Posted by: burusi | 13/01/2010

ანდრეი ტარკოვსკის რწმენა და წვდომა

ანდრეი ტარკოვსკი

ანდრეი ტარკოვსკი – Andrei Tarkovsky

ამ ათი წლის წინათ ანდრეი ტარკოვსკიმ პარიზის გარეუბნის რუსულ სასაფლაოზე დიდი რუსების გვერდით მოიპოვა მარადიული სავანე – ივან ბუნინისა და დმიტრი მერეჟკოვსკის, ნიკოლაი ბერდიავისა და ივან შმელიოვის მახლობლად. მათგან განსხვავებით, ტარკოვსკიმ თავისი ცხოვრების უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საბჭოთა კავშირში გაატარა და აღზრდით, ტრადიციებით, გარემოთი ცოტა რამ ჰქონდა მათთან საერთო, მაგრამ, როგორც ყველა მოაზროვნე რუსისათვის, მისთვისაც ჩვეული და სისხლხორცეული იყო ტკივილიანი, განუწყვეტელი ფიქრი ღმერთისა და არსებობის საზრისის, ტანჯვისა და გამოსყიდვის შესახებ

ჩრდილოკავკასიელ აზნაურთა შთამომავალი და შესანიშნავი რუსი პოეტის ვაჟი, ანდრეი ტარკოვსკი, თავისი სულიერი და შემოქმედებითი ჭიდილით უეჭველად რჩებოდა რუსული ინტელექტუალური მენტალიტეტისათვის მოუშორებელი და დაუძლეველი პრობლემების სივრცეში და, შესაძლოა, ესეცაა მიზეზი, რომ, ალბათ, ამდენი ცოტა ვისმე თუ უთქვამს მსოფლიო კინოში ღმერთისა და რწმენის, მარადისობისა და იმედის შესახებ, შესაძლოა, კიდევ ბერგმანს, შესაძლოა, დრაიერს… ამავე დროს, რუსულ კინოში, მეორე კავკასიელის, მარლენ ხუციევის გარდა, ალბათ, არავინ ყოფილა უფრო ევროპელი რეჟისორი და, ალბათ, ცოტა ვისმე თუ შეუქმნია ვიზუალური სიფაქიზით, ბრძნული სიდინჯით, პოეტური ტონალობით ამგვარად აღსავსე ფილმები… ცალკეული ადამიანის ექსისტენციალური შეჭირვებანი და მდუმარე ზეცისათვის პასუხის მომლოდინე მზერის მიპყრობა რუსული კულტურის ყოველი მოყვარულისათვის, რუსული ლიტერატურის ყოველი ბეჯითი მკითხველისთვისაც კი ყოველდღიურ ყოფად ქცეულა, მით უმეტეს, ბუნებრივი იყო ეს რუსი პოეტის ვაჟისათვის, თავად რუსი პოეტისათვის, რადგან ვისაც ანდრეი ტარკოვსკის ფილმები უნახავს, არასოდეს შეეჭვდება, რომ „სარკისა“ და „ნოსტალგიის“ ავტორი უეჭველად პოეტი იყო. .

ანდრეი ტარკოვსკიმ თავის პირველსავე გახმაურებულ ფილმში „ივანის ბავშვობა“ მეორე მსოფლიო ომის, საერთოდ, ომის განსაცდელი და ტრაგედია ადამიანთა სულის მსხვრევად წარმოაჩინა, პატარა, დაობლებული ივანის სისასტიკისა და ემოციური გაუხეშების მიღმა დედისეულ სამოთხეში დაბრუნების მტანჯველი, შეფარული სწრაფვა დაინახა, და ეს დაკარგული, სანეტარო სამოთხე ისეთი აღმაფრენითა და მოელვარე სიკაშკაშით აჩვენა, რომ მაყურებელი შეძრწუნებული დატოვა იმ ტრაგიკული უფსკრულით, რაც წარმავალ და მარადიულ სამყაროებს შორის, მიწიერ ჯოჯოხეთსა და ზეციურ სამოთხეს შორის ასე შიშვლად, ასე შეუფარავად წარმოჩნდა.

ტარკოვსკის ფართოდ ცნობილი შედევრი „ვნებანი ანდრეის მიხედვით“, რომელსაც საბჭოთა ცენზურამ „ანდრეი რუბლიოვი“ უწოდა, იმგვარი ფილმია, რომლის სიღრმისეული კეთილშობილება მხოლოდ მრავალგზისი ხელახალი ნახვის შემდეგ იხსნება, რადგან თავდაპირველად მაყურებელს თავზარს სცემს შუასაუკუნეობრივი რუსეთის შეულამაზებელი სურათი – სიბნელე, სისასტიკე, დაუნდობლობა, წვრილმანობა, წესიერებისა და ცივილიზაციის სიძულვილი, ნიშნები, რომლისაგანაც განთავისუფლება მრავალი საუკუნის შემდეგაც ეძნელება რუსეთს. მაგრამ ფილმის სიბრძნე, გონიერება, მორალური და რელიგიური მუხტი მაშინ გაცხადდება, როცა რეჟისორისთვისაც და მაყურებლისათვისაც აშკარა გახდება, რომ ყველა ჭუჭყისა და სიბრიყვის, უსულგულობისა და სიმდაბლის, ცოდვისა და დაცემის, შეუსმენლობისა და უპასუხობის მიღმა სამყაროში მარადიული წესრიგი და ღმრთაებრივი მოწყალება იღვრება, აშკარა ხდება, რომ მარადიული და წარუვალი მხოლოდ სულიერი ღირებულებები ყოფილა, – რუბლიოვის ხატებში არეკლილი ზედროული და მყარი სამყარო, ის ერთადერთი ფერადი კადრები, რომლებიც ფილმის ფინალში მთელს ეკრანს ფარავს და რომელიც მაყურებელს ასე თვალისმომჭრელად დაანახებს იმას, რასაც ტალახიან და გონჯ გარემოში ჭვრეტდა შუასაუკუნეობრივი ხატმწერი – სილამაზესა და გაწონასწორებას, სულიერი ცხოვრების შინაგან დაძაბულობასა და სიმშვენიერეს, მადლისა და შენდობის ღმრთაებრივ დიდსულოვნებას.

ფილმში „სარკე“ მოგონებათა შინაგან მდინარებას მიყოლილი რეჟისორი მაყურებელს არა მარტო 30-იანი წლების რუსეთის უსახურობასა და უჰაერობას წარმოუჩენს, არამედ შიგნიდან ხედვის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას, გარემოსა და ადამიანების წარმტაც მომხიბლაობას, მამის სიშორესა და დედის სილამაზეს… ფილმები „სოლარისი“ და „სტალკერი“ ერთი შეხედვით ეგრეთ წოდებული სამეცნიერო ფანტასტიკის ფარგლებშია განხორციელებული, ერთსაც და მეორესაც ცნობილ ფანტასტ მწერალთა ნაწარმოებები უდევს საფუძვლად, მაგრამ „სოლარისი“ რეჟისორმა უძღები შვილის დაბრუნების სახარებისეული იგავის კიდევ ერთ ვარიაციად აქცია, თუნდაც ფიზიკური კოსმოსის მასშტაბებში, მაგრამ მაინც რემბრანტთან გაჯიბრებული ფინალური კადრებით. „სტალკერის“ მოქმედება კი, რომელიც გარეგნულად სრულიად არარუსულ გარემოში ვითარდება, შესაძლოა, ტარკოვსკის შემოქმედებაში ყველაზე რუსული ნაწარმოებია, განმსჭვალული რუსული მოტივებით, ტანჯვისა და ცოდვის, გამოსყიდვისა და მსხვერპლის, ხსნისა და გაცისკროვნების თემებით, იმდენად რუსული, რომ ფილმის ფინალში აჟღერებული ტიუტჩევის ლექსი, მსოფლიო ლირიკის უეჭველად ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში, არავითარ მოულოდნელობასა და სიუცხოვეს არ იწვევს. ფილმის იდუმალი და პოეტური გარემო დოსტოევსკისებურ ისტერიულ-ნერვულ დაძაბულობას ერწყმის, ხოლო ტანჯვისა და ტკივილისაკენ მაზოხისტურ-მესიანისტური სწრაფვა რუსული მენტალიტეტისათვის ჩვეულ მსოფლხედვას ააშკარავებს.

ძნელია ითქვას, იწინასწარმეტყველა თუ არა საკუთარი ბედი რეჟისორმა, როცა „ნოსტალგიას“ იღებდა, – ფილმის გმირის, ემიგრანტის განცდები და გამოცდილება დაემთხვა ბედს, რომელიც თავად რეჟისორს ელოდა, რეჟისორს, რომელსაც სამშობლოდან, საკუთარი ენიდან, წარსულიდან ემიგრაციის ტვირთი უნდა ეზიდა. მაგრამ ნოსტალგიაც მხოლოდ გეოგრაფიული სამშობლოს მონატრება როდი ყოფილა, ეს უკან მოტოვებული დროის, ახალგაზრდობის, იმედისა და სიმყარის მონატრებაც აღმოჩნდა.

რეჟისორის უკანასკნელი ქმნილება – „მსხვერპლშეწირვა“, შესაძლოა, ყველაზე შთამაგონებელი და ყველაზე რელიგიური ფილმია ტარკოვსკის შემოქმედებაში, რომელიც ისეთივე ამაღლებული და კეთილშობილია, როგორც ბახის ის მუსიკა, რაც მთელს ფილმს გასდევს თან, სულისა და გონების შემძვრელი ფინალით, როცა პაწია მუნჯი ბიჭი დაჟინებით და დაუზარებლად წყალს უსხამს გამხმარ ხეს, რადგან მამისის ნათქვამი ახსოვს, რომ ძველი ქრისტიანი ბერები მანამ უსხამდნენ წყალს ხეს, სანამ ხე ნაყოფს არ გამოიღებდა.

1986 წლის 29 დეკემბერს, რაინერ მარია რილკეს სიკვდილის დღეს, გარდაიცვალა რუსი რეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი, რომლის ბოლო ფილმი – სიყვარულის, რწმენისა და მსხვერპლის სიდიადით მოცული ნაწარმოები – შვეციაში, ზღვის ნაპირასაა გადაღებული. ტარკოვსკის ფილმები, ისევე როგორც რილკეს პოეზია, საზღვრებისა და ფარგლების მიღმა, ღმერთთან და მარადისობასთან მეოცე საუკუნის ადამიანის საუბრების იმგვარი ანარეკლია, რაც ათასწლეულის მიწურულის მცხოვრებლებს მომავალი საუკუნის მიჯნის ღირსეულ გადაბიჯებას გაგვიადვილებს და შეგვიმსუბუქებს.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: