Posted by: burusi | 03/01/2010

ლეილა აბაშიძე – ბიოგრაფია

ლეილა აბაშიძე

ლეილა აბაშიძე – Leila Abashidze (1929)

ბავშვობა

ლეილა მიხეილის ასული აბაშიძე დაიბადა 1929 წლის 1 აგვისტოს თბილისში. მამა, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა და გადაასახლეს. ლეილას დედა, იმისათვის რომ მეუღლესთან ახლოს ყოფილიყო და ენახა, მედმუშაკად წავიდა ციმბირში და თან ქალიშვილიც წაიყვანა. პატარა ლეილამ და დედამ რეპრესირებული ოჯახის წევრი მხოლოდ ციხის გისოსებს მიღმა ნახეს, ახლოს მისვლა არ შეიძლებოდა, ეკრძალებოდათ და მხოლოდ შორიდან ესალმებოდნენ ერთმანეთს.
“იყო გახლართული მავთულები, სადაც 220 ვოლტი დენი გადიოდა, ვერ მიეკარებოდი, იქვე დედამ ერთი ადგილი იცოდა, დადგებოდა და შორიდან შეუმჩნევლად დაუქნევდა ხელს მამას, ისიც ჩუმად მიესალმებოდა. მე პატარა ვიყავი, დავიმახსოვრე ის ადგილი, გავძვრებოდი-გამოვძვრებოდი ყოველ დღე, მივიდოდი იქ, ხან სიგარეტს გადავუგდებდი მამას, ის გამომხედავდა ასე მადლიანი თვალებით და მხოლოდ ეს იყო ჩვენი შეხვედრები”…
ციხეში, პატიმრებისათვის გამართულ კონცერტზე პატარა ლეილაც გამოდიოდა, რომელიც მთელი შთაგონებით კითხულობდა ლექსს “Умер Ильич”, მის გამოჩენას იქ მყოფი ყველა გადასახლებული ქართველი განსაკუთრებით ელოდა, მეორე დღეს კი ერთ-ერთი საბჭოთა გაზეთი წერდა: გუშინ საპატიმროს სცენაზე ნამდვილი ვარსკვლავი დაიბადა, ეს გოგონა დიდი მსახიობი იქნება…
“მამამ, რომელიც ბუნებით ხელოვნების მოყვარული კაცი იყო, მოიფიქრა კონცერტი ტუსაღებისათვის და მე ვკითხულობდი ლექსს “Умер Ильич”, ლენინზე. ისე განვიცდიდი სიტუაციას, რაც ჩვენს გარშემო იყო, რომ მთელ განცდებს ვაქსოვდი ამ ლექსში, იქ ბევრი ქართველი იყო რა თქმა უნდა, რომლებიც თურმე მოუთმენლად ელოდნენ ჩემ გამოჩენას და ტაშით მხვდებოდნენ და იმ პერიოდში მე და მამას პორტრეტთან ერთად გაზეთ “Сибирская правда”-ში დაიბეჭდა სტატია სახელწოდებით “Oтец и дочь”, სადაც ეწერა: «Когда на сцене появляется маленькая Лейла, ее встречают аплодисментами, предчувствуя появление будущей большой актрисы» ეს იყო პირველი რეცენზია, რომლითაც მე მაღიარა მაყურებელმა.”
ოჯახმა ძალიან დიდხანს არ იცოდა რა ბედი ეწია რეპრესირებულ პატიმარს. ამის შემდეგ მიუვიდათ მათ დახვრეტის ოქმი, მომავალი მსახიობის დედას გამოუცხადეს, რომ მისი მეუღლე დახვრიტეს. “ოქმში წერია დახვრეტის წინ რომ გაჰყავდათ მამა, ოჯახის წევრების ჩამონათვალია და მოხსენიებულია ახლადდაბადებული ვაჟი, არის ზედ მამას ბოლო ხელმოწერა სიკვდილის წინ”. პატარა ლეილა დროებით ინტერნატში მიაბარეს და ციმბირშივე გაჩნდა მისი მესამე ძმაც. იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა და დედა იძულებული გახდა შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნებულიყო.

ადრეული კარიერა

ლეილა აბაშიძე პირველად ეკრანზე გამოჩნდა 1941 წლის ფილმში “ქაჯანა”, სადაც ის კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას უწევდა ნატო ვაჩნაძეს. იმ დროისათვის მომავალი დიდი კინოვარსკვლავი მხოლოდ რვა წლის იყო. მოგვიანებით კი მან ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ მიიღო ეს როლი: “ვიყავი 8 წლის, ქართული არ ვიცოდი, რადგან დაწყებითი განათლება რუსეთში მქონდა მიღებული და ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში ციმბირიდან. ჩემი მამიდა სიხარულით მეუბნებოდა, რომ გაზეთში განცხადება ნახა – ფილმისათვის ჭირდებოდათ ცელქი, ანცი გოგონა და მაგ დროს მეც ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, ჩემთვის არც უკითხავთ თუ მსურდა გადაღება, მაგრამ აზრიც არ ჰქონდა, რადგან მე ფილმი ნანახი არ მქონდა, რა იყო კინო საერთოდ არ ვიცოდი. მიმიყვანეს სინჯებზე უშნოდ გაკრეჭილი, ჩაუცმელი, სასაცილო ბავშვი. შევედი ოთახში და როცა დავინახე ოციოდე გოგონა ერთმანეთზე უკეთესი კულულებით, ბაფთებით, ვიგრძენი, რომ ზედმეტი ვიყავი და სადღაც კედელთან გავჩერდი, ვიცოდი რომ არ გამოვდგებოდი ამ საქმეში. მოვიდა ასისტენტი და მითხრა: გოგონა თქვენ თავისუფალი ხართ, წაბრძანდითო. ძველ სტუდიაში ერთი რკინის რიკულებიანი კიბეა, იმას მოვაჯექი ბიჭურად და ბზრიალით დავეშვი ზემოდან, ვღიღინებ რაღაცას და დავეჯახე ვიღაც კაცს. მას გაუკვირდა და მკითხა:
–გოგონა საიდან მოდიხარო? მე ვუპასუხე ზემოდანთქო.
–იქ რა გინდოდაო? ვუთხარი, რომ კინოში გადაღება მინდოდა, მაგრამ არ მოვეწონე და წამოვედი,
–ძალიან გინდა კინოში თამაშიო? ვუპასუხე ძალიან,ძალიანთქო! და ეტყობა იმდენი სურვილი ჩავაყოლე ამ ორ სიტყვაში, რომ მას გაეცინა, მომკიდა ხელი, მითხრა ჩემთან წამოდიო და თურმე ეს გახლდათ თავად ფილმის დამდგმელი რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი. შემეკითხა:
–და ან ძმა გყავსო? მე ვუთხარი, რომ ორი ძმა მყავდა
–ძალიან ცუდი ამბავი უნდა გითხრა, შენი ძმა დამუნჯდაო,
–რომელი? – ვიკითხე მე, თურმე ისეთი ტრაგიკული ხმით,
უფროსიო – მამიდამ უკარნახა და მე წავიშინე თავში ხელი, ვეღარ გამაჩერეს, ვტიროდი, ცრემლები ღაპა–ღუპით მომდიოდა, ბოლოს და ბოლოს დამაწყნარეს და თურმე ეს იყო სინჯები, ასე დამამტკიცეს როლზე”.
სკოლის დამთავრებამდე კიდევ ორი როლი შეასრულა: იუტა (“ოქროს ბილიკი”, 1945) და ნაზიბროლა (“აკაკის აკვანი”, 1947).
სწავლობდა თბილისის შ. რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. პირველი კურსის დამთავრების შემდეგ კინომსახიობთა სიჭარბის და კინოსტუდიის მიერ გამოშვებული ფილმების სიმცირის გამო სამსახიობო ფაკულტეტი დახურეს. თეატრალური ინსტიტუტის დირექტორმა აკაკი ხორავამ დახურული კურსი გასაუბრებაზე მოიწვია და რამდენიმე მსახიობი აარჩია ინსტიტუტისათვის და ისინი II კურსზე დასვა. არჩეულთა შორის იყო ლეილა აბაშიძე. კურსი მიჰყავდა დოდო ალექსიძეს. III კურსიდან ლეილა სამსახიობო ხელოვნებას ეუფლებოდა მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში. მონაწილეობა მიიღო სპექტაკლში “თვე სოფელში”, ტურგენევის პიესის მიხედვით, სადაც ითამაშა ნატალია პეტროვნას როლი.
სტუდენტობის პერიოდში გადაიღეს ფილმებში “ქეთო და კოტე” (ყვავილებიანი გოგონა, 1948) და “გაზაფხული საკენში” (ნინო, 1950).
ინსტიტუტის წითელ დიპლომზე დამთავრების შემდეგ ლეილა აბაშიძე გაანაწილეს რუსთაველის თეატრში. თეატრში ჯერ კიდევ არ ჰქონდა შესრულებული მნიშვნელოვანი როლი, რომ მოწვევა მიიღო კინოსტუდია “ქართულ ფილმში”. თეატრში გადაჭრით უთხრეს: ან თეატრში დარჩი, ან კინოში იმოღვაწეო. თუმცა ბევრი მსახიობია ვინც თეატრშიც იყო და კინოშიც, მაგრამ როგორც ქართველებს სჩვევიათ, ლეილა აბაშიძის ნიჭის შეშურდათ და თეატრიდან მოიშორეს. ლეილამ კინემატოგრაფი აირჩია და დაიწყო მოღვაწეობა კინოსტუდია “ქართულ ფილმში”.

აღიარება

ობოლმა, ღარიბმა გოგონამ სრულიად უპატრონოდ, მხოლოდ ბუნებით დაჯილდოვებული მსახიობური ნიჭით გაიკვლია გზა კინემატოგრაფის დიდ სამყაროში და შექმნა განუმეორებელი როლები.
საყოველთაო აღიარება მოუტანა კომედიური ხასიათის როლებმა ფილმებში მარინე (“ჭრიჭინა”, 1954), ლია (“აბეზარა”, 1957). ფილმმა “ჭრიჭინა” (სცენარი მ. ბარათაშვილისა და ლ. ხოტივარის, რეჟისორი სიკო დოლიძე) მთელი მსოფლიოს ეკრანები მოიარა და მსახიობს დიდი წარმატება ხვდა წილად. საბჭოთა პრესამ მაღალი შეფასება მისცა „ჭრიჭინას“. ასეთივე გამოხმაურება პოვა მან საერთაშორისო ეკრანზედაც. “ჭრიჭინა” პირველი მხიარული ფერადი ფილმი იყო გულდამძიმებულ და დეპრესიულ სსრკ-ში. თან ფილმის გამოსვლა დაემთხვა სტალინიზმის დასასრულის დასაწყისს. ხალხი ითხოვდა სილაღეს და ბედნიერებას ეკრანიდან. ლეილას გაბადრული ღიმილი, უსაზღვრო მომხიბვლელობა, სასიამოვნო გარეგნობა ეკრანიდან დარბაზში გადადიოდა და მომნუსხველად მოქმედებდა მაყურებლებზე. მისი მხოლოდ ერთი, უსიტყვო გამოხედვა, მზერა ყოფნიდა, რომ ეთქვა სათქმელი. ასეთი რამ კი მხოლოდ ნიჭიერ მსახიობებს სჩვევიათ.
უნიჭიერეს მსახიობს საშინელ ეპოქაში, რეჟიმის ცენზურაში მოუხდა მოღვაწეობა. იმ პერიოდის ფილმების ქალთა როლებს წარმოადგენდნენ: კოლმეურნე, მწველავი, მქსოველი, შრომის დამკვრელი და ა.შ. იმ პერიოდზე გაცილებით მოგვიანებით ელდარ რიაზანოვმა განაცხადა: “იძულებული ვიყავი “ბედის ირონიაში”-ში ქალის როლზე ბარბარა ბრილსკა მომეწვია, რადგან რუსულ კინემატოგრაფიაში არ არსებობდა ნამდვილი ქალის – ქალური ქალის განსახიერების ტრადიციაო”. ლეილა აბაშიძემ კინემატოგრაფში შექმნა ქალის სახე. ფაქტურად თითქმის ყველა ფილმში ის თავის თავს თამაშობს. ისეთ ჩაკეტილ ქვეყანაში, რომელსაც სსრკ ერქვა, ძალიან ცოტა მსახიობს თუ შეეძლო ეთამაშა საკუთარი თავი. ლეილა აბაშიძემ კინემატოგრაფში შემოიტანა საკუთარი იმიჯი. მის მიერ განსახიერებული ქალები არიან მიზანმიმართულები და სიყვარულში გამარჯვებულები. მისი ყველა გმირი ქალი აღწევს მიზანს. ქალი – რომელიც მამაკაცებს ტოლს არ უდებს, დააგრიალებს მანქანას, აცვია კომბინიზონი და ეს მაშინ, როცა წითელ მოედანზე ჯერ კიდევ ჩადრებით და ბეწვებიანი ფეხებით დადიოდნენ ქალები, და მაღალი, ბანტიანი პიჩოსკებით.
ნატო ვაჩნაძის შემდეგ ლეილა აბაშიძე ყველაზე პოპულარული ქართველი ვარსკვლავი იყო. ლეილ აბაშიძე საბჭოთა კავშირის ქალი-ვარსკვლავების ხუთეულში შევიდა, ვისაც 20 მილიონიანი დასწრების რამოდენიმე ფილმი (5 ფილმი მთავარი როლით) აქვს.
ლეილა აბაშიძემ კომედიურ როლებთან ერთად განასახიერა სრულიად განსხვავებული სახეები და ტიპაჟები – ლელა (“ისინი ჩამოვიდნენ მთიდან”, 1954), მანანა (“ჩვენი ეზო”, 1956), მაია წყნეთელი (“მაია წყნეთელი”, 1959), მზია (“სად არის შენი ბედნიერება მზია?”, 1959), ძიძია (“ხევისბერი გოჩა”, 1964), ნინო (“შეხვედრა წარსულთან”, 1966), ლალი-მზევინარი (შეხვედრა მთაში, 1966), ვარდისახარი (“დიდოსტატის მარჯვენა”, 1969), ქეთევანი, (“მოლოდინი”, 1969) და სხვა.
1959 წელს გადაიღეს ფილმი “მაია წყნეთელი”, სადაც ლეილა აბაშიძემ მაიას როლი შეასრულა. გადმოცემის მიხედვით, სპარსელები შემოსევიან საქართველოს, მაიაც გარევია ქართველთ ლაშქარში, ქალური ტანსაცმელი სცმია. სპარსელებს გაჰკვირვებიათ მისი მამაცობა და ხანებს უბრძანებიათ ცოცხლად მისი დაჭერა. მართლაც, დაუტყვევებიათ და თან წაუყვანიათ; მაგრამ მაია გზიდან გამოპარულა და ერევნის ბოლოს მოუკლავთ. “მაია წყნეთელი” ლეილა აბაშიძის ნამდვილი სამსახიობო გამარჯვებაა.
ფილმ “შეხვედრა წარსულთან” ლეილას მიერ განსახიერებული დრამატული როლით აღფრთოვანებული სერგო ზაქარიაძე მას ცნობილ უცხოელ ტრაგიკოს მსახიობებს ადარებდა და ამბობდა რომ ლეილამ ფილმში ითამაშა ისეთ მაღალ დონეზე როგორიც ჩვევიათ ცნობილ ტრაგიკოსებსო.
თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ, 1970-ინი წლებიდან დიდხანს არ იღებდნენ კინოში. 1970-იდან 1990 წლამდე ანუ 20 წლის განმავლობაში მხოლოდ 5 ფილმში ათამაშეს, ამათგან ერთი ფილმი თავისი გადაღებული “თბილისი-პარიზი-თბილისია”. მსახიობს სურდა “ნატვრის ხეში” ეთამაშა, მაგრამ ფილმზე არ მიიწვიეს. თენგიზ აბულაძეს უთქვამს მისთვს: დიდ პატივს გცემ, მაგრამ მე ამ ფილმში ახალი მსსახიობები მჭირდება და არა ცნობილიო. ქართულმა კინოხელოვნების წარმომადგენლებმა ლეილა აბაშიძე ისე ვერ გამოიყენეს როგორც საჭირო იყო და ამით ბევრი დაკარგა კინემატოგრაფმა.
თითქოს დაივიწყეს ერთ დროს მსახიობი ლეგენდა, რომელსაც საზღვარგარეთ მერი პიკფორდს ადარებდნენ. დიდი ხნით აიკრძალა ფილმი “ხევისბერი გოჩა”, სადაც ლეილამ ერთ-ერთი შთამბეჭდავი დრამატული როლი ითამაშა, რადგან ფილმში ლეილას პარტნიორმა, ონისეს როლის შემსრულებელმა ნუგზარ შარიამ საბჭოთა კავშირი დატოვა და თავშესაფარი ითხოვა საზღვარგარეთ. ამას დაერთო მსახიობ გოჩა აბაშიძის თვითმკვლელობა (ლეილას სიყვარულის გამო), რომელშიც ირიბად ლეილას ადანაშაულებდნენ რეჟისორები (თუმცა თვითმკვლელობის სხვა მიზეზებზსაც ასახელებენ).
1981 წელს საკუთარი სცენარით (ლ. ჭელიძესთან ერთად) გადაიღო ფილმი “თბილისი-პარიზი-თბილისი”, სადაც მთელი თანავარსკვლავედი მოიწვია სათამაშოდ – ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე, თვითონ კი თეა შერვაშიძის მთავარი როლი განასახიერა.
1986 წელს განასახიერა მსახიობი ქალის როლი ფილმში “ორომტრიალი” (რეჟ. ლანა ღოღობერიძე), სადაც საკუთარი თავი ითამაშა, 70-იანი წლების დასაწყისიდან ქვეყანაში გაბატონებული საშუალო ნიჭის ბიუროკრატები ლეილას ხსნიდნენ სპექტაკლებიდან და როლებიდან და კინოში გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ, რადგან ზოგიერთ რეჟისორს თავისი მახინჯი და უნიჭო ცოლის თამაში სურდა.

ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი

2009 წლის 8 მარტს თბილისში, კინოთეატრ “რუსთაველის” წინ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე კინოთეატრში მსახიობის საპატივსაცემოდ საღამო გაიმართა, რომელსაც ქართული კინოს ცნობილი მოღვაწეები და ხელოვანები, აგრეთვე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოზე ლეილას მონაწილეობით ცნობილი კინოფილმების კადრები, ბიოგრაფიული ფოტოები, ფოტოსესიები და ინტერვიუ იყო ნაჩვენები, აგრეთვე, ჰოლივუდის და ევროპული კინოს ვარსკვლვებთან ერთად გადაღებული მისი ფოტოები, სადაც საინფორმაციო პორტალების შეფასებით: “ქართველი ვარსკვლავი ოდრი ჰეპბერნსა და ჯინა ლოლობრიჯიდას სილამაზეში ტოლს არ უდებს”. მსახიობი მის საპატივსაცემოდ მოწყობილ ღონისძიებაზე ემოციებს ვერ მალავდა და საინტერესო მოგონებების გახსენებასთან ერთად საზოგადოებას თავისი ლექსიც წაუკითხა. ხოლო ვარსკვლავის გახსნის შემდეგ განაცხადა: «მე დღეს მეორედ დავიბადე. ადრე თუ გვიან აღარ ვიქნები ამ ქვეყანაზე და ეს ვარსკვლავი კი, სადაც ჩემი სახელი და გვარია ამოტვიფრული, მუდამ იარსებებს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ეს რამხელა პატივია ჩემთვის. მითუმეტეს, რომ ჩემი ვარსკვლავი დიდებული, გენიალური ქართველი მსახიობი ქალის ნატო ვაჩანაძის ვარსკვლავის გვერდით გაიხსნა. დიდი მადლობა უპირველს ყოვლისა, ქართველ ერს, ჩემს მაყურებელს, დიდი მადლობა ყველა იმ რეჟისორს ვისაც ამ ვარსკვლავის გახსნაში წვლილი მიუძღვის, რადგან მათ ფილმებში მათამაშეს. მე ამას აღვიქვამ, როგორც უდიდეს ჯილდოს.ამ ბედნიერ დღეს ღმერთს ვთხოვ, რომ გენიალური ქართული კინო ისევ აღორძინდეს და უფრო მეტი ბრწყინვალებით წარდგეს მაყურებლის წინაშე. ჩემთვის ერთი ვარსკვლავი ცოტაა. მე მინდა საქართველო ვარსკვლავების ქვეყნად იქცეს.»
კინორეჟისორმა რეზო ჩხეიძემ განაცხადა, რომ ლეილა აბაშიძე ქართული კინოსათვის ყოველთვის იყო ერის ხასიათის, რწმენის და ეროვნულობის სახე.

1 თვის წინ ვნახე აღმაშენებელზე, შავი მანქანიდან ხეკლავით გამოიყვანეს ძალიან სიმპატიური მოხუცი, თავიდან ვერ მივხვდი ვინ იყო, სათვალე ეკეთა, ახლოს, რომ მივედი მივხვდი ლეილა იყო, ისე მინდოდა იმ წუთში მოვფერებდი. ამ ხნის ქალს ახლაც არ ქონდა დაკარგული შარმი და გამვლელთა ყურადღებას იპყრობდა ქუჩაში.

ფილმოგრაფია

  • “ქაჯანა” (1941), კატო
  • “ოქროს ბილიკი” (1945), იუტა
  • “აკაკის აკვანი ” (1947), ნაზიბროლა
  • “ქეთო და კოტე” (1948), გოგონა ყვავილებით
  • “გაზაფხული საკენში” (1950),
  • “ისინი ჩამოვიდნენ მთიდან” (1954), ლელა
  • “ჭრიჭინა” (1954), მარინე
  • “ჩვენი ეზო” (1956), მანანა
  • “აბეზარა” (1956), ლია
  • “სად არის შენი ბედნიერება, მზია?” (1959), მზია
  • “მაია წყნეთელი” (1959), მაია
  • “მე ვიცეკვებ ” (1962), (“აზერბაიჯან-ფილმი”), დაგმარა
  • “ხევისბერი გოჩა” (1964), ძიძია
  • “ავარია” (1965)
  • “შეხვედრა წარსულთან” (1966), ნინო
  • “შეხვედრა მთაში” (1966), ლალი – მზევინარი
  • “მოლოდინი” (1969), ქეთევანი
  • “დიდოსტატის მარჯვენა” (1970), ვარდისახარი
  • “გასეირნება თბილისში” (1976), ლია
  • “სინემა” (1977)
  • “თბილისი, პარიზი, თბილისი ” (1980), თეა შერვაშიძე
  • “ყველა კომეტა როდი ქრება” (1982)
  • “ორომტრიალი” (1986), მსახიობი ქალი
  • “ზვარაკი ” (1990)

წოდებები და ჯილდოები

  • საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958)
  • საქართველოს სახალხო არტისტი (1965)
  • ჩეჩნეთ-ინგუშეთის სახალხო არტისტი (1964)
  • დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით (1961)
  • პირველი პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში “შეხვედრა წარსულთან” (1966), ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალი, 1968
  • II მსოფლიო ფესტივალის I პრიზი. ტოკიო, 1997
  • საპატიო ვარსკვლავი კინოთეატრ რუსთაველის წინ

Responses

  1. chemi ert-erti sayavreli msaxiobi….sheudarebelia 🙂

  2. udidesi msaxiobi. amouWuravi. guli mWYdeba rom bolomde ver daiXarJa.:(

  3. ძალიან სასიხარულოა რომ საქართველოში ღირსეულ და ერის საამაყო ადამიანებს ვარსკვლავებს უხსნიან,ქალბატონი ლეილას ვარსკვლავი ჩვენს გულებში კი დიდი ხანია ანთია.მადლობა ყველა ამ საქმის წამომწყებს და ორგანიზატორს,ღირსეული ადამიანის შრომა ნამდვილად დასაფასებელია. გილოცავთ ქალბატონო ლეილა ძალიან მიყვარხართ თქვენი ერთგული თაყვანისმცემელი კვიპროსიდან. ირმა.

  4. დაბადების დღეს გილოცავთ ქალბატონო ლეილა მეც ვუერთდები ყველა იმ ადამიანს ვინც საუკეთესოს გიგურვებთ ცხოვრებაში,მე გისურვებთ იმ სურვილის ასრულებას რაც თქვენს გულს ყველაზე მეტად გაუხარდება,გკოცნით და გეფერებით ძალიან შორიდან თქვენი ერთგული თაყვანისმცემელი ირმა.კვიპროსიდან.

  5. დასაწყისში პარნასზე მდგომს, თეატრში გადაჭრით უთხრეს: ” ან თეატრში დარჩი, ან კინოში იმოღვაწეო. თუმცა ბევრი მსახიობია ვინც თეატრშიც იყო და კინოშიც, მაგრამ როგორც ქართველებს სჩვევიათ, ლეილა აბაშიძის ნიჭის შეშურდათ და თეატრიდან მოიშორეს. ლეილამ კინემატოგრაფი აირჩია და დაიწყო მოღვაწეობა კინოსტუდია “ქართულ ფილმში”. უნიჭიერეს მსახიობს საშინელ ეპოქაში, რეჟიმის ცენზურაში მოუხდა მოღვაწეობა. იმ პერიოდის ფილმების ქალთა როლებს წარმოადგენდნენ: კოლმეურნე, მწველავი, მქსოველი, შრომის დამკვრელი და ა.შ. იმ პერიოდზე გაცილებით მოგვიანებით ელდარ რიაზანოვმა განაცხადა: “იძულებული ვიყავი “ბედის ირონიაში”-ში ქალის როლზე ბარბარა ბრილსკა მომეწვია, რადგან რუსულ კინემატოგრაფიაში არ არსებობდა ნამდვილი ქალის – ქალური ქალის განსახიერების ტრადიციაო”. ლეილა აბაშიძემ კინემატოგრაფში შექმნა ქალის სახე. ფაქტურად თითქმის ყველა ფილმში ის თავის თავს თამაშობს. ისეთ ჩაკეტილ ქვეყანაში, რომელსაც სსრკ ერქვა, ძალიან ცოტა მსახიობს თუ შეეძლო ეთამაშა საკუთარი თავი. ლეილა აბაშიძემ კინემატოგრაფში შემოიტანა საკუთარი იმიჯი. მის მიერ განსახიერებული ქალები არიან მიზანმიმართულები და სიყვარულში გამარჯვებულები. მისი ყველა გმირი ქალი აღწევს მიზანს. ქალი – რომელიც მამაკაცებს ტოლს არ უდებს, დააგრიალებს მანქანას, აცვია კომბინიზონი და ეს მაშინ, როცა წითელ მოედანზე ჯერ კიდევ ჩადრებით და ბეწვებიანი ფეხებით დადიოდნენ ქალები, და მაღალი, ბანტიანი პიჩოსკებით. ”
    კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე წლების შემდეგ იტყვის; ” ლეილა აბაშიძე ქართული კინოსათვის ყოველთვის იყო ერის ხასიათის, რწმენის და ეროვნულობის სახე!” ეს ერის დასტური და აღიარებაა.. არაფერს ვიტყვი , ჩემი და ყველა თაობის გოგონას – რომელიც ლეილა აბაშიძის ფილმებზე .გაიზარდენან, ფიქრებზე, ოცნებებზე, პრანჭვაში სარკეებთან გატარებულ დროზე , როცა ცდილობდნენ მხოლოდ და მხოლოდ ლეოლა აბაშიძეს დამსგავსებოდნენ.

  6. magari msaxiobia


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: