Posted by: burusi | 13/01/2010

ლუის ბუნიუელის სიზმრები

ლუის ბუნუელი – Luis Buñuel

ბუნიუელის გარდაცვალების შემდეგ ფედერიკო ფელინიმ თქვა: „თავის ფილმებში ბუნიუელი მაყურებელთან ერთად ხედავდა სიზმრებს, ხანდახან მის მაგივრადაც კი, – როცა ამას თავად მაყურებელი ვერ ახერხებდა“.

ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული რეჟისორი, ლეგენდარული ოსტატი ლუის ბუნიუელი სიზმრებში, ხილვებში, წარმოსახვებში, შემოქმედებით თუ არაშემოქმედებით ფანტაზიებში ეძებდა თავისი ქმნილებების შთაგონებას. თუ XX საუკუნის ფსიქოლოგიის არაერთი სახელოვანი წარმომადგენელი სიზმარში სიმბოლურ ენას ხედავდა, რომელსაც ათასწლეულების განმავლობაში დაგროვებული კოლექტიური სიბრძნე, კოლექტიური გამოცდილება უნდა გაეცხადებინა ცალკეული ადამიანისათვის, ბუნიუელს სიზმარში, პირველ ყოვლისა, აბსურდი, არსსა და შინაარსზე უარისთქმა იზიდავდა. რეჟისორს არც ის უფიქრია არასოდეს, რომ სამყაროში თუ სამყაროს მიღმა რამე წესრიგი, დადგენილი წესი და რიგი არსებობს და ამიტომაც რეჟისორისეული ხედვა და ხელწერა ყოველთვის უჯანყდებოდა ყოველგვარ წესრიგსა და მომწესრიგებელს. ამის გამო გასაკვირი არაა, რომ ჯერ კიდევ მოწაფეობაში, სარაგოსას იუზიეტურ სასწავლებელში სწავლისას (სადაც, სხვათა შორის, იგი ცუდი მოწაფე არასოდეს ყოფილა და შეძლებისდაგვარად კარგად ითვისებდა ბიბლიურ და თეოლოგიურ ტექსტებს), 15-16 წლის ჭაბუკი თავის ორ მთავარ შთამაგონებელს მიაგნებს. მისი მოგვიანო აღიარებით, ეს ორი კარლოსი იყო: ერთი მათგანი – გერმანელი კარლ მარქსი, ხოლო მეორე – ინგლისელი ჩარლზ დარვინი. შეიძლება ითქვას, რომ იმ დროიდან ბუნიუელს აღარასოდეს უღალატია რევოლუციის, ამბოხების, დამხობის კერპებისათვის. ხოლო წესრიგისადმი ბუნიუელის დამოკიდებულების ცოდნა კი სრულიადაც არ განგვაწყობს, რომ ჩვენ ვეცადოთ, წესრიგი შევიტანოთ, წესრიგის დამყარება ვცადოთ ბუნიუელის ბიოგრაფიაში, რომელიც ფაქტობრივადაც და შემოქმედებითადაც საკმაოდ ქაოტურ, საკმაოდ ზიგზაგოვან სანახაობას წარმოადგენს, – ისევე როგორც ყველა სიზმარი და მოჩვენება. სხვა თუ არაფერი, ხელოვანის პარიზული, ამერიკული, მექსიკური და ისევ ფრანგული პერიოდები იმდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ ხანდახან დაუჯერებელიც კი ჩანს, ისინი ერთი ადამიანური ცხოვრების ინტეგრალურ ნაწილებად მივიჩნიოთ. წინააღმდეგობა და გახლეჩილობა უცხო არასოდეს ყოფილა თვალის გახლეჩის, თვალის გაჭრის, თვალის გადაკვეთის ქრესტომათიული კადრის ავტორისათვის, – კადრი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში კინემატოგრაფიული განათლების ანბანში აქვს დადებული ბინა. არაერთმნიშვნელოვნობის, განსხვავებულობის, წინააღმდეგობის გარეშე კი ძნელი წარმოსადგენია ლუის ბუნიუელი: იგი მიჩნეულია მუნჯი თუ ხმოვანი ფილმის დიდოსტატად, კინოს შედევრებადაა გამოცხადებული მისი მხატვრული თუ დოკუმენტური ქმნილებები, მისი საუკეთესო ნაწარმოებების უმთავრესი ნაწილი, რომელთაც, ფაქტობრივ, ცოტა რამ თუ აკავშირებს წინამორბედ ფრანგულ და მექსიკურ პერიოდთან, მაშინაა გადაღებული, როცა რეჟისორს უკვე 60 წლისთვის ჰქონდა გადაბიჯებული. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედება სიურეალიზმის კლასიკად და ნიმუშადაა მიჩნული კინოს ისტორიაში, მისთვის არც მელოდრამები ყოფილა უცხო და არც ჩვეულებრივი ნეორეალიზმი. მისი აჯანყება კათოლიკე ეკლესიის წინააღმდეგ კი იმით დამთავრდა, რომ ლუის ბუნიუელის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნაწარმოები, 1958 წელს გადაღებული „ნაზარინი“ ვატიკანის მიერ კათოლიკეთათვის სანახავად რეკომენდებულ ფილმთა არცთუ გრძელ ნუსხაში აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბუნიუელი ცდილობდა, არასოდეს ეღალატა ახალგაზრდობაში შეფიცული მემარცხენე შეხედულებებისათვის, იგი არც წარმოშობით და არც განათლებით არ ეკუთვნოდა პროლეტარიატს, – ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მას ბევრი არაფერი აკავშირებდა არც სოციალურ და არც გონებრივ პროლეტარებთან. რაკიღა სიტყვამ მოიტანა, იმის თქმაც ღირს, რომ მემარცხენე იდეების ერთგულება იშვიათადაა ხოლმე დაკავშირებული კლასობრივ წარმოშობასთან, – და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მარქსისზმ-ლენინიზმის არცთუ სანდო საფუძვლებზე. ამ მოძღვრების თანახმად ხომ, ყველაზე პროგრესული კლასი, რომელიც კაცობრიობას ნათელი მომავლისაკენ უძღვება, რატომღაც სწორედ პროლეტარიატია. მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ყველაზე თავდადებული და შთაგონებული რევოლუციონერი მუშა კი არ აღმოჩნდება ხოლმე, არამედ შეძლებული საქმოსნის ან ძირძველი არისტოკრატის შვილი, როგორც, მაგალითად, ესპანელი რეჟისორი ლუის ბუნიუელი.

ლუის ბუნიუელი 1900 წლის 22 თებერვალს, საკმოდ შეძლებული საქმოსანი მამისა და არისტოკრატიული წარმოშობის დედის ოჯახში დაიბადა, სკოლაში სიარულისას კი – 17 წლამდე – იგი ქრისტიანულ გარემოში იზრდებოდა, სადაც არა მარტო ესპანური ბაროკოს წიგნებს ჩაჰკირკიტებდა გულმოდგინედ და არა მარტო შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე, არამედ, ამასთანავე, შესანიშნავი მოკრივის სახელი ჰქონდა დაგდებული. 17 წლისა იგი მადრიდის უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება, სადაც ორ უახლოეს მეგობარს შეიძენს – სალვადორ დალისა და ფედერიკო გარსია ლორკას. ამ ხანებში სამივე მათგანი ზურგს შეაქცევს ქრისტიანულ რელიგიას, სამივე მათგანი გატაცებით ეცნობა ფროიდის ფსიქოანალიზს, სამივე მათგანი თავდავიწყებით ჩაჰკირკიტებს ვენელი ფსიქიატრის „სიზმრების ახსნას“. ბუნიუელისათვის ძიებანი შიგნით და გარეთ „ანდალუზიური ძაღლითა“ და „ოქროს ხანით“ დამთავრდა, – ფილმებით, რომლებიც სალვადორ დალისთან თანამშრომლობით იქმნება და რომლებმაც სრულიად ახალგაზრდა რეჟისორს მსოფლიო სახელი, – ნაწილობრივ, სკანდალური სახელი მოუტანა. ყოველ შემთხვევაში, სიურეალიზმს კინოში მეტად ცოტა რამ თუ შეუქმნია, რომელიც ამ ორ ქმნილებას შეიძლება შეედაროს შთამბეჭდაობით, გავლენით, მნიშვნელობით.

1920 წელს ბუნიუელი აარსებს პირველ ესპანურ საფილმო კლუბს და წერს სტატიებს იმ ფილმების შესახებ, რომელთაც იქ უჩვენებენ. ახალგაზრდა რეჟისორს შემდგომშიც კარგა ხანი მოუწევს კინოს ირგვლივ ტრიალი, მაგრამ კინოკამერისაგან მოშორებით, – მაგალითად, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, შეერთებულ შტატებში გადასახლების შემდეგ, სადაც იგი ესპანეთის სამოქალაქო ომში რესპუბლიკელ ანარქისტ-მარქსისტთა დამარცხების შედეგად აღმოჩნდება. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ამერიკამდეც ჩააღწევს სალვადორ დალის ინგლისურად თარგმნილი ავტობიოგრაფია, სადაც მისი ძველი მეგობარი ბუნიუელი კომუნისტადაა სახელდებული, ხოლო „ოქროს საუკუნე“ – მარქსისტული იდეოლოგიის ეკრანიზაციად. იმდროინდელ ამერიკაში კი, იმდროინდელი თუ თანადროული ევროპისაგან განსხვავებით, კომუნისტების მიმართ დამოკიდებულება მაინცადამიანც გულთბილი არ იყო, – მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად ბუნიუელს აბარგება და მექსიკაში გადასახლება მოუწევს.

მექსიკაში კი რეჟისორი ხელახლა უბრუნდება თავის პროფესიას – 15 წლის პაუზის შემდეგ ბუნიუელის მანამდე მჭლე ფილმოგრაფიაში ახალი ფილმების მრავალრიცხოვანი წყება ჩნდება. თუმცა ისინი კინოკლასიკას ნამდვილად არ ეკუთვნის, ერთის გამოკლებით, – ესაა „მიტოვებულები“, შემაძრწუნებელი, დამთრგუნველი ფილმი, რომელშიც მაყურებელი ვერსად გადააწყდება შუქს, – სიკეთისა და სიყვარულის, დანდობისა და მოწყალების, ადამიანობისა და იმედის შუქს.

60 წელს მიღწეული რეჟისორის შემოქმედებაში კი – „ნაზარინით“ დაწყებული, – სათავე ედება კიდევ ახალ ბუნიუელს. მისი ყოველი მომდევნო ფილმი კინოს მოტრფიალეთა არაერთი თაობის ლამის რელიგიურ მოწიწებასა და თაყვანისცემას იწვევს. ფილმებში ისევ აშკარად მჟავნდება ხელოვანის ანარქისტული სწაფვა განადგურებისაკენ, – ნგრევის საგნად სარწმუნოება, ოჯახი, საზოგადოება, ტრადიციები ქცეულა. „ბურჟუაზიის ფარული ხიბლის“ მიღმა უკვე ხანშიშესული ბუნიუელი ოდენ თვალმაქცობასა და სიბრიყვეს ხედავს. მოხუცი, მძიმედ დავადებული, დაბრამავებული რეჟისორი – ანარქისტი, მოჯანყე და ღმრთისმებრძოლი – 1983 წლის 29 ივლისს გარდაიცვალა.

ბუნიუელის ცალკეული ფილმების შესახებ საუბარი კი, მათი მოთხრობა და გადმოცემა ისევე უაზრო და უშინაარსო იქნება, ისეთივე ამაო გარჯა იქნება, როგორც სიზმრების უნახავად სიზმრების შესახებ საუბარი.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: