Posted by: burusi | 25/01/2010

დიმიტრი შევარდნაძე – ბიოგრაფია

დიმიტრი შევარდნაძე, 20-იანი წლები. თბილისი

დიმიტრი შევარდნაძე – Dimitri Shevardnadze

დიმიტრი შევარდნაძე დაიბადა 1885 წლის 1 დეკემბერს. ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების (1906) შემდეგ ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა სტიპენდიით საზღვარგარეთ გაემგზავრა უმაღლესი განათლების მისაღებად.

მცირე ხანს ძმასთან ცხოვრობდა ციურიხში. 1907–12 წლებში სწავლობდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1912 წელს მეცადინეობდა ხოლოშის სახელოსნოში, ამავე დროს ეცნობოდა სამუზეუმო საქმეს. 1916 წელს საქართველოში დაბრუნდა.

მისი თაოსნობით დაარსდა “ქართველ ხელოვანთა საზოგადოება”, დამფუძნებელ კრებაზე თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. შევარდნაძე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საქმიანობაში (რომლის ნამდვილ წევრად ერთხმად აირჩიეს 1911). 20–იან წლებში იგი იყო თბილისის რევკომის წარმომადგენელი თბილისის მუზეუმების დაცვის საქმეში. აირჩიეს კულტურის ძეგლთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ.

აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა მუზეუმის კოლექციების დაკომპლექტების სფეროში. დიდია შევარდნაძის დამსახურება ნიკო ფიროსმანაშვილის შესწავლასა და მისი ნამუშევრების სამუზეუმო კოლექციის კუთვნილებად ქცევაში, აგრეთვე ქართულ ისტორიულ ძეგლების შესწავლასა და დაცვაში. 1916 წელს უშუალოდ მონაწილეობდა ნაბახტევის ღვთიმშობლის ეკლესიის (1412–31) მოხატულობის შესწავლა–რესტავრაციაში. 1935 წელს მისი ინიციატივით, მხატვარ–რესტავრატორ შ. აბრამიშვილთან ერთად, კედლს მოშორებული, დასაღუპავად განწირული მოხატულობის ნაწილი ჩამოხსნა და საქართველოს ხელოვნების მუზეუმში გადმოიტანა.

შევარდნაძის თაოსნობით 1917 წელს “დიდების ტაძარში” მოეწყო ქართული ფრესკის I გამოფენა; მისივე ინიციატივით ტრადიციად იქცა ფრესკის ასლების დაცვა საქართველოს მუზეუმებში. 1917 წელს მონაწილეობდა ე. თაყაიშვილის თაოსნობით სამხრეთ საქართველოში მოწყობილ ექსპედიციაში. 1918 წელს ი. ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით, შექმნა უნივერსიტეტის გერბი და ბეჭედი (დახატა რამდენიმე ვარიანტი). 1925 წელს, როგორც საქართველოს განსახკომთან შექმნილი ქართული სასტამბო შრიფტის გარდაქმნის პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრმა, ქართული შრიფტის გრაფიკული მოხაზულობის ახალი ვარიანტი შექმნა.

ავტორია ფერწერული და გრაფიკული პორტრეტებისა, რომელთა შორის გამოირჩევა: “ავტოპორტრეტი” (1910), “ნატიურმორტი ვარდებით” (1913), “ქალი ფანჯარასთან საკერავით” (1913), “მოხუცი პროფილში” (1914), “მათემატიკის მასწავლებელი” (1918).

შევარდნაძე იყო ერთ–ერთი პიონერი ქართულ სათეატრო და კინოს მხატვრობისა. მას ეკუთვნის ზ. ფალიაშვილის ოპერის “აბესალომ და ეთერის” დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები (1924, რეჟ. კ. მარჯინაშვილის), მ. ბალანჩივაძის ოპერის “თამარ ცბიერისა” (1926) და დ. არაყიშვილის ოპერის “თქმულება შოთა რუსთაველზე” (1919) კოსტუმების ესკიზები, პირველი ქართული პანტომიმის (თ. ვახვახიშვილის “მზეთამზე”, 1929) კოსტიუმებისა და ბუტაფორიების ესკიზები. შევარდნაძე იყო პირველი ქართული მხატვრული ფილმის – “ქრისტინეს” (1916) დამდგმელი მხატვარი, აგრეთვე ფილმებისა: “ვინ არის დამნაშავე?” (1925), “ელისო” (1928), “ჯანყი გურიაში” (1929). შევარდნაძე 1937 წელს რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

წყარო: ქე. – თბილისი ენციკლოპედია. – თბ. – 2002.


Responses

  1. შესანიშნავი ადამიანი იყო ნამდვილად!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: