანტი “თავისთავად ნივთს” უწოდებს არის ფიზიკური ობიექტი როგორც შეგრძნებათა მიზეზი, რომელიც შეუმეცნებადია. ხოლო ობიექტი როგორც ის ცდაში გვეძლევა, არის “ფენომენი”, რომელიც შემეცნებადია. თუმცა რასელი შენიშნავს, რომ “თავისთავადი ნივთის” შეუმეცნებადობა წინააღმდეგობაში მოდის განსაზღვრებასთან სადაც თავისთავადი ნივთი შეგრძნების მიზეზად არის წარმოდგენილი: ვინაიდან “კანტი შესაძლებლად თვლიდა იმის ცოდნას, რომ არცერთი კატეგორია არ მიეყენება “საგანს თავისთავად” (15,92). თავისთავადი ნივთის თეორიის თანახმად, “ის, რაც არსებობს იმ დროს, როცა არ აღვიქვამთ გრძნობად ობიექტს, არის რაღაც, რაც ამ ობიექტისაგან სავსებით განსხვავდება და რაც ჩვენთან და ჩვენს გრძნობის ორგანოებთან ერთად იწვევს ჩვენს შეგრძნებებს, მაგრამ თავად არასოდეს მოიცემა შეგრძნებებში” (64,92). რასელისათვის, თავისთავადი ნივთი საღი აზრის მიერ დაშვებული, მუდმივად ცვალებად გრძნობად მონაცემთა მიღმა ნავარაუდევი სტაბილური ობიექტია. მაგალითად, ესაა მაგიდა, როგორც გრძნობადი მონაცემის მიზეზი, რომელიც სრულიად არ ჰგავს ცვალებად მონაცემს (მაგიდის განსხვავებულ შეფერილობებსა და ფორმებს სხვადასხვა ადგილიდან დაკვირვებისას). რასელი ამ თეორიის ნაკლად მიიჩნევს იმას, რომ აუხსნელი რჩება ცვალებადი მონაცემებისაგან სტაბილური სამყაროს რეკონსტრუქციის არსი. ამიტომ კანტის თეორია უნდა მოიხსნას, როგორც ლოგიკურად არააუცილებელი. მაგრამ რადგან ეს თეორია ფიზიკისა და ფიზიოლოგიის ერთგვარი საფუძველია, საჭიროა მისი სწორად ინ-ტერპრეტირება, წერს რასელი. სწორი ინტერპრეტაციის თანახმად კი “საგნის ყველა ასპექტი რეალურია, მაშინ როცა საგანი მხოლოდ ლოგიკური კონსტრუქციაა” (იქვე, 96). საქმე ისაა, რომ რასელი უარყოფს ე. წ. გამოყვანილ არსებს, რომლებიც კანტის თავისთავადი ნივთის მსგავსად, მთლიანად არაემპირიულია (75,105). “ნოუმენი” კი, მისი აზრით, ძალიან წააგავს “სუბსტანციის” ცნებას. როგორც ჩანს, რასელი ფიქრობს, რომ თუკი იგი ნოუმენს ფიზიკურ სამყაროში მოუძებნის ადგილს, ამით სწორ ინტერპრეტაციასაც მიაგნებს.
1914 წელს რასელი ცდილობს “თავისთავადი ნივთისა” და “მატერიის” თეორიები ე. წ. “სენსიბილიას” თეორიით ჩაანაცვლოს. რასელი განმარტავს, რომ სენსიბილია ჰიპოთეზური, გამოყვანილი არსია (inferred entity), ანუ მისი არსებობის დადგენა, სხვა ადამიანთა მონაცემების არსებობის მსგავსად, მარტო დასკვნით ხდება შესაძლებელი; თუმცა, სენსიბილიას იგივე მეტაფიზიკური სტატუსი აქვს, რაც გრძნობად მონაცემებს და ამ უკანასკნელის მსგავსად, ისიც ფიზიკური სამყაროს ელემენტარული შემადგენელი ნაწილია ანუ მთლიანად არაემპირიული როდია. როგორც ა. ბეგიაშვილი წერს, რასელის ფილოსოფიაში სენსიბილიას დაშვება უნდა განვიხილოთ როგორც ფიზიკის მეცნიერული სისტემისათვის აუცილებელი ჰიპოთეზა (17,20). მაგრამ რითიც არ უნდა შეიცვალოს “თავისთავადი ნივთი”, მისი გადმოტანა ფიზიკურ სამყაროში იმას ნიშნავს, რომ კანტის ცნება არასწორადაა გაგებული, ან როგორც ვ. გოგობერიშვილი წერს, “გავულგარებულია” (5,100).
კანტის ფილოსოფიაში “თავისთავადი ნივთის” ცნების ოთხი ძირითადი მნიშვნელობა იკვეთება. პირველის მიხედვით, ნივთი თავისთავადი აღძრავს (afficiren), იწვევს ჩვენს შეგრძნებებსა და წარმოდგენებს, ანუ მათი გარეგანი მიზეზია. მეორე მნიშვნელობით, ესაა ყოველი პრინციპში შეუმეცნებადი საგანი, რომლის შესახებაც არ გვაქვს არანაირი ცოდნა, გარდა მისი არსებობის ცოდნისა. მესამე მნიშვნელობა გულისხმობს თავისთავადი ნივთის ტრასცენდენტურ ბუნებას: ნივთი თავისთავადი არის ყველაფერი, რაც ტრანსცენდენტალურის მიღმა არსებობს. მეოთხე მნიშვნელობის თანახმად კი თავისთავადი ნივთების სამყარო იდეათა სამყაროა, ღირებულებითი რწმენის სფეროა (31,41-46). კანტის შემეცნების თეორიის ინტერპრეტაციისას რასელი პირველ ორ, ნეგატიურ მნიშვნელობებს ეყრდნობა, რაც ხელს უწყობს ნოუმენის გადმოტანას ფიზიკურ სფეროში. ნეოპოზიტივისტური ფილოსოფიისათვის, საერთოდ სუბიექტური იდეალიზმისათვის, ცხადია, ეს მნიშვნელობები უფრო მისაღებია. მაგრამ “ნივთი თავისთავადი”, თუკი მას დანარჩენ მნიშვნელობებს ჩამოვაცილებთ, კარგავს იმ სპეციფიკას, რაც ამ ცნებას კანტთან აქვს. საგულისხმოა, რომ თავისთავადი ნივთის მოხსნის შემდეგ, რასელისათვის შე-მეცნების ინსტანციად დარჩა უშუალო გრძნობადი მონაცემი. უკანასკნელი მხოლოდ ემპირიულ შემეცნებელ სუბიექტს ეძლევა და ინდივიდუალური ხასიათი აქვს. ამგვარი “სუბიექტისათვის მოცემუ-ლობა” კი უფრო მეტ სუბიექტივიზმს ავლენს, ვიდრე საერთოდ კანტიანური, როგორც რასელი ამბობს, “მიკროსკოპული ხედვა”. რასელმა კანტის სუბიექტივიზმიც არასწორად ახსნა. ხოლო კანტის ფილოსოფიის ადეკვატურად გადმოცემა, ცხადია, გარკვეულ წილად, თავისთავადი ნივთის ცნების ინტერპრეტაციაზეცაა დამოკიდებული.
§3. კანტის თეორიის ინტერპრეტაციისა და გავლენის შესახებ. სწორად გაიგო თუ არა “ტრანსცენდენტალური ფილოსოფია” რასელმა? ან რამდენად თანმიმდევრულია კანტის მოძღვრების რასელისეული ინტერპრეტაცია?
როგორც გ. თევზაძე წერს, კანტის ფილოსოფიის ფარგლებში კვლევის შედეგად დადგენილია დებულებები, რომელთა უარყოფა (სამართლიანი თუ უსამართლო) ნიშანია იმისა, რომ ინტერპრეტაცია საზღვრებს გადაცდა და აღარ შეიძლება კანტის ფილოსოფიის ინტერპრეტაციად ჩაითვალოს. ამ დებულებების მიხედვით (1) შემეცნების არსებობა უეჭველია; (2) შემეცნების შესაძლებლობების დაფუძნებისათვის აუცილებელია ნოუმენისა და ფენომენის, როგორც შეუმეცნებადისა და შემეცნებადის დუალიზმი; (3) არსებითი განსხვავებაა ცოდნასა და რწმენას შორის; ხოლო (4) შემეცნების პროცესში ჭვრეტა და განსჯა განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებენ და მათი ერთმანეთზე დაყვანა შეუძლებელია (10,157). გაითვალისწინა თუ არა კანტის ეს დებულებები რასელმა?
კანტის მოძღვრების გადმოცემის გარკვეულ საფეხურზე რასელი ტრანსცენდენტალური ფილოსოფიის ძირითად დებულებათა შედარებით მართებულ ინტერპრეტაციას უახლოვდება. მაგალითად, შემეცნების არსებობის უეჭველობა კანტთან რასელისათვის იმდენად აშკარაა, რომ უკანასკნელი ამ საკითხს მსჯელობის საგნადაც არ ხდის (ერთ-ერთ დამსახურებად რასელი კანტს შემეცნების თეორიის ფილოსოფიური მნიშვნელობის ცხადყოფას მიუთვლის (15,88)). თავისთავადი ნივთის ცნების “გავულგარების” მიუხედავად, რასელი არ უარყოფს კანტის თეორიაში არსებულ დუალიზმს ნოუმენსა და ფენომენს, შეუმეცნებადსა და შემეცნებადს შორის. “ფილოსოფიის პრობლემებში” ვკითხულობთ, რომ კანტის “თავისთავადი ნივთი” ანუ ფიზიკური ობიექტი, როგორც შეგრძნებათა მიზეზი, არსებითად შეუმეცნებადია; ხოლო ობიექტი, როგორც ის გამოცდილებაში გვეძლევა და რომელსაც კანტი “ფენომენს” უწოდებს, შემეცნებადია (იქვე, 91). რაც შეეხება ცოდნისა და რწმენის სფეროებს კანტთან, რასელი ამაზე პირდაპირ არ საუბრობს; თუმცა საკმაოდ ხშირად უთითებს კანტის მიერ თეორიულისა და პრაქტიკულის, მეცნიერებისა და ეთიკის სფეროთა გამიჯვნაზე. რასელის აზრით, კანტი მათ რიცხვს ეკუთვნის, ვისი ფილოსოფიური ძიებანიც ორი სრულიად განსხვავებული, ერთი მხრივ რელიგიიდან და ეთიკიდან, მეორე მხრივ კი მეცნიერებიდან მომდინარე მოტივებით იყო ინსპირირებული (61,97). რასელი იცნობს კანტის ეთიკას. იგი ამართლებს კანტის პოზიციას ღმერთის არსებობის მამტკიცებელ ტრადიციულ არგუმენტთა თაობაზე; ასევე იმას, რომ რელიგია კანტთან ზნეობას, ეთიკას ეფუძნება და მასში პოულობს გარანტიებს (56,736). მსგავსი კომენტარები იმის მაუწყებელია, რომ კანტის მოძღვრებაში გამოკვეთილი, ცოდნისა და რწმენის სფეროთა გამიჯვნის პრინციპი რასელს არ უარუყვია. “დასავლეთის ფილოსოფიის ისტორიაში” რასელი “ტრანსცენდენტალური ფილოსოფიის” ფარგლებში არსებულ ჭვრეტისა და განსჯის განსხვავებულ ფუნქციებზეც საუბრობს. კანტთან სივრცე და დრო წმინდა გრძნობადობის ფორმებია, წმინდა ინტუიციაა და არა ცნებები, წერს რასელი, და იქვე აღნიშნავს, რომ Anschauung-ის ზუსტი მნიშვნელობა არის “ჭვრეტა”; ხოლო ჩვენი გონითი აპარატი ისეა მოწყობილი, რომ აწესრიგებს შეგრძნებათა მასალას სივრცესა და დროში და ასევე ქმნის კატეგორიებს, რომელთა საშუალებითაც ვგე-ბულობთ გრძნობად გამოცდილებას. კატეგორიები ესაა აპრიორული ცნებები, რომლებიც კანტს სილოგიზმდან გამოჰყავს (იქვე,734-735).
მაგრამ რასელის მიერ კანტის დებულებათა ამგვარი კომენტარები არ იძლევა იმის თქმის საკმაო საფუძველს, რომ რასელი კანტის მოძღვრების სწორ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. იქ, სადაც რასელი ამ კომენტარებზე შორს მიდის, საქმე სხვაგვარადაა.
რასელს ეს დებულებები თანმიმდევრული მსჯელობის საგნად არ უქცევია. მიუხედავად ამისა, კანტის პოზიციის კრიტიკისას ჩანს, რომ რასელს რიგ შემთხვევაში იმ ცნებებისა და პრინციპების მართებული ახსნა არ მოეპოვება, რაზეც კანტის ძირითად დებულებათა სწორი ინტერპრეტაცია, საერთოდ ინტერპრეტაციის ბედია დამოკიდებული. როგორც ანალიზმა აჩვენა, რასელი არასწორად განმარტავს თავისავადი ნივთის ცნებას, კანტის სუბიექტივიზმის არსს, “კოპერნიკისეული გადატრიალების” მნიშვნელობას და არც ტრან-სცენდენტალური ესთეტიკის ზოგიერთ არსებით ნიუანსს ჩასწვდომია ჯეროვნად. რასელთან გამოკვეთილად არ ჩანს, რომ კანტის თეორიაში ნოუმენისა და ფენომენის ცნებები ტრანსცენდენტურისა და ტრანსცენდენტალურის ცნებებთანაა დაკავშირებული. “უსასრულოდ მოცემული სივრცის” კრიტიკისას რასელი არ ითვალისწინებს იმას, რომ საუბარია წმინდა აპრიორულ და არა ემპირიულ მჭვრეტელობაზე. ამით რასელი უგულვებელყოფს კანტის იმ პოზიციას, რომლის თანახმად, მეცნიერულ შემეცნებას გრძნობადობის ფორმებისა და აზროვნების (ანუ ჭვრეტისა და განსჯის), როგორც ერთმანეთისაგან განსხვავებული ფუნქციის მოქნე ინსტანციების აუცილებელი კავშირი ქმნის. სწორედ ამგვარი გაუგე-ბრობები თუ შეცდომებია იმის მანიშნებელი, რომ კანტის კრიტიკისას რასელი ზოგჯერ “ტრანსცენდენტალური ფილოსოფიის” საზღვრებსაც კი არღვევს.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ რასელი კანტის ნეოპოზიტივისტურ-ჰიუმისტური ახსნისაკენ იხრება. სადემარკაციო ხაზი საკუთრივ კანტის მოძღვრებასა და მის ნეოპოზიტივისტურ ჰიუმისტურ ინტერპრეტაციას შორის გავლებულია. შემეცნების თეორიაში ეს ხაზი თავისთავადი ნივთის, აპრიორისა და აპოს-ტერიორის, ანალიზურისა და სინთეზურის ცნებებზე გადის. მაგრამ რასელის ფილოსოფიაში საქმე გვაქვს კანტის მოძღვრების არა მხოლოდ ინტერპრეტაციასთან (ახსნის მცდელობასთან), არამედ ამ მოძღვრების გავლენასა და განვითარებასთან. თუმცა, ცხადია, არა იმგვარად და იმ აზრით, როგორც ეს ვთქვათ, ფიხტეს ან შოპენჰაუ-ერის თეორიებშია წარმოდგენილი. რასელს ჰქონდა პრეტენზია, რომ იძლეოდა კანტის ერთ-ერთ შესაძლო, მისი აზრით, სწორ ინტერ-პრეტაციას. იგი არ ეკუთვნოდა კანტით აღფრთოვანებულ ფილოსო-ფოსთა რიცხვს. მართალია, თავდაპირველად მან გარკვეული სიმპათიებიც კი გამოხატა კანტის მოძღვრების მიმართ, მაგრამ შემდეგ უარი თქვა მასზე. როგორც გ. თევზაძე წერს, რასელი მუდამ ხაზგასმით, ზოგჯერ დაუსახელებლადაც უპირისპირდებოდა კანტს (10,98). თუმცა ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, “კანტიანური ხედვა” რასელისათვის, სინამდვილეში, სრულიადაც არ ყოფილა უცხო. ოღონდ, შესაძლოა ეს გარემოება მისთვის ისეთივე დაფარული იყო, როგორც ლაიბნიცის მესამე, არათანმიმდევრული სისტემა, რომელიც თავად ლაიბნიცისთვისაც კი უცნობი იყო და მხოლოდ რასელის ანალიტიკური ძიების წყალობით გამოაშკარავდა.
განიცდის თუ არა რასელი “ტრანსცენდენტალური ფილოსოფიის” გავლენას? რასელის ფილოსოფიურ კარიერას ალან ვუდი “კანტიდან კანტამდე” განვლილ გზად მოიაზრებს. ამგვარ შეფასებას, ცხადია, თავისი საფუძვლები აქვს. ვუდს არგუმენტად მოჰყავს რასელის ის პოზიციები, რომლებიც 1896 წელს, გეომეტრიის შესახებ გამოკვლევასა და 1948 წელს, “ადამიანურ შემეცნებაში” გამო-ითქვა. რასელის თანახმად, გეომეტრიის შესახებ ნაშრომში წარმო-დგენილი თვალსაზრისის მსგავსი შეხედულებები კანტის კლასიკური არგუმენტების გარკვეული შეზღუდვისა და ინტერპრეტაციის შედეგიც შეიძლება იყოს. თუმცა, ვუდი თვლის, რომ ეს გამოკვლევა სინამდვილეში ნაკლებად უახლოვდება კანტის სუბიექტივიზმს. მისი აზრით, რასელი კანტს ხანგრძლივი ძიებების შემდგომ, ფილოსოფიური ევოლუციის ბოლოს უბრუნდება: “ადამიანურ შემეცნების” ავტორი კანტის მოძღვრების მონათესავე იდეებსა და ტერმინოლოგიასაც კი გვთავაზობს. ამიტომ ვუდისთვის რასელის ფილოსოფია “კანტიდან კანტამდე” ევოლუციის პროცესია. თავად რასელი ამგვარ ფორმულირებას არ ეთანხმება. იგი მიიჩნევს, რომ მისი უკანასკნელი შრომა ნაკლებად კანტიანურია, ვიდრე ეს ვუდს წარმოუდგენია (77,262). ვინაიდან, ის “აპრიორი” და სუბიექტივიზმი, რომელსაც “ადამიანურ შემეცნებაში” ვხვდებით, რასელის თანახმად, შეუძლებელს ხდის კანტის მოძღვრებასთან რაიმე განსაკუთრებულ სიახლოვეს. თუმცა, სინამდვილეში, “ადამიანურ შემეცნებასაც” და საერთოდ, რასელის მთელს ფილოსოფიას კანტის მოძღვრებასთან მაინც ბევრი რამ აერთიანებს.
კანტის ფილოსოფიასთან სიახლოვისა და მსგავსების ერთ-ერთი მაგალითი იყო მეცნიერების ობიექტურობის ლოგიკური პირობების გამოკვლევის პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც რასელმა საერთოდ მეცნიერული ფილოსოფიის არსებით ამოცანად მიიჩნია. “წმინდა გონების კრიტიკის” უმთავრეს პრობლემას აპრიორულ-სინთეზური მსჯელობების ანუ საბოლოო ჯამში ბუნებისმეცნიერებათა და მათემატიკის მეცნიერების შესაძლებლობის პირობების დადგენა წარმოადგენს; “ადამიანური შემეცნების” მიზანი კი იმ დამოკიდებულების გარკვევაა, რაც ინდივიდუალურ გამოცდილებას (გრძნობად ცდას) და მეცნიერული ცოდნის ზოგად შინაარსს შორის არსებობს. რასელი თვლის, რომ ამ პრობლემის ამოხსნა მეცნიერული შემეცნების საზღვრების, საერთოდ მეცნიერების არსებობის საკმარის და აუცილებელ პირობათა დადგენას გულისხმობს. “ადამიანური შემეცნების” დასკვნა მნიშვნელოვნად განსხვავდება კანტის თეორიაში შემოთავაზებული დასკვნისაგან. თავისი ფილოსოფიური ევოლუციის მანძილზე რასელი ყოველთვის უსვამდა ხაზს იმას, რომ ადამიანს მხოლოდ “ჭეშმარიტების მაგვარობის” წვდომა თუ შეუძლია. მაგრამ ის, რომ ცოდნას (როგორიც არ უნდა იყოს ის) მხოლოდ მეცნიერება იძლევა, რასელისათვის ეჭვსგარეშეა. მეცნიერების საზღვრები ჩვენი გრძნობადი გამოცდილების საზღვრებს ემთხვევა, წერს იგი; ხოლო, რაც ამ საზღვრებს მიღმაა _ უთუოდ მეტაფიზიკას წარმოადგენს.
მეცნიერების ობიექტურობის პირობების დადგენასთან ერთად, შესაძლებელი გრძნობადი გამოცდილებით მეცნიერების შემოსაზღვრა და მეტაფიზიკისათვის მეცნიერულობის პრეტენზიაზე უარის თქმა, ცხადია, კანტის ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილია. ნეოპოზიტივისტური ინტერპრეტაციის შემდეგ, ეს დებულებები რასელის მოძღვრების, საერთოდ ლოგიკური პოზიტივიზმის ამოსავალ დებულებებად იქცა. კანტის მსგავსად, რასელიც თვლის, რომ კითხვები, რომლებიც მეტაფიზიკოსებს აღელვებს, ადამიანური გონებისათვის საერთოდ პასუხგაუცემელია. მაგრამ ნეოპოზიტივიზმმა მეტაფიზიკას არა მხოლოდ მეცნიერულობაზე, არამედ საერთოდ არსებობის უფლებაზე უთხრა უარი. ცხადია, ამ მხრივ არც რასელია გამონაკლისი. თუმცა მეცნიერების მიმართ მის მიერ წამოყენებული მოთხოვნა კანტის პოზიციასაც უახლოვდება.
რასელის თანახმად, მეცნიერების არსებობა კანონების არსებობასთანაა კავშირში. მეცნიერება არის ცოდნა, რომელიც მრავალ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებულ ზოგად კანონებს ეძებს. ამასთან, მეცნიერება იმგვარი ერთგვარობების (ანუ კანონების) აღმოჩენაა, რომელთაც გამონაკლისი არა აქვთ. მეცნიერებისა და კანონთა კავშირი აუცილებელ ხასიათს ატარებს. რასელის აზრით, მართალია, იმის მტკიცება, რომ კანონები ყველგან არსებობს შეუძლე-ბელია; მაგრამ უნდა დავუშვათ და ამასთანავე, ტავტოლოგიურობის გამო, აშკარაა, რომ კანონები არსებობს ყველგან, სადაც მეცნიერებაა. როგორც ნარსკი აღნიშნავს, მეცნიერებისა და კანონების ამგვარი ფორმულირება ახლოსაა კანტიანურ გაგებასთან (33,31). კანტის თანახმად, კანონებს მხოლოდ მეცნიერება ადგენს: სწორედ კანონია ის, რასაც მეცნიერება (გონება) კარნახობს ბუნებას (რომელიც, თავის მხრივ, სხვა არაფერია, თუ არა მეცნიერების ბუნება).
რასელის გნოსეოლოგიური კონცეფცია მეცნიერული ცოდნის გამართლების ძიებას წარმოადგენს. კანტის მსგავსად, რასელიც ნათლად აცნობიერებს იმ ძირითად დებულებათა აუცილებლობას, რაზეც მეცნიერება უნდა დაშენდეს. მაგრამ უარყოფს რა აპრიორულ-სინთეზურ მსჯელობებს, იგი არც იმ დებულებებს ცნობს, რომლებიც აპირორულ-სინთეზურ მსჯელობათა პირობებს, გრძნობად გამოცდილებაში არსებულ სინთეზურ მსჯელობათა აპროირულ საფუძველს წარმოადგენენ. რასელის მიერ წმინდა გასჯის ძირითად დებულებათა სანაცვლოდ შემოთავაზებული მეცნიერული დასკვნის პოსტულატები გრძნობადი გამოცდილებიდან განზოგადების შედეგია – მათი შინაარსი გამოცდილებაში არსებობს. ამავე დროს, ისინი ყოველგვარ გამოცდილებამდეც გვაქვს. პოსტულატები ლოგიკურად აუცილებელიცაა და გამოცდილებაშიც დასტურდება. მათი საშუალებით მეცნიერება უარს ამბობს სოლიფსიზმზე, საღი აზრის და ტრადიციული მეტაფიზიკის ისეთ ცნებებზე, როგორიცაა “საგანი”, “სუბსტანცია”, “მიზეზი”. რასელი თვლის, რომ ამგვარი პოსტულატების შემოტანით იგი ემიჯნება კანტს (ყოველ შემთხვევაში, როგორც თავად ამბობს, მისი კონცეფცია “ნაკლებად კანტიანურია”). “არა-დედუქციური დასკვნის პრინციპები, რომელთაც მე ვიცავ – წერს იგი – არ არის მოცემული წინდაწინ, როგორც უეჭველი (certain) ან a priori, არამედ როგორც მეცნიერული ჰიპოთეზები” (77,262).
ჩვეულებრივ პოსტულატებს რასელი შედარებით ზოგადი ხასიათის სამუშაო ჰიპოტეზებად მიიჩნევს. მეცნიერების განვითარებასთან ერთად, სამუშაო ჰიპოტეზათა რიცხვი მცირდება. ისინი საკმარისი დასაბუთების გარეშე, იმ იმედით მიიღებიან, რომ მათი დახმარებით შეიქმნება თეორია, რომელიც ფაქტიურ დადას-ტურებას ჰპოვებს. რასელის თანახმად, იმის დადგენა, არის თუ არა ესა თუ ის პოსტულატი ყოველთვის ან აუცილებლად ჭეშმარიტი, არც თუ დიდად მნიშვნელოვანია: საკმარისია ისიც, თუკი პოსტულატების ჭეშმარიტობა ხშირად დასტურდება. საზოგადოდ პოსტულატთა ბუნების შესაბამისად, მეცნიერული დასკვნის პოსტულატებიც იმ ტიპის დებულებებია, რომლებიც მართალია დაუსაბუთებელნი არიან, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისითაა საჭირო.
კანტს პოსტულატები განსხვავებულად ესმის. მისი თეორიის თანახმად, წმინდა განსჯის ძირითად დებულებათაგან მეოთხე ჯგუფის დებულებები ანუ ემპირიული აზროვნების პოსტულატები ერთნაირად აუცილებელია როგორც თეორიული შემეცნებისათვის, ასევე პრაქტიკული მოქმედებისათვის. პრაქტიკულ სფეროში პოსტულატი არც უშუალოდ ჭეშმარიტია და არც საერთოდ დასაბუთებადი. მაგრამ, თეორიულ შემეცნებაში ყველაფერი დასაბუთებას, დედუქციურ დაფუძნებას მოითხოვს და ამიტომ ამ სფეროში პოსტულატები, რაც არ უნდა უეჭველი იყონ ისინი, დაუსაბუთებლად მაინც ვერ გახდებიან სარწმუნონი. კანტი თვლის, რომ მეცნიერებათა საყრდენი დებულებები მკაცრ დასაბუთებას მოითხოვენ.
რასელი კი პუსტულატების ბუნებას იმაში ხედავს, რომ ისინი არ მოითხოვენ საკმარის (მით უფრო, მკაცრ) დასაბუთებას და უკვე ასეც კი ქმნიან გარკვეულ საყრდენს მეცნიერებისათვის. აქ რასელისა და კანტის გზები აშკარად იყოფა. მაგრამ, კანტის დებულებათა ფარული გავლენა რასელის პოსტულატებში მაინც იგრძნობა.
მაგალითად, რასელის “კვაზი-მუდმივობის” პოსტულატი – რომელიც სივრცესა და დროში ხდომილებათა განუწყვეტელობას ეხება და “საგნის”, “სუბსტანციის” ცნებას “ხდომილებათა თანმიმდევრობის” ცნებით ჩაანაცვლებს – პირველ ყოვლისა, ცდის ანალოგიებიდან სუბსტანციის მდგრადობის ძირითად დებულებას პასუხობს. რასელი ამ პოსტულატში მართალია მნიშვნელოვანი შესწორებით, მაგრამ მაინც იმეორებს კანტის დებულების ერთ მომენტს. როგორც ცნობილია, კანტის “ჭვრეტის აქსიომების” თანახმად, “ყველა მჭვრეტელობა ექსტენსიური სიდიდეა”. ექსტენსიურს კანტი უწოდებს ისეთ სიდიდეს, რომელშიც ნაწილთა წარმოდგენა შესაძლებელს ხდის და წინ უსწრებს მთელის წარ-მოდგენას. “ვერავითარ ხაზს ვერ წარმოვიდგენ, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს ის, თუ აზრით არ გავავლე იგი, ე. ი. თუ რომელიმე წერტილიდან ყველა ნაწილი ერთმანეთის თანმიმდევრობით არ ვაწარმოე და მხოლოდ ამ გზით უპირველეს ყოვლისა არ მოვხაზე ეს ჭვრეტა” (14,B.203; A163). ეს პრინციპი ვრცელდება ყველაფერზე, რაც საერთოდ დროსა და სივრცეში წარმოიდგინება და რასაც დროსა და სივრცეში უკავია ადგილი.
თავის მხრივ, რასელის “კვაზი-მუდმივობის” პოსტულატის თანახმად, მზე, მაგალითად, არის ხდომილებათა ანუ მზის ცვალე-ბადობათა თანმიმდევრობა. აქ რასელი ხდომილებათა განუწყვეტელობაზე საუბრობს. განსხვავება რასელსა და კანტის მაგალითებს შორის ის არის, რომ უკანასკნელი “სუბსტანციის”, “საგნის” ცნებებს იყენებს, პირველი კი მოხსნის მათ. თუმცა აშკარაა რომ რასელის “ფსევდო-მუდმივობაც” საგნის რაღაც გარკვეულობაა.
რასელთან, ისევე როგორც კანტთან, საუბარია მეცნიერების დაფუძნებისათვის აუცილებელ წინასწარ, წანამძღვარ დებულებებზე. მართალია, რასელი აქაც ჰიუმის ასოციაციის კანონების მსგავს დებულებებს გვთავაზობს; მაგრამ ჰიუმის დებულებებისგან განსხვავებით, რასელი ცდილობს დაძლიოს ფსიქოლოგიზმი და წამოაყენოს მეტნაკლებად ფორმალურ-ლოგიკური ხასიათის დებულებები, ჰიპოთეზები. თუმცა ს. წერთლის აზრით, რასელის პოსტულატები “ლოგიკის გარეშე” პრინციპებია (16,256).
რასელის პოსტულატთა ლოგიკური აუცილებლობა და გამოცდილებამდე “მოცემულობა” იმაზე მეტყველებს, რომ რასელი ემპირიის ასახსნელად ერთგვარ აპრიორულ დებულებებს გვთავაზობს. მართალია კანტის “აპრიორის”, როგორც ჩვენი ცდის მოწესრიგების პირობას, რასელი უნდობლობას უცხადებს, მაგრამ საკუთრივ მისი “მეცნიერული დასკვნის პოსტულატები” წარმოადგენენ ერთგვარ აპრიორულ და ამავე დროს არაანალიზურ მსჯელობებს – ერთგვარ აპრიორული ფორმით მოცემულ რწმენას (მაგალითად, რასელი წერს, რომ მიზეზობრივი ხაზების რწმენა აპრიორული ფორმითაა შესაძლებელი (35,501)). პოსტულატთა ამგვარი აპრიორულობა რასელის თეორიაში კანტის გავლენაზე მიუთითებს. კანტიც და პოზიტივისტებიც a priori-ს წარმოადგენენ, როგორც წანამძღვარს, რომლის გარეშეც ადამიანური შეემეცნება შეუძლებელი იქნებოდა.
კანტის თეორიის უშუალო გავლენის შედეგია “სენსიბილიის” ცნება. რასელის თანახმად, სენსიბილიები, არის ობიექტები, რომელთაც იგივე მეტაფიზიკური სტატუსი აქვთ, რაც გრძნობად მონაცემებს, მაგრამ არცერთი ცნობიერებისათვის არ არიან მოცემული. სენსიბილიასა და გრძნობად მონაცემს შორის ის არსებითი განსხვავებაა, რომ უკანასკნელი ყოველთვის მოცემულია გამოცდილებაში (სენსიბილია შესაძლებლობაა, გრძნობადი მონაცემი კი აქტუალობა). სენსიბილია გრძნობად მონაცემად მაშინ გადაიქცევა, როცა ჩაერთვება უშუალო ცოდნის, ნაცნობობის (acquaintance) მიმართებაში, ანუ უშუალოდ გახდება ცნობილი (66,148-149).
რასელის თანახმად, “სენსიბილია” არ არის მყარი პუნქტი. მაგრამ სამყაროს ჩვენს მიერ შექმნილ სურათში ის ნაკლებ ჰიპოთეზური არსი ანუ ყველაზე მისაღები არსია. როგორც ითქვა, რასელისათვის მეცნიერული ფილოსოფიის მიზანი მეტაფიზიკური ცნებებისაგან განთავისუფლებაა. “ნივთი”, “სუბსტანცია” და ა. შ. თავის მხრივ ნავარაუდები, დასკვნით მიღებული არსებია. მაგრამ მათი მთავარი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი წმინდა მეტაფიზიკურია და კავშირი არა აქვთ რეალურ ფიზიკურ სამყაროსთან. “ოკამის სამართებლის” პრინციპი კი ფილოსოფიიდან ამგვარ “ზედმეტ”, არააუცილებელ არსთა მოხსნას მოითხოვს. ამიტომ, რასელის აზრით, მეცნიერული ფილოსოფიის უმთავრეს მაქსიმად უნდა იქცეს დებულება, რომლის თანახმადაც, სადაც კი შესაძლებელია, გამოყვანილი, არსები (არსები, რომელთა შესახებ ცოდნა მხოლოდ დასკვნით გვეძლევა) შეიცვალოს ლოგიკური კონსტრუქციებით (62,155) _ ნაკლებ ჰიპოთეზური არსებით. საბოლოო ჯამში, როცა სამყაროს სურათი აიგება, ეს კონსტრუქციებიც უნდა მოიხსნას, რადგან მაშინ უკვე მათი საჭიროება აღარ იარსებებს. რასელის თეორიის თანახმად, მხოლოდ ის ჰიპოთეზური არსებია დასაშვები და მისაღები, რომლებიც აშკარად ავლენენ კავშირს შეგრძნებათა, გრძნობად მონაცემთა სამყაროსთან, ანუ უფრო ნაკლებად ჰიპოთეზური და მეტად დამაჯერებელი არიან, ვიდრე მეტაფიზიკური ცნებები. ამგვარი მისაღები გამოყვანილი, ნაკლებ ჰიპოთეზური არსებია სწორედ სენსიბილიები და სხვა ადამიანთა გრძნობადი მონაცემები. მთავარი პირობა რასაც რასელი ამგვარ მისაღებ არსებს უყენებს არის ის, რომ ისინი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ჰგავდნენ იმას, რისი არსებობაც გამოცდილებაში სახეზეა (ანუ გრძნობად მონაცემს) და კანტის თავისთავადი ნივთის მსგავსად, არ იყვნენ იმისაგან სრულიად განსხვავებული და მოწყვეტილი, რისგანაც ნომინალურად მაინც დაიშვებიან (იქვე, 157). რასელისათვის, ჩანს, სწორედ ამგვარი განცალკევებაა ნოუმენის მთავარი ნაკლი. მისი აზრით, კანტის “თავისთავადი ნივთი” ძალიან წააგავს “სუბსტანციის” ცნებას, რომელიც ფილოსოფიაში უმთავრესი შეცდომის ერთ-ერთი წყაროა. რასელი მიიჩნევს, რომ ყველაზე მეტად სწორედ “სენსიბილია” ჰგავს იმას, რაც გამოცდილებაში მოგვეცემა. “სენსიბილია” ის ცნებაა, რომელიც მეცნიერულ ფილოსოფიაში არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ, გარკვეულ წილად, მიზანშეწონილიც. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ სენსიბილია არ შეიძლება კანტის “ნოუმენი” იყოს, ვინაიდან უკანასკნელი მთლიანად არაემპირიულია და დროსა და სივრცის მიღმა არსებობს.
გარდა ამისა, სენსიბილიის თეორიაზე მუშაობისას რასელმა ჩამოაყალიბა ასევე სივრცისა და დროის კონცეფცია, რომელიც “ბუნებისმეცნიერების მეტაფიზიკურ საწყისებში” გადმოცემული შეხედულების მსგავსია. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კანტი საუბრობს ემპირიულ, ფარდობით სივრცეზე და აბსოლუტურ სივრცეზე, რომელიც ნებისმიერი მოცემული ემპირიული სივრცის მიღმა მოიაზრება როგორც უძრავი. ამგვარი სივრცე კანტისათვის გამართლებულია როგორც არა ცნება ობიექტის შესახებ, არამედ როგორც მხოლოდ გონების იდეა. რასელის კონცეფციის თანახმად, ყოველი აღმქმელი, დამკვირვებელი თავისი ხედვის წერტილით საკუთარ ინდივიდუალურ სამყაროში (private world) არსებობს. ამ სამყაროს შეესაბემება დამკვირვებლის სუბიექტური სივრცე (private space), რომელშიც აღმქმელის გრძნობადი მონაცემებია მოქცეული და განსხვავდება ფიზიკის, საზოგადო სივრცისაგან. რასელის აზრით, ორი ადამიანის გრძნობადი მონაცემი რაც არ უნდა ჰგავდეს ერთმანეთს, მაინც არაა იდენტური. ორ ხედვის წერტილს შორის ყოველთვის შესაძლებელია არსებობდეს ასპექტები უნივერსუმისა, რომლებიც აღმქმელის არსებობის შემთხვევაში გრძნობად მონაცე-მებად შეიძლება იქცეს. სამყაროს აღქმული და აღუქმელი ასპექტების სისტემას რასელი პერსპექტივების (perspective) სისტემას უწოდებს. ინდივიდუალური სამყარო აღქმული პერსპექტივაა; მაგრამ შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობა აღუქმელი პერსპექტივებისა (64,93). ყოველ პერსპექტივას თავისი საკუთარი, სუბიექტური სივრცე აქვს. არსებობს იმდენივე ინდივიდუალური სივრცე, რამდენი პერსპექტივაცაა. მაგრამ არსებობს მხოლოდ ერთი სივრცე რომლის ელემენტებიც თავად ეს პერსპექტივებია (თითოეული თავისი ინდივიდუალური სივრცით). ამ სივრცეს რასელი პერსპექტივა-სივრცეს (perspective-space) უწოდებს. უკანასკნელი პერსპექტივათა შორის მიმართების სივრცეა. მას ვერავინ აღიქვამს და მის შესახებ ცოდნა მხოლოდ დასკვნით გვეძლევა. სენსიბილიების ადგილი სწორედ პერსპექტივებშია ამბობს რასელი.
აქ ერთ მნიშვნელოვან გარემოებასაც უნდა გაესვას ხაზი. მართალია, რასელი არასწორად განმარტავს და გარკვეული აზრით უარყოფს კანტის თავისთავადი ნივთის თეორიას; მაგრამ “სენსი-ბილიების” და ასევე ობიექტური და სუბიექტური სივრცე-დროის საკუთრივ რასელისეული კონცეფცია კანტის თეორიის გავლენას განიცდის. რასელი შეეცადა მეცნიერულ ფილოსოფიაში შეენარ-ჩუნებია ცნება არსისა, რომელიც აღძრავს, იწვევს ჩვენს შეგრძნებებს და ამასთან მხოლოდ დასკვნით ხდება ცნობილი. თავისთავადი ნივ-თის რასელისეული ინტერპრეტაცია, კანტის ფილოსოფიის “მეტაფიზიკისგან გაწმენდის” კიდევ ერთ ნეოპოზიტივისტურ მცდელობას წარმოადგენდა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ კანტის ნეოპოზიტივისტური ინტერპრეტაციის საფუძველზე შექმნა რასელმა თავისი ახალი, ზემოხსენებული კონცეფცია “სენსიბილიებისა”, როგორც მეცნიერული სისტემისთვის აუცილებელი ჰიპოთეზა.
ცოდნისა და რწმენის რაობის საკითხი რასელმა ნეოპოზიტივისტურად გადაწყვიტა. ცოდნა მან გაუიგივა იმას, რასაც კანტი შეხედულებას (ალბათობას) უწოდებს და არ გამოირიცხავს შემეცნების პროცესიდან, მაგრამ გამორიცხავს დასაბუთებაში. კანტთან შეხედულება ნაკლოვანი შემეცნებაა. ამიტომ რასელისათვის, რომელიც არჩევანს რწმენა-შეხედულებზე, დარწმუნებულობაზე აკეთებს, შემეცნება ნაკლოვანია. მასთან ცოდნა, საბოლოო ჯამში, მსჯელობის სუბიექტურ უეჭველობაზე დაიყვანება. აქაც, ისევე როგორც მთელს გნოსეოლოგიაში, რასელი ჰიუმისტურ არგუმენტებს იშველიებს; მაგრამ კანტის გავლენა მასთან მაინც სახეზეა. ეს უკანასკენლი ჩანს რასელთან იმ პუნქტშიც სადაც რასელი რწმენა-ემოციაზე საუბრობს. კანტის მსგავსად, რასელიც იტყვის რომ რწმენის თეორიული დასაბუთება არ შეიძლება.
რასელის მიერ კანტის თეორიის ანალიზი ნათელს ფენს იმ გარემოებას, რომ რასელის გნოსეოლოგიური კონცეფცია კანტის მოძღვრების არც თუ უმნიშვნელო გავლენას განიცდის. ხოლო ეს გავლენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმას, რომ კანტის შემდგომი ევროპული ფილოსოფია, გარვეული აზრით, მართლაც კანტის ინტერპრეტაციათა ისტორიაა.

ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინსტიტუტი. 2006 წ.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ბეჭდური არქივი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: