Posted by: burusi | 02/01/2010

მალხაზ ხარბედია – თედო სახოკიას «მოგზაურობანი»

თედო სახოკია

თედო სახოკია – Tedo Sakhokia (1868 – 1956)

ამ წიგნს მხოლოდ 1950 წელს ეღირსა ცალკე გამოცემა. თედო სახოკია უკვე 82-ისა გახლდათ და იმდროინდელ საზოგადოებას აღარც ახსოვდა, რომ ეს ჩანაწერები ჯერ კიდევ 1896-1903 წლებში, «მოამბესა» და «ცნობის ფურცელში» იბეჭდებოდა.
წიგნი ასეთი საინტერესო ფრაზით იწყება: «როცა ჩვენი სამშობლოს დედაქალაქი ერთ მთლიან გახურებულ თონეს წარმოადგენს, როცა ადამიანი აქ სასუნთქავ ჰაერს ამაოდ დაეძებს, ამ დროს აქედან გასვლას ნეტავ თუ რამე სჯობს!«
უცნაური დამთხვევაა, მაგრამ დღესაც, ნოემბრის მიუხედავად, ჩვენი დედაქალაქი ასეთივე გახურებულ თონეს დაემსგავსა, პოლიტიკურ ღუმელს, სადაც ყველანი ვიწვით, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დღეს აქედან არავინ აპირებს გასვლას «უმანკო ბუნებაში« თავის შესაფარებლად, რადგან დღეს, თბილისში, ადამიანები ცდილობენ საკუთარი ბედი გადაწყვიტონ.
თედო სახოკიას «მოგზაურობას» ასი წლის შემდეგ საქართველოში ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არჩევნებთანაა დაკავშირებული და უნდა ითქვას, რომ წელს ჩვენმა პოლიტიკოსებმაც ბევრი იმოგზაურეს საქართველოში და «მოიხილეს« ის ადგილები, სადაც ოდესღაც თედო სახოკიას მასპინძლობდნენ. თუმცა ამ ორ მოგზაურობას სწორედ მასპინძელთა დახვედრა განასხვავებს ერთმანეთისგან და, რაღა თქმა უნდა, მოგზაურობის მიზნებიც.
მიზნებზე ბევრს არაფერს ვიტყვი, ისედაც ცხადია, რომ თედო სახოკია ხალხის სანახავად და ზნე-ჩვეულებათა აღსაწერად ჩავიდა გურიაში, აჭარაში, სამურზაყანოსა და აფხაზეთში, რათა ამ კუთხის შვილთა განუმეორებელი ხმა შემოენახა შთამომავლობისთვის და ისიც ნათელია, რომ ჩვენი თანამედროვენი დღემდე მხოლოდ ამ ხმების დასაკუთრებისთვის იღვწოდნენ. ამიტომაც უბრალოდ მინდა, თავდაპირველად, მასპინძლობაზე მოვახსენო ორიოდე სიტყვა წლევანდელი, წინასაარჩევნო მასპინძლობით გაოგნებულ მკითხველს.
არსებითად, მთელი წიგნი ამაზეა და ყველგან ერთნაირი გულუხვობით ხვდებიან მთხრობელს მდიდარნიც და უპოვარნიც.
გურიის ერთ სოფელში თედო სახოკიას ერთი გლეხი გადაეღობება გზაზე: «რაკი აქედან მობრძანდებით და ჩემს ქოხის პირდაპირ გაიარეთ, თუ შეიძლება, იმდენი პატივი მეცით, ჩემს ღარიბ ქოხში შემობრძანდითო» და თან დასძენს, «თქვენი ხელის ნარეცხი დასტუეთ ჩემს სახლშიო». ბოლოს კი ხილეულითა და ოქროსფერი, ნაზი «ჩხავერის»” ღვინით მოხასიათებულ სტუმრებს ბოდიშს მოუხდის, «ასე ცოტა რამისთვის გაგსარჯეთო».
ავტორს ყველგან ასე ხვდებიან, გურიაშიც, აჭარაშიც და სამურზაყანოშიც. თედო სახოკიას სამურზაყანოელ მასპინძელთან ურთიერთობაც ბოდიშებით იწყება; იქაური გლეხი გუძა წინასწარ ამბობს, შენ რომ გეკადრება, ისეთ პატივს ვერა გცემო, თუმცა, შემდეგ ავტორი მთელ თავს მიუძღვნის ამ ღარიბ გლეხთან («თავისი კრუხის წიწილებივით სამი ნაგლეჯუა ბავშვით») სტუმრობის ამბავს. აჭარაში, სუფრასთან ჩამომჯდარ სტუმარს ერთი იქაური მოხუცებული ეტყვის, «ბრძანე, ბატონოო!» და საჭმლისკენ გაიშვერს ხელს: «…ხელმა მიმახვედრა, რომ საჭმლის ჭამასა მთხოვდა და ჩვენებური «საჭმელი მიირთვით”-ის მაგიერ «საჭმელი ბრძანე» ან მარტო «ბრძანე» სცოდნიათ-მეთქი”, დასძენს თედო სახოკია. არადა, მან პირველად ვერც გაიგო ასეთი ქართული და თავს ეკითხებოდა, ნეტა რის თქმა უნდა აჭარელ მოხუცსო.
წიგნი სწორედ ასეთ, ამჟამად გადაშენების პირას მისულ ქართულ კილოკავებს უკვდავყოფს (გაგახსენებთ, რომ თედო სახოკიამ, უზარმაზარი «ქართულ ხატოვან სიტყვა-თქმათა” ლექსიკონიც» შეადგინა). მაგალითად, შესანიშნავია ბახმაროში, საზაფხულო საძოვრებზე ამოსული მეგრელი მეჯოგეების აღწერა და მათი ენა, უცნაური, ჯვარული აქცენტით რომ საუბრობდნენ ქართულად. აი, რას ამბობს უზა კვარაცხელია, იქაური მწყემსების ბელადი: «ქალემქ რომუ გაჩიდენ აქანა, წახითა და მოგვესიპა, ბატონო, საქიმე: ნადირიქ გეიქცა, ხორიცი გოუფუჭდა, სემილარისტი (ვითომ, ნასწავლი) ქალებიქ აქური გოლეფი (მთები) რომე ნახესუ და დათვალესუ, ყოლიფერი წახითა. არ ღირს აქანა ყოფნა, ბალახი კიდო სუნთელი გაფუჭდა»…
ასეთი მაგალითები უსასრულოდაა წიგნში. უბრალოდ, რამდენიმე ნიმუში მინდა მოვიყვანო გურული და აჭარული მარაგიდან: მაგალითად, გურიაში წყაროს საცივს ეძახიან («გურიელის საცივი»”), დამსვენებლებს _ მეჰაერეებს, თეთრეული კი აჭარაში წველა ძროხა, რძე და მისი პროდუქტები ყოფილა. დიდცხვირას _ სურათცხვირიანს უწოდებენ აჭარაში, გზა-ბაწარს _ ვიწრო ბილიკს, ზღვაურს კიდევ _ ზღვიდან მობერილ ქარს.
წიგნი ნატანების სადგურით იწყება და გაგრით მთავრდება, გზადაგზა კი ავტორი ათას საინტერესო ისტორიას გვიამბობს, რომლებიც მის მიერვე თარგმნილი ბოკაჩოს «დეკამერონივით”« ძირითადი ამბის ჩარჩოში ჯდება თხრობით მარგალიტებად.
აქ წაიკითხავთ ბათუმის მაწყევარი მოხუცი გურული მეომრის მონათხრობს («გამუექეცი და ბათუმს ქვა და გუნდა მივაყარე”«), მიტროპოლიტ იაკობ დუმბაძის, მამუკა თავდგირიძის, აბდულ-ბეგ ხიმშიაშვილისა და აკეთელი მათუსალას, 147 წლის სიმონიკა ღლონტის, ამბავს, მეორე ცოლი რომ შეურთავს 110 წლისას (ეს კაცი ავტორის იქ ყოფნისას გარდაიცვალა თურმე). დეტალურადაა მოთხრობილი აჭარის შემოერთების ისტორიაც და ავტორი სიტყვებს არ იშურებს იმ ადამიანთათვის, «ვისი სახელიც დაუვიწყრად უნდა ჩავიქსოვოთ ხსოვნაში»”. გარდა ამისა, წიგნში ბევრ საინტერესო რამეს წაიკითხავთ ღომის (და არა სიმინდის ღერღილის) მოყვანის ურთულესი პროცესის შესახებ, შეხვდებით აჭარელ მეთევზეებს და ა.შ.
თავის დროზე სწორედ «მოგზაურობანიდან» გავიგე, რომ პირველად ოზურგეთის ბაღში დაურგვევინებია თ. ვორონცოვს ოდესიდან გამოწერილი ვაზის, «იზაბელას» ჯიში. შესანიშნავია გურიელის მეღვინეთუხუცესის, «ღვინის გამოცნობაში მეტად დახელოვნებული კაცის», ვინმე ანთაძის ამბავი. ერთხელ უცხო სტუმრების თანდასწრებით გამოუცდია მთავარს თავისი მეღვინეთუხუცესი. აურევიათ სამნაირი ღვინო: ფერსათული, ოსეთური, ჩაქვური _ და ანთაძისთვის მოუხმიათ, გამოიცანიო. მეღვინეთუხუცესს კი გემო უნახავს თუ არა, უთქვამს:
«ფერად ფერსათულიაო,
გემოდ _ ოსეთურიო,
ცოტას მოიჩაქურებსო».
აფხაზეთისადმი მიძღვნილ თავებზე ლაპარაკი დიდხანს გაგვიგრძელდება, უბრალოდ ვიტყვი, რომ თედო სახოკია «ცნობის ფურცელში» თავის დროზე სოხუმელის” ფსევდონიმითაც კი წერდა და მისი წერილები დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ეგ კი არა და, ამას წინათ ინტერნეტში, სეპარატისტების ცისფრად აკიაფებულ საიტზე ვიღაც ენამახვილი პუბლიცისტი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა თედო სახოკიას 1905 წელს გამოქვეყნებულ ერთ სტატიას.
ბოლოს, ისევ არჩევნების თემით დავასრულებ და აბა, რა ნამუსი იქნება, «მოგზაურობანის» აჭარული თავიდან რომ არ მოვიყვანო ეს საფინალო ამბავი.
თედო სახოკიას ხულოში ხის ჯამე (მეჩეთი) უნახავს, რომელსაც საძირკვლად ოსმალთა მიერ დანგრეული ქართული ეკლესიის ქვები ჰქონია. მაჰმადიანებს თავიდან პირდაპირ მეჩეთად უქცევიათ ეს ეკლესია, მაგრამ ხოჯასა და მლოცველების ხმა, გუმბათის რეზონანსის მიზეზით, ერთმანეთში ირეოდა თურმე და ამ უხერხულობის ასაცილებლად ქვის გუმბათი მოუნგრევიათ, ხით შეუცვლიათ, მერე კი სულაც დაუქცევიათ ქვითკირის ეკლესია. დაახლოებით 100 გვერდის შემდეგ კი, სხალთის ეკლესიის აღწერისას, ავტორს «წამოსცდება»: «ჭერში (ეკლესიის) ოთხივ კუთხივ ჩაკირულია ხმის გასადიდებელი ჭურები, რომელნიც მტრის ხელს ხელუხლებლად გადარჩენილანო».


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: