Posted by: burusi | 04/12/2009

არჩილ კერესელიძე – ბიოგრაფია

არჩილ კერესელიძე

არჩილ კერესელიძე – Archil Kereselidze (1912-1971)

არჩილ პავლეს ძე კერესელიძე დაიბადა 1912 წლის 24 დეკემბერს დაღესტანში აულ ღუნიბში.

მისი მამა პავლე ივანეს ძე კერესელიძე უბადლოდ უკრავდა გიტარაზე, ფლობდა იშვიათ ბარიტონს. დედა კი – ნინო ივანეს ასული ჯაფარიძე-კერესელიძისა მუსიკალურ ხელოვნებასთან ნაზიარები ქალი იყო. ამიტომ მშობლებმა ადრიდანვე დაიწყეს პატარა არჩილის მეცადინეობა ფორტეპიანოზე დაკვრაში.

7 წლის იყო მომავალი კომპოზიტორი, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. აქ კერესელიძეების სახლი ქართული ინტელიგენციის წარმომადგენელთა, უფრორე კი კულტურის ცნობილ მოღვაწეთა შეკრებების ადგილად იქცა, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უდიდეს ქართველ კომპოზიტორს ზაქარია ფალიაშვილს ეკავა. მოგვიანებით სწორედ ზაქარია ფალიაშვილმა შეურჩია სამეცადინოდ არჩილს ,,ბეკერის” ssფირმის როიალი. იგი მუდამ იდგა არჩილ კერესელიძის სამუშაო კაბინეტში და კომპოზიტორი თვალისჩინივით უფრთხილდებოდა მას.

სახელოვანმა კომპოზიტორმა ზაქარია ფალიაშვილმა თავად გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიეღო არჩილის მუსიკალურ აღზრდაში. როგორც ცნობილი ქართველი მოცეკვავე ილიკო სუხიშვილი იხსენებს, ზ. ფალიაშვილს არაერთხელ აღუნიშნავს, არჩილ კერესელიძე მისი ყველაზე საყვარელი და ნიჭიერი მოწაფე იყო.

1922 წელს ყმაწვილი არჩილ კერესელიძე თბილისის კონსერვატორიაში პროფესსორ ანასტასია ვირსალაძის კლასში ჩაირიცხა. ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის ა. ვირსალაძის პედაგოგიური შრომა ნაყოფიერი აღმოჩნდა მომავალი კომპოზიტორისათვის. აქ იგი დაეუფლა განსაკუთრებულ პიანისტურ ტექნიკას, ჩამოუყალიბდა დახვეწილი მუსიკალური გემოვნება, ეზიარა ბგერის სინატიფესა და ნაწარმოების მხატვრულ-იდეური წვდომის უნარს.

გარდა ვირსალაძისა, არჩილ კერესელიძე მუსიკალურ ცოდნას სხვადასხვა დროს იღრმავებდა პროფესორებთან: ლ. ტრუსკოვსკისთან, ლ. ქუთათელაძესთან, ა. სვანიძესთან და თ.ჩხარტიშვილთან.

16-17 წლის ასაკში არჩილ კერესელიძემ შექმნა ორი საცეკვაო მინიატურე – ,,ფარიკაობა” და ,,მთიულური”. ნაწარმოებებს მაღალი შეფასება მისცა დიდმა ზაქარია ფალიაშვილმა.

მანვე შესთავაზა ახალგაზრდა შემოქმედს გაეორკესტრებინა ისინი. დიდმა კომპოზიტორმა საკუთარ ბინაში წაიყვანა არჩილი და ორკესტრობის პირველი გაკვეთილებიც თავად მისცა.

მეორე კურსის სტუდენტი არჩილ კერესელიძე საკომპოზიტორო ფაკულტეტზე გადაიყვანეს. ეს აღმოჩნდა ახალი ეტაპი მისი პროფესიული ცოდნის დაუფლების გზაზე. ამავდროულად, მან დაიწყო საშემსრულებლო მოღვაწეობა – 17 წლის სტუდენტი უკვე საოპერო თეატრის კონცერტმაისტერი იყო.

1935 წელს არჩილ კერესელიძე მოსკოვის კონსერვატორიის სტუდენტი გახდა. მისაღებ გამოცდებზე ბრწყინვალე შედეგების გამო იგი პირდაპირ მეორე კურსზე გამოჩენილი საბჭოთა კომპოზიტორისა და პედაგოგის, პროფესორ ნიკოლოზ მიასკოვსკის კლასში დასვეს.

კონსერვატორიაში სწავლისას არჩილ კერესელიძემ დაწერა ,,ტოკატა”, რომელიც წარმატებით სრულდებოდა მოსკოვში, ლენინგრადში (ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი), თბილისში…

1939 წელი არჩილ კერესელიძისათვის აღინიშნა პირველი საფორტეპიანო კონცერტითა და სიმფონიით G – dur, რომელიც ახალგაზრდა კომპოზიტორის სადიპლომო ნაშრომი იყო. ამავე წელს არჩილ კერესელიძე სსრკ კომპოზიტორთა კავშირის წევრი გახდა.

1942 წელს არჩილ კერესელიძე კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ მიიწვიეს. მისი მონაწილეობით სხვადასხვა დროს (1942-54 წწ..) თეატრის სცენაზე დაიდგა: ,,დავით აღმაშენებელი”; ,,მეფე ერეკლე”; ,,მოძღვარი”; ,,რომეო და ჯულიეტა”; ,,ანტონიუსი და კლეოპატრა”; ,,მოსო ვარსკვლავი”; ,,ხარატაანთ კერა”; ,,კაცია ადამიანი?!”; ,,მარინე”; ,,მაია წყნეთელი”; ,,ახალი ფუძე”; ,,სანაპიროზე”; ,,ძველი ვოდევილები” და სხვა.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: