Posted by: burusi | 13/12/2009

ლუის ბუნუელი – ნაწყვეტები მოგონებათა წიგნიდან

ლუის ბუნუელი – Luis Buñuel

ლუის ბუნუელი – Luis Buñuel

ლუის ბუნუელი – Luis Buñuel

თარგმნა უჩა შერაზადიშვილმა

მეხსიერება

ბოლო ათი წელიწადი დედაჩემი თანდათან კარგავდა მეხსიერებას. როცა სარაგოსაში დავბრუნდი, სადაც ის ჩემ ძმებთან ერთად ცხოვრობდა, ზოგჯერ დედას რომელიღაც ილუსტრირებულ ჟურნალს ვთავაზობდი წასაკითხად. იგი გულდასმით ათვალიერებდა თავიდან ბოლომდე. შემდეგ იმავე ჟურნალს ავიღებდი და ხელახლა შევუტანდი როგორც ახალს. დედა ადრინდელი ინტერესით ათვალიერებდა მას.

მერე და მერე უკვე ვეღარ ცნობდა ბავშვებს, არ ახსოვდა ჩვენი სახელები, არ იცოდა, ვინ იყო თვითონ. მე ხშირად შევდიოდი მასთან ოთახში, ვკოცნიდი, ერთხანს ვჩერდებოდი – ასაკთან შედარებით გარეგნულად საკმაოდ კარგად და ცოცხლად გამოიყურებოდა – შემდეგ გამოვდიოდი და მაშინვე უკან ვბრუნდებოდი. დედა ისევ ღიმილით მეპატიჟებოდა, თითქოს პირველად მხედავდა და სახელიც არ ახსოვდა.

სარაგოსას კოლეჯში შემეძლო ზეპირად ჩამომეთვალა ვესტგუთ ესპანელ მეფეთა სახელები, ყველა ევროპული სახელმწიფოს ტერიტორიის მოცულობა და მოსახლეობის რაოდენობა, ასევე ზუსტად მახსოვდა ბევრი სრულებით უსარგებლო ინფორმაცია. როგორც წესი, კოლეჯებში ამგვარი მექანიკური მეხსიერების დემონსტრირებისას სიცილს გაყრიან. ესპანეთში ასეთ მოწაფეებს უწოდებენ memorion-ს ანუ მზუთხავს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც მზუთხავი ვიყავი, ამგვარ სავარჯიშოებს ყოველთვის ირონიით ვუყურებდი.

მაგრამ წლებთან ერთად, ეს ერთ დროს აბუჩად აგდებული მეხსიერება მეტად სასარგებლო ხდება. მეხსიერება თანდათანობით იწრიტება და დგება დღე, როცა უიმედოდ ვცდილობთ მეგობრისა და ნათესავის სახელის მოგონებას, ჩვენ ის აღარ გვახსოვს. წვალობ, მრისხანებ, ცდილობ გაიხსენო ნაცნობი სიტყვა, ენის წვერზე რომ გიტრიალებს, მაგრამ არაფერი გამოგდის. ამნეზია, სამოცდაათს მიახლოებულმა რომ ვიგრძენი, დაიწყო კერძო სახელებით და სულ ცინცხალი ამბებით. მაგალითად, სად დავდე სანთებელა ამ ხუთი წუთის წინ? რისი თქმა მსურდა, როცა ეს ფრაზა წამოვიწყე? ასეთ ამნეზიას უწოდებენ ანტეროგრადულს. მას მოჰყვება ანტერორეტროგრადული ამნეზია, რომელიც მოიცავს ბოლო თვეებსა და წლებს. რომელ სასტუმროში გავჩერდი ბოლო მოგზაურობისას მადრიდში 1980 წლის მაისში? რა ერქვა წიგნს, ნახევარი წლის წინ რომ წავიკითხე? არ ვიცი, არ მახსოვს. აი, ასე იწყება რეტროგრადული ამნეზია, რომელმაც შესაძლოა მთელი მეხსიერება წაშალოს, როგორც ეს დედაჩემს დაემართა.

მე ჯერ კიდევ არ მიგრძვნია ამნეზიის მესამე ფორმის მოახლოება. მკაფიოდ მახსოვს ბევრი რამ, რაც ჩემს შორეულ წარსულს, ბავშვობასა და ყრმობას უკავშირდება. ამასთან, მეხსიერებაში ტივტივებს ბევრი სახელი და თუ რომელიმე მათგანს ვერ ვიხსენებ, ამისგან დრამას არ ვქმნი, ვიცი, ერთ მშვენიერ დღესაც გონება განათდება.

სამაგიეროდ ძალზე მაწუხებს და მაშფოთებს, როცა ვერ ვიხსენებ სულ ახლახან მომხდარ ამბავს ან ადამიანს, რომელიც რამდენიმე თვის წინ შემხვდა. ვგრძნობ, როგორ იშლება და ილექება ჩემი პიროვნება. არაფერზე აღარ ვფიქრობ, არც მრისხანება, არც მონდომება ვერაფერს შველის. ნუთუ დასასრულის დასაწყისია? ძნელი ასატანია, როცა გიხდება ისეთი სიტყვის სინონიმის მოძებნა, როგორიცაა მაგიდა. მაგრამ უფრო ძნელია, ცოცხალი იყო და არ იცოდე ვინ ხარ, არ გახსოვდეს საკუთარი სახელი.

და თუ მაინც უნდა დავკარგოთ მეხსიერება, ჯობია ეს თანდათან მოხდეს, რათა უკეთ ჩავწვდეთ მის მნიშვნელობას. მეხსიერების გარეშე ცხოვრება – არ არის ცხოვრება, გონება, რომელსაც არ ძალუძს გამოხატოს თავი – არ არის გონება. მეხსიერება გვეხმარება დავაკავშიროთ მოვლენები, ესაა ჩვენი გონება, ქცევა, გრძნობები. მის გარეშე ჩვენ არარაობა ვართ.

არაერთხელ მსურდა ფილმში მეჩვენებინა კაცი, რომელიც ცდილობს მეგობარს მოუყვეს ანეკდოტი, მაგრამ ოთხი სიტყვიდან ავიწყდება ერთი, თანაც ისეთი უბრალო სიტყვა, როგორიცაა მანქანა, ქუჩა, პოლიციელი. ის იბნევა, წვალობს, ბოლო მეგობარს ყელში ამოსდის ეს მანჭვა-გრეხა, სილას აწნავს და მიდის. საკუთარი დაბნეულობა რომ დავფარო, მეც მიხდება ანეკდოტი მოვყვე კაცზე, რომელიც ფსიქიატრს შესჩივის გულმავიწყობას და ჩავარდნებზე ესაუბრება. ფსიქიატრი რამდენიმე უმნიშვნელო კითხვას აძლევს და მერე ეუბნება:

– მაშ ასე, დავუბრუნდეთ ჩავარდნებს.

– რის ჩავარდნებს? – კითხვას უბრუნებს პაციენტი.

ჩვენთვის ესოდენ აუცილებელი, ყოვლისშემძლე მეხსიერება ამავდროულად გარკვეული რისკების მატარებელია. მას ემუქრება არა მხოლოდ ძველისძველი მტერი – გულმავიწყობა, არამედ ყოველდღიურად გარს შემოჯარული მოჩვენებითი მოგონებები. აი, ერთი მაგალითი. მე ხშირად ვუყვებოდი მეგობრებს (და ამ წიგნშიც ვყვები) 30-იანი წლების შესანიშნავი ინტელექტუალ-მარქსისტის პოლ ნიზანის ქორწილის შესახებ და ყოველთვის თვალწინ წარმომიდგებოდა სენ-ჟერმენ-დე-პრეს ეკლესია, იქ შეკრებილი ხალხი, საკურთხეველი, მღვდელი და მეჯვარე – ჟან-პოლ სარტრი. ერთხელაც, ეს იყო შარშან, მოულოდნელმა აზრმა გამიარა: შეუძლებელია ეს მომხდარიყო! თავგადადებული მარქსისტი პოლ ნიზანი და მისი ათეისტი ცოლი არასოდეს დაიწერდნენ ჯვარს! ამის წარმოდგენაც უაზრობაა. მაშ, რა მოხდა, რაღაც ტრანსფორმირდა მეხსიერებაში თუ ყველაფერი მე გამოვიგონე? თუ შემეშალა და ნაცნობი საქორწინო დეკორაცია რომელიღაც მონათხრობ სცენას მივუსადაგე? დღემდე ვერაფერი გამიგია.

ჩვენს მეხსიერებაში მუდმივად იჭრება სიზმრები და ფანტაზიები და რამდენადაც ვემორჩილებით ცდუნებას, წარმოსახვითი მივიჩნიოთ რეალურად, ყველაფერი იმით მთავრდება, რომ გამოგონილს სინამდვილედ ვაღიარებთ. თუმცა ამას აღარც აქვს დიდი მნიშვნელობა: ერთიც და მეორეც თანაბრადაა ჩვენში და თანაც ინდივიდუალურად.

ამ ნახევრადბიოგრაფიულ წიგნში, მიუხედავად ჩემი გულმოდგინე მცდელობისა, რა თქმა უნდა, არის გამოგონილი აზრები. მაგრამ ვიმეორებ, ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა. ისტორიკოსივით ჩანაწერები და წიგნები არ გამომიყენებია და ის პორტრეტი, რომელსაც მკითხველს ვთავაზობ, ყოველმხრივ ჩემი პორტრეტია, თავისი მოსაზრებებით, ეჭვებით, გამეორებებით, ხარვეზებით, სიმართლით თუ ტყუილით – ერთი სიტყვით, ყველაფრით, რასაც იტევს ჩემი მეხსიერება.

სარაგოსა

პაპაჩემი “მდიდარი მიწათმფლობელი” იყო – სამი ჯორი ჰყავდა. მას ორი ვაჟი შეეძინა, ერთი ფარმაცევტი გახდა, მეორემ კი – მამაჩემმა – ოთხ მეგობართან ერთად დატოვა კალანდა და სამსახურად გაემგზავრა კუბაში, რომელიც მაშინ ესპანეთს ეკუთვნოდა.

კუბაში ჩასვლისას მოსთხოვეს შეევსო ფორმულარი. სკოლის მასწავლებლის წყალობით მამას შესანიშნავი კალიგრაფია ჰქონდა, რის გამოც გადამწერად გაამწესეს. სხვა მეგობრები მალარიისგან გარდაიცვალნენ.

სამსახურის დამთავრების შემდეგ მამა კუბაში დარჩა. როგორც ენერგიული და სერიოზული ადამიანი, ერთ-ერთ კანტორაში მთავარ კომივოიაჟერად მიიღეს. ცოტა ხანში მან საკუთარი საქმიანობა წამოიწყო, კავეულის წარმოება დააარსა. მისი ამფსონები იყვნენ ჩექმების მწმენდავი და ერთი მოსამსახურე. მამამ ისინი მეპაიეებად დატოვა, დანაზოგი წამოიღო და ესპანეთში დაბრუნდა ცოტა ხნით ადრე, ვიდრე კუბა დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა (კუბის დამოუკიდებლობას ესპანეთში გულგრილად შეხვდნენ. იმ დღეს ხალხი კორიდაზე იყო, თითქოს არაფერი მომხდარიყოს).

კალანდაში დაბრუნებული ორმოცდასამი წლის კაცი დაქორწინდა ახალგაზრდა, თვრამეტი წლის ქალიშვილზე – დედაჩემზე. იყიდა მიწა, ააშენა სახლი და “ლა ტორე”.

პირველი შვილი, ანუ მე, ჩავისახე პარიზში მოგზაურობისას სასტუმრო რონსერეიში, რიშელიე-დრუოს მახლობლად. მყავდა ორი ძმა და ოთხი და. ორი ძმიდან უფროსი, ლეონარდო, სარაგოსის რეგტგენოლოგი, 1980 წელს გარდაიცვალა. მეორე ძმა ალფონსო, პროფესიით არქიტექტორი და თხუთმეტი წლით ჩემზე უმცროსი, 1961 წელს “ვირიდიანას” გადაღების დროს დაიღუპა. ალისია 1977 წელს გარდაიცვალა. დავრჩით ოთხნი. ჩემი დები კონჩიტა, მარგარიტა და მარია დღემდე კარგად არიან.

ჯერ კიდევ იბერების და რომაელების დროიდან – კალანდა უკვე რომაული სოფელი იყო – მტრის მრავალრიცხოვან შემოსევათა წყალობით აქ ბევრი სისხლი და გენი ირეოდა. XV საუკუნეში კალანდაში მხოლოდ ერთი ქრისტიანული ოჯახი ცხოვრობდა. დანარჩენი არაბები იყვნენ. ერთ ოჯახშიც კი შეიძლება შეხვედროდით სრულიად განსხვავებული ტიპის ადამიანებს. მაგალითად, ჩემი და კონჩიტა ღია თმებითა და ცისფერი თვალებით ლამაზ სკანდინავიელს მოგაგონებდათ, ხოლო მარია, პირიქით, ჰარემიდან გამოქცეული გეგონებოდათ.

როგორც უკვე ვთქვი, კუბაში მამამ თავისი კომპანიონები დატოვა. 1912 წელს, მსოფლიო ომის მოახლოება რომ იგრძნო, ისევ იქ დაბრუნება გადაწყვიტა. მახსენდება შინაურული ლოცვები “მამას მშვიდობიან მგზავრობაზე”. კომპანიონებმა მამა აღარ მიიღეს და განრისხებული დაბრუნდა ესპანეთში. ომის დროს მათ მილიონები მოიგეს. ერთ-ერთი ყოფილი კომპანიონი გადახდილი მანქანით შეხვდა მადრიდში, კასტელიანის პროსპექტზე და არც კი მისალმებიან ერთმანეთს.

მამა მეტრი და სამოცდათოთხმეტი სანტიმეტრის სიმაღლის ძლიერი, მწვანეთვალება მამაკაცი იყო, მკაცრი, მაგრამ კეთილი, წყენას გულში არ იტოვებდა.

1900-ში, ჩემი დაბადებიდან მეოთხე თვეს, მამამ გადაწყვიტა მთელი ოჯახით სარაგოსაში გადასახლებულიყო. მშობლებმა დიდი ბურჟუაზიული ბინა დაიქირავეს სახლში, რომელიც დღეს აღარ არსებობს და, სადაც ადრე გარნიზონის სამეთაურო შემადგენლობა იყო განთავსებული. ბინა მთელ მეორე სართულს მოიცავდა და ათი აივანი ჰქონდა. თუ არ ჩავთვლით არდადეგებს, რომელსაც კალანდაში ან სან-სებასტიანში ვატარებდი, ამ სახლში ვცხოვრობდი 1917 წლამდე, სანამ მადრიდში წავიდოდი ბაკალავრის გამოცდების ჩასაბარებლად.

ნაპოლეონის ჯარების მიერ ორჯერ ალყაშემორტყმული ძველი სარაგოსა თითქმის მთლიანად განადგურებული იყო. 1900 წელს არაგონ სარაგოსას პროვინციის დედაქალაქი, ორასათასიანი მოსახლეობით ერთი წყნარი და მშვიდობიანი დასახლება იყო. აქ წარმოდგენაც არ ჰქონდათ მუშათა მღელვარებაზე და გამოსვლებზე, თუმცა მოგვიანებით ანარქისტებმა ჩვენ ქალაქს “სანდიკალიზმის მარგალიტი” უწოდეს. პირველი გაფიცვები და სერიოზული დემონსტრაციები 1909 წელს ბარსელონაში დაიწყო, მაშინ, როცა დახვრიტეს უწყინარი ანარქისტი ფერერი (რომლის ძეგლიც რატომღაც ბრიუსელშია). სარაგოსა მღელვარებამ მოგვიანებით მოიცვა, განსაკუთრებით 1917 წელს, როცა ესპანეთის ყველაზე დიდი სოციალისტური გაფიცვა გაიმართა.

როგორც აღვნიშნე, სარაგოსა წყნარი, ჩვეულებრივი ქალაქი გახლდათ, სადაც ცხენები და ტრამვაი ერთად დადიოდნენ. ასფალტი იყო მხოლოდ ქუჩის სავალ ნაწილზე, დანარჩენი კი წუმპესა და ტალახში იხრჩობოდა. მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში საღამოს რვიდან დილის რვამდე ზარების რეკვა გაისმოდა. აქედან 1914 წლის ომამდე მსოფლიოს წარმოვიდგენდით, როგორც სამყაროს უზარმაზარ შორეულ ნაწილად, რომლის მღელვარე მოვლენები თითქოს არც გვეხებოდა და, ჩვენამდე ძალადაკარგულად აღწევდა. მაგალითად, რუსეთ-იაპონიის ომის შესახებ შოკოლადის სახვევი ქაღალდიდან გავიგე. როგორც ბევრ ჩემ თანატოლს, მქონდა სურათებიანი ალბომი, რომელსაც შოკოლადის სურნელი ასდიოდა. 13-14 წლისას ჯერ კიდევ არ მყავდა ნანახი ზანგი და აზიელი. ჩვენი, ბავშვების სიძულვილი განსაკუთრებით გამოიხატებოდა პროტესტანტების მიმართ, რისკენაც იეზუიტი მამები გვაქეზებდნენ. ქალწული პილარის დღესასწაულის დროს ბიბლიის გროშებად გამყიდველს ქვებსაც კი ვესროდით. სამაგიეროდ, აქ არ იგრძნობოდა ანტისემიტიზმის რაიმე გამოვლინება. მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ, საფრანგეთში აღმოვაჩინე რასიზმის ეს ფორმა. ესპანელები ლოცვებში ქრისტეს მდევნელ ებრაელებს კი შეაჩვენებდნენ, მაგრამ არასოდეს აიგივებდნენ თავიანთ მეზობელ ურიებთან.

სენიორა კოვარუბიასი სარაგოსას ყველაზე მდიდარ ქალბატონად ითვლებოდა. როგორც ამბობდნენ, მისი ქონება ექვს მილიონ პესეტს ითვლიდა (შედარებისთვის: ესპანეთის ყველაზე მდიდარ ადამიანს გრაფ რომანონესს ასი მილიონი პესეტის ქონება ჰქონდა). სარაგოსაში მამაჩემს მესამე თუ მეოთხე ადგილი ეკავა. როცა ესპანურ-ამერიკულ ბანკს გაუჭირდა, მან რაც კი ანგარიშზე თანხა ჰქონდა, მთლიანად გადასცა და ამით ბანკი გაკოტრებისგან იხსნა.

გულახდილად რომ ვთქვათ, მამაჩემი არაფერს აკეთებდა. დილით დგებოდა, საუზმობდა, იცვამდა, გაზეთებს კითხულობდა (ეს ჩვევა მეც გამომყვა). შემდეგ მიდიოდა და ამოწმებდა, ჩამოსული იყო თუ არა ჰავანიდან სიგარები, შეივლიდა მაღაზიებში, ზოგჯერ ყიდულობდა ღვინოს და ხიზილალას, ხშირად სვამდა აპერატივს.

აკურატულად შეხვეული ხიზილალას პაკეტი – ეს იყო ერთადერთი რამ, რაც შეიძლებოდა მამას დაეკავებინა ხელში. ეს აიხსნებოდა მისი საზოგადოებრივი მდგომარეობით: მისი შეძლების კაცს ქედით არაფერი უნდა ეტარებინა, ამისთვის მსახურები ჰყავდა. ზუსტად ასევე იყო, როცა მუსიკის მასწავლებელთან მივდიოდი – ჩემი ვიოლლინო ძიძას უნდა ეთრია.

სადილისა და დასვენების შემდეგ მამა იცვამდა და კლუბში მიდიოდა, იქ, ვახშმის მოლოდინში, მეგობრებთან ერთად ბრიჯსა და “ტრესილიოს” თამაშობდა.

ზოგჯერ საღამოობით ჩემი მშობლები თეატრში დადიოდნენ. სარაგოსაში ოთხი თეატრი იყო. ერთ-ერთი მათგანი, დღესაც რომ არსებობს, მოოქროვილი და ძალზე ლამაზი შენობა იყო. ჩვენებს იქ თავისი ლოჟა ჰქონდათ. უყურებდნენ ოპერას ან პიესას, რომელსაც ჩამოსული მსახიობები ასრულებდნენ, ნახულობდნენ კონცერტს. მეორე ასევე ჩინებული ნაგებობა – თეატრი “პინიატელი” – დღეს უკვე აღარ არსებობს. უფრო ფრივოლური, ოპერეტებისთვის მორგებული თეატრი იყო “პარისიანა” და ბოლოს, იყო ცირკიც, სადაც პიესებსაც თამაშობდნენ – აქ უკვე ხშირად დავყავდით.

ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ჟიულ ვერნის “კაპიტან გრანტის შვილების” მიხედვით დადგმული ოპერეტა, რომელიც ხუთჯერ თუ ექვსჯერ ვნახე. ყოველ ნახვაზე მაოცებდა შუაგულ მანეჟზე უზარმაზარი კონდორის დამარცხება.

სარაგოსას ცხოვრებაში დიდი მოვლენა იყო ფრანგი მფრინავის ვედრინესის საავიაციო დღესასწაულები. პირველად უნდა გვენახა მფრინავი ადამიანი. მთელი ქალაქი ბუენა-ვისტას გორაკებზე შეიკრიბა. ამ სიმაღლიდან მართლაც დავინახეთ ვედრონესის აპარატი, რომელიც აპლოდისმენტების თანხლებით დედამიწას ოცი მეტრის სიმაღლეზე მოწყდა. თუმცა ეს მე არ მაინტერესებდა. ქვებში ხვლიკებს დავდევდი, ვიჭერდი და ვაწყვეტდი კუდებს, რომლებიც ერთხანს კიდევ მოძრაობდნენ.

ბავშვობიდანვე მიზიდავდა ცეცხლსასროლი იარაღი. თოთხმეტი წლისას უკვე პატარა ბრაუნინგი მქონდა, რომელსაც მუდამ თან ვატარებდი, რა თქმა უნდა, მალულად. ერთხელაც დედამ რაღაც იეჭვა, ხელები ამაწევინა და რევოლვერი ამართვა. იარაღი ხელიდან გამოვგლიჯე, ეზოში დავეშვი და ბრაუნინგი სანარეცხე ორმოში ჩავუშვი, რათა იქიდან კვლავ ამომეღო.

ერთხელ, მე და ჩემ მეგობარს სკამზე ვიღაც ორი შარახვეტია მოგვიჯდა, ჯიკაობა დაგვიწყეს და სკამიდან გადაგვყარეს. როცა არაფერმა გაჭრა, ჩემი ბრაუნინგი დავაძრე და დავუმიზნე. მოძალადეებმა ჯერ ჩაისვარეს, შემდეგ უხმოდ მოცოცხეს იქიდან.

ხანდახან მამაჩემის მოზრდილ რევოლვერს ვიღებდი და ქალაქგარეთ სროლაში ვვარჯიშობდი. ჩემ ამხანაგს, სახელად პელაიოს გაშლილ ხელებში ვაშლის ან კონსერვის ქილას დავაჭერინებდი და ვესროდი. რა თქმა უნდა, არც ვაშლისთვის მომირტყამს და არც ხელისთვის.

კიდევ ერთი იმდროინდელი ამბავი მახსენდება. ჩემმა მშობლებმა გერმანიიდან საჩუქრად სერვიზი მიიღეს (დღემდე მახსოვს, როგორ შემოიტანეს ვეება ყუთი). სერვიზის ყოველ ნაწილზე დედაჩემის პორტრეტი იყო გამოსახული. მოგვიანებით, სამოქალაქო ომის დროს სერვიზი დაიმტვრა და დაიკარგა. დიდი ხნის შემდეგ ჩემმა საცოლემ სარაგოსას ანტიკვარულ მაღაზიაში ერთ-ერთი ასეთი თეფში აღმოაჩინა, იყიდა და მისახსოვრა ეს ძვირფასი ნივთი დღემდე ჩემთან ინახება.

ჩვეულებრივი სიამტკბილობანი

ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ბარებში მაქვს გატარებული. ბარი – ის ადგილია, სადაც შეიძლება მიეცე ფიქრს, მოიკრიბო სულიერი ენერგია, აღივსო ახალი შთაბეჭდილებებით… ახლა, ამ საუკუნესავით ბებერი, სახლიდან აღარ გამოვდივარ, ვზივარ ჩემ პატარა ოთახში და ვიგონებ საყვარელ ბარებს.

ახლავე უნდა ვთქვა, რომ ბარი განსხვავდება კაფესაგან. ვთქვათ, პარიზში კარგ ბარს ვერ იპოვით, სამაგიეროდ ეს ქალაქი სავსეა შესანიშნავი კაფეებით. კაფეები, ტერასები და თამბაქოს კიოსკები რომ არა, პარიზი ატომისაგან განადგურებულ ქალაქს დაემგვანებოდა.

სიურეალისტები უმეტესად კაფე “სირანოში” იკრიბებოდნენ. ასევე მიყვარდა “სელექტი” ელისეის მინდვრებზე. მონპარნასის ბულვარზე “ლა კუპოლის” გახსნაზეც ვიყავი მიწვეული მან რეინთან და არაგონთან ერთად. ყველას ვერ ჩამოვთვლი, უბრალოდ, ვიტყვი, რომ კაფე ჩემში იწვევს დისკუსიების, ხმაურიანი გარჩევების, ლამაზის ქალების ასოციაციას.

ბარი კი პირიქით, მარტოობის სავარჯიშოა. პირველ რიგში, ის უნდა იყოს წყნარი, საკმაოდ ჩაბნელებული და მყუდრო ადგილი, სადაც შორიდან მომავალი ნელი მუსიკის ჰანგებიც კი შეიძლება აღაკვეთინო (დღეს გავრცელებული ჩვევებისაგან განსხვავებით).

მადრიდში მომწონდა სასტუმრო “პლასასთან” მდებარე ბარი, ასევე ბარი “ჩიკოტე”, რომელთანაც ბევრი მოგონება მაკავშირებს. თბილად მახსენდება ნიუ-იორკისა და მეხიკოს ბარებიც…

ახლა დროა, სასმელზე გადავიდეთ. თუმცა, ამ თემაზე ისე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი, ვშიშობ, თავი არ მოგაწყინოთ.

ყველაზე უფრო ღვინო მიყვარს, განსაკუთრებით წითელი. საფრანგეთში ნახავთ როგორც კარგ, ისე ცუდ ღვინოსაც. ძალიან ვაფასებ ესპანურ “ვალდეპენიასს” და “იეპესს”. იტალიური ღვინოები არანატურალური მეჩვენება.

ამერიკაში გთავაზობენ კარგ კალიფორნიულ ღვინოებს – კაბერნეს და სხვებს. ზოგჯერ ვსვამ ჩილესა და მექსიკის ღვინოსაც და, ალბათ, სულ ეს არის. რა თქმა უნდა, არასოდეს ვსვამ ღვინოს ბარში. ღვინო გვანიჭებს ფიზიკურ სიამოვნებას, მაგრამ ვერ ანვითარებს წარმოსახვას.

წარმოსახვის თამაშს ხელს უწყობს ინგლისური ჯინი. ჩემი საყვარელი სასმელია – “დრაი-მარტინი”. როგორც ყველა კოქტეილი, ესეც ამერიკული აღმოჩენაა, მიიღება ჯინისა და რამდენიმე წვეთი ვერმუტისაგან. “დრაი-მარტინთან” ერთად ხშირად ვსვამ კოქტეილს, რომელიც თვითონ გამოვიგონე და “ბუნუელონი” დავარქვი. კაცმა რომ თქვას, ეს ცნობილი “ნეგრონის” ჩვეულებრივი პლაგიატია მცირეოდენი განსხვავებით.

ვიმედოვნებ, ლოთი არავის ვეგონები. რა თქმა უნდა, მქონდა პერიოდები, როცა უგონოდ ვილეშებოდი, თუმცა, სმა ჩემთვის მაინც რიტუალია, რომელიც მსუბუქ თრობას, თავბრუხვევას და სიმშვიდეს იწვევს. სასმელი მეხმარება ცხოვრებაშიც და მუშაობაშიც. არ მახსოვს, ერთი დღე მაინც გამეტარებინოს ალკოჰოლის გარეშე…

შეუძლებელია სვამდე და არ ეწეოდე. თექვსმეტი წლისამ დავიწყე წევა და დღემდე არ მიმიტოვებია. თუმცა, დღეში ოც ღერ სიგარეტზე მეტი არ მომიწევია. რას ვეწეოდი? ყველაფერს, რაც მომხვდებოდა. ძირითადად, შავთუთუნიან ესპანურ სიგარეტებს. ბოლო ოცი წელია, ფრანგულ “ჟიტანს” და “სელტიკს” მივეჩვიე, ჩემი აზრით, საუკეთესო სიგარეტებს.

თამბაქო შესანიშნავად ერწყმის ალკოჰოლს (თუ ალკოჰოლი დედოფალია, თამბაქო – მეფეა) და ცხოვრების იდეალური თანამგზავრია. სიგარეტი მეგობარია სიხარულშიც და მწუხარებაშიც, მარტოობაშიც და ხალხმრავლობაშიც. თამბაქოს მრავალგვარი სიამოვნება მოაქვს, როგორც ფიზუალურად (რა სჯობს ლამაზად გაფორმებული სიგარეტის ყუთების ცქერას), ისე სურნელით და შეხებით. ჩემთვის თვალი რომ აეხვიათ და ისე ჩაედოთ პირში სიგარეტი, არ მოვწევდი. სიგარეტს მაშინ აქვს გემო, როცა შენი ხელით გახსნი, თითებში მოსრისავ, ცეცხლს მოუკიდებ, მოქაჩავ და იგრძნობ, როგორ გეღვრება ტანში სითბო.

ერთი ჩემი ახალგაზრდობისდროინდელი ნაცნობი, ბასკი დორონსორო ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ჟანგბადის ბალიში მიუტანეს, მაგრამ მან ნიღაბი მოიცილა და სიგარეტი მოითხოვა. სიცოცხლის ბოლო წუთამდე უერთგულა იმ სიამოვნებას, რომელმაც ბოლო მოუღო.

ალკოჰოლსა და თამბაქოზე საუბრის დასასრულს მინდა მოგმართოთ ყველას და ორმაგი რჩევა მოგცეთ: არ დალიოთ და არ მოსწიოთ, ეს ჯანმრთელობისთვის საშიშია.

იმასაც დავამატებ, რომ ალკოჰოლი და თამბაქო სიყვარულსაც ალამაზებს. ჩვეულებრივ, ყველაფერი ალკოჰოლით იწყება და თამბაქოთი მთავრდება. ნუ ელოდებით ჩემგან რაიმე ეროტიულ აღსარებას, ჩემი თაობის ადამიანები, განსაკუთრებით კი ესპანელები, ქალებთან ტრადიციული მორცხვობით და, ალბათ, დუნიაზე ყველაზე ძლიერი ტემპერამენტით გამოირჩევიან.

ეს, ალბათ კათოლიკური ეკლესიის დამსახურებაა. ქორწინების გარეშე სასიყვარულო ურთიერთობების აკრძალვამ განსაკუთრებული სექსუალური ლტოლვა გამოიწვია. აკრძალული ხილისა არ იყოს, შეფარული ხორციელი ტკბობაც უფრო გემრიელია. ეჭვი არ მეპარება, ესპანელი უფრო დიდ ტკბობას განიცდის სიყვარულში, ვიდრე ჩინელი ან ესკიმოსი.

ჩემ ბავშვობაში ესპანეთში მხოლოდ ორი სახის სასიყვარულო ურთიერთობა იყო – ბორდელი და საქორწინო სარეცელი. პირველად რომ ჩავედი საფრანგეთში, დაუჯერებელი და შემზარავი სანახაობა ვიხილე, როცა ქალი და კაცი ერთმანეთს კოცნიდა ქუჩაში. ასევე ძალიან მიკვირდა, როცა გავიგებდი, რომ ახალგაზრდა ქალ-ვაჟი დაუქორწინებლად ცხოვრობდა ერთმანეთთან, ეს ყოველივე უზნეობად მეჩვენებოდა.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ბოლოხანს ვამჩნევ, რომ მთლიანად გამიქრა სექსუალური ლტოლვა. ეროტიკული ხილვები სიზმარშიაც არ მაწუხებს, რაც ძალზე მახარებს, თითქოს ტირანისგან გავთავისუფლდი. მეფისტოფელი რომ გამომეცხადოს და კვლავ იმ უნარით აღვსება შემომთავაზოს, რასაც პოტენცია ჰქვია, მივუგებდი: “გმადლობთ, არ მინდა, ღვიძლი და ფილტვები გამიმაგრე, კიბო და ციროზი რომ არ დამემართოს”.

ყოველგვარი გულისწყრომისა და სინანულის გარეშე ვიხსენებ მადრიდელ მეძავებს, პარიზულ ბორდელებსა და ნიუ-იორკელ “ტაქსიგერლსებს”. პარიზის რამდენიმე “ცოცხალი სურათის” გამოკლებით მხოლოდ ერთი პორნო-ფილმი მაქვს ნანახი უცნაური სათაურით “ვაზელინის და”. მასში შიშვლად იყო ნაჩვენები, როგორ სიყვარულობენ მონასტერში ბერი, მებაღე და მონაზონი.

ასევე მინდა მოვყვე არშემდგარ ორგიებზეც. ასეთი საღამოები ძალზე გვაღელვებდა და გვიტაცებდა. ერთხელ ჰოლივუდში ჩარლი ჩაპლინმა სცადა ასეთი შეხვედრის მოწყობა, პასადენადან სამი უმშვენიერესი გოგონაც ჩამოიყვანა, მაგრამ რად გინდა, გოგონები ვერ შეთანხმდნენ, რადგან ყველას ჩაპლინთან უნდოდა ყოფნა, იჩხუბეს და წავიდნენ.

ერთხელაც, ლოს-ანჯელესში მე და ჩემმა მეგობარმა უგარტემ ორი მსახიობი მოვიწვიეთ. ყველაფერი მზად იყო – ყვავილები, შამპანური, მაგრამ კვლავ წარუმატებლობა: გოგონებმა ერთი საათი დაჰყვეს და გაიქცნენ.

პარიზში ჩამოსულმა ერთმა საბჭოთა რეჟისორმა, რომლის გვარიც არ მახსოვს, მთხოვა მისთვის მოგვეწყო პატარა “პარიზული ორგია”. ამის თაობაზე არაგონს მივმართე, მან კი არ დააყოვნა: “ესე იგი, გინდა, რომ შენ…?” და ისეთი სიტყვა იხმარა, რომელსაც ვერ გავიმეორებ. არაფერი ისე არ მაღიზიანებს, როგორც ბოლო დროს ჩვენს ლიტერატურაში ასე გავრცელებული უხამსი გამოთქმები. ზნე-ჩვეულებათაგან ასეთი მოჩვენებითი გათავისუფლება – ნამდვილი თავისუფლების მხოლოდ საცოდავი პაროდიაა და მეტი არაფერი. ამიტომაც ვერ ვიტან ამგვარ სექსუალურ კადნიერებას და სიტყვიერ ექსჰიბიციონიზმს.

მადრიდი

სტუდენტური რეზიდენცია

მადრიდში მხოლოდ ერთხელ ვიყავი ნამყოფი, ცოტახნით, მამასთან ერთად. 1917 წელს, მშობლებთან ერთად, სწავლის გასაგრძელებლად რომ ჩამოვედი, ჩემი პროვინციელობის გამო ერთგვარი შიში და შებოჭილობა ვიგრძენი. ვაკვირდებოდი, როგორ ეცვათ ადამიანებს, როგორ იქცეოდნენ და დადიოდნენ, რათა შემდგომ მათთვის მიმებაძა…

ბევრი კლასიკური ტიპის პანსიონი მოვინახულეთ, მაგრამ დედას არცერთი არ მოეწონა იქ გამეფებული “თავისუფალი წესების” გამო.

ბოლო-ბოლო, სენატორ ბართლომე ესტებანის რეკომენდაციით სტუდენტურ რეზიდენციაში გამამწესეს, სადაც შვიდი წელი დავყავი. ეს იმდენად მდიდარი და დატვირთული წლები იყო, რომ უცდომლად შეიძლება ითქვას: რეზიდენციის გარეშე ჩემი ცხოვრება სულ სხვაგვარად წარიმართებოდა…

სტუდენტურ რეზიდენციაში აუცილებელი არჩევანის წინაშე დავდექი. ატმოსფერო, რომელშიც ვცხოვრობდი, – მადრიდის ლიტერატურული ცხოვრება, ძვირფასი მეგობრები – ყოველივე ამან განსაზღვრა ჩემი მომავალი.

იმდროინდელ ესპანეთში მშვიდი ყოფა იყო. მადრიდი მაშინ ერთი პატარა ქალაქი იყო. ჩვენ ბევრს ვსეირნობდით, ერთი უბნრიდან გადავდიოდით მეორეში, აქ ყველა ერთმანეთს იცნობდა, ვის აღარ შეხვდებოდით ქუჩებში.

ერთხელაც, მეგობართან ერთად “კაფე კასტილიაში” მივდივარ. ვხედავ, შენობის ნაწილი შირმით არის გამოყოფილი. ოფიციანტი გვეუბნება, სავახშმოდ პრიმო დე რივერა მოდისო. იგი მართლაც მოვიდა, შირმა მოახსნევინა, დაგვინახა და შესძახა: “ეი, ახალგაზრდებო, მოდით, დავლიოთ!” იმ საღამოს დიქტატორი გაგვიმასპინძლდა.

მახსოვს შეხვედრა მეფე ალფონს XIII-სთან. რეზიდენციაში ჩემო ოთახის ფანჯარასთან ვიდექი. უეცრად ფანჯარასთან შეჩერდა მეფის მანქანა ორი მძღოლითა და კიდევ ერთი პირის თანხლებით. მანქანიდან მეფე გადმოვიდა და რაღაც მკითხა. სრულიად დაბნეულმა, მიუხედავად ჩემი ანარქისტული შეხედულებებისა, საკმაოდ ზრდილობიანად ვუპასუხე და, ჩემდა სამარცხვინოდ, “თქვენო უდიდებულესობითაც” მივმართე. მანქანა რომ დაიძრა, მაშინღა გავაცნობიერე, რომ ქუდი არ მომიხდია და ამით სინდისი მოვიწმინდე.

XIX საუკუნის ბოლოსა და XX-ის დასაწყისში ესპანეთში მოვიდა დიდი მწერლების პლეადა. ბევრ მათგანს პირადად ვიცნობდი – ორტეგა ი გასეტს, ვალ-ე-ინკლანს, ეუხენიო დ’ორსს და სხვებს. მათ ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინეს. ასევე ვიცნობდი გალდოსს, რომლის რომანებიც – “ნაზარინი” და “ტრისტანა” მოგვიანებით გადავიღე. ის სხვებზე უფროსი იყო და ყველასგან განზე იდგა. სინამდვილეში მას მხოლოდ ერთხელ შევხვდი, ღრმად მოხუცებული და უსინათლო ბუხართან იჯდა პლედშემოხვეული.

პიო ბაროხაც ცნობილი მწერალი იყო, თუმცა არასოდეს მაინტერესებდა. უნდა დავასახელო, აგრეთვე, ანტონიო მაჩადო, დიდი პოეტი ხუან რამონ ხიმენესი, ხორხე გილიენი, სალინასი.

ამ სახელგანთქმული თაობის კვალდაკვალ მოვიდა ჩემი პლეადა, რომელსაც “27 წლის თაობას” უწოდებდნენ. მას მიეუთვნებოდნენ ლორკა, ალბერტი, ალტოლაგირე, სერნუდა, ხოსე ბერგამინი, პედრო გარფიასი.

ამ ორ თაობას შორის იყო ორი ადამიანი, რომელთაც ახლოს ვიცნობდი – მორენო ვილია და რამონ გომეს დე ლა სერნა.

მალაგელი ანდალუზიელი (როგორც ბერგამინი და პიკასო) მორენო ვილია, მიუხედავად თხუთმეტი წლით უფროსობისა, ჩვენნს ჯგუფში იყო და რეზიდენციაში ცხოვრობდა. 1919 წლის გრიპის ეპიდემიის, ცნობილი “ესპანკის” დროს, ჩვენ თითქმის მარტონი დავრჩით რეზიდენციაში. ნიჭიერი მხატვარი და მწერალი ბევრს კითხულობდა და მეც მაძლევდა წიგნებს. მთელი ის წლები ძალზე ახლოს ვიყავით და მეგობრობა არც შემდეგ შეგვიწყვეტია. 1931 წელს, როცა რესპუბლიკა გამოცხადდა, მორენო ვილია მეფის სასახლის ბიბლიოთეკის გამგედ დანიშნეს. სამოქალაქო ომის დროს სხვა ცნობილ მოღვაწეებთან ერთად ევაკუაციაში მოხვდა. იგი ჯერ პარიზში მოვინახულე, შემდეგ მეხიკოში, სადაც 1955 წელს გარდაიცვალა. სათუთად ვინახავ მის მიერ მექსიკაში დახატულ ჩემს პორტრეტს, – ეს იყო 1948 წელი, როცა მეც უმუშევარი ვიყავი.

ჩემი რეზიდენციაში ყოფნისას გომეს დე ლა სერნა ესპანური ლიტერატურის ცნობილი ფიგურა გახლდათ. იგი ყველა ჟურნალში იბეჭდებოდა. ფრანგული ინტელიგენციის მიწვევით ერთხელ პარიზის ცირკშიც გამოვიდა. სპილოზე ამხედრებულს თავისი “გრეგორიები” უნდა წაეკითხა, პატარა და ოსტატურად დაწერილი იუმორისტული ტექსტები. პირველი ფრაზაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ მთელი დარბაზი ახარხარდა. გაოცებული რამონი არ ელოდა ასეთ წარმატებას, რა თქმა უნდა, ვერ შენიშნა, რომ ამ დროს სპილომ შუაგულ მანეჟზე მოსკორა.

შაბათობით გომეს დე ლა სერნა კაფე “პომბოში” ლიტერატურული გაერთიანების სხდომას უძღვებოდა. მე ყოველთვის ვესწრებოდი ამ საღამოებს, სადაც მეგობრებს ვხვდებოდი. ზოგჯერ აქ მოდიოდა ხორხე ლუის ბორხესიც. სხვათაშორის, ბორხესის და ცოლად გაჰყვა პოეტსა და კრიტიკოსს გილიერმო დე ტორეს, რომელიც ესპანური ულტრაიზმის ცნობილი წარმომადგენელი გახდა. მარინეტის მიმდევარი და თაყვანისმცემელი ამტკიცებდა, რომ ოთრქლმავალი ველასკესის ნახატზე უფრო ლამაზია. ის წერდა:სჯობს სიყვარულზე რომ გიპასუხონ

პროპელერებმა ჰიდროპლანების…

მადრიდის მთავარი ლიტერატურული კაფეები იყო “კაფე ხიხონი”, “გრანხა დელ ენარი”, “კაფე კასტილია”, “ფორნოსი”, “კუტცი”, “კაფე დე ლა მონტანია” და, როგორც უკვე ვთქვი, “კაფე პომბო”. ამ დაწესებულებებში ფინჯან ყავაზე და ჭიქა წყალზე გაუთავებლად მასლაათობდნენ ახალ ლიტერატურულ ნაწარმოებებზე, სხვადასხვა ამბებზე, პოლიტიკურ თემებზე, დისკუსიები შუაღამის ქუჩებშიც გრძელდებოდა.

თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი, ნობელის ლაურეატი, ნეიროლოგი სანტიაგო რამონ-ი-კახალი ყოველდღე მარტო დადიოდა “კაფე დელ პრადოში”. ამავე კაფეში მეზობელ მაგიდებთან იმართებოდა პოეტ-ულტრაისტთა შეკრებები, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი. ისე მოხდა, რომ ერთი ჩემი მეგობარი, ჟურნალისტი და მწერალი არაკისტაინი ქუჩაში შეხვდა ვინმე ხოსე მარია კარეტეროს, უნიჭო მწერალსა და ორი მეტრი სიმაღლის გოლიათს. კარეტერომ არაკისტაინს ხელი სტაცა და ნჯღრევა დაუწყო, კრიტიკული სტატია რატომ გამოაქვეყნე ჩემზეო, რაზეც არაკისტაინმა სილის გაწვნით უპასუხა. მოჩხუბრები გამვლელებმა გააშველეს.

ამ ამბავმა ლიტერატურულ წრეებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გადავწყვიტეთ, გაგვემართა ბანკეტი და არაკისტაინის დასაცავად ხელმოწერები შეგვეგროვებინა. პოეტმა-ულტრაისტებმა იცოდნენ, რომ კარგად ვიცნობდი კახალს და მთხოვეს, ხელმოსაწერად მიმეტანა პეტიცია. რა თქმა უნდა, ვეახელი ცნობილ მეცნიერს და ჩემი მეგობრების თხოვნა გადავეცი, მაგრამ მოხუცმა სწავლულმა გარკვეული მოსაზრებით პეტიციას ხელი არ მოაწერა. სხვათაშორის, კოლექტიურ ხელმოწერებს მეც ვერიდები, რადგან ეს მხოლოდ სინდისის დამშვიდებაა და მეტი არაფერი. ვიცი, ეს პოზიცია შეიძლება საკამათო გახდეს, ამიტომაც ვითხოვ, თუკი ოდესმე რამე დამემართება, დავუშვათ, ციხეში აღმოვჩნდები თუ სულაც გავქრები, არ შეაგროვონ ჩემი დასაცავი ხელმოწერები.

ალბერტი, ლორკა, დალი

პუერტო-დე-სანტა-მარიელი რაფაელ ალბერტი ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ჩემზე დაახლოებით ორი წლით უმცროსი, თავიდან მხატვარი გვეგონა. ჩემს ოთახში ბევრი მისი მოოქროვილჩარჩოიანი ნახატი ეკიდა. ერთხელაც, ქეიფის დროს, მეორე ჩემმა მეგობარმა დამასო ალონსომ (ესპანური ენის აკადემიის ახლანდელი პრეზიდენტი) მითხრა:

– იცი, ვინ არის დღეს დიდი პოეტი? ალბერტი!

გამოცება რომ შემამჩნია, გამომიწოდა ფურცელი, რომელზეც ალბერტის პოემა იწყებოდა… ჟურნალ “ორისონტეში” გამოქვეყნებული ეს პოემა – ალბერტის დებიუტი პოეზიაში – ძალიან მომეწონა. ჩვენი მეგობრობა უფრო განმტკიცდა. რეზიდენციის შემდეგ, სამოქალაქო ომის დაწყებამდე მადრიდში შევხვდით. შემდეგ მან იმოგზაურა საბჭოთა კავშირში, სადაც სტალინისგან ჯილდო მიიღო. ფრანკოს დროს არგენტინასა და იტალიაში ცხოვრობდა, ახლა კვლავ ესპანეთშია.

ფედერიკო გარსია ლორკა რეზიდენციაში ორი წლით გვიან მოვიდა. ის გრანადიდან თავისი მასწავლებლის დონ ფერნანდო დე-ლოს-რიოსას რეკომენდაციით გადმოვიდა და მაშინვე გამოაქვეყნა პროზაული ნაწარმოები “პეიზაჟები და შთაბეჭდილებები”, რომელშიც დონ ფერნანდოსთან და სხვა ანდალუზიელ სტუდენტებთან ერთობლივ მოგზაურობაზე მოგვითხრობდა.

შესანიშნავი ორატორი, მომხიბლავი, ხაზგასმით ელეგანტური ჩაცმულობით და უზადო ჰალსტუხით, კრიალა შავთვალება ფერნანდო ადამიანებს ისეთი მაგნეტიზმით იზიდავდა, წინ ვერ აღუდგებოდი. მდიდარი მიწათმფლობელის შვილი, მადრიდში ფილოსოფიის შესასწავლად ჩამოსული ლორკა მალე შეეშვა ლექციებზე სიარულს და ლიტერატურულ ცხოვრებაში ჩაიძირა. მან მალევე დაამყარა კონტაქტები და რეზიდენციის მისეულ ოთახში მოხვედრას ყველა ცდილობდა. ჩვენი მეგობრობა პირველივე შეხვედრიდან დაიწყო. გაუთლელ არაგონელსა და რაფინირებულ ანდალუზიელს ბევრი რამ უფრო გვაშორებდა, ვიდრე გვაახლოებდა, მაგრამ მაინც სულ ერთად ვიყავით. საღამოობით რეზიდენციიდან გავდიოდით, მდელოზე ჩამოვსხდებოდით და ლექსებს ვკითხულობდით. იგი არაჩვეულებრივად კითხულობდა. მასთან ურთიერთობით ჩემში ბევრი რამ შეიცვალა, ახლებურად შევხედე სამყაროს, რომელსაც ყოველდღე ახალ-ახალი ნიშნით მიხსნიდა.

ერთხელაც ყური მოვკარი, ვიღაც მარტინ დომინგესი ამტკიცებს, ლორკა ჰომოსექსუალისტიაო. შევძრწუნდი, ვერაფრით დამეჯერებინა. სადილის დროს ერთად ვისხედით. წინა მაგიდასთან ისხდნენ უნამუნო, ეუხენიო დ’ორსი და დონ ალბერტო – ჩვენი დირექტორი. ფედერიკოს ვეუბნები:

– გავიდეთ, სერიოზული საქმე მაქვს.

ცოტათი გაკვირვებული დგება და მომყვება. სადილის დროს ნებადართული იყო გარეთ გასვლა. ახლომდებარე ტავერნასთან შევჩერდით. არ ვიცი, როგორ დავიწყო, ვყოყმანობ, შემდეგ ფედერიკოს ვეუბნები, რომ ბასკ დომინგესთან ჩხუბს ვაპირებ.

– რატომ? – მეკითხება ლორკა.

არ ვიცი, რა ვუპასუხო. დაბნეული ვეკითხები:

– მართლა ცისფერი ხარ?

– ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა, – მეუბნება და მიდის.

რა თქმა უნდა, იმ საღამოსვე შევრიგდით. ფედერიკოს ქცევაში არაფერი ქალური და აფექტური არ ჰქონდა. არაგონისგან განსხვავებით არც პაროდიები უყვარდა და არც ორაზროვანი ხუმრობები. ერთხელ მადრიდში ჩამოსულმა არაგონმა რეზიდენციის დირექტორს შოკისმომგვრელი რამ ჰკითხა: “საინტერესო პისუარი ხომ არა გაქვთ?”

ლორკასთან ბევრი რამ მაკავშირებს. მან აღმომაჩენინა პოეზია, განსაკუთრებით ესპანური, რომელიც შესანიშნავად იცოდა, ასევე გამაცნო სხვა წიგნებიც. ასე წავიკითხე “ოქროს ლეგენდა”, რომლისგანაც პირველად გავიგე სვიმონ-მესვეტეს შესახებ. მოგვიანებით ის გახდა გმირი ფილმისა “სვიმონ-მესვეტე”. ფედერიკოს არ სწამდა ღმერთი, მაგრამ ღრმად ატარებდა წმინდა მხატვრულ დამოკიდებულებას რელიგიისადმი…

კატალონიელი სალვადორ დალი რეზიდენციაში ჩემზე სამი წლით გვიან მოვიდა. ის სახვით ხელოვნებას ესწრაფვოდა და, რატომღაც, “ჩეხოსლოვაკიელი მხატვარი” შევარქვით.

ერთ დილას, რეზიდენციის დერეფანში გავლისას შევამჩნიე, რომ ოთახის კარი ღია დარჩენოდა. შევიჭვრიტე და დავინახე, დალი უზარმაზარ პორტრეტს ასრულებდა. მაშინვე ვუამბე ამის შესახებ ლორკასაც და სხვებსაც:

– ჩეხოსლოვაკიელი მხატვარი შესანიშნავ პორტრეტს ამთავრებს.

ყველანი გავეშურეთ და აღვფრთოვანდით დალის ნამუშევრით და ჯგუფშიც უყოყმანოდ მივიღეთ. ფედერიკოსთან ერთად ისიც ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. ჩვენ სამი განუყრელად ერთად ვიყავით, მით უფრო, რომ ლორკა აღფრთოვანებული იყო დალის შემოქმედებით, რასაც დალი აინუნშიც არ აგდებდა.

ეს იყო მაღალი და მორიდებული, ხმადაბლა მოსაუბრე ახალგაზრდა. გრძელი თმები მალევე შეიჭრა, რადგან ხელს უშლიდა. ერთობ ექსტრავაგანტურად იცვამდა –

ფართო შლიაპა, უზარმაზარი ბაფთა, გრძელი სერთუკი და გეტრები. ამგვარი ჩაცმულობით თავის გამოჩენა კი არ სურდა, უბრალოდ, მოსწონდა ასეთი იერი, თუმცა, ზოგჯერ ქუჩაში უსიამოვნო რეპლიკების მოსმენაც უხდებოდა.

ისიც წერდა და აქვეყნებდა ლექსებს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა დალიმ, 1926 თუ 1927 წელს მიიღო მონაწილეობა მადრიდის გამოფენაში. როდესაც სახვითი ხელოვნების სკოლაში ზეპირი გამოცდის დრო მოვიდა და დალი გამომცდელთა წინაშე აღმოჩნდა, მოულოდნელად იყვირა:

– აქ არავის აქვს უფლება გამოცდა მომიწყოს, მივდივარ!

და მართლა წავიდა. მამამისი სასწრაფოდ ჩამოვიდა კატალონიიდან, რათა კონფლიქტი მოეგვარებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, დალი გარიცხეს.

ძნელია დაწვრილებით აღვწერო, თუ რა იყო ეს წლები ჩვენთვის, როგორ ვყალიბდებოდით, როგორ ვშრომობდით და ვატარებდით დროს. იმ წლებში ჯაზით ვიყავი გატაცებული. ვიყიდე გრამოფონი და რამდენიმე ამერიკული ფირფიტა, აღტაცებით ვუსმენდით და რომს ვაყოლებდით. ზოგჯერ სპექტაკლსაც ვდგამდით, როგორც წესი, სორილის “დონ ხუან ტენორიოს”, ახლაც ზეპირად რომ მახსოვს. შემომრჩა ფოტოსურათი, რომელშიც მე დონ ხუანის როლში ვარ, ლორკა კი სკულპტორის როლს ასრულებს.

Chuleria – ტიპიური ესპანური ქცევის მანერა – აგრესიის, მამაკაცური თავხედობის და თავდაჯერებულობის ნაზავია. რეზიდენციაში ყოფნისას რამდენჯერმე მოვიქეცი ასე და მაშინვე მოვინანიე. ერთ მაგალითს გავიხსენებ. “პალასიო დელ იელოში” ერთი მოცეკვავე მომწონდა, რომელსაც la Rubia (ქერათმიანი) შევარქვი. მასზე ისე ხშირად ვსაუბრობდი, რომ ერთხელ დალი და პეპინ ბელიოც წამომყვნენ. იმ დღეს la Rubia ერთ სერიოზულ, სათვალიან და ულვაშიან კაცთან ცეკვავდა. დალი იმედგაცრუებული დარჩა, მოცეკვავეში ვერც შარმი და ვერც გრაცია აღმოაჩინა. “ეს იმიტომ, რომ პარტნიორი არ უვარგა”, – იხტიბარი არ გავიტეხე.

გადავედი მაგიდასთან, რომელსაც ისინი უსხდნენ და მკაცრად ვუთხარი მოცეკვავის კავალერს:

– ჩვენ ამ გოგონას ცეკვის სანახავად მოვედით, შენ კი ყველაფერს აფუჭებ, გთხოვ, მეტი აღარ იცეკვო!

ნახევრადშემობრუნებულს მეგონა ბოთლი მომხვდებოდა თავში, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. კავალერმა უმალ დატოვა იქაურობა. მაშინვე სინდისის ქენჯნა ვიგრძენი, გოგონასთან მივედი და მოვუბოდიშე:

– ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე უარესად ვცეკვავ.

მართალი ვიყავი. სხვათაშორის, la Rubia-სთან არც არასოდეს მიცეკვია.

თარგმნა უჩა შერაზადიშვილმა

წყარო: http://24saati.ge/weekend/story/780-luis-bunueli

24 საათი 14.11.09


Responses

  1. Reblogged this on My thirteen sky.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: