Posted by: burusi | 04/02/2010

დავით მხეიძის მოხსენება 1924 წ. აჯანყების შესახებ სამეგრელოში

დათიკო მხეიძე (მარცხ. დგას) 24 წელს სამეგრელოს აჯანყების მეთაური (ჩამუხლულია) დურუბია მხეიძე

დავით მხეიძის მოხსენება 1924 წ. აჯანყების შესახებ სამეგრელოში

საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს პარიზში
დავით მხეიძის
მ ოხ ს ე ნ ე ბ ა

მე ჩემის ნებით ჩავერიე საქართველოს განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ამ 4 წლის განმავლობაში სამჯერ ვიყავ დაპატიმრებული, თითქმის 2 წელი გავატარე ციხეში.
უკანასკნელად ციხიდან განთავისუფლების შემდეგ მე, როგორც სამხედრო პირს და ისიც ფრიად შემჩნეულს, აღარ შემეძლო ლეგალური ცხოვრებისა და მუშაობის გაგრძელება. აუცილებელი გახდა _ იარაღით ხელში გავჭრილიყავ ტყეში, დავმორჩილებულიყავ საქართველოს განმათავისუფლებელ მოძრაობის ცენტრალურ ორგანოს და სამეგრელოში მომემზადებინა შეიარაღებული გამოსვლა. თითქმის წელიწადნახევარი გავატარე ტყეში; კავშირი მქონდა საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტთან ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის ცეკას საშუალებით. ამ ხნის განმავლობაში მე არ ვაწარმოებდი თავდასხმებს მთავრობის ორგანოებზე, ვიცავდი მხოლოდ თავს; არ გავშორდი სამეგრელო-აფხაზეთს და თავი ნესტორ გარდაფხაძესა23 და ოთარ დადიანთან ერთად სვანეთის მთებს შევაფარე. ყოველივე ამას იმ მოსაზრებით ჩავდიოდი, რომ სამეგრელოში მთავრობის მხრივ რეპრესიები არ გამომეწვია და ამით წინასწარ არ გამენადგურებინებია სამეგრელოს ის ცოცხალი ძალები, რომელსაც საერთო შეიარაღებულ გამოსვლის დროს უნდა დავყრდნობოდით. ჩემი შეხედულება საბოლოო გამოსვლების შესახებ სრულიადაც
არ განსხვავდებოდა დამოუკიდებლობის კომიტეტისა და ეროვ.-დემოკრატიული პარტიის ცეკას შეხედულებისაგან _ სახელდობრ, რომ ჩვენი გამოსვლა მთლიანი ამიერკავკასიისა და მთის მასშტაბით უნდა შეგვეფარდებინა ან საერთოდ რუსეთის შინაურ რღვევის პროცესისათვის, ანდა ევროპის სახელმწიფოების მიერ რუსეთის მიმართ აქტიური სამხედრო გამოსვლებისათვის, თუ კი ან ერთი ან მეორე ფაქტი გახდებოდა. ჯერ არც ერთი და არც მეორე, როგორც ნაც.-დემოკრატიული პარტიის ცეკადან მატყობინებდნენ, მოახლოებული არ იყო. ჩვენც ამის შესაფერად შედარებით შორეულ მომენტისათვის ვემზადებოდით, მაგრამ 1924 წელს მაისში ჩვენს მზადებაში სულ სხვა ტემპი შემოიტანა ევროპიდან _ განსვენებული ჩხიკვიშვილისა და ჯუღელის ჩამოსვლამ.
პარიტეტული კომიტეტის გადმოცემით, მოახლოვდა დრო ჩვენი საბოლოო გამოსვლის.
ევროპის ზოგიერთი სახელმწიფო რეალურ დახმარებას გვპირდება, ზოგი სხვა კიდევ მორალურს.
ერთი სიტყვით, ჩვენი გამოსვლა და ევროპის აქტიური დახმარება ფაქტი იქნებოდა, რომ საგანგებო დავალებით ჩამოვიდნენ ევროპიდან ჩხიკვიშვილი და ჯუღელი _ ასეთი მითქმა-მოთქმა არის სამეგრელოში.
გადის თვეები ამის შემდეგ, გამოსვლა არ ხდება. იჭერენ ერთსაც, მეორესაც; ამ დროს ხდება სწორედ განსვენებული ნესტორ გარდაფხაძისა და ოთარ დადიანის მიტყუება მთავრობის მიერ; მეც ვიყავ გამოწვეული, სიცოცხლის გარანტიით, მაგრამ ტყეში დარჩენა ვამჯობინე და უარით ვუპასუხე საშა გეგეჭკორის წერილს.
აჯანყებამდე დაახლოებით 5 დღის წინ, მე დამიკავშირდნენ სამეგრელოში პარიტეტის ორი რწმუნებული (ერთი ს. დემოკრატი, ერთიც ნაც. დემოკრ.), გადმომცეს, რომ გადაწყვეტილია პარიტეტის მიერ, მოხდეს შეიარაღებული გამოსვლა ამ დღეებში, რომ ჩვენთან ერთად გამოდის აზერბაიჯანი და მთა; რომ ევროპიდან მიღებული გვაქვს 50.000 კაცის სრული შეიარაღება, რაც ოსმალეთში იმყოფება და საქართველოსკენ მოაქვთ. გადმოვლენ 1000-მდე მოხალისენი ევროპიდან, რომ აჯანყების მთავარი ხელმძღვანელი ნოე რამიშვილი უკვე მოსულია ბათუმში და სხვა. გადმომცეს სხვა საჭირო განკარგულებები და სამხედრო ცენტრის გადაწყვეტილება, რომ მე მევალებოდა სამეგრელოს დაკავება, შემდეგ ვინიშნებოდი სამეგრელო-აფხაზეთის ცხენოსანი რაზმების სარდლად და ფოთის მიმართულებით უნდა გავლაშქრებულიყავ სოხუმზედ. აქეთკენვე უნდა წამოსულიყვნენ სვანებიც დალის მიმართულებით.
აგვისტოს 26-ს ხელახლად მოვიდნენ და დამინიშნეს გამოსვლის დრო ოცდარვიდან-ოცდაცხრის ღამის 3 საათი.
მე უყოყმანოთ დავემორჩილე ბრძანებას, დავნიშნეთ ქალაქის ახლოს თავმოსაყრელი ადგილი, სადაც მოღამების შემდეგ უნდა მოსულიყვნენ რაიონებიდან პარტიული რაზმები, მაგრამ საუბედუროდ, ამას ხელი შეუშალა მთავრობის მიერ წინასწარ მიღებულმა ზომებმა. დანიშნული საათი მოახლოვდა, ხელში შემრჩა 18 კაცი. ქალაქში უკვე საღამოს 9 საათიდან ხდებოდა სროლა მთავრობის სადარაჯო ნაწილების მიერ, რომელნიც გარსშემორტყმული იყვნენ ქალაქს. დაკავებული ჰქონდათ გზები და ესროდნენ ჩვენს შესაერთებლად მომავალ რაზმელებს.
ნაშუაღამევს, 4 საათზე, 18 კაცით შევიჭერ ქალაქში და გათენებამდე ქალაქის ყველა შეიარაღებული ძალები დავიმორჩილე, დავატყვევე ხელისუფლება, მთელი
თავისი ორგანოებით, შევადგინეთ დროებითი მთავრობა, დავამყარეთ წესრიგი და სხვა…
ამის შემდეგ მოვახდინე მობილიზაცია. შევყარე სულ 700-800 კაცამდე და გავხსენი ფრონტი ორი მიმართულებით, ფოთისა და აბაშის. აღსანიშნავია, ხალხის სულისკვეთება, მათი ზეიმი, ეროვნული დროშებით გამოფენა, მებრძოლი სულის აღტკინება და იარაღის ასხმა ვისაც კი შეეძლო. შედარებით სერიოზული ბრძოლა მოგვიხდა აბაშის მიმართულებით, საიდანაც მტრის დიდი ძალა მოგვაწყდა.
უკუქცეულ იქმნა ჯავშნოსანი მატარებელი, მოკლული მისი უფროსი და ათიოდე წითელარმიელი რუსი. ავიღეთ დაბა აბაშა. ამის შემდეგ შევუტიეთ სამტრედიის მიმართულებით; მოგვიხდა შეტაკება რუსის ნაწილებთან, განვაიარაღეთ და წავიწიეთ წინ, დავიკავეთ ცხენის წყლის ხიდი და 5 ვერსზედ მივუახლოვდით სამტრედიას. ამის შემდეგ ვღებულობ ცნობებს, რომ გარდა იმ უამრავი ძალისა, რომელსაც სამტრედიის მიმართულებით შევხვდით, ზურგიდან გვივლიან დიდი ძალები სოხუმიდან.
სხვადასხვა მიზეზების გამო იძულებული გავხდი უკან დამეხია; დავსტოვეთ აბაშა, სენაკი, საიდანაც წავიყვანეთ მძევლები და დავიხიე სვანეთის მიმართულებით; დავიკავე მთის სიმაღლეები, ვფიქრობდი ხელახლად შეტევის განვითარებას. დავიწყე შეტევა მოპირდაპირის ნაწილების მიმართ, მაგრამ ბოლოს, როდესაც სვანეთიდან ცნობა მივიღე, რომ ყარაჩაიდან რუსები შემოდიოდნენ, გავეშურე სვანეთისაკენ, სადაც რამოდენიმე ბრძოლის შემდეგ მოგვიხდა შეჩერება და დაშლა. ამის შემდეგ, ვინახავდი თავს ერთი თვე სამეგრელოში.
უნდა აღვნიშნო, რომ ხალხში ტრიალებდა დიდი შურისძიებისა და სისხლის აღების სურვილი, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ხალხი უკმაყოფილოა ამ აჯანყების მეთაური ორგანოსი, რომელმაც ვერ შეარჩია აჯნყებისათვის მომენტი და ეროვნული ძალები უდროოდ გაანადგურა.
დავით მხეიძე.
P.S. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ანაკლია-სოხუმში ზღვით გადმოსხეს რამოდენიმე დესანტი, რომელიც შემოვიდა სამეგრელოში. მათ შეუერთდა თბილისიდან მოსული რუსისა და სომხის წითელი ჯარი. მათ გააჩაღეს ძარცვა-გლეჯა ადგილობრივ მცხოვრებთა შორის. მათი მიზანი იყო აქედან ინგურის ხეობით შეჭრა სვანეთში, ამიტომ მე გავამაგრე აღნიშნული ხეობა, მაგრამ როდესაც ცნობა მივიღე, რომ სვანეთში შემოდიან წითლები ყარაჩაიდან და ლეჩხუმიდან, უკან დავიხიე და ავედი ზემო სვანეთში.
დავამატებ აგრეთვე, რომ აჯანყებულთ მიერ მოკლულ იქნა ზუგდიდის სამაზრო აღმასკომის თავჯდომარე როგავა, საგანგებო კომისიის თავჯდომარე ჩხეტია და სხვა.
ჩვენის მხრივ დანაკლისი სამხედრო მოქმედების დროს არ აღემატებოდა, დახოცილი და დაჭრილი, 30 კაცს; მათ რიცხვში დაჭრილი ვიყავი მეც, საერთოდ, სამეგრელოში დახვრეტილია 1000 კაცზედ მეტი.
დ.მ.
15 თებერვალი 1924წ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: