Posted by: burusi | 05/02/2010

სერგო ზაქარიაძე – ბიოგრაფია

სერგო ზაქარიაძე

სერგო ზაქარიაძე – Sergo Zakariadze (1909-1971)

სერგო ზაქარიაძე დაიბადა 1907 წელს ქალაქ ბაქოში, ქართველი რკინიგზელის ოჯახში. მალე იგი მშობლებთან ერთად ზესტაფონში გადადის საცხოვრებლად, 1922 წელს სერგო თბილისშია, აკ. ფაღავას თეატრალურ სტუდიაში აბარებს გამოცდას, მაგრამ მცირე ასაკმა ხელი შეუშალა ჩანაფიქრი განეხორციელებინა. ორი წლის შემდეგ იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. 1926 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში, 1928-დან იყო კ. მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული თეატრის (შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) მსახიობი. 1932 წელს სერგო ზაქარიაძე თბილისის ,,დინამოს” ფეხბურთელთა გუნდის მარჯვენა გარემარბია.
1926 წლიდან იწყება ს. ზაქარიაძის აქტიური მოღვაწეობა. იგი მუშაობს ქუთაისის და თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში, ხოლო 1956 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია; 1969 წელს სათავეში ჩაუდგა მას, როგორც თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი მეთაურობით ქართული თეატრი საერთაშორისო სარბიელზე გავიდა _ თეატრმა გასტროლები გამართა რუმინეთისა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკებში.
ზაქარიაძე 1955-1960 წლებში სცენურ მეტყველებას ასწავლიდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში.
1946 წელს მსახიობს მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება. 1958 წელს ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში სერგო ზაქარიაძემ საყოველთაო აღიარება მოიპოვა. დეკადის დღეებში მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. სერგო ზაქარიაძე იყო სახელმწიფო და ლენინური პრემიების ლაურეატი.
დიდი ხელოვანი გარდაიცვალა 1971 წლის 13 აპრილს. 17 აპრილს მსახიობის ცხედარი მთაწმინდის მიწამ მიიბარა.

შემოქმედება

ს. ზაქარიაძე ერთნაირი სიძლიერით ძერწავდა კომედიურ და ტრაგედიულ როლებს. მისი გმირები გამოირჩევიან მაღალი ჰუმანური და მოქალაქეობრივი სულისკვეთებით. სერგო ზაქარიაძე შექმნა ოიდიპოს მეფის, ბეკინა სამანიშვილის, მეფე ლირის, კრეონის, ჰიგინსის, ურიელ აკოსტასა და სხვა ერთმანეთისაგან დიამეტრალურად განსხვავებული გმირების განუმეორებელი სახეები.
მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: რევოლუციონერი დომენრი ( დადიანის “ნაპერწკლიდან”, 1937), ჯიბილო (კაკაბაძის “კოლმეურნის ქორწინება”, 1945), გიგაური (მოსაშვილის “მისი ვარსკვლავი”, ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, 1952), გიორგი ( თაბუკაშვილის “რაიკომის მდივანი”, 1954). რომანტიკული ელფერით გამოირჩეოდა ზაქარიაძის მიერ შესრულებული როლები ბაგრატიონისა (სამსონიას “ბაგრატიონი”, 1944), ბახასი ( ვაჟა-ფშაველას “მოკვეთილი”, 1945), მეფე დავითისა ( გოთუას “დავით აღმაშენებელი”, 1946), ბესიკ გაბაშვილისა ( გოთუას “მეფე ერეკლე”, 1942).

უარყოფით როლებს ზაქარიაძე ასრულებდა მგზნებარე მამხილებელი პათოსით, იგი დაუნდობლად ხდიდა ფარდას ადამიანურ მანკიერებებსა და ცხოვრების მახინჯ მოვლენებს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ამ მხრივ თინიბეგი მრევლიშვილის “ზვავში” (1956). მახვილი კომედიური ნიუანსებით ძერწავდა მსახიობი სახასიათო როლებს (კავალერი რიპაფრატა, გოლდონის “სასტუმროს დიასახლისი”, 1952).

შემოქმედებითი აზრის სიმწიფე, რომანტიკული მგზნებარება ახასიათებდა ზაქარიაძის მიერ რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შესრულებულ როლებს:ქადაგი (“ბახტრიონი”, ვაჟა-ფშაველას მიხედვით, 1960), ფიროსმანი ( ნახუცრიშვილის “ფიროსმანი”, 1961). ნატიფი ფსიქოლოგიური ნიუანსებით, მრელვარე თანაგრძნობით დახატა ზაქარიაძემ ოიდიპოს მეფის სახე ( სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე”, 1956), რომელშიც ადამიანის სულიერი სილამაზის, მისი გონების სიდიადის მაღალი რწმენა ჩააქსოვა, სატირული სიმძაფრით იყო აღჭურვილი მისი შუისკი ( პუშკინის “ბორის გოდუნოვი”, 1957).

1934 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. შეასრულა როლები: თორღვაი (“უკანასკნელი ჯვაროსნები”, 1934), შადიმან ბარათაშვილი (“გიორგი სააკაძე”, 1942-1943, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია), ფოსტალიონი გიორგი (“დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, 1960).

მსოფლიო აღიარება მოუტანა მსახიობს ქართველი გლეხის _ გიორგი მახარაშვილის როლმა რ. ჩხეიძის ფილმში ,,ჯარისკაცის მამა”.
1965 წელს გაზეთი ,,ლიტერატურნაია როსია” წერდა: ,,როგორ გამოუცვნია მსახიობ სერგო ზაქარიაძეს ეს განუმეორებელი ინტონაცია, ნაზი, თითქოს დედობრივი ღიმილი გლეხისა, რომელიც მიწას ელაპარაკება, მხრების ეს ბედნიერი მოშვება. იმდენი სიმშვიდე და სიწყნარეა მის გმირში, იმდენი დაუჯერებელი ძალა და სამართლიანობაა, რომ ფიქრი სიცოცხლის დაუსრულებლობაზე, დაუბერებლობაზე ხელშესახები, ნივთობრივი ხდება”.
გაზეთმა ,,იზვესტიამ” კი ჯარისკაცის მამის როლის შემსრულებელს ,,მშობლიურ მიწაში ღრმად ჩამჯდარი კვანძიანი ძველი ფესვი” უწოდა.
1965 წელს მოსკოვში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც ჩატარდა დევიზით ,,კინოხელოვნების ჰუმანიზმისათვის, ხალხთა შორის მშვიდობისა და მეგობრობისათვის”, წარმოდგენილი იყო 67 ქვეყნის კინოხელოვნება, მათ შორის ქართული მხატვრული ფილმი ,,ჯარისკაცის მამა”. ფესტივალის ჟიურიმ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის დაწესებული პრიზი სერგო ზაქარიაძეს მიაკუთვნა.
კინოფილმ ,,ჯარისკაცის მამაში” ქართველი გლეხის კოლორიტული სახის შექმნისათვის სერგო ზაქარიაძეს 1966 წელს ლენინური პრემია მიენიჭა. ,,ჯარისკაცის მამამ” ტრიუმფით მოიარა მსოფლიოს ეკრანები და მილიონობით ადამიანებს დაანახა ქართველი კაცის სულიერი სამყარო, იდეური სიმტკიცე და შემართება.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: