Posted by: burusi | 29/12/2009

გოგი გვახარია – სიკო დოლიძის ასი წლისთავი

8 თებერვალს ასი წელი გავიდა კინორეჟისორ სიკო დოლიძის დაბადებიდან. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის იუბილე ცოტა ხნის წინ თბილისში, კინოთეატრ “ამირანში”, აღინიშნა. ჩვენი დღევანდელი “ოქროს საუკუნეც” სწორედ ქართული კინოს ამ კლასიკოსს – სიკო დოლიძეს ეძღვნება.

ორი წლის წინ ვისბადენის საერთაშორისო კინოფესტივალზე გერმანელმა მაყურებელმა პირველად იხილა სიკო დოლიძის ფილმი “უკანასკნელი ჯვაროსნები”. ვისბადენის კინოფორუმის ორგანიზატორებმა 1934 წელს გადაღებული ქართული სურათი ჩართეს სპეციალურ რეტროსპექტივაში, რომელიც კავკასიის კონფლიქტებს მიეძღვნა. რეტროსპექტივის პარალელურად გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მონაწილეებმა – დასავლეთის ავტორიტეტულმა კულტუროლოგებმა, ფილოსოფოსებმა, სოციოლოგებმა – “უკანასკნელი ჯვაროსნები” შეაფასეს, როგორც “ფესტივალის სენსაცია”, როგორც ფილმი, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ეპოქას, კავკასიელ ხალხთა ზნე-ჩვეულებებს, ისტორიული დოკუმენტი, რომელიც კინოავანგარდისტთა ილუზიებსაც ასახავს, თავისებურ უტოპიას, რომელსაც, ფაქტობრივად, ყველა ავანგარდისტი ამკვიდრებდა: “ტექნიკა, სამეცნიერო პროგრესი “იხსნის” სამყაროს, ბოლოს მოუღებს კულტურათა დაპირისპირებას, შეუწყნარებლობასა და ცრურწმენას”.

ვისბადენის კინოფესტივალზე სიკო დოლიძის პირველი ფილმი “ზვავთა მხარეშიც” რომ ეჩვენებინათ, სიმპოზიუმის მონაწილეები, ალბათ, უკეთ შეაფასებდნენ მათთვის აქამდე უცნობი ქართველი კინემატოგრაფისტის შემოქმედებას. 1931 წელს გადაღებული ეს სურათი, მიუხედავად ცალკეული პროპაგანდისტული მოტივებისა, დღეს უაღრესად აქტუალურად აღიქმება – კულაკების წინამძღოლი აქ გლეხებს პურის ლუკმას ართმევს ვითომდა საეკლესიო რიტუალის ჩასატარებლად… ახალგაზრდები კომუნას ქმნიან – ტრაქტორები ჩამოაქვთ, კულტურის სასახლეს აშენებენ. პატრიარქალური ყოფა “ტექნიცისტური ყოფით” იცვლება. კულაკების წინამძღოლი ზვავის მსხვერპლი ხდება. იმარჯვებს ის, ვინც კარს უღებს ცივილიზაციას.

“უკანასკნელ ჯვაროსნებში” სწორედ ტექნიკა და სამეცნიერო პროგრესი “შეარიგებს” მოსისხლე მტრებს, მუსულმანებსა და ქრისტიანებს, ჩეჩნებსა და ხევსურებს. “ძმობა არა სისხლით ნათესაობის, არამედ ადამიანობის საფუძველზე” – 20-იანი წლების მსოფლიო კინოავანგარდის ეს ძირითადი პრინციპი საბჭოთა კინოში უკანასკნელად სწორედ სიკო დოლიძის “ჯვაროსნებში” წარმოჩნდება.

გავა წლები, სტალინის დიქტატურა წარსულს ჩაბარდება, სიკო დოლიძე გადაიღებს ფილმებს – “შეხვედრა წარსულთან”, “სემირამიდას ბაღები”, ე.ი. ისევ დაუბრუნდება კოლექტივიზაციის თემას. მაგრამ ამ სურათებს ავანგარდთან აღარაფერი ექნება საერთო. გარდა ამისა, საბჭოთა ინტერნაციონალიზმის საყოველთაო პროპაგანდა, სოცრეალიზმის აღიარება შემოქმედებით მეთოდად იმოქმედებს ქართული კინოს ისტორიკოსთა მოღვაწეობაზე. უსაშველოდ “იდეოლოგიზირებული” გახდება როგორც კომუნისტური რეჟიმის სამსახურში მყოფი კინოისტორიკოსების, ასევე ამ რეჟიმთან დაპირისპირებული მეცნიერების მოღვაწეობა. ამ დაპირისპირებას შეეწირება არაერთი ქართული ფილმი, მათ შორის – “უკანასკნელი ჯვაროსნები”. ქართულ კინოში მოვლენ ახალი თაობის რეჟისორები, რომლებიც სიკო დოლიძის ფილმებზე იქილიკებენ, 70-იან წლებში კი მას კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარის პოსტიდანაც გადააყენებენ.

“მამათა” და “შვილთა” ასეთი დაპირისპირება ბუნებრივი პროცესია და მხოლოდ ხელს უწყობს ეროვნული კულტურის განვითარებას. თუმცა საქართველოში, ისევე როგორც მთელ საბჭოთა კავშირში, ეს პროცესი ისე წარიმართა, რომ “შვილებმა” “მამების” დამსახურებაც ადვილად დაივიწყეს. დღეს, მაგალითად, ბევრმა არც კი იცის, რომ სიკო დოლიძე 20-იანი წლების მიწურულს დოკუმენტური ფილმების სტუდიას ხელმძღვანელობდა და რომ სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო მიხეილ კალატოზიშვილის “ჯიმ შვანთეს” გადაღება. ბევრმა არ იცის, რომ 40-იანი წლების დასაწყისში კრემლის იდეოლოგებმა კატეგორიული უარი უთხრეს სიკო დოლიძეს გადაეღო “გიორგი სააკაძე” ლეონიძის სცენარის მიხედვით და უპირატესობა მიანიჭეს ანა ანტონოვსკაიას სცენარს, რათა ფილმი სტალინის “ფავორიტ” მიხეილ ჭიაურელს გადაეღო. ბევრმა არ იცის, რომ ომის წლებში ცენზურამ შეაჩერა სიკო დოლიძისა და დავით რონდელის ფილმის, “ჯურღაის ფარის”, პრემიერა. როგორც სიკო დოლიძის ქალიშვილი, რეჟისორი ქეთი დოლიძე იგონებს:

[ქეთი დოლიძის ხმა] “როდესაც დიდი ხნის მერე ვნახე ეს ფილმი, გამაოგნა იმან, რომ ამ გაქანებული ომის პერიოდში, კომუნისტური რეჟიმის დროს, იმ ავბედით დროს, რამდენია ღმერთზე ლაპარაკი, რწმენაზე, ჩვენს მეფეებზე, წარსულზე… მერე ეს ფილმი თითქოს გაქრა, ეკრანებზე არ გამოსულა და 1948 წელს დედაჩემი, თამარ ბირკაძე… მამას ურეკავს და ეუბნება, “სიკო, რაღაც ხდება მოსკოვში, ყველგან გამოკრულია “ჯურღაის ფარის” აფიშები… ეტყობა, ეს რაღაცას უნდა ნიშნავდეს.”

მოგვიანებით საბჭოთა კინოს მთავარი ცენზორის, 40-იან წლებში კინოკომიტეტის თავმჯდომარის იგორ ბოლშაკოვის მოადგილე გიორგი მარიამოვი გაიხსენებს, რომ 1948 წელს სტალინმა შემთხვევით გაიხსენა ომის დროს გადაღებული ეს ფილმი და ბერიას სურათის ჩვენება მოსთხოვა. “სტალინმა, – წერს მარიამოვი, – ყური მოჰკრა “აბესალომ და ეთერის” მუსიკას ამ ფილმში და დაინტერესდა, აღინიშნა თუ არა ეს სურათი სტალინური პრემიით… კრემლმა ბრძანება გასცა: დაუყოვნებლივ შეკრიბონ სტალინური პრემიების კომიტეტის წევრები… ხალხი სასწრაფოდ ჩამოიყვანეს მოსკოვში და სტალინური პრემიებით დააჯილდოვეს სურათის ავტორები, “ჯურღაის ფარში” გადაღებული ქართველი მომღერლები, მსახიობები.”

ნათელია, რომ ომის დროს კრემლის ცენზორებმა ვერ გაბედეს მაყურებლისთვის ეჩვენებინათ ფილმი-კონცერტი, რომელსაც საფუძვლად ქართული ლეგენდა დაედო, რომელშიც მხოლოდ ქართველები მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ისიც ნათელია, რომ სიცოცხლის ბოლოს სტალინს “სენტიმენტალური იმპულსები” მოაწვა და ქართულმა ცეკვა-თამაშმა გული აუჩუყა. თუმცა სიკო დოლიძე სტალინის საყვარელი რეჟისორი მაინც ვერ გახდა. არც “უკანასკნელი ჯვაროსნები”, არც “დარიკო”, რომელშიც გლეხის ქალის როლი თამარ ციციშვილს ერგო, არ “ეწერებოდა” 30-იანი წლების საბჭოთა კინოს ესთეტიკაში. სიკო დოლიძე ყოველთვის გულგრილი იყო ფსევდომონუმენტალიზმის მიმართ და უფრო მეტად ყოფის გამოხატვა, ჩვეულებრივი ადამიანების ისტორიები იზიდავდა. ასეთი იყო “ჭრიჭინა”, ასეთი იყო “დღე პირველი, დღე უკანასკნელი”, “პალიასტომი”.

იმხანად ქართული კრიტიკა “ახალი ტალღის” რეჟისორების ფილმებით იყო აღფრთოვანებული. ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ “მაგდანას ლურჯამ” ეროვნული კინოს ახალ ეტაპს ჩაუყარა საფუძველი. ამის ფონზე სიკო დოლიძის კინო უსაშველოდ მოძველებულად აღიქმებოდა. “დოკუმენტალიზმის ბუმის” ეპოქაში ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს პროფესიონალი მსახიობები თამაშობდნენ, კრიტიკის ყურადღების მიღმა რჩებოდა. თუმცა, როგორც კინომცოდნე ოლღა თაბუკაშვილი იგონებს, სიკო დოლიძეს კარგად ესმოდა, რომ ქართულ კულტურას ეს ეტაპი აუცილებლად უნდა გაევლო:

[ოლღა თაბუკაშვილის ხმა] “ბატონ სიკოს ჰქონდა სურათები, რომელიც არც მაყურებელს მოსწონდა, არც კრიტიკას, არც თვითონ. ალბათ, ამიტომაც არასდროს ღიზიანდებოდა, როცა აკრიტიკებდნენ. ის იყო კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი, როცა მისი “სემირამიდას ბაღები” თავდასხმას შეეწირა, მაგრამ არასდროს არ მახსოვს არც საყვედური, არც უკმაყოფილება, არც წყენა. თვითონ ამბობდა, “მე ყველაზე კარგად ვიცი, რასაც ვაკეთებო.”

სიკო დოლიძის საიუბილეო საღამო სრული ანშლაგით ჩატარდა. თუმცა ქართველი კინორეჟისორების, განსაკუთრებით ახალგაზრდა რეჟისორების ნაკლებობა კინოთეატრ “ამირანში” მაინც იგრძნობოდა. ჩვენი კინემატოგრაფისტების ახალი თაობა, რომელიც ვერა და ვერ თავისუფლდება “თვითტკბობისგან”, ნარცისიზმისგან და აგრესიულია კრიტიკის მიმართ, არ დაინტერესებულა ქართული კინოს კლასიკოსის შემოქმედებით, ადამიანით, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ ფილმი – კოლექტიური შემოქმედების ნაყოფია და რომ, საერთოდ, კულტურის ძალა თანამოაზრეთა ერთობაშია. სიკო დოლიძის დაბადების ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სწორედ თანამოაზრეებმა მოიყარეს თავი.
საიუბილეო საღამოების დადგმა საქართველოში ყოველთვის უჭირდათ. განსაკუთრებით, როცა იუბილარი არ იყო ცოცხალი. ამ შემთხვევაში მას იმასაც მიაწერდნენ ხოლმე, რაც არასდროს გაუკეთებია. ცხადია, მიაწერდნენ ყველაფერს კარგს, იმ პრინციპით, რომ “მკვდარზე ცუდს არ ამბობენ”. სიყალბისა და ხელოვნურობის განცდა მაყურებელს ყველაზე მეტად მაშინ დაეუფლებოდა ხოლმე, როცა საიუბილეო საღამოს იუბილარის ახლობლები, ნათესავები აწყობდნენ.

გამოგიტყდებით, რაღაც მსგავსს ველოდი პირადად მე სიკო დოლიძის საიუბილეო საღამოზეც, რომელიც ქართული კინოს კლასიკოსის ქალიშვილმა, რეჟისორმა ქეთი დოლიძემ დადგა კინოთეატრ “ამირანში”. მით უმეტეს, რომ სცენაზე აქ ქეთი დოლიძისა და ნანა კვასხვაძის მოწაფეები, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები ვიხილეთ. სიკო დოლიძე მისმა შვილიშვილმა, თორნიკე ბზიავამ, განასახიერა (თორნიკე სახელოვანი ბაბუის წერილებსა და ლექსებს კითხულობდა), ქეთი დოლიძე კი საღამოს მასპინძლის როლში მოგვევლინა – მოქმედებას კომენტარს უკეთებდა და დროდადრო იუბალარის შესახებ გვიამბობდა ხოლმე. მაგრამ სამსაათიანმა საღამომ ისე ჩაიარა, რომ მაყურებელს საათზე ერთხელაც არ დაუხედავს. მართალია, ცოტა არ იყოს, უხეიროდ შეირჩა სიკო დოლიძის ფილმების ფრაგმენტები, მართალია, ახალგაზრდა მსახიობებმა იუბილარის წერილები მუსიკის ფონზე მეტისმეტად პათეტიკურად წაიკითხეს, საღამო მაინც ძალიან ხალისიანად ჩატარდა. სცენაზე თავი მოიყარეს ქართული კინოს განსხვავებული თაობების წარმომადგენლებმა – იმათ, ვინც პირადად იცნობდა სიკო დოლიძეს და იმათ, ვისაც მხოლოდ მისი ფილმები ენახა. გათამაშდა მთელი ქართული კინოს ისტორია, რადგან სიკო დოლიძის მოსვლა კინოში, ფაქტობრივად, ემთხვევა პირველი ქართული ფილმების გადაღებას. როგორც საღამოს კიდევ ერთმა წამყვანმა, კინომცოდნე ოლღა თაბუკაშვილმა გვიამბო:

ოლღა თაბუკაშვილი – “სულ პირველად პატარა სიკოს ჯერ კიდევ ჩოხატაურში გაუვლია კინოთეატრ “ილუზიონთან”. კითხვაც არ იცოდა, მაგრამ აფიშით მაინც მიმხვდარა, რომ ვიღაც “ფოკუსნიკი” სეანსებს შორის აჩვენებს ფოკუსებს. სეანსი არ იცოდა რა იყო, მაგრამ “ფოკუსი” იცოდა. უყიდია ორ შაურად ბილეთი და შესულა კინოთეატრში. ჩამქრალა სეანსი. სიკო წამომხტარა ადგილიდან – წამოსულა პირდაპირ მატარებელი. არ დაგავიწყდეთ, 1909 წელი იყო. ეს იყო ლიუმიერების პირველი სეანსები.”

კინო, როგორც “ფოკუსი”, კინო, როგორც სანახაობა, გართობა, შეიძლება ითქვას, სიკო დოლიძის პრინციპი გახდა ცხოვრებაში. იგი ყოველთვის მაყურებელზე ფიქრობდა და ძალიან კარგად იცოდა, რომ პუბლიკა კინოში ცოცხალ ხასიათებს, კარგ მსახიობებს, სიუჟეტის მოულოდნელ განვითარებას ელოდება. ამ “ფოკუსებზე” აიგო საიუბილეო საღამოც, რომელიც უფრო მეტად 20-იან წლებში დადგმულ ეგრეთ წოდებულ “კონსტრუქტივისტულ სპექტაკლებს” ჰგავდა. თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებმა წარმოდგენა რამდენიმე დუბლად დაჰყვეს. ყოველი დუბლი ქართული კინოს კლასიკოსის ცხოვრებისა და შემოქმედების რომელიმე ეტაპს ასახავდა.

საიუბილეო საღამოს “კონსტრუქტივისტულ-ფუტურისტული სტილი” ბუნებრივად აღიქვა ყველამ, ვინც კარგად იცოდა სიკო დოლიძის შემოქმედებითი ბიოგრაფია, თუნდაც ის, რომ კინოში იგი უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოვიდა და როგორც ისტორიის, ასევე ლიტერატურის სიყვარული თავის ფილმებშიც გამოხატა, თუნდაც ის, რომ 20-იან წლებში იგი ქართველ ავანგარდისტ პოეტებს დაუახლოვდა და დრომოჭმულ ლიტერატურას დაუწყო ბრძოლა. სიკო დოლიძის საიუბილეო საღამოზე ქართული კინოს კლასიკოსის ეს ლექსებიც წაგვიკითხეს.

სიკო დოლიძის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი საღამოს კულმინაცია იუბილარის ყველაზე პოპულარულ ფილმში, “ჭრიჭინაში”, გადაღებული მსახიობების გამოჩენა იყო. სცენაზე ჯერ ლეილა აბაშიძე ავიდა, მერე პირდაპირ გადაღებიდან მობრძანებული მედეა ჩახავა გამოცხადდა, მერე – ლიანა ასათიანი, მედეა ამირანაშვილი. ამ ოთხმა ქალბატონმა, რომლებიც, თუ არ ვცდები, პირველად შეხვდნენ ერთმანეთს სცენაზე “ჭრიჭინას” გადაღების, ე.ი. 50 წლის, შემდეგ, იმპროვიზაციის მთელი ფეიერვერკი მოაწყვეს და, შეიძლება ითქვას, აღადგინეს თავად სიკო დოლიძის მუშაობის სტილი – მსახიობის მიმართ ნდობა და იმპროვიზაციის განსაკუთრებული ვნება. ლეილა აბაშიძემ საგანგებოდ აღნიშნა, რომ “ჭრიჭინას” სცენების გადაღება ერთი დუბლით მიმდინარეობდა და რომ არც ერთ სხვა რეჟისორს არ უყვარდა ისე მსახიობი, როგორც სიკო დოლიძეს. აი, ფრაგმენტები ქართული კინოს ვარსკვლავების გამოსვლებიდან.
ლეილა აბაშიძე:

ლეილა აბაშიძე – “ეს იყო რეჟისორი, რომელიც აბსოლუტურ თავისუფლებას აძლევდა მსახიობს გადასაღებ მოედანზე.”

მედეა ჩახავა – “არაჩვეულებრივად კეთილი, გულჩვილი, ყველაფერზე აუცრემლიანდებოდა ხოლმე თვალი. სულ ღიმილი ჰქონდა პირზე და ხშირად თავი სტკიოდა… “

ლიანა ასათიანი – ბატონი სიკო იყო მთელი ეპოქა, არაჩვეულებრივი ხიბლი ჰქონდა და… არაჩვეულებრივ აურას ქმნიდა, მასთან ყველა კარგად გრძნობდა თავს. ამიტომ ის ჯგუფი, რომელიც ერთხელ დააკანონა, არ შეუცვლია.”

საიუბილეო საღამოზე საგანგებოდ აღნიშნეს, რომ სწორედ სიკო დოლიძემ მოიყვანა სერგო ზაქარიაძე კინოში, ხოლო 50-იანი წლების მიწურულს, როცა დიდი ქართველი მსახიობი კინემატოგრაფისტებმა სრულიად დაივიწყეს, მთავარ როლზე დაამტკიცა იგი ფილმში “დღე პირველი, დღე უკანასკნელი”. საიუბილეო საღამოზე უჩვენეს ფრაგმენტები ამ ჯერ კიდევ დაუფასებელი ფილმიდან, რომლის ოპერატორმა ლევან პაატაშვილმა თითქმის იმასვე მიაღწია, რაც სერგეი ურუსევსკიმ მიხეილ კალატოზიშვილის ფილმში “მიფრინავენ წეროები” – კინოხელოვნება დაუბრუნა რეალურ ცხოვრებას, ცოცხალ ადამიანებს.

ბუნებრივია, რომ 60-იან წლებში, როცა ქართულ კინოში ძმები შენგელაიები, ოთარ იოსელიანი, მიხეილ კობახიძე მოვიდნენ, “დღე პირველი, დღე უკანასკნელი” საზოგადოების ერთმა ნაწილმა პროპაგანდისტულ ფილმად აღიქვა, იმის მოწოდებად, რომ არ არსებობს “სათაკილო პროფესია”. მაგრამ დღეს ეგრეთ წოდებული “ოტტეპელის” ეპოქის ერთ-ერთი პირველი ქართული ფილმი აღიქმება, როგორც თავისუფლების, იმედის, ადამიანთა ერთობის თავისებური კინემატოგრაფიული სახე… ის სახე, რომლისაც სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა “გურულ ფოკუსნიკს”, ქართული კინოს კლასიკოსს, სიკო დოლიძეს.

წყარო: რადიო თავისუფლება


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: