Posted by: burusi | 05/02/2010

რუდოლფ კარმანი: “გრიგოლ რობაქიძე და მითოსის აღორძინება”

გრიგოლ რობაქიძე, 1928 წ

გრიგოლ რობაქიძე – Grigol Robakidze

(მაგიური ძალა დიდი ქართველის პოეტურ შემოქმედებაში)

1962 წლის ნოემბრის 19 სამუდამოდ გამოგვეთხოვა, მარტოდ შთენილი, თითქოს ყველასაგან მიტოვებული, მყუდროებაში მყოფი დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე გრიგოლ რობაქიძე.

ის გაშორდა ამქვეყნიურ ცხოვრებას… თავის სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, გრიგოლ რობაქიძე იყო გონებით და სულით ძლიერი, გოლიათივით ???? ღიმილი… იგი იყო ალესილი შემოქმედებით, ვით საკურთხეველზე ჩაუქრობელი ცეცხლი. გრიგოლ რობაქიძის ჩაუქრობელ პოეტურ მადლიან სულში თავმოყრილი იყო უშრეტი გეგმები უკვდავი შემოქმედებისა.
გრიგოლ რობაქიძე ფლობდა გოლიათურ ენერგიას. მაგრამ წლების განმავლობაში მას კლავდა და სულს უფერფლავდა ჯავრი, ღვენთავდა ვარამი სამშობლოსი. სამშობლოს ვარამს იგი განიცდიდა მთელი სიმწვავით, როგორც ჩაუქრობელი ცეცხლი სწვავდა მას, მაგრამ წვაში არ იფერფლებოდა… გარნა ცოცხლობდა…

სამშობლოს, საქართველოს სიყვარული, გრიგოლ რობაქიძისა, დაუცხრომელი სულის მარადიული ღელვა იყო. სამშობლო დასტოვა მან ბავშვივით ატირებულმა და ამ ქვეყნიდან განვიდა მარადისობაში, საქართველოსთან განშორების ლამაზი სევდით.
მას გულს სტკენდა და უიმედობას უნერგავდა ადამიანების მერყეობა… ადამიანთა სულის ცვალებადობა… მას შიშს ჰგვრიდა და ჰბოჭავდა მსოფლიოში გაბატონებული უღმერთობის გრძნობა. გრიგოლ რობაქიძისათვის უკანასკნელი უზენაესი საყრდენი იყო: ღმერთი!
მუდმივ შემოქმედებაში მოუდრეკელი მწერალი უკანასკნელად თითქოს მოიღვენთა სულით. სამშობლოს სევდით დასევდიანებული პოეტი წავიდა ამ ქვეყნიდან უსაზღვრო მარადისობაში… შორს ყველასაგან… გულგატეხილი… და თან წაიღო უსაზღვრო სიყვარული სამშობლოსი, რომლის ნახვას ბავშვივით შესტრფოდა პოეტი.

გრიგოლ რობაქიძე დაბადა 1884 წლის ოქტომბრის 28-ს სოფელ სვირში, იმერეთში, საქართველოში. ის სწავლობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და რუსეთში. მას შემდეგ ცხოვრობდა თბილისში, სადაც ის იღწვოდა ლიტერატურასა და თეატრალურ დარგში. აგრეთვე თავის ღონეს არ ზოგავდა ქართული ეროვნული ფილმის ასაღორძინებლად.

1919 წელს რობაქიძემ დაამთავრა თავისი პირველი ნაწარმოები მისტერია “ლინდა”, რომელიც თავის უბრალოებითა და საორკესტრო ფორმით, ემსგავსება ბერძნულ ტაგედიას. ის გამოწვეულია უმთავრესად მისი მაგიური გამოვლინებითა და შინაგანი მუსიკალური კომპოზიციით.
შეგვიძლია მოვიყვანოთ რომენ როლანის აღფრთოვანება, რომელმაც თქვა შემდეგი: – “ჩემის აზრით ეს ხელოვნება უახლოვდება ჩვენი დიდი მუსიკოსების, ვიდრე პოეტების ხელოვნებას!” ე.ი. მუსიკიდან მოდის მისი თხრობაო.

1926 წელს გამოვიდა მისი პირველი რომანი “გველის პერანგი”, რომანი ქართველი ხალხისა. ამ რომანით გრიგოლ რობაქიძემ დიდი სახელი გაითქვა. ეს თხზული შევიდა ქართულ ეროვნულ შეგნებაში, ვითარცა მითოსი ხალხის დგენისა.
ამ წიგნში, რომელიც პოეტმა დასწერა შინაგანი სამყაროს გაშლით, გახელებული გულით, იგი თვალისმომჭრელი სურათებით ხსნის აღმოსავლურ საიდუმლოებას და გადაშლის ძველი ინდო-ევროპული და ირანის საიდუმლოებებით მოცულ ეპოსს. ამავე დროს ის ხსნის რევოლუციურად აღგზნებული რუსეთისა და კავკასიის კულტურის შებმას. თხრობა აქ სულის სიღრმიდან მოედინება.

1929 წელს გამოვიდა რომანი “მეგი – ქართველი ასული”, (“მეგი – აინ გეორგინე”) რომლის თავდაპირველი ქართული სათაური იყო – “მედეას ნაწნავები”. ამ თხზულში ცდაა რეალურ ქალწულში კოლხეთი მითიური ქალის მედეას გაცოცხლებისა. აკადემიკოსი მარსელ ბრიონი ამ წიგნს “მსოფლიო ლიტერატურის დოღის ცხენს” უწოდებს.

1929 წელს დაწერილ მოთხრობაში “მაგიური წყაროები” ქართული სათაურით “ენგადი” რობაქიძე მისტიურ ახსნას აძლევს მთიელთა ტომის ხევსურების წმინდა ეროტიკას – სწორფერობას.
დრამა–მისტერია “ლამარაში” მოცემულია მითოსი მიუვალ მთებში შეხიზნული ქართველი ერის ერთ-ერთი ძველი ფენის ხევსურების ყოფა-ცხოვრება, სადაც ღვთის შვილები მუსიკოსობენ. ამ დრამა-მისტერიას დიდი მიღწევა ჰქონდა სსრ კავშირში. ეს დრამა-მისტერია ჩაისახა თბილისში 1924 წელს. იგი დაიდგა 1926 წელს მან მოაჯადოვა მაყურებელი.

1930 წელს, მოსკოვში, თეატრალურ ოლიმპიადაზე, ზაფხულში “ლამარა” დადგა რუსთაველის აკადემიურმა თეატრმა სანდრო ახმეტელის ხელმძღვანელობით. ის დაიდგა მოსკოვში 8-ჯერ. ამ თვალწარმტაც სანახაობას დასწრებია სტალინი, რომლისათვისაც თეატრის დასს მეორეჯერ უჩვენებია ცარიელ დარბაზში დრამა-მისტერია. სტალინი აღფრთოვანებულა და ასე უთქვამს: “ლამარა” მაგარი სილის გარტყმაა მე-2 ინტერნაციონალის მესვეურებზე, რომლებმაც მთელს ქვეყანას მოსდეს საქართველოს გათელვაზე ხელისუფლების მიერ”.

გრიგოლ რობაქიძემ შესძლო 1931 წელს საბჭოეთი დაეტოვებინა და საზღვარგარეთ გასულიყო. ამას პოეტი “ლამარას” ცხოველმყოფელობას უნდა უმადლოდეს. პოლიტბიუროს გადაწყვეტილი ჰქონდა ოლიმპიადაზე გამარჯვებული ქართული თეატრის ევროპაში გამოგზავნა, რომ მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა “თუ რა კულტურული ცხოვრების გაშლის საფუძველი საბჭოთა ხელისუფლებამ ყველა ხალხებსო”.
1931 წელს რობაქიძე ბერლინშია. ბერლინში გამოდის მისი რომანი “ჩაკლული სული” (გერმანულ ენაზე “დი გემორდეტე ზეელე”), სადაც ევროპელი მკითხველისათვის ააშკარავებს ბოლშევიზმის არსს და ამ არსში საქართველოს შვილთა ცხოვრებას. რომანში მწერალმა ბოლშევიზმი გაშალა პოეტური პერსპექტივებიდან და გადაუშალა იგი ევროპას, როგორც რთული მოვლენა ვიდრე ფიზიკურ-ხელშესახები. ამ რომანში პოეტმა შეჰქმნა გასაოცარი ხელოვნებით “მითიური სახე” თავისი თანამემამულისა და ანტიპოდის ჯუღაშვილი-სტალინისა.

რომანი “ქალღმერთის შეძახილი” (“დენ რუფ დენ გოტტინ”), რომელიც გრიგოლ რობაქიძემ 1933 წელს შეთხზა გაშლილია საქართველოს თვალწარმტაცი მთიანი მხარის მითოსი. ამ რომანში გასაოცარი სახით შერწყმულია ქრისტიანული სარწმუნოება და უძველელი კერპთაყვანისმცემლობა. აქ გვევლინება ტყის ღმერთი ქალი “დალი”, რომელიც სხეულებრივ ფორმას.
1937 წელს გამოდის “მცველნი გრაალისა” (“დი ჰიუტერსდეს გრალს”). ამ რომანში მოაზროვნე იძლევა საქართველოს მომავლის მტკიცე იმედს. აქ გადაშლის მწერალი სიძნელეების გადალახვის რწმენას. ეს მომავალი კი შეიძლება მიღწეული იქნეს გმირული გამძლეობითა და ეროვნული სულის შინაგანი გამოვლინებით. ამ რომანის მთავარი გმირია ლევანი.

თავის დიდ ნათხზში, რომელსაც ჰქვია “დემონი და მითოსი” (“დემონ უნდ მითოს”) გრიგოლ რობაქიძე იძლევა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცხოვრების არსის აზრობრივ მეტაფიზიკურ განმარტებას. აქ ის ნათლად გვიშლის თავის ეთიურ ამო[ხს]ნას. ის წარმოგვიდგენს გოეთეს, როგორც უპირველესს, რომელიც მითიურად მზერს ჩვენი დროის ევროპას. გარდა ამისა გრიგოლ რობაქიძე აკრიტიკებს ევროპულ-ამერიკულ ცხოვრების სულს, როგორც გაუღმერთებელი სამყაროს შედეგს.
***********
აქ აკლია საკმაოდ ზორბა მონაკვეთი, თითქმის იმდენი, რაც დასაწყისიდან აქამდე.
***********

როგორც ტრადიციათა ჯაჭვი უწყვეტი მუხლუხი, ხოლო დასავლეთში “შვილი” განყენება, დარღვევა ტრადიციათა ჯაჭვისა. მარცვალი გრიგოლ რობაქიძის მთელი სიცოცხლისა და შემოქმედებისა არის შემეცნება. ყოველი სულიერი არსება ადამიანი, სიკვდილის შვილია, მაგრამ უხილავ მარადიულ ღვთაებრიობას იგი თავის თავში ატარებს.
ხელოვნების მიზანია უხილავი სული ღვთაებრიობის შესაგრძნობი გახდეს. განასახიეროს იგი დიად სახეობაში. თუ შემოქმედება ეს მარადიული ღვთაებრიობა არ შეიგრძნო, მაშინ ის ხელოვანი როდია სხმული მისი ხელოვნება არ არის. ამ არსიდან გამოდის მოკვდავი და უკვდავი საგალობელი ჰანგებისა, რომ მოყოლილი თვითონ ისხამდეს სხეულს.
ეს არის საიდუმლო – მაგი გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებისა.

გილგამეშის სოფლსახეობა, ვითარცა დამადასტურებელი ძველი სამყაროსი, გრიგოლ რობაქიძემ ღრმად აღიქვა მისი საიდუმლოება ამ უკვდავი შემოქმედებისა. მაგი სიტყვისა ჟღერს ხმაში.
ეს მაგი ქმნიდა ხშირად ფშავ-ხევსურულ კილოს, რომელიც არის ერთი უძველესი ძირი უძველესი ქართულისა, მაგრამ არა არქაული, არამედ ცოცხალი.

გრიგოლ რობაქიძის ენა ლაკონიურია, სიტყვები ძირმაგარი, ძარღვიანი. ლითონია ხმა ხევსურისა. ასე ლაპარაკი შეუძლიათ მხოლოდ უძველეს ადამიანებს. გრიგოლ რობაქიძემ ამოხელა კილო და თხრობა ხევსურისა, ქისტისა, მეგრელისა და სვანისა. აქ ჰპოვა მან მარაგი თავისი შემოქმედებისა. როგორც ქარიშხალი, როგორც ჟღერადი ლითონი მონავარდობენ სიტყვები და ელავენ თვალწარმტაცი სურათები “ლამარაში”. სიტყვები მოლივლივებენ აგრეთვე ჯადოსნურად გაკეთებულ, საოცრად დაოსტატებულ ნოველაში “იმამ შამილი”, სასწაულებრივი და განუმეორებლივი ცეცხლოვანი ენა გრიგოლ რობაქიძისა. ცეცხლის ამძაფრება ეკუთვნის მას, გრიგოლ რობაქიძეს. მისი შორსმჭვრეტელი თვალები გასცემს პირველქმნილ ადამიანს აღტაცებას, რომელმაც ცეცხლი აღმოაჩინა. მისი შემოქმედების სახეები არის მწიფე ***** მითოსისა და ცეცხლისაგან ცეცხლის ნატეხი გილგამეშისა და ელიასი. გაუგონარია რობაქიძის ენის პლასტიურობა, ასე გგონიათ პოეტში ბაკხანური გენია გამოფხიზლებულაო.

არ იქნებოდა ინტერესს მოკლებული გვეთქვა და გაგვერკვია ის კავშირი, რომელმაც წარმოშვა შინა-სახე – იდეა გრიგოლ რობაქიძეში “ლამარას” წარმოსახვისა. “ლამარა” ასე ადვილად არ ზმულა. მისი ზმა დასჭირდა წლები. მე-4 აქტი გრიგოლ რობაქიძის დრამატული სიმფონია-დრამისა “ლამარასი” წარმოიშვა შემდეგ ვითარებაში: იმ ხანებში გარდაიცვალა საქართველოს ორფეოსი, მეგობარი გრიგოლ რობაქიძისა ვანო სარაჯიშვილი. ასე გამოთქვამს პოეტი თავის განცდის შესახებ: “იმ დროს როცა ვანო სასიკვდილოდ იყო დავარდნილი “ლამარას” ვწერდი… დავმარხეთ განსვენებული. შევუდექი მე-4 “კამარას”. მოვათავე ისე, რომ ერთი სიტყვა რაა… შესწორება არ დამჭირვებია. გულისტკივილი თუ იქცა სინათლედ… სხვანაირად ვერ ამიხსნია ეს საოცარი მოვლენა.

მე არ ვიყავ, ეს რომელმაც ის დასწერა, არამედ ვიღაც ჩემში. ის მიკარნახებდა ყველაფერს” – ამბობს გრიგოლ რობაქიძე.
ასე წარმოიშვა თვალწარმტაცი, ჯადოებისაკენ მომყვანი, განუმეორებელი მე-4 აქტი “ლამარასი”, ვითარ ნაყოფი ხალასი ინსპირაციისა ალბათ სამუდამოდ დადუმებულმა ორფეოსმა არგუნა პოეტს ეს დიდი მადლი.
“ლამარას” და საერთოდ გრიგოლ რობაქიძის ყველა თხზულს ახასიათებს შინაგანნი მუსიკალური აღნაგობა. “ლამარა” ხომ პირველი სტრიქონიდან უკანასკნელამდე ხსენებული პრინციპითაა გამართული.

“მსოფლიოს ციურისა და მიწიერის პირვანდელი მიწიერი ძალები: მზე, მთვარე, და დედამიწაზე ის რაც იზრდება, ხარობს, რაც ხდება, ქარი თუ წყლის ჩანჩქერის ჩხრიალი, ბუნების კისკისი, სივცე თუ უდაბნო ქვისა მცენარის ყვავილობა თუ წვა… ცეცხლი პირიტყვთა თუ უტყვთა… ყველა ეს ცხოვრობს მეორე ცხოვრებით ადამიანის შინაგან სამყაროში და უერთდება მაგიურ წესს, რომელიც საკრალური წესით კანონიერდება”. (“ჰანს პაშკე, ოფენბაუერი დერ ელემენტი”, “ეკკარტ” 1936 წ. N2 ელემენტების აღსარება”) რობაქიძის ადამიანები მის აღწერაში მითიური ფენებიდან ამოდიან.

“ღმერთქალის ძახილში” მოცემულია ტყის ღმერთქალი დალი, ქართული (სვანური) ვარიანტი ჰელინთ არტემიდის და რომაელთა დიანასი თავისი ცეცხლოვანი სუნთქვით. “მეგიში” ზმულია მითიური კოლხი ქალი მედეა, როგორც მისი ხორცი და სისხლი: ბედი მეგისა, არის ბედი მედეასი, მისი ჭირი და ლხინი მედეას ჭირი და ლხინია.

“ჩაკლულ სულში” ზმულია იშტარის მითოსი ჭეშმარიტებაში; აქ მსხვერპლი შეეწირება ნატა თამაზს; ვით არ ღმერთი იშტარ თამუსის, იშტარის მწუხარება, სევდა და უბედობა: ნატას მწუხარება, სევდა და უბედობაა. ამგვარი მსხვერპლის გაღებაა “გველის პერანგში”, სადაც სიბრძნე გველისა შუაგულეთში სდგას. “გველი მსხვერპლს იღებს თვითონ თავისი პერანგით, ამით ის იგებს სიცოცხლეს” (ჰანს პაშკე) სიცოცხლე და სიკვდილი… აქ არ არის წინააღმდეგობა… მთელი სიმძიმე დრამისა მითოსია. მაგრამ მითოსი კოსმიური მოვლენაა და არა ისტორიული.
დრამა “ლმარაში” გრიგოლ რობაქიძემ სოფოკლეს ტრაგედია უკან ჩამოიტოვა.

გრიგოლ რობაქიძის ადამიანები ცხოვრობენ და მოქცეული არიან თავიანთ კანონში. ეს არის ბედის ხვედრილი რაც ბედმა არგუნა მათ. ამ ადამაინთა მოდის ზეიმიდან ზეიმამდე, თითქოს დაუძლეველ და უსასრულო ფერხულში ჩაბმულანო. ზეიმობენ ოჯახში ჩაუქრობელ კერიის გარშემო, ღრეობენ ხატობაში სვანური ფალოსის ზეიმის თავბრუხვევაში, სიხარულსა და მწუხარებაში, განცხრომასა და ლხინში. სიყვარული როდი იწვის მათ დაუშრეტელ აღტაცებაში. შინაგან უმანკოდ ხურს ქართველი ქალი. შეყვარებულნი ყველა მათი გამაბედნიერებელი გრძნობებით მგრძნობარედ გახურებულნი ახლო არიან ერთმანეთთან; მაგრამ ისინი არასდროს არ გადალახავენ უკანასკნელ საზღვარს.
ყველაზე ძლიერი თავშეკავებული სიყვარული, შინაგანი მძლავრი წვით დარჩა ხევსურეთში. მათი სიყვარული ღვთაებრივია.
“სიყვარული ღვთაებრივი რამ არის. თუ მას სხეულით შეეხები – მას ჰკლავ. შეიძლება მხოლოდ იწვოდე, ცეცხლი გეკიდებოდეს… იწვოდე და არ იფერფლებოდე”, – ამბობს ხევსური გრიგოლ რობაქიძის ნოველაში “მაგიური წყაროები”.

შეყვარებულთა ეროტიული ენერგია, როგორც სწორფერთა შესრულებული რჩება, ხოლო წამით აღგზნებული სიყვარულის ძალა პლატონიური “უზენაესობისაკენ” მიილტვის.
რობაქიძის ადამიანები… “არიან არსებანი შერწყმული ბუნების ელემენტებთან როგორც ასეთი, გაზრდილნი და დამთავრებულნი ყოველ ფაზაში თავიანთი არსებობისა, რომლებსაც თავიანთი ფესვები მცენარეებთან მიწაში აქვთ ჩაშვებული”. (ჰანს პაშკე).
გრიგოლ რობაქიძის ადამიანები “ცვივიან, როგორც სათამაშო საგნები, ისინი მიჩქრიალებენ, როგორც ჩანჩქერი კლდიდან კლდეზე გადაგდებული გაუგებრობაში” – ეს სიტყვები ჰილდერლინისა ზედგამოჭრილია ამ ადამიანზე.

… ჭეშმარიტი ეპიურობის სუნთქვას ვგრძნობ ქართველი პოეტის ყველა წიგნში. მისი ყოველი თავი დახუნძლულია ორიენტალისტური საგანძურით, რომელიც დიდებულად, ბრწყინვალედ და დაუზოგავად ანათებს, მაგრამ რობაქიძე არ იბნევა. მან დასავლეთში გაიცნო ფორმა და გოეთეს მოწაფედ რჩება. ყველა მისი წიგნი იმის კონკრეტულ საბუთს წარმოადგენს, რასაც ჩვენ დასავლეთ-აღმოსავლეთში ვუწოდებთ სინთეზს და რომელშიც გოეთეს შემდეგ გერმანული სულის ბედია მოქცეული”. (ო. ფრენკლი).

რობაქიძე უეჭველად უფრო ღრმად ეუფლება და გვამცნობს დასავლეთის ზოგიერთს პრობლემას, ვიდრე თვითონ ჩვენ…
ის გრძობს თავს, როგორც “უძველესი დასავლეთელი” და ეს თავის “ატლანტურ ოცნებაში” (“ატლანტიშერ ტრაუზ”) გამოავლინა. მას, როგორც უძველეს “დასავლეთელს” განსაკუთრებული მისიის შესრულება ხვდა წილად ევროპაში.

თავის “ჰიმნში ორფეოსისადმი” მისი ლირიკის უბრწყინვალეს ზმულში იგი ექსტაზში მყოფი ეაჯება და გრძნეულივით გამოუძახებს ორფეოსს და შესთხოვს შეძახილით დაუბრუნდეს ჩვენს მოდერნულ მოკვდავ ქვეყანას და ჩვენ სიბნელიდან სინათლეზე გამოგვიყვანოს. ის ევედრება ძველის-ძველი საკრალური ხმით, აფიცებს მას არქაული წმინდა ბგერებით თავისი ქართული დედაენით, რომელიც ცოცხალი ნაშთია წინა აზიისა და შუამდინარეთის ძველი გადაშენებული შუმერული და ხეთური ენებისა:
“ჰო, შენ – შემოქმედო! შენისა შენში
შენ სხივო მზისა… ო, დამიბრუნდი ორფელს,
კვლავ მოდი ჩვენთან
ევოე, ევოე, ევოე,
იარალ, არალუუ,
იდილარ იდალაა…”
გრიგოლ რობაქიძე თავის “ესეიში” დებს აზრს, რომ საქართველო არ არის გეოგრაფიულად გასაგები მცნება, თავისი კულტურის სტილით იგი, როგორც ხალხური ფენომენი, განეკუთვნება დასავლეთს. ერთ დროს იგი თავისი კულტურული წრით ეკუთვნოდა ატლანტურ-მედიტერანტულ მაგისტრალს. ეს თეზისი პირველად წამოაყენა ქართველმა სწავლულმა პროფესორმა **. წერეთელმა, რობაქიძე უფრო შორს წავიდა, მისი მტკიცებით საქართველო გვევლინება, როგორც სულიერად ცოცხალი ნატამალი ატლანტელთა, რაც საბოლოოდ დაამტკიცა პროფ. კრისტის თეორიამ. პლატონის მიერ მის დიალოგებში “კრიტია” და “ტიმეოს”-ში განვითარებული კონცეპცია უგზოუკვლოდ დაკარგული ატლანტიკის გამო – ატლანტური მძლავრობის თაობაზე საოცრად მოგვაგონებს ქართველებს. ქართულ ენაში, რომელიც ერთადერთია ძველი სამყაროს ოთხი ენიდან (ჟაკ დე მორგანის მიხედვით): ხეთურის, ეტრუსკულის და ბასკურის გვერდით, ერთმანეთს ერწყმიან, როგორც შემოქმედი ძალები, მითიურის ნასხლეტები. უფრო კონკრეტულია ატლანტური სიძველე. ძველ დროში საქართველოს ერქვა იბერია.

“ქართული” უძველესი ენაა და ეს სახელი მოდის უძველესი წარსულიდან. ქართველი ხალხი ვითარხა ცოცხალი არსი მითიურ პიროვნებად გვევლინება, რომლის სახელია ქართუ ანუ კარდუ, აქედან ქართული ანუ კარდუელი-ქართველი.

საქართველოს რობაქიძის თქმულებათა ძირითად წყაროს, ფესვები აქვს გადგმული ატლანტურ სამყაროში. თვით რობაქიძეც გვევლინება, ამ შუქზე დანახული ჭეშმარიტად “ძველთაძველ დასავლეთელად”. თავისი დასავლურ-აღმოსავლური შემეცნება მას მოაქვს დასავლეთ ევროპაში საკუთარი სამშობლოდან კავკასიის მიუვალი ბუნებიდან და ძველი კოლხეთიდან, როდესაც ჰაერსა და ადამიანში, თვით მიწაში კვლავ ცოცხალია სული სუმერებისა, პრომეთეოსისა და მედეასი.

ცხოვრების მითიურობიდან, რომელიც გრიგოლ რობაქიძემ შეიცნო ვითარცა “მაგნა მატერ”, მან ამოფესვა ძალა ბრძოლისა დემონიურისა ამქვეყნიური ძალების წინააღმდეგ. იმას რასაც ჩვენ ნიცშეს დროიდან ვუწოდებთ დემონიურ საწყისს, შესისხლხორცდა საქართველოს ამ დიდი შვილის ნაწერებში ის აგრეთვე გვიჩვენებს, რომ დიონისური საწყისი ყოველთვის ერთობლივია ტრაგიკულთან.
გრიგოლ რობაქიძის ნაზმი, განსაკუთრებულია… არაჩვეულებრივი. მის ნაწერებში იგრძნობა სიცოცხლის ძირები და მაჯისცემა უკვდავებისა. ამაში მას არ ჰყავს სწორფერი. მითოსია მასში ყველაზე ძიერი ძალა. დროებითი ფორმები თითქოს შერწყმულია ყოფაში, რომლებიც იწვევენ “შემოქმდების ძნელსაწყისს”, ძლიერი აზრით აღსავსეს, როგორც ყველა დიდი, დროის განუსაზღვრელი ნაქმი გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში მარად აწმყოა და უკვდავი. ცნობილი გერმანული ჟურნალი “ეხო დერ ცაიტ” (თებერვალი 1933 წ.) სათაურით: გრიგოლ რობაქიძე – ერთი ნამდვილი პოეტი”, წერს:

“წესი არაა გენიოსად გამოცხადებულ იქნას მწერალი, რომლის შემოქმედება მხოლოდ ორი ნაწარმოებით არის ცნობილი გერმანელი მკითხველისათვის. გრიგოლ რობაქიძის შემთხვევაში ეს გამონაკლისი დასაშვებია.
რამდენიმე წლის წინათ დიდერინის გამომცემლობამ დიდი დამსახურება მოიპოვა იმით, რომ მან გრიგოლ რობაქიძის პირველი წიგნი გერმანულად გადათარგმნილი გამოსცა. იმ წიგნს ერქვა “გველის პერანგი”, ახლა მას მოსდევს მეორე “მეგი – ქართველი ასული”.
რობაქიძის სახელი დღეს სიმბოლოდ არის გადაქცეული; იგი არის სიმბოლო გამოღვძებული აღმოსავლური მწერლობისა, რომელიც უკვე შემდგარია გზაზე, რომელმაც მას მსოფლიო ლიტერატურაში შესაფერი გზა კვლავ უნდა მოუპოვოს.

“გველის პერანგი” და “მეგი” – ორივეს აქვს ქვესათაურად: რომანი, მაგრამ ისინი გაცილებით მეტი არიან, ისინი წარმოადგენენ გიგანტურ ნახატს ხელახლად წამოზრდილი სულისა, რომელსაც უკან დიდი ტრადიცია აქვს.

***** ფორმა რობაქიძის მიერ გასაოცარი დარტყმით დარღვეულია, ენობრივი მელოდია, პოეტური სიღრმე და ხილვითი შემოქმედებითი ძალა ამ ქართველისა საშუალებას არ იძლევა იგი რომელიმე ლიტერატურულ ფორმაში მოათავსოს. ამიტომ ზედმეტია მის წიგნთა სახუროთმოძღვრო აღნაგობაზე, გარეგნულ სახეობაზე იმსჯელო.

რაც რობაქიძის წიგნებს მათ შინაგან ღირსებას ანიჭებს, ეს არის მისტიკური სიღრმე, რითაც იგი მოვლენებსა და ნაკვეთიანობას იპყრობს.
იმჩნევა თუ პოეტი როგორ გააცოცხლებს ათას წლოვან ძველ თქმულებას და როგორ ძალუძს მას მისი სუვერენული გაგრძელება. ხოლო ეს თქმულება, გამოცემა არის უფრო ძველი ვიდრე მთელი ქართული ლიტერატურა.
ბაბილონის ვაკეზე, იმ ჟამად როდესაც ბიბლია ითხზვებოდა, წარმოიშვა მითოსური ეპოსი, რომელმაც აღმოსავლეთის ხალხთა ათასწლოვანი ყოფაქცევა განსაზღვრა. გილგამეშის ლეგენდაა, ძველ ბაბილონელთა მომაჯადოებლური მისნური ფორმულები, არიან მისი დასაბამი, მისი ძირი.
რობაქიძე ოსტატია შემოქმედების უღრმესი საიდუმლოებისა, იგი არის მოგვი სიტყვისა.
სიტყვას მასთან აქვს სიმძაფრე შემლოცველისა; იგი არის შემლოცველი გველისა (მსახვრალი); მან უცებ გამოკვეთა ლიტერატურულად თავისი ჯადო ფორმულები. მისი წიგნების შინაგანი ჯადო მკითხველს ბოჭავს ისე, ვითარცა გრძნების შინაგანი ჯადო ძველი მოგვისა გველს გააშეშებს… გრიგოლ რობაქიძე არის სუვერენი სულისა”…
გრიგოლ რობაქიძე არის სულით არისტოკრატი, სულიერი მეთაური თავისი ხალხისა, წერს გერმანელი მწერალი ფ. ჰოენტი. იგი ქართველი ერის სახალხო პოეტია, ისევე როგორც იყვნენ ექსილე, სოფოკლე, ჰინდარი და ჰომეროსი ჰელადისათვის, გოეთე, ჰოლდერლინი და კლაისტი გერმანიისათვის. გრიგოლ რობაქიძე მისი პოეტური შემოქმედებით ნამდვილი სახალხო მგოსანია”.
ნამდვილი ეპიკის სუნთქვას გრძნობს კაცი ქართველი მწერლის ყველა წიგნში – წერს ო. ფრენკელი. თითოეული თავი გაჭედილია ორიენტალური საგანძურით, რაც დიდად ბრწყინვალედ ანათებს. მაგრამ რობაქიძე თავს არ ჰკარგავს. მან დასავლეთში შეითვისა ფორმა და არ ივიწყებს, რომ იგი გოეთეს მოწაფეა. ყველა მისი წიგნი გვაწოდებს მართლაც კონკრეტულ სურათს, რომელსაც ჩვენ დასავლურ-აღმოსავლურ სინთეზს ვუწოდებთ და რომელშიც, გოეთეს შემდეგ, გერმანული სულის ბედია ჩამწყვდეული”.
ცნობილი გერმანელი მწერალი ვილჰელმ შეფერი “დემონი და მითოსის” წაკითხვის შემდეგ სწერდა “განსაკუთრებით აღმაფრთოვანა რობაქიძის ნიჭმა გერმანულ ენაში, აქ იგრძნობა წყაროები, რომლებიც ჩვენთვის მიუწვდომელია”.
გერმანუნლ ჟურნალში “დოიტშე” “ცეკუნფტ”, 1934 წელს ებერჰარდ კრეჩმერი წერს “ქალ ღმერთის ძახილის” შესახებ: ეს წიგნი არის არა ლიტერატურა, არამედ ბუნება, კლდენი და ველი, ცეცხლი და თესლი. ეს არის იმ იშვიათი წიგნთაგანი, რომელიც ყოველთა არსს იდუმალებამდე და მეტიც მისნობამდე მიიკვლევს, ფსიქოლოგიზირების გარეშე. რობაქიძე პყრობს ხელოვნებას, სულიერი განწყობილებანი ნაკვთობრივი შემთხვევებით გამოხატოს; არასდროს იგი არ განმარტავს, არამედ ყოველთვის დასანახად ჰქმნის, ყოველთვის გამოხატულებას ანიჭებს. სხეულისა და სულის ერთიანობა არ არის მხოლოს ოცნება, არამედ სინამდვილე.
ეს წიგნი არის დიდი და სადა როგორც ყოველი, რასაც ნიადაგ ღმერთის რწმენა და ბედის სიყვარული აქვს; და როგორც უჟამო ყოველი რობაქიძის შემოქმედება იქნება მარად აწმყო და უკვდავი…”
საფრანგეთის აკადემიის წევრი მარსელ ბრიონი წერს, რომ განცვიფრებულია გრიგოლ რობაქიძის “ამ არაჩვეულებრივი ხარისხის რომანტიკის შემოქმედებით, რომლის დიდ ნიჭს შეუძლია მხოლოდ ასეთი დიდი მეტამორფოზები”, რომლებიც ახასიათებს მის რომანებსო. “მეგი” დაყოფილია სხვადასხვა თავებად, განაგრძობს ბრიონი, რომელნიც შეგვიძლია ჩავთვალოთ ნამდვილ პოემებად პროზაში. თვითეული თავი იმდენად სრულყოფილია და დამოუკიდებელი, რომ შეგვიძლია მივიღოთ იმდენივე დასრულებული ცალკე პოემა, მაგრამ მათ უკავიათ თავიანთი ადგილი თხრობით მსვლელობაში, სადაც გაფურჩქვნა და აფეთქება ერტმანეთს ცვლის და მოქმედება არ წყდება. რასაც არაფერი აქვს საერთო რომანის ჩვეულებრივ დაყოფას ნაწილებად. შეიძლება ითქვას, რომ ცოცხალი სუნთქვა აწესრიგებს რითმს და განაგებს ტემპს. ეს ფენომენი უაღრესად განსაკუთრებულია და მე არ ვფიქრობ, რომ იგი იყოს ავტორის მიერ ესთეტიკური მოსაზრებებით შექმნილი, არამედ პირიქით, ეს ფენომენი განსაზღვრულია თვით თხრობით, რომელიც ამოძრავებს მას და წინ მიჰყავს იგი თხრობის გაშლასთან ერთად. და ეს ხდება იმიტომ, რომ დამოუკიდებლად მისი შინაარსისა, თხრობა თვითონ ისხამს სხეულს, იგი ხდება ცოცხალ არსებად, ერთგვარ მეორე რეალობად წიგნისა”, – სწერს მარსელ ბრიონი, იგი განაგრძობს – “განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ეს დაბადებული მთხრობელი გადაშლის ხან წარმტაც ფურცლებს მყუდროებისა და სიმარტოვისა, ხან სპონტანურად ლიტერატურულ-ხელოვნური დატვირთვის გარეშე, წარმოსახავს ანტიკურ მითოსს, ყოველთვის ცოცხალს თუ მზად გასაცოცხლებლად. ქართველი მწერალისთვის კოლხიდა არ წარმოადგენს წიგნებში ამოკითხულ მოგონებას ლიტერატურულ გამოცემას, არამედ რეალობას, რომელსაც უბრალო ტურისტი ვერ ამჩნევს, ხოლო კულტურული კაცი აღმოაჩენს და იცნობს, როგორც ძველ უცვლელ ადგილს. რობაქიძეს არ სჭირდება კოლხიდის არც აღმოჩენა, არც კიდევ ცნობა. მას რასოდეს არ შეუწყვეტია კოლხიდის განცდა მისი არსის სიღრმეში, რადგან იგი შეადგენს ძირითად და მთავარ ელემენტს მისი პიროვნებისა.”..
ფრანგი მწერალი რომენ როლანი, რომელიც გაეცნო ელისაბედ ორბელიანის მიერ თარგმნილ რობაქიძის მისტერიას “ლონდა” სწერდა: მუნე-სულის (ცნობილი დრამატული მსახიობი) მოაჯადოვებდა რობაქიძის “ლონდა”, მაგრამ მუნე-სული აღარ არის ცოცხალი. მე მიმაჩნია ეს ნაწარმოები, განსაკუთრებით მისი პირველი და უკანასკნელი ნაწილი, უფრო ახლოს ჩვენს დიდ მუსიკოსებთან, ვიდრე პოეტებთან, მისმა მუსიკალურმა არქიტექტურამ გამაოცა”-ო.
თავის მონუმენტურ შრომაში “იუბერლიფერუნგ” გერმანელი ფილოსოფოსი ლეოპოლდ ციგლარი წერს: “რობაქიძე ხომ შვილია და შვილიშვილი ქართველ ერთა ნანგრევებისა და სდგას შუა გულში მითიურ დროთადენაში, როგორც მემკვიდრეობით გამოცემულ ცხოვრების არეში. მას არ სჭირდება ჩვენსავით ხელოვნურად შეძენილი მოგონებანი, არამედ მხოლოდ გახედვა და დაკვირვება იმისა, რაც მას როგორც შეულახველ საშოს დედისას მიმოიცავს…”
გერმანულ ლიტერატურული ჟურნალის “მერკურის” გამომცემელმა ჰანს პაშკემ ღრმა გამოკვლევა უძღვნა გრიგოლ რობაქიძეს 1936 წელს, ჟურნალ “ეკკარტში” სათაურით “ოფერბაუნგ დერ ელემენტე”, რომელშიც საფუძვლიანადაა განხილული ქართველი მწერლის შემოქმედება.
“არსებობენ უამრავი სპონტანური საწყისები სამყაროსი – სწერს პაშკე, – რომელნიც ვულკანური ძალით ამოხეთქილი მიწის დაჯახებისაგან მომდინარეობენ, რომ ერთ წამს, როგორც ამას მოითხოვს თვით გაჩენის აქტი, მიიღონ სხეულებრივი ფორმა. იმპულსებს, რომელიც ასულდგმულებს რობაქიძის გმირებს, მივყავართ იმ შედარებამდე, რომ ისინი თითქოს სამყაროს ჩასწვდნენ მისი გაჩენის დროს, ისინი არ არიან პიროვნებები დასავლელთა გაგებით, არამედ არსნი მსგავსი ბუნების ელემენტთა”…
გერმანელი პოეტი ფრანკ მარაუს სწერდა გრიგოლს: (1944 წ. 9 სექტემბერი) “განცვიფრებული ვდგავარ გასაოცარი შეთვისების წინაშე, რომლითაც თქვენ გერმანული ენა და მისი პოეტური გამოთქმის შესაძლებლობანი ჯერ მიუღწეველ, ჯერ არნახულ სხვა ენათა დონეზე აიყვანეთ. ჩემი გულწრფელი რწმენაა, რომ რილკეს შემდეგ ასეთი სრულყოფილი არაფერი გამოსულა გერმანულ ენაში”.
ცნობილი გერმანელი პოეტი, მთარგმნელი ჰომეროსისა და ანტიკური მსოფლიოს მკვლევარი ტარსილიონ ფონ შეფერ სწერდა გრიგოლს მისი შაირების წაკითხვის შემდეგ: “ძვირფასო მაესტრო, რა შესანიშნავია თქვენი შაირი “მოკვდავი არწივი”. როგორ შესძელით თქვენ უცხოელმა ამნაირად ჩვენი ძველი გერმანული ენის გაშლა და ამაღლება, როგორც ამას ვერ შესძლებდა თვით გერმანელი? შინაარსიდანაც ვიგრძენი, ამას ვერ მიხვდებით, როგორც დიდი პოეტი, ხოლო ამ შინაარსის ასეთ გამოთქმებში განფენა და ასახვა რომ შესძელით, ეს არის მეტი ვინემ მადლი. მე შემშურდებოდა თქვენი გენიისა, რომ რაიმე მიდრეკილება მქონდეს შურიანობისა, მაგრამ რადგან ეს არა მაქვს, დამრჩენია მხოლოდ აღფრთოვანებული ვიყო თქვენით”…
ნიკოს კაზანცაკისი მოგვითხრობს რომანში “ჟოდარაბა” (გამომც. პლონი, პარიზი, 1962 წელი)
“ქართული წვეულება მთელი ბატარეა ბოთლებისა, სავსე გასაოცარი ღვინით “წინანდალი”, “ნაფარეული”, “თელიანი” და შემდეგ მწვადი და ახალი ბოთლები, რომლებიც ხელიდან ხელში გადადიან.
ტიციან ტაბიძე, ლურჯთვალა პოეტი, გამოწეული ტუჩებითა და ჰამლეტის ნაკვთით, არჩეულია თამადად – წვეულთა ხელმძღვანელად.
იგი წარმოსთქვამს სადღეგრძელოს, სვამს სადღეგრძელოს თვითეული სტუმრისა და უბრძანებს ყველას დასცალონ სასმისი, იმღერონ და იცეკვონ, არავის არა აქვს უფლება მას არ ემორჩილოს.

საქართველოს ყველა ლიტერატურული მიმდინარეობა წარმოდგენილია ამ წვეულებაზე – ყველა ყვავილი ბოროტია: აქ არიან ცისფერყანწელები, არისტოკრატიულ-ესთეტიკური სკოლა, ლეონიძე, ტაბიძე და პაოლო იაშვილი, რომელიც მამაკაცური სილამაზის ენამჭევრი მგალობელია; აქ არის ულმობელი პროლეტარიული ხელოვნება, რომელიც თავისი საუკეთესო პოეტით, გამხდარი, ბრაზიანი ლორთქიფანიძით არის წარმოდგენილი…

ამ დიონისურ გარემოში პირველად ვნახე გრიგოლ რობაქიძე. ახლა გრიგოლ რობაქიძე წარმოდგენილი მყავს ვით უძლიერესი სულიერი პიროვნება საქართველოსი, იგი დაახლოებით ორმოცლი წლისაა; ყოველთვის გემოვნებით ჩაცმული; ყურადღებას იპყრობს თავისი ფიცხელი მოძრაობით და მის თვალთა ცივი მზერით. მხოლოდ ფართო, თავდაჭერილი სიცილი, რომლის დროს მისი მშვენიერი კბილები მოსჩანან, გვიმხელს მის ვნებიანობას. გრძნობ, ხარ წინაშე ადამიანისა, რომელიც თავის გამტაცებლურ ტემპერამენტს აშკარა მტკიცე ნებით იპყრობს.
ჩვენ დავსხედით პატარა მერხზე, მაშინ როცა სხვა სტუმრები, ღვინით გამოწვეულ ძალთა გადაჭარბებით, ცეკვის ნამდვილ სიგიჟეში ჩავარდნენ, მე მიხაროდა შეხედვა ჩემი მეზობლისა, რომელიც ამ გიჟურ ყოფაქცევისას წყნარი და უმოძრაო დარჩა. უნებურად უნდა მეფიქრა ერთ ანტიკურ ვაზაზე, რომელზეც ბრწყინვალე სიშავით წითელ ნიადაგზე დიონისოს სიუეტი მოსჩანს. უძრავად ვით სვეტი დგას იგი შუაში: მას აქვს ნაღვლიანი თვალები და დამუწული ბაგენი, – სდგას იგი უძრავად, რომლისაგან როკვის სული, ლხინი და ხორციელი განცხრომა წარმოიშვება, მის გარშემო გადარეული დედაკაცები, სილენები და ნაიბადები ღვინითა და მხიარულების გამო დაბარბაცებენ. ისინი ვეღარ პოულობენ შვების დასასრულს და ვეღარ ძღებიან ღვინის სმით. მხოლოდ წყარო ამ ღრეობისა რჩება ფხიზელი.

მგონია რიჟრაჟმა მოგვისწრო ცარიელ ბოთლებისა და გაცივებულ საჭმელთა წინ კიდევ რომ ვკამათობდით… გრიგოლ რობაქიძის თვალები ნაპერწკლებს ისროდნენ ელექტრონის სინათლეზე. კიდევ როკავდა ხალხი ჩვენს გარშემო გიჟური გატაცებით და ისე, რომ სასტუმრო “ორიენტის” მთელი დარბაზი “ძიგძიგებდა”.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: