Posted by: burusi | 30/12/2009

გრიგოლ ვოლსკი – მოღვაწე საქართველოს მაჯისცემას მიყურადებული

გრიგოლ ვოლსკი

დაკარგულია XIX საუკუნის ქართველი საზოგადო მოღვაწის გრიგოლ ვოლსკის საფლავი, რომლის მოძიება ნებისმიერი ქართველის ვალია. მის აღმოჩენას ჯერჯერობით მხოლოდ მისი ძმის შვილთაშვილი – გიორგი ცდილობს. ის ახლა გაეროში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეა. გიორგი ვოლსკი ვარაუდობს, რომ მისი სახელოვანი წინაპარი აჭარაში უნდა იყოს დაკრძალული. ბატონმა გიორგიმ გამოგზავნა ამერიკიდან ეს წერილიც, რომელიც, ვფიქრობთ, დააინტერესებს მკითხველს.

უცხოური წარმოშობის ქართველთა შორის იგი ჭეშმარიტად ერთ-ერთი გამორჩეულია. მისი ოჯახი საქართველოში, გურიაში გადმოასახლეს პოლონეთიდან XIX საუკუნის 30-იან წლებში, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების ჩახშობის შემდეგ.

სახელოვანი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პოეტის, ექიმის, დიდი ილიას თანამებრძოლისა და მეგობრის გრიგოლ ვოლსკის საქმიანობის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ახლად შემოერთებულ აჭარაში გატარებული წლები. ვოლსკი იქ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიავლინა, სავარაუდოდ, 1888 წელს. თუმცა არანაკლებ საგულისხმოა მისი პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისში, ქუთაისში, თანამშრომლობა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ქართული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობაში.

ნიშანდობლივია გამოჩენილი ქართველი მოღვაწის სოფრომ მგალობლიშვილის მოგონება. 1888 წელს ბათუმის სათათბიროს არჩევნების შემდეგ იგი წერდა: “ძნელი წარმოსადგენია, რა ჯაფა, შრომა დასჭირდა ბათუმის ქართველობას და, კერძოდ, გრიგოლ ვოლსკის თავისი თავგანწირული ამხანაგობით საქალაქო არჩევნებში გამარჯვებისათვის… ეს იყო და ეს, ქართველობამ ძირი მოიმაგრა და მის უკან დღემდე ბათუმს განაგებს ქართველობა. მიზეზი ამისა იყო და არის გრიგოლ ვოლსკი”. ანტონ ფურცელაძისეული დახასიათებით, “ქრისტიანი თუ მუსლიმი ქართველობა, რუსობა, ბერძნობა ხომ თაყვანებით იხსენიებდნენ მას და მასში ხედავდნენ როგორცა წმინდათ და მაღალი გრძნობით აღსავსე საზოგადო საქმეების გულის შემატკივარს”.

გრიგოლ ვოლსკის ღვაწლს, პიროვნულ თვისებებს, უდიდესი პატივისცემით აღნიშნავდნენ იაკობ გოგებაშვილი, დავით კლდიაშვილი, ეგნატე ნინოშვილი, გიორგი წერეთელი, ნიკო ლორთქიფანიძე, კიტა აბაშიძე, თვით ილია ჭავჭავაძე, რომელიც მის პატარა სახლში ჩერდებოდა ბათუმში ჩასვლისას.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მინდობილობითა და გრიგოლ ვოლსკის თაოსნობით 1889 წელს ბათუმში აშენდა ახალი ქართული სკოლა, რომელსაც შემდგომ თავადვე ემსახურებოდა უფასოდ, როგორც ექიმი. მას მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის 1897 წელს ბათუმის ქალთა პროგიმნაზიის, ხოლო 1900 წელს ვაჟთა გიმნაზიის დაარსებაში, მისივე ინიციატივით 1902 წელს გაიხსნა და 1903 წელს გაფართოვდა ბათუმის პირველი საავადმყოფო, იმავე წელს გაიხსნა ბათუმის გაერთიანებული საჯარო ბიბლიოთეკა, 1908-ში კი ბათუმის საბავშვო მუზეუმი.

თანამედროვეთა მოგონებების მიხედვით, იმ ხანად აჭარაში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ ჰუმანიტარულ ცხოვრებაში გრიგოლ ვოლსკი შესაშური ენერგიით მონაწილეობდა. საქმის კეთებისას ხელმძღვანელობდა მხოლოდ საქართველოს ინტერესებით იმის მიუხედავად, საერთო გუნდის წევრი იყო, საქმის ინიციატორი თუ ორგანიზატორთა ლიდერი. ბათუმის თვითმმართველობაში მუშაობის პერიოდში იყო რიგითი ხმოსანიც, ხაზინადარიც, გამგეობის წევრიც, ქალაქის თავის მოადგილეც.

1907 წელს მას თავს დაესხნენ და მძიმედ დაჭრეს, სავარაუდოდ, მოწამლული ხანჯლით. მოღვაწეობის გაგრძელება მან მხოლოდ 1908 წლიდან შეძლო – მუშაობდა თბილისის კერძო გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1909 წელს კი, 5 ოქტომბერს (ძველი სტილით), სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა. კიტა აბაშიძე გამოსათხოვარ სიტყვაში ამბობდა: “ჩვენის ბედკრულის, გაწამებულის ერის პირუთვნელი ისტორია მკვდრეთით აღადგენს იმის სახელს. ჩვენს მიერ ვერ დაფასებულს და თავს მოიხრის ამ უცხო თავგანწირული მუშაკის წინაშე”.

გიორგი ვოლსკი,
აშშ, ნიუ-იორკი.

“ახალი ეპოქა ” # 11
21- 27 მარტი, 2003 წელი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: