Posted by: burusi | 30/01/2010

ლეო ქიაჩელი – ბიოგრაფია

ლეო ქიაჩელი

ლეო ქიაჩელი – Leo Kiacheli (1884 – 1963)

ლეო ქიაჩელი (შენგელაია) დაიბადა 1884 წლის 19 თებერვალს ზუგდიდის მაზრის სოფელ ობუჯში, აზნაურის ოჯახში. დაწყებითი განათლება ლეომ ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო.
1904 წელი ლეო ქიაჩელისათვის მეტად დაძაბული იყო. ამ წელს გარდაეცვალა მამა, დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და უმაღლესი განათლების მისაღებად ხარკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
1905 წელს, სტუდენტთა გამოსვლების გამო, უნივერსიტეტი დროებით დახურეს. ლეო იძულებული ხდება სამშობლოში დაბრუნდეს. ზუგდიდში ჩამოსვლისთანავე ლეო ქიაჩელი რევოლუციურად განწყობილ გლეხებს უკავშირდება, რისთვისაც იგი ქუთაისის საგუბერნიო ციხეში ჩასვეს.
1907 წელს სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრებმა ციხის ქვეშ გვირაბი გაიყვანეს და, 36 პატიმართან ერთად ლეო ქიაჩელიც გაიქცა. აღნიშნული ამბავი მწერალმა მხატვრულად დაამუშავა რომანში ,,სისხლი’’.
ციხიდან გაქცეული ლეო ქიაჩელი ერთხანს მოსკოვში ცხოვრობდა არალეგალურად. 1909 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა. ქიაჩელის ადრინდელ ნოველებში საგრძნობია სიმბოლისტური და იმპრესიონისტული მიმდინარეობისათვის ნიშანდობლივი მოტივები — სკეფსისი („შეურაცხყოფილი“), ნიღბის ფილოსოფია („Escalade“), დუმილის თეორია („სტეფანე“, „ისკანდერი“), ბედისწერის პრობლემა („ცოდვის შვილები“) და სხვა.
1912 წელს ჟენევაში გადავიდა საცხოვრებლად. ემიგრაციაში ყოფნისას ლეომ საფუძვლიანად შეისწავლა უცხოური ლიტერატურა და დაწერა პირველი დიდი მხატვრული ტილო ,,ტარიელ გოლუა’’. რომანი ხელნაწერის სახით გამოგზავნა სამშობლოში და 1916 წელს დაბეჭდა გაზეთმა ,,სახალხო ფურცელმა’’.
ქიაჩელის პირველი რომანი „ტარიელ გოლუა“ (1916) უახლესი ქართული ლიტერატურის საეტაპო თხზულებაა. რომანი ასახავს 1905 წლის რევოლუციას სამეგრელოს სოფლის ფონზე. მწერალი წარმოგვიდგენს თაობათა სრულ იდეოლოგიურ ერთიანობას კლასობრივი ბრძოლის პირობებში. თანამოაზრენი არიან მამაშვილი — სიბრძითა და ქედუხრელობით ცნობილი მშრომელი გლეხი ტარიელ გოლუა და „ერთობის“ მოთავე ახალგაზრდა ლევანი. ამ რომანშივე პირველად იჩენს თავს მამაშვილური სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის იდეა, რომელიც გასდევს ქიაჩელის მთელ შემოქმედებას („ალმასგირ კიბულანი“, „მამა და შვილი“, „მთის კაცი“). რომანში ნაჩვენებია რევოლუციური ბრძოლის აღმავლობა, ხალხის ერთსულოვნება, რეაქციის მძვინვარება სოფლად. ღრმად ოპტიმისტურია რომანის ეპილოგი.
ქიაჩელის მომდევნო რომანი „სისხლი“ (1926—1927) წარმოსახავს რეაქციის ხანას საქართველოში. მენშევიკური ფრაქციის წარმომადგენელი არჩილ დადაშიანი კეთილშობილი, მაგრამ მერყევი ბუნების კაცია. მისი პიროვნება თითქოს ასახიერებს ქართულ მენშევიზმს, რომელიც საბოლოოოდ ნაციონალიზმში ეფლობა. რომანში არ ჩანს მკვეთრად ის ძალა, რომელსაც მიჰყავს რევოლუცია აღმავლობისაკენ.
ნოველებში ქიაჩელმა დიდი მხატვრული სიმართლითა და ფსიქოლოგიური სიღრმით გადმოსცა ყოფილი თავადების სოციალური და პიროვნული კატასტროფა („თავადის ქალი მაია“, 1927), შვილის დამკარგავი მამის მძაფრი სულიერი ტრაგედია („ალმასგირ კიბულანი“, 1925), ორი ურთიერთდაპირისპირებული მორალური მრწამსის ჭიდილი („ჰაკი აძბა“, 1933).
განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ქიაჩელის რომანმა „გვადი ბიგვამ“ (1936—1937; სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, 1941), რომელშიც წარმოდგენილია 30-იანი წლების ქართული სოფლის ცხოვრება: შენიღბული რეაქციული ძალები (არჩილ ფორია), კერძომესაკუთრული ფსიქიკით შეპყრობილი გლეხობა (გოჩა სალანდია), სიზარმაცე და ცუღლუტობა (გვადი ბიგვა). რომანის იდეური ხაზია ახალი ადამიანის ჩამოყალიბება. გვადია ფერისცვალება ფსიქოლოგიური ტაქტით არის წარმართული; საკუთარ კაცურ ღირსებაში დარწმუნებას და არჩილის ზეგავლენისაგან თავდახსნია სიხარულს მოსდევს არჩილის უნებლიე მკვლელობა — სისხლიანი ზღვარი დღევანდელსა და ხვალინდელს შორის.
სამამულო ომის მძვინვარე დღეებში შვილის დაღუპვით აფორიაქებულმა მწერალმა მოიარა ყირიმის ადგილები, სადაც იბრძოდა მისი ერთადერთი ვაჟი და თბილისში დაბრუნებულმა დაწერა რომანი ,,მთის კაცი.”
ლეო ქიაჩელის ,,გვადი ბიგვა’’ და ,,მთის კაცი’’ ითარგმნა მსოფლიოს 12 ენაზე.
ლეო ქიაჩელი ნაყოფიერი სამწერლო მუშაობის პარალელურად ფართო საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი იყო გაზეთ ,,ლომისის’’ რედაქტორი, მრავალი ჟურნალისა და გაზეთის სარედაქციო კოლეგიის წევრი. მწერალმა დაწერა კინოსცენარი ფილმისთვის ,,ნარინჯის ველი’’, მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაიღეს ფილმები: “ტარიელ გოლუა’’, ,,თავადის ქალი მაია” და ,,გვადი ბიგვა’’.
ლეო ქიაჩელი გარდაიცვალა 1963 წლის 25 დეკემბერს, ხოლო 29 დეკემბერს დაკრძალეს მთაწმინდაზე.
1966 წლის 27 ნოემბერს მწერლის საფლავზე დაიდგა მოქანდაკე გ. ოჩიაურისა და არქიტექტორ თ. მიქაშავიძის მიერ ორიგინალურად გადაწყვეტილი ლ. ქიაჩელის ძეგლი.

ლიტერატურა

  • ვართაგავა ი., ლეო ქიაჩელი, თბ., 1966;
  • თოფურია ა., ლეო ქიაჩელის ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 1977;
  • კვანჭილაშვილი ტ., ლეო ქიაჩელი, თბ., 1955;
  • ჩიჩუა შ., ლეო ქიაჩელი, თბ., 1965;
  • ცისკარიძე ვ., უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხები, ნაკვ. 2,, თბ., 1984;
  • ჭილაია ს., ლეო ქიაჩელი, თბ., 1954 (საჯარო ლექციის სტენოგრამა);
  • ჯიბუტი ვ., ლეო ქიაჩელი, თბ., 1971;
  • ცისკარიძე ვ., ქსე, ტ. 10, გვ. 524, თბ., 1986

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: