Posted by: burusi | 30/01/2010

გუგული მგელაძე – “ფესვები“ 20 წლისაა და ცოცხალია!

ლელა ჯიყაშვილი – “ფესვები“ 20 წლისაა და ცოცხალია!

ოთახის კარს იქით მოქცეულმა ძაღლმა ისეთი ყეფა ატეხა, ვიფიქრე, კარსაც ჩამოაქცევს და მეც დამგლეჯსმეთქი. გუგული მგელაძემ გამიღიმა: – ნუ გეშინიათ, ძალიან ჭკვიანი ძაღლია, ადამიანს არ ერჩის. თანაც გვერდით ოთახში ჩავკეტე…
კაბინეტში, ძველ წიგნებსა და ფოტოებს შორის, სასაუბროდ მოვემზადეთ. პავლე ინგოროყვას ნაქონ ძველ ხის საწერ მაგიდაზე ბატონმა გუგულიმ რამდენიმე ხელნაწერი დადო – ძირითადად ლექსები, რომლებსაც ბოლო დროს, როგორც თვითონ ამბობს, კინოს გადაღების აუხდენელი ოცნების ფონზე წერს. რაკი ცხოვრებაზე უნდა ვილაპარაკოთ, ცხოვრებაზე დაწერილი ლექსის კითხვით დავიწყეთ:
“მივყვები აღმართს,
ვითვლი ნაბიჯებს,
მუხლი მღალატობს,
ალბათ ვბერდები“…
ძაღლი არ ცხრება, ლამისაა მართლა გამოანგრიოს კარი და მასპინძელიც იძულებულია, გამოუშვას. მრისხანეს ველოდები და შემოდის დინჯი, ჭკვიანი, შავი ლაბრადორი. ხმის ამოუღებლად ჯდება და გვისმენს.
– ეტყობა, ძაღლები გიყვართ…
– პატარა ვიყავი, ეზოში, ტუალეტში შევედი. მოვიდა დიდი ძაღლი და დადგა კართან. ორი საათი ვიყავი “დაპატიმრებული“. როგორ შეიძლებოდა მყვარებოდა ძაღლები… მაგრამ ახლა მიყვარს, რომ არა ჩემი ძაღლი, გამოვიწვებოდით. ხანძარი გაჩნდა. ჩემი ვაჟი, გიო გვერდით ოთახში იწვა. ჩვენმა ძაღლმა ატეხა ყეფა, შევარდა, მოქაჩა, ძალით შემოიყვანა და აჩვენა ცეცხლი. ასე რომ, ეს მარტო ძაღლი კი არა, ჩვენი გადამრჩენია…
“გადამრჩენი“ თავს ხრის და მადლობის ნიშნად კუდს აქიცინებს – წარდგენით კმაყოფილია… ახლა კი მთავარს ვუბრუნდებით და ჩვენ ორნი – მე და ლაბრადორი დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს გუგული მგელაძის ცხოვრების ეპიზოდებს.

ჩემი გარიჟრაჟი

ყველაფერი იწყება მამის დაპატიმრებით… მახსოვს, სკოლიდან მოვედი. მეზობლები რაღაც სხვანაირად მიყურებდნენ. შევედი შინ, არეულია ყველაფერი. რომ მივდიოდი, მამა ლოგინში დავტოვე – ავად იყო. მისულფერებულ კაცს თავს დასდგომოდნენ ჩეკისტები და რაღაცას ეკითხებოდნენ. ის პასუხობდა.
საწყალი დეიდაჩემი – ხეიბარი ქალი იყო, კუთხეში იდგა და ცრემლი ჩამოსდიოდა. ერთი ჩეკისტი ბუხართან იჯდა და რაღაცას ჩხრეკდა… არ ვიცი, რას ეძებდა. მერე წაყვანა დაუპირეს. დეიდამ უთხრა, – გიორგი, ლოგინს შეგიკრავ, წაიღეო. “ნეტ ნუჟდი!“ – რუსულად უთხრა შავგვრემანმა. ვიდექით ჩემი დები და მე… მალე დავბრუნდებიო, – გვითხრა და გაჰყვა…
ორ თვეში დახვრიტეს. მიზეზზე ვფიქრობდი სულ. ალბათ, ბელგიაში რომ ჰქონდა განათლება მიღებული, ამანაც განაპირობა მისდამი საბჭოთა რეჟიმის უნდობლობა. ზაჰესის საინჟინრო საქმე მამას ებარა და ბრწყინვალედ შეასრულა. ესეც უბედურებად უქციეს. რა დამავიწყებს, როგორ წვალობდა დედა, ორ სამსახურში დადიოდა, მოვიდოდა, დაგვაპურებდა, ისევ წავიდოდა…
ბევრი რამ ხდება შემთხვევით ამ ცხოვრებაში. ერთ დღეს ქუჩაში ქალი შემხვდა. გაჩერდა, დიდხანს მიყურა, თან მიღიმოდა. მეც შევჩერდი.
– რამდენი წლის ხარ? – მკითხა უცნობმა.
– რამდენისაც საჭიროა! – ვუპასუხე უხეშად, ვიუკადრისე, უცნობმა ქალმა ასაკი რომ მკითხა. თითი დამიქნია, ასე უზრდელად ნუ მელაპარაკებიო და მკითხა:
– კინოში გადაღება გინდა?
– როგორ არა! – ვუპასუხე.
– ხვალ მოდი სტუდიაში.
მივედი მეორე დღეს. დამხვდა ის ქალბატონი, მერე გავიგე, ალიანდრა ერქვა. თურმე “გიორგი სააკაძის“ სინჯები მიმდინარეობს. შევედი. ვხედავ ვიღაც თავმოტვლეპილი კაცი ბუტერბროდს ჭამს. პირველად მოვხვდი ასეთ გარემოში, დავინახე, როგორ მუშაობდნენ გამნათებლები, კიბესთან ვიღაც ახოვანი კაცი იდგა – თურმე აკაკი ხორავა. ქალბატონმა ალიანდრამ ვიღაცას მიმართა:
– მიხეილ ედიშეროვიჩ, ეს ბიჭი გამოდგება გიორგი სააკაძის უფროს შვილად? – მაშინღა გავიგე, მიხეილ ჭიაურელს მიმართავდა.
– ხვალვე ჩააცვით, დაახურეთ პარიკი, ჯამაგირი დაუნიშნეთ და გადაღებებზე მოიყვანეთ! – უპასუხა.
გამოვედი გაკვირვებული. ვეკითხები ალიანდრას, – რაო, რა თქვა, ვინ უნდა ვითამაშო-მეთქი. ვერ გაიგე, გიორგი სააკაძის უფროსი შვილიო.
– მერე ჯამაგირსაც დამინიშნავთ? – ვკითხე უნდობლად.
– აბა რა!
– ფულს მომცემთ?
მაშინ მეგონა, როგორც ფოტოგრაფთან შენ უნდა გადაგეხადა ფული, სურათი რომ გადაგეღო, კინოშიც ასე იყო. ფრიად გაკვირვებული დავრჩი.
ერთი საოცარი რამ დამრჩა გადაღებების დროიდან. პირველ სცენას ვიღებდით, გიორგი სააკაძეს თავადაზნაურობა რომ დაესხმება თავს. არ განვიცდიდი არაფერს. ვერიკო ანჯაფარიძეს ერთი ხელი ჩემზე ჰქონდა ჩაკიდებული, მეორე – მერაბ კოკოჩაშვილზე. ენთო ჩირაღდანი და ჩვენ დავრბოდით.
ჭიაურელმა მითხრა, – ყოჩაღ, რა კარგად განიცდი და როგორ ზუსტად თამაშობო. მერე, როცა გიორგი სააკაძე განიდევნა, ვსხედვართ მთელი ოჯახი ქვებზე, წინ უდაბნოა, გიორგი ცოლს ეუბნება, – რუსუდან, არ გაშინებს ეს გზაო? ისე განვიცადე, თითქოს მართლა მივდიოდი და ვტოვებდი აქაურობას. ვკანკალებდი კიდეც. უცებ მიხეილ ჭიაურელმა მითხრა, – შენ არ გეხება, რაც ხდება? რატომ არ განიცდიო! მაშინ მივხვდი, მარტო განცდა კი არა, გამოხატვა იყო მთავარი.
პირველი ჯამაგირი 750 მანეთი ავიღე და მაშინვე დედას ვუყიდე კაბა. ახლაც თვალწინ მიდგას – შავ-თეთრად იყო მოჩითული. დედამ 8 თუ 10 წელი ატარა…

ჩემი დილა

15-16 წლისა ვიყავი და გაფუჭება დავიწყე, ვთამაშობდი ფულს… ეს რა არის? ფულის ნომერი უნდა გამოგეცნო და ის ფული შენი იყო. სამ ნომერში რაღაც მაინც უნდა გეთქვა მიახლოებული. ყომარს ანუ ზარსაც კი ვთამაშობდი. მერე პოკერზე გადავედი, მაგრამ უკვე ხანშიშესული, ეგ, ცხადია, ვეღარ გამაფუჭებდა. ძველბიჭობა მომწონდა ძალიან. მაგრამ დღევანდელი გაგებით კი არა! ოღონდ ავტორიტეტი მქონოდა, ჩემზე ეთქვათ, ძველი ბიჭიაო და ქურდობასაც კი დავიბრალებდი. ერთხელ რუსთაველზე ვიდექი და ერთმა თქვა: ეს კარგი კაციაო, – ჩემზე. ქურდიაო? – ჰკითხა მეორემ. რა ქურდი, რის ქურდი! ომის წლები იყო, უპატრონოდ ვიყავით, ნახევრად მშიერი დავდიოდი. ისე წავხდი, წაგებული ფულის გადასახდელად პურის წიგნაკიც გამიყიდია… მაგრამ სისხლში არ მქონდა ბოროტება და გადავრჩი…
რამ გადამარჩინა? გრიბოედოვის ქუჩაზე, N1-ში ჩემი მეგობარი – თენგიზ ალავერდაშვილი ცხოვრობდა. მასთან ვიკრიბებოდით მე, კოტე მახარაძე, თენგიზ გოდერძიშვილი, ნოდარ ჯანბერიძე. კოტე მაიაკოვსკის კითხულობდა, თენგიზ გოდერძიშვილი ფორტეპიანოზე უკრავდა. მაშინ მასწავლა დაკვრა და დღემდე მახსოვს ის პიესები. ვმღეროდით. დეიდა ანგელინა – თენგიზის დედა, ქვრივი იყო, ლუკმას გვიყოფდა, ღვინის ავკარგიანობასაც მათთან ვეზიარე. ამ მეგობრობაზე მერე ფილმი გადავიღე: “არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ!“ დეიდა ანგელინას სესილია თაყაიშვილი თამაშობდა…
დედას უნდოდა, ექიმი გავმხდარიყავი, წაიღო ჩემი საბუთები და შეიტანა სამედიცინო ინსტიტუტში. ხელში არ ავიღე წიგნი. მახსოვს, ბიოლოგიის სახელმძღვანელოს ქვეშ ყაზბეგი მედო და იმას ვკითხულობდი. გავედი და პირველსავე გამოცდაზე ჩავიჭერი. დავბრუნდი გახარებული. ჩემმა დამ – რა ქენიო. ჩავიჭერიმეთქი. მერე რა გიხარია, შე სულელოო! ის მიხაროდა, რომ მოსკოვში წავედი და ვგიკ-ში, კინოს ინსტიტუტში ჩავაბარე გამოცდები. არც იქ მიღებდნენ. სომეხმა გამომცდელმა მითხრა, – ქართული აქცენტი გაქვთ და ვერ მიგიღებთო. ვკითხე: – სტალინს სომხური აქცენტი ჰქონდა-მეთქი?! შეეშინდა და ვეღარაფერი მითხრა. მიმიღეს. პირველი სემესტრის მერე გამომაგდეს. შემრცხვა დაბრუნება. 6 თვე სადგურში და ფოსტაში ვათენებდი, მშიერ-მწყურვალი… ჩემთან ერთად გამოაგდეს ვიქტორ ორლოვი. ისიც ჩემთან ერთად დაყიალობდა. მეორედ გავედი გამოცდაზე და ისეთი რამ წავიკითხე, ვერაფერი მითხრეს. ან უნდა მივეღე, ან დავეჭირე. რა წავიკითხე ასეთი? – ლერმონტოვის “პოეტის სიკვდილი“.
გამიმართლა, ისეთ ხალხთან ერთად ვსწავლობდი – გრიგორი ჩუხრაი, ოლეგ ბასოვი, სერგეი ბონდარჩუკი, თენგიზ აბულაძე… მერე თენგიზი გამოაგდეს… “სხვისი შვილების“ ჩვენებაზე ჩემ გვერდით იჯდა მისი გამგდები. ცრემლი წამოუვიდა, ხელი ჩამომართვა, თენგიზთან ვერ გაბედა მისვლა, გაი პარა.
ბევრი ნიჭიერი კაცი შემხვედრია. ზოგი სმამ დაღუპა… ზოგი – პოპულარობამ. ზოგმა გაუძლო. სულ მახსენდება ვიაჩესლავ ტიხონოვი. ძალიან ჭკვიანი იყო, სასმელს არ ეტანებოდა.

ჩემი შუადღე

ხან მზეა, ხან ავდარია… ჩემი შუადღე უფრო მზიანი იყო, არაჩვეულებრივ ხალხთან მიხდებოდა მუშაობა. იმიტომაც არის ქართული კინო ძლიერი.
ყველაზე რთულად რომელი ფილმის გადაღებებმა ჩაიარა? ერთს გეტყვით… ერთხელ, კომპოზიტორი ფელიქს ღლონტი შემხვდა და მითხრა, – მეგობარმა შემომჩივლა, – ორი წელია ვიტანჯები, სიმფონიას ვწერო. თუ იტანჯები, რატომღა წერო, – უკითხავს ფელიქსს. ტანჯვით არც დაწერილი გამოვა, არც გადაღებული. მე ყველა ფილმს სიხარულით ვიღებდი. თუ შევატყობდი, რამე არ გამოდიოდა, თავს ვანებებდი… პირველი ფილმი, “ბურთი და მოედანი“, სერიოზულად არც მიიღეს… ხომ გაძლო ნახევარი საუკუნე? ერთ თვეში გადავიღე სულ ხალის-ხალისით.
“ფესვები“, იცით, რამდენი წლისაა? – 20 წლის! ისევ უყურებენ! “სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ 30 წლისაა და ისიც ცოცხალია. თუ გინდა გაიგო, მაგალითად, ნახატის ფასი, ჩამოკიდე კედელზე, უყურე, თუ მოგწყინდა, ჩამოხსენი… თუ არა – ესე იგი კარგია.
მომავალი მეუღლე რომ გავიცანი, მითხრეს, ინგოროყვას ქალიშვილიაო, მაგრამ ვინ იყო ინგოროყვა, არც ვიცოდი. მოსკოვში ჩამოუყალიბებელი წავედი, აქ შიმშილისგან თავი მტკიოდა და წიგნის კითხვის განწყობა მქონდა? მოსკოვში ლამის გავრუსდი… მაგრამ გენეტიკა თავისას შვრება. რომ გავრუსებულიყავი, “ფესვებს“ ხომ ვერ გადავიღებდი! კარგია თუ ცუდი, სულით ხომ ქართულია! დავუბრუნდეთ ბატონ პავლეს… შემოვედი ამ ოჯახში და გავიცანი. მას მერე ბევრი რამ წავიკითხე. ბოლოს წიგნიც დავწერე.

ჩემი საღამო

როცა ოჯახში დიდი უბედურება შეგვემთხვა – გიო ავტოავარიაში მოხვდა ცოლ-შვილთან ერთად და მეუღლე დაეღუპა, ერთმა მეგობარმა მითხრა, – ილოცეო. ვლოცულობდი, როგორც შემეძლო…
მახსენდება პავლე ინგოროყვა, რომელსაც ახალგაზრდობიდან ტუბერკულიოზი ჰქონდა. მაშინ ამ დაავადებით იხოცებოდნენ, მაგრამ პავლე ამბობდა, – სანამ სათქმელს არ დავამთავრებ, არ მოვკვდებიო და სულმა გადაარჩინა.
მეც ვფიქრობ, კიდევ მინდა რაღაც გავაკეთო. 18 წლის მერე გეპატიჟებით 100 წლის იუბილეზე… ასაკს ვერ ვგრძნობ… ხომ იცით, ქალი იმ ხნისაა, რამდენი წლისადაც გამოიყურება, კაცი კი იმდენის, რამდენისაც შეუძლია იყოს. რაღა დაგიმალოთ და, მავიწყდება ჩემი ასაკი. ლამაზ ქალთან საუბარი მსიამოვნებს… სცენარს ვწერ, გადაღება მინდა. ადრე 50 წლის კაცს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, რისი იმედი აქვს-მეთქი. მერე დრო გავიდა, 50-ს გადავაბიჯე. გაჩნდა შიშიცა და რწმენაც, რომ გავაკეთებ გასაკეთებელს.
ხშირად ვკითხულობ ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფიას. ავად რომ იყო, წერდა, – როცა მოვა, მოვაო. ყველაფერს ეჩვევი კაცი…

ლელა ჯიყაშვილი
მამული N 15, აპრილი, 2009 წ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: