Posted by: burusi | 04/02/2010

გრიგოლ რობაქიძე – სიცოცხლის განცდა დასავლეთსა და აღმოსავლეთში

გრიგოლ რობაქიძე – Grigol Robakidze

გრიგოლ რობაქიძე – სიცოცხლის განცდა დასავლეთსა და აღმოსავლეთში

მარცხნივ და მარჯვნივ კლდეები: ვით დატეხილი ფერდები პრეისტორიული მამონტის. ზოგი ფრიალო, ზოგი ყაფარი, წაშვერილი ან გამოფერდილი. აეროლიტები.
მონოლიტები. ტიტველი მოჩვენებანი: პირამიდების – ქვაბულების –სარკოფაგების..… გახელება ფარაოს ფანტაზიის თუ მზის დაღველფვა და გაქვავება?!
და მურები – და ფერები: ირისის ფოთოლი. ნიგვზის ფოთოლი. იელი. გვიმრა.
ყარამფილი. ალუბალი. ხენნე. ბრინჯაო. თუჯი. ასპიდი. კაჟი. თაფლი. ხავსი. კალო.
ასკილი. გველი. ხვითო – ჯადოსნური ქვა, მზის თვალად წოდებული – ისინი ლივლივებენ, ფერები, ფანტასტიურად, ყველა ელფერით. ზოგი ღვარად დაშვებული კლდის ჭეოებში – ზოგი ფოთლოვან სტავრად გაფენილი აღმა თუ დაღმა თუ ჩაღმა – ზოგი ცისარტყელას ზოლებად გაბმული ფერდებზე თუ კალოებზე. გახედავ ერთითვალგადავლებით: ხავსი და ყარამფილი ერთიმეორეს ედავებიან. სძლევს ყარამფილი.
გახედავ კიდევ: ასპიდი და ხვითო ერთიმეორეს ეჯიბრებიან: ერევა ხვითო. ბოლოს _ რჩება უთვალავი ვასაკა: ფარშევანგების ბოლოებივით მიმობნეული, ან და: ხვითქების ლივლივა ტანები ზედ დაღვრილი შვინდის დაღებით. და ერთად: თითქო მზის ხანძარი – სპეკალებში დანელებული.
ნამდვილი დაყუდება მზის. ქარავანი თითქო შეჩერდა ერთი. ზმანება დიდი შუადღის გაქვავებაში. ასეთს მყუდროებას პანი გასტეხავს ხოლმე: კივილით რომ მოედება უძრავ ალხს. აქ სინამდვილე ორდება. ორდება მისი ამთვისებელიც. დრო ჩერდება. აწმყო მიმქრალია. არის მხოლოდ წარსული. მომავალი ხანდიხან თუ იელვებს– როგორც აზრი თუ ფიქრი. არის მხოლოდ წარსული: და ისიც – როგორც ზმანებულის მოგონება. ყოველი ხილული გარდასულის ლანდია მხოლოდ _ აშანთული. დაღი გარდასულის თუ წარსულის. აქ: ისტორიის დიდი ამბები ასტრალურ ლანდებად აყუდებულან. ასტრალური ლანდები გალურსულნი და თვალებდანისლულნი – გაგუდულან და შინაგან იყურებიან.
გზა კლდის ძირასაა. კლდე გოლიათის ჩრდილს შლის. გვერდით მდინარეა: თითქმის ამომშრალი, გველვეშაპმა თუ ამოხვრიპა. აქაიქ: წყალის გუბე – თითქო ფშანი.
ფშანი – თითქო თვალი, დავსებას რომ უცდის. გაღმით: ისევ გიგანტები: სქელფაშვიანი ლებიათანები. კლდენი დამცხრალნი. მაგრამ მაინც მძვინვარენი. ავხორცობით გალეშილნი და სურვით დაღველფილნი, გაწოლილნი და გადაზნექილნი.
ნაშუადღევია. თხაფეხა ღმერთმა ალბათ უკვე გადაირბინა. ბუზი არ ბზუის.
ფოთოლი არ ირხევა _ (არსად ხე, არსად მცენარე). აქლემები მილაგდებიან.
მილაგდებიან გამყოლნიც, ქარავანი ისვენებს უზარმაზარი კლდეების ჩრდილში.
აქლემთა სხეულნი – ერთიმეორეს მილაგებულნი – ჰქმნიან ქვებისა და კლდეების გაგრძელებას. მათი ქიმერების თავები ადამიანის თვალებით იხედებიან: ქვები თუ იხედებიან შორიდან შორიდან – (თუ იხედებიან) შორს–შორს. თავები თვლემენ.
ოდნავი შრიალი: თავები შეირხევიან – როგორც მდინარეში მცურავი ღეროები. შემდეგ აქლემების თავები მიელაგებიან ერთიმეორეს, როგორც შერხეულნი თაველნი. მზის დაყუდებისას ხვილიფში ცხვრის ფარა აფარებს თავს ვერხვების ჩეროებს. თვალებს თითქო რაღაცასი ეშინიათ. ორბის ან არწივის აჩრდილი თუ დაინახა ფარამ?..
ჩრდილებიდან აქლემების თვალები ტიტველ კლდეს მზერენ. აქლემებსაც ეშინიათ?!
ერთი გამყოლი (სახე ნირვანაა) გვერდზე დგას და უძრავად შორეთს უყურებს. რას ათვალიერებს?! არაფერს. ეგებ უსმენს?! ხმაური რომ არაა! და უსმენს მაინც. ის გრძნობს მარადიულის სუნთქვას: ის ლოცულობს.
ეს სურათები ამოღებულია რომანიდან “გველის პერანგი”. ასე გამოიყურება ირანის ზეგანის ლანდშაფტი. მაგრამ ეს აღმოსავლეთის ყველა მხარისათვის ერთნაირადაა მისაღები. ყოველი საგანი, ყოველი არსება აქ თავის თავში მშვიდადაა ჩაძირული, თითქოს კვლავ მარად სუნთქვას შეისუნთქავენ პირველქმნილნი.
წარმოქმნის (გენეზისის) სუნთქვა მუდმივად ყოველივეს მსჭვალავს. ყველაფერს მოცახცახე სიმშვიდე ფარავს, მიწის ბელტებსაც კი. აღმოსავლეთში დედამიწა უფრო მეტია, ვიდრე წმინდა ჰყსის: ის კოსმიური ყოფიერებაა, რომელშიც მითის სუნთქვა აღმოცენდება. ადამიანი ამ ლანდშაფტში პატარა ჩანს, თითქმის, შეიძლებოდა გვეთქვა – ერთი ციდა. თვით ლანდშაფტს ადამიანს აღმატებული სიდიდე აქვს. დრო აქ არ მიედინება, ის, სივრცეში ამაღლებული, გაქვავებულია – და წამი თავის თავში მარადისობას ინახავს, როგორც ნიჟარა ხმაურს დიდი ხნის წინათ უკუქცეული ოკეანის ტალღებისას.
ახლა დასავლეთს დავაკვირდეთ. მშვენიერი და საუცხოო ლანდშაფტები აქაცაა.
ისინი ადამიანთან ახლოს არიან, მაგრამ მათში გენეზისის სუნთქვა ძლივსღა იგრძნობა.
შემოქმედისაგან მიტოვებულს, ისინი მას წმინდა ადამიანურად ხედავენ: მომხიბლველად – საკუთარ სუნთქვას. დედამიწა აქ არასოდესაა ჰყსის, ხშირად მხოლოდ ნიადაგია, რომელსაც ამუშავებენ და უვლიან, ყველაფერი ხელშეხებულია, ხელშეუხებელი არაფერი რჩება. არც ტოტემი, არც ტაბუ. მისტიკური შეხსენება: ტერიტორიის რომელიმე ნაწილი დაუმუშავებელი უნდა დარჩეს, რათა დედამიწამ თავისი კოსმიური სუნთქვა არ დატოვოს – ამ გაფრთხილებას დასავლეთში ყურადღებას ნაკლებად აქცევენ. ზოგჯერ გეჩვენება, თითქოს აქ ადამიანის ხელი ღმერთის ქმედებას ცვლის. მშვენიერ და მყარად დასრულებულ დასავლურ ლანდშაფტებს მხოლოდ ეს¬თეტიკური ხიბლი აქვთ. აქ ყველაფერი სიმძიმეში იშლება, მაგრამ ყველაფერს აკლია სივრცე. ჩანს ძლიერი გაქანება, მაგრამ არ იგრძნობა, თუნდაც პაუზებში, სიჩუმე. საოცრად შემოსაზღვრული სახეები, ლანდშაფტებში ყველგან განცალკევებულნი – დამკვირვებელი მთლიანობაში უსაზღვროების არარსებობას ამჩნევს. ყოველი საგანი, ყოველი არსება აქ გარეთ აწვება. დასავლეთში სივრცეს არ შეუძლია დიდებული სიფართოვე შეინარჩუნოს: ის უბრალოდ დროში იშლება – და წამი აქ არ არის ჩასუნთქვა, რომელშიც მარადიულობის კეთილსურნელება შეიწოვება, ის უბრალოდ წელთაღრიცხვის მონაკვეთია, თითქმის საათის მიხედვით გაზომილი. მას არა აქვს ხანგრძლივობა.
ამგვარად, დასავლეთი და აღმოსავლეთი ორი სამყაროა თავისი თავისათვის, არა მხოლოდ გეოგრაფიული დაყოფით, არამედ, რუსი მოაზროვნის ჩაადაევის მარჯვე გამოთქმას თუ გამოვიყენებთ, საგანთა წესრიგით.
ავიღოთ როგორც სიმბოლო შინაგანი დაძაბულობა მცენარესა და თაურმცენარეს (პირველმცენარეს) შორის, ასე აღმოსავლურ ყოფიერებაში თაურმცენარე უფრო ხაზგასმულია, ვიდრე მცენარე, ამის საწინააღმდეგოდ, დასავლეთის ყოფიერებაში მეტად თვით მცენარეა. აღმოსავლეთი თავის თვითონ-ს (შელბსტ) თაურსაწყისში შლის, ყოველი საწყისი მისთვის თაურსაწყისია. დასავლეთი პიროვნული მონადებისათვის ვითარდება, და დასაწყისი მისთვის თითქმის მუდამ ერთჯერად ახალ საწყისს ნიშნავს.
ჩინელი უკუმიმართულებით გაზრდას ცდილობს: არა ღივიდან ყვავილამდე, არამედ პირიქით: ყვავილიდან ღივამდე. თუ მთვლემარე ვაგონით მივემგზავრებით, ალბათ ზოგჯერ გვეჩვენება, თითქოს უკან ვმოძრაობთ. ეს მოჩვენებითი უკუმოძრაობა დაახლოებით ჩინელის იმავე უკუღმაზრდის მსგავსია. “ქმედებაში არა ქმედება” – საიდუმლოდ წარმოთქვამენ ძველი ჩინელი ბრძენკაცნი. ეს ნიშნავს, შემთხვევასთან მოჩვენებითად მივიდეთ, მაგრამ შინაგანად თაურ თვითონში დავრჩეთ. ღრმა ჩინური გაგებით, თესლისთვისაც კი, მხოლოდ შემოქმედისათვის, აუცილებელია ხელმეორედ გაბატონება, ეს ნიშნავს, მისთვის, თუმცა საკუთარ თავში ჩახურებულისათვის, მაინც თვითგანაყოფიერების შენარჩუნებაა საჭირო. “თუ თესლი გარდაქმნილია, სხეული ჯანსაღი და თავისუფალია” – ასე დგას ეს (საკითხი) უცნაურ წიგნში “ოქროს ყვავილის საიდუმლო”. ლეგენდა გადმოსცემს, რომ ოსტატი პონგი იმ დროს, როდესაც მოსამსახურე გოგონებს ამგვარი სახით“ეხებოდა”, 880 წლის გახდა. დასავლეთისათვის ეს ნაკლებად გასაგებია.
აღმოსავლეთი თაურსაწყისში სუნთქავს. თაურსაწყისში კი ყველა ნივთი ერთეულია (ერთია). “თატ ტწან ასი” – ეს შენ ხარ – ამბობენ ძველი ინდიელები: ყველაფერი, რასაც შენ ხედავ, თვით შენა ხარ. საგნებს შორის საზღვრებია წაშლილი.
ყოველივე, რაც გამოჩინდება, არის მხოლოდ მაია (აჯა), სინათლით სავსე ნათება. დასავლეთისათვის გამოჩენა (გამოვლინება) არაა მხოლოდ ნათება, ის მისი სახეა, ვინც წარმოჩნდება. ყოველ ნივთს აქ თავისი ზოგადად აუცილებელი, საკუთარი სინამდვილე აქვს. აქედან ძლიერი ნათელხილვადობა დასავლეთისა: საგნები მას ნათელ და მტკიცე მონახაზებში ეჩვენება – მაშინ, როცა აღმოსავლეთი მათ ბუნდოვნად და მკრთალად აღიქვამს.
ეს განსხვავება ყველაზე ხელშესახებად ორივე სამყაროს ქმნილებებში იჩენს თავს. აღმოსავლეთმა, უსაზღვროებაში ჩაძირულმა, დასრულებული (განცალკევებული) ნაწარმოების შექმნა ვერ შეძლო, რადგან დასრულებული ნიშნავს: შემოსაზღვრულს. გოთური კათედრალები აღმოსავლეთში შეუძლებელია.
დასავლეთს აქვს საზღვრის გრძნობა და ქმნის ნაწარმოებს, ვითარცა სამყაროს საკუთარი თავისათვის დასრულებულობაში, როგორიცაა, მაგალითად, “ღვთაებრივი კომედია”. მაგრამ, ამის სანაცვლოდ, აღმოსავლეთი, უსასრულობაში ჩაბრუნებული, ფლობს რაღაცას, რაც დასავლეთს აკლია. აღმოსავლური ქმნილება უსასრულოს სუნთქვას ინახავს, როგორც, მაგალითად, ბაბილონური ეპოსი.
თავისებურებას კიდევ უფრო ნათლად დასავლური და აღმოსავლური ყოფიერების სახე აჩვენებს. აღმოსავლეთში ჩასვლის უკვე პირველსავე დღეებში ევროპელი გაოცებულია: მას არ შეუძლია გაიაზროს, რომ, მაგალითად, ირანში შეუძლებელია რომელიმე შემთხვევა ობიექტურად და ჭეშმარიტად იქნას გადმოცემული. მაშ, დაბნეულობაა თუ თუნდაც სიბრიყვე? არავითარ შემთხვევაში. აღმოსავლეთის ცნობიერებაში საგნები ერთმანეთს მიჰყვებიან, ვით ბუნდოვანი მოჩვენებანი და ყოველი ფაქტისათვის მასზე თითქმის ყოველთვის რაიმე გაილექსება ხოლმე. სინამდვილე და პოეზია აღმოსავლეთში ერთია. მე მახსენდება, საქართველოში ერთი ჩემი მეგობარი, ჭეშმარიტი აღმოსავლელი, თავის საზოგადოებაში ჩემზე რაღაც ფანტასტიურ, არასოდეს მომხდარ რამეს მოჰყვა – და სახელდობრ: ჩემი იქ ყოფნისას. მისი შეწინააღმდეგება ამაო იქნებოდა: მთხრობელი თავის მხიარულ ფორმულირებაში მთლად ჩაძირული იყო. მე იმით შემოვიფარგლე, რომ მისი ფანტაზია წყნარი ღიმილით მივიღე.
მსგავს შემთხვევაში მოხვედრილი ევროპელი ვინმე ლეო მათიასი თავის მოგზაურულ წიგნში “ხერხი აღმოსავლეთში”, მოგვითხრობს: “ეს იყო იეზდში, ჩემ მეგობარ ჩარლზ ჰამფრისთან პირდაპირ ფოსტით ხალიჩები მიიღეს, რომლებიც ბიუროს მოსამსახურე ალის უნდა გადაეთვალა. ეს საკმაოდ დიდი გროვა იყო და ალის ამ სამუშაოსათვის ბევრი დრო დასჭირდებოდა. ჩემს მეგობარს ასე დიდხანს ლოდინი არ შეეძლო, მას ქალაქგარეთ მოლაპარაკება ჰქონდა და მთხოვა, მას (ალის) ამ დროისათვის ბიუროში შევხვედროდი.
“მაშ ასე, რამდენი ხალიჩაა?” ვეკითხებოდი მე ალის, როცა ის ბოლოსდაბოლოს უკან დაბრუნდა.
“ისინი ასე დაახლოებით ოთხასიდან ხუთასამდეა”, ამბობდა ალი.
მისდა გასაოცრად ამ ცნობამ არავითარ შემთხვევაში არ დამაკმაყოფილა. მე კატეგორიულად ვეუბნებოდი, კეთილი ენება და ზუსტად გადაეთვალა.
ალი გაქრა.
უკვე ნაშუადღევი იყო, როცა ბოლოსდაბოლოს გამოჩნდა. მან ბიუროს მეორე მოსამსახურე, თავისი მეგობარი ჰუსაინი მოიყვანა.
“მაშ ასე, რამდენი ხალიჩაა?” ვეკითხებოდი მე ალის.
“ისინი სამასი ან სამას ორმოცდაათია”.
მე ალიზე ძალზე გავბრაზდი. “შე სულელო”, ვეუბნებოდი, “შენ ზუსტად უნდა დაგეთვალა!”
მე ჰუსაინს ვეკითხებოდი, ეგებ მან მაინც თუ იცოდა, რამდენი ხალიჩაა მიღებული.
“არ ვიცი!” ამბობდა ჰუსაინი. “მაგრამ ისინი დაახლოებით ას სამოცდაათია”.
მე გამიხარდა, ბოლოსდაბოლოს როგორღაც აზრიანი პასუხი რომ მივიღე, ალი გავუშვი და ჰუსაინს გადათვლა დავავალე.
“იმედი მაქვს, გესმის ჩემი, ჰუსაინ, შენ ყოველი ხალიჩა ხელში უნდა აიღო და გადაითვალო”. და მას მთლად ზუსტად რომ გაეკეთებინა, რასაც მე ვფიქრობდი, ძველი კალენდრის რამდენიმე ფურცელი მოვხიე და მაგიდაზე ვითვლიდი. “ერთი-ორი-სამი-ოთხი და ასე შემდეგ – არა?”
ჰუსაინი თავს მიქნევდა.
ამასობაში ჩემი მეგობარი დაბრუნდა და მე მას მოვახსენებდი, რაც ამ დროის განმავლობაში მოხდა. ის იცინოდა და ამბობდა, ალი სულელიაო. მე სწორად მოვქცეულვარ, მთელი საქმე ჰუსაინისათვის რომ გადამიბარებია.
ახლა ჰუსაინს ველოდებოდით.
დაახლოებით ორი საათის შემდეგ – ბიუროს დაკეტვამდე ცოტა ხნით ადრე – უკან ის აშკარად ამაყი მოვიდა.
“მაშ ასე, რამდენი ხალიჩაა?” ვეკითხებოდი.
ჰუსაინი იცინოდა: “ისინი ას ორმოცდახუთია, ბატონო”.
მე არ ვიცოდი, რაში იყო საქმე, რომ, მიუხედავად ამ ზუსტი ცნობისა, ცოტა დაეჭვებული დავრჩი. ვეკითხებოდი: “რომელ რიცხვამდე გადაითვალე?”
“ას ოცდაათამდე”, ამბობდა ჰუსაინი, “დანარჩენი – ისინი დაახლოებით თხუთმეტია”.
აღმოსავლელ ადამიანში მცენარე უკან, თაურმცენარეში იზრდება. მის ყოფიერებაში მხურვალედ ღივდება მითიური ბირთვი. ამისათვის კი მცენარე მასში საცოდავად ვითარდება, დიახ, ის ხშირად მწყურვალი ჩანს. მთელი აღმოსავლეთი შებინდებაა (ბინდბუნდია): ის შემოსაზღვრულ ფორმას არ იცნობს. და აქედან: უძრავი, მარადისობაში გაშლილი, თავის თავში ჩაბრუნებული მზერა, ამაღლებული სიმშვიდე, უძრავი დიდებულების ფარაონობა – ყველაფერში: როგორც ადამიანებში, ისე ლანდშაფტებში. სხვაგვარადაა დასავლეთში. დასავლელ ადამიანთა ყოფიერებაში მცენარე, პერსონა ბატონობს. მასში თაურმცენარისეული წყაროს დინება ზედაპირულია და თაურსაწყისი მას თანდათან აქრობს. ის უფრო გარეთ იმზირება და დასვენება არ იცის. აღმოსავლელი ადამიანი მთლად ნამდვილი მხოლოდ საკუთარ თავში ჩაძირულობაშია, დასავლეთისა, მხოლოდ სწრაფვაში. აღმოსავლეთში ოსტატი პონგია, დასავლეთში ფაუსტი.
აღმოსავლეთში შინაგანად შეკავებულ თრობას განიცდიან და, რაც უფრო ძლიერია თრობა, მით უფრო მშვიდია განცხრომა.. დასავლეთში დინამიურად ლოთობის თრობა მოსწონთ და განცხრომა მშფოთვარედ ვლინდება. აღმოსავლელი ადამიანი ღმერთს დახუჭული თვალებით ხედავს, მგრძნობიარე სიღრმეში განრიდებული, სადაც ყველა გრძნობა, ვითარცა ერთი ახალი გრძნობა, ერთდროულად მოქმედებს. დასავლელი ადამიანი ღმერთს გახელილი თვალებით უყურებს და თითქმის ცდილობს, მას ხელით შეეხოს. ევროპელი მისტიკოსების შინაგანი ხედვა უფრო მოფიქრებული განჭვრეტაა, ვიდრე განცდილი მდგომარეობა. ეს განსხვავება შინაგან გრძნობიერ თრობამდე მისვლის საშუა¬ლებასაც კი იძლევა: აღმოსავლეთში, სადაც შინაგანი სიახლოვე უფრო ფასობს, ვიდრე გარეგანი, გახდისა და სიშიშვლის ცდუნებას ძალა არა აქვს. აღმოსავლეთში ადამიანი შინაგან ჩაძირულობაში ცხოვრობს, მაგრამ ამის შედეგად ის თვლემას არ წყვეტს – არა მხოლოდ ფიზიკურად. დასავლეთში ადამიანი მუდმივ სწრაფვასა და განუწყვეტლივ ზედამხედველობაშია. მას უძილობა ასუსტებს – ასევე მეტაფიზიკურად. აღმოსავლეთში თრობის საშუალება – ოპიუმია, რომელიც ოცნების საშუალებას იძლევა, დასავლეთში ნიკოტინი, რომელიც უფრო ამხნევებს.
აღმოსავლელს, თაურსაწყისში ჩაძირულს, ღრმა, ოცნებისმიერი გაგება აქვს. ხედვაში უცვლელია, მაგრამ ის მოდუნებულობისკენაა (ინერტულობისკენაა) მიდრეკილი და თავის თვლემაში ხშირად იდიოტობამდე უძლურდება. თუმცა აღსანიშნავია: სახის ცარიელი გამომეტყველებისა და ჩლუნგი მზერის ქვეშ ის შემდეგ თავის ცხოველისებურ ეშმაკობას მალავს. ევროპელს, თუნდაც ჭკვიანსა და მოხერხებულს, მაგრამ არა ეშმაკს, თავად დიდად გამოცდილი დიპლომატიც რომ იყოს, მისი მოტყუება არ შეუძლია.
აღმოსავლეთში ამბობენ: “თატ ტწამ ასი” და ამით საგნებს შორის საზღვრები იშლება, მშვიდ ნირვანაში იკარგებიან. დასავლეთში საგანში ერევიან და თვითონ-ის პროეცირება გარეთ, გარემომცველ სამყაროში ხდება. აღმოსავლეთში კითხულობენ: “საიდან?” და აუჩქარებლად მოლოდინში რინდდებიან. დასავლეთში კითხულობენ: “საით?” და მოუთმენლობით მოუსვენრად დრტვინავენ.. აღმოსავლეთში თითქმის ყოველთვის აქვთ დრო. დასავლეთში დრო არა აქვთ. აპოკალიპსში კი წერია: “ეშმაკს ცოტა დრო აქვს” (ბუნებრივია, ეს მხოლოდ შეხსენებად ჩავთვალოთ).
ეს პარალელები უსასრულოდ შეიძლებოდა მოგვეტანა. თუმცა კი ერთი რამ კვლავ უნდა გავიხსენოთ: ამ განსხვავებულ სამყაროებში თაურშიში როგორ დავძლიოთ.
ღმერთსა და არარაობას შორის ჭიდილში მოხვედრილი, ადამიანური არსება მუდმივად თავის მეტაფიზიკურ ზღვარს ეხლება; უეცარი უძლურება დგება და არარაობის შურისძიებამდე მას თაურშიში შეიპყრობს. აღმოსავლეთში ადამიანი თვითონ-ისაგან თავისუფლდება და თაურსაწყისთან მოთმინებით კვლავ გონება ეხსნება. ის თავის თვითონ-ს გაქრობის ნებას აძლევს, რათა ყოველი სასიკვდილო საზღვარი გადალახოს – რადგან ამ თვითონ-ის გარეშე საზღვარი არ არსებობს. ის საკუთარ თავს თაურსაწყისს უახლოებს, მაგრამ მას მთლად ვერ აღწევს – არსებულ კოსმიურ მდგომარეობაში ეს ალბათ ასევე შეუძლებელია – ის, შეძრწუნებული, დაკარგული სამოთხის ზღურბლთან დგას და ყოველი ფიქრით დაკარგულზე წუხს. ეს ის წუხილია, აღმოსავლეთში ყველაფერს სულისშემხუთველი სიცხის მსგავსად რომ აწევს – წუხილი, რომელიც ხშირად ნაღველში გადადის. ის იგრძნობა მზით ავსებულ დაბლობებში, თვით მიწის ბელტებში, ისმინება სიმღერების მონოტონურ ნაღვლიან ჟღერაში, ის შეიგრძნობა ქარავნის ნელ სვლაში, ჩანს აქლემების მელანქოლიურ მზერაში – ყველაფერში. სამშობლოს მეტაფიზიკური სევდის ერთი სახე აქ ყოველივეს არსებობას ჟღინთავს.
და დასავლეთში? თაურშიშს აქ სხვაგვარად ებრძვიან. დასავლეთში ადამიანი თავის საკუთარ თვითონ-ს კი არ ამდაბლებს, პირიქით, ის მას გარემომცველ სამყაროში აფართოებს. მისი თვითონ ამის შედეგად უფრო და უფრო ნათელი და, ამგვარად, ნაკლებად ტკივილის აღმქმელი ხდება. განუწყვეტელი გაფართოების შედეგად თვითონ-ის საზღვრები შემდეგში მუდამ წინ იწევს. თაურშიში დაძლეული ჩანს.
მაგრამ: თვითგაფართოება მხოლოდ თვითმოყვარეობის (ეგოიზმის) საფუძველშია და თვითონ-ის გაცემა მხოლოდ თვითჩახშობას ნიშნავს. თვითონ მაინც აქ რჩება, თუმცა უკიდურესად შეკუმშულ ფორმაში. და საზღვრები? ისინი არ არიან წაშლილნი,
არამედ უბრალოდ გადაწეულნი. მაინც რა დრომდე? ერთ დღეს მათ მაინც მასზე დამსხვრეულს იპოვნიან. შემდეგ შიში კიდევ უფრო შემზარავად ნახტომისათვის გამოექანება.
წარმოვიდგინოთ საშუალო ამერიკელი. ის ნიუ-იორკში, 77-ე სართულზე, პატარა გალიაში ცხოვრობს. წლების განმავლობაში ის ვერცერთ ცხოველს ვერ ხედავს და ფოთლების სურნელებას ვერ შეისუნ¬თქავს. რაც მის ირგვლივ ხდება, მას შინაგანად არ აწუხებს: თანამოძმენი მისთვის მხოლოდ სხეულებია, რომლებიც მოძრაობენ და გვერდითი გალიის მეზობელი – მხოლოდ დანომრილი აჩრდილი. ათას საქმეზე მეტი: ურთიერთობები, გარეგნული; უსაგნო: კავშირი, შინაგანი. გრძნობების მაგივრად – რეფლექსები, ორგანული საკვების მაგიერ – აბები და პრეპარატები. სუფთად გაპარსული ფანტომი გალვანიზირებული მზერით. ის საკუთარ თავს საგანზე აქირავებს, თავად ბიუროტექნიკური საგანი. საერთოდ ის საზღვრებს მეტად აღარ შეიგრძნობს. მაშ, მას თაურშიში არ ემუქრება? და მაინც. ის ხომ კვლავ ადამიანურ არსებად რჩება, და: შეფერხება, მცდარი ნაბიჯი, მოკლე ჩართვა – ის უმალვე ყველა საქმეს კარგავს. ძირფესვიანად ამოგლეჯილი და გამჟღავნებული ის შიშნეულად განმარტოებული საკუთარი თვითონ-ის წინაშე დგას (გვერდით ოთახში ალბათ მოდური ფირფიტა ჭრიალებს). მის წინ უზარმაზარი სიცარიელე ამთქნარებს, რომელიც (მას) დაუნდობლად “არარაობად აქცევს”. უეცრად ის შეშინებული გრძნობს, რომ უკანასკნელ სუნთქვას ჩაისუნთქავს, რომელიც ღმერთის სუნთქვაში უნდა ჩაიკარგოს. ახლა ის პირველად შეიგრძნობს, რომ მასში თაურმცენარე კარგა ხანია გამხმარია და მის წინ მუდამ უფრო მძლავრად აზმორებს მის ჩასაყლაპავად მზადმყოფი დიდი არარაობა. მიტოვებული, უმწეო დაბობღავს ის თავის გალიაში, რომელიც ახლა კუბოს დამსგავსებულა. მას თავისი თვითონ-ის საძაგელი გრძნობა იპყრობს, რომელიც ზიზღს ესაზღვრება და მთელი გარემომცველი სამყარო მას ასევე საზიზღრად ეჩვენება. ეს დღისით-მზისით ხდება, ამგვარად, მის წინ დიდი ქალაქი გადაშლილა, რომელიც ღამღამობით ჯადოსნურ სინათლეში ფანტასტიურად ზეცისაკენ ლივლივებს, და მაინც (ის) გარდაცვლილია, რომლის გახრწნილ სხეულზე თმები ჯერ კიდევ იზრდება.
ასე მთავრდება ეს ბრძოლა. თვითმოყვარეობა (ეგოიზმი) აქ თვითმოყვარეობად დარჩება. მაგრამ არც ეს საშუალება ამართლებს. ყოველ წამს აქ ადამიანებს არარაობის (არარსებობის) ხრინწიანი ხახა ელოდებათ.
დასავლეთი და აღმოსავლეთი – ორი სამყარო, ან, უფრო სწორად, ყოფიერების (შეინ) ორი სახე. რაც ერთს აკლია, ის მეორეს აქვს. ისინი საპირისპირონი არიან, თუმცა ერთმანეთს არ გამორიცხავენ. კოსმიურად მოწესრიგებულნი, ორმხრივად მართლაც ურთიერთავსებენ, განაპირობებენ საკუთარ თავს. დასავლეთი აღმოსავლეთს რომანტიკულად ესრაფვის და აღმოსავლეთი, მოლოდინით აღსავსე, დასავლეთს უმზერს. არაფერია უფრო საეჭვო, ვიდრე დიდად გავრცელებული შეხედულება: ყოველგვარი ბედნიერება აღმოსავლეთიდან მოდის. დასავლური ყოფიერება (შეინ) მეტაფიზიკურად ზუსტად ისევე უფლებამოსილია, როგორც აღმოსავლური. რა იქნებოდა თაურსაწყისი საწყისის გარეშე? მხოლოდ უძრაობა. რა იქნებოდა თაურსახე სახის გარეშე? მხოლოდ ჩანასახი. თაურმცენარე ცოცხალ სახეს მხოლოდ მცენარეში იღებს. ერთჯერადი, განუმეორებელი სახე ასევე ღვთაებრივია, როგორც მარადიული, დაუსრულებელი. თაურსაწყისის სუნთქვა აღმოსავლეთიდან მოდის, ამგვარად, დასავლეთი ამ სუნთქვას ფორმას აძლევს. ისინი მოწოდებულნი არიან, ეს ორი სამყარო ერთმანეთით გაანაყოფიერონ. ყოველი მათგანი თავის ცალმხრივობაში საფრთხეს ატარებს, რომელიც მეორის დახმარებით გადაილახება. ეს ერთი საბედისწერო პრობლემით შეიძლებოდა ნათლად გვეჩვენებინა: ტექნიკის პრობლემით.
ტექნიკა დასავლეთს ეკუთვნის. ის მისი ჯადოსნური ძალაა, რომელიც – არასწორად გამოყენებული – შეიძლება უბედურებად იქცეს. შეკუმშული ჰაერისა და ელექტრობის მეშვეობით შეუძლებლის მიღწევა შეიძლება, მაგრამ საგნის საბოლოო, ე.ი. მისტიკური შეხება, მისი მეშვეობით შესაძლოა ვერ ანაზღაურდეს. ცდუნებაც აქვეა – და ვის შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ერთ დღეს უეცრად მას ოდესმე არ დაემორჩილება?
ერთ ეპიზოდს ჰყვებიან კაცის ცხოვრებიდან, რომელმაც თავისი ახალგაზრდა შეყვარებული დაკარგა. საუბედუროდ, ის მას ცოცხალს მეტად არ შეხვედრია და, ამგვარად, მას შესაძლებლობა არ მიეცა, დამამძიმებელი ტკივილებისაგან გაეთავისუფლებინა იგი. არსებობს ეშმაკისეული წვრილმანები – ეშმაკი უმეტესად წვრილმანების გზით მოქმედებს, განსაკუთრებით, ორი ერთმანეთის მოყვარული ადამიანის ურთიერთობაში იწვევს უბედურებას. ამჯერადაც ასე მოხდა: წვრილმანი – ალბათ, ქაღალდის ერთი ნაგლეჯი, – უბადრუკი წვრილმანი, რომ¬ლიდანაც მას (ქალს) შეეძლო დაესკვნა, რომ შეყვარებულმა მას უღალატა. ეს მხოლოდ მოჩვენება იყო – ალბათ, მით უფრო მტკივნეული. კაცი უსაზღვროდ იტანჯებოდა. ის დღითიდღე განუხრელად შეეპყრო დემონურ სურვილს, როგორმე მიეღწია მასთან. არცერთმა საშუალებამ არ გაამართლა, მაგიურმაც კი. ერთ საღამოს ის ნაღვლიანი თავის ბნელ ოთახში მთვლემარე მელანქოლიურ ბუხართან ზის და შეყვარებულისადმი მბურღავ ძალდატანებაზე, როგორც ყოველთვის, კიდევ ერთხელ ფიქრობს. აქ ის უეცრად კუთხეში ყუთს დაინახავს – და მის გახურებულ ტვინში მაცდუნებლად რაღაც გაიელვებს. ყუთში დევს დახვეული ფირები, ნაწყვეტი ფილმისა, რომელზეც შეყვარებულია აღბეჭდილი. ის თავის წინ დაატრიალებს ფირებს: ის მას ხედავს, უსმენს მას, თითქოსდა სხეულებრივად ეხება, ის მას ფიცით ევედრება, ცოცხლად შეიგრძნობს და ის მასთან ერთად ცხოვრობს. გადის რამდენიმე წამი და მას უეცრად ფილმის (აპარატის) გუგუნი ესმის. თეთრი ეკრანიდან უზარმაზარი სიცარიელე იმზირება. ძალაგამოცლილი, სიგიჟით შეპყრობილი კაცი იატაკზე ეცემა.
ჩანს, რომ ტექნიკის ჯადოსნური ძალა იქ, სადაც ამ უკანასკნელს ეხებიან, არ ამართლებს. კიდევ უარესი: აქ ის უზარმაზარ საფრთხედ იქცევა. აღმოსავლელს მსგავსი რამ ნაკლებად შეემთხვეოდა, რადგან ტექნიკის არსი – მიუხედავად იმისა, რომ ის მას არ გამოუგონებია – უკვე დასაწყისიდან ღრმად შეიგრძნობა.
ერთი აღმოსავლური გადმოცემა მოგვითხრობს: ერთხელ ენოსი მამამისს შეეკითხა, საკუთრივ ადამის მამა ვინ იქნებოდა. მან მოისმინა პასუხი: ღმერთმა ადამი მიწისაგან შექმნა. აქ მან ერთი ბელტი მიწა აიღო და მისგან ადამიანის გამოსახულება გამოძერწა. შემდეგ მან სული ჩაჰბერა – ზუსტად ისე, როგორც ელოფიმმა – თავისი სუნთქვა ადამიანის გამოსახულებას. მაგრამ დახეთ: თუმცა გამოსახულება განსულიერდა, მაგრამ წარმოიქმნა არა ადამიანი, არამედ საზარელი არსება დემონური ძალით.
ამ გადმოცემაში ტექნიკის საბედისწერო არსი არაჩვეულებრივად მართლადაა გაგებული. პირველი ადამიანები მიწას ამუშავებდნენ – ისინი ნამდვილი გაგებით ტექნიკოსები იყვნენ, მაგრამ თავიანთი შრომის ნაყოფით უბედურებას არ იმკიდნენ.
მხოლოდ შემდეგ, რაც ენოსმა, როგორც ოდესღაც ღმერთმა, მიწის ადამიანის გამოსახულებას თავისი სუნთქვა შთაბერა, ე.ი. თავისი თავი ღმერთის ადგილას დააყენა, უბედურება დაიწყო. ტექნიკა თავის თავში უბედურებას არ ნიშნავს, მაგრამ ადამიანი, რომელიც რაიმეს ქმნის, თუ ივიწყებს, რომ ის თავად შექმნილია, ასე უმალვე ცდუნება და საფრთხე წარმოიშობა.
მაგალითისათვის მითიური ლინდბერგი ავიღოთ. ის თავის თვითმფრინავს ნაზად და ფრთხილად ათვალიერებს, როგორც შეიხი თავის სისხლსავსე საყვარელ ცხენს. სიყვარულით აღსავსე და მზრუნველი ის მის ყველა ნაწილს ამოწმებს. შემდეგ მდუმარე და ბედს დამორჩილებული ის საჭესთან ჯდება, თვითმფრინავს თანდათან შეეზრდება და ეს მასში არაჩვეულებრივ ძალებს აღვიძებს. თავდაჯერებული დაფრინავს ის – ახალი დედალოსი – ატლანტიკის თავზე. ძალები, რომლებიც მან გამოიწვია, მას შეუმჩნევლად აღმოაცენებენ. თავდავიწყებაში ახლა ის თავად კარგავს მოზღვავებულ ძალებს – ფანტასტიური მთვარეული, რომლის ცნობიერებაში ფხიზლად მხოლოდ ერთადერთი მოლეკულაა, რომელიც ყველაფერს მართავს და ხელმძღვანელობს. ის თვითმიტოვებულია და, ამასთან, თავის საკუთარ თვითონ-ში (შელბსტ) დაუჯერებლად გაზრდილი – მსგავსად უმცირესი ატომისა, რომელიც თავის დაძაბულობაში მთელს მზის სისტემას მოიცავს; მთვრალი და დაბრმავებული ის ოკეანის თავზე დაფრინავს.. განა ეს მბრძანებლურ-შემაძრწუნებელი რამ არ არის? განა ეს არ არის ადამიანური ყოფიერების (შეინს) გამართლება?.. მაგრამ მას, მფრინავს, სწორედ აქ ელოდება უკიდურესი საფრთხე: ქედმაღლობა. ის დაფრინავს, გამარჯვებული, თრობით ატაცებული და ერთი ლუციფერული წამი – ტკბილი და მაცდუნებელი – თრობა მას თვითთრობად ექცევა. ვის შეუძლია გაუძლოს ამ თრობას?
საშიში გარდაქმნა: გამარჯვებული მოულოდნელად გამომწვევი ხდება. კიდევ რამდენიმე ჩასუნთქვა, კიდევ უფრო ტკბილი და მაცდუნებელი – და მფრინავის დახშულ ტვინში ბედნიერი ფიქრი იელვებს: ის არის იგი, ვინც ეს შეძლო, ის, მარტო ის.
ახლა გამომწვევი მასში ბოროტმოქმედად იქცევა და კოსმიურ ძალებთან მისი კავშირი მყისვე იმსხვრევა. ატომი, რომელიც თავის თავში მთელ მზის სისტემას ატარებდა, ერთბაშად დუნე და ცარიელია.
ვინ არ იცნობს ამ დემონურ თრობას? მას იცნობს ყოველი პოეტი, რომელიც ხილვას შთაგონებაში იჭერს, ყოველი წინასწარმეტყველი, რომელიც ნათელხილვაში ტრანსცენდენტურს ჭვრეტს, ყოველი სარდალი, რომელიც ბრძოლის ველზე საბედისწერო დაპირისპირების ამოცანის წინაშე დგას. მას იცნობს ყოველი ტომის ბელადი, ვინც თავის თავში მთელი კლანის ნებას მბრძანებლურად ატარებს. ნეტარია ის, ვინაც შეძლო, ამ ცდუნებას წინ აღდგომოდა. სამყაროსა და მას შორის წმინდა კონტაქტი შემდეგ შეურყვნელი დარჩება. მაგრამ ვინ შეძლო ეს? მხოლოდ მან, ვინც თავის შიგნით თაურსაწყისის მუდმივად და მოკრძალებით შენახვა იცოდა. თუ დასავლეთის ადამიანი, რომელიც, განსაკუთრებით, ტექნიკის წყალობით, ყოველდღიურად და საათობრივად ქედმაღლობის საფრთხეში ვარდება, მას მაინც არ ემორჩილება, მხოლოდ იმიტომ, რომ მას მისგან სწორედ ეს პირველსაწყისის ახლო აღმოსავლური ძალები იცავენ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: