Posted by: burusi | 13/12/2009

სოფო კილასონია – ალექს ბერდიშევი

ალექს ბერდიშევი - Alex Berdysheff

ალექს ბერდიშევი – Alex Berdysheff

ბიოგრაფიული ცნობები ყოველთვის მოსაწყენია, მით უფრო მაშინ, როცა მთავარ გმირზე ავტორს კიდევ აქვს სხვა რაღაც სათქმელი. მოკლედ, ბერდიშევის საზღვარგარეთული გამოფენების ჩამონათვალი ვრცელია. თანაც ეს არ არის გამოფენები სადღაც, მეგობართან სალონში. ცნობილ კოლექციონერებთან ინახება მისი ნამუშევრები და ა.შ.

მისი მხატვრობა ნაწილებად რომ დავშალოთ, მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის სხვადასხვა მხატვრული მიმდინარეობების გარკვეული სუბსტანციების დიფერენციაციას შევძლებთ. რაღაც დოზით მივიღებთ სიურეალიზმს, ცოტასაც აბსტრაქციას, ცოტაც კუბიზმიდან, აქა-იქ მიმოიფანტება მიროსეული სიმბოლოების მსგავსი ელემენტები, დიდი იქნება კონსტრუქტივისტული ნაწილი, მაგრამ მეეჭვება ასე ნაწილებად დაიშალოს… ბერდიშევს, ყველაფერი რისგანაც მისი ესთეტიკა იკვებება, თავის სამყაროში აქვს გათავისებული, საკუთარ სივრცეებში, საკუთარ რაციონალურ შრეებში და თავისებურად გადამუშავებული. მისი მხატვრობა არაფერს კონკრეტულად არ გავს და ასეც არის. ალუზიები თითქმის მცდარია, თუნდაც იმიტომ, რომ ბერდიშევისეული “შიში” ასე განცდილი და იმ ხატად დანახული, რომელსაც წარმოადგენს, რთულად პოულობს პარალელს და “მოლოდინიც” მხოლოდ მისია.

ალექს ბერდიშევი გამოფენიდან გამოფენამდე იზრდება, იცვლება, ვითარდება, ეს კი იმიტომ რომ არასდროს არის კმაყოფილი საკუთარი თავით. ვეთანხმები და თან მაგონდება ერთ-ერთი “არტ კავკასია”, როცა ჯი-თი-სის ცენტრში, ძალიან დიდ აურზაურში, ძალიან დიდი დისტანციიდან მივხვდი, რომ რომელიღაცა კონკრეტულ დიდ სივრცეში ერთადერთი რაც კარგად უნდა მენახა აი, ის, სიღრმეში დაკიდული პლაკატები იყო და ამავე დისტანციაზე მივხვდი, რომ ეს ბერდიშევი იყო. ამიტომაც ჩავერთე რესპონდენტს და აღვნიშნე, რომ ამ ავტორის ნებისმიერი ნამუშევარი – გრაფიკა, ფერწერა თუ დიზაინი, სულ მცირე დეტალიც კი ყველგან ცნობადია. ამაშიც დამეთანხმნენ.

სხვათა შორის, თანხმობა და სოლიდარობა კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ჩემსა და ჰობის თანამშრომლებს შორის, რაც ასევე მხატვრის ბრალია… თუმცა, მქონდა ისეთი კითხვებიც, რომლებზე პასუხიც მხოლოდ რესპონტენტმა იცოდა:

– თქვენი რჩეული მხატვრები განსხვავდებიან. ბერდიშევის მხატვრობაში ათასგვარი მხატვრული გამოცდილების დანახვა შეიძლება, თქვენ რატომ მოგწონთ ის?

ვანდა მუჯირი: “ალექსი საერთოდ სულ პირველი მხატვარია ვისი პერსონალურიც ჩემს გალერეაში გაიმართა. მაშინაც ძალიან კარგი მხატვარი იყო, თუმცა მას კარგად არ იცნობდნენ. მაშინ მხოლოდ გრაფიკაში მუშაობდა. იყო არააქტიური მხატვარი, თავისთვის მუშაობდა, არ იფინებოდა. მაშინ ცუდი პერიოდი იყო, ფიქრობდა, რომ არავის სჭირდებოდა ხელოვნება. მაგრამ ვაიძულეთ და პირველი ნაბიჯი გადაიდგა. მაშინვე კარგი რეზონანსი მივიღეთ. ამის მერე ძალიან ვთანამშრომლობთ მასთან. უკვე რამდენიმე წელია რაც ფერწერაში მუშაობა დაიწყო. ეს ის მხატვარია, რომელიც არაჩვეულებრივად მუშაობს ნებისმიერ ტექნიკაში. ძალიან კარგი დიზაინერია. ფოტოგრაფიაშიც ბრწყინვალეა.

საერთოდ, სიმართლე რომ გითხრათ, არ ვარ სიურეალიზმის მოყვარული. სრულიად არა. მაგრამ ეს ის მხატვრობაა, რომელშიც სიურეალიზმიც და სხვა ყველაფერიც ისეთი დოზით არის მოწოდებული, რომ მე არ მაწუხებს. პირიქით, მსიამოვნებს. ამის გარდა, მხატვარში მე უპირველესად ვაფასებ პიროვნებას და ალექსის პიროვნება ჩანს მის ნამუშევრებშიც. დადებითი და ძალიან საინტერესო პიროვნებაა, მე მსიამოვნებს მასთან თანამშრომლობა. საერთოდ იშვიათად ხდება, რომ კარგ მხატვართან იოლი იყოს მუშაობა, მასთან კი ძალიან ადვილია. ამას გარდა, მნიშვნელოანია შინაგანი კულტურა, რომელიც მის ყველა ნამუშევარში აშკარაა. ზომიერება, გემოვნება, აზროვნება. შეიძლება ზოგიერთი ნამუშევრის თემატიკა პირადად ჩემთან არ იყოს ახლოს, მაგრამ საინტერესოა. მომწონს მისი ნამუშევრების ვიზუალური მხარეც, მისი ტექნიკაც. სერიოზული პროფესიონალია და ეს პროფესიონალიზმი ჩანს ყველაფერში, მის აზროვნებაში, მის ხელწერაში. არაფერს აკეთებს უაზროდ და ზედაპირულად. ხშირად ძალიან მოულოდნელი კომპოზიციები აქვს და ყოველთვის რაღაც ახალს გვთავაზობს. ფერწერა, რომელიც 4-5 წლის წინ დაიწყო უკვე სერიოზულ დონემდე აიყვანა.”

ფერწერას დღეს ორგვარი განმარტება აქვს. ტრადიციულად – ფერით წერა, ანუ ფერით, ტონებითა და ნახევარტონებით თხზვა და მეორე, მხატვრობა, რომელშიც ფერი მონაწილეობს. ჩემთვის ბერდიშევის ფერწერა ძალიან გრაფიკულია და ამიტომაც მეორე მიმართულებას მივაკუთვნებ, თუმცა ხშირად იმდენად ინტენსიურია მისი ფერადოვანი ლაქები და სიბრტყეები, რთული ხდება ფერის სხვა რესურსებზე საუბარი.

– დღეს გალერეაში ბევრი ხალხი მოვა, მაგრამ მერე, შემდეგ დღეებში?

ვანდა მუჯირი: არის გამოფენები, რომელზეც ბევრი ხალხი მოდის თავიდან, მაგრამ შემდეგ არა. თუმცა არის იშვიათი შემთხვევები, როცა დამთვალიერებელი ბრუნდება, მოდიან და მოდიან. ბერდიშევს ყავს პუბლიკა. პუბლიკას მოწონს, იზიდავს და მათთვის მისაღებია მისი მხატვრობა. ობიექტურად მოწონთ. იციან, რომ კარგი მხატვარია, ერთ-ერთი სერიოზული მხატვარია მის თაობაში. ბევრს აქვს კოლექციებში. საზღვარგარეთ კიდევ უფრო ბევრი აქვთ. ესეც იცის საზოგადოებამ.

სოფო კილასონია

გაზეთი – 24 საათი 26.11.09


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: